ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ ადვოკატ მარიკა არევაძესთან - #4(220), 2018
მარიკა არევაძე – დაიბადა 1986 წლის 3 სექტემბერს ქ. თბილისში.

განათლება

2011 – საქართველოს უნივერსიტეტი, სამართლის სკოლის დოქტორანტი (დამამთავრებელი სემესტრი);

2008-2010 – საქართველოს უნივერსიტეტი, სამართლის სკოლის მაგისტრი;

2003-2008 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი;

2002-2003 – გოეთეს ინსტიტუტი; 

1992-2003 – ქ. თბილისის 116-ე საჯარო სკოლა.

სამუშაო გამოცდილება

2018 (მარტი) – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;

2017 (დეკემბერი) – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი;

2016 (დეკემბერი)-დღემდე – შპს „მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფის“
დამფუძნებელი/დირექტორი;

2016-დღემდე – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (სამართლის სკოლა);

2015 (ნოემბერი)-დღემდე – ა(ა)იპ „იარე ფეხით“ – სამართლებრივი ექსპერტი;

2015 (სექტემბერი) – ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (სამართლის სკოლა);

2015-დღემდე – შპს „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ დამფუძნებელი/დირექტორი;

2014 (ოქტომბერი)–2017 (მარტი) – შპს „ნიუ ჰოსპიტალს“ – იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი;

2014-დღემდე – საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (სამართლის სკოლა);

2014-დღემდე – სამეცნიერო ჟურნალი „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი რედაქტორი;

2012-დღემდე – ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი; 

2007-2012 წლები – სხვადასხვა კერძო კომპანიების იურისტი.

კვლევები

2014 – „კერძო სექტორში დასაქმებული დედების უფლებრივი მდგომარეობა“, კვლევის ავტორი;

2013 – გზამკვლევი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის – „ჩემი უფლებები“, რედაქტორი;

2013 – „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების პრობლემატიკის სამართლებრივი ანალიზი“, სამუშაო ჯგუფის წევრი;

2013 – „მედიაციის სამართლებრივი რეგულირების პერსპექტივები საქართველოში“, სამუშაო ჯგუფის წევრი.

‑ ბოლო პერიოდში, ხშირად ჩანხართ ეკრანებზე და ლაპარაკობთ ადამიანების უფლებებზე. ვინ არის მარიკა არევაძე, რომელმაც საზოგადოების ნაწილს, საკრედიტო ორგანიზაციებსა და მსესხებლებს შორის არსებულ პრობლემებზე საუბრით გააცნო თავი? 

– დავიბადე თბილისში, 1986 წლის 3 სექტემბერს. დავამთავრე 116-ე საშუალო სკოლა, პატარაობიდანვე უკვე ვიცოდი, რომ აუცილებლად ადვოკატი გავხდებოდი. ვერ გეტყვით, იმ ასაკში რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ იურისტის პროფესია თავიდანვე ძალიან მომწონდა. შემიძლია დღესაც გითხრათ, რომ ეს არის ის პროფესია, რომელსაც რამდენჯერაც უნდა დავბადებულიყავი, იმდენჯერ ავირჩევდი. განსაკუთრებით უფლებადაცვითი სფერო მომწონს.

სკოლის დამთავრებისთანავე, 2003 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე გამიმართლა და მუშაობა საკმაოდ მსხვილ კომპანიაში დავიწყე. პარალელურად, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაზე. 

2010 წელს დავოჯახდი. 2011 წელს, როდესაც ბავშვს ველოდებოდი, გადავწყვიტე ადვოკატთა ასოციაციაში გამოცდების ჩაბარება, პარალელურად გავიგე, რომ საქართველოს უნივერსიტეტს სადოქტორო სწავლებაზე მიღება ჰქონდა. გადავწყვიტე იქაც ჩამებარებინა, ვინაიდან სწავლის საფასური ჩემთვის ხელსაყრელი იყო, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი პროგრამა ჰქონდათ. გამოცდების პერიოდში ვიყავი 9 თვის ორსული, წარმატებით გავიარე გამოცდები და მივიღე ადვოკატის ლიცენზია. დოქტურანტურაზეც გამოცდები სწორედ მშობიარობის პერიოდს დაემთხვა, მაგრამ ჩემმა შვილმა დედას დააცადა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ ვიმშობიარე.

‑ პატარა ასაკში რატომ გადაწყვიტეთ ადვოკატობა? რამე მოხდა ისეთი, რამაც თქვენს ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა?

– სიმართლე რომ გითხრათ, ჩემზე გავლენა მოახდინა ერთ-ერთმა სერიალმა, რომელიც მაშინ გადიოდა და ერქვა `საიდუმლო მასალები~. იმ პერიოდში ნამდვილად არ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ადვოკატი გავხდებოდი, ვინაიდან სამართალში ფუნქციურ განსხვავებას ვერ ვხვდებოდი. თუმცა აბიტურიენტობის ასაკამდე რომ მივედი, მკაფიოდ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ვიქნებოდი უფლებადამცველი და არა ბრალმდებელი.

‑ თქვენ, ძირითადად, სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის კუთხით მუშაობთ, ეს მიმართულება თავიდანვე გინდოდათ? სისხლის სამართალმა რატომ არ მოგხიბლათ?

– უნივერსიტეტში ჩაბარებისას მიმართულება არჩეული არ მქონდა. პირველივე კურსზე, როდესაც დარგებში გავერკვიე, სამოქალაქო მიმართულება ავირჩიე. სამოქალაქო სამართალი ბევრ საკითხს მოიცავს – სახელშეკრულებო ურთიერთობები, ბიზნეს-სამართალი, შრომითი სამართლებრივი საკითხები, ქორწინება-განქორწინება და სხვა. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მინდოდა საადვოკატო პრაქტიკა დამეწყო. თუმცა ვაკანსია გამოცხადდა და `პეესპე ჯგუფში~ მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. იმ პერიოდში იწყებოდა ჰოსპიტალური სექტორის განვითარება. ამ კომპანიამ ძალიან დიდი პროფესიული გამოცდილება მომცა. ვმუშაობდი სამართლებრივი კუთხით, ეს იყო ორგანიზაციული მოწყობა, სადამფუძნებლო დოკუმენტაციების მომზადება, უძრავი ქონების რეგისტრაცია, ჯანდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობა. შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტის შემდეგ `პეესპე ჯგუფმა~ ჩამომაყალიბა პროფესიონალად. პარალელურად არ მასვენებდა უფრო მეტის კეთების სურვილი.

სტუდენტობის პერიოდში ძალიან აქტიური ვიყავი. მაშინ თსუ-ში იყო ფაკულტეტის გაზეთი – `ახალგაზრდა იურისტი~, ამ გაზეთიდან ძალიან ბევრი მეგობარი დღემდე მომყვება. პატარ-პატარა პროექტებს ვახორციელებდით, ფაკულტეტის გაზეთი ითვალისწინებდა უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს გაშუქებას, რაც ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა. ინტერვიუებს ვბეჭდავდით, მაგალითად, რექტორთან მიმდინარე საკითხებზე, თვითმმართველობის წევრებთან, პარალელურად კულტურულ ღონისძიებებსაც ვაწყობდით. თსუ-ს სააქტო დარბაზში გავაკეთეთ გოდერძი ჩოხელის საღამო, რომელიც დათო ტურაშვილს მიყავდა. ასევე გვქონდა ირაკლი ჩარკვიანის საღამო. ძალიან სასიამოვნო იყო ამ ყველაფრის კეთება და შემდეგ ყურება. ასე რომ, სამართლებრივი საკითხების გარდა, კულტურულ ღონისძიებებშიც ვიყავით ჩართულები.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად კერძო კომპანიაში ვმუშაობდი, მინდოდა უფრო აქტიური ვყოფილიყავი სამოქალაქო-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 2012 წელს, ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი შემოგვეხმიანა მეგობრებს და გადავწყვიტეთ არასამთავრობო ორგანიზაცია – `ახალგაზრდა ადვოკატები~ დაგვეფუძნებინა, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა სამოქალაქო- აზოგადოებრივ საკითხებსა და უფლებადამცველ საქმიანობაზე.

დავაფუძნეთ ასოციაცია, დავიწყეთ პრობლემების მოძიება და ამ პრობლემებზე მუშაობა. პირველი სერიოზული კვლევა, რომელიც გავაკეთეთ, იყო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების შესახებ. მოვაგროვეთ ინფორმაცია არამარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც მსგავსი პრობლემა არსებობდა. შევისწავლეთ, თუ როგორ მოხდა ამ საკითხის გადაწყვეტა და დღეს როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება. შევიმუშავეთ რეკომენდაციები, გამოვეცით კვლევა, სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო იყო. გარდა ამისა, მოქალაქეებს ვიღებდით იურიდიული კონსულტაციებისთვის, ვცდილობდით დავხმარებოდით სხვადასხვა იურიდიული საკითხის გადაწყვეტაში.

ერთ-ერთი პირველი ბრიფინგი გავმართე პრობლემური სესხების თემაზე, ვინაიდან მუშაობის პროცესში აღმოვაჩინე, რომ მოქალაქეებს საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და ხშირად ირღვეოდა მათი უფლებები. 

მაშინ ამ ბრიფინგს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ორგანიზაციაში ამ პრობლემით უამრავი ადამიანი მოდიოდა და ახლაც მოდის. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელმაც დავიწყე საუბარი სესხის ხანდაზმულობაზე, პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე, პრობლემური აქტივების ამოღებაზე.

‑ ამ ორგანიზაციას ვინ აფინანსებდა?

– ძირითადად, თვითდაფინანსებაზე ვიყავით. თავიდან დამფუძნებლებმა შევკრიბეთ ფული რეგისტრაციასა და პრეზენტაციისთვის. საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ერთი ანაზღაურებადი თანამშრომელი გვყავდა და მას ხელფასს დამფუძნებლები ვუხდიდით. მაშინ შეგვიკედლეს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ოფისში, ასევე ძალიან გვეხმარებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ასოციაციის ოფისში სამუშაოდ გვითმობდა ოთახს.

ასე განვავითარეთ ახალგაზრდა ადვოკატები, რომელიც დღეს საკმაოდ წარმატებული ორგანიზაციაა და მნიშვნელოვან გახმაურებულ საქმეებს აწარმოებს. შემდეგ ორგანიზაციას უკვე საადვოკატო საქმიანობაც შემოვუერთეთ.

ორი წლის წინ დავაფუძნე საადვოკატო ბიურო – `მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფი~, ამიტომ ფაქტობრივად აღარ ვარ ჩართული `ახალგაზრდა ადვოკატების~ საქმიანობაში. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი პროექტი, რომელიც მეგობრების იდეით შეიქმნა.

გარდა ამისა, ყოველთვის მიზიდავდა სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. 2014 წელს დავაფუძნე სამეცნიერო ჟურნალი – `ახალგაზრდა ადვოკატები~, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოდის. სამართლის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, კონკურსების საშუალებით, წარმოადგინონ თავიანთი ნაშრომები, რომლებიც შემდეგ ჟურნალში დაიბეჭდება. ვფიქრობ, ამ ჟურნალს დარგის განვითარებაში გარკვეული წვლილი შეაქვს.

2015 წელს დავაფუძნე ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი. ეს ცენტრი მორგებულია პრაქტიკულ სწავლებაზე. ჩვენს კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ დაწეროს სარჩელი, მიმართოს სასამართლოს, განავითაროს ის პრაქტიკული უნარები, რაც სასამართლოსთან ურთიერთობაში და ზოგადად პრაქტიკულ საქმიანობაში გამოადგება.

2017 წლის დეკემბერში პირველი არჩევნები მქონდა. როგორც მოგეხსენებათ, ადვოკატთა ასოციაციაში მმართველი ორგანოების დაკომპლექტება არჩევნების გზით ხდება. ირჩევა ასოციაციის თავმჯდომარე, აღმასრულებელი საბჭო და ეთიკის კომისია. ეთიკის კომისია არის ადვოკატთა ასოციაციაში შემავალი ორგანო, რომელიც ადვოკატის შესაძლო გადაცდომებთან დაკავშირებით განიხილავს საჩივრებს. ესეც არის არჩევითი ორგანო. ჩემი კანდიდატურა იყო დასახელებული ეთიკის კომისიის წევრთა რიგებში. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადვოკატს, რომელმაც ხმა მომცა. ჩემი პირველი არჩევნები წარმატებით დასრულდა და დღეს, ასევე ვარ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი.

2014 წლიდან სხვადასხვა უნივერსიტეტში (საქართველოს უნივერსიტეტი, ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი, ილიაუნი) ლექციებს ვკითხულობ. სტუდენტებთან ურთიერთობა ყველაზე სასიამოვნო ნაწილია ჩემი პროფესიის, სტუდენტებს ვასწავლი კონკრეტულ საგანს, მაგრამ მე მათგან ვსწავლობ ურთიერთობას. 

‑ აღნიშნეთ, რომ ერთ-ერთი პირველი იყავით, რომელმაც დაიწყეთ ლაპარაკი საკრედიტო ორგანიზაციების მიერ მსესხებელთა უფლებების დარღვევაზე. რა პრობლემები არსებობს ამ კუთხით?

– ამ შემთხვევაში მე მიყვარს ტერმინი გამსესხებელი, ვინაიდან გამსესხებელი მოიცავს არამარტო ბანკს, არამედ ონლაინ-საკრედიტო დაწესებულებას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და კერძო მევახშეებს. თითოეულ საფეხურზე სხვადასხვა პრობლემაა. ყველაზე ნაკლები პრობლემა არის საბანკო სექტორში ურთიერთობისას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სექტორში ყველაფერი კარგად არის. ბანკებთან ურთიერთობები გაცილებით მოწესრიგებულია, ვიდრე მიკროსაფინანსო სექტორში და მით უმეტეს კერძო მევახშეებთან.

კერძო მევახშეებმა, გაპრობლემებური სესხების გამო, ძალიან ბევრი ადამიანი ღია ცის ქვეშ დატოვეს. ეს ადამიანები მართლაც დაზარალებულები არიან, ვინაიდან თუ პირობითად სესხულობდნენ 10 ათას დოლარს, ბევრი წელი საპროცენტო სარგებელს იხდიდნენ, საბოლოო პროცენტის სახით 10 ათასს დოლარზე მეტი ჰქონდათ გადახდილი, თუმცა ძირ თანხას არაფერი აკლდებოდა და საბოლოოდ კარგავდნენ საცხოვრებელს.

კერძო მევახშეების საკითხი შეიძლება დარეგულირდეს სამოქალაქო კოდექსით, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მაგრამ ამ სექტორს ზედამხედველობას არ უწევს ეროვნული ბანკი. ჩვენ არ გაგვაჩნია რეესტრი, არ ვიცით ვინ არიან ეს ხალხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სეგმენტიც ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მოექცეს, მათთვის დაწესდეს ზღვრული საპროცენტო განაკვეთები.

‑ ამ ხალხის ჩრდილიდან გამოყვანა რამდენად რთულია?

– ამ ხალხის ჩრდილიდან გამოსაყვანად საჭიროა მხოლოდ სახელმწიფოს კეთილი ნება. ყველა საკრედიტო ორგანიზაცია, მათ შორის კერძო მევახშეები ეროვნული ბანკის რეგულაციებს უნდა დაექვემდებარონ. მინიმუმ რამე რეესტრი მაინც უნდა არსებობდეს, სადაც ეს სუბიექტები დარეგისტრირდებიან, სადაც მითითებული იქნება მათი საქმიანობა. ასეთ პროცესს მოჰყვება მათი საქმიანობის გამჭვირვალეობა.

კერძო მევახშეების შემდეგ ონლაინ-საკრედიტო კომპანიების ბუმი იყო. ადამიანებს შემოსავლის ყოველგვარი დადასტურების გარეშე გამოჰქონდათ სესხი, 100-500%-იან სარგებელს იხდიდნენ. ერთი წელია, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილება და დარეგულირდა, რომ სარგებელი 100%-ზე მეტი არ შეიძლება იყოს, ხოლო ჯარიმა-სანქციებით ჯამში ნარჩენი ძირი ვალდებულების 150%-ს არ უნდა ცდებოდეს. აქაც პრობლემა იმიტომ შეიქმნა, რომ ადამიანები ძირითადად იხდიდნენ პროცენტს, გადავადებების საკომისიოს, ვადაგადაცილებისთვის ჯარიმებს და ძირი არ იფარებოდა. ბოლოს თუ ვერ მოახერხებდნენ ერთიანი თანხის დაბრუნებას, ყოველთვიურად იმხელა პროცენტი და პირგასამტეხლო ირიცხებოდა, რომ პირობითად 500 ლარიანი სესხი შეიძლება 15 ათასი ლარი გამხდარიყო.

იმ შემთხვევაში თუკი ასეთი პრობლემური საქმეები სასამართლომდე მივიდოდა, დიდი ალბათობით დარიცხული ჯარიმები შემცირდებოდა, მაგრამ მოქალაქეებმა ჯერ კიდევ არ იციან, რომ სასამართლო არ არის სადამსჯელო ორგანიზაცია. სასამართლო პროცესში სწორად ჩართვის შემთხვევაში ისინი მოახერხებდნენ და დღესაც მოახერხებენ საკრედიტო ორგანიზაციების მიერ მათთვის მოთხოვნილი ვალდებულებების შემცირებას.

ადამიანებს სასამართლოსი ეშინოდათ, ახლა ეს განწყობა შედარებით შემცირდა. ვცდილობ, ყველას მაქსიმალურად ავუხსნა, რას ნიშნავს სწორი ჩართულობა, როდესაც ადამიანს სასამართლოდან მოდის უწყება, ის უნდა ჩაიბაროს. იგი არ უნდა დაემალოს პრობლემას, უნდა წარადგინოს შესაგებებელი. შემდეგ აუცილებლად უნდა გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე. ის გაბუქებული თანხები, რომლის გადახდაც საკრედიტო ორგანიზაციამ მოითხოვა, სწორად ჩართულობის შემთხვევაში, შემცირდება ხოლო ხანდაზმული ვალდებულების (სესხების) არსებობის შემთხვევაში – საერთოდ ჩამოიწერება.

‑ ხანდაზმულობა რა პერიოდს მოიცავს?

– ისეთ სესხებზე სადაც უძრავი ქონება არ ფიგურირებს და ვალდებულების დარღვევიდან სამი წელია გასული, ასეთი სესხი ხანდაზმულად ითვლება; ხოლო სადაც უძრავი ქონება ფიგურირებს, ხანდაზმულია სესხი ვალდებულების დარღვევიდან 6 წლის შემდეგ. ძალიან ბევრ მსესხებელთან მქონია ურთიერთობა და ერთი-ორის გარდა, მათი უდიდესი ნაწილი სესხის გადახდაზე უარს არ ამბობს, პრობლემის დაწყებიდან იწყებენ სიარულს გამსესხებლებთან, ცდილობენ მოლაპარაკებას. სესხის გადაუხდელობის მიზეზი შეიძლება იყოს სამსახურის დაკარგვა, ბევრი ვალდებულების დაგროვება. როდესაც მსესხებელი კეთილსინდისიერია, მაგრამ მას აქვს ობიექტური მიზეზი, რის გამოც სესხს ვერ იხდის, გამსესხებელმაც უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ არცერთი მხარე დაზარალდეს.

რამდენიმე წლის წინ ამაზე ლაპარაკი სრულიად ზედმეტი იყო, შეიძლება დაცინვის ობიექტი გამხდარიყავი, თანმხვედრ ნაბიჯებზე თუ ისაუბრებდი. დღეს ამ მიმართულებით გარკვეული პოზიტიური ძვრები შეინიშნება, გამსესხებლები მსესხებლებს უკვე მომხმარებლად, პარტნიორებად აღიქვამენ და არა რაღაც სუბიექტებად, რომელიც უნდა მოიშოროს, თუკი ვეღარ იხდის.

‑ დღემდე პრობლემად რჩება ეგრეთწოდებული ამომღები კომპანიების საკითხი, რომლებსაც საკრედიტო ორგანიზაციები პრობლემური სესხების დაბრუნებას ანდობენ. ცოტა ხნის წინ ვნახე მათ მიერ გაყალბებული დოკუმენტები, რომელიც ერთ-ერთ მსესხებელს გაუგზავნეს და სადაც ეწერა, რომ ვითომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქონების გაყიდვის პროცედურა დაიწყებოდა. შეგიძლიათ გვითხრათ, ესენი რა კომპანიები არიან და მომხმარებლებმა როგორ უნდა დაიცვან თავი მათთან ურთიერთობისას?

– ესენი არიან პრობლემური აქტივების მართვის კომპანიები. შპს-ის ფორმით არიან დარეგისტრირებულები. საკრედიტო ორგანიზაციებს, მათ შორის ბანკებს პრობლემური სესხების დაბრუნებაში ეხმარებიან, ან ყიდულობენ ამ გაპრობლემებურ აქტივებს და თვითონ ახორციელებენ თანხის ამოღებას.

აქტივების მართვის კომპანიების ქმედება კრიტიკას ვერ უძლებს. ისინი მომხმარებლის მიმართ ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხდება დაშინება, არასამუშაო საათებში, შუაღამისას, გამთენიისას დარეკვა, მუქარა, რომ მის საცხოვრებელში შევლენ და ნივთებს გაუყიდიან, თითქოს აღმასრულებლები იყვნენ, მსესხებლების ნაწილს ისინი დღესაც აღმასრულებლები ჰგონიათ. ჩვენ ყველას ვეუბნებით, თუკი ვინმე ასეთი მოვა თქვენთან, მოთხოვეთ დოკუმენტი და მერე გამოიძახე საპატრულო პოლიცია.

თუმცა, გეთანხმებით, მათ ასევე აქვთ შეცდომაში შემყვანი დოკუმენტები. სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ მეც ხელში ჩამივარდა ერთ-ერთი პრობლემური აქტივების მართვის კომპანიის ნაჯღაბნი. მივმართე საქართველოს პროკურატურას, რათა შეესწავლათ ეს დოკუმენტი. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთმა დაზარალებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. საქმე აღიძრა, გამოძიება დაიწყო, მაგრამ საქმე ისევ დაიხურა, ვინაიდან მსესხებლებმა საბოლოოდ მაინც არ იაქტიურეს. თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყო დაწყებული, გარკვეულწილად არის პრევენციული ზომა იმისთვის, რომ `ამომღებმა კომპანიებმა~ აღარ გაბედონ და არ დაწერონ ეგრეთ წოდებული სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლის მიზანია მოქალაქეების შეცდომაში შეეყვანა და მათზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ვალის ამოსაღებად არსებობს კანონიერი გზა და ყველა გამსესხებელმა ამ გზას უნდა მიმართოს.

ასევე ძალიან ხშირია, როდესაც პრობლემური აქტივები მართვის კომპანიები ურეკავენ მსესხებლის თანამშრომლებს, მეზობლებს, ნაცნობებს. უკვე გვარის მიხედვით სოციალურ ქსელში ეძებენ ხალხს და მათ წერენ. ეს არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის დარღვევა. სასესხო და ნებისმიერი სხვა პერსონალური მონაცემი არის დახურული ინფორმაცია და არ შეიძლება გასაჯაროვდეს პირის თანხმობის გარეშე. ამასთან დაკავშირებით პერსონალური დაცვის მონაცემთა ინსპექტორის აპარატშიც არის საჩივრები შესული და კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები.

‑ ანუ თუკი საკრედიტო თუ `ამომღები კომპანიების~ წარმომადგენლები მსესხებლის ინფორმაციას მესამე პირს მიაწოდებენ, თუნდაც ეს ოჯახის წევრი იყოს, მსესხებელს შეუძლია პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან იჩივლოს?

– დიახ, მას შეუძლია უჩივლოს პერსონალური დაცვის ინსპექტორის სამსახურში. სხვადასხვა ტი პის დარღვევაზე სხვადასხვა სახის ჯარიმა არსებობს.

‑ როდესაც სესხი არ არის ქონებით უზრუნველყოფილი, მისი გაპრობლემების შემთხვევაში ქონების იძულებითი გაყიდვა მაინც ხდება? თუნდაც ეს იყოს სწრაფი სესხები, რომელიც მხოლოდ პირადობის მოწმობით გაიცემა.

– როდესაც საქმე მიდის აღსრულების ეტაპზე, საჭიროა არსებობდეს, მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილება. დავუშვათ, გვაქვს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა გადასახდელი თანხის ოდენობა, საქმე გადაეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დაიწყო აღსრულების პროცესი. ასეთ შემთხვევაში აღმასრულებელი, პირველ რიგში, უკავშირდება მსესხებელს, უგზავნის შეტყობინებას და აცნობებს დავალიანების ოდენობასა და მისი გადახდის ვადებს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ მაინც არ მოხდა ვალდებულების დაფარვა, აღმასრულებელი უკვე იძულებით აღსრულებას იწყებს. მსესხებლის სახელზე რეგისტრირებული ქონების მოძიება ხდება. ეს შეიძლება იყოს უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალება, ან ხელფასი, რომელიც ბანკში ირიცხება. აღმასრულებელს უფლება აქვს, რომ დააკავოს ხელფასი, მაგრამ უნდა მოხდეს ორი გარემოების გათვალისწინება. ერთი, რომ ხელფასის მხოლოდ 50 პროცენტი უნდა დაკავდეს, ხოლო დარჩენილი თანხა საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ უნდა იყოს. მაგალითად, თუ მსესხებლის ხელფასი 300 ლარია, მაშინ მას 50 პროცენტი ვერ ჩამოეჭრება, ვინაიდან დარჩენილი თანხა საარსებო მინიმუმზე ნაკლები გამოდის. ასევე დაკავებას არ ექვემდებარება სახელმწიფო პენსია. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს არ გააჩნია უძრავი ქონება, მაშინ შესაძლებელია თანხის ამოღება მოძრავი ქონებით (ავტომობილი, საყოფაცხოვრებო ნივთები).

თუკი პრობლემური მსესხებელი კონკრეტულ მისამართზეა რეგისტრირებული, აღმასრულებელს აქვს უფლება ამ მისამართზე არსებული მოძრავი ქონება აუქციონზე გასატანად აღწეროს. თუკი ეს ქონება არ არის შეძენილი მსესხებლის მიერ, სახლის მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და ამ ქონების სიიდან ამოღება მოითხოვოს.

‑ თქვენ ასევე მუშაობდით ქალთა შრომით უფლებებზე, რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით?

– დიახ, ამ საკითხზე ვმუშაობდით ახალგაზრდა ადვოკატებში, მოვამზადეთ კვლევა და გამოვეცით. საკითხი, ძირითადად, ეხება კერძო სექტორში დასაქმებული დედების უფლებებს. როდესაც ქალი არის ორსულად, მას რა სახის გრანტიები აქვს, რომელიც შეეხება დეკრეტულ შვებულებებს. ამ საკითხს არეგულირებს შრომის კოდექსი. ორსულ ქალებს აქვთ უფლება მოითხოვონ დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე. საჯარო სამსახური დეკრეტული შვებულებისას ქალს 6 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი.კერძო სექტორში ასეთი შესაძლებლობა არ არის. არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო სექტორს 6 თვის განმავლობაში ხელფასის ანაზღაურებას ვერც დავავალდებულებთ. ეს დიდი ტვირთი იქნება კერძო კომპანიებისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხის დარეგულირება და მშობლისა და შვილის სოციალური გარანტიების საკითხის მოწესრიგება. ამასთანავე, იყო შემთხვევები, როდესაც ქალებს დეკრეტის პერიოდში სამსახურიდან ათავისუფლებდნენ. დღეს შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. თუმცა, მომსახურების სფეროში უამრავი პრობლემა რჩება, დასაქმებულებს მინიმალურ ხელფასზე ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება უწევთ – რომელიც უმეტეს შემთხვევაში არ უნაზღაურდებათ. მისი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ის არის, რომ ქვეყანაში არ არის საკმარისი სამუშაო ადგილი და დამსაქმებლებს შორის კონკურენცია არ არსებობს.

‑ შეგიძლიათ გვითხრათ, რომელია ყველაზე გახმაურებული საქმე თქვენს საადვოკატო პორტფელში?

– ჩემს კარიერაში რამდენიმე ასეთი საქმეა, რომელიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ალბათ, მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ერთ-ერთ მიმდინარე საქმეს გამოვყოფ, ეს არის `ბავშვთა სამყაროს~ სავაჭრო სახლის ხანძრის შედეგად დაზარალებულები და მათი უფლებების დაცვა. ამ ხანძრის შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და დღემდე არ არის დადგენილი, თუ როგორ დაიწვა ეს ტერიტორია. უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის კუთხით სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე განიხილება, განაჩენს ველოდებით, რათა სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დავაყენოთ. ამ ქეისის ფარგლებში რამდენიმე საქმე გვაქვს წამოწყებული. ერთია, რომ დაზარალებულებს აზრის თავისუფლად გამოხატვა შეეზღუდათ და არ მისცეს კარვების გაშლის უფლება იმ ტერიტორიაზე, სადაც კანონით იყო ნებადართული. ამასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოში წავაგეთ, გავასაჩივრეთ სააპელაციოში, ჩვენი მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რამდენიმე თვეა ველოდებით გადაწყვეტილების ჩაბარებას, რომ ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივროთ.

ასევე დაზარალებულების ნაწილს თბილისის მერიამ, ხანძრიდან რამდენიმე დღეში, ერთჯერადი დახმარების სახით 3 ათასი ლარი გადასცა, მაგრამ ამით არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა სხვა დაზარალებულები, რომლებმაც ეს დახმარება ვერ მიიღეს. ამ მიმართულებითაც საქმე გვაქვს სასამართლოში და 18 მაისს ველოდებით გადაწყვეტილების გამოცხადებას. 240-მდე ადამიანის ინტერესებს ვიცავთ, პრაქტიკულად ერთი წელი ამ ადამიანების ცხოვრებით ვცხოვრობთ, ვიცით მათი ტკივილი და გასაჭირი. ამ ხალხის უფლებების დაცვას ადვოკატ ფრიდონ სიხუაშვილთან ერთად ვახორციელებ და მათ აქტიურად უდგათ გვერდით ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც.

‑ საკმაოდ რთული საკითხია. ბოლო წლებში ბევრი სავაჭრო ობიექტი დაიწვა, თუმცა ამ დროისთვის არც დამნაშავე დასახელებულა და არც ზარალი ანაზღაურებულა, თუ არ ჩავთვლით იმ მოვაჭრეების ზარალის ანაზღაურებას, რომლებსაც ქონება დაზღვეული ჰქონდათ. ამ საქმეს როგორი დასასრული ექნება?

– გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, თუმცა დამოკიდებულია სასამართლოს განაჩენზე, ეს იქნება გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენი. `ბავშვთა სამყაროს~ აღმასრულებელ დირექტორსა და ერთ-ერთ თანამშრომელს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის კუთხით ბრალი აქვთ წაყენებული. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით, ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული რომ ყოფილიყო, ხანძრის დროული ლოკალიზება იქნებოდა შესაძლებელი და ამხელა ზიანი არ იქნებოდა, ადამიანები ამდენ ქონებას არ დაკარგავდნენ. თუ დადგინდა მათი ბრალეულობა, რისთვისაც საკმაოდ მყარი მტკიცებულებები არსებობს, უკვე საქმე განიხილება სამოქალაქო სამართლის კუთხით ზიანის ანაზღაურებაზე და `ბავშვთა სამყაროს~ ქონებიდან მოვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას.

‑ ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ, თავისუფალი დრო თუ გრჩებათ და რას აკეთებთ ამ დროს?

– ძალიან მიყვარს კითხვა. ძირითადად იურიდიული ლიტერატურის კითხვა მიწევს, მაგრამ როცა დრო მაქვს, ყოველთვის ვცდილობ, რომ მხატვრული ლიტერატურა წავიკითხო, რომელიც სულიერად მასაზრდოებს.

გარდა ამისა, ვცდილობ თავისუფალი დრო ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გავატარო და ეს არის ჩემთვის დასვენების ყველაზე კარგი საშუალება. ბედნიერებაა, როდესაც მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს ბავშვთან თამაშის საშუალება.

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი