ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავასთან - #4(232), 2019
პაპუნა ლეჟავა - დაიბადა თბილისში 1987 წლის 20 თებერვალს. 

განათლება

2015 წელს გახდა ფინანსური ანალიტიკოსის ჩარტერის მფლობელი, CFA ინსტიტუტი (ვაშინგტონი, აშშ); 2010 წელს დაამთავრა IE ბიზნეს სკოლა ფინანსების მაგისტრის ხარისხით (მადრიდი ესპანეთი); 2008 წელს დაამთავრა ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში (AUBG) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხით (ბლაგოევგრადი, ბულგარეთი). 

სამეცნიერო წოდება

ფინანსების მაგისტრი. 

სამუშაო გამოცდილება

2018 წლის დეკემბრიდან _ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი; 

2015-2018 _ ფინანსური ოფიცერი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია; 

2013-2015 _ აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი, მსოფლიო ბანკის ჯგუფი; 

2011-2013 _ ფინანსური რისკების განყოფილების უფროსი, საქართველოს ეროვნული ბანკი; 

2010-2011 _ მთავარი სპეციალისტი, საბანკო ზედამხედველობა, საქართველოს ეროვნული ბანკი; 

2008-2009 _ მთავარი სპეციალისტი, საბანკო ზედამხედველობა, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო; 

05/2006-08/2006 _ სტაჟიორი, PA Consulting. 

05/2005-08/2005 _ სტაჟიორი, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. 

პუბლიკაციები: 

„ფასწარმოქმნა სესხებზე და კონკურენცია საქართველოს საბანკო სექტორში“, ავტორი, 2013 წელი.
 
„საქართველო და ევროკავშირი“, თანაავტორი, 2006 წელი.

 -ბატონო პაპუნა, მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორია თქვენი გზა სკოლის პერიოდიდან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტამდე? 

– ვსწავლობდი ჯერ 55-ე საშუალო, შემდეგ კი ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლაში. უცხოეთში სწავლის გაგრძელების დიდი სურვილი მქონდა, თუმცა, იმ პერიოდში ამისთვის ბევრი შესაძლებლობა არ არსებობდა. არც ინტერნეტი იყო ისე მარტივად ხელმისაწვდომი, როგორც დღეს არის. სხვადასხვა უნივერსიტეტში აპლიკაციების გასაგზავნად ჩემი მშობლების ოფისებში დავდიოდი. მაშინ არსებობდა ერთ-ერთი კარგი პროგრამა და USAID-ის დაფინანსებით, სწავლა ბულგარეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში, გავაგრძელე. შემდეგ სტაჟირებებს გავდიოდი როგორც კერძო კომპანიებში, ისე საჯარო სექტორში. პირველად მუშაობა ეროვნულ ბანკში დავიწყე. იმ პერიოდში საფინანსო ზედამხედველობა ცენტრალური ბანკიდან გამოყოფილი იყო. 1 წელი ვიმუშავე და ესპანეთში მაგისტრატურაში გავაგრძელე სწავლა. ისევ დავბრუნდი ეროვნულ ბანკში. იმ პერიოდში უკვე ზედამხედველობის სააგენტო ეროვნული ბანკთან იყო გაერთიანებული. დაახლოებით 4 წელი ვიმუშავე და მსოფლიო ბანკში საქართველოს წარმომადგენლად გადავედი. ამ საფინანსო ინსტიტუტში 2 წელი გავატარე და მუშაობა IFC-ში გავაგრძელე. 

მსოფლიო ბანკში მუშაობის დაწყებისას, სულ ვამბობდი, რომ 2-წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ აუცილებლად საქართველოში დავბრუნდებოდი, თუმცა ასე არ მოხდა და ბოლო პერიოდში ჩემი დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი აღარც განიხილებოდა. საბოლოოდ, მაინც ჩამოვედი, ისევ ეროვნულ ბანკში, ამჯერად ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე. 

- როგორ მოხდა თქვენი წარდგენა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურაზე? ვინ გაგიწიათ რეკომენდაცია? 

– ეროვნულ ბანკში თითქმის ყველა თანამშრომელს ვიცნობდი. ბატონ კობასთანაც მქონდა ურთიერთობა, ვაშინგტონში ვიზიტი ხშირად ჰქონდა და იქაც ვხვდებოდით. მან გამიწია რეკომენდაცია ამ თანამდებობაზე. შემდეგ გავიარე ის პროცედურები, რასაც კანონი ითვალისწინებს. 

- თქვენ მუშაობდით საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში. საფინანსო სფეროში რა რისკები და გამოწვევები არსებობდა მაშინ და დღეისათვის რა მდგომარეობაა? 

– მაშინდელი პერიოდი დღევანდელისგან ძალიან განსხვავდება. მუშაობა დავიწყე 2008 წლის ივნისის ბოლოს. 2 კვირაში ომი დაიწყო. ერთ თვეში ამ ყველაფერს ფინანსური კრიზისი მოჰყვა. ბანკების დიდი ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდებოდა და ეს წყარო საერთოდ გაქრა. ამას პოლიტიკურად არასტაბილური გარემო დაემატა. საბანკო სექტორიდან დეპოზიტების დიდი რაოდენობით გადინება დაიწო, სესხების დეფოლტი ხდებოდა. კომერციულ ბანკებს კაპიტალის პრობლემები ექმნებოდა და ასე შემდეგ. 

იმ პერიოდში, პრობლემის მოსაგვარებლად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა დიდი როლი შეასრულეს, რომლებმაც ქართული ბანკებისთვის დაფინანსება გამოყვეს. საბედნიეროდ, შემდეგ კარგად განვითარდა მოვლენები და ბანკებმა სოლიდური მოგებები ნახეს. 

დღევანდელი გამოწვევები აბსოლუტურად განსხვავებულია. შარშან საპირისპირო მიმართულებით შეიქმნა პრობლემა. ფინანსურ სექტორში დაკრედიტების ჭარბი ზრდა დაფიქსირდა. სექტორის გადახურების ნიშნები გაჩნდა და ამიტომ გარკვეული რეგულაციების შემოღების გადაწყვეტილება მივიღეთ. დაკრედიტების ჭარბ ზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტები. რეფორმების პირველი ტალღა უკვე გავატარეთ. არარეგულირებადი სექტორი რეგულირების ქვეშ შემოვიყვანეთ. 
მაშინაც და დღესაც ქართული საბანკო სექტორისთვის გამოკვეთილი პრობლემა მაღალი დოლარიზაცია იყო. თუმცა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს. დოლარიზაციის მაჩვენებელი კლებულობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ფიზიკურ პირებში ლარიზაციის დონე კიდევ უფრო მაღალია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა საკმაოდ მყარია. თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. 

- ლარიზაციის დონის გაზრდა ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობამ განაპირობა, თუ ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულმა ახალმა წესებმა, რომლის მიხედვითაც, ჯერ 100 ათასის, შემდეგ 200 ათასი ლარის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში სესხის აღება აიკრძალა? ბოლო პერიოდში, დეპოზიტების კუთხით, უცხოურ ვალუტაში დოლარიზაციის მაჩვენებელი ისევ გაიზარდა, რაც მაღალ ნდობაზე აშკარად არ მიუთითებს... 

– რეგულაციებმა ეს პროცესი დააჩქარა, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ბოლო 10 წელია ლარზე მოთხოვნა იზრდება. დეპოზიტებზე ვერ დაგეთანხმებით, დეპოზიტების ჯამურ მოცულობაზე კურსი ახდენს ხოლმე გავლენას. ამ კუთხით შეიძლება რაღაც მერყეობა აღინიშნება. გრძელვადიან სტატისტიკას თუ შევხედავთ, დოლარიზაციის მაჩვენებელი ამ მიმართულებითაც კლებულობს. 

- საფინანსო სექტორისთვის ამოქმედებული რეგულაციების შემდეგ განსაკუთრებით უკმაყოფილო სამშენებლო სექტორი დარჩა. არადა, ბანკები იპოთეკური სესხებს ისედაც შედარებით მკაცრად გასცემდნენ. რეგულაციების ამოქმედების შემდეგ რატომ შეიქმნა პრობლემა ამ სექტორში? თუ იგეგმება რამე ცვლილებები ამ კუთხით?

– ოფიციალური სტატისტიკის გაანალიზებით, სურათს ცოტა განსხვავებულად ვხედავთ. იზრდება როგორც ი პოთეკური სესხების მოცულობა, ისე უძრავი ქონების ტრანზაქციები, მათ შორის ახალი უძრავი ქონების. შესაბამისად, ბოლომდე არ გვესმის, რას გულისხმობს სამშენებლო სექტორი, როდესაც იძახის, რომ რეგულაციებმა დიდი გავლენა იქონია, რეგულაციების მიზანი იყო, რომ სწრაფი სესხების გაცემა შეზღუდულიყო. ეს ის პროდუქტია, როდესაც სესხები შემოსავლის ყოველგვარი ანალიზის გარეშე გაიცემოდა. რეგულაციებმა გარკვეული გავლენა მოახდინა ონლაინ-სესხების პროდუქტზე, გარკვეულწილად განვადებებზეც, თუმცა მიზანი ი პოთეკური სესხებისთვის დარტყმის მიყენება არ ყოფილა. გავიმეორებ, რომ დღევანდელი სტატისტიკიდან ი პოთეკური სესხების შემცირება არ ჩანს. ისტორიულად, ბანკები ამ ტი პის სესხებს შემოსავლის დადასტურების გარეშე მასიურად არ გასცემდნენ. შესაბამისად, ახალ ჩარჩოს ი პოთეკური სესხებისთვის დიდად არაფერი უნდა შეეცვალა. მიუხედავად ამისა, ვმუშაობთ კერძო სექტორთან. 

ადრე ვამბობდით, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე პირველი კვარტალის ანალიზს უნდა დავლოდებოდით. ვნახეთ პირველი კვარტალის მონაცემები, რამე ფუნდამენტური პრობლემები ვერ აღმოვაჩინეთ. ვაგრძელებთ დაკვირვებას. მეორე კვარტალის შედეგებსაც ვნახავთ, თუ აღმოჩნდა, რომ რეგულაციები ეკონომიკაზე ჭარბ ნეგატიურ გავლენას ახდენს, ბუნებრივია, ცვლილებების გატარება ყოველთვის შეიძლება. 

გამოწვევებზე გავაგრძელებ, კაპიტალის ბაზრის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ, განსაზღვრულია სტრატეგია. ამ პროცესის მიმართ საფინანსო სექტორიც დაინტერესებულია და დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში კაპიტალის ბაზარი ჩამოყალიბდება. 

ასევე საკმაოდ დიდი გამოწვევაა კონცენტრაცია, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში გაიზარდა. თუმცა, კონცენტრაციის მაღალი დონე არ ნიშნავს კონკურენციის ნაკლებობას. 

დღეს უკვე აბსოლუტურად შეცვლილია დონე ფინანსური განათლების, საბანკო სექტორის კორპორაციული მართვის. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. გარდა რაოდენობრივი მოთხოვნებისა, ბანკებს უკვე ვთხოვთ ადეკვატური კორპორაციული მართვის ჩარჩოს, ეთიკის კოდექსს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიას. 

- კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე დიდი ხანია მიდის მუშაობა, თუმცა განვითარების ეტაპები საკმაოდ დაბალია. უფრო კონკრეტულად რა კეთდება ამ კუთხით? 

– პირველი ნაბიჯი იყო, რომ სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ბაზარი განგვევითარებინა. ბოლო 2 წელში, სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ბრუნვა დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა. შემდეგი სანდო და უსაფრთხო კორპორაციული ფასიანი ქაღალდების განვითარებაა, რაც უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გულისხმობს. იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ ამ შესაძლებლობას რეალური სექტორიც გამოიყენებს. ეს პროცესი ყველაზე საინტერესო ქართული მსხვილი კომპანიებისთვის უნდა იყოს, ვინაიდან დაფინანსების დივერსიფიკაცია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეს საქართველოში 15 კომერციული ბანკი საქმიანობს, აქედან ორს ბაზრის 70-75 პროცენტი უკავია. რაც იმას ნიშნავს, რომ მსხვილ კომპანიებს დაფინანსების მისაღებად დიდი არჩევანი არ აქვთ. 

- თქვენც აღნიშნეთ, რომ საფინანსო სექტორში დომინანტი ორი ბანკია, შესაბამისად არასაკმარისი კონკურენციის გამო, განსაკუთრებით ბიზნესისთვის საკრედიტო რესურსი ძვირია? თქვენი შეფასება როგორია -არის თუ არა მაღალი კონკურენცია საფინანსო ბაზარზე და შესაბამისად მრავალფეროვანი საკრედიტო პროდუქტები? 

– ბაზარზე არის მაღალი კონცენტრაცია, თუმცა, ეს არ ნიშნავს არაჯანსაღ კონკურენციას. უფრო მეტიც, კონკურენცია არის ძალიან მძაფრი. ამ ორი ბანკის გარდა, დანარჩენებსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიშა უჭირავთ. ბუნებრივია, მაღალი კონცენტრაცია ზედამხედველებს არ მოსწონთ. საფინანსო ბაზარი უფრო დივერსიფიცირებული უნდა იყოს, ჰყავდეს მეტი საერთაშორისო მოთამაშეები. რაც შეეხება ალტერნატიულ რესურსს, ზუსტად ამას დაეხმარება კაპიტალის ბაზრის განვითარება. თუ შეძლება ითქვას, რომ ვინმეს შეზღუდული აქვს რესურსი ან არ აქვს საკმარისი არჩევანი – ესენი მსხვილი კომპანიები არიან, რადგან ზომიდან გამომდინარე, მათ თანამშრომლობა ორ მსხვილ ბანკთან უწევთ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ უკვე გამოუშვა ბონდები. 

- რას ითვალისწინებს ეთიკის პრინციპები და პროფესიული ქცევის სტანდარტები კომერციული ბანკებისთვის? იგეგმება თუ არა ამ სტანდარტების დაგეგმვა მთლიანად საფინანსო სექტორისთვის? 

– შეუძლებელია, კანონმდებლობის დონეზე გაიწეროს ყველა დეტალი. ამიტომ ეთიკის გარკვეული პრინცი პები არსებობს, რომელსაც საფინანსო სექტორის მოთამაშეები უნდა აკმაყოფილებდნენ. რა იგულისხმება ამ პრინციპებში? რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: პროფესიონალიზმი, ერთგულება როგორც დამსაქმებლის, ისე კლიენტის მიმართ და ასე შემდეგ. თუმცა, ყველა ეს პრინცი პი რეგულაციაში უფრო დეტალურად არის გაწერილი, რომელიც ეყრდნობა ფინანსური სექტორის საერთაშორისოდ აღიარებულ ეთიკის ნორმებს, მათ შორის, CFA Institute-ის პროფესიული ქცევის კოდექსს. ასევე გაწერილია ამ პრინცი პების დაცვის მოთხოვნები. მაგალითად, დარღვევების იდენტიფიცირება, როგორ უნდა მოხდეს გასაჩივრება, ანგარიშგება და სხვა. ამ პრინცი პების მოთხოვნა, ეტაპობრივად, არასაბანკო სექტორისთვისაც იგეგმება, პირველად კაპიტალის ბაზრის მოთამაშეებს შეეხება და შემდეგ უკვე საფინანსო სექტორის სხვა კომპანიებზეც გავრცელდება. 

დღესაც ამ სტანდარტის დანერგვის პროცესში ვართ. რეგულაციაში მონიტორინგის ჩარჩოც გათვალისწინებულია. როგორც აღვნიშნე, ბანკები ვალდებულნი არიან დარღვევების იდენტიფიცირება მოახდინონ და დარღვევების სტატისტიკა აწარმოონ, ანგარიში წარუდგინონ როგორც შიდა მენეჯმენტს, ისე ეროვნულ ბანკს. სტატისტიკის მიხედვით გავაკეთებთ ანალიზს, თუ როგორ ხდება ეთიკის ნორმების დაცვა. 

- ბანკების ფინანსური ანგარიშგებების სისწორეს როგორ ამოწმებს ეროვნული ბანკი და შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება როგორია? 

– ორ მიმართულებას გამოვყოფ – ერთია სუფთა ფინანსური ანგარიშგება, რაც საჯაროდაც ცნობილია და ყოველწლიურად დამოუკიდებელი შემფასებლების მიერ მოწმდება. ამ ფინანსურ ანგარიშგებებს მსოფლიოში ძირითადად 4 უმსხვილესი აუდიტორული კომპანია აფასებს. 

რაც შეეხება საზედამხედველო ანგარიშგებას, ვგულისხმობ იმ ინფორმაციას რაც ეროვნულ ბანკში მოდის, მოწმდება ეროვნული ბანკის მიერ. შემოწმების დიდი ნაწილი ავტომატიზირებულია, მაგრამ ზედამხედველები თავადაც ამოწმებენ. პერიოდულად არის დარღვევები, თუმცა, ანგარიშგების ხარისხი, განსაკუთრებით საბანკო სექტორში საკმაოდ მაღალია. რამე ფუნდამენტური პრობლემები არ გამოკვეთილა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ანგარიშგების კუთხით ახალ სისტემაზე გადასვლას ვაპირებთ, რომელიც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში უკვე გამოიყენება. ეს არის XBRL ფორმატი, რაც გულისხმობს კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის მონაცემთა ბაზების ერთიან სტანდარტზე გადაყვანას, ეს კი თავის მხრივ შეამცირებს ანგარიშგების წნეხს. ასევე გაზრდის ანგარიშგების სიზუსტეს. 

რაც შეეხება დარღვევებზე რეაგირებას, აუდიტორის მიმართ რამე ტი პის სანქციების გამოყენების უფლება არ გვაქვს, თუმცა, თუ ხარვეზი გამოიკვეთა, კომუნიკაცია გვაქვს აუდიტორთან. ამ კუთხით მნიშვნელოვანი დარღვევები არ ყოფილა. ხარვეზები უფრო, საზედამხედველო ანგარიშის ფორმატში გამოიკვეთება ხოლმე, რომელიც დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ არ მოწმდება. აქაც უმეტეს შემთხვევაში ვცდილობთ, რომ კომუნიკაციის რეჟიმში ავუხსნათ ბანკებს. უფრო მკაცრი სანქციების გატარების აუცილებლობა იშვიათად დგება. 

- რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო კოეფიციენტის 30%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება? ეს გადაწყვეტილება რა გავლენას მოახდენს საფინანსო ბაზარზე? გაკეთდა განცხადებები, რომ ეს ლარის გაუფასურებას შეუწყობს ხელს, ხოლო დოლარში დეპოზიტებს გააიაფებს... 

– დოლარით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა ეტაპობრივად 25-დან 30%-მდე გაიზარდა. ჯერ 28%-მდე, 16 მაისიდან 30%-მდე. ამის ერთ-ერთი მიზანი ლარიზაციის ხელშეწყობაა. როდესაც ბაზარი რეზერვების ცვლილების საშუალებას გვაძლევს, ამ ინსტრუმენტს ვიყენებთ. ახლა ჩავთვალეთ, რომ იყო ის მომენტი, როდესაც შეგვეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება. დოლარის ლიკვიდობა იყო საკმაოდ მაღალი. ჩავთვალეთ, რომ 5%-იან ზრდას სისტემა თავს მარტივად გაართმევდა. ამ პროცესმა, წესით, დოლარისადმი მოსახლეობის ინტერესი უნდა შეამციროს და ლარისადმი მოთხოვნა გაზარდოს. შესაბამისად, როდესაც ლარზე მოთხოვნა იზრდება, ამან კურსზე დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს. თუმცა ეს არ არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ლარის კურსზე გავლენას ახდენს. 

- ასევე, ბანკების გადახდისუუნარობის შემთხვევაში იგეგმება რეზოლუციის ჩარჩოს შემოღება. რატომ დადგა ეს საკითხი? ბანკების საგარეო ვალდებულებების ზრდის გამო ფინანსისტების ერთი ნაწილი საფრთხეს ხედავს, თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესს? 

– ეს საკითხი დღეს არ დამდგარა. ამის საჭიროება მსოფლიოში ჯერ კიდევ 2007-2008 წლების კრიზისის შემდეგ გამოჩნდა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, განსაკუთრებით ევროპასა და ამერიკაში, საფინანსო სექტორის, მათ შორის ბანკების გადასარჩენად გადასახადის გადამხდელთა ფულის დახარჯვა მოუწიათ. ამ რეფორმის მიზანია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს როგორც ბანკის კრედიტორებს, დეპოზიტარებს, ისე გადასახადის გადამხდელებს. დიდი რევოლუციური ცვლილებები არ იგეგმება, დღესაც არსებობს რეზოლუციის გარკვეული ჩარჩო, მაგალითად, ეროვნულ ბანკს შეუძლია დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა, ბანკის ლიკვიდაციაზე გაშვება და ასე შემდეგ. თუმცა, ახალი ჩარჩო კრიზისის მართვას უფრო თანამედროვე პრინცი პებით მოახდენს. 

მთავარი პრინცი პია ის, რომ ბანკის რეზოლუციის შემთხვევაში კრედიტორი იმაზე ნაკლებ ზიანს ღებულობდეს, ვიდრე ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში მიიღებდა. დღეს, პრობლემის არსებობის შემთხვევაში როდესაც ბანკის ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხი წყდება, ამ რეფორმის შემდეგ დავსვამთ მეორე კითხვას, ხომ არ ჯობია წავიდეთ რეზოლუციის გზით და ბანკის გაჯანსაღებით კრედიტორმა უფრო მეტად ისარგებლოს. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის პროცესში მთავრობის ჩართულობა რაც შეიძლება მცირე იყოს, ანუ გადასახადის გადამხდელის ფულის გამოყენება მოხდეს ძალიან ფრთხილად. 

რაც შეეხება საფრთხეებს, საბანკო სექტორი ეკონომიკასთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდება და შესაბამისად იზრდება საბანკო სექტორის როგორც აქტივები, ისე ვალდებულებები. თუმცა, მათი რისკიანობა გაზრდილი არ არის. პირიქით, ბაზელი 3-ის სტანდარტებზე გადასვლამ უზრუნველყო ის, რომ გაუმჯობესდა როგორც კაპიტალის მოცულობა, ისე კაპიტალის ხარისხი, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ბანკები ნაკლებად რისკიანებია. 

- ბოლოს, სამსახურის გარდა რა არის თქვენი ინტერესის სფერო? როგორია პაპუნა ლეჟავას ერთი თავისუფალი დღე? 

– ვაშინგტონში ცხოვრებისას საქართველოზე მუშაობა არ მიწევდა და ეს მაკლდა ყველაზე მეტად. შესაბამისად, არასამუშაო დროს ვცდილობდი, რაღაც კუთხით საქართველოსთან კვეთა მეპოვნა. ქართველები ვიკრიბებოდით და საქართველოს პოპულარიზაციით ვიყავით დაკავებულები. დღეს ამის ნაკლებობა აღარ მაქვს, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ოჯახს ვაკლდები. ორი პატარა შვილი მყავს და დროის გატარება ყველაზე მეტად მათთან მსიამოვნებს. 
ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ, თავადაც ვთამაშობ. მიყვარს თხილამურებით სრიალი, დღეს უკვე მოყვარულის დონეზე. თუმცა, იყო დრო, როდესაც ამ საქმით პროფესიონალურ დონეზე ვიყავი დაკავებული. საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი და საერთაშორისო შეჯიბრებებში ვმონაწილეობდი. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი