ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ საპენსიო სააგენტოს დირექტორ ლევან სურგულაძესთან - #1(229), 2019
ლევან სურგულაძე - დაიბადა 1958 წლის 5 ნოემბერს. 

განათლება 

1975 წელს დაამთავრა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. 

მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბაკალავრის (BS) და მეცნიერებათა მაგისტრის (MS) ხარისხები ფიზიკაში. 

პროფესიული გამოცდილება 

1990 წელი - მეცნიერ-თანამშრომელი მოსკოვის ბირთვული კვლევების ინსტიტუტი. 

1992-1999 წლები - მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო შემდგომ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ამერიკის შეერთებული შტატების ორ უნივერსიტეტში. ამავე წლებში, იგი იყო ორი ამერიკული ((Physical Review და Physical Review Letters), ევროპული (Physics Letters) და აზიური ((Modern Physics Letters) წამყვანი სამეცნიერო ჟურნალების სარეცენზიო კოლეგიის წევრი და ამერიკის ფიზიკოსთა ასოციაციის (American Physical Society) წევრი. 

1999 წელი _ რისკების მმართველი, უოლ-სტრიტი, ნიუ-იორკი, ამერიკის საფონდო ბირჟა (NASDAQ-AMEX). 

2000-2001 წლები _ Deutsche Bank, ლონდონის ოფისი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი/კონსულტანტი გლობალური საკრედიტო დერივატივების მიმართულებით. 

2001-2002 წლები _ Barclays Capital, ნიუ-იორკის ოფისის რისკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი/კონსულტანტი, ფინანსების მიმართულებით. 

2002-2007 წლები _ შვეიცარიის გაერთიანებული ბანკი (UBS Investment Bank) ნიუ-იორკის ოფისი, რისკის კონტროლის დირექტორი. 

2004-2013 წლები _ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა რამდენიმე კომპანია, რომლებიც 2014 წელს გაერთიანდნენ კავკასიის ბიზნეს ჯგუფში. 

2009 წელი _ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრი. 

2011 წელი _ „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და დანიშვნებისა და ანაზღაურების კომიტეტების თავმჯდომარე. 

2014-2018 წლები _ კავკასიის ბიზნეს ჯგუფი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 

2018 წლის სექტემბრიდან _ საპენსიო სააგენტოს დირექტორი.

- ბატონო ლევან, საპენსიო რეფორმისადმი ნდობას, გარკვეულწილად, განაპირობებს ის ფაქტიც, თუ ვინ მართავს სააგენტოს. ამიტომ, საზოგადოებაში ინტერესი დიდია თქვენ მიმართ. გვიამბეთ თქვენ შესახებ, ვინ არის ლევან სურგულაძე? 

_ დავამთავრე კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. შემდეგ მივიღე ბაკალავრის (BS) და მეცნიერებათა მაგისტრის (MS) ხარისხები ფიზიკაში მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი (PhD) მაღალი ენერგიების თეორიული ბირთვულ ფიზიკაში მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიიდან (მოსკოვი), ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) ფინანსების და ფინანსური ინჟინერიის სპეციალიზაციით (აშშ), ფილოსოფიის დოქტორის (PhD) კურსი ფინანსური ინჟინერიის სპეციალიზაციით ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

1990 წელს ჩემი კარიერა დაიწყო მეცნიერ-თანამშრომელის სტატუსით მოსკოვის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში. 1991-1992 წლებში ვმუშაობდი მიწვეულ პროფესორად და მეცნიერ-თანამშრომლად რამდენიმე უნივერსიტეტში, ასევე სამეცნიერო კვლევით ცენტრებში ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის, ფერმის ამაჩქარებლის ნაციონალურ ლაბორატორიაში (ჩიკაგო, აშშ) და თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (ტრიესტი, იტალია). 1992-1999 წლებში ვიყავი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო შემდგომ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ამერიკის შეერთებული შტატების ორ უნივერსიტეტში. ამავე წლებში, ორ ამერიკულ Physical Review და Physical Review Letters, ევროპული Physics Letters და აზიური Modern Physics Letters წამყვანი სამეცნიერო ჟურნალების სარეცენზიო კოლეგიის წევრი და ამერიკის ფიზიკოსთა ასოციაციის American Physical Society წევრი. გამოქვეყნებული მაქვს 40-ზე მეტი მაღალციტირებადი სამეცნიერო ნაშრომი წამყვან ჟურნალებში აშშ–ში, ევროპაში და აზიაში. 

1999 წელს დავსაქმდი უოლ-სტრიტზე, ნიუ-იორკში, როგორც ტრეიდერი/რისკების მმართველი ამერიკის საფონდო ბირჟაზე NASDAQ-AMEX; 2000-2001 წლებში გავხდი უფროსი ვიცე-პრეზიდენტი/კონსულტანტი Deutsche Bank-ის ლონდონის ოფისის გლობალური საკრედიტო დერივატივების მიმართულებით. 2001-2002 წლებში ვმუშაობდი უფროს ვიცე-პრეზიდენტად Barclays Capital-ის ნიუ-იორკის ოფისის რისკის ფინანსების მიმართულებით. 2002-2007 წლებში, რისკის კონტროლის დირექტორად შვეიცარიის გაერთიანებული ბანკის UBS Investment Bank ნიუ-იორკის ოფისში. შემდეგ, დავბრუნდი სამშობლოში, საქართველოში და 2004-2013 წლებში პარტნიორებთან ერთად დავაფუძნე რამდენიმე კომპანია, რომლებიც 2014 წელს გაერთიანდნენ კავკასიის ბიზნეს ჯგუფში. 

2009 წელს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრად დავინიშნე, სადაც ვმუშაობდი სააგენტოს ეროვნულ ბანკთან შერწყმამდე. 2011 წელს, საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშვნებისა და ანაზღაურების კომიტეტების თავმჯდომარედ დავინიშნე, სადაც ვმუშაობდი 2018 წლის სექტემბრამდე. 2014 წლიდან 2018 წლის სექტემბრამდე კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი. 2018 წლის სექტემბერში დავინიშნე საპენსიო სააგენტოს დირექტორად და დღეისთვის სწორედ ამ სფეროში და ამ პოზიციაზე ვმუშაობ. 

- უცხო ქვეყნებში საკმაოდ მსხვილ და პრესტიჟულ კომპანიებში მუშაობდით. რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება? 

_ საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა მიღებული როგორც აკადემიური, ისე ფინანსური მიმართულებით. საჯარო სამსახური ჩემი ინტერესის სფერო არასოდეს ყოფილა, თუმცა ვფიქრობდი, რომ ჩემი გამოცდილება ჩემ ქვეყანას გამოადგებოდა. მინდოდა უკვე აქ გამეკეთებინა რამე მნიშვნელოვანი. დავინტერესდი, რადგან ასეთი მასშტაბის რეფორმა საქართველოში არ განხორციელებულა. მან ქვეყანას როგორც ახლო მომავალში, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში იმხელა მნიშვნელობის სიკეთე უნდა მოუტანოს, რომ ამ საქმეში ჩემი მონაწილეობა და პირადი წვლილის შეტანა ჩემთვის მიმზიდველია. ამიტომაც დავინტერესდი ამ პოზიციით. 

- დირექტორის პოზიციაზე თქვენი შერჩევა როგორ მოხდა? 

_ გამოქვეყნებული იყო ვაკანსია. ამ რეფორმის შესახებ ვიცოდი და ვიყავი დაინტერესებული. შევავსე აპლიკაცია, შემდეგ იყო გასაუბრება. ასე დავინიშნე ამ პოზიციაზე. 

- ამჯერად, რეფორმის დეტალებზე ვისაუბროთ. კომპანიებში ამბობენ, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია. როგორ მიდის ეს პროცესი, და თუ გამოჩნდა ისეთი პრობლემა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების დონეზე ითხოვს მოგვარებას? 

_ ინფორმაციის ნაკლებობას ვადასტურებ. გარკვეული ვაკუუმი გაჩნდა, რომელიც მერე არასწორი ინფორმაციით შეივსო. გაჩნდა შიში _ ზოგჯერ საფუძვლიანი, ზოგჯერ უსაფუძვლო. დეკემბრიდან დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია. მოსახლეობას ინფორმაციას ყველა საინფორმაციო საშუალებებით ვაწვდით. ვუხსნით, თუ რა ბენეფიტები ახლავს ამ პროცესს, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ სისტემაში ჩართვა, როგორც თითოეული ჩვენგანის, ისე ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მომხმარებელს ვაწვდით ინფორმაციას ტექნიკური დეტალების შესახებ. სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. დღეში რამდენჯერმე გვაქვს შეხვედრა ბუღალტრებთან. დაახლოებით, 600 ბუღალტერს ჩავუტარეთ ტრეინინგი. ვიყავით ბათუმში, ასევე ვაპირებთ გასვლას რეგიონებში და ბუღალტრებისათვის ტრეინინგების ჩატარებას. 

ჩავედით ყველა დიდ ქალაქში და შევხვდით დაინტერესებულ პირებს. საკმაოდ საინტერესო დისკუსიები გაიმართა. ამ პერიოდში, დაახლოებით 40 სატელევიზიო გამოსვლა მქონდა. 120-მდე პუბლიკაცია გამოქვეყნდა. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ და უფრო მეტს გავაკეთებთ, რათა ყველა მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს _ რას უნდა ელოდეს და ეს სისტემა რატომ არის კარგი. 

პროცესი ნორმალურად მიდის, სააგენტო ზუსტ ვადებში გაიხსნა, ელექტრონული სისტემა 1 იანვრიდან ამოქმედდა. პირველი სამუშაო დღე 3 იანვარს იყო და იმ დილიდან პირველი მომხმარებლები მივიღეთ. ქოლცენტრი ძალიან გადატვირთული იყო, ხალხი რეკავდა და ინფორმაცია აინტერესებდა. მათ შორის, ძალიან სწრაფად დაიწყო სისტემაში დარეგისტრირების პროცესი. დღეისათვის 32 ათასზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული. 300 ათასამდე ადამიანია სისტემაში გაწევრებული. მათმა შენატანებმა, ჯამურად, 50 მილიონ ლარს გადააჭარბა. თებერვლის შუა რიცხვებში უფრო ნათელ სურათს დავინახავთ. ეს მაჩვენებელი წესით უნდა გაიზარდოს, შესაბამისად გაწევრებულთა რიცხვიც გაიზრდება. 

50 პროცენტით გავზარდეთ ქოლცენტრის თანამშრომლები, მათ ძალიან დიდი დატვირთვა აქვთ, განსაკუთრებით თვის ბოლოს. 

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, ამ ეტაპზე, ამ საკითხს ერთი მიმართულებით განვიხილავთ. კანონი ამბობს, რომ რისკები სააგენტომ უნდა შეაფასოს, მაგრამ არ არის გაწერილი, კონკრეტულად რომელმა სტრუქტურამ. ჩვენ ახლა საკანონმდებლო ცვლილებებზე ამ მიმართულებით ვმუშაობთ. სააგენტოში საინვესტიციო საბჭოსთან ერთად, რომელიც ადმინისტრაციული ნაწილისგან გამიჯნულია, ასევე უნდა შეიქმნას მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურა, რომელიც საინვესტიციო პროცესს თითოეული ტრანზაქციის დონეზე გააკონტროლებს. ეს იქნება საუკეთესო დასავლური პრაქტიკით შექმნილი სტრუქტურა. საინვესტიციო ნაწილი, რომელიც მოგების მიზნით იღებს რისკებს, სწორედ, დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურის მიერ უნდა გაკონტროლდეს. მე ამ მიმართულებით, თითქმის 20 წელიწადი ვმუშაობდი და ზუსტად ვიცი, როგორ უნდა შეიქმნას ასეთი სტრუქტურა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სტრუქტურა ზუსტად ისე იყოს აწყობილი, როგორც ჩვენს ვებგვერდზე გვაქვს გამოქვეყნებული. 

- საინტერესოა, თვითდასაქმებულები თუ მოხვდნენ ამ სისტემაში? 

_ ამ დროისთვის არ მაქვს მონაცემები, თუ რამდენი თვითდასაქმებული ჩაერთო სისტემაში, თუმცა დაინტერესება მათი მხრიდანაც ჩანს. თავიდანვე ქოლცენტრში თვითდასაქმებულებიც რეკავდნენ და კითხულობდნენ, როგორ შეიძლებოდა მათი სისტემაში ჩართვა. ვფიქრობთ, ადამიანებს რაც უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით, სისტემაში ნებაყოფლობით ჩართვის სურვილიც სულ უფრო გაიზრდება. 

- ნეგატივს, ძირითადად, უნდობლობა იწვევს. ადამიანები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობაა, ამიტომ არსებობს შიში, რომ წლების მერე შეიძლება მათი დანაზოგი დაიკარგოს. ამ კუთხით დაცულობის ხარისხი როგორია? კერძოდ, მართალია, 5 წელი დანაზოგის ინვესტირება მხოლოდ ყველაზე დაბალრისკიან პორტფელში მოხდება, მაგრამ თუ არსებობს რისკი, რომ გარკვეული რისკის არსებობის შემთხვევაში დანაზოგმა კლება განიცადოს? 

_ დავიწყოთ იქიდან, რომ თქვენს დანაზოგს, რომელიც ხელფასიდან ჩამოგეჭრებათ, სახელმწიფოსა და დამსაქმებლის მიერ გამოყოფილი თანხა ემატება. მას ასევე დაემატება ინვესტირებიდან მიღებული სარგებელი. დაბალრისკიანი პორტფელი დანაკარგს ფაქტობრივად გამორიცხავს. მას დაბალრისკიანი პორტფელი სწორედ ამიტომ ჰქვია. ველოდებით, რომ დანაზოგს 7-8 პროცენტიანი სარგებელი უნდა დაერიცხოს. ბუნებრივია, საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში რისკიც მეტია, მაგრამ სარგებელიც მეტია, შეიძლება წლიური 15 პროცენტი იყოს. 

- დაბალრისკიან პორტფელში კონკრეტულად რა მიმართულებები მოიაზრება, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები? 

_ მთლიანი პორტფელის ერთ `კალათში~ ჩადება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. პორტფელი დივერსიფიცირებული უნდა იყოს. კი ბატონო, რაღაც ნაწილი სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში განთავსდება. 

- ფაქტობრივად, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი არ არსებობს, ან ჩანასახის მდგომარეობაშია. ადგილობრივ ბაზარზე დივერსიფიკაციის რა გზები არსებობს? 

_ თუ ჩვენ ყველაფერს სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდში ჩავდებთ, პორტფელში კორელაცია ერთის ტოლი იქნება და ეს ნიშნავს, რომ ეს პორტფელი არის მიუღებელი. ნაწილი უნდა ჩაიდოს სახაზინო ვალდებულებებში, ნაწილი ფულადი სახით შეიძლება ბანკებში დავტოვოთ. 
ასევე არსებობს ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტები – ეს ობლიგაციებია, რომელსაც კეთილსაიმედო, გამჭვირვალე კომპანიები უშვებენ. 

ასევე, ქართული კომპანიების მიერ გამოშვებული ევროობლიგაციები არსებობს, რომელსაც ეს კომპანიები სიამოვნებით დააფინანსებენ და ლარში გამოუშვებენ. ჩვენ საპენსიო დანაზოგებს ასეთ ინსტრუმენტებში განვათავსებთ. დიდი არჩევანი არ გვაქვს, მაგრამ არსებობს ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც შეიძლება ინვესტირებისთვის გამოვიყენოთ. საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი ამიტომ არ არის განვითარებული, რომ საინვესტიციო კაპიტალი არ არსებობდა. როგორც კი ფული გაჩნდება, ეს ისტრუმენტებიც გამოჩნდება. ამასთანავე, კომპანია უნდა იყოს გამჭვირვალე, მომგებიანი, აუდიტირებული, ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა ჰქონდეს, ასევე უნდა გააჩნდეს საერთაშორისო რეიტინგი. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ფასიან ქაღალდებში თანხის განთავსება. შესაბამისად, ამ სისტემის არსებობა შეუწყობს ხელს რეიტინგული, გამჭვირვალე კომპანიების გაჩენას, რასაც ეკონომიკის კიდევ უფრო გაუმჯობესება უნდა მოჰყვეს. ეს იქნება ამ რეფორმის კიდევ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბენეფიტი, გარდა იმისა, რომ საპენსიო ასაკში ჩვენი მოქალაქეების უკეთესად უზრუნველყოფილი სიბერე ექნებათ. 

- საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სარჩელი, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება. ერთია ის, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა სავალდებულო არ უნდა იყოს, მეორე, თანასწორობის პრინციპი დარღვეულია, ვინაიდან ყველაზე მაღალშემოსავლიანი აგროვებს ყველაზე მეტ ფულს და მესამე, ბიზნესისთვის 2%-ის გადახდის ვალდებულება არის დამატებითი გადასახადი, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. თქვენ როგორ უპასუხებდით ამ პრეტენზიებს? 

_ ვფიქრობ, სუსტი არგუმენტებია. დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. სავალდებულობა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარეობს. ადამიანმა იშრომა, დაზოგა, დააგროვა და ამ თანხას თავად იყენებს საპენსიო ასაკში. თუმცა, იურისტები კიდევ ბევრ არგუმენტს მოიტანენ, თუ რითია გამართლებული სავალდებულობა. სააგენტოში უკვე გვაქვს ეს პოზიცია ჩამოყალიბებული და ვთვლით, რომ სარჩელი უსაფუძვლოა. 

რაც შეეხება თანასწორობას, პროცენტი ყველასთვის ერთნაირია. ბუნებრივია, თუკი ადამიანს აქვს მაღალი კვალიფიკაცია, შესაბამისად მას აქვს მაღალი ხელფასი. თუ საკითხს ამ კუთხით დავსვამთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ყველას ერთნაირი ხელფასი ჰქონდეს. რატომ აქვთ ადამიანებს განსხვავებული სიდიდის ხელფასი? იმიტომ, რომ მათ აქვთ სხვადასხვა შესაძლებლობა, განათლება, კვალიფიკაცია, ქმნიან სხვადასხვა ღირებულების პროდუქტს ან მომსახურებას. შესაბამისად, ხელფასიც სხვადასხვა აქვთ და დანაზოგიც სხვადასხვა ექნება. ამ კუთხით, უსამართლობას ნამდვილად ვერ ვხედავ, პირიქით, სწორედ ეს არის სამართლიანი. 

ბიზნესთან დაკავშირებით კი შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესი ერთ დასაქმებულზე რეალურად 1,6%-ს იხდის. საერთო ხარჯებში ეს კიდევ უფრო ნაკლებია _ 1,5-1,7%. ეს ბიზნესისთვის დიდი ხარჯი არ არის. სხვა მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, 24-დღიანი შვებულება ანაზღაურებადი იყოს. იგი ამ შემთხვევაში გაცილებით მეტს იხდის. დასაქმებული ისვენებს, პროდუქციას არ ქმნის, მაგრამ მას დამსაქმებელი თანხას მაინც უხდის. ეს ხომ სავალდებულო ხარჯია, საკონსტიტუციო სასამართლოში არავის გაუსაჩივრებია. ამ დახარჯული ფულით ბიზნესი უკან ღებულობს დასვენებულ, მოტივირებულ, უფრო პროდუქტიულ თანამშრომელს. ამ შემთხვევაშიც იგივე მომენტია: ადამიანს, როდესაც საპენსიო დანაზოგი უგროვდება და ამ პროცესში დამსაქმებელიც მონაწილეობს, ის კომპანიის მიმართ მეტად ლოიალური და მოტივირებულია. გარდა ამისა, ქვეყანაში კაპიტალის ბაზა გაჩნდება, რომლის გამოყენების შანსიც აქვს ბიზნესს. ეს შანსი, სწორედ, ამ გადახდილი თანხის სანაცვლოდ ეძლევა. ზოგადად, თუ ქვეყანაში ეკონომიკა გაიზრდება, ესეც ხომ ბენეფიტია ბიზნესისთვის. ის, რომ ბიზნესი იხდის და აქედან არაფერს ღებულობს, არასწორია. 

- ეს რეფორმა რომელი ქვეყნის გამოცდილების საფუძველზე მომზადდა? 

_ კანონი არცერთი ქვეყნიდანაა ზუსტად კოპირებული. ასეთი დაგროვებითი სისტემები თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. მაგალითად, ამერიკასა და ევროპის ქვეყნების სისტემებს შორის ძირითადი განსხვავება ის არის, რომ შენატანები გაცილებით მაღალია – 8-10%-დან იწყება. ამას იხდის დასაქმებული და დამსაქმებელი. მე ვერ ვი პოვე ქვეყანა, სადაც ამ პროცესში სახელმწიფოც მონაწილეობს. იმ ქვეყნებში სახელმწიფოს ერთად ერთი დახმარება არის ის, რომ მოსახლეობას დაბეგვრამდე თანხას აზოგვინებენ. საქართველოში არსებული სქემა საკმაოდ სამართლიანი და გულუხვია მონაწილესთვის.
 
- სპეციალისტები ამ რეფორმაზე მსჯელობისას ამბობენ, რომ არის ქვეყნები, სადაც ამ სისტემამ გაამართლა, თუმცა, არის ისეთი ქვეყნებიც, სადაც არ გაამართლა. ხშირად ამის სადემონსტრაციოდ პოლონეთის მაგალითი მოჰყავთ. ქართული რეალობისთვის რისკები როგორაა შეფასებული? 

_ ვინც პოლონეთს ახსენებს, მათ არ იციან, რომ იქ სრულიად განსხვავებული მოდელი, სოლიდარობის პრინციპი მუშაობდა. პოლონეთის სისტემის მაგალითზე ადამიანი იხდის გადასახადს, მისი ნაწილი სპეციალურ ფონდში მიდის და ის ფული ხმარდება დღევანდელი პენსიონერების საჭიროებებს. პოლონეთში პრობლემა სწორედ ამ სისტემას შეექმნა, და არა დაგროვებითს. 

ჩვენს შემთხვევაში, კი ეს ფული თქვენს პერსონალურ, ინდივიდუალურ ანგარიშზე ჯდება და იქ ინვესტირდება. ეს აქტივები დაცულია კანონით, კონსტიტუციით. ეს არის ყველაზე უფრო დაცული აქტივი, რომელიც თქვენ შეიძლება გაგაჩნდეთ. მასზე აღსრულების მექანიზმი არ გავრცელდება, მომხმარებელს ვისი ვალიც არ უნდა ჰქონდეს, ეს იქნება სახელმწიფოს, ბანკის თუ სხვა ნებისმიერი სუბიექტის. მაშინ როდესაც სხვა შემთხვევაში აღსრულება შეიძლება გავრცელდეს სახლზე, მანქანაზე, ბანკში დეპოზიტზე. ასე რომ პოლონეთის მაგალითი ამ სისტემასთან რელევანტული ნამდვილად არ არის, ამ ფულთან სახელმწიფოს შეხებაც კი არ აქვს.

- ასევე ყველაზე აქტუალური კითხვაა, რეფორმის განხორციელებისას რამდენად არის გათვალისწინებული ინფლაციის საფრთხეები. წლების შემდეგ დაზოგილი თანხის მსყიდველუნარიანობა როგორი იქნება? ამ კითხვაზე თქვენი პასუხი როგორია? 

_ ჯერ ერთი, რომ თქვენს დანაზოგს სახელმწიფოსა და დამსაქმებლის გადმორიცხული თანხა, ხოლო შემდეგ ინვესტირებისას მიღებული სარგებელი დაემატება. ინფლაცია რომ გაიზარდოს, ვთქვათ, 10%-მდე. მაშინ იმ ინსტრუმენტებზე ამონაგებიც გაიზრდება. ინფლაცია იზრდება იმიტომ, რომ ფასები იზრდება, ფასების მატება ნიშნავს იმას, რომ ხალხს ფული გაუჩნდა. ანუ მაღალი ინფლაციის შემთხვევაში, დანაზოგიც მეტი იქნება. 

- როდის შეიქმნება საინვესტიციო საბჭო და როდის დაიწყება დანაზოგების ინვესტირება? 

_ თანხები, ჯერჯერობით, იმ ბანკებში განთავსებული, სადაც ჩაირიცხა. საინვესტიციო საბჭოს შექმნის პროცესი უკვე დავიწყეთ. ჯერ უნდა შეიქმნას შესარჩევი კომისია, ეს პროცესიც დაწყებულია, შემდეგ გამოვაქვეყნებთ ვაკანსიებს, მოხდება შემოსული განცხადებები განხილვა და დაიწყება დანიშვნა. არა მგონია, რომ ამ პროცესმა 2 თვეზე მეტი გასტანოს. 

იმისთვის, რომ შეიქმნას ნორმალური, დივერსიფიცირებული პორტფელი, საჭიროა გარკვეული თანხის აკუმულირება. სანამ ამ თანხის აკუმულირება მოხდება, საინვესტიციო საბჭო, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და რისკის კონტროლი კომიტეტიც მზად იქნება. 

- უფრო ზუსტად შეგიძლიათ თქვათ, როდის დაიწყება ინვესტირება? 

_ ვფიქრობთ, საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტება მარტის ბოლოს დასრულდება. შემდეგ საინვესტიციო პროცესი დაიწყება. 

- თქვენ აღნიშნეთ, რომ 300 ათასი ადამიანი უკვე რეგისტრირებულია სისტემაში, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, დასაქმებულებს პირად საპენსიო ანგარიშებთან წვდომა ჯერ კიდევ არ აქვთ. რატომ გაიწელა ეს პროცესი? 

_ კომპანიის ბუღალტერი შემოდის ჩვენს სისტემაში, რეგისტრირდება, თავის სამუშაო სივრცეს ხსნის, დასაქმებულების შესახებ ინფორმაციას გვაწვდის. შემდეგ ჩვენ ვთვლით ამ 2%-ს, ვაჩვენებთ ბანკში რამდენი აქვს შესატანი. შემდეგ იგი აირჩევს ბანკს, რიცხავს ფულს. გადარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავტომატურად ვიღებთ. ატვირთვის პროცესში ჩვენ ვამოწმებთ ადამიანებს სამოქალაქო რეესტრიდან, რათა შეცდომა გამოირიცხოს. თუ რამე შეცდომაა, ბუღალტერი გაასწორებს და სუფთა ბაზას სისტემაში აგვიტვირთავს. შემდეგ დეკლარაციები დაიხურება და ადამიანებს პერსონალური ანგარიშები გაეხსნებათ. ამის შემდეგ ბუღალტერს გადაეცემა დასაქმებულების ერთჯერადი, საწყისი პაროლი, რომელსაც მათ გადასცემს. ბენეფიციარებს შეუძლიათ შეცვალონ პაროლი და საკუთარ გვერდზე ჰქონდეთ წვდომა. მათ გვერდზე გამოჩნდება, რა მოცულობის თანხაა დაგროვილი, რომელი კომპანიების მიერ ჩაირიცხა, ვინაიდან ადამიანი შეიძლება სხვადასხვა სამსახურში მუშაობდეს, სად არის მისი ფული განთავსებული, რამდენია სარგებელი. ასევე ჩანს მისი აქტივების ღირებულება. 

- იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სისტემაში არ ჩაერთვებიან, რა ტიპის სანქციებია გათვალისწინებული და ამ პროცესის მონიტორინგი როგორ მოხდება? 

_ კომპანიებს, რომლებიც შემოსავლების სამსახურში დეკლარაციებს აგზავნიან და ხელფასებს იხდიან, მაგრამ სისტემაში არ დარეგისტრირდნენ, აღმოვაჩენთ და მათ შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურს გავუგზავნით, რომელსაც რეაგირება ევალება. ასეთი კომპანიები პირველად 500 ლარით, შემდეგ ყოველ ჯერზე 1000 ლარით დაჯარიმდებიან. არა მგონია, რომელიმე დიდმა კომპანიამ რეპუტაციული რისკი გასწიოს და სისტემაში ჩართვას თავი აარიდოს, ხოლო პატარა კომპანიებისთვის 500-1000 ლარი არც ისე მცირეა, რომ ასეთი რისკის ფასად უღირდეს. 

- ინტერვიუს ბოლოს, ამ რუბრიკის ტრადიციული კითხვა მინდა დაგისვათ. გარდა პროფესიული საქმიანობისა თქვენი ინტერესის სფერო რა არის, თავისუფალ დროს რას უთმობთ? 

– ბოლო პერიოდში, თავისუფალი დრო საერთოდ აღარ მაქვს. ხანდახან ვფიქრობ, დღე-ღამეში ნეტავ 48 საათი იყოს. 4-5 საათი მძინავს. ზოგადად კი მაინტერესებს სპორტი, მუსიკა. მიყვარს მოგზაურობა. განტვირთვისთვის ძალიან კარგია ბავშვობის მეგობრებთან ერთად დროის გატარება.
 
ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი