ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) წევრ დარელ სკოტთან - #5(221), 2018
დარელ სკოტიგახდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) წევრი 2010 წლის ოქტომბრიდან. მანამდე ის იყო სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური ინსტიტუტის – FirstRand Banking Group-ის (www.firstrand.co.za) მთავარი ფინანსური მენეჯერი.

ბუღალტრული აღრიცხვის განათლება მიიღო ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტში (ქ. იოჰანესბურგი, სამხრეთი აფრიკა).

2013 წლამდე იყო IFRS ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო ინტერპრეტაციების კომიტეტის (IFRIC) წევრი. 2013 წლის იანვრიდან ის არის ამ საბჭოს „მსს ფასს“ სტანდარტის დამნერგავი ჯგუფის ხელმძღვანელი.

დარელ სკოტი ხელმეორედ იქნა არჩეული საბჭოს წევრად 2015 წელს, 5 წლის ვადით. იგი არის საბჭოს მრჩეველი დაზღვევის, გაუფასურების, იჯარისა და მაკრო ჰეჯირების პროექტების მიმართულებით.

- ბატონო დარელ, ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ხართ ჩვენი ჟურნალის სტუმარი. თუ შეიძლება, ორი სიტყვით გვითხრათ თქვენი განვლილი გზის შესახებ, როგორ მოხვდით ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოში (IASB), რომლის წევრიც დღეს ბრძანდებით?

- მუშაობა ჯერ ტექნიკურ ბუღალტრად დავიწყე, შემდეგ აუდიტორად და საგადასახადო კონსულტანტად. მოგვიანებით, სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ საბანკო ჯგუფს შევუერთდი, სადაც ჯერ ტექნიკურ ბუღალტრად ვმუშაობდი, მერე კი ამ ბანკის ფინანსური მენეჯერი გავხდი.

- წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდან ხართ?

- დიახ, სამხრეთ აფრიკიდან გახლავართ. ამ ბანკში მევალებოდა ტექნიკური ბუღალტერიის წარმოება და ანგარიშგების მომზადება. IASB-ის მუშაობაში აქედან ჩავერთე, ჯერ მრჩევლის, შემდეგ კონსულტანტის სტატუსით. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ მათ ანგარიშგების მომზადებელთა პრობლემები ესმოდათ. 2010 წლიდან IASB‑ის გუნდს შევუერთდი და 8 წელია მისი წევრი ვარ.

- რამდენად ესმით IASB-ის წევრებს ფინანსური ანგარიშგების შემდგენელთა პრობლემები?

- საბჭოს წევრების შერჩევა ხდება სხვადასხვა წარსული გამოცდილების მქონე პირებიდან. პირადად ჩემს შემთხვევაში, ჩემი გამოცდილება, როგორც ბანკების ფინანსური ანგარიშგების ტექნიკური მომმზადებლის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, მე ვმონაწილეობდი სტანდარტების შემუშავებაში, როგორც IASB-ის და IFRIC‑ის სხვადასხვა მრჩეველთა ჯგუფების წევრი. აქედან გამომდინარე, მე მაქვს ორმაგი გამოცდილება.

- როგორ მოხდა საბჭოში თქვენი დანიშვნა, კონკურსში მიიღეთ მონაწილეობა თუ მათ შემოგთავაზეს ეს თანამდებობა? უფრო კონკრეტულად, როგორ ხდება საბჭოს წევრის დანიშვნა, რა სახის პროცედურებია საჭირო?

- უპირველესად, ბორდი (IASB) წყვეტს რა სახის გამოცდილების ადამიანი სჭირდება და აქვეყნებს შესაბამის მოთხოვნებს. შეიძლება ბორდი ეძებდეს ადამიანს, რომელსაც პრაქტიკული გამოცდილება აქვს, ან ინვესტორს და სხვა. შემდეგ ბორდის მეთვალყურეთა საბჭო, რომელიც ბორდისგან დამოუკიდებელია, გადაწყვეტილებას იღებს. მეთვალყურეთა საბჭოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ბორდის წევრები დაბალანსებული იყოს, როგორც გამოცდილებითა და წარსული ცოდნით, ასევე გეოგრაფიული წარმოშობით.

- საბჭოს წევრს რამდენი წლით ირჩევენ?

- საბჭოს წევრობის ვადა ორი პერიოდით არის განსაზღვრული. პირველია 5-წლიანი პერიოდი, მეორე ვადას მეთვალყურეთა საბჭო განსაზღვრავს. ეს არის 3-დან 5 წლამდე პერიოდი. ასეთი ცვალებადი დრო განისაზღვრება იმისთვის, რომ ყველა წევრი გუნდიდან ერთად არ წავიდეს და როტაციის წესები დაცული იყოს.

- სტანდარტების საბჭოს წევრების მაღალი კომპეტენციის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში, გამოქვეყნებული სტანდარტები და დებულებები კარგად გასაგები არ არის. რატომ ხდება, რომ წინასწარი შეჯერებისა და მაღალპროფესიონალური განხილვების მიუხედავად, სტანდარტის დებულებები მაინც ბუნდოვანი და რთულად აღსაქმელი რჩება?

- სტანდარტების შემუშავება პრინციპების დონეზე ხდება. შეიძლება სტანდარტმა გარკვეული პრაქტიკული განსხვავებები დაუშვას იმ შემთხვევაში, როცა მიზანი ნათელია. ყველა ამ პროცედურების მიუხედავად, აღმოვაჩინეთ, რომ ხალხი სხვაგვარად კითხულობს იმ ჩანაწერებს, ვიდრე ბორდს უნდოდა ეთქვა. როდესაც ბორდმა ერთი და იგივე მიზნის მისაღწევად რამდენიმე გზა დაუშვა, ამ შემთხვევაში რაიმეს შეცვლა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, ვინაიდან მიზანი ნათელი და მისაღებია. სხვადასხვა იურისდიქციაში არსებული ტერმინები სხვადასხვაგვარად ესმით. ბორდი ზოგჯერ ამ დებულებებს ანახლებს, ან მაგალითად, გამოსცემს განმარტებებს.

- სწორედ განმარტებებსა და ინტერპრეტაციებზე მინდა გკითხოთ: დღესდღეობით, რამდენიმე ათეული სტანდარტი მოქმედებს და დაახლოებით ამდენივე ინტერპრეტაციაა გამოცემული ინტერპრეტაციების მუდმივმოქმედი კომიტეტის (IFRIC) მიერ. რატომ არ გამოიცემა ინტერპრეტაციები უფრო აქტიურად? თითქმის ყველა სტანდარტი რამდენიმე საკამათო საკითხს მოიცავს, საკამათოს იმ თვალსაზრისით, რომ მას სპეციალისტები სხვადასხვაგვარად კითხულობენ. კომიტეტი კი იმ საკითხებზე, რომელზეც უკვე წლებია კამათი გრძელდება, ინტერპრეტაციებს არ გამოსცემს...

- IFRS არის პრინციპებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია, რომელიც სახავს მიზანს. ის საშუალებას აძლევს კომპანიებს, მიაღწიონ ამ მიზანს თავიანთი შეხედულებებისამებრ სტანდარტებით განსაზღვრული პრინციპების ფარგლებში. თუ სხვადასხვა მიდგომები გამოიყენება ერთი და იმავე საკითხის გადასაწყვეტად, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სტანდარტის შეცვლა ან ინტერპრეტაციის გამოცემა არის საჭირო. როდესაც გაუგებრობა ტერმინების განსხვავებულად წაკითხვის გამოა გამოწვეული, ინტერპრეტაციის გამოცემის აუცილებლობას ვერ ვხედავ. სტანდარტის მიზანი თუ არასწორად არის გაგებული ან როდესაც მისი მიზანი სხვა სტანდარტის ან ინტერპრეტაციის მიზნებს ეწინააღმდეგება ან ამის საშიშროება არსებობს, ინტერპრეტაცია გამოიცემა იმ მიზნით, რომ აჩვენოს სწორი გზა. როდესაც ინტერპრეტაციების კომიტეტი კითხულობს სტანდარტს და დაადგენს, რომ სტანდარტის არასწორად გაგების სერიოზული საფრთხე არსებობს, მაშინ ბორდს მისი შეცვლის რეკომენდაციას აძლევს.

- ეს ცვლილებები საკმაოდ ნელა ხორციელდება და ამ დროს, მიმდინარე პერიოდში საკმაოდ ბევრი გაურკვევლობაა...

- ვფიქრობ, ბორდი ხშირ შემთხვევაში დღის წესრიგის მიხედვით ამ საკითხებს უფრო სწრაფად წყვეტს, ხანდახან განმარტებებსაც იძლევა. ინტერპრეტაციების გამოცემას რაც შეეხება, ამისთვის ბევრი კონსულტაციაა საჭირო. ამიტომაც პროცესი ნელა მიმდინარეობს. 

- მაშინ, მაგალითისთვის ერთ კონკრეტულ საკითხს შევეხები. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 23 `ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები~ იწვევს გაურკვევლობას. კერძოდ, არ არის ნათელი, ვალუტაში აღებული სესხების საპროცენტო დანახარჯების კორექტირება სავალუტო საკურსო სხვაობების გამო რა შემთხვევაში უნდა მოხდეს? შესაბამის ჩანაწერს (აღნიშნული სტანდარტის მე-6 მუხლის `ე~ პუნქტს ვგულისხმობთ) რიგი აუდიტორები და სპეციალისტები სხვადასხვაგვარად იგებენ და მასზე კამათი უკვე დიდი ხანია გრძელდება.

ინტერპრეტაციის კომიტეტი კი ამასთან დაკავშირებით არაფერს გამოსცემს. ხომ შეიძლება კომიტეტმა ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვროს, ვალუტაში აღებული სესხებთან დაკავშირებულ საპროცენტო დანახარჯებში რა შემთხვევებში უნდა მოხდეს სავალუტო საკურსო სხვაობების გათვალისწინება და რა შემთხვევაში - არა?

- იმ შემთხვევებში, როდესაც საკითხების გადაწყვეტა ვერ ხდება, მომხმარებლები და აუდიტორები აგზავნიან ინტერპრეტაციების კომიტეტში წერილებს და უთითებენ, რომ არსებობს გაურკვეველი საკითხი და ასევე მათ ხედვას ამ საკითხთან დაკავშირებით. შემდეგ კომიტეტმა ეს უნდა შეისწავლოს და მიიღოს გადაწყვეტილება. ბორდი ინტერპრეტაციების ინიცირებას საკუთარი ინიციატივით არ ახდენს. როგორც საბჭოს წევრი, მხარს ვუჭერ, რომ მომხმარებლებმა და მათ შორის აუდიტორებმა მიმართონ საბჭოს და გააგზავნონ ასეთი შეტყობინება.

- ამ შემთხვევაში ჩვენი კრიტიკა არ ეხება საბჭოს. ვგულისხმობთ სწორედ ინტერპრეტაციის კომიტეტს. დავიჯეროთ, იგი ამგვარ შენიშვნებს არ იღებს? წელიწადში ერთ-ორ ინტერპრეტაციას გამოსცემს, მაშინ როდესაც ფასს-ებთან დაკავშირებით უამრავი გაურკვეველი საკითხია...

- უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ ინტერპრეტაციების კომიტეტი ყველა წერილს კითხულობს, რაც მასთან შედის. მეორე - ინტერპრეტაციების კომიტეტი გამოსცემს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ბევრ გადაწყვეტილებას, რომელიც ხალხს კონკრეტული საკითხების გაგებაში ეხმარება. კომიტეტი წელიწადში დაახლოებით, 25 საკითხს განიხილავს და თავის გადაწყვეტილებებს აქვეყნებს. ამ საკითხების მიმართ ბორდს ყოველთვის საჯარო მიდგომა აქვს და ყოველთვის მზად არიან მოსაზრებების გამოსათქმელად. ჩვენი საუბარი ალბათ იმას მიანიშნებს, რომ დღის წესრიგით მიღებული საკითხების უფრო გასაჯაროება და წარმოჩენაა საჭირო.

- გარდა ამისა, ბევრი ჩვენი კოლეგის უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ ინტერპრეტაციების ტექსტი თავისი შინაარსითა და მოცულობით სტანდარტების ტექსტის მსგავსია, მაშინ როდესაც გგონია, რომ ინტერპრეტაცია გაურკვეველ საკითხებს ნათელს მოჰფენს და უფრო მეტად იქნება დეტალიზებული. მაგალითად, ავიღოთ იმკ (SIC) 32 `არამატერიალური აქტივები - ვებგვერდებთან დაკავშირებული
დანახარჯები~. ეს ინტერპრეტაცია უკვე გამოცემულია. მიუხედავად ამისა, როცა კითხულობ, კითხვები მაინც გრჩება. არადა, ამ კითხვებზე პასუხები მასშივე უნდა იყოს გაცემული.

- ინტერპრეტაციების გამოცემაზე დისკუსია მიმდინარეობს. თანამშრომლები ძალიან ბევრ საკითხს ამუშავებენ, რომელიც დეტალურ განმარტებებს შეიცავს. სტანდარტების მიზანი არის ის, რომ სახელმძღვანელო ჩარჩოებისა და პრინციპების დონეზე გამოიცეს. კონკრეტული აპლიკაციების სახელმძღვანელოების გამოცემისგან თავს ვიკავებთ. ასეთი მიდგომა ნიშნავს იმას, რომ ხალხმა, რომელიც ფინანსურ სტანდარტებს იყენებს, ამ ყველაფერში თავიანთი განსჯა უნდა ჩართოს.

- მაგრამ, სპეციალისტები ხომ წვალობენ? სწრაფი კითხვა-პასუხის ფორმატს თუ ითვალისწინებს საბჭოს ან ინტერპრეტაციის კომიტეტის მუშაობა?

- ამ შემთხვევაში ჩვენ ვფრთხილობთ, რადგან შეიძლება მოკლე და სწრაფმა, თუნდაც არაოფიციალურმა პასუხმა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია წარმოქმნას და რეალობას სხვა მიმართულება მისცეს, ვიდრე ეს სტანდარტის ან პრინციპების დონეზე იყო დაგეგმილი. ამიტომ გვირჩევნია, რომ უფრო მეტი დრო დავხარჯოთ და ამ საქმეს ცოტა ფრთხილად მოვეკიდოთ.

სამეთვალყურეო საბჭო სხვადასხვა ჯგუფს გარკვეულ მანდატს აძლევს და ისინი ბალანსს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, რა სისწრაფით გასცენ ესა თუ ის პასუხი, ან კონკრეტული ინტერპრეტაცია და რამდენად მიაღწიეს დასახულ მიზანს.

საბჭოში აპრილის შეხვედრაზე განვიხილეთ, რამდენად სასურველია სტანდარტებთან ერთად მაგალითების მიცემა, ვინაიდან ხშირად მკითხველები მაგალითს როგორც წესს ისე გებულობენ. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ ასეთი მოსანიშნი პროცედურების სია მივცეთ. გვინდა, რომ სტანდარტების მომხმარებელმა თავადაც იმსჯელოს. 

- რაც შეეხება მსჯელობას, რამდენადაც ვიცი, საბჭომ რომ დაამტკიცოს სტანდარტი, 14 წევრიდან 9 მაინც უნდა იყოს თანახმა. არის ხშირად შემთხვევები, როდესაც თავად საბჭოს წევრები ვერ თანხმდებიან ერთმანეთში და რა ქნას რიგითმა ფინანსისტმა, მუდმივად გაურკვევლობის ქვეშ უნდა იყოს? მაშინ რა არის გამოსავალი?

- ბორდის წევრებს შორის, როდესაც სტანდარტებზე მსჯელობა მიმდინარეობს, შეუთანხმებლობა ხშირად დიდ და პრინციპულ საკითხებზე ხდება, ვიდრე კონკრეტულ ინტერპრეტაციებზე. მაგალითად, FAIR VALUE-ს (რეალური ღირებულების შეფასების) უფრო მეტი ან ნაკლები გამოყენება. შეუთანხმებლობა ინტერპრეტაციების დონეზე არ ხდება.

- თუ ყოფილა ისეთი სტანდარტი, რომელსაც თქვენ არ ეთანხმებოდით, მაგრამ სტანდარტების საბჭომ მაინც მიიღო?

- კონკრეტულ საკითხებზე მქონია განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ საბჭოს წევრებმა უფრო ზემოდან უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. მაგალითად, არის თუ არა ახალი სტანდარტი არსებული ანგარიშგების გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი? მიუხედავად ჩემი განსხვავებული აზრებისა, მე ყოველთვის ვეთანხმებოდი ახალ გამოცემულ სტანდარტებს.

- ახალი სტანდარტების მიღებისას რის მიხედვით განისაზღვრება პრიორიტეტები? მაგალითად, არამატერიალური აქტივებისა და სოფლის მეურნეობის მარეგულირებელი სტანდარტები საკმაოდ გვიან
მიიღეს.

- ბორდი თავის დღის წესრიგს გამოსცემს და ეს არის წერილი მთელი მსოფლიოსთვის. გადაწყვეტილებები მიიღება გამოხმაურებებიდან გამომდინარე, თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი. გამოხმაურებები მოდის, როგორც პროფესიული ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან, ისე კონკრეტულ სფეროში მომუშავე კომპანიებიდან. ამის გარდა, ინტერპრეტაციების კომიტეტმაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს უფრო პატარა დონის პროექტს, რათა კონკრეტული რაღაც შეიცვალოს ან შესწორდეს რომელიმე სტანდარტში. ამას ისინი აკეთებენ მიღებული წერილებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა მაშინ, თუკი ისინი ჩათვლიან, რომ ეს საკითხი ინტერპრეტაციით ვერ გამოსწორდება.

- როგორია საბჭოს დამოკიდებულება FASB-ის მიმართ, რომელიც მუშაობს ალტერნატიულ მეთოდოლოგიაზე და GAAP სტანდარტებს გამოსცემს? რა სახის ურთიერთობა გაქვთ მათთან და იგეგმება თუ არა ორი ალტერნატიული საბუღალტრო მეთოდოლოგიის ნაცვლად მივიღოთ ერთიანი მეთოდოლოგია, ანუ GAAP და IFRS გაერთიანდეს და მოხდეს სხვა გლობალური სტანდარტების მიღება?

- 2006 წლიდან მნიშვნელოვანი სტანდარტები, რომელიც შევაჯერეთ, იყო ლიზინგი და შემოსავლების ამონაგების სტანდარტი. GAAP და IFRS დაახლოვება კიდევ რამდენიმე სტანდარტში მოხდა. მუშაობის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ამ ორი საბჭოს თანამშრომლობა საკმაოდ რთული იყო. მათ თავიანთი მომხმარებლები ჰყავთ და GAAP-ების შემმუშავებელი ამერიკული საბჭო FASB თავისი მომხმარებლების წინაშეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, როდესაც მომხმარებელი სხვადასხვა ჯგუფია, რთულია პოზიციების შეჯერება. ეს ორი საბჭო ერთმანეთთან ურთიერთობას აგრძელებს, მაგრამ ამ ეტაპზე, მთავარია შევინარჩუნოთ მიღებული სტანდარტები და მათი დაშორება არ მოხდეს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე მსჯელობა არ იგეგმება. საბჭოს ჰყავს მრჩეველთა ბევრი ჯგუფი სხვადასხვა ეროვნული სტანდარტების მარეგულირებლებიდან და FASB არის ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი.

- საბჭოს წევრები მუდმივად ლონდონში ცხოვრობთ და საქმიანობთ, თუ პერიოდულად იქ სხდომებზე დასასწრებლად ჩადიხართ, ანუ საბჭოს წევრობა ბრიტანეთში ყოველდღიურად ყოფნას ნიშნავს?

- რეგულაციით მხოლოდ ორ წევრს შეუძლია ბორდის წევრი იყოს არასრული დროით. ყველა დანარჩენი წევრი მუშაობს სრული დროით და ლონდონში ცხოვრობს.

- IASB ბორდის წევრებს, სამსახურებრივი ამოცანების გადასაჭრელად, სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრება ხშირად უწევთ?

- ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ურთიერთობა გვქონდეს ჩვენს მომხმარებლებთან. ამის საუკეთესო გზაა მათთან ჩასვლა და შინაურ გარემოში შეხვედრა.

- საქართველოში რა მიზნით ჩამოხვედით?

- საქართველოში ეს ჩემი პირველი ვიზიტია. ჩამოსვლის მიზანი იყო ის, რომ ქართველ მომხმარებელს, ისევე როგორც სტანდარტების დამნერგავებს, პირადად შევხვედროდი და მათი აზრი მომესმინა. ჩემი თანამშრომლები
ადრეც იყვნენ ჩამოსულები, მცირე ბიზნესისთვის ლექციები აქვთ წაკითხული. ასევე მინდა ავუხსნა რეგულატორებს, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს მომავალი სტანდარტების მიზნები.

- რისი ნახვა მოასწარით საქართველოში?

- თბილისი და მცხეთა დავათვალიერეთ. შემდეგ ჩამოსვლაზე მინდა სხვა ადგილებიც ვნახო.

- რა დონეზეა აღრიცხვა-ანგარიშგების რეფორმა საქართველოში, რა ეტაპზე ვიმყოფებით? თუნდაც ჩვენს გეოგრაფიულ სივრცეში სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით?

- კითხვის პირველ ნაწილს რაც შეეხება, ზოგადად რეფორმა კარგად დაგეგმილი და მოფიქრებულია. საშუალება მქონდა შევხვედროდი ბუღალტრებს და შთამბეჭდავია ის, რომ მათ სტანდარტები საკმაოდ კარგად იციან. რაც შეეხება გეოგრაფიულ არეალს, მაგალითად, რუსეთში ამ სტანდარტების დანერგვის პროცესი უფრო ადრე დაიწყო, თუმცა, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობისა და დისკუსიის სურვილი აქვს და ეს ძალიან მომწონს. ეს ხელს შეუწყობს ერთიანი სტანდარტებისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

- ჩვენს სფეროში რეგულატორის არსებობას თავისი დადებითი მხარეები აქვს, თუმცა, არის ასეთი მოსაზრება, რომ რაც არ უნდა მოწადინებული იყოს აუდიტორი ან რეგულატორი ჭეშმარიტების დადგენაზე, ყოველთვის იქნება საკთხი, რომელზედაც მათ განსხვავებული აზრი ექნებათ, ისევ ფინანსური სტანდარტების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის გამო. რას გვირჩევდით ასეთ შემთხვევაში, როდესაც აუდიტორის მიერ გადაწყვეტილი საკითხი განსხვავებულად ესმის რეგულატორს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ინტერპრეტაცია არ არსებობს?

- პრინციპებზე დაფუძნებული სტანდარტები ქმნის ბუნებრივ დაძაბულობას აუდიტორებსა და რეგულატორებს შორის. სტანდარტების დამწესებლებს სურთ რომ მეტი გააკეთონ, აუდიტორებს ნაკლები. რეგულატორები, ფაქტობრივად, მათ შორის შუამავლები არიან. ასეთი დისკუსიები უნდა იყოს საჯარო და მრავალმხრივი.

- დისკუსია ნაკლებსავარაუდოა... რეგულატორი როგორც ჩათვლის, ისე გადაწყვეტს და ჩვენ (აუდიტორები) დავრჩებით დაჩაგრულები.

- რეგულატორებთან ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ მათ ეს სტანდარტები გაიგონ და მათ მიერ რეგულირებულ პირებს არ დააძალონ, არ მოსთხოვონ სხვა რამე, გარდა IFRS-სა.

ესაუბრნენ ზვიად გიორხელიძე და მაკა ხარაზიშვილი