ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ პიემსი კვლევითი ცენტრის დირექტორ გიორგი ხიშტოვანთან - №4(244), 2020
გიორგი ხიშტოვანი - დაიბადა 14.04.1983 წ. თბილისში. 

განათლება 

10.2011-12.2014 – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია. 

09.2008-09.2009 – სამართლის მაგისტრი, ტრიერის უნივერსიტეტი, გერმანია. 

10.2005-03.2008 – ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი, ტრიერის უნივერსიტეტი, გერმანია. 

09/2000-09/2005 – ეკონომიკისა და სამართლის ბაკალავრი, ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო. 

სამუშაო გამოცდილება 

7.2017-დღემდე - პიემსი კვლევითი ცენტრი, დირექტორი; PMCG, კვლევითი დირექტორი 

12.2016-დღემდე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლა, ასოცირებული პროფესორი. 

06.2015 - სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი. 

03.2015-12.2016 - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. 

01.2015-05.2015 - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი. 

10.2011-12.2014 - ბრემენის უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, მეცნიერ-თანამშრომელი. 

12.2009-09.2011 - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, დეკანის მოადგილე.

- ბატონო გიორგი, სკოლის ასაკიდანვე თქვენი საგანმანათლებლო პროცესი გერმანიასა და საქართველოს უკავშირდება. უფრო დეტალურად მოგვიყევით თქვენი განათლების შესახებ. 

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ვსწავლობდი ჯერ 57-ე, შემდეგ 54-ე სკოლაში. ასევე, სკოლის დამთავრებამდე, ერთი წელი გერმანიის ერთ პატარა ქალაქის (ბად-ბევენზენი) სკოლაში ვსწავლობდი, სადაც 1999 წელს სკოლის გაცვლითი პროგრამით მოვხვდი. სკოლის პერიოდში გერმანიაში ცხოვრება ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, რომელიც სამომავლოდ ბევრ რამეში დამეხმარა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ სწავლა გავაგრძელე ტექნიკურ უნივერსიტეტში, გერმანულენოვან ფაკულტეტზე _ ეკონომიკა და სამართალი. იმ პერიოდში საქართველოში განათლების ხარისხი კიდევ უფრო დაბალი, გამოწვევები კი კიდევ უფრო დიდი იყო, ვიდრე დღეს. ხოლო ეს ფაკულტეტი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა, სწავლა გერმანულ ენაზე მიდიოდა, ლექციებს გერმანელი პროფესორები კითხულობდნენ, გამორჩეული იყო ორგანიზებულობით. სწავლის მესამე წელს, გაცვლითი პროგრამით, გერმანიაში ქალაქ ლიუნებურგის უნივერსიტეტში მოვხვდი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სწავლის პარალელურად, 2004-2005 წლებში `თიბისი ბანკში~ სასტარტო პოზიციაზე ვმუშაობდი ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტში. პრაქტიკული საქმიანობის თვალსაზრისით, საინტერესო გამოცდილება მივიღე. 2005 წელს დავამთავრე ბაკალავრიატი და იმავე წელს გერმანიის აკადემიური გაცვლითი სააგენტოს (DAAD) დახმარებით, მაგისტრატურის 2-წლიანი სტი პენდია ავიღე და ისევ გერმანიაში დავბრუნდი – კონკრეტულად ქალაქ ტრიერის უნივერსიტეტში; მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, დეკანის მოადგილის პოზიციაზე. ამ პერიოდში მივხვდი, რომ თუ აკადემიური კარიერის გაგრძელებას ვაპირებდი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა აკადემიური დოქტორის ხარისხი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვცადე ბედი DAAD-ის სტი პენდიის ასაღებად. 2011 წელს ავიღე DAAD-ის და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ერთობლივი სტი პენდია და 2011-2014 წლებში სწავლა გავაგრძელე ბრემენის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. 2014 წელს დავიცავი დისერტაცია და 2015 წელს საქართველოში დავბრუნდი. 

- დისერტაციის თემა რა იყო? 

- დისერტაციის თემა საქართველოს ეხებოდა. ეს იყო მმართველობის (Governance) სტრუქტურების ტრანსფორმაციის ანალიზი 2003-2024 წლებში, საჯარო ადმინისტრირება პლუს ფინანსური სექტორის ტრანსფორმაცია. გულისხმობს საბანკო სექტორს, კაპიტალის ბაზრებს, სადაზღვევო სექტორს და ასე შემდეგ. 

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვასწავლიდი რამდენიმე უნივერსიტეტში. 2016 წლიდან აქტიური თანამშრომლობა დავიწყე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ამჟამად, მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასწავლი, ვარ ასოცირებული პროფესორი ფინანსების მიმართულებით. პარალელურად, 2015 წელს ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ში, კვლევების დირექტორის პოზიციაზე. შემდეგ ვიყავი შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. 2017 წლიდან გადავედი "პიემსი - კვლევით ცენტრში", როგორც ამ ორგანიზაციის დირექტორი. პარალელურად, ამავე ჯგუფის საკონსულტაციო კომპანია "პიემსიჯი"-ში ვსაქმიანობ, როგორც კვლევითი დირექტორი. 

- დაახლოებით ერთი წლის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე პარლამენტს თქვენი კანდიდატურა წარუდგინა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული. ახლა რა ეტაპზეა ეს პროცესი? 

- როგორც ვიცი, კანდიდატი ისევ ვარ, თუმცა, პარლამენტში ამ საკითხის განხილვა გაჩერებულია. პროცედურა იყო სამეტაპიანი - ორ კომიტეტზე კანდიდატების მოსმენა, შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე უნდა გასულიყო დასამტკიცებლად. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში, მე და კიდევ ერთმა კანდიდატმა მოსმენა წარმატებით გავიარეთ. შემდეგ, მეორე კანდიდატმა ჩემთვის უცნობი მიზეზებით კანდიდატურა მოხსნა. დავრჩი მე, მაგრამ მეორე კომიტეტის სხდომა აღარ ჩატარდა, უკვე 9 თვეზე მეტია. ცოტა უჩვეულო მდგომარეობაა და ამ საკითხს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. 

- ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებს, ეკონომისტთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს ხოლმე. თქვენ როგორ აფასებთ მონეტარული პოლიტიკის მართვის პროცესს და ზოგადად რამდენად თანმიმდევრულია ეროვნული ბანკის საკუთარი ვალდებულებების განხორციელებისას? 

- ეს საკითხი გარემო პირობების გაანალიზების მიხედვით უნდა შევაფასოთ. გარემო პირობები კი არაპროგნოზირებადი და ტურბულენტურია, შესაბამისად სწორი და არასწორი გადაწყვეტილება არ არსებობს. ბუნებრივია, მედალს ორი მხარე აქვს. ერთია ის, რომ ეროვნულ ბანკს ცვლილებების განხორციელება საკმაოდ ხშირად უწევს, ეს იქნება დარეზერვების საკითხი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება. მეორეა ის, რომ სწრაფად ცვლილებადი გარემო ეროვნულ ბანკს რეაგირების რეჟიმში აგდებს. ვთვლი, რომ ეროვნული ბანკი ცხარე კრიტიკას არ იმსახურებს, როგორსაც ბევრი სპეციალისტი საჯარო დისკუსიისას გამოხატავს. გარკვეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მეც მაქვს განსხვავებული აზრი, თუმცა, ზოგადი შეფასებით ვერ ვიტყვი, რომ ეროვნული ბანკი ცუდად მუშაობს და ვერც იმას ვიტყვი, რომ უშეცდომოდ. 

- ბოლო პერიოდში, ეროვნულ ბანკს ფუნქციები იზრდება, მას დაევალა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის რეგულირება, ასევე განიხილება "სარასის" (ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის) ეროვნულ ბანკში გადატანა. თქვენ როგორ შეაფასებდით ეროვნული ბანკს ამ დოზით გაზრდილ ფუნქციებს?

- არსებობს ასეთი ტერმინი - ინსტიტუციური სტაბილურობის შენარჩუნება. ეროვნულ ბანკს რაც უფრო გაეზრდება ფუნქციები, მით უფრო გაჭირდება სტაბილურობის შენარჩუნება და მგონია, რომ ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს. თუ ის თვლის, რომ ზედმეტია ის ფუნქციები, რომლის თავის თავზე აღებას მას სთავაზობენ, უარი უნდა თქვას. კერძოდ, თუ საპენსიო სააგენტოს ზედამხედველობა არ იყო მის ინტერესში, ეს ვალდებულება უნდა აერიდებინა თავიდან. ზოგადად, არიან ქვეყნები, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მონათესავე ინსტიტუტებს კიდევ უფრო მეტი ფუნქციები აქვთ. ასევე, მათი საქმიანობა უფრო კომპლექსურია, რადგან მაგალითად, განვითარებული კაპიტალის ბაზრის შემთხვევაში, ზედამხედველობა უფრო რთულია, ვიდრე განუვითარებელი ბაზრის დროს, როგორიც საქართველოშია. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. მაგრამ, მაინც, ვიტყოდი, რომ ახალი ფუნქციები ეროვნულ ბანკს მისი მთავარი მანდატის, ფასების სტაბილურობის და ფინანსური სტაბილურობის დავალების კარგად შესრულებას გაურთულებს. თუმცა, ვთვლი, რომ თავად ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად შეუძლიათ ამ ტვირთის ტარება. 

თუ განვიხილავთ საკითხს, მაგალითად `სარასი~ უნდა იყოს თუ არა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ, ამაში ინსტიტუციურ შეუსაბამობას ვერ ვხედავ. არსებობს სხვადასხვა მოდელი, როდესაც `სარასის~ მონათესავე სააგენტოები ეროვნული ბანკების ზედამხედველობის ქვეშ არიან. განვმეორდები, რომ ახლა, ასეთ ტურბურენტულ გარემოში, ეროვნული ბანკისთვის მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებაც კი რთული დავალებაა და ახალი ფუნქციების დამატება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. 

- საპენსიო სააგენტოს საქმიანობას რომ დავუბრუნდეთ, სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ჯერ კიდევ ვერ დაამტკიცა. რამდენიმე თვის წინ, სრულიად მოულოდნელად სააგენტოს დირექტორმა დატოვა თანამდებობა და ახალი ხელმძღვანელი ჯერ კიდევ არ ჩანს. ცოტა ხნის წინ კი პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა საინვესტიციო საბჭოს წევრმა საბჭო დატოვა. ამ ყველაფრის შემდეგ საინტერესოა თქვენი შეფასება სააგენტოს საქმიანობაზე... 

- ყველაზე მართებული შეფასება იქნება, რომ პროცესი მიდის ქაოტურად. შესაბამისად, ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობის ხარისხი ვერ გაიზრდება. სააგენტოში მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს, მაგალითად – რამდენიმე თვის წინ, უფროსი საინვესტიციო ოფიცრის ერთთვიანი დანიშვნა და საპენსიო დანაზოგების ინვესტირებასთან დაკავშირებული ერთჯერადი გადაწყვეტილება. დანაზოგების ბანკებში განთავსების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს პროცესი მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს და სააგენტოში მიღებულ გადაწყვეტილებებს შემთხვევით არ უნდა ვიგებდეთ. ყველა ვხვდებით, რომ ასეთი ტი პის ინსტიტუტების მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხი მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა, რომ ჩვენი დანაზოგებით უზრუნველი სიბერე გვექნება, უფრო შემცირდა. 

- სააგენტოს ამოქმედებიდან წელიწადზე მეტი გავიდა. თქვენი აზრით, ამ პერიოდის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება, რამდენად რთულია ეს პროცესი? 

- კანონმდებლობის მიხედვით, პირველი 5 წელი სააგენტომ დანაზოგები დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში უნდა განათავსოს - სახელმწიფოს ფასიან ქაღალდებში, ან კომერციული ბანკების დეპოზიტებზე. ვფიქრობ, ეს არის მარტივი დავალება და შესაბამისად გაუგებარია ასეთი მარტივი დავალების შესრულებას წელიწადზე მეტი რატომ დასჭირდა. ასევე გაუგებარია ამ პროცედურის განხორციელებისთვის ერთი თვით ადამიანის დანიშვნა. ეს ყველაფერი აჩენს კითხვას და ფაქტობრივად, არ იძლევა პასუხს. 

- ამ დროისთვის საზოგადოებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მთავრობამ კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შესამსუბუქებლად წარმოადგინა. ეს გეგმა ორი მთავარი ნაწილისგან შედგება -სოციალური მიმართულება და ბიზნესის მხარდაჭერა. ბუნებრივია, ზარალი გაცილებით დიდია, ვიდრე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი დახმარების პაკეტი. თქვენი აზრით, არის თუ არა ეს მაქსიმუმი, რისი გაკეთების შესაძლებლობაც სახელმწიფოს ჰქონდა? 

- ამ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის მიდგომა არის კონსერვატული. პოლიტიკა განისაზღვრა შემდეგნაირად, ვნახოთ რამდენ თანხას მოვიძიებთ და შემდეგ ეს სახსრები გავანაწილოთ მოქალაქეებსა და ბიზნესზე. მე სხვა მიდგომას ავირჩევდი, რა მოცულობის თანხაა საჭირო, თუნდაც მინიმალურ დონეზე და შემდეგ გამოვიყენებდი ყველა საჭირო ინსტრუმენტს ამ თანხის მოსაძიებლად. თუმცა, ჯერჯერობით, მილიარდნახევრიანი საერთაშორისო დახმარების (ბიუჯეტის დახმარება და საერთაშორისო რეზერვების შევსება) წყაროებიც არ ვიცით ბოლომდე. შესაბამისად, ისიც მესმის, რომ რადაგნ ამ თანხის მობილიზება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, უფრო მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტის საზოგადოებისთვის შეთავაზება უპასუხისმგებლო საქციელი იქნებოდა მთავრობის მხრიდან. 

თუმცა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ რამდენად სწორად განაწილდა დახმარების პაკეტი. მაგალითად, ავიღოთ შემდეგი საკითხი: რა თანხა არის საკმარისი თვითდასაქმებული ადამიანისთვის, რომ შემოსავლების სამთვიანი განულება ეკონომიკურად გადაიტანოს. პასუხი მარტივია, ერთჯერადი 300 ლარი საკმარისი არ არის. ასევე, არ არის საკმარისი, რეგისტრირებული დასაქმებულებისთვის 200 ლარიანი დახმარება, თუნდაც 6 თვის განმავლობაში. 

ასევე, მეორე საკითხია ტექნიკური მხარე, განსაკუთრებით, თვითდასაქმებულების ნაწილში. ბუნებრივია, ყველა თვითდასაქმებული შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მოტანას ვერ შეძლებს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ამ მიზნისთვის გამოყოფილი 75 მილიონი ლარის მეხუთედის ათვისებაც ვერ მოხდეს, რის გამოც მთავრობა შეიძლება საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ეს იქნება ძალიან ცუდი ფაქტი. აქაც ბიუროკრატიული მიდგომაა გამოყენებული, რომელიც ხშირ შემთხვევაში რეალობას სრულად ვერ აღიქვამს. ძალიან ბევრი თვითდასაქმებული შემოსავალს `ქეშის~ სახით იღებს და შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი არ აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ჰქონდეს ეს საბუთი, მაგრამ ამის წარდგენას არ გარისკავს. მე ვურჩევ მთავრობას, რომ ამ მიმართულებით ტექნიკური პროცედურის გამართვას მეტი ყურადღება მიაქციოს. 

- როდესაც ეკონომიკის გარკვეული ნაწილი ჩრდილშია, ამ შემთხვევაში თვითდასაქმებულების რეალური ბაზის შესაქმნელად და დახმარების მიზნობრივ ჯგუფებამდე მისატანად რა მექანიზმი რჩება მთავრობას? 

- ეს საკითხი შეიძლებოდა ორნაირად გადაწყვეტილიყო. ყველაზე ლიბერალური მიდგომაა, თუკი მთავრობა 15 წლის, ან რაღაც გარკვეული ასაკის ზემოთ მყოფ მოქალაქეს, რომლებსაც შემოსავლები ოფიციალურად არ უფიქსირდება დაეხმარებოდა, თუნდაც 300 ლარით. საქართველოში დაახლოებით 230 ათასი ადამიანია უმუშევარი, 850 ათასი თვითდასაქმებული და ასევე 850 ათასი დაქირავებით დასაქმებული. თუ ვეხმარებით თვითდასაქმებულს, მაშინ რატომ არ ვეხმარებით უმუშევარს, რომელსაც მეტად სჭირდება დახმარება, ვინაიდან ის ვინც მას ეხმარებოდა, მაღალი ალბათობით, ვეღარ ეხმარება. არა მგონია, ეს გადაწყვეტილება ბიუჯეტისთვის სერიოზული პრობლემა გამხდარიყო. 

მეორე – შეგვეძლო რაღაც ფორმით თვითდასაქმებულების ფორმალიზება წაგვეხალისებინა. გვეთქვა, რომ შემოსავლების დასადასტურებლად არ გთხოვთ არანაირ ცნობას, მაგრამ თუ ხარ მაგალითად, ძიძა და გერიცხება 500 ლარი, დარეგისტრირდი, მიიღე მიკრობიზნესის სტატუსი, რომელიც გათავისუფლებს ყოველგვარი გადასახადისგან. 

- სხვათა შორის, 2 წლის წინ, როდესაც შემოსავლების დადასტურების გარეშე საბანკო სესხების დამტკიცება გამკაცრდა, მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა თავიანთი საქმიანობა დაერეგისტრირებინათ და სესხის აღების პროცედურა გაემარტივებინათ. თუმცა, ამ მოწოდებამ დიდი შედეგი ვერ გამოიღო, ვინაიდან თვითდასაქმებულების ნაწილი, ზოგი საფუძვლიანად, ზოგი უსაფუძვლოდ საკუთარი საქმიანობის ლეგალიზებას ერიდება... 

- ეს არგუმენტი ახლაც ჰქონდათ მთავრობაში, რომ არაფორმალურად დასაქმებული მოქალაქეები ამას არ გააკეთებდნენ. მაშინ უფრო არარელურია იმის რწმენა, რომ ვინმე შემოსავლის დამადასტურებელ ცნობას მოგიტანს, თუნდაც ეს ცნობა არსებობდეს. თუ უშვებ, რომ ადამიანი არ დარეგისტრირდება იმის შიშით, რომ შენ მერე მას კონტროლს დაუწყებ, როგორ გგონია, რაც არ უნდა უჭირდეს დღეს, მოგიტანს ცნობას, რომ შემოსავალს გიმალავს? ამიტომაც ეს ორი მექანიზმი იქნებოდა ბევრად უკეთესი, პირველის შემთხვევაში, ყველას დავეხმარებოდით. მეორე მხრივ, სწორი კომუნიკაციით, თვითდასაქმებულების რაღაც ნაწილს მაინც გადავიყვანდით ფორმალურ ველში, ესეც იქნებოდა შედეგი. 

რაც შეეხება ბიზნესის მხარდაჭერას? 

- ამ შემთხვევაში, ფინანსური მხარდაჭერის პაკეტში, ძირითადი აქცენტი ტურისტულ სექტორზე გაკეთდა. კარგია, რომ საშემოსავლო გადასახადი გადავადდა, ქონების გადასახადის ჩამოწერა მოხდა, ასევე სესხის პროცენტის სუბსიდირება და სექტორის საკრედიტო-საგარანტიო სისტემაში ჩართვა. თუმცა, ამ სექტორის ბიზნესმოდელი მნიშვნელოვნად იცვლება, მინიმუმ 6 თვე, მაქსიმუმ 18 თვე. უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, უღირს თუ არა სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესს ახალი წესებით საქმიანობის გაგრძელება. ამიტომ მნიშვნელოვანია სტიმულირების რეალური გეგმის არსებობა, სადაც აქცენტი ძირითადად შიდა ტურიზმის ხელშეწყობაზე გაკეთდება. ეს უნდა იყოს პაკეტი როგორც ბიზნესისთვის, ისე მოქალაქეებისთვის. მაგალითად, კომპანიების მიერ თანამშრომლების შიდა ტურისტული აქტივობების წახალისება, იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც შვებულებას რომელიმე ქართულ კურორტზე გაატარებენ, თანადაფინანსების შეთავაზება და სხვა. სექტორის გახსნა მის ამუშავებას არ ნიშნავს. პოლიტიკა არის კონსერვატული. დაფინანსების წყაროები მხოლოდ კრიზისული გეგმის დაფინანსებას ახერხებენ, ხოლო პოსტკრიზისული პერიოდისთვის რესურსი, ფაქტობრივად, არ გვრჩება. არ ვიცით, როგორ დავეხმარებით საზაფხულო ან ზამთრის კურორტს. 

საბოლოოდ რომ შევაფასოთ, ამ ეტაპზე ფრთხილი პოლიტიკის გათვალისწინებით გეგმა არის ნორმალური, თუმცა არასაკმარისი. კითხვებია პოსტკრიზისული გეგმის დაფინანსების წყაროები მიმართ, ასევე, არ მაქვს განცდა, რომ მთავრობა შექმნილ მდგომარეობის მასშტაბს რეალურად აფასებს. დახურული ბიზნესი ძველ რეჟიმს კიდევ დიდი ხანი ვერ დაუბრუნდება. 

- ეკონომიკას ყველაზე მეტად რომელ სექტორიდან ექნება დანაკლისი? 

- ყველაზე პრობლემურია ტურიზმთან დაკავშირებული სექტორები – დასვენება, განთავსება, გართობა, სხვადასხვა ტი პის სერვისი და ვაჭრობაც, განსაკუთრებთ საცალო. ამას ეკონომიკაში დანაკლისის სახით დაემატება გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ყველგან იქნება სერიოზული ჩავარდნა და ამ ჩავარდნის საბიუჯეტო ნაწილით ამოქაჩვა რთული იქნება. ტურიზმიდან, დაახლოებით, 3,5 მილიარდი დოლარის თანხის შემოდინება იყო დაგეგმილი და ჩათვალეთ, რომ ამის 80 პროცენტი დაიკარგა. ზაფხულის სეზონის გადარჩენა ძალიან ოპტიმისტური სცენარია და მე ამის არ მჯერა. 30-40 პროცენტით შემცირდება ფულადი გზავნილები. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება იქნება ძალიან დაბალი. ამიტომ წინ სერიოზული კრიზისი გველოდება. ამ ყველაფრის აღდგენას სჭირდება ფული. ჩემი აზრით, ძალიან ვეყრდნობით ბაზრის უხილავ ხელს, რომლისაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე არ მჯერა. 

- სავალუტო ფონდის, ასევე ეროვნული ბანკის პროგნოზით ეკონომიკური ზრდის შემცირება -4 პროცენტი იქნება. თუმცა, ოპტიმისტური პროგნოზები კეთდება 2021 წლისთვის, რომლის მიხედვით ეკონომიკურმა ზრდამ +4,5 პროცენტს უნდა მიაღწიოს. თქვენი გათვლები როგორია? 

- ვფიქრობ, 2020 წელს -4 პროცენტი ძალიან ოპტიმისტური პროგნოზია. ეს შედეგი იმ შემთხვევაშია მიღწევადი, თუ მართლაც გაიხსნება ყველაფერი, პანდემიის მეორე ტალღა არ იქნება და ყველა გააგრძელებს ცხოვრებას ისე, როგორც ცხოვრობდა მარტამდე. ეს ზედმეტად ოპტიმისტურია და მგონია ცხოვრება არ გაგრძელდება ისე, როგორც მარტამდე. ჩვენმა ორგანიზაციამაც გააკეთა პროგნოზები. ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური პროგნოზი -4,3 პროცენტი, ნაკლებად პესიმისტური -8 პროცენტი, ძალიან პესიმისტური -12 პროცენტი. ვვარაუდობ, რომ ეკონომიკური ზრდის შემცირება -4 პროცენტიდან -8 პროცენტის ფარგლებში იქნება. 

- ინტერვიუს ბოლოს ტრადიციული კითხვით მოგმართავთ. პროფესიული საქმიანობის გარდა კიდევ რა არის თქვენი ინტერესის სფერო, თავისუფალ დროს როგორ ხარჯავთ? 

- თავისუფალი დრო ცოტა მაქვს. რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფდი _ ოჯახი, მეუღლე, შვილი, წიგნები. ვცდილობ, რომ თანამედროვე ლიტერატურას გავეცნო, განსაკუთრებით პროფესიული კუთხით და ძალიან მიყვარს კალათბურთის ყურება, კონკრეტულად კი – ამერიკული კალათბურთის. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი