ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ თსუ აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ლექტორთან, ასოცირებულ პროფესორ ნადეჟდა კვატაშიძესთან - #6(234), 2019
ნადეჟდა კვატაშიძე - დაიბადა თბილისში 15.11.1950. 

1973 - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 

1979 - დაამთავრა მოსკოვის საფინანსო ინსტიტუტის ასპირანტურა. 

1980 - დაიცვა დისერტაცია ეკონომიკის დარგში. 

წლების განმავლობაში მუშაობს თსუ აღრიცხვისა და აუდიტის კათედრაზე. 
არის არაერთი სამეცნიერო სტატიის და წიგნის ავტორი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებზე და მრავალი სასწავლო სასერტიფიკაციო პროგრამის ტრენერი/ მასწავლებელი.

ქალბატონო ნადია, სანამ პროფესიულ კითხვებზე გადავალთ, საინტერესო იქნება, მოგვიყვეთ თქვენი განვლილი გზის შესახებ. 

_ დავიბადე თბილისში. დავამთავრე 91-ე საშუალო სკოლა და ჩავაბარე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, სპეციალობით ბუღალტრული აღრიცხვა.
 
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე მოსკოვის საფინანსო ინსტიტუტის მიზნობრივ ასპირანტურაში. დღეს, ეს არის მთავრობასთან არსებული ფინანსური აკადემია. საკმაოდ პრესტიჟული სასწავლებელი იყო. დავიცავი დისერტაცია და საქართველოში დაბრუნების დღიდან – თსუ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრაზე ვმუშაობ. ძალიან ძალიან დიდი ხანია ამ საქმეს ვემსახურები. 

ყველაზე საინტერესო ამ პროცესში იყო 1998 1999 წლებში ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ პრივატიზაციის პროცესები დაიწყო და საბჭოთა ბუღალტერია აღარ გამოგვადგებოდა. ბუღალტრული აღრიცხვა საბაზრო ეკონომიკასთან შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო. USAID ის დაფინანსებით ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო. ამ პროექტში ჩემს კოლეგებთან ერთად ვიყავი ჩართული. ჩვენთვის ეს პროცესი რევოლუციური იყო, სირთულეს წარმოადგენდა საბჭოთა ბუღალტერიიდან კერძო ბიზნესზე გადართვა. 

- საკმაოდ კარგად მიდიოდა საბაზრო ეკონომიკის ბუღალტრულ აღრიცხვასთან ადაპტირება. რა ეტაპი გაიარა პროფესიამ და ახლა რა ეტაპზეა? 

_ ჩვენი გადამზადების პროცესი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. გამიმართლა და გადამზადება ორ სხვადასხვა ჯგუფში გავიარე. ერთი იყო პედაგოგების ტრენინგი, ამასთანავე იმ პერიოდში აუდიტორულ კომპანიაში ვმუშაობდი და ამ კომპანიის თანამშრომლებიც გადამზადდნენ. ეგრეთ წოდებული კონვერსია, ქართული საწარმოების ახალ სააღრიცხვო სტანდარტებზე გადაყვანა აუდიტორულ კომპანიებს დაევალა. შერჩეული იყო 10-14 კომპანია, ერთ ერთში მეც ვმუშაობდი. ქართული კომპანიები საბჭოთა ბუღალტერიიდან ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადაგვყავდა. ბუნებრივია, რთული იყო, უპირველესად ჩვენთვისაც, ბევრი რამე არ ვიცოდით და ჩვენც ვსწავლობდით. ტერმინებსა და ცნებებშიც კი ხშირად დარწმუნებულები არ ვიყავით, რამდენად სწორად ვთარგმნიდით, რამდენად სწორად გვესმოდა. ძალიან დიდი საქმე გაგვიკეთა USAID-მა, როდესაც ინგლისური ლიტერატურა ქართულად გვითარგმნა. მართალია, ეს არ იყო სრული სტანდარტები, მაგრამ ჩვენთვის მაინც საკმაოდ სერიოზული დახმარება იყო. 

შემდეგ კიდევ გამიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ პედაგოგების ნაწილმა ლონდონში ერთთვიანი გადამზადება გავიარეთ. საკმაოდ შრომატევადი პროცესი გახლდათ, დღეში 6-7 საათს ვმუშაობდით და მნიშვნელოვანი ცოდნა შევიძინეთ. ასე ეტაპობრივად, ჩვენც ვსწავლობდით, დღესაც ვსწავლობთ და სხვებსაც ვასწავლით. ეს არის უწყვეტი პროცესი. 2000 წელს ეს კონვერსიის პროცესი თითქოს დავასრულეთ, ქართული საწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ახალ სტანდარტებზე გადავიყვანეთ, მაგრამ ყველა პრაქტიკოსმა იცის, რომ რეალურად ქართულ საწარმოებზე საგადასახადო პრესინგი ბოლო წლამდე გრძელდებოდა და უმეტესობა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსის შესაბამისად აკეთებდა. დღეს სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, სტანდარტების სწავლის მიმართულებით მეწარმეც დაინტერესებულია და თავადაც სწავლობს სტანდარტებს. ვთვლით, რომ მართლაც სერიოზული რეფორმა გავიარეთ, მნიშვნელოვანი გზა გაიარა საქართველომ. 

დღეს აბსოლუტურად სხვა ეტაპზე ვართ. აღრიცხვის წარმოება საგადასახადო კოდექსის მიხედვით აზრად აღარავის მოსდის. ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური კარგად მუშაობს. მათთან ერთად ვხედავთ ამ შედეგებს, თუნდაც საწარმოების კატეგორიზაცია რომ ავიღოთ. ყველამ იცის, როგორ უნდა აწარმოოს აღრიცხვა და ბუღალტრების პროფესიონალიზმი ძალიან იზრდება, სერიოზული მოტივაცია შეიმჩნევა ყველა დონეზე, გადიან გადამზადებას და პროფესია ახალ რელსებზეა გადასული. 

- თუმცა, ხშირად გვესმის კომპანიების მხრიდან, რომ ბაზარზე პროფესიონალი ბუღალტრების დეფიციტია, ისეთების, თანამედროვე მოთხოვნებს რომ პასუხობდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი შეფასება როგორია? 

- ესეც ჩვენი ისტორიის ბრალია. 2001 წელს ტრეინინგს ვუტარებდი კონტროლის პალატის, საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებს. თან მე მერგო ძალიან მსხვილი ორგანიზაცია – მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია. დღეს მათგან ძალიან ბევრს აუდიტორულ კომპანიებში ვხედავ. ეს შემთხვევითი არ არის, ისინი წამოვიდნენ სახელმწიფო სამსახურებიდან და დააარსეს აუდიტორული კომპანიები. მათი ფუნქცია მარტო საგადასახადო საქმე იყო, გადასახადების გაანგარიშების სისწორე და დეკლარაციების შევსების სისწორე. 

მოდით გულახდილები ვიყოთ: დღეს ბაზარზე აუდიტორული კომპანიების, რბილად რომ ვთქვათ, 80% საგადასახადო სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. ვნახეთ დაბეგვრის `ესტონურმა მოდელმა~ რა მოიტანა და დღეს ყველა ვხედავთ, რომ საგადასახადო დეკლარაციის შევსება კი არ გვაინტერესებს, არამედ ფინანსური ანგარიშგების მომზადება. ამიტომ ახალი ნაკადი, ძალიან კარგი თაობა მოდის. იმედი მაქვს, რომ აუდიტორულ კომპანიებს კარგი კადრები შეემატება. თავის დროზე ძველი კადრებიც ძალიან კარგი სპეციალისტები იყვნენ, დღესაც მშვენივრად მუშაობენ. ჩვენი კურსდამთავრებულების ნაწილი კი „დიდი ოთხეულის“ აუდიტორულ კომპანიებშიც მუშაობენ. 

- რეფორმების მიმდინარეობის კვალდაკვალ პედაგოგების გადამზადებაც თუ ხდება? როგორც უკვე თქვით, ახალი სტანდარტები ჯერ პედაგოგმა უნდა ისწავლოს კარგად და მერე სტუდენტს აუხსნას. 

- როგორც გითხარით, პედაგოგების გადამზადების პროცესი 1999 წლიდან დაიწყო, ჩვენთვის სპეციალური პროგრამა იყო „სიბლი ინტერნეიშენალი“. თავის დროზე ყველა პედაგოგმა გავიარეთ გადამზადება და ჩვენს სასწავლო პროგრამებში, იმ პერიოდიდან დაწყებული, ყველა სიახლე იყო ჩადებული. ეს პროცესი შეუქცევადია, ჩვენს სასწავლო პროგრამაში ახალი სტანდარტების შემოსვლასთან ერთად ცვლილებები ყოველთვის შეგვაქვს. ჩვენი პედაგოგების დონე საკმაოდ კარგია, სულ ვმუშაობთ საკუთარ თავზე. 

- რეფორმის მორიგი ეტაპი რამდენად სწორად მიდის? თუ გამოიკვეთა რაიმე სახის ხარვეზი, საინტერესოა ამ კუთხით თქვენი შეფასება. 

- აუდიტში ხარისხი არ არსებობდა. მე თავად ვმუშაობდი აუდიტორულ კომპანიაში და ვიცით რას ვაკეთებდით. არაფერს ვაკეთებდით, ვეხმარებოდით მეწარმეს დეკლარაციის შევსებაში, ან გადასახადების დამალვაში, იყო ასეთი შემთხვევებიც, ან დასკვნაზე უბრალოდ ბეჭედს ვურტყამდით. რა იყო აუდიტის ხარისხი, არ ვიცოდით, ახლა გავიგეთ. ბოლო წლებია, რაც ვნახეთ, რომ არსებობს აუდიტის სტანდარტები და ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნა. 

ფინანსური ანგარიშგება არის ინფორმაცია გარე მომხმარებლისთვის, მათ უნდა მივცეთ პირობა, რომ ანგარიშგება არის უტყუარი. ამაზე პასუხისმგებელი აუდიტორული კომპანიაა და რა თქმა უნდა, მათ ხარისხი მოეთხოვებათ. კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა არის გამოსასწორებელი, იმიტომ, რომ არ ვარ ამ პროცესში ჩახედული. ერთი ვიცი, რომ აუდიტი უნდა იყოს დაცული და ხარისხის კონტროლი უნდა ტარდებოდეს, ფინანსური ანგარიშგება უნდა იყოს მომზადებული და გამოქვეყნებული. კვლევების ჩატარებისას ინფორმაციის მოძიება ძალიან გვიჭირს. ახლა ცოტა გვეშველა, განსაკუთრებით გვეხმარება განმარტებითი შენიშვნები, ანუ ფინანსური ანგარიშგების მე 5 კომპონენტი. კარგი იქნება, თუ ეს წრე გაფართოვდება. ფინანსური ინფორმაციის ღიაობასთან დაკავშირებით იყო დავები. მაინც შეიძლება ოქროს შუალედის მოძიება, რომ საზოგადოების დაინტერესებულ პირებს კომპანიების ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოთ. 

- ცოტა ხნის წინ თქვენი თანამონაწილეობით გამოიცა ახალი სახელმძღვანელო - "ფინანსური აღრიცხვა 2". რას მოიცავს ეს სახელმძღვანელო და ვისთვისაა განკუთვნილი? 

- ეს სახელმძღვანელო არის სამაგისტრო პროგრამის და განკუთვნილია მაგისტრანტებისთვის, განსხვავდება ბაკალავრიატის პროგრამისგან. ძირითადი განსხვავება არის ის, რომ აქ არის რთული სტანდარტები, რომელსაც ხუმრობით `მძიმე~ სტანდარტებს ვუწოდებ. ხშირად სტანდარტებს შეიძლება ბევრნაირი ინტერპრეტაცია ჰქონდეს და ეს გარკვეულწილად დამაბნეველი იყოს, თუ ამ სტანდარტების მომხმარებელი ინტერპრეტაციებში არ ჩაიხედავს. პირადად, როდესაც სტანდარტებთან დაკავშირებით პრობლემა მაქვს, `დიდი ოთხეულის~ კომენტარებს ვკითხულობ. სტანდარტი არ არის და ვერც იქნება ისეთი დეტალური, ამისთვის არსებობს ინტერპრეტაციები. ამ კურსში გადავწყვიტეთ ისეთი სტანდარტების ჩართვა, რომელიც ძალიან აქტუალურია. ამაში ბაზარზე მოთხოვნას ვგულისხმობ. მაგალითად - ფასს 13 „რეალური ღირებულების შეფასება“. სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის სტანდარტები არ ვიცით. მოვკიდეთ ხელი ამ სტანდარტებს, აქ არის გრანტები, იჯარა, რომელიც 2019 წელს ამოქმედდა. არის ისეთი მომენტი, რომ გგონია ყველაფერი იცი, მაგრამ პრაქტიკაში გარკვეული საკითხის სიღრმისეულად შესწავლისას აღმოაჩენ, რომ ამ საკითხთან გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდიხარ. ბოლომდე არასოდეს არაფერი იცი. ყოველდღე მჭირდება თუნდაც ისეთ ნაცნობ სტანდარტებთან მუშაობა, როგორიც არის მარტივი ბასს 1 „ფინანსური ანგარიშგების წარდგენა“, ან ბასს 16 „ძირითადი საშუალებები“. თითქოს გგონია ყველაფერი იცი, არის რაღაცები, რომელსაც შეიძლება თავის დროზე ყურადღება არ მიაქციე, მაგრამ პრაქტიკამ მისი საჭიროება აჩვენა. ამიტომ სულ ვმუშაობთ როგორც ძველ, ისე ახალ სტანდარტებთან მიმართებით. 

ეს სახელმძღვანელო სტუდენტს სტანდარტებთან მუშაობის სწავლის შესაძლებლობას აძლევს. შეიძლება რაღაც საკითხი ისე ვერ გავაშუქეთ, როგორც საჭირო იყო. 1 2 წელი აპრობაციას გავივლით, დავხვეწავთ, თუ რამე დასახვეწი აღმოჩნდა. 

- ვინ მუშაობდა ამ სახელმძღვანელოზე? 

- ამ სახელმძღვანელოზე, პრაქტიკულად, 2-3 კაცის გარდა მთელი კათედრა მუშაობდა. მისი რედაქტორი და ერთ-ერთი ავტორია ლევან საბაური. ერთობლივად შევძელით დაგვედო ასეთი სახელმძღვანელო. იმედია მოეწონებათ, თუ არა შენიშვნებს სიამოვნებით გავითვალისწინებთ. დადებითად ვარ განწყობილი ნებისმიერი კრიტიკისადმი, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, თუკი ვინმე რამე სახის მითითებას მოგვაწოდებს. ველი გამოხმაურებას. 

- ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. როგორც აუდიტორები ამბობენ, ხშირ შემთხვევაში, ინტერპრეტაცია სტანდარტის შინაარსისგან დიდად არ განსხვავდება და ისიც განმარტებებს საჭიროებს. თქვენ თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით შენიშვნები? 

- აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა. ინტერპრეტაციას რომ კითხულობ, თითქოს იგივე სტანდარტია. მე ასეთი მიდგომა მაქვს, არსებობს აუდიტურ კომპანიათა „დიდი ოთხეული“, რომელსაც ჭკუას ვეკითხებით. როდესაც რაღაც საკითხზე ვმუშაობ, მნიშვნელოვანია „ოთხეულის“ შეხედულება და მათ აქვთ ძალიან კარგი კომენტარები. ჯერ სტანდარტი გამოსულიც არ არის და უკვე მასზე მუშაობენ. შეიძლება მათ რამეში არ დავეთანხმო, ვინაიდან ის კონკრეტული საკითხი იმ ეტაპზე კარგად არ ვიცი, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ მახსენდება, რატომ დაიწერა ასე. ერთი კომენტარით არ გამოვა საკითხის შესწავლა. ყველას რომ შეისწავლი და დაამუშავებ, ყველაფერს უფრო სხვანაირად უყურებ. 

- თქვენ ფიქრობთ, რომ `დიდი ოთხეულის~ კომენტარები უტყუარია? იქნებ, რომელიმე არაორდინარულ საკითხზე სხვა სპეციალისტს სხვა მოსაზრება აქვს? 

- ჩემთვის „დიდი ოთხეული“ ავტორიტეტია, ისინი წინსწრებით მუშაობენ სტანდარტებზე, მეტი წვდომა აქვთ ინფორმაციისადმი, არიან გამოცდილი სპეციალისტები და ამდენად, ვფიქრობ, რომ სასარგებლოა მათი შეხედულებები. რაც ეხება სხვების მოსაზრებებს, რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა. დიახ, არის სპეციალისტთა კატეგორია, რომელთა აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადსაღები. მათი მოსაზრებების გაგებას ვცდილობთ პუბლიკაციების გაცნობის გზით ან ქართველ სპეციალისტებთან პირადი საუბრებით. 

- ბუღალტრის და აუდიტორის სპეციალობაზე მოთხოვნა გაიზარდა. ჩვენი სტუდენტები რამდენად აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს, საჭირო ხდება თუ არა საზღვარგარეთ ტრენინგების გავლა და მათი დასაქმების ტენდენცია როგორია? 

- ბაკალავრებთან მხოლოდ ერთი კურსი მაქვს. 99 პროცენტით მაგისტრანტებთან ვმუშაობ. ბაკალავრებიდანაც კი 50 პროცენტი უკვე მუშაობს. მოდიან, გარკვეულ საკითხებზე დახმარებას მთხოვენ და აქედან ვგებულობ ინფორმაციას, რომ ისინი უკვე მუშაობენ. მაგისტრანტებზე აღარაფერს ვამბობ. რაც შეხება საზღვარგარეთ კურსების გავლას, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არაერთხელ მსმენია ჩვენი პროგრამით წასული მაგისტრანტებისგან, რომ ყველაზე ძლიერები ჯგუფში არიან საქართველოდან ჩასულები. ყველაზე კარგად ბუღალტრული აღრიცხვა მათ იციან. ისე მიხარია, ვერ წარმოიდგენთ! ეს არაერთი ქვეყნიდან – პოლონეთიდან, იტალიიდან და სხვა სახელმწიფოებიდან ჩამოსულ სტუდენტს უთქვამს. მე უცხოეთის პროგრამებიც ვიცი, აბსოლუტურად ყველა საგანში გამართულები ვართ. საკმაოდ კარგად ვასწავლით. ამაზე შეგვიძლია სილაბუსით ვიმსჯელოთ, რა გვაქვს ჩადებული პროგრამაში. სილაბუსის გადახვევის უფლება არ გვაქვს. ყველა უზრუნველყოფილია ქართულენოვანი სახელმძღვანელოთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 2000-იან წლებში ქართულენოვანი სახელმძღვანელოების დეფიციტი იყო. თუმცა, კარგი თაობა მოდის და ბევრ მათგანს ენის პრობლემა აღარ აქვს. სტუდენტებიც ძალიან მოტივირებულები არიან. 

- პროფესიის განვითარების მომდევნო ეტაპი რა უნდა იყოს? 

- იდეაში, ჩვენ უნდა მოვამზადოთ ხარისხიანი ინფორმაცია და მივაწოდოთ მომხმარებელს. უნივერსიტეტის მოვალეობაა ისეთი სტუდენტები მოამზადოს, რომ მათ იცოდნენ, რას ნიშნავს ხარისხიანი ინფორმაცია, ხარისხიანი აუდიტი. განა შემთხვევითია, რომ ჩვენთან აუდიტის სტანდარტები ისწავლება. როგორ შეიძლება აუდიტის ხარისხზე ვისაუბროთ, თუ არ ვიცით აუდიტის სტანდარტები. რაც შეეხება სახელმწიფოს როლს, ის ხარისხს აძლიერებს თავისი სტრუქტურების მეშვეობით. 

- მიუხედავად საუნივერსიტეტო სწავლების დონის ამაღლებისა, კურსდამთავრებულებს უმეტესწილად მაინც სჭირდებათ დამატებითი პრაქტიკული კურსების გავლა. რა იწვევს ამას? 

- კარგი კითხვაა. რა თქმა უნდა, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს პროგრამით გათვალისწინებული საწარმოო პრაქტიკა, მაგრამ პრაქტიკის ობიექტები ძალიან გვიჭირს. კარგი იქნება, თუ აუდიტორული კომპანიები გამოიჩენდნენ ინიციატივას და პროფესიულ სოლიდარობას ამ ფორმით – წელიწადში 2 3 სტუდენტი ან მაგისტრანტი მიიღონ თავისთან პრაქტიკაზე. 

- სახელმწიფო სტრუქტურების როლის გაზრდასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, წლების წინ აუდიტორულ კომპანიებთან დაკავშირებით იყო ლიბერალური მიდგომა -ხარისხსა და ფასს ბაზარი დაარეგულირებსო. ახლა სახელმწიფომ ამ სექტორის რეგულირება გადაწყვიტა. აუდიტორთა ნაწილი თვლის, რომ ეს რეგულაციები ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ მკაცრია. თქვენ როგორ შეაფასებთ? 

- რეგულაციებთან დაკავშირებით არის თუ არა რამე გადაჭარბებული, ამას ვერ გეტყვით. ამ საკითხში დეტალურად ჩახედული არ ვარ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური აუცილებლად უნდა არსებობდეს. რეგულაციებიც გარკვეული დოზით უნდა არსებობდეს. 

- ინტერვიუს მიწურულს მინდა თემას გადავუხვიო და გკითხოთ, როგორ იყენებთ თავისუფალი დროს, რა არის თქვენი გატაცება? 

- თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ მაქვს, მაგრამ მე თავად ვიწყობ განტვირთვას. ჩემს თავს ვაძლევ ბრძანებას, რომ 9-ის ნახევარზე კომპიუტერთან მუშაობა უნდა შევწყვიტო. მიყვარს კარგი, ხარისხიანი ფილმების ყურება. 

- თქვენი ოჯახის წევრები ვინ არიან? 

- ჩემი შვილები, რომლებიც ჩემს პროფესიას გაჰყვნენ. ქალიშვილი „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ოფისში ბუღალტრად მუშაობს, ძალიან კმაყოფილია საკუთარი საქმის. ბიჭმაც ჩემი სპეციალობა აირჩია და ერთ-ერთი კომპანიის ფინანსური დირექტორია. ასე რომ, ყველა ფინანსური ანგარიშგებებით ვართ დაკავებულები. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი