ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ "ქართუ ბანკის" საფინანსო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, ასოცირებულ პროფესორ ბაჩანა ძაგანიასთან - #2(230), 2019
ბაჩანა ძაგანია - დაიბადა 1988 წლის 22 მარტს, მარტვილის რაიონში. 

განათლება 

1994-2004 - მარტვილის საჯარო სკოლა, 167-ე საჯარო სკოლა. 

2004-2008 - ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში). 

2008-2010 - ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, მათემატიკის მაგისტრი (გამოყენებითი მათემატიკა). 

2010 _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, საბაჟო-საგადასახადო ფაკულტეტი. 

2013-დან წლიდან დღემდე _ `პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი~. 

2014 _ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, GFM (სერტიფიცირებული ფინანსური მენეჯერი). 

სამუშაო გამოცდილება 

2009-დან დღემდე _ მათემატიკის პედაგოგი, კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა.
 
2010-2012 _ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველოს უფროსი აუდიტორი. 

2013-დან დღემდე _ საფინანსო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ბანკი `ქართუ~. 

2014-დან დღემდე _ მმართველი პარტნიორი, საკონსულტაციო ჯგუფი `ჯი-ბი-ჯი~. 

2015-2017 _ მოწვეული ლექტორი, კურსი ფინანსური აღრიცხვა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; 

2015-2017 _ მთავარი ბუღალტერი, შპს `ბიზნეს დეველოპმენტი~. 

2017-დან დღემდე _ მოწვეული ლექტორი, კურსი ფინანსური მათემატიკა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

2018-დან დღემდე _ მთავარი ბუღალტერი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრედიტი 2018“. 

2019-დან დღემდე _ ევროპის უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი. 

ჰყავს მეუღლე და შვილი.

- ბატონო ბაჩანა, დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. უპირველესად, მოგვიყევით თქვენ შესახებ. საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ, რა გზა გაიარეთ დღევანდელობამდე? 

- დავიბადე მარტვილში. 2004 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. 2008 წელს სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში _ გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით. რაც შეეხება განათლებას ფინანსების კუთხით, წარმატებით გავიარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საბაჟო-საგადასახადო ფაკულტეტი, აგრეთვე სხვადასხვა პროგრამები თავისუფალ უნივერსიტეტსა და ACCA-ში.
 
- მათემატიკის მიმართულების არჩევა რამ გადაგაწყვეტინათ?

- მათემატიკა ბავშვობიდანვე ჩემთვის გამორჩეული საგანი იყო. მამაჩემი მათემატიკოსია, რომელიც თავიდანვე ამ საგნის სიყვარულს შთამაგონებდა. ზოგადად, უმაღლეს სასწავლებელში მათემატიკის ფაკულტეტზეც მისი რჩევით ჩავაბარე და ძალიან გამიმართლა, ვინაიდან მათემატიკის ცოდნა ცხოვრების ყველა ეტაპზე გამომადგა. მათემატიკა არის ის მეცნიერება, რომელიც აბსტრაქტულ აზროვნებას ავითარებს. 

- თქვენი პირველი სამსახური რა იყო? 

- პირველი კურსიდან ბავშვებს მათემატიკაში ვამზადებდი. მაგისტრატურაში ჩარიცხვისთანავე მუშაობა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში დავიწყე. ეს იყო ჩემი პირველი, ოფიციალური სამსახური, კერძოდ -საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველო. ჯერ ვმუშაობდი აუდიტორად, შემდეგ უფროს აუდიტორად, ვიყავი ჯგუფის ხელმძღვანელი და დაახლოებით 3-წლიანი მუშაობის შემდეგ გადავინაცვლე კერძო სექტორში _ `ქართუ ბანკში~. თავდაპირველად ბუღალტრის პოზიციაზე ვმუშაობდი, ამჟამად კი საფინანსო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვარ. 

- რატომ დატოვეთ სახელმწიფო სამსახური? 

- სიმართლე გითხრათ, სახელმწიფო სამსახური ბავშვობიდანვე მიზიდავდა. ამიტომაც დავიწყე იქ მუშაობა. თუმცა, რაღაც ეტაპზე მივხვდი, ძალიან მინდოდა საკუთარი შესაძლებლობები საბანკო სფეროშიც მომესინჯა. `ქართუ ბანკში~ ვაკანსია იყო გამოცხადებული, მე შემარჩიეს და ასე მოვხვდი ამ ბანკში. 

- დღეს თქვენი ძირითადი საქმიანობა მაინც არის საბანკო სფერო. კიდევ რას საქმიანობთ და ასევე საინტერესოა, არჩევანის წინაშე რომ დადგეთ, პედაგოგიურ საქმიანობას აირჩევდით თუ ბანკს? 

- რაც შეეხება პედაგოგიურ საქმიანობას, ილიას უნივერსიტეტში ვასწავლი ფინანსურ მათემატიკას, სხვადასხვა დროს ევროპის უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტში ვკითხულობდი ფინანსური აღრიცხვის კურსსაც. ასევე ვარ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თუმცა, ჩემთვის ძირითადი მაინც საბანკო საქმიანობაა. ასევე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ვასწავლი, საშაბათო წრის მე-5-მე-6 კლასის მოსწავლეებს. არჩევანის წინაშე რომ დავდგე, რას ავირჩევდი _ ამაზე არ მიფიქრია, ალბათ მაინც ბანკს. 

- ასევე გაქვთ თქვენი ბიზნესიც. რა სახის ბიზნეს-საქმიანობას ეწევით? 

- ჩემი ბიზნეს-საქმიანობიდან, ერთ-ერთია ლოგიკის სახლი, რომელიც 2017 წელს მეგობრებთან ერთად დავაფუძნე. მინდოდა მოსწავლეებისთვის ონლაინ-სწავლება შემეთავაზებინა და მათთვის ახალი შესაძლებლობები გამეჩინა. ვებგვერდზე www.geo-logic.ge განთავსებული პროგრამა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაშია. გამორჩეულია იმით, რომ მოსწავლეებს შემეცნებით ტესტებს სთავაზობს, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანების მიერ არის შედგენილი. ონლაინ-სივრცეში წარმოდგენილი გვაქვს დაახლოებით 2500-მდე ამოცანა, სირთულის დონის და კატეგორიების მიხედვით. მოსწავლეებს შეუძლიათ მათემატიკაში სრულიად უფასოდ ივარჯიშონ. გვაქვს სტატისტიკა – მშობელს შეუძლია ნახოს მისმა შვილმა რა დროის განმავლობაში რამდენი ამოცანა ამოხსნა და რა შედეგს მიაღწია; ასევე ნახოს ინფორმაცია გაუმჯობესებული დინამიკის შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ განათლების სამინისტრომ ამ ვებგვერდს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და მის შესახებ ინფორმაცია სკოლებში დააგზავნა. გარდა ამისა, ჩატარებული ოლიმპიადების შემდეგ მოვახერხეთ და ვებგვერდისა და ოლიმპიადის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გავზარდეთ. 

- როგორც ჩანს, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გაქვთ მოსწავლეებთან. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორი თაობები მოდის და რა მეთოდებს იყენებთ სწავლებისას? სხვათა შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი ორად არის გაყოფილი. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ განათლების სისტემაში პრობლემები გრძელდება და ეს სისტემა განათლებული მოსწავლეების გამოშვებას ვერ უზრუნველყოფს, მცირე ნაწილი კი ფიქრობს, რომ საკმაოდ განათლებული თაობა მოდის... 

- ვფიქრობ, თაობა ყოველთვის კარგია. მთავარია, გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში როგორ მიუდგება პედაგოგი მოსწავლეს, როგორ აწვდის ინფორმაციას. პირადად მე, მათემატიკის სწავლებისას სხვადასხვა მეთოდს ვიყენებ. სასწავლო საგნის სწავლებისას ალბათ ყველაზე ხშირად კლასიკურ და ინტერაქციულ ლექციას, აგრეთვე ე.წ. „თავსატეხის მეთოდს“ მივმართავ, რომელიც გვეხმარება დიდი მოცულობის ინფორმაციის მცირე ნაწილებად დაშლაში, რაც მოსწავლეს საკითხის გაგებას უადვილებს. 

აღსანიშნავია, რომ დღეს, ტექნოლოგიების სწრაფად განვითარების პირობებში, მათ აქვთ შესაძლებლობა საკუთარ კითხვებზე პასუხები მარტივად მოიძიონ, რადგან ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად არის გაზრდილი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მასწავლებლის როლზე, მიმაჩნია, რომ მან უნდა მოახერხოს მოსწავლეს საგნისადმი ინტერესი გაუჩინოს. 

- ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა მათემატიკური სკოლები, იგივე კომაროვის, ვეკუას სახელობის სკოლები. თქვენი აზრით, რატომ გაიზარდა ამ სკოლებისადმი ინტერესი? 

- მე კომაროვის მაგალითზე ვიტყვი. ეს სკოლა წლების განმავლობაში ზრდიდა და ზრდის ისეთ თაობას, რომელიც სხვადასხვა სფეროში კონკურენტუნარიანია. ამ სკოლიდან ძალიან წარმატებული თაობა მოდის. ასევე, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა, სადაც თანამედროვე, მაღალი ხარისხის განათლების მიღება უფასოდ არის შესაძლებელი.
 
ამ სკოლის პოპულარობა განაპირობა მართვის იმ სტილმა, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა, ასევე პედაგოგებმა და რაც მთავარია ძალიან წარმატებულმა მოსწავლეებმა. გამომდინარე იქიდან, რომ კომაროვის მიმართ მოთხოვნა დიდია, ყოველ წელს, ამ სკოლაში მოსწავლეები მაღალი კონკურენციის პირობებში ხვდებიან. შესაბამისად, ეს სწავლების ხარისხსაც მაღლა წევს. ასევე სკოლაში არსებობს სხვადასხვა კლუბი, დანერგილია შემეცნებითი პროგრამები. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა სკოლის შემდეგ სწავლა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში გააგრძელონ. ამ პროცესში სკოლის ადმინისტრაცია აქტიურადაა ჩართული. 

- ძალიან ბევრი ვისაუბრეთ მოსწავლეებთან თქვენს ურთიერთობაზე. თქვენს პირველ სამსახურს რომ დავუბრუნდეთ, შემოსავლების სამსახურის მუშაობას როგორ შეაფასებდით? საკმაოდ ბევრი სიახლე ინერგება. თქვენი აზრით, რამდენად პასუხობს ეს სიახლეები ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს? 

- ქვეყანაში ფინანსთა სამინისტრო და მათ შორის შემოსავლების სამსახური მოწინავეა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. დღეს ალბათ ყველამ იცის, რა არის _ რს.გე. ამ ვებგვერდის მიმართ ძალიან დიდი მოთხოვნაა. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, ფინანსთა სამინისტრო ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს. ბოლოს დროის მიღებულ ერთ კარგ ინიციატივას მინდა შევეხო, ვებგვერდზე რეპორტალ.გე ფინანსური ანგარიშგების ფორმების საერთაშორისო სტანდარტებით შევსება მოხდება, რაც დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას მისცემს საჭირო ინფორმაცია დარგების მიხედვით მოიძიოს. ეს ინვესტორს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, კონკრეტულ დარგში ინვესტირება ღირს თუ არა. მას ექნება გარკვეული სტატისტიკა, რაც დღეს არ არსებობს. საჯაროობის ასეთ დონეზე გაზრდა არის ძალიან კარგი. სხვათა შორის, ბოლო პრეზენტაციისას გამოჩნდა, რომ ამ ვებ-პორტალს ხშირად სტუმრობენ უცხოელები. 

- რაც შეეხება საბანკო რეგულაციებს, მიღებული შედეგის დეტალური ანალიზი ჯერ არც ერთ უწყებას გაუკეთებია. თუმცა, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ბიზნესის მხრიდან გვესმის პრეტენზიები, რომ რეგულაციებმა პროდუქტის რეალიზაცია შეამცირა და კომპანიების ნაწილი გაკოტრების წინაშე აღმოჩნდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შედეგს მოუტანს ქვეყანას ეროვნული ბანკისა და მთავრობის ეს გადაწყვეტილება? 

- მე მომხრე ვარ ჯანსაღი დაკრედიტების. მოკლევადიანი პერიოდის შეფასებისას გვესმის, რომ შემცირებულია ტექნიკის რეალიზაციის მაჩვენებელი, ასევე პრობლემები ექმნება სამშენებლო სექტორს, ვინაიდან იპოთეკური დაკრედიტებაც შეიზღუდა. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში ერთ-ერთი გამოსავალი შიდა განვადებების სისტემის დანერგვაა. დღეს შემცირებული გაყიდვების გამო სიტუაცია რთულადაა, მაგრამ ჯერ რეგულაციების შედეგზე საუბარი მაინც ცოტა ნაადრევია. დეტალური ანალიზის გასაკეთებლად ალბათ გარკვეული პერიოდი უნდა გავიდეს. 

მეორე მხრივ ფაქტია ისიც, რომ ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა მართლაც არსებობდა. ამაზე მიუთითებს ვალი.გე-ზე არსებული ინფორმაცია, თუ რამდენ ადამიანს ეპატია სესხი. საიტზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, 600 ათასზე მეტ მსესხებელს, 1,4 მილიონამდე სესხი ჩამოეწერათ, სესხების ჯამურმა თანხობრივმა მოცულობამ 4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ანუ, რეალურად გამოდის, რომ 600 ათასზე მეტ მსესხებელი სესხის მომსახურებას ვერ ახერხებდა. ბუნებრივია, ეს არის პრობლემა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ დაკრედიტებისთვის გარკვეული წესები უნდა არსებობდეს. 

- ზოგადად როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდა, ასევე კონკურენციაც შემცირდა. ამ კუთხით, მინდა გკითხოთ იმ ბანკზე, სადაც თქვენ მუშაობთ. რატომ არ არის `ქართუ ბანკი~ უფრო აქტიური, როგორც სამომხმარებლო, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების კუთხით? თანაც იმ პირობებში, როდესაც ბაზარზე კონკურენცია ნამდვილად დაბალია?
 
- გეთანხმებით, რომ ბოლოდროინდელი რეგულაციების შემდეგ ფინანსებთან ხელმისაწვდომობა უფრო გართულდა. კონკურენცია არის ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ ორი მსხვილი ბანკია დომინანტი. რაც შეეხება `ქართუ ბანკს~, მას აქვს თავისი ნიშა _ ძირითადად, კორპორატიულ კლიენტებზეა ორიენტირებული. ასევე მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში, მაგალითად, სოფლის მეურნეობის დაკრედიტება თუ სხვა. 

- უახლოესი ან შორეული გეგმების შესახებ რას გვეტყვით? მაგალითად, ხომ არ ფიქრობთ ახალი ბიზნეს-საქმიანობის წამოწყებას, ან პოლიტიკაში წასვლას? 

- ახალი ბიზნეს-საქმიანობის წამოწყებას უახლოეს მომავალში არ განვიხილავ. ასევე არ განვიხილავ პოლიტიკაში წასვლას. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში თუ შევხედავთ, არაფერია გამორიცხული.
 
- ინტერვიუს ბოლოს მინდა გკითხოთ, გარდა პროფესიისა, კიდევ რა არის თქვენი ინტერესის სფერო? როგორ იყენებთ თავისუფალ დროს? 

- მყავს 11 თვის შვილი, თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს მასთან ყოფნა. თუ ვახერხებ, მიყვარს ველოსიპედით სეირნობა და ასევე წიგნების კითხვა. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი