ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ შპს "გლობალ აუდიტის" დირექტორთან ზაქარია შიშმანაშვილთან - #9(237), 2019
ზაქარია შიშმანაშვილი - დაიბადა 1960 წელს 19 ნოემბერს სოფელ იყალთოში. 

განათლება 

1967-1977 წლები - იყალთოს საშუალო სკოლა. 

1977-1982 წლები - თსუ, კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, პროგრამისტი. 

1982-1984 წლები - თსუ ასპირანტურა. 

1984-1990 წლები - მოსკოვის კვების მრეწველობის დაუსწრებელი ინსტიტუტის კვების მრეწველობის ეკონომიკის ფაკულტეტი, ეკონომისტი. 

ტრენინგები 

1999 წლები - საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო, აუდიტორი, სერტიფიკატი. 

2008 წლები - საქართველოს მიწის მესაკუთრეთა ასოციაცია, უძრავი ქონების შემფასებელი, სერტიფიკატი. 

სამუშაო გამოცდილება 

1982-1984 წლები - "გრუზკნიპო სევკავნიპინეფტი", ინჟინერ-პროგრამისტი. 

1984-1988 წლები - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ- თანამშრომელი. 

1988-1993 წლები - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ქალაქის განყოფილება, უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი.

- ბატონო ზაქრო, მოგვიყევით თქვენ შესახებ. როგორ მოხვდით ამ პროფესიაში? 

- 1960 წელს, სოფელ იყალთოში დავიბადე. 1977 წელს დავამთავრე იყალთოს საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში _ კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე. 1982 წელს სწავლა ასპირანტურაში გავაგრძელე. 1990 წელს („წარმოებისგან მოუწყვეტლივ“, როგორც მაშინ ერქვა ოფიციალურად) დავამთავრე მოსკოვის კვების მრეწველობის დაუსწრებელი ინსტიტუტის კვების მრეწველობის ეკონომიკის ფაკულტეტი, ეკონომისტის კვალიფიკაციით. 

ასპირანტურაში სწავლის პერიოდში, შეთავსებით მაშინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ „გრუზკნიპო სევკავნიპინეფტში“ ინჟინერ-პროგრამისტად ვმუშაობდი. ინერგებოდა წიაღისეულის დაძებნის მართვის ავტომატიზირებული სისტემა. კომპიუტერებიც (მაშინდელი ტერმინოლოგიით „ელექტროგამომთვლელი მანქანები“) და პროგრამებიც ამერიკელებისგან იყო `მოპარული~ და იძულებით ინერგებოდა ე.წ. „სახალხო მეურნეობაში“. პროგრამის გაცნობისას, რომლის გამოყენებითაც ნავთობის საბადოებს, ვითომდა, პოულობდნენ, ვიკითხე, მართლა ამ პროგრამის შედეგებზე დაყრდნობით ხდება საბადოს მოძიება-მეთქი? მი პასუხეს, არაო. ყველა რეგიონში რამდენიმე გამოცდილი კაცია, რომელმაც რეგიონის გეოლოგია კარგად იცის, გავლენ ველზე და სადაც ფეხს დაარტყამენ, დიდი ალბათობით, იქ იქნება საბადოო. ეს სისტემა რომ არ დავნერგოთ, სამსახურს დავკარგავთ ჩვენც და შენცო... 

დღეს სპირალის შემდეგ წრეზე ვართ, ოღონდ მაშინდელი „მართვის ავტომატიზებული სისტემის“ ნაცვლად „ხელოვნური ინტელექტია“ მოდაში _ ოღონდ, ცხადია, უფრო მეტი შესაძლებლობებით და უფრო უკეთესი ტექნოლოგიებით. 

მახსოვს, 1985 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში მუშაობის დაწყებისას, მონტაჟის პროცესში დამხვდა მეცნიერებათა აკადემიის მაშინდელი სიამაყე _ კომპიუტერი, რომელსაც 3 მეგაბაიტი მეხსიერება ჰქონდა (მეოთხე მეგაბაიტის „კუბი“ ვერაფრით ვერ გამართეს მემონტაჟე ინჟინრებმა). ამ კომპიუტერს და მის მომსახურე პერსონალს სამი სართული ეკავა. დღეს თითოეული ჩვენგანის სმარტფონის სიმძლავრე გაცილებით მეტია, ვიდრე იმ კომპიუტერის. 

მართვის სისტემების ინსტიტუტში 1988 წლამდე ვიმუშავე. ამის შემდეგ გადავინაცვლე ასევე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ობსერვატორიის თბილისის განყოფილებაში. 1993 წელს, როდესაც კუპონებით აღებული ხელფასით ერთი კოლოფი სიგარეტი მომივიდა და ნახევარი კოლოფის ფული დამრჩა, აკადემიიდან წამოვედი. გადავედი საქართველოს ეროვნული გვარდიის გამოთვლის ცენტრში პროგრამისტად. გვარდიაში 1996 წლამდე ვიმუშავე. 

- ეროვნულ გვარდიაში თქვენი ფუნქცია რა იყო? 

- სხვადასხვა მონაცემთა ბაზების ექსპლუატაცია, გვარდიის შიდა დოკუმენტაციის საბეჭდად მომზადება, საკანცელარიო სამუშაოს კომპიუტერული უზრუნველყოფა. 

1996 წლიდან ბიზნესში ვარ. ასეთი კონცერნი იყო - შპს „ორბელი“, 1999 წლამდე იქ ვიმუშავე, ჯერ პროგრამისტად, შემდეგ კი, როდესაც ბუღალტერია ახალ სტანდარტებზე გადავიდა, საჭირო გახდა ისეთი ადამიანი, რომელსაც კომპიუტერიც და ბუღალტერიაც ეცოდინებოდა. ჩავიბარე ეს საქმე. ბუღალტერიის ახალი სტანდარტების სწავლა თავად დავიწყე. მერე ვნახე, კომპანიაში წლის ბოლოს აუდიტორი მოდიოდა, საბუთებს გადახედავდა, დასკვნას დაწერდა, ფულს აიღებდა და წავიდოდა. დავინტერესდი, წავიკითხე კანონმდებლობა. ხელმძღვანელობას შევთავაზე და შევუთანხმდი, გადამზადების კურსები დაეფინანსებინათ და ამ საქმეს მეც გავაკეთებდი. 4 კაცი დაგვაფინანსეს, გავიარეთ საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ ორგანიზებული კურსი, შემდეგ ჩავაბარეთ გამოცდები და მივიღეთ აუდიტორის სერტიფიკატები. 1999 წელს დავაარსეთ ფირმა - შპს „გლობალ აუდიტი“ და მივიღეთ ლიცენზია ზოგად აუდიტში (მაშინ ლიცენზირებადი იყო აუდიტორული საქმიანობა). იმის მერე ვარ ამ ბიზნესში. 

დროსთან ერთად სიტუაცია ჩვენს ბიზნესშიც იცვლება. ჩემი აზრით, აუდიტორული საქმიანობის დღევანდელ რეგულაციაში სახელმწიფო კონტროლი მეტად სჭარბობს თვითრეგულაციას. აუდიტორების სრული სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარების პირველი მცდელობა წინა ხელისუფლების პირობებში იყო, თუმცა წარმატებით ვერ დასრულდა. მაშინ (2012 წელს) მიღებული კანონის ძირითადი მუხლები შეჩერებული იყო 2016 წლის ახალი კანონის მიღებამდე, რომელიც ისეთივე დრაკონული არ არის, როგორც მისი წინამორბედი, მაგრამ უკეთესის სურვილს კვლავ ტოვებს. 

- თქვენ აღნიშნეთ, რომ იმ პერიოდში აუდიტორის პროფესიაზე გაჩნდა მოთხოვნა და საქმიანობის პროფილი შეიცვალეთ. დღეს თუ ხართ კმაყოფილი მაშინდელი გადაწყვეტილებით? ეს პროფესია თქვენთვის ისეთივე საინტერესო და პერსპექტიულია? 

- კმაყოფილი ვარ. ზოგი ხელქვეითის პოზიციაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. მე ჩემი კომპანია მაქვს, შესაბამისად – მეტი თავისუფლება, ვემორჩილები მხოლოდ კანონს. 1999 წლიდან ამ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ვარ. იყო დრო, როდესაც კომპანიაში 20-მდე ადამიანი მუშაობდა, მილიონამდე ბრუნვა გვქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მეწარმე სუბიექტებზე საგადასახადო წნეხი შემცირდა, აუდიტური კომპანიების ნაწილი დაიხურა. ჩვენს კომპანიასაც შეკვეთები შეუმცირდა. არ ვწუწუნებთ, მაგრამ დღეს ადრინდელივით ბევრი შეკვეთაც აღარ გვაქვს. 

მცდელობები, რომ სავალდებულო აუდიტი ძალით დაინერგოს, ჩემი აზრით, უნაყოფოა. ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიყავი. ერთი პერიოდი, 2000-იანი წლების გარიჟრაჟზე, სავალდებულო აუდიტი რომ დააწესეს, საქმე იქამდე მივიდა, რომ აუდიტორები საგადასახადო ინსპექციის შენობასთან (ან შენობაშივე) აუდიტორულ დასკვნას ბეჭედს 25 ლარად ურტყამდნენ. ახლაც, შეიძლება საქმე აქეთ წავიდეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანმა, რომელსაც მივარდნილ სოფელში აქვს მაღაზია, შპს-დ გაფორმებული, თურმე ფინანსური ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებით უნდა ჩააბაროს. ფინანსურ ანგარიშგებას საწარმოების 90 პროცენტი ვერ ამზადებს. უმეტესად, ისევ იმ აუდიტორის მომზადებულია ის ანგარიში, ვინც დასკვნას ხელს აწერს. ვერავინ დამარწმუნებს, რომ საქართველოში, თითზე ჩამოსათვლელი ფირმების ბუღალტრების გარდა, ამ სტანდარტებით ფინანსურ ანგარიშგების მომზადება ვინმეს შეუძლია. 

- სანამ რეფორმის ამ ნაწილზე გადავალთ, მანამდე ერთი კითხვა მაქვს 2012 წლის კანონთან დაკავშირებით, რომელმაც პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო გააუქმა და დააკანონა ცნობილი 360-ე დადგენილება. როგორც აუდიტორები აღნიშნავენ, ამ დადგენილებით 13 აუდიტური ფირმა პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თქვენ თუ მონაწილეობდით ამ საკითხის განხილვაში და როგორი იყო თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით? ასევე როგორ ხსნით საქართველოს მთავრობის მხრიდან ასეთი დადგენილების მიღებას? 

- ამ საკითხის განხილვის პროცესში არ ვმონაწილეობდი. იმ პერიოდში, აღარც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობდით. ეს კანონი უფრო გავდა სახელმწიფოს ტანდემს ერთ-ერთ, პრივილეგირებულ პროფესიულ ორგანიზაციასთან. ამ კანონპროექტის განხილვა რომ დაიწყო, შევქმენით ალტერნატიული პროფესიული ორგანიზაცია. იქიდან ვებრძოდით აუდიტორული საქმიანობის მსხვილი მოთამაშეების მიერ მონოპოლიზების დაკანონებას. ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, პარლამენტმა ძალიან მალევე შეაჩერა კანონის მუხლები, რომლებიც ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდიდნენ ერთზე მეტი პროფესიული გაერთიანების არსებობას საქართველოში. ორგანიზაცია უნდა ყოფილიყო კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ხოლო ეს საერთაშორისო ორგანიზაცია დასაშვებად არ თვლიდა (დღესაც არ თვლის) საქართველოს ზომის ქვეყნიდან ერთზე მეტი ორგანიზაციის თავის წევრად მიღებას. 2016 წელს მიღებული ახალი კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ წინამორბედს სჯობს, თუმცა ჩემი აზრით, საუკეთესო მაინც არ არის. 

- კონკრეტულად, რა შენიშვნები გაქვთ ამ კანონთან დაკავშირებით? 

- პირველი არის ის, რომ ბუღალტერიისა და აუდიტის რეგულირება ერთ კანონმდებლობაში გაერთიანდა. ეს, დაახლოებით, იგივეა, რომ წარმოვიდგინოთ პროკურორის და კერძო ადვოკატის საქმიანობის ერთი კანონით დარეგულირება. აუდიტორი ხომ, კარგი გაგებით, ბუღალტრის ოპონენტი უნდა იყოს, ბუღალტრის მიერ გაკეთებული ანგარიში უნდა გადაამოწმოს და რწმუნება გასცეს მის უტყუარობაზე. მათი ერთ სისტემაში მოქცევა მიუღებელია. მეორე - აუდიტორებსა და აუდიტურ კომპანიებზე ტოტალური კონტროლის მცდელობაა. 

ასევე, მინდა შევეხო კანონით (და კანონქვემდებარე აქტებით) განსაზღვრული მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგების საკითხს: როდესაც სახელმწიფო კანონს გამოსცემს და მერე უკან იხევს, სახელმწიფოს იმიჯი ეცემა. ზედამხედველობის სამსახურმა არ გაითვალისწინა პრაქტიკოსების მოსაზრება, რომ მოცემულ სიტუაციაში, ახალი სტანდარტით, როგორი მარტივიც არ უნდა იყოს, ანგარიშგების წარდგენას სამეურნეო სუბიექტთა უმრავლესობა ვერ შეძლებდა. კაცს, რომელსაც სადღაც რაიონში წვრილი საწარმო აქვს, შენი სტანდარტები საერთოდ არ აინტერესებს. იცის, რომ ფულს ჩადებს, დაატრიალებს, იმ ფულით რაღაც მოგებას ნახავს და ოჯახს არჩენს. სახელმწიფო კი ეუბნება, ბუღალტერიას ახალი სტანდარტებით თუ არ გააკეთებ და ანგარიშგებას არ წარადგენ, დაგაჯარიმებო. ეს არის ტოტალური კონტროლის მცდელობა. ტყუილად გვიფრიალებენ ევროდირექტივებს _ ჩემს ახლობელს, ჩეხეთში 5 წელი ჰქონდა ფირმა, 5 მილიონ დოლარზე მეტი ბრუნვით. ამ პერიოდში 2-ჯერ თუ მოიკითხეს საგადასახადო ორგანოდან და არც არანაირი ფინანსური ანგარიშგება არავის მოუთხოვია. საერთოდ, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელი ვინ არის? _ სახელმწიფო (გადასახადების ნაწილში) და პოტენციური ინვესტორი, ხომ? საგადასახადო კუთხით ხომ დალაგებულია ეს საკითხი და მას სხვა კანონი (საგადასახადო კოდექსი) არეგულირებს? რომელ „პოტენციურ ინვესტორზეა“ ლაპარაკი, საქართველოს რამდენიმე ასეული ათასი წვრილი საწარმოს შემთხვევაში? 

- ამ მოთხოვნის აღსრულება მე-4 ზომითი კატეგორიის საწარმოებისათვის 2 წლით გადაიდო. როგორ ფიქრობთ, მცირე ბიზნესი 2 წლის შემდეგ ახალი სტანდარტებისთვის მზად იქნება? 

- გავა ეს 2 წელი, მე და თქვენ ისევ ვიქნებით, მთავრობაც შეიცვლება პარლამენტთან ერთად და, დიდი ალბათობით, 2 წლის შემდეგ ეს გადაწყვეტილება კვლავ გადაიდება (სავარაუდოდ, კიდევ და კიდევ). 
-თუმცა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბუღალტრებისა და აუდიტორების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროს უკან არ უნდა დაეხია... 

აბა, ასეულობით ათასი წვრილი საწარმოს დაჯარიმება იქნებოდა კარგი? ალტერნატივა რა იყო? თუნდაც ამ გადაწყვეტილების აზრი რა არის? წვრილი საწარმოების ანგარიშგების მომხმარებელი არის ვინმე? მიზანი უნდა იყოს გამართლებული. ხალხი ძალიან გაჭირვებულია, ზოგი ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის და შენ კიდევ უმატებ საეჭვო შედეგის მომტან მოთხოვნებს? მე მგონი, ეს „ბუღალტრების და აუდიტორების მნიშვნელობის ნაწილი“ იმედოვნებს, რომ ამ დაძალებით მათ დამკვეთები მოემატებათ. 

- არსებული რეფორმების ერთ-ერთი მიზანი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, ასევ უფრო მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და აუდიტის ხარისხის გაზრდაა... 

- ევროკავშირის სტანდარტებთან მართლა დაახლოება და არა ბრმად გადმოღება ხომ არ აჯობებდა? ბუღალტერიის (და ანგარიშგების) დღევანდელი ევროპული სტანდარტები განსჭვალულია იმ სულისკვეთებით, თითქოს, კომპიუტერი არ არსებობს, თითქოს, არავინ არაფერი იცის, თითზე ჩამოსათვლელი ქურუმების გარდა, სხვები კი ამ ქურუმების გადაწყვეტილებებს უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ. საერთოდ, სტანდარტების მიზანი ხომ ის არის, რომ დედამიწის ერთ ნახევარსფეროში მცხოვრებმა ადამიანმა მეორე ნახევარსფეროში მცხოვრები ადამიანის ჩანაწერები რომ წაიკითხოს, მიხვდეს იქ რა წერია. კი ბატონო, ეს კარგია, მაგრამ გუშინ სესხზე გადახდილი (გადასახდელი) პროცენტი პერიოდის ხარჯებში ითვლებოდა და დღეს მის კაპიტალიზაციას გვთხოვენ. ლიზინგი ხან მომსახურებაა, ხან საქონლის მიწოდება. იჯარა, ცოტა ხნის წინ პერიოდის ხარჯი იყო, ახლა კი, თუ 10-წლიანი იჯარა მაქვს და თანხას მოჭრილად ყოველთვიურად ვიხდი, მეუბნებიან, ეს იმ თვის ხარჯი არ არის, 10 წელზე გადაანაწილე, რაღაც დაუმატე, რაღაც გამოაკელი, გაყავი პერიოდზე და მიიღებ იმ თვის ხარჯს, ასეთი მანიპულაციებით გამოწვეული, იჯარის დასრულების შემდეგ მიღებული „კუდი“ კი ბოლოში გაასწორეო. ქანქარა გადადის ხან იქით, ხან აქეთ. ასეთი არათანამიმდევრული ცვლილებების ბრმად მიყოლაა რეფორმა? ან კიდევ, ტერმინების ცვლილება ასე მნიშვნელოვანია? თუ იმას ვეძახით რეფორმას, საწარმოები 4 ნაწილად რომ დავყავით და ჯარიმა მოვიგონეთ? 

ნორმალურ ქვეყნებში, თუ სოლიდური კომპანიის პრეტენზია გაქვს, აუდიტორულ დასკვნას ისედაც აქვეყნებ. ძალით დავალდებულება ვერაფერს შეცვლის. ყოველ შემთხვევაში, იქამდე მაინც, ვიდრე ბიზნესი ბიზნესს არ დაემსგავსება, ვიდრე კომპანიის წარმატება უფრო კარგ მენეჯმენტზე არ იქნება დამოკიდებული და არა იმით განპირობებული, ხელისუფლებაში „შენი კაცი“ გყავს თუ არა. ამ სიტუაციაში, როგორი ანგარიშიც გინდა გამოაქვეყნე, არაფერი იცვლება. საქართველოში უცხოელი ინვესტორების ნაწილიც კი ბიზნესს სახელმწიფოსთან გარიგებით აკეთებს. თუ საძირკველი არ გივარგა, სახლს როგორ კრამიტს დაახურავ, რა მნიშვნელობა აქვს? ეს ყველაფერი მუშაობს თავისუფალ ბაზარზე და თავისუფალ ეკონომიკაში. ჯერ იქნებ, მაგალითად, ეფექტიანი სასამართლო სისტემის შექმნაზე გვეფიქრა? 

- თქვენ ისაუბრეთ აუდიტის ზედამხედველობის სამსახურზეც (`სარასი~). ეს სამსახური აუდიტური კომპანიების მონიტორინგის დროს უამრავ სხვადასხვა ინფორმაციას ითხოვს. მაგალითად, ერთ-ერთია, თუ აუდიტორს დამკვეთთან უთანხმოება ჰქონდა, რა საკითხი იწვევდა ამ უთანხმოებას და როგორ გადაიჭრა ის? ამ ინფორმაციის მოთხოვნით, დგას თუ არა კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის საკითხი? 

- ეს „არჩაშვების“ მენტალიტეტი ძალიან ძნელად ამოდის ჩვენი თავიდან. მაგალითად, ტრამპისა და ზელენსკის ლაპარაკი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ოფიცერმა კონგრესს მოახსენა, რაც მას ვალდებულებაში უდევს და ტრამპსაც უნდა სცოდნოდა. თქვენ მიერ აღნიშნული ნორმა, ჩემი აზრით, ცუდი არ არის, მაგალითად, თუ საქმე ეხება თაღლითობას. 2000-იან წლებში მნიშვნელოვანწილად, სწორედ „დიდი ხუთეულის“ აუდიტური კომპანიების მიერ თაღლითობის დაფარვამ გამოიწვია ერთ-ერთი დიდი ეკონომიკური კრიზისი. ამ შემთხვევაშიც, იქნებ აუდიტორს დამკვეთთან უთანხმოება იმიტომ მოუვიდა, რომ ეს იყო თაღლითობასთან დაკავშირებული? ზედამხედველობის სამსახურს ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. მე არ ვამბობ, რომ ზედამხედველობა საერთოდ არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს ზედამხედველობა ტოტალურ კონტროლადაც არ უნდა გადაიქცეს. როგორც ყველაფერში, აქაც ოქროს შუალედია დასაჭერი. 

ერთი პერიოდი ამერიკელებს სურდათ, აუდიტორების საქმიანობა მთლიანად თვითრეგულირებადი ყოფილიყო, მაგრამ არ გაამართლა. თუ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს ძალაუფლებას აძლევ, კონტროლის არარსებობისას ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ალბათობა ძალიან დიდია. 

თუმცა, როგორც აღვნიშნე, ოქროს შუალედია მოსაძებნი. ვთქვათ, აუდიტორები, თავისი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, მიდრეკილნი არიან ცუდისკენ, ამიტომ აუცილებელია მათი სრული კონტროლი ზედამხედველობის სამსახურისგან, რომელიც, თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფება? ვართ გარანტირებული, რომ ზედამხედველობის სამსახურის და სამინისტროს მოხელეებისთვის უცხოა ხსენებული ადამიანური ბუნება? გარდა ამისა, ზედამხედველობის სამსახურში, მგონი მხოლოდ მისი ხელმძღვანელი და კიდევ ერთი-ორი კაცია სათანადო სპეციფიკური პროფესიული გამოცდილებით. გამოდის, რომ აღრიცხვას და აუდიტს ქვეყანაში მთლიანად ფინანსთა სამინისტრო აკონტროლებს. ყველაზე კარგი ვარიანტი იყო პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს არსებობა. 

რეფორმის დანარჩენ ნაწილს რაც შეეხება, განგრძობითი განათლების აუცილებლობის მოთხოვნა კარგია, ხარისხის კონტროლს რომ ყურადღება ექცევა ესეც კარგია, სერტიფიცირების საკითხი თანამედროვე დონეზეა მოგვარებული, აუდიტორების და აუდიტური კომპანიების ელექტრონული რეესტრის შემოღება უდავოდ პროგრესია. 

სანამ კანონის მოთხოვნები გამკაცრდებოდა, სერთიფიკატის აღება მარტივად შეგეძლო. მაგალითად, ერთ-ერთ პრივილეგირებულ პროფესიულ ორგანიზაციაში თუ კურსებს გაივლიდი (შესაბამისი გადასახდელით), აიღებდი სერტიფიკატს, რომელსაც პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო ავტომატურად აღიარებდა. დღეს ამ კუთხით საქმე უკეთაა, მათ შორის, ახალი კანონის დამსახურებითაც. 

- ახალი სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიმართულებით იკვეთება თუ არა საფრთხე, რომ 10-12 საერთაშორისო ბრენდით მომუშავე კომპანია `დომინანტურ~ მდგომარეობაში აღმოჩნდეს და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია შეიზღუდოს? 

- ბუნებრივია, ასეთი ტენდენცია ჩანს, თუ არაფერი შეიცვალა კანონმდებლობაში. 

პატარა აუდიტურ კომპანიებსაც უნდა მიეცეთ არსებობის საშუალება. კანონი თუ კიდევ უფრო გამკაცრდება, მცირე აუდიტური კომპანიები აღარ იარსებებენ. აუდიტურ კომპანიებს რეგულაციების გამკაცრებით ხარჯები ეზრდებათ, რაც თავის მხრივ, მათ მიერ გაწეული მომსახურებისთვის მოთხოვნილ ანაზღაურების გაზრდას იწვევს. შედეგად, კონკურენტულ ბრძოლაში მსხვილი მოთამაშეები დემპინგის ან რეკლამის საშუალებით ნელ-ნელა გამოდევნიან ბაზრიდან სუსტ კონკურენტებს და მოსუფთავებულ ასპარეზზე საკუთარ წესებს დაამყარებენ. მონოპოლია, ოლიგოპოლია და კონკურენციის არ არსებობა ხომ ეკონომიკას უკან სწევს? 

- თქვენი კომპანია თუ არის რომელიმე პროფესიული ორგანიზაციის წევრი? 

- უფრო სწორი იქნება საკითხის განსხვავებულად დაყენება: კომპანიის აუდიტორი (აუდიტორები) არის საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის წევრი, კომპანია კი ამ ფედერაციის ერთ-ერთი შემომწირველია. ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ. 2009 წლიდან, აქტუალური იყო თეზისი „ყველანი ციხეში“. იგეგმებოდა, რომ ახალი კანონის თანახმად, ყველა აუდიტორობის მსურველი უნდა გამხდარიყო ერთ-ერთი, სახელმწიფოსგან ლობირებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი და მიეღო მხოლოდ ის წყალობა, რასაც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა გაიღებდა. 2012 წლის ბოლოს მიიღო კიდევაც პარლამენტმა ასეთი კანონი, მაგრამ ხელისუფლების ცვლილებისთანავე პარლამენტმა ამ კანონის პროფესიის მკვლელი მუხლები გაურკვეველი ვადით შეაჩერა. 2016 წლის კანონი მეტად პროგრესულად მიმაჩნია, 2012 წლის ავადსახსენებელ კანონთან შედარებით. 

- როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროფესიის მომავალი? 

- ვფიქრობ, აუდიტორული საქმიანობის რეგულაციებში უნდა გაიზარდოს თვითრეგულაციის წილი სახელმწიფო რეგულაციის შესუსტების ხარჯზე. სასურველია ზედამხედველობის სამსახურის აღმასრულებელი ხელისუფლების შტოდან გამოყვანა და ისევ მხოლოდ საკანონმდებლო ხელისუფლებისადმი (პარლამენტისადმი) დაქვემდებარება. ასევე, აუდიტორისა და ბუღალტრის საქმიანობა ცალ-ცალკე კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს. ამასთანავე, არგუმენტირებული საფუძვლის გარეშე ზედამხედველობის სამსახურს აუდიტური კომპანიების შემოწმების უფლება არ უნდა ჰქონდეს. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი ამ მიმართულებით წარიმართება. 

- ინტერვიუს ბოლოს, ამ რუბრიკის ტრადიციულ კითხვას დაგისვამთ. როგორია თქვენი თავისუფალი დრო? 

- თავისუფალი დრო მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ადრინდელთან შედარებით, დაკვეთები შემცირებულია. თანაც, ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრესის ფონზე, სამუშაო ადგილის ფიზიკური მდებარეობის მნიშვნელობა მეორეხარისხოვანი ხდება. გინდ ქალაქის ოფისში იმუშავე კომპიუტერთან და გინდა სოფელში. ჩემთვის საუკეთესო დასასვენებელი ადგილი _ ჩემი სოფელია, საუკეთესო დასვენება კი - ეზოში საქმიანობა, „მსუბუქი“ სოფლის მეურნეობა და შვილიშვილებთან ურთიერთობა. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი