ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) წევრ გარი კაბურეკთან - #11(239), 2019
გარი კაბურეკი - ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) წევრად 2013 წელს დაინიშნა, ხოლო 2017 წელს - მეორე ვადით განმეორებით აირჩიეს. 2001-2013 წლებში, „ქსეროქსის“ კორპორაციაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2003 წლიდან იმავე კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს. ის 1200-ზე მეტ ბუღალტერს უწევდა მეთვალყურეობას მსოფლიო მასშტაბით და პასუხისმგებელი იყო კომპანიის კორპორაციული ანგარიშგების შესაბამისობის უზრუნველყოფაზე აშშ-ის საყოველთაოდ აღიარებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებთან. კაბურეკი ზედამხედველობას უწევდა კომპანიის შიდა კონტროლებს, სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებას, ახალი პროცედურების დანერგვას და როგორც შიდა, ასევე გარე ფინანსურ ანგარიშგებების მომზადების პროცესებს. 

სანამ ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას დაიკავებდა, ბატონი კაბურეკი 1985 წლიდან კორპორაცია „ქსეროქსში“ სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა. მისი კარიერა 1975 წელს დაიწყო აუდიტურ კომპანიაში, რომელსაც ახლა PwC ეწოდება. ამ კომპანიაში მან 10 წელი იმუშავა. ბატონი კაბურეკი ფინანსური აღმასრულებლების ასოციაციის - Financial Executives International-ის აქტიური წევრია. დანიშვნამდე, იგი თანამშრომლობდა სხვადასხვა საზედამხედველო სამსახურებთან, როგორიცაა აშშ-ის საჯარო კომპანიებში ბუღალტრული აღრიცხვის ზედამხედველობის საბჭო (PCAOB) და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების საბჭო (FASB). ბატონ კაბურეკს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მინიჭებული აქვს ბრიჯპორტის უნივერსიტეტისგან. იგი გახლავთ სერტიფიცირებული საზოგადოებრივი ბუღალტერი (CPA) და 2008 წელს შეყვანილ იქნა აშშ-ის სერტიფიცირებული საზოგადოებრივი ბუღალტრების ინსტიტუტის (AICPA) დიდების დარბაზში.

- ბატონო გარი, პირველ რიგში, გთხოვთ გვიამბოთ თქვენ შესახებ: სად მიიღეთ უმაღლესი განათლება, სად დაიწყეთ მუშაობა სწავლის დამთავრების შემდეგ და როგორ გაგრძელდა თქვენი შრომითი ბიოგრაფია? 

- უნივერსიტეტი დავამთავრე კონექტიკუტის შტატში, ამავე უნივერსიტეტში მივიღე ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების სპეციალობით. ჩემი მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ წარმატების მისაღწევად მაინცდამაინც ელიტური უნივერსიტეტის დამთავრება არ არის აუცილებელი. კარიერა დავიწყე აუდიტურ კომპანია „ფრაისუოთერჰაუსკუპერსში“, სადაც 10 წელი ვიმუშავე, ძირითადად საჯარო ანგარიშვალდებულ კომპანიებზე. ეს დამეხმარა 1985 წელს გადავსულიყავი „ქსეროქსის“ კორპორაციაში სააღრიცხვო პოლიტიკისა და კვლევების განყოფილებაში. ძირითადად ბუღალტრულ თანამდებობებზე ვმუშაობდი და კარიერულად ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევდი. რადგან პროფესიულად ძალიან აქტიური ადამიანი ვიყავი, მქონდა შესაძლებლობა მეთანამშრომლა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მაგალითად SEC-თან (ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია), FASB-თან (ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების საბჭო) და PCAOB-თან (საჯარო კომპანიებში ბუღალტრული აღრიცხვის ზედამხედველობის საბჭო) და სტანდარტების სხვა შემმუშავებელ ორგანიზაციებთან. მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდი აშშ-ში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სტანდარტების შემუშავებაში. ეს მოქმედებები, საჯარო სამსახურში მუშაობით დაინტერესების დემონსტრირება და შესაბამისი უნარები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა საბჭოში (IASB) დანიშვნისთვის. 

- როგორ მოხდა თქვენი არჩევა IASB საბჭოს წევრად -გაიმარჯვეთ ღია კონკურსში თუ სხვა პროცედურების მიხედვით ხდება ახალი წევრების არჩევა? 

- როგორც ნებისმიერ სხვა სამსახურში, აქაც პირველ რიგში განაცხადი უნდა შეიტანო ამ თანამდებობაზე. ჩემი თავდაპირველი განაცხადის შეტანიდან დაახლოებით 15 თვეში მივიღე შეთავაზება გავმხდარიყავი მათი წევრი. როგორც წესი, ამ პროცესს ხანგრძლივი დრო სჭირდება, როლის გლობალური მნიშვნელობის გათვალისწინებით. ფასს-ების ფონდის მეურვეებს აქვთ ფართო ხედვა იმისა, თუ რა სურთ ორგანიზაციაში გამოცდილების, უნარ-ჩვევების, გეოგრაფიის და ა.შ. გათვალისწინებით. ეს არ არის მკაცრად შეზღუდული ფორმულა. იმ წელს, როდესაც განაცხადი შევიტანე, ისინი ეძებდნენ დიდი კომპანიის ანგარიშგების მომამზადებელ პიროვნებას. ასეთი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლებოდა მოეძებნათ, მაგრამ იმავდროულად, მათ სურდათ საბჭოს წევრის მოძებნა ჩრდილოეთ ამერიკიდან. ისინი ეძებდნენ არა მხოლოდ პროფესიული უნარების მქონე კანდიდატს, არამედ საჯარო სამსახურში მუშაობით დაინტერესებულს.
 
- თუ არის ფუნქციები საბჭოს წევრებს შორის გადანაწილებული და თუ კი, კონკრეტულად, თქვენ რომელ მიმართულებას კურირებთ? 

- ჩვენ, საბჭოს წევრებს, საოპერაციო მოვალეობები არ გვაქვს. ასეთი პასუხისმგებლობა საბჭოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს აკისრია. დანარჩენი წევრების დანიშნულებაა დავეხმაროთ საბჭოს ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების შემოშავებასა და გაუმჯობესებაში. ამას ვაკეთებთ სხვადასხვა გზებით, როგორიცაა ხმის მიცემა, პერსონალის ხელმძღვანელობა, აუდიტორიასთან (ფასს-ების მომხმარებლებთან) ურთიერთობა მათი მოთხოვნილებებისა და პრობლემების გასაგებად, და ა.შ. შემდეგ ამ ინფორმაციის გაანალიზება საკუთარი ბიზნეს გამოცდილებიდან გამომდინარე. საბოლოოდ, საკითხები თავს იყრის საბჭოში და წყდება ხმის ერთი მიცემით _ არის განსახილველი კონკრეტული პროექტი გაუმჯობესება არსებულ სტანდარტებთან შედარებით თუ არა. 

- 2009 წლიდან, საბჭომ გამოსცა მსს ფასს (მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი). როგორ ფიქრობთ, გაამართლა ამ სტანდარტმა თუ მისი აუცილებლობა არ იყო? ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამან მეტი სირთულეები შეიტანა ფასს-ების დანერგვის პროცესში. ხომ არ ჯობდა, მაგალითად, დარჩენილიყო ფასს-ების სრული სტანდარტები ყველასთვის, და განსხვავება მცირე საწარმოებისათვის, მხოლოდ განმარტებითი შენიშვნების სიმცირით შემოფარგლულიყო? ასეთი ვარიანტი თუ განიხილება? 

- მე მტკიცედ ვუჭერ მხარს მსს ფასს-ს. ამ სტანდარტმა პრაქტიკულად გაამართლა. მსს ფასს არის მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სხვა მომხმარებელზე გათვლილი. მაგალითად, თუ თქვენ საჯარო ანგარიშვალდებულების მქონე კომპანიას წარმოადგენთ, მაშინ თქვენს გრძელვადიან პერსპექტივებს არსებულ ან პოტენციურ აქციონერებს გაუზიარებთ. აქციონერებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო მოთხოვნილებები აქვს. მსს ფასს განკუთვნილია დახურული კერძო კომპანიებისათვის, რომელთა ანგარიშგებების მომხმარებლები ინსაიდერები არ არიან. მცირე ან საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგებების მომხმარებელია, როგორც წესი, ბანკირი ან სავაჭრო კრედიტორი, რომელსაც აინტერესებს დაუბრუნდება თუ არა მას ფულადი სახსრები შეთანხმებულ დროში და სათანადო ოდენობით. ეს არის მნიშვნელოვნად განსხვავებული საინფორმაციო მოთხოვნილება, ვიდრე ეს გრძელვადიან ინვესტორს აქვს. ამიტომაც შემუშავდა მსს ფასს, რადგან მომხმარებლები გამოხატავდნენ სურვილს, რომ ინფორმაცია მოთხოვნილებების შესაბამისი ყოფილიყო. სრული ფასს-ებით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება შეიცავს ბევრ ისეთ ინფორმაციას, რომელიც კაპიტალში გრძელვადიანი ინვესტორისთვის არის საინტერესო, მაგრამ არ აინტერესებს საბანკო და სხვა კრედიტორებს. 

ამგვარად, მსს ფასს სტანდარტი დაწერილია როგორც განსხვავებული იდეის მატარებელი სტანდარტი მომხმარებელთა სხვა ჯგუფისთვის. 

- სადღეისოდ, კონკრეტულად რა ამოცანები დგას დღის წესრიგში საბჭოს წინაშე? 

- მსხვილი მიმდინარე პროექტები, რომლებიც დასასრულებელია, ამჟამად არაა. ბოლო ეტაპზეა ფასს 17 „სადაზღვევო ხელშეკრულებების“ დამუშავება, მაგრამ ეს პროექტი უფრო კონკრეტული ინდუსტრიისთვის არის საინტერესო და ნაკლებსაინტერესოა ბევრი სხვისთვის. სტანდარტი „ძირითადი ფინანსური ანგარიშგება“ _ ეს არის შემდეგი მსხვილი პროექტი, რომელიც, როგორც მაგალითად ფასს 15, ყველას შეეხება, თუმცა ამ სტანდარტის ამოქმედებამდე რამდენიმე წელია დარჩენილი. ეს სტანდარტი ძირითად ცვლილებებს მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში შეიტანს, შეზღუდულ ცვლილებებს _ ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში, სხვა საანგარიშგებო უწყისები კი არ შეიცვლება. იცვლება ფინანსური ანგარიშგების საერთო ფორმა და შინაარსი, მაგრამ აღიარება და შეფასებებში ცვლილებები არ იგეგმება. 

- ფასს-ების ფონდის დაფინანსების დაახლოებით 25%-ს შეადგენს აუდიტური კომპანიებისაგან მიღებული თანხები. ეს „დიდი ოთხეულის“ კონტრიბუციაა თუ სხვა აუდიტური კომპანიებიც არიან? რა ფორმით ხდება ეს, ნებაყოფლობითი შემოწირულებებია თუ სახელშეკრულებო ურთიერთობებით რეგულირდება? 

- ყველა შემოწირულობა არის ნებაყოფლობითი. აღვნიშნავ, რომ მე ვარ საბჭოს წევრი და ფულადი სახსრების მოზიდვით დაკავებული არ ვარ. მსხვილ კომპანიებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ნებაყოფლობით. თეორიულად, ეს ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს, მაგრამ ამგვარი მოლოდინის არანაირი საფუძველი არ არსებობს. 

- თავად ფასს-ების ფონდის ფინანსური ანგარიშგება თუ ქვეყნდება საჯაროდ და სად შეიძლება ვნახოთ ბოლო წლის ფინანსური ანგარიშგება? 

- ფონდის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება ხელმისაწვდომია ფონდის ვებგვერდზე ifrs.org - იხ. https://cdn.ifrs.org/-/media/feature/about-us/funding/annual-report-2018.PDF  

- ევროპის სამ ქვეყანაში - ესტონეთში, საქართველოსა და ლატვიაში, კომპანიებისთვის მოქმედებს მოგების დაბეგვრის თავისებური, ე.წ. „ესტონური მოდელი“, როდესაც მოგების გადასახადი გაანგარიშდება და გადაიხდება მხოლოდ კომპანიიდან მოგების ფაქტობრივად გატანის შემთხვევაში. დაბეგვრის ეს მოდელი არ არის განხილული ბასს 12-ში „მოგებიდან გადასახადები“. ხომ არ იგეგმება აღნიშნულ სტანდარტში შესაბამისი ცვლილების/დამატების შეტანა? 

- მსოფლიოში მოგების გადასახადით დაბეგვრის ბევრი სხვადასხვა მოდელი არსებობს. ისინი, შესაძლოა, იწვევენ შეკითხვებს ბასს 12-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამჟამად ჩვენს მიმდინარე სამუშაო პროექტებში ბასს 12-თან დაკავშირებული ცვლილებების მომზადება არ შედის. 

- თქვენს დღევანდელ გამოსვლაში, ახსენეთ, რომ იგეგმება ე.წ. უჩვეულო მუხლების შემოღება ფინანსურ ანგარიშგებაში. მსგავსი რამ „განსაკუთრებული მუხლების“ სახელწოდებით წლების წინ განსაზღვრული იყო ბასს 8-ით, მაგრამ შემდეგ ეს ტერმინი გაუქმდა. ახლა რატომღა ვუბრუნდებით მას? 

- „უჩვეულო მუხლები“ შეიძლება ჟღერს იმის მსგავსად, რაც „განსაკუთრებული მუხლები“, მაგრამ ეს ერთი და იგივე არ არის. „უჩვეულო მუხლები“ აღნიშნავს იმ პოზიციებს, რომლებიც უჩვეულოა ანგარიშვალდებული კომპანიისთვის და ის მომავალში აღარ მოელის მათ განმეორებას. ამ მუხლების მიზანია, დაეხმაროს მომხმარებლებს მოგებისა და ზარალის შედეგების ანალიზში იმ არსებითი მუხლების გამოვლენის გზით, რომლებიც სავარაუდოდ აღარ განმეორდება უახლოეს მომავალში. 

- როდესაც გამოსვლისას ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებების მნიშვნელობაზე საუბრობდით, აღნიშნეთ, როგორი სასარგებლოა სამართლიანი და სრული წარდგენა. მაგრამ, იმავდროულად, ბასს 38 განსაზღვრავს, რომ საწარმოს შიგნით წარმოქმნილი სასაქონლო და სავაჭრო ნიშნები არ უნდა აღიარდეს ფინანსურ ანგარიშგებაში. ამ დროს, მათი ღირებულება შეიძლება ძალიან დიდი იყოს (მაგალითად, თუნდაც XEROX ბრენდის). სამართლიანი წარდგენის პრინციპი არ ირღვევა ამ დროს? 

- ეს საინტერესო თემაა. მოკლედ რომ ვთქვათ, კომპანიის შიგნით წარმოშობილი სავაჭრო ნიშნები ვერ აღიარდება, რადგან მათი საიმედო შეფასება _ თითქმის შეუძლებელია და ჩვენ ასეთი რამ კონცეპტუალურად რომც შევძლოთ, მაშინ გაუფასურების ზარალზე ტესტირების ჩატარება მოგვიწევს, რაც თავის მხრივ საკუთარ პრობლემებს წარმოშობს.

- თუ მიდის მუშაობა FASB-თან იმაზე, რომ IFRS-ებით და GAAP-ით განსაზღვრული მეთოდოლოგიები თანდათანობით დაახლოვდნენ და საბოლოოდ, ერთიანი სააღრიცხვო და საანგარიშგებო მეთოდოლოგია ჩამოყალიბდეს? 

- ჩვენ ხშირად ვურთიერთობთ FASB-თან და მის თანამშრომლებთან, მაგრამ არსებული შესაბამისი სტანდარტების შერწყმა არ იგეგმება. ცხადია, მთელი მსოფლიოსთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ფინანსური ანგარიშგებების მომზადების ერთიანი მეთოდოლოგია არსებობდეს, მაგრამ ამჟამად არსებული სიტუაციაც სავსებით მისაღებია. 

- თქვენს ბიოგრაფიაში არის ასეთი დეტალი, რომ თქვენი სახელი შეტანილია ამერიკის სერტიფიცირებული საზოგადოებრივი ბუღალტრების ინსტიტუტის (AICPA) დიდების დარბაზში. კონკრეტულად რას ნიშნავს ეს და აქ მხოლოდ ამერიკელები ხვდებიან? 

- ამის შესახებ გავიგე მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე დამასახელეს. იმ პერიოდში საკმაოდ კარგად ვიყავი ცნობილი ამ პროფესიაში და ჩემთვის დიდი პატივი იყო ეს აღიარება ჩემი თანატოლებისაგან. გულახდილად რომ გითხრათ, შერჩევის პროცესის კონკრეტული კრიტერიუმები არ ვიცი. 

- და ბოლოს, როგორც ვიცი, საქართველოში ექსკურსია გქონდათ. რას იტყვით ქართული ღვინის შესახებ, ჯობია ამერიკულ ღვინოს? 

- ქართული ღვინო ძალიან კარგია, მაგრამ ნიუ-იორკის შტატის ღვინის რეგიონიდან ვარ და შეფასებაში არაობიექტური ვიქნები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევროპაში ვიცხოვრე და ძალიან მიყვარს იტალიური ღვინო. სახლში დაბრუნებამდე ვაპირებ ქართული ღვინის შეძენას, შინ წასაღებად. 

ესაუბრნენ ზვიად გიორხელიძე და მაკა ხარაზიშვილი