ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ ა(ა)იპ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი რუსიაშვილთან - #5(233), 2019
გიორგი რუსიაშვილი - დაიბადა 1976 წლის 30 მაისს, ქ. თბილისში. 

წარჩინებით დაამთავრა სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი და ასპირანტურა. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. დაოჯახებულია. 

არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საგანმანათლებლო - სასწავლო მოღვაწეობის 20 წლიანი გამოცდილებით, 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სხვადასხვა ქვეყნის საპატიო აუდიტორი. 

2018 წელი - IFRS for SME ტრენერი 

2015 წელი - ბუღალტერთა, აუდიტორთა და კონსულტანტთა საზოგადოების თავმჯდომარე 

2013 წელი საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი 

2011 წელი - ACCA დიპლომის მფლობელი ბუღალტრულ აღრიცხვაში და ბიზნესში (Advanced Diploma in Accounting and Business) 

2007 წელი - ACCA პრიზის მფლობელი ფინანსურ მენეჯმენტში სამხრეთ კავკასიაში 

2006 წელი - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მკვლევარი 

2004 წელი - სერტიფიცირებული აუდიტორი 

2003 წელი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი 

2001 წელი - TOEFL ინგლისურენოვანი ტესტის სერტიფიკატის მფლობელი 

1998-2003 წლები - UNDP პროექტის მენეჯერი

- ბატონო გიორგი, სანამ პროფესიულ კითხვებზე გადავალთ, თქვენ შესახებ გვიამბეთ... 

- დავამთავრე თბილისის ბიზნესის აკადემია, შემდეგ გავაგრძელე სწავლა ფინანსების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ასპირანტურაში. ვარ სერტიფიცირებული აუდიტორი. ასევე გახლავართ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ACCA დიპლომირებული სპეციალისტი. მთელი ჩემი ცხოვრებისეული გზა ფინანსებსა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს შორის გასაყარზე იყო. ვმუშაობდი საფინანსო მომსახურების კუთხით, იმავდროულად საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების შეთავსება მიწევდა, რაც გულისხმობს საზღვარგარეთ პარტნიორებსა და კოლეგებთან საქმიან ურთიერთობას. ეს ორი მიმართულება გადაჯაჭვულად მიმდინარეობდა ჩემს ცხოვრებაში. 

2019 წლის იანვარში ოფიციალურად დაფუძნდა ა(ა)იპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი“, რასაც წინ გარკვეული სამუშაო უძღოდა. მე და ჩემს თანაამოაზრეებს რამდენიმე წლის განმავლობაში ინტენსიური პარტნიორული ურთიერთობა გვქონდა სხვადასხვა კომპანიის და ორგანიზაციის წარმომადგენელთან, რომელიც დღესდღეობით, აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მუშაობს. 

2015 წელს სექტემბერში საერთაშორისო კონფერენცია ჩავატარეთ, რომელიც ამ სფეროში განათლების პრობლემატიკას ეხებოდა. იმ დროს სერტიფიცირების საკითხები აქტუალური იყო. როგორც მოგეხსენებათ, წინა წლებში სერტიფიცირებას პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო ახორციელებდა. ბოლოს, სერტიფიცირებული აუდიტორები 2011 წელს გამოუშვეს. ამიტომ ეს საკითხი პრობლემური გახდა. ამ კონფერენციაზე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მოვიწვიეთ, დაახლოებით 20 დელეგატი იყო ჩამოსული 10 ქვეყნიდან. კონფერენციას ესწრებოდნენ საუნივერსიტეტო წრეები. ასევე იმ დროს არსებობდა სამუშაო ჯგუფი, რომლის ბირთვის საფუძველზე ახლანდელი „სარასი“ – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახური ჩამოყალიბდა, ბატონი იური დოლიძის ხელმძღვანელობით. ამ ღონისძიებას ესწრებოდა მსოფლიო ბანკის და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებიც. 

ამ ღონისძიებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში. მათ გამოგვიცხადეს დახმარება ამ პროცესში. ეს ის პერიოდია, როდესაც კანონი ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია, განიხილება საკითხი, თუ რა გზით უნდა წავიდეს პროფესია, რომელი მოდელი აირჩიოს. ჩვენ ძალიან სოლიდური ნაბიჯი გადავდგით. ამის შემდეგ შევქმენით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აგრძელებდა თანამშრომლობას როგორც სამუშაო ჯგუფთან, ისე შემდეგში ჩამოყალიბებულ `სარასთან~. ინტენსიურად ვმონაწილეობდით მსოფლიო ბანკის STAREP-ის საპარტნიორო პროგრამაში. ამ პროგრამის ფარგლებში, წელიწადში რამდენჯერმე, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან სპეციალისტები იკრიბებოდნენ და მათთვის ცოდნის გაზიარება ხდებოდა. შესაბამისად, დაგვიგროვდა დიდი საერთაშორისო გამოცდილება და კავშირები, რამაც გვიბიძგა არსებული ფორმატით ჩვენი ორგანიზაცია _ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი ჩამოგვეყალიბებინა, რომლის შექმნაზეც მუშაობა გასულ წელს დავიწყეთ. 

- მოგვიყევით ფონდის დაარსების თაობაზე. 

- საქართველოში უცხოელი დონორების დახმარებით მიმდინარეობს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში რეფორმების მხარდაჭერის აქტივობების განხორციელება. რეფორმა გათვალისწინებულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით და ევროკავშირის დირექტივებით და დაგეგმილია, რომ 2027 წლისთვის უნდა დასრულდეს.
 
საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის (CCIFG) მხარდაჭერით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი“ დაარსდა. CCIFG ის გარდა ფონდის დამაარსებელი რამდენიმე ორგანიზაციაა, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC), JPA Interbational (საფრანგეთი), საქართველოს ბიზნესის პალატის, საქმიან ქალთა გაერთიანების, მცირე მეწარმეთა გაერთიანების, საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების წარმომადგენლები. ფონდის ბორდში ასევე შედიან რამდენიმე კერძო პირი ბიზნესიდან და სამთავრობო სტრუქტურების ყოფილი წარმომადგენლები. ფონდის თანამშრომლობის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის მიმართულებით და ამ სფეროში რეფორმების შეუქცევადობის მხარდაჭერა. 

ფონდის აქტივობები, მათ შორის თანამშრომლობის პერსპექტივები მიმართული იქნება იმ პირებზე, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის საქმიანობითა და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმების შესახებ პროფესიულ წრეებში, ბიზნესსა და ზოგადად, მოსახლეობაში ინფორმირებულობის დონის ამაღლებით.
 
ფონდმა უკვე მოასწრო თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება საქართველოში აკრედიტირებულ 10 წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან, საბანკო ასოციაციასა და ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიასთან. ასევე ვთანამშრომლობთ `სარასთან~, დაზღვევის სახელმწიფო რეგულატორთან, მსოფლიო ბანკთან, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის და ბიზნეს-ასოციაციების, ფრანგული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებული პირებთან. 

- თქვენთან ერთად ვინ არიან ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები და რა იყო პირველი გადადგმული ნაბიჯები? 

- ჩვენი ფონდის გამგეობის თავმჯდომარეა ჟაკს როჟერ პიერე პოტდევინი (საფრანგეთი), ხოლო წევრები: გიორგი თაბუაშვილი, ანტუან ლორან ბარდონი (საფრანგეთი), ემზარ ჯგერენაია, ტარიელ გვალია, ალექსანდრე შაპოვალოვი, ნარგიზი ზიბზიბაძე, ზურაბ კაჭკაჭიშვილი და ალექსანდრე წულაძე. 

წელს უკვე მოვასწარით 2 საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება და ბროშურის გამოცემა. ეს ბროშურა აუდიტის ერთგვარი სახელმძღვანელოა, გზამკვლევი აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რომელიც ორგანიზაციების დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის არის განკუთვნილი. ამ სახელმძღვანელოში, რეალურად, ანბანური ჭეშმარიტებაა ახსნილი, მაგრამ სამწუხაროდ ყველა კომპანია ისე არ მოქმედებს, როგორც ამ გზაკვლევში წერია. იქ არის კონკრეტული მითითებები, თუ როგორ უნდა შეირჩეს აუდიტორი, ის, რომ მას საქმიანობის საწარმოებლად მოცემულ სფეროში გამოცდილება უნდა ჰქონდეს, გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი მხოლოდ ფასი არ უნდა იყოს. ეს საკითხი აქტუალურია დღესდღეობით საქართველოში და არაკვალიფიციურმა კომპანიამ ერთი ლარის სხვაობითაც კი შეიძლება გამარჯვება მოიპოვოს. 

მეორე კონფერენცია ასევე საგანმანათლებლო საკითხებს მივუძღვენით. ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი მარტივად რეგულირებადი სფეროა, ვინაიდან ამ მიმართულებით მკაფიო საერთაშორისო სტანდარტები და მიდგომები არსებობს. მათ შორის განათლებაში არსებობს „IES საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტები“ 1-დან 8-მდე. შესაბამისად, უმაღლესი სასწავლებლების მიერ ამ სტანდარტების დაცვა იძლევა იმის წინაპირობას, რომ სწავლების დონე იქნება სათანადო და ადეკვატური. რეალურად, ასე არ ხდება, არის ინდიკაცია იმისა, თუ რა დონით სასურველია ამ სტანდარტების დაცვა და ეს არის 80 პროცენტი. საგანმანათლებლო ინსტიტუტები სილაბუსების შედგენისას ამ პროცენტით მაინც უნდა უზრუნველყოფდნენ სტანდარტების დაცვას. 

როდესაც პირველი კონფერენცია ვახსენე, გავეცანით ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და დავინახეთ, რომ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, რომლებიც უკვე მუშაობენ, აუდიტორის ან პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის მისაღებად, სასერტიფიკაციო კურსების გავლა თავიდან უწევთ. გარკვეულწილად ეს ანომალიად გვეჩვენა. გადავხედეთ კურსდამთავრებულთა სტატისტიკას, იმ დროინდელი მონაცემებით, ინგლისურენოვანი სასერტიფიკაციო გამოცდა 40-50 ადამიანმა გაიარა, ხოლო ქართულენოვანი დაახლოებით 150-მა ადამიანმა. ამასთან კურსდამთავრებულები, ხშირ შემთხვევაში, აუდიტორები არც ხდებიან. ისინი სხვადასხვა წარმატებულ კომპანიებში მუშაობენ, სადაც ასეთ კადრზე მოთხოვნაც დიდია. მაშინ ვთქვათ, ეს რაოდენობა აკმაყოფილებს თუ არა ბაზრის მოთხოვნებს? არა. ალბათ, ეს მდგომარეობა მალე შეიცვლება, იგივე ახალი კანონის მოქმედების ფარგლებში. 

რაც შეეხება მოდელს, ევროპის ქვეყნებსა და ანგლო-ამერიკულ მოდელს შორის განსხვავებული მიდგომებია. ანგლო-ამერიკული მოდელი საუკეთესოა, თუმცა ამ მოდელის განვითარებასა და ჩამოყალიბებას მრავალი წელი დასჭირდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ მოკავშირე ქვეყნებთან (ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ირლანდია და სხვა) ერთად მოწინავე მდგომარეობა უჭირავთ. ეს მოდელი ეფუძნება სწავლების პრინციპს ბუღალტრული ინსტიტუტების საფუძველზე, ასევე პროფესიის რეგულირებას ინსტიტუტების საფუძველზე. იმ დროს, როდესაც კონტინენტალური ევროპული მოდელით სწავლება ეფუძნება კლასიკური საუნივერსიტეტო სწავლებას, რეგულირებაც უფრო მეტი დოზით ხდება სახელმწიფო ორგანოების მიერ. ევროპული მოდელით, ადამიანი ამთავრებს უნივერსიტეტს, გადის გარკვეულ ეტაპებს და ის ამ საუნივერსიტეტო განათლებას იყენებს იმისთვის, რომ მიიღოს აუდიტორის სერტიფიკატი. 

საფრანგეთის მოდელზე გავჩერდები, რომელიც ყველაზე კარგად განვიხილეთ. იმისთვის, რომ საფრანგეთში ადამიანი პროფესიონალი ბუღალტერი გახდეს, მან უნდა დაამთავროს უნივერსიტეტი სამაგისტრო პროგრამის ჩათვლით, 3 წელი უნდა გააჩნდეს გამოცდილება, შემდეგ თეზისი უნდა დაიცვას. თეზისის ინტერპრეტირების არეალი ვრცელია. ჩვენ ამას ვამბობდით 2015 წელს. ეს ის პერიოდია, როდესაც არ იცის პროფესიამ, რა გზით განვითარდეს, მანამდე აუდიტორული საბჭოს შექმნიდან - 90-იანი წლებიდან 2012 წლამდე რეგულირების სქემა არსებობდა, შემდეგ თვითრეგულირების ერა დაიწყო - 2012-დან 2016 წლებამდე, შემდეგ დაინერგა ეს მოდელი - რეგულირება სახელმწიფოს მონაწილეობით, რომელიც კონტინენტალური მოდელის ნიშნებს შეიცავს. 

- რით იყო გამოწვეული თვითრეგულირებაზე გადასვლა 2012 წელს? 

- მაშინ იყო საუბარი, რომ სხვადასხვა ჯგუფები რაღაცას ლობირებდნენ, თუმცა ალბათ უფრო პროცესი კანონზომიერი იყო. რადგან მანკიერი სახელმწიფო რეგულირება სხვადასხვა სფეროში შეცვლას საჭიროებდა, და იმ პერიოდში ბატონი კახა ბენდუქიძის გუნდის მიდგომით ამ პროცესის საერთოდ გაუქმება გადაწყდა. თუმცა, რეალობა, მსოფლიო გახმაურებული ფინანსური სკანდალების სახით, გვაჩვენებს, რომ გარკვეული რეგულირება აუდიტის სფეროში საჭიროა. საზოგადოება არ იღებს იმ ბენეფიტებს, რომელიც უნდა მიიღოს. ამასთანავე, წლების წინ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების ვალდებულება აიღო. 

ამ პროცესში, პროფესიის სასერტიფიკაციო სისტემაში საჭიროა უნივერსიტეტების როლის გაძლიერება. ისევ, რომ შევადაროთ რაზე დგას ანგლოამერიკული და კონტინენტაური ევროპული მოდელები _ ანგლოამერიკული მოდელი პრეცედენტული სამართლის ნორმებზე დგას, რაც სხვადასხვა დავის მორალური კრიტერიუმებით გადაწყვეტას გულისხმობს. იმ დროს, როდესაც კონტინენტური ევროპის სამართალი ეფუძნება კარგად ცნობილ „ნაპოლეონის“ სამოქალაქო კოდექსს, როდესაც გადაწყვეტილების მიღება ზუსტად კანონის ნორმის მიყენებით უნდა მოხდეს. პრობლემა არის ის, რომ ის სამართალი, რომელიც დაფუძნებულია დაწერილზე, რეალურად ყოველთვის არის შეზღუდული. ასევე უნდა იყოს სწავლებაშიც და განათლების მიდგომებიც ამ კუთხით იყოს გაჯერებული და შედეგზე ორიენტირებული. 

დღესდღეობით საქართველოში მაღალი დოზით მოწმდება ის, თუ რა არის დაწერილი ქაღალდზე სილაბუსების შედგენისას. თუმცა, კონტენტის მხრივ შიგ რა წერია, ნაკლებად. პრობლემაა ისიც, ეს სილაბუსის კონტენტი სტუდენტებს როგორ მიეწოდება, რა ფორმით ისწავლება. ობიექტურად ეს პრობლემა გამოსწორებადია, როდესაც ტესტირების პერიოდი დგება. უნივერსიტეტებს საგამოცდო ცენტრები აქვთ, როდესაც ლექტორი გამოცდის უშუალო ადმინისტრირებაში არ მონაწილეობს, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ლექტორი საგამოცდო სფეროდან 100 პროცენტით უნდა იყოს გაყვანილი, ლექტორი არ უნდა მონაწილეობდეს საგამოცდო კითხვარების შედგენაში, არამედ ტესტ-ბანკი უნდა დგებოდეს კონკრეტული ლექტორის ჩართულობის გარეშე კურსის სილაბუსის მიზნებიდან გამომდინარე. სწორედ ესაა საუკეთესო დასავლური პრაქტიკა და წარმატების მექანიზმი. 

- ამ შემთხვევაში ლექტორის ფუნქცია არ იზღუდება? 

- თანამედროვე განათლების პრინციპებით ლექტორის დანიშნულება უნდა იყოს სტუდენტს მოტივაცია შეუქმნას ისწავლოს დამოუკიდებლად და მოამზადოს ის საგამოცდო კითხვების გადალახვისთვის. სწორედ აქ იშლება ლექტორის აკადემიური თავისუფლების ფართო არეალი, რადგან ის თავისუფალია როგორი მეთოდებით ასწავლის, რა ლიტერატურას იყენებს, მთავარია სტუდენტებს რაც უფრო წარმატებით მოამზადებს, მით უფრო წარმატებული იქნება ლექტორი, შესაბამისად წარმატებული იქნება სტუდენტი. დავუბრუნდები ბატონი ბენდუქიძის პრინციპს, რომ სწავლების პროცესი აუცილებლად დაკავშირებული უნდა იყოს კვლევასთან. სადაც არ არის კვლევა, იქ ვერ იქნება განათლება. 

- თქვენ ამბობთ, რომ სერიოზული პრობლემებია განათლების სისტემაში, ამასთანავე მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ამკაცრებს. ასევე ამოქმედდა სავალდებულო აუდიტის ჩატარების სისტემა, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი კვალიფიციური კადრია საჭირო. განათლების არსებული სისტემა რამდენად მოახერხებს რეფორმის წარმატებით განხორციელებას? 

- უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმა აბსოლუტურად წარმატებულია. მაგალითად, ფინანსური ანგარიშგებების ერთი ნაკადი უკვე მიღებულია. გამოქვეყნების მაჩვენებელი იმ საწარმოების მიერ, რომლებსაც ეს ვალდებულება ჰქონდათ, 90 პროცენტს შეადგენს. ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და მინდა „სარასს“ ეს შედეგი მივულოცო. თუ ალტერნატივა იყო ფირმების დაჯარიმება, ამ შემთხვევაში „ქართველი“ ბიზნესმენი ძალიან შეგნებული აღმოჩნდა და ის კანონის მიერ მითითებული გზით წავიდა. ბევრი კანონი გვინახავს, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე დარჩა და მისი აღსრულება არ მომხდარა, რადგან ან კანონი იყო მენტალობასთან შეუთავსებელი, ან ადმინისტრირების დიდი ხარჯები მისი აღსრულების პრობლემას ქმნიდა. 

თქვენი კითხვა უფრო რომ გავშალოთ, რასაც „სარასი“ აკეთებს, ამ პროცესს აისბერგად თუ წარმოვიდგენთ, „სარასი“ მაინც ეხება იმას, რაც წყლის ზემოდან ჩანს. აისბერგს გააჩნია ქვედა, სხვა პრობლემაც, რასაც ბუნებრივია, თავისი შეზღუდულობიდან გამომდინარე „სარასი“ ვერ გაწვდება, რისთვისაც ფონდი შეიქმნა. მინდა კიდევ ერთი ფაქტი გავიხსენო: გასულ წლებში ევროკავშირის მიერ ჩატარდა მცირე და საშუალო საწარმოების გამოკითხვა. კითხვა იყო ასეთი - ქართულ საწარმოებს, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებიდან სარგებლის მისაღებად, ყველაზე მეტად ხელს რა უშლის? მე ველოდებოდი, რომ დასახელდებოდა თანამედროვე ტექნოლოგიებში ჩამორჩენა ან სხვა ამის მსგავსი, თუმცა, 41%-მა, პირველ პრობლემად ფინანსური ანგარიშგების მომზადება დაასახელა. ამიტომ სავალდებულო ანგარიშგებების სისტემის ამოქმედება და ამ მიმართულებით ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც უკვე აღვნიშნე, ანგარიშგების პირველი ნაკადი უკვე გამოქვეყნდა და საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს. იმედია, ეს დინამიკა შენარჩუნდება. წელს უკვე მცირე კატეგორიის საწარმოებიც ემატება და საინტერესოა, რამდენად მომზადებულები არიან მცირე კატეგორიის საწარმოებიც. ამასთანავე, გამოქვეყნებულმა ფინანსურმა ანგარიშგებებმა აჩვენა, რომ ბევრი კომპანია, რომელიც ფინანსურად წარმატებული გვგონია, რელურად გაკოტრების წინაშეა. ეს გამოაჩინა რეფორმამ და ინფორმაციის გამჭვირვალობამ. 

- მომავალში რას გეგმავს თქვენი ფონდი? 

- ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან, ფონდის ბირთვს უცხოელი პარტნიორები წარმოადგენენ. ცალკე უნდა გამოვყოთ ფრანგული მხარე. ჩვენი საპატიო პრეზიდენტია ჟაკს როჟერ პიერე პოტდევინი, რომელიც წლების განმავლობაში საფრანგეთის აუდიტორთა და ბუღალტერთა გაერთიანებების პრეზიდენტი გახლდათ. იგი იყო ევროპის ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, შემდეგ პრეზიდენტი, ასევე ბუღალტერთა მსოფლიო ფედერაციის გამგეობის წევრი. არის აღიარებული ექსპერტი. ქართული მხარიდან გამგეობის აღმასრულებელი თავმჯდომარეა ბატონი გიორგი თაბუაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ფინანსური ანგარიშგების სფეროში 2012 წლიდან დღემდე მიმდინარე პერიოდში განხორციელებული რეფორმების სულისჩამდგმელი და ლიდერი იყო. ასევე, მრჩეველთა საბჭოში, სხვადასხვა ქვეყნიდან, დაახლოებით 10 ექსპერტი გვყავს. ვთანამშრომლობთ მრავალი ქვეყნის წამყვან პროფესიულ ორგანიზაციებთან. საქართველოს რეალობაში საჭიროა უცხოური ექსპერტიზის დანერგვა. ხშირ შემთხვევაში ეს შეუძლებელი ხდება, ვინაიდან სახელმწიფოს ხარჯზე ვერ ხორციელდება. ერთადერთი, რჩება კერძო ინიციატივა, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, როგორებიც არიან მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები და ბუნებრივია, ადგილობრივი ბიზნესი. 

- ფონდის დაფინანსების წყარო რა არის? 

- საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები - მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი. იმ დროს, როდესაც ბუღალტერიაში არსებობენ პროფესიული ორგანიზაციები, საუნივერსიტეტო, ბიზნესგაერთიანებები, ჩვენს ორგანიზაციას აქვს ამბიცია, რომ ამ სამივე სფეროს კოორდინაცია უზრუნველყოს. რაც შეეხება გეგმებს, სამი აქტივობა გვაქვს ჩაფიქრებული: პროფესიული ლიტერატურის თარგმნა, კონფერენციებისა და კონკურსების მოწყობა. როგორც ვახსენე, ორი კონფერენცია ჩავატარეთ და ერთი ბროშურა გამოვეცით. ახლა ვმუშაობთ მორიგი ბროშურის გამოშვებაზე, რომელიც აუდიტის კომიტეტებს ეხება. კარგ შემთხვევაში საქართველოში არსებულ რიგ ორგანიზაციებს აქვთ შიდა აუდიტის დეპარტამენტი, რომლებსაც მთლიანად აუდიტის მიმართულება აქვს ჩაბარებული და ეს არის „შიდა აუდიტი“ და არ არის „ინსპექცია“. ცუდ შემთხვევაში ეს დეპარტამენტი ემორჩილება ფინანსურ დირექტორს. 

რეალურად საუბარია ობიექტურობის დაცვაზე. დასავლეთში წარმატებები ამ სტრუქტურების გამიჯვნით მიიღწევა. სტრუქტურა, რომელიც ფინანსურ დირექტორს ემორჩილება, ვერ შეძლებს პირნათლად გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რაც შეიძლება გარე აუდიტმა წარმოადგინოს. გარე აუდიტი არის ობიექტურად კრიტიკულად განწყობილი სტრუქტურა. ამ შემთხვევაში საჭიროა აუდიტის კომიტეტის არსებობა, რომელიც იმუშავებს მხოლოდ გარე აუდიტთან, ფინანსურ დირექტორთან დამორჩილებული არ იქნება. შესაბამისად, ამ პროცესების უზრუნველყოფა არის მნიშვნელოვანი. 

რაც შეეხება მომდევნო ბროშურას, რომლის გამოცემასაც ვაპირებთ, ეს არის აუდიტორულ კომპანიებში საქმიანობის მენეჯმენტი. მცირე კომპანიებში, სადაც ერთი პარტნიორია, დეფინიციის პრობლემას ვაწყდებით. ზოგადად აუდიტის კონცეფცია აუდიტორების პარტნიორობას ეფუძნება. ამ შემთხვევაში ერთი აუდიტორი ამოწმებს მეორე აუდიტორს. არსებობს გარიგების პარტნიორი და მეორეა ხარისხის შემმოწმებელი პარტნიორი, რათა ერთ პარტნიორს რამე შეცდომა არ გაეპაროს. შესაბამისად, საქმიანობის მენეჯმენტი ფირმებს დაანახვებს, რა მიმართულებით უნდა წავიდნენ. აქვე არის კიდევ ერთ-ერთი მიმართულება, მაგალითად, საერთაშორისო ქსელებში ინტეგრაცია, ეს, რეალურად, ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი გზაა. შემდეგი მიმართულებაა ფირმებს შორის ინტეგრაცია. იმის მაგივრად, რომ იყოს პატარა და სუსტი ორი ფირმა, თითო პარტნიორით, შეიძლება გახდეს ერთი ფირმა ორი პარტნიორით შერწყმის შედეგად. 

- ამ რეფორმის დაწყებისას გაგიჩნდათ მოლოდინი, რომ პატარა კომპანიების ინტეგრაცია დაიწყება? ამ კუთხით რა პერსპექტივას ხედავთ? 

- პირველ რიგში უნდა ვთქვათ, საქართველოში რა მოდელი არსებობს. დღევანდელ მოდელში ხარისხის კონტროლი სახელმწიფოში გადავიდა, რაც ცალსახად კარგია. თუმცა, ფირმებს გარკვეული განვითარება სჭირდებათ. რეფორმის ერთ-ერთი ნაწილია აუდიტის მეთოდოლოგიის შეთავაზება, რომელზეც მუშაობა უკვე დასრულდა, იგი არის 700-გვერდიანი და ალბათ, მოკლე პერიოდში ფირმებს მიეწოდება. თუმცა, მაინც სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, შეამოწმოს ნებისმიერი ფირმა და საბოლოო ჯამში მას საქმიანობა შეუწყვიტოს. ამ შემთხვევაში ობიექტურად, ფირმებს ალტერნატივად გაერთიანება რჩებათ ხარისხის ამაღლების მიზნით. ფირმის ზრდასთან ერთად კი შეიძლება წარმოიშვას ვალდებულებები კომიტეტების შექმნის - აუდიტის, ეთიკის, კომპენსაციის კომიტეტები, ასევე სამეთვალყურეო საბჭოსთან ასოცირებული კომიტეტი. ამ ბროშურაში ეს ყველაფერი იქნება გაწერილი. 

ივლისში ჩვენს პარტნიორ ერთ-ერთ უნივერსიტეტთან ერთად ვაპირებთ ჩავატაროთ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც გამოქვეყნებული ფინანსური ინფორმაციის შემდგომ ინტერპრეტირების და პრაქტიკული ანალიტიკური გამოყენების აქტუალურ პრობლემებს მიეძღვნება და აქაც გვინდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა მიმოვიხილოთ ამ სფეროში, რათა იმ კომპანიებმა, რომლებიც საჯაროდ აქვეყნებენ საკუთარ ფინანსურ ინფორმაციას, უფრო მეტი ბენეფიტი მიიღონ შესადარისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სახით, რაც მათ მარკეტინგულ საქმიანობაშიც შეიძლება დაეხმაროს. 

ჩვენ ასევე ვაპირებთ რამდენიმე საინტერესო აქტივობას კონკურსების სახით. კონკურსები _ ეს არის ის გზა, როდესაც კომპანიების და დაინტერესებული მხარეების არაპირდაპირი წახალისება ხდება. ვაპირებთ ორი კონკურსის ჩატარებას. სექტემბერში სტუდენტური ოლიმპიადა გაიმართება. პარტნიორი უნივერსიტეტების და კოლეჯების სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტესტირება ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვაში. ტესტის საფუძველზე 10 საუკეთესო სტუდენტი გამოვლინდება, რომლებიც ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან და მიიღებენ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების~ 5 წლის კითხვა-პასუხს, ერთ წიგნში გამოქვეყნებულს. ასევე, ექნებათ შესაძლებლობა წამყვან აუდიტორულ კომპანიებში სტაჟირება გაიარონ. ეს პროცესი აუდიტორული ფირმებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. ჩვენ ვთანამშრომლობთ CIMA ევრაზიის დირექტორთან, რომელიც ამ კონკურსში ჩაერთვება. 

მეორე კონკურსი წლის ბოლოს იგეგმება, მას შემდეგ რაც ფინანსური ანგარიშგებები გამოქვეყნდება. ამ პროცესში ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. წარმოდგენილ ანგარიშგებებს კატეგორიების მიხედვით შევაფასებთ, თითო კატეგორიაში სამ-სამი საპრიზო ადგილი გვექნება. შევარჩევთ საუკეთესო რეპორტების მქონე კომპანიებს. 

შეფასდება როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური ანგარიშგებები, ინფორმაციის წარდგენა, ინფორმაციის შემცველობა, მისი ვიზუალური და ხარისხობრივი მხარე. ექსპერტებს საუკეთესო რეპორტის გამოვლენა არ გაუჭირდებათ. 

- ჟიურის წევრები ვინ იქნებიან? 

- როგორც აღვნიშნე, გვეყოლება საერთაშორისო ჟიური, ასევე ადგილობრივი ექსპერტები. ჟიურის თავმჯდომარე იქნება ევროპის ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის თავმჯდომარე, პოლ ტომსონი. პოლ ტომსონი წლების განმავლობაში იყო სინგაპურში, დაახლოებით ამავე ფორმატის კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე. ასეთი ტიპის კონკურსები გაგრძელდება 4-5 წელი, მერე ალბათ აქტუალურობას დაკარგავს, ვინაიდან პროფესია სხვა ხარისხობრივ განვითარებაზე გადავა. 

ასევე ტრენერთა დატრეინინგების მიზნით, გერმანიის ბიზნეს-გაერთიანებასთან თანამშრომლობას ვაპირებთ. აუცილებელია გვყავდეს ქართველი სერტიფიცირებული ექსპერტები, რომლებიც აუდიტურ ფირმებს დაეხმარებიან არა მარტო ხარისხის კონტროლის სისტემების განვითარებაში, არამედ საქმიანობის მენეჯმენტშიც. 

საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საჯაროობა. ეს არის წარმატებული ქვეყნების რეცეპტი. ფინანსური ინფორმაციის გამჭირვალობა ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ადგილობრივ ბაზარზე ფინანსებზე წვდომის ზრდას. ტენდენცია ამ მხრივ უნდა წავიდეს. საქართველო უნდა გამოვიდეს „სალომბარდე ეკონომიკის“ მარწუხებიდან, როდესაც სესხის მიღების ერთადერთი საფუძველი ეს არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და არა ბიზნესის ფინანსური მაჩვენებელი. 

- ინტერვიუს ბოლოს გკითხავთ, როგორია თქვენი თავისუფალი დრო, რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა? 

- ძალიან მიყვარს მოგზაურობა და მიხარია, როდესაც სასიამოვნოს ვუთავსებ პროფესიულ საქმიანობას. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი