ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ აუდიტური კომპანია "მოორ ეიბისი"-ს პარტნიორ მიხეილ აბაიაძესთან - #1(241), 2020
მიხეილ აბაიაძე - დაიბადა ქ. თბილისში, 1980 წლის 18 თებერვალს. 

2001 წელი - დააამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით `აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი~ და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. 

2003 წელი - დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე. 

გავლილი აქვს ლიდერთა სკოლის პროგრამა მანჩესტერის უნივერსიტეტში. 
არის სერტიფიცირებული აუდიტორი და პროფესიონალი უძრავი და მოძრავი ქონების შემფასებელი. 

აქვს 20-წლიანი გამოცდილება პროფესიული მომსახუ-რების და პედაგოგიური საქმიანობის სფეროში, მათ შორის: 

7 წელი - აუდიტური და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია, Moore ABC (ყოფილი Morison Georgia, LLC), დირექტორი/ პარტნიორი. 

8 წელი - აუდიტური და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია PKF-ის აღმასრულებელი დირექტორი/პარტნიორი, 40 თანამშრომლის ხელმძღვანელი; 

5 წელი - აუდიტური და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია UBC სპეციალისტთა გუნდის წევრი და ლიდერი, სხვადასხვა თანამდებობები; 

5 წელი - პროფესორის ასისტენტი, პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

პროფესიული კარიერის მანძილზე წარმატებით უძღვებოდა აუდიტორულ, იურიდიულ-საგადასახადო, საშემფასებლო, საინვესტიციო, კორპორატიული განვითარების და სხვა ბიზნეს-საკონსულტაციო პროექტებს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბიზნესის დაკვეთით. 

არის შემდეგი პროფესიული ორგანიზაციების წევრი: 

- საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრი და ამავე ფედერაციის საწევრო კომიტეტის თავმჯდომარე (2010-2016, www.gfpaa.ge); 

- საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრი და ამავე ფედერაციის ეთიკისა და დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2018, www.gfpaa.ge); 

- საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების პირველი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს წევრი (www.ivsg.ge). 

დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

- ბატონო მიხეილ, სანამ პროფესიულ კითხვებზე გადავალთ, მანამდე თქვენ შესახებ მოგვიყევით. როგორ მოხვდით აუდიტორულ სამყაროში? 

- 1980 წლის 18 თებერვალს თბილისში დავიბადე. ვსწავლობდი თბილისის მე-5 გიმნაზიაში, რომელიც 1997 წელს დავამთავრე. იმავე წელს სწავლა გავაგრძელე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, აღრიცხვის, აუდიტისა და ანალიზის სპეციალობით. 2001 წელს წარჩინებით დავამთავრე უნივერსიტეტი, მივიღე ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 2003 წელს ასევე წარჩინებით დავამთავრე მაგისტრატურა. 2003 წლიდან, დაახლოებით, 6 წელი კათედრაზე პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი. პარალელურად, 2000 წლიდან ვარ პროფესიაში. 

2000 წელს, სრულიად შემთხვევით, უნივერსიტეტში ერთ-ერთი ახლად დაფუძნებული აუდიტური კომპანიის („GDD“) ხელმძღვანელი მოვიდა და ფაკულტეტის დეკანს ამ კომპანიაში წარმატებული სტუდენტების სტაჟირებაზე გაგზავნა სთხოვა, შემდგომი დასაქმების მიზნით. კათედრის მაშინდელმა გამგემ, ომარ ჩადუნელმა მე და რამდენიმე ჩემი ჯგუფელი აგვარჩია და ამ კომპანიაში მიგვავლინა. მაშინ მესამე კურსზე ვიყავი. კანონი 1995 წელს იყო მიღებული და პროფესიაში ახალი ნაბიჯები იდგმებოდა. ბევრმა არ იცოდა, თუ რა იყო აუდიტი, ბევრისთვის აუდიტორი საგადასახადო შემმოწმებელთან ასოცირდებოდა. 

2002 წელს ეს კომპანია მეორე კომპანიას შეერწყა, რომელსაც „იუბისი ინტერნეიშენალი“ ერქვა. ჩემი პირველი სამსახური „ჯი დი დი“ უფრო მეტად კონცენტრირებული იყო საგადასახადო აუდიტზე და რევიზიებზე. მეორე კომპანია „იუბისი“ პორტფელს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსთან~ ერთად ფლობდა. იმ დროისთვის ამ ორი კომპანიის შერწყმა ძალიან დიდი სინერგია იყო. შესაბამისად, საერთაშორისო პრაქტიკის მქონე კომპანიაში აღმოვჩნდი. 2002 წლიდან ამ კომპანიას გაერთიანების შედეგად დაერქვა „იუბისი“. ახალი პარტნიორები შემოვიდნენ და ეს კომპანია უფრო გაძლიერდა. საქართველოში „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ პარტნიორები 2005 წლამდე ვიყავით. 

- რა პოზიციაზე მუშაობდით ამ კომპანიაში? 

- ამ სპეციალობაში საქმიანობა სტაჟიორიდან მაქვს დაწყებული, გავლილი მაქვს ყველა პოზიცია – ასისტენტი, უფროსი აუდიტორი, მენეჯერი, დირექტორი და პარტნიორი. 

2005 წელს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსმა“ გადაწყვიტა საქართველოში თავისი წარმომადგენლობა გაეხსნა. ჩვენი თანამშრომლების 95% ამ კომპანიის წარმომადგენლობაში გადავიდნენ. თუმცა, მე დარჩენა და ახალ გამოწვევებთან გამკლავება ვამჯობინე. ამ კომპანიაში დირექტორის პოზიციაზე დავრჩი. მაშინ მხოლოდ 25 წლის ვიყავი და ბუნებრივია, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. 

- იმ პერიოდში "იუ ბი სი ინტერნეიშენალი" აუდიტური ფირმების რეიტინგში ერთ-ერთი პირველი იყო, მაგრამ შემდეგ გაქრა ბაზრიდან. ეს რატომ მოხდა? 

- 2005 წელს, როდესაც ჩვენი თანამშრომლები სხვა კომპანიაში გადავიდნენ, ძალიან კარგად ვიმუშავეთ და იგივე ადგილი შევინარჩუნეთ. 2012 წლამდე კომპანია ძალიან წარმატებული იყო და რეიტინგში არ ჩამოქვეითებულა. 

2005 წელს საქართველოში საერთაშორისო აუდიტური ფირმების „დიდი ოთხეულიდან“ მარტო ერთი კომპანია იყო - „ერნსტ ენდ იანგი“. რეიტინგში მერე ჩვენ ვიყავით. შემდეგ "დიდი ოთხეულიდან" ნელ-ნელა სხვა კომპანიებიც დაემატნენ. მათ თავიანთი საერთაშორისო კლიენტები მოჰყვათ და კონკურენციამ იმატა. ამიტომ მაგ დროს ჩვენ PKF International-ის ქსელს შევუერთდით და ბაზარზე უკვე ამ ბრენდით გამოვდიოდით. ჩვენმა გადაწყვეტილებამ, რომ გავმკლავებოდით გამოწვევას, რეალურად გაამართლა. 

2013 წლამდე „PKF ჯორჯიას“ დირექტორი ვიყავი. შემდეგ პარტნიორებს განსხვავებული ხედვები შეგვექმნა და გადავწყვიტე საქმიანობა საკუთარი ძალებით მეცადა, რასაც 2014 წელს ახალ საერთაშორისო ქსელში - „მორისონ ინტერნეიშენალში“ გაწევრება მოყვა, რომელიც საკმაოდ რეიტინგული, კარგი ქსელია. ჩამოვიდნენ, შეგვამოწმეს, მოვეწონეთ და 2014 წლიდან 2019 წლის ივნისამდე ვიყავით მათი წევრები. საკმაოდ ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, კარგი გამოცდილება მივიღეთ, ვმონაწილეობდით საერთაშორისო კონფერენციებში. თუმცა, ჰორიზონტზე გამოჩნდა კიდევ უფრო ძლიერი საერთაშორისო ქსელი, რომელსაც ჰქვია „მოორი“. აღმოვაჩინეთ ერთმანეთი. 2019 წელს, ახლა უკვე მათ ჩაგვიტარეს ხარისხის კონტროლი, დავაკმაყოფილეთ ხარისხის მოთხოვნები და შემოგვთავაზეს მათი წევრობა. 

- თქვენი კომპანიის სახელს "ჯორჯია" ჩამოშორდა. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აუდიტურ ბაზარზე კომპანიებს, ქართული ბრენდით, ფეხის მოკიდება უჭირთ? 

- ყველაფერი მაინც გლობალიზაციისკენ მიდის. საერთაშორისო ცოდნა გლობალურ კომპანიებში აკუმულირდება. იმისთვის, რომ ბაზარზე კომპანიამ საქმიანობა შეძლოს, იყოს წარმატებული, ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ გლობალური სახელი გვქონოდა. ეს კომპანიები მარტო სახელს არ იძლევიან, დამატებით თავიანთთ გამოცდილებას გვიზიარებენ, გვეხმარებიან ხარისხის მონიტორინგში, სხვადასხვა პროგრამის დანერგვაში, რაც ჩვენს კონკურენტუნარიანობას ზრდის. ამის პარალელურად შემიძლია ვთქვა, რომ ქართული კომპანიები, რომლებიც მოტივირებულები არიან და სურთ ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სახელით საქმიანობა, შეუძლიათ ეს გააკეთონ, თუმცა, გარკვეული ძალისხმევა დასჭირდებათ. 

- თქვენ აღნიშნეთ, რომ როდესაც პროფესიაში მოხვედით, კანონი სულ ახალი მიღებული იყო და ამ მიმართულებით ახალი ნაბიჯები იდგმებოდა. შემდეგ იყო 2012 წელი, კიდევ ერთი ახალი კანონი, რომელსაც ბევრი აუდიტორი ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, მას მხარს უჭერდა ბაფ-ის გამგეობის წევრთა უმეტესობა. თქვენი პოზიცია როგორი იყო? 

- ყოველთვის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ვემხრობოდი. 1995 წლის კანონი აშკარად მოძველებული იყო, ყველაფერს აუდიტორული საქმიანობა ერქვა - დაწყებული საგადასახადო-საშემფასებლო საქმიანობიდან ბუღალტრულ მომსახურებამდე დამთავრებული. ეს კანონი უნდა შეცვლილიყო. დავიწყეთ ინიცირება. ბაფი ერთ-ერთი იყო, რომელიც ამ კანონის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდა. თავად ბაფი საქართველოში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას ემხრობოდა. ისე მოხდა, რომ მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც თვითრეგულირება წინა პლანზე იყო წამოწეული როგორც ევროკავშირის ქვეყნებშია. ამ კანონის გავლენის შეფასება ახლა ჭირს, ვინაიდან ბოლომდე ვერ ამოქმედდა, აუდიტურ კომპანიებს ხარისხის კონტროლი უნდა გაევლოთ და აკრედიტებული ორგანიზაციის წევრად დარეგისტრებულიყვნენ. ყველა კომპანია ვერ დარეგისტრირდა და ფედერაციამაც ვეღარ განახორციელა ხარისხის კონტროლი. გარდა ამისა, ფედერაციას რესურსი და ენერგია ჭირდებოდა იმისთვის, რომ ეს პროცესი ბოლომდე მიეყვანა.
 
- საინტერესოა თქვენი მოსაზრება, საქართველოს მთავრობის ცნობილ 360-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე აუდიტურ ფირმას სხვებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდა რამე სახის კრიტერიუმების განსაზღვრის გარეშე. აქვე გკითხავთ, 2017 წლის ბოლოს ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე 13 კომპანიას მიენიჭა სდპ-ების აუდიტის ჩატარების უფლება. თვლით თუ არა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, 360-ე დადგენილება იქნა აღდგენილი? 

- 360-ე დადგენილება 2009 წელს ამოქმედდა. იმ პერიოდში ჩვენი კომპანია იყო PKF-ის წარმომადგენელი და ამ ჩამონათვალში მოხვდა. გულახდილად, რომ ვთქვათ, რატომღაც მაშინ ამ დადგენილებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ჩვენ ეს არ გვიგვრძნია, ვინაიდან ჩვენი კლიენტურა ამაზე არ იყო დამოკიდებული. თუმცა, 2013 წელს, როდესაც ამ კომპანიიდან წამოვედი და ბაზარს შევეჭიდე, აღმოჩნდა, რომ ეს სია ბევრი თემის გადამწყვეტი ყოფილა. ვინაიდან „მორისონის“ საერთაშორისო სახელი გვქონდა, მივწერეთ ფინანსთა სამინისტროს და ამ სიაში შეყვანა მოვითხოვეთ. უარი განგვიცხადეს იმ მოტივით, რომ ამისთვის შესაბამისი კრიტერიუმები არ ჰქონდათ. ვიკითხეთ, თუ კრიტერიუმები არ ჰქონდათ, სხვა კომპანიები ამ სიაში როგორ აღმოჩნდნენ. ამ საკითხზე დავა დაახლოებით 2 წელი გრძელდებოდა. ბოლოს ეკონიმიკისა და ფინანსთა სამინისტროებს, ასევე საქართველოს მთავრობას სასამართლოში ვუჩივლეთ, ვინაიდან ეს იყო მცირე კომპანიების დისკრიმინაცია. მათ უნდა შეემუშავებინათ ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც პროპორციულად, ადეკვატურად და სამართლიანად ყველა კომპანიას შეეხებოდა. არ შეიძლება ბაზარზე იყვნენ კომპანიები ხარისხიანი მომსახურებით და მათ ნორმალურად საქმიანობის საშუალება არ მისცე. პირველი ინსტანცია წავაგეთ, ხოლო მეორე ინსტანცია მოვიგეთ. შემდეგ ჩვენი საქმე უზენაეს სასამართლოში გადაიგზავნა. თუმცა, უკვე ახალი კანონი ამოქმედდა და ამ ბრძოლა შეუსაბამო გახდა. 

ამის პარალელურად აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება ქვეყანას გარკვეული მოთხოვნების შესრულებას ავალდებულებდა. მათ შორის, აუდიტორთა ორი სიის შექმნას _ სდპ-ების აუდიტორები და მეორე _ არა სდპ-ების აუდიტორები. გამომდინარე იქიდან, რომ ამდენი საერთაშორისო აუდიტური კომპანიის წევრი ვიყავით, ბევრი მეთოდოლოგია გვქონდა გადამუშავებული და დანერგილი, ხარისხის კონტროლი გავიარეთ, მივიღეთ მეორე კატეგორია და სდპ-ების აუდიტის უფლებამოსილ აუდიტურ ფირმებს შორის მოვხვდით. 

- რამდენად შეიძლება, რომ ეს სია ახალი 360-ე დადგენილება იყოს? 

- თავისუფლად შეიძლება ასე გახდეს, თუ აუდიტური კომპანიები და სახელმწიფო არ იმოქმედებენ ისე, როგორც საბაზრო წესები და კონკურენცია მოითხოვს. თუმცა, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე, ამ სიის ფორმირება მოხდა სამართლიანად და გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მიუხედავად ამისა, ბაზარს თვალყურის დევნება სჭირდება, რომ ეს მოთხოვნა ახალ 360-ე დადგენილებად არ გადაიქცეს. მაგალითისთვის, ბაზარი ყველა ტიპის კომპანიისთვის უნდა არსებობდეს _ სდპ-ების აუდიტორებისთვისაც, რომლებმაც გაიარეს ხარისხის კონტროლი, აქვთ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები და იმ კომპანიებისთვისაც, რომელსაც შეიძლება ეს სდპ-ების აუდიტის ბაზარი საერთოდ არც აინტერესებდეთ. თუ რომელიმე კომპანიას ამ ჯგუფიდან უსამართლო პრობლემები შეექმნება და ჩაითვლება, რომ არაკონკურენტული გარემო შეიქმნა, მაშინ სირთულეები იქნება. 

- სახელმწიფო ტენდერებში თუ იღებთ მონაწილეობას და რა სპეციფიკურ მოთხოვნებს აწყდებით? 

- ვერ ვიტყვით, რომ ხშირად, თუმცა, გვაქვს ამის გამოცდილება. ხშირ შემთხვევაში არაპროპორციულ მოთხოვნებს ვაწყდებით. ეტყობა, ბაზრის გარკვეულ ნაწილს კიდევ არ ესმის, რა არის აუდიტი და რა ფუნქცია აკისრია მას საბაზრო ეკონომიკაში. 

- ზოგადად, აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის პოლიტიკას როგორ აფასებთ? 

- უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ახალმა კანონმა წერტილი დაუსვა იმ ავადსახსენებელ 360-ე დებულებას. ზედამხედველობის სამსახურის პოლიტიკა დიდწილად პირდაპირ ევროდირექტივებს ეყრდნობა. რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, ამ მოთხოვნებს თავად ხარისხის კონტროლის სტანდარტი აყენებს, რომელიც აუდიტურ კომპანიებში აუცილებლად უნდა იყოს დანერგილი. სამსახური ვალდებულია, რომ აუდიტური კომპანიები ხარისხთან მიმართებით შეამოწმოს. ისინი თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ და მე თუ მკითხავთ, ნორმალურად. კარგი იქნება ამ ხარისხის კონტროლს თუ კიდევ უფრო სწრაფად და უფრო დეტალურად განახორციელებენ. გვინდა, რომ მთლიანობაში ამოქმედდეს კანონი და დავინახოთ რა ხდება ბაზარზე. ის, რომ დღეს ზოგ კომპანიას აქვს ხარისხის კონტროლი გავლილი და ზოგს არა, ეს გარკვეულ სირთულეს ქმნის, ვინაიდან ერთი და იგივე პროდუქტი შეიძლება ძვირადაც იყიდო და იაფადაც. იმისთვის, რომ ბაზარზე ვნახოთ რა ხდება, ხარისხის კონტროლი ყველამ უნდა გაიაროს. კარგია ის, რომ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტები დამკვიდრდა, ვინტეგრირდებით დანარჩენ მსოფლიოსთან, მსოფლიოში ბიზნესებს შორის სასაუბრო ენა ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებია, ვინაიდან ეს არის მოგების განაწილების, აქტივების დანახვის, ინვესტიციების მოზიდვის საფუძველი. აუდიტის მიმართულებით კარგი კეთდება ის, რომ მომსახურების ხარისხი იზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ანგარიშგების სანდოობა იზრდება. აუდიტორი, როგორც დამოუკიდებელი ადამიანი, ბაზრის უფრო მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, ინვესტორების თვალში სანდოობას ზრდის. 

- თქვენმა კომპანიამ როგორ გაიარა ხარისხის კონტროლი? 

- ჩვენ ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგილი გვქონდა, გვაქვს შესაბამისი სახელმძღვანელო, დეტალური პროგრამები და გვყავს კვალიფიციური თანამშრომლები. მე და ჩემს თანამშრომლებს საერთაშორისო გამოცდილება გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო აუდიტურ კომპანიებთან გვქონდა ურთიერთობა. მათ, როგორც წესი, ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელო ავტომატურად მოყვებათ, ამასთანავე შესაბამისი ტრენინგები მანამდეც გავლილი გვქონდა. ამიტომ ჩვენთვის მარტივი იყო ხარისხის კონტროლის მონიტორინგის გავლა. 

- 13 აუდიტური კომპანია, რომლებსაც სდპ-ების აუდიტის ჩატარების უფლება აქვს, გარკვეულწილად, ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვგულისხმობ იმას, რომ მათ გაეზარდათ შეკვეთები, ამასთანავე ხარისხიანი აუდიტის ჩასატარებლად ბაზარზე არსებობს კადრების პრობლემა. თქვენი კომპანიის შემთხვევაში კადრების პრობლემა თუ დგას? 

- მთავარია, რომ ბაზარი სწორად იყოს განაწილებული. რაღაც მომენტში, შეიძლება ასეც იყოს, ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა, ეს ხელსაყრელი მდგომარეობა გარკვეულ ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. არ შეიძლება სდპ კომპანიის აუდიტი ისეთმა კომპანიამ ჩაატაროს, რომელსაც ხარისხის კონტროლის მექანიზმები საერთოდ არ აქვს დანერგილი. უბრალოდ, ვერ ჩაატარებს. უხარისხო აუდიტი კი საბაზრო ეკონომიკის პირობებში აქციონერების ინტერესების შელახვას ნიშნავს. 

კონკრეტულად ჩვენს კომპანიას რაც შეეხება, გვაქვს შემოსავლების ზრდა, თუმცა, არა ძალიან მკვეთრი. ჩვენც ჩვეულებრივად ვვითარდებით, როგორც დანარჩენი კომპანიები. თუმცა, როგორც ვიცი, რამდენიმე კომპანიას მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა, ალბათ პარტნიორები დაიმატეს და რაღაც სხვა, დამატებით ნიშას მიაგნეს. 

რაც შეეხება კადრებს, ამ მიმართულებით სირთულეები ნამდვილად არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ აუდიტორის გაზრდას გარკვეული დრო ჭირდება 3-4, შეიძლება 10 წელიც. ბევრი მოდის აუდიტურ კომპანიაში, იღებს გამოცდილებას და შემდეგ იგი ძალიან კარგი კადრია კომერციული ბანკებისთვის, სადაზღვევო სექტორისთვის თუ სხვა კომპანიისთვის. ნებისმიერ კომპანიაში, რომელსაც ბუღალტერი, შიდა აუდიტორი, ან ფინანსური დირექტორი სჭირდება, ამ კადრებზე მოთხოვნაა. ანუ არა მარტო აუდიტორები იბრძვიან ხარისხიანი კადრებისათვის, სხვა პროფილის კომპანიებს თავად აუდიტორული სეგმენტიდან გაჰყავთ ეს კადრები. ბაზარზე კონკურენცია ისედაც გაიზარდა, ვინაიდან აუდიტი უფრო მეტად სავალდებულო გახდა. გარდა ამისა, კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების მომზადება დაევალათ, რომელთა დიდ ნაწილს ასევე აუდიტური კომპანიები აკეთებენ. მთლიანობაში კადრებთან მოთხოვნა გაზრდილია. 

რაც შეეხება კადრების მოძიებას, ამისთვის ხელმისაწვდომია ინტერნეტ-რესურსები, უნივერსიტეტები. თუმცა, უნივერსიტეტები იძლევიან საბაზისო განათლებას, მერე აუცილებელია, რომ აუდიტორებს სპეციალობაში გარკვეული საათები ჰქონდეთ დახარჯული. გარდა ამისა, უნდა მუშაობდეს გამოცდილი ზედამხედველის კონტროლის ქვეშ. ჩვენ თანამშრომლებისთვის, შიდა ტრენინგები გვაქვს, ისინი გადიან სხვადასხვა სპეციალურ კურსებს, ვაგზავნით საზღვარგარეთ კურსებზე, კადრების გასაზრდელად საკმაოდ დიდ ენერგიასა და რესურსს ვხარჯავთ. 

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდით? 

- ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ პატივსაცემი კომპანია ქართულ ბაზარზე და დავიმკვიდროთ მუდმივი ადგილი ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში. 

- დაბოლოს, სხვა რა ინტერესები გაქვთ, რომლითაც თავისუფალ დროს შეიძლება გაერთოთ? 

- თავისუფალ დროს, ძირითადად, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვატარებ. მყავს ორი შვილი. მეუღლე არის ფსიქოლოგი, გენდერის სპეციალისტი. მიყვარს თხილამურებით სრიალიც. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი