ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ ბაფ-ის გამგეობის თავმჯდომარე რუსუდან ჟორჟოლიანთან - №7(247), 2020
რუსუდან ჟორჟოლიანი - დაიბადა 1958 წლის 8 აპრილს ქ. წყალტუბოში.

პროფესიული კარიერა

2007 წ. - დღემდე - შპს „ბიზნესის აკადემიური ცენტრის“ დირექტორი, სასწავლო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი, ლექტორი.

2014 წ. - დღემდე - შპს „აუდიტ პროფესიონალის“ დამფუძნებელი პარტნიორი.

2003-2014 წწ. - შპს „აუდიტ პროფესიონალის“ დირექტორი, დამფუძნებელი პარტნიორი.

1996-2003 წწ. - ინდივიდუალური აუდიტორი.

1993-1996 წწ. - წყალტუბოს ნავთობპროდუქტების საშუამავლო კომერციული საწარმოს დირექტორის მოადგილე.

1986-1993 წწ. - წყალტუბოს რაიკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ეკონომიკის, ფინანსებისა და კადრების დარგში.

1981-1986 წწ. - წყალტუბოს კურორტვაჭრობის საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსი.

1977-1981 წწ. - წყალტუბოს რაიკავშირის ეკონომისტი.

განათლება და კვალიფიკაცია

1977-1982 წწ. - მოსკოვის კოოპერაციული ინსტიტუტი - ეკონომისტ-ორგანიზატორი.

1995 წ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - სერტიფიცირებული აუდიტორი.

1998 წ. - კომპანია Sibley international და ბაფი - ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სწავლების სერტიფიცირებული ინსტრუქტორი.

1999-2000 წწ. - ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია - პროფესიონალი ბუღალტერი.

სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობა

პროფესიული სასწავლო პროგრამებისა და 3 პროფესიული სახელმძღვანელოს ავტორი, 1 წიგნის თანაავტორი.

ბაფის წევრი 1998 წლიდან;

ბაფის გამგეობის წევრი - 2004-2018 წლებში;

ბაფის გამგეობის თავმჯდომარე 2018 წლიდან დღემდე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

- ქალბატონო რუსუდან, ბიზნესის სფეროში საქმიანობის თითქმის 40-წლიანი გამოცდილება გაქვთ და ამ მიმართულებით საკმაოდ საინტერესო გზა გაიარეთ. როგორი იყო ეს გზა?

- დავიბადე წყალტუბოს რაიონში, სოფელ მაღლაკში, სადაც დავამთავრე საშუალო სკოლა. სწავლა გავაგრძელე ინსტიტუტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, თითქმის უწყვეტად, ჩემი პროფესიით ვმუშაობ. დავიწყე რიგითი ეკონომისტიდან, სხვადასხვა სფეროებში ეკონომიკურ განყოფილებებს ვხელმძღვანელობდი. სხვადასხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელ მუშაკადაც მიმუშავია. ეს რაც შეეხება საბჭოთა პერიოდს. 1995 წლიდან, ანუ აუდიტორული საქმიანობის შემოღების პირველი ეტაპიდან, ვმუშაობ აუდიტორად და პარალელურად ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას პროფესიული კუთხით.

- ანუ, 2003 წელს, როდესაც აუდიტური კომპანია დააარსეთ, უკვე გამოცდილი აუდიტორი იყავით?

- ჩემი, როგორც აუდიტორის პირველი სერტიფიკატი არის მე-13 ნომერი. ასე რომ პირველ გამოცდებზე გავედი, როდესაც სერტიფიცირება დაიწყო. მაშინ მხოლოდ კანონი გვქონდა, არანაირი პრაქტიკა და გამოცდილება, არც პროფესიული მარეგულირებელი სტანდარტები არსებობდა. 

- ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანა საბაზრო პრინციპებზე გადადიოდა და საბუღალტრო საქმიანობაშიც ახალი პრინციპები ინერგებოდა. რატომ დაინტერესდით ამ მიმართულებით?

- იმ პერიოდში, როგორც საზოგადოებაში, ისე პროფესიაში ყველა თავისუფლებას ეძებდა. აუდიტში პროფესიული თავისუფლების ყველაზე დიდი ნიშანი დავინახე, რაც გამოიხატებოდა პროფესიის დამოუკიდებლობაში. არც იმის შეფასება იყო რთული, რომ წინ დიდი გზა იყო გასავლელი და ბევრი რამ სასწავლი. გულწრფელად რომ გითხრათ, დღესაც ვფიქრობ, რომ არჩევანით არ შევცდი, ვინაიდან ჩემმა წინა პროფესიულმა პრაქტიკამ სწორი გაგრძელება ჰპოვა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში და შესაბამისად დიდი როლი ითამაშა, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი წარმატებისთვის მიმეღწია. თავიდანვე მივიჩნიე, რომ ეს პროფესია ჩემი იყო. მახსოვს, იმ პერიოდში გაჩნდა შემოთავაზება საგადასახადო რევიზორის პოზიციაზე. არც კი დავფიქრებულვარ, ისე ვთქვი უარი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ უმუშევრობის დიდი რისკი იყო, ბოლომდე ვერც ამ პროფესიის ავ-კარგს ვხედავდით, ვფიქრობ, რომ ეს უფრო ინტუიციური, მაგრამ მაინც სწორი გადაწყვეტილება იყო. 

- რადგან ამ პროფესიის განვითარებას მიჰყვებით ფეხდაფეხ, საინტერესოა თქვენი შეფასება რამდენად სწორად მიდის ეს პროცესი და რა ეტაპზეა ახლა?

- ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკას ვადევნებთ თვალს, საერთაშორისო შეხვედრებზეც გვიწევს მონაწილეობის მიღება და შესაბამისად მიღწევების გარედან შეფასება. საბჭოური პერიოდის შემდეგ ამ პროფესიის განვითარება შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო სწრაფად და სწორად მოხდა, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენმა პროფესიულმა ორგანიზაციამ, რომლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დიდი შრომა ჩადეს პროფესიულ წრეებში კარგად ცნობილმა ჩემმა კოლეგებმა. ადამიანებმა, რომლებმაც არ დაიშურეს ძალ-ღონე და ამ საქმეს დიდი რესურსი შეალიეს. ადრე ჩვენი პროფესია სტანდარტული, მეთოდოლოგიებზე გაწერილი იყო და შემოქმედებითობას მოკლებული. ამ პროფესიაში თავდაპირველად სწორედ ისეთმა ადამიანებმა მოიყარეს თავი, რომლებიც სწორედ შემოქმედებითად მიუდგნენ პროფესიის განვითარებას, ჩამოაყალიბეს სწორი სტრატეგიული ხედვები და მიზნობრივად გამოიყენეს შიდა და დონორების რესურსი. ვთვლი, რომ დღეს ეს პროფესია ფეხზე საკმაოდ მყარად დგას. ეს არ არის გადამეტებული შეფასება, ასევე კარგად ვიცით, რომ წინ ბევრი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ ყველაფერი შედარებითია და ამ მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე იმყოფება. ორგანიზაციის განვითარებისთვის ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვეცნობით მსოფლიო მოწინავე პრაქტიკას. მოგეხსენებათ, ბაფი ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის ნამდვილი წევრი ორგანიზაციაა და ორგანიზაციის მუდმივი ზრდა-განვითარება ჩვენი არა მარტო სურვილი, არამედ ვალდებულებაცაა. არის ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენგანაც იღებს მაგალითს და ჩვენც სიამოვნებით ვუზიარებთ მათ გამოცდილებებს.

- 2003 წელს დააარსეთ აუდიტური კომპანია შპს „აუდიტ-პროფესიონალი“. ვინ არიან თქვენი პარტნიორები?

- როგორც გითხარით, 1995 წელს ინდივიდუალური სერტიფიკატები და აუდიტორად მუშაობის ლიცენზიები გაიცა. სერტიფიკატების მიღების დღიდან მე და ჩემმა რამდენიმე კოლეგამ გადავწყვიტეთ ეს საქმიანობა ერთად გაგვეგრძელებინა. ერთ ოფისში ვმუშაობდით სამი დამოუკიდებელი აუდოტორი. ეს იყო 2003 წლამდე, სამი კოლეგიდან ორი სამუშაოდ სხვადასხვა ქალაქში წავიდა. 2003 წლიდან დაფუძნდა ,,აუდიტ-პროფესიონალი“, რომლის დამფუძნებელი გახლავართ მე და ჩემი ოჯახის წევრები. მეუღლე და შვილიც, პროფესიონალი ბუღალტრები, აუდიტორები არიან.

- ბაფ-ში როგორ მოხვდით?

- ბაფ-ში მოვხვდი ბაფ-ამდე. 1995 წელს ბაფ-ი ასეთი ფორმით არ არსებობდა. ის 1998 წელს ჩამოყალიბდა ბუღალტერთა კლუბისა და აუდიტორთა ასოციაციის გაერთიანებით. იმ პერიოდში ძალიან ცოტა იყო პროფესიული ინფორმაცია და მასალა, რომელიც განვითარებისთვის და ამ პროფესიაში დამკვიდრებისთვის გამოგვადგებოდა. მხოლოდ„შიშველი“ კანონი გვეჭირა ხელში, რითაც პროფესიაში შორს ვერ წავიდოდით. მაშინ მივიჩნიეთ, რომ გამოსავალი სპეციალისტთა ერთობლივი ძალისხმევა იქნებოდა და დავიწყეთ ამ გზების ძიება. 1998 წელს დაფუძნდა ბაფი და პარალელურად გაიხსნა რეგიონული ფილიალი ქუთაისში. მე ქუთაისის ფილიალში ვსაქმიანობდი, სადაც თავიდანვე ჩამოვაყალიბეთ სასწავლო ცენტრი და დავიწყეთ პრაქტიკოსთა პირველი გადამზადებები ბასს-ებით.

- ბაფ-ის წარმატებები ცნობილია საზოგადოებისთვის, მაგრამ ბაფ-ის გარდა, კიდევ ერთი აუდიტორთა და ბუღალტერთა პროფესიული ორგანიზაცია („საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაცია“) არსებობს. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ - ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუ ფიქრობთ, რომ საქართველოში ერთი პროფესიული ორგანიზაციაც საკმარისი იქნებოდა?

- ამაში პრობლემას ვერასოდეს ვხედავდი. ჩემი პედაგოგიური საქმიანობისას, როდესაც პროფესიული რეგულირების საკითხებზე ვსაუბრობდი, ყოველთვის ვამბობდი, რომ ჯერჯერობით არსებობს მხოლოდ ერთი პროფესიული ორგანიზაცია. როდესაც პროფესიული რესურსის ერთ ორგანიზაციაში მობილიზება ხდება, ეს ერთი მხრივ კარგია და მის სიძლიერეს განაპირობებს, თუმცა სხვა ორგანიზაციების არსებობაც ერთგვარად ხელს უწყობს სხვა პროფესიული ხედვის ჩამოყალიბებას - გარედან სხვა თვალით დაინახო და შეაფასო შენი საქმე. ცალსახაა, რომ ყველა ორგანიზაციას აქვს თავისი მისია, თავისი მიზნები. მთავარია ორგანიზაცია იქმნებოდეს ბუნებრივად და მიზნების სწორად რეალიზება შეძლოს, რომელსაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჭირდება.

- გარდა ამ პროფესიული ორგანიზაციისა, ბუღალტერთა და აუდიტორთა კიდევ რამდენიმე პროფესიული კავშირი არსებობს. მათთან თუ თანამშრომლობთ რაიმე ფორმატით?

- პროფესიულ წრეებთან ღია კავშირები არსებობს. მეორე პროფესიულ ორგანიზაციასთან ოფიციალური ურთიერთობები გვაქვს, ერთობლივი საქმიანობები და ღონისძიებები ჩაგვიტარებია. რაც შეეხება პროფესიულ კავშირებს, აქ პროფესიული, ოფიციალური ურთიერთობა არ გვაქვს.ზოგადი კონტაქტები გვაქვს, თუმცა თუკი ამ კუთხით რაიმე საჭიროება გაჩნდება, ჩვენ თანამშრომლობისთვის მზად ვართ.

- სხვა კუთხით რომ შევხედოთ, პროფესიული ორგანიზაციების სიმრავლე ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ ბუღალტერთა და აუდიტორთა ნაწილი უკმაყოფილოა ბაფ-ით?

- ეს შეიძლება ერთი მხრივ იმით აიხსნას, რომ პროფესიაში ახალი თაობა წამოვიდა. ძველი პროფესიული თაობა საკმაოდ ერთგულია ამ პროფესიული ორგანიზაციის, მაგრამ ახალგაზრდებს ყოველთვის აქვს ამბიცია, შექმნან თავისი, რაღაც უკეთესი. თავისთავად ეს ძიება კარგია, თავის დროზე ჩვენც ასე დავიწყეთ და აქამდე მოვედით. მგონია, რომ ეს არის ბუნებრივი პროცესი. მთავარია მიზნები სწორად იყოს შერჩეული და ემსახურებოდეს პროფესიის განვითარებას.

აქ არის მეორე მომენტიც, ბაფ-ის წევრობა არის გზა პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციისკენ. ეს გზა საკმაოდ რთულია და ვერც იმას ვიტყვი, რომ პროფესიაში ყველა მზად არის ამ გზის გასავლელად. ზოგიერთი სპეციალისტი, შედარებით მცირე კომპანიებს ემსახურება და მას აქვს თავისი ნიშა ბაზარზე. შეიძლება მათი მოთხოვნები პროფესიული გაერთიანების მიმართ პროფესიულ საკითხებზე კონკრეტული კითხვა-პასუხით ამოიწუროს. ბაფ-ის წევრებისთვის მოთხოვნილი პროფესიული სტანდარტები და ეთიკური მოვალეობები კი საკმაოდ მაღალია. მიუხედავად ამ სირთულეებისა - როცა პროფესიის რვა ათასზე მეტი წამომადგენელი, რაც ქვეყნის პროფესიის წარმომადგენელთა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ირჩევს ბაფ-ის გზას - ჩემი აზრით არ უნდა მიუთითებდეს ორგანიზაციის მიმართ უკმაყოფილებაზე.

- ბაფ-ის გამგეობაში ძირითადად საერთაშორისო გლობალური ბრენდების წარმომადგენელი აუდიტური კომპანიების ხელმძღვანელები არიან. რით ახსნით ამ ფაქტს?

- შეიძლება ამ კითხვის საპასუხოდ დავბრუნდე ორგანიზაციის საწყისში: რა არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია და რა ჭირდება მას წარმატებისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგეს პროფესიაში მაღალი კომპეტენციის, გამოცდილებისა და ღირებულებების მქონე სპეციალისტები, რომლებიც მზად იქნებიან დაუთმონ მნიშვნელოვანი დრო ამ საქმეს, კომპენსაციის გარეშე. მე, როგორც ბაფ-ის ერთი წევრი, პირიქით, მადლობელი ვარ იმ კომპანიების წარმომადგენლების, რომლებმაც ეს გზა აირჩიეს და ბაფ-ის შექმნიდან ამ ორგანიზაციის წევრები არიან. ბაფ-ში გაწევრების საჭიროება მათაც ჰქონდათ, ვინაიდან აუდიტორული კომპანიების პარტნიორებს პროფესიული საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრობა მოეთხოვება. ეს საჭიროებაც იყო და მათი სურვილიც, ხელი შეეწყოთ ორგანიზაციის განვითარებისთვის.

რაც შეეხება გამგეობაში მათ წარმომადგენლობას, გამგეობა არჩევითი ორგანოა, წესდებით განსაზღვრულია, რომ ყველა წევრს აქვს უფლება არჩეული იქნას ან/და აირჩიოს სასურველი კანდიდატი. გეთანხმებით, რომ გამგეობაში რამდენიმე წევრი წლებია ირჩევა, მაგრამ ის, რომ ამ ადამიანებს იცნობენ, მათი დამსახურების შესახებ იციან და ხშირად არიან არჩეულები, ეს წევრების გადაწყვეტილებაა.

- 2016 წელს მიღებული კანონის მიხედვით, გარდა სამსახურისა („სარასი“), შეიქმნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის საბჭო, რომელიც იხილავს პროფესიული საქმიანობის მონაწილეთა და „სარასს“ შორის წარმოშობილ დავებს. სარასის ვებ-გვერდზე განთავსებული წლიური ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საბჭომ 44 არსებითი განხილვა ჩაატარა და გადაწყვეტილება მიიღო, რომელთაგან 15 საჩივარი - აუდიტის მიმართულებას ეხებოდა. ზუსტი სტატისტიკა უცნობია, მაგრამ ისე ჩანს, რომ საჩივართა დიდი ნაწილი არ დაკმაყოფილდა. აუდიტორთა ნაწილი ამბობს, რომ საჩივრები უფრო მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ „სარასთან“ დავებისგან ბევრი თავს იკავებს, რადგან არ სჯერათ საბჭოს მუშაობის ეფექტიანობისა და ობიექტურობის. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამ თემაზე? საბჭოს მუშაობით კმაყოფილი ხართ?

- სხვათა შორის, ეს სტატისტიკა ერთი მხრივ დამაიმედებელია. ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში საბჭოს მიერ 44 არსებითი საქმის განხილვა არც ისე ცოტაა. რაც შეეხება იმას, რომ 15 საჩივარი აუდიტის მიმართულებას ეხებოდა, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ინფორმაციები, რომ აუდიტორები თავიანთი საჩივრის განხილვის პროცესის და შედეგის ყოველთვის კმაყოფილები არ იყვნენ, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი აუდიტორებიც. ეს თემა ორჯერ გამგეობის სხდომის საკითხადაც იქნა განხილული. ამ მიმართულებით კიდევ არის მუშაობა საჭირო, ამას ცალსახად ვამბობ. ისიც უნდა ვთქვა, რომ თვითონ ამ საბჭოს გამოცდილება-პრაქტიკა ახლა დაიწყო და არა ვარ უიმედო იმ ნაწილში, რომ მისი განვითარება სწორი მიმართულებით წავა და საბჭოს წარმომადგენლებიც სწორად შეირჩევა. 

- საბჭოს 7 წევრიდან ერთ-ერთი პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენელი უნდა იყოს, ამ საბჭოში ეს არის გიორგი ვასაძე, რომელიც სწორედ ბაფ-მა წარადგინა. იმავდროულად, ეს პიროვნება არასოდეს ყოფილა ბაფ-ის წევრი. რატომ წარადგინეთ ამ პოზიციაზე ისეთი კანდიდატურა, რომელიც ბაფ-ის წევრი არ არის? ამასთან, იგი წლების განმავლობაში სამსახურის ახლანდელ უფროსთან ერთად, ერთ-ერთ აუდიტურ კომპანიაში მუშაობდა... 

- იმ პერიოდში, ორგანიზაციის გამგეობის წევრი მეც გახლდით და მახსოვს ეს პროცესი. კანონმდებლობაში შესული ცვლილების შესაბამისად სამივე პროფესიულ ორგანიზაციას საბჭოში თითო კანდიდატურის წარდგენა შეეძლო. თუმცა წარდგენილი სამი კანდიდატურიდან მხოლოდ ერთის არჩევა მოხდებოდა. სწორედ ეს იყო არგუმენტი, როდესაც აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ შეიძლება ეს არ ყოფილიყო კონკრეტულად ბაფ-ის წევრი, არამედ ყოფილიყო ზოგადად პროფესიის წარმომადგენელი.
 
ისიც მახსოვს, რომ არც ასე ადვილი იყო კანდიდატების შერჩევა. პირველ ეტაპზე სამი კანდიდატურა დასახელდა, თუმცა მათ სურვილი არ გამოთქვეს. ბატონი გიორგის კანდიდატურა გამგეობის ერთ-ერთი წევრის მიერ დასახელდა. კანდიდატს საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა და ჩავთვალეთ, რომ იყო შესაფერისი კანდიდატურა. რაც შეეხება ძველ თანამშრომლობას, საზედამხედველო სამსახურის უფროსიც ისევე, როგორც ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატი პროფესიული წრიდან არის შერჩეული, სადაც ჯერჯერობით დიდი არჩევანი ისეთი კადრისა, რომელიც ამჟამად პრაქტიკით არ იქნება დაკავებული, არ არის. ამიტომაც ძნელია ავცდეთ ასეთ გადაკვეთას.

- 2016 წელს მიღებული კანონის გარდამავალი დებულებების თანახმად, აუდიტური და საშემფასებლო საქმიანობების გამიჯვნა უნდა მოხდეს, თუმცა ეს პროცესი ჭიანურდება. ემხრობით თუ არა ამგვარ გამიჯვნას და რატომ გაიწელა ეს პროცესი?

- ვემხრობი. ეს არის ორი მიმართულება, რომელიც უნდა გაიმიჯნოს, ვინაიდან ეს მიმართულებები სხვადასხვა სტანდარტით რეგულირდება და პროფესიული ნიშნითაც სჭირდებათ სხვანაირი კვალიფიკაციები, რეგულაციები და ასე შემდეგ. ბუნებრივია, უნდა გაიმიჯნოს. თუ რატომ ჭიანურდება, ამ კითხვის პირდაპირ ადრესატი მე არ ვარ და შესაბამისად ვერ გიპასუხებთ.

- ბოლო დროს, სხვადასხვა შეხვედრაზე, გაიჟღერა მოსაზრებებმა, რომ მცირე და საშუალო აუდიტური კომპანიები უნდა გაერთიანდნენ იმ მოტივით, რომ მათ კონკურენცია გაუწიონ მსხვილ აუდიტურ ფირმებს. ამ იდეის პოპულარიზაციას ემსახურებოდა, როგორც ჩანს, სარასის მიერ 30 ივნისს გამართული დისტანციური შეხვედრა საბერძნეთის ერთ-ერთი წამყვანი აუდიტური ფირმის - სს „SOL Crowe“-ის დირექტორთა საბჭოს კონსულტანტ დიმიტრიოს დრაკოსთან. თქვენ ესწრებოდით ამ შეხვედრას. როგორია თქვენი აზრი ამ იდეის შესახებ?

- თავისუფალი ბაზარია და ასეთი პროცესი ბუნებრივია. დღეს რეესტრში რეგისტრირებული აუდიტური ფირმები საკმაოდ ბევრია, ეს უპრეცედენტო მაჩვენებელია. ამ პატარა ქვეყანაში ამდენი კომპანია ბაზარს შეიძლება ნამდვილად არ სჭირდებოდეს. მეორე თემაა, იმისთვის, რომ ბაზარზე დარჩე, მთავარია ხარისხი, რომლის მიღწევა, უპირველესად, ინტელექტუალური, ადამიანური და ფინანსური რესურსების სწორი მობილიზებით არის შესაძლებელი. მსოფლიო პრაქტიკაც ასეთია, გამსხვილებას ამიტომ ირჩევენ აუდიტური კომპანიები. ეს სხვა თემაა, რა გზით და რა ფორმით წარიმართება ეს პროცესი.

ფედერაცია ამ პრობლემებზე აქტიურად მუშაობს. ფედერაციის ხარჯებითა და დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით ბოლო პერიოდში მცირე კომპანიების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანი აქტივობებია: ითარგმნა და ხელმისაწვდომია შესაბამისი პროფესიული სახელმძღვანელოები, უწყვეტად მიმდინარეობს მიზნობრივი ტრეინინგები, ანგარიშგებისა და აუდიტის ხარისხის ამაღლების კუთხით. ხელმისაწვდომია აუდიტის ჩატარების კომპიუტერული პროგრამა. ფირმებს აქვთ მნიშვნელოვანი ხელშეწყობა, რათა დამოუკიდებლად, ფირმის შიგნით განვითარდნენ და ხარისხი გააუმჯობესონ. თუმცა, ფაქტია, რომ ეს საკმარისი არ არის. მონიტორინგის შედეგებით მაღალი ხარისხი ბევრმა კომპანიამ ვერ აჩვენა. არის მეორე გზაც - ფირმების განვითარება გარეთა თანამშრომლობით, გაერთიანებით, გამსხვილებით, ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს აუცილებელი პროცესია, ეს აუდიტური კომპანიების თავისუფალი არჩევანია.

თუ რა ფორმით შეიძლება განვითარდნენ ქართული კომპანიები, ამ მიმართულებით ვიკვლევთ ინფორმაციებს, ვსწავლობთ სხვადასხვა გამოცდილებას. ვერ ვიტყვი იმას, რომ რომელიმე მოდელის პირდაპირ გადმოღება გამოდგება, მაგრამ გამოცდილების გაზიარება ნამდვილად შესაძლებელია. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია აუდიტორებს სრული ინფორმაცია მივაწოდოთ, გარკვეული ბაზები მოვამზადოთ, რათა მათ შემდგომი განვითარების არჩევანის შესაძლებლობა და სრული თავისუფლება ჰქონდეთ. 

- 2017 წელს თქვენმა აუდიტურმა კომპანიამ - შპს „აუდიტ-პროფესიონალმა“ წარმატებით გაიარა სარასის ხარისხის კონტროლის მონიტორინგი და მიიღო მე-2 კატეგორიის შეფასება, რაც იძლევა სდპ-ების აუდიტის უფლებამოსილებას. ეს უფლებამოსილება სულ მიიღო 13 აუდიტორულმა ფირმამ. რა ფაქტორებმა განაპირობა თქვენი კომპანიის ეს დიდი წარმატება, რომლებიც სხვებთან შედარებით არც ისე დიდი ზომისაა?

- პირველ რიგში არა მგონია, რომ კომპანიის ზომა ხარისხის განმსაზღვრელი იყოს. ამ კუთხით შეფასების კრიტერიუმები, ძირითადად, ორიენტირებულია ხარისხზე, კვალიფიკაციაზე, ეთიკურ ნორმებზე და არა მოცულობაზე.

მეორე - ფირმის ზრდა. ჩვენი ფირმის ინტელექტუალური რესურსი წლების განმავლობაში ორად იყო გაყოფილი. ერთი იყო აუდიტორული საქმიანობა, მეორე პროფესიის განვითარებისთვის ბაფ-ის სახელით საგანმანათლებლო საქმიანობა (იმერეთის რეგიონალური განათლების ცენტრი) და ეს რესურსი იხარჯებოდა ორივე მხარეს. ამიტომ აუდიტორული მომსახურების ზრდა სტაბილურად, მაგრამ შედარებით ნელი ტემპით მიდიოდა. ჩვენი კომპანიის სტრატეგიული განვითარებაც ამას გულისხმობდა, ვინაიდან პროფესიაში ბევრი რამე იყო მოსასწრები და მოსაწესრიგებელი. ბაზარზე კვალიფიციური კადრი ყოველთვის პრობლემა იყო (განსაკუთრებით რეგიონში) და ბიზნესისთვის და პოტენციურად აუდიტური კომპანიებისთვის კვალიფიციური კადრების ზრდას უფრო მეტი დრო დავუთმეთ, ვიდრე აუდიტის ბაზარზე სერიოზული სეგმენტით შესვლას. ამ წლების განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით ხარისხის სრულყოფაზე და კადრების ჩამოყალიბებზე.

რაც შეეხება ზომას: ჩვენს კომპანიას ჰყავს სამი გარიგების პარტნიორი, ოთხი რეგისტრირებული აუდიტორი და ამ ნიშნით არ ვფიქრობთ, რომ მცირეა. ხარისხზე ორიენტირება ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, ფირმის რესურსის ფარგლებში ჩამოვაყალიბეთ მეთოდოლოგიები, შიდა წესები და დავამკვიდრეთ შესაბამისი პრაქტიკა. ამ ყველაფერს დასჭირდა მნიშვნელოვანი დრო. იგივე პოლიტიკას მივყვებით დღესაც და ვცდილობთ თანმიმდევრულად გავზარდოთ მომსახურების მიმართულებები, ხარისხი, შესაბამისი კადრი და სტრატეგიული გათვლების შესაბამისად განვავითაროთ ბიზნესი.

- დღევანდელი კანონმდებლობით, სდპ-ების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილ 13 აუდიტურ ფირმას აქვთ არა მარტო ეს უპირატესობა სხვა ფირმებთან შედარებით, არამედ სახელმწიფოს წინაშე აღებული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების დადასტურების ექსკლუზიური უფლებაც. ეს სწორად მიგაჩნიათ?

- სხვათა შორის, ამ საქმიანობას ექსკლუზიური უფლება დიდი ხანია თან სდევს. იყო პერიოდი, როდესაც სახელმწიფოს ეს ეგრეთწოდებული 360-ე დადგენილებით თავად ჰქონდა განსაზღვრული. თუმცა დღეს წინაზე ნამდვილად უკეთესი არჩევანია. ამ 13 კომპანიის უპირატესობა მონიტორინგის შედეგებით არის აღიარებული. შეიძლება ყველა დადასტურებისთვის აუცილებელი არ იყოს ეს სტატუსი. ზოგჯერ არის მარტივი თემები, როდესაც სხვა კვალიფიკაციის აუდიტორის კომპეტენციაც საკმარისი შეიძლება იყოს, თუმცა ამის განსაზღვრა დამკვეთის პრეროგატივაა.

- ამდენი უპირატესობის ფონზე, რაც სდპ-ების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილ აუდიტურ ფირმებს აქვთ, ბაზარზე ოლიგოპოლიის საშიშროება ხომ არ ჩნდება? ოფიციალური მონაცემებით, ამ 13 ფირმის ხვედრითი წილი აუდიტორული მომსახურების ბაზარზე თითქმის 80%-მდე შეადგენს.

- მსოფლიოშიც არის ასეთი პრაქტიკა, რომ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი მსხვილ კომპანიებს უჭირავს. ქართულ ბაზარზე, წინა წლებშიც რამდენიმე კომპანიას ეჭირა ბაზრის მნიშვნელოვანი წილი. თავისუფალი ბაზარია, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაოდენობის ზრდა არ უნდა მოხდეს მომსახურების ხარისხის შემცირების ხარჯზე. მეორე მხრივ, შეიძლება ესეც იყოს მცირე კომპანიების გამსხვილების მოტივი.

- ივნისის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, „სარასი“ ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში უნდა გადასულიყო. მათ შორის, როგორც ცნობილია, ბაფ-ის გამგეობაც წინააღმდეგი იყო. პირადად თქვენთვის, რა იყო ის ძირითადი არგუმენტი, რის გამოც არ დაუჭირეთ აღნიშნულ კანონპროექტს მხარი? 

- აქ იყო ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გამოც ბაფი ამ ფორმით წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერდა. ერთი ის, რომ ცვლილება ეხებოდა კანონის მოქმედების სფეროს. წარმოდგენილ ვარიანტში იკითხებოდა არა მხოლოდ პროფესიის საზედამხედველო ორგანოს ცვლილება, არამედ კანონის მოქმედების სფერო ზედამხედველობასთან ერთად მოიაზრებდა პროფესიის რეგულირებას. პროფესიას ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს კითხვები, არის კი ეს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა? უმეტეს ქვეყნებში არის საზედამხედველო პრაქტიკა. რეგულირება პროფესიის განვითარებაში უფრო მეტ ჩარევას მოიაზრებს, ვიდრე ზედამხედველობა.

მეორე - არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროფესიის განვითარების პროცესში პროფესიის ჩართულობა და გასაჩივრების მექანიზმებში პროფესიის წარმომადგენლობა, რაც მკაფიოდ არ იკვეთებოდა წარმოდგენილი ცვლილებების პროექტებით.

- როდის იგეგმება ბაფ-ის საერთო კრება, რომელიც წელს გადაიდო პანდემიის გამო? რა საკითხების განხილვა იგეგმება ამ კრებაზე?

- სამწუხაროდ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე პირდაპირ შეხვედრებს ვერ ვახერხებთ, თუმცა ონლაინ-ჩართვები უფრო ხშირად გვაქვს. გამგეობა უწყვეტად მუშაობს, ასეთ რეჟიმში რამდენიმე სხდომა ჩავატარეთ. ერთ-ერთი სხდომა სწორედ კრების თემას მიეძღვნა. გამგეობამ მიაღწია შეთანხმებას, რომ თუ გარე ფაქტორებიდან ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, კრება სექტემბერში ჩატარდება, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. მანამდე კიდევ შეიკრიბება გამგეობა და განვიხილავთ რა შესაძლებლობას მოგვცემს არსებული რეგულაციები, რამდენადაც ბაფ-ის საერთო კრების წარმომადგენლობა მრავალრიცხოვანია.

საერთო კრების საკითხები ვებ-გვერდზეა განთავსებული. წლევანდელი კრება საარჩევნოა. ბუნებრივია, გამგეობის და კომისიის ანგარიშებიც იქნება წარმოდგენილი. თუმცა არჩევნებია ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი წესდებით უნდა ავირჩიოთ გამგეობის წევრები და თავმჯდომარე.

- ბოლოს, ტრადიციულ კითხვას დაგისვამთ.პროფესიის გარდა კიდევ რა არის თქვენი ინტერესის სფერო და როგორია თქვენი თავისუფალი დრო? 

- დრო - ჩემთვის ძალიან ფასეულია და მის გათავისუფლებას ვერ ვახერხებ (გულწრფელად რომ ვთქვა, არც ვცდილობ). ჩემთვის დასვენება არის სხვა საქმით აქტიურობა. ვარ შვილიშვილების ბებია და ამ სტატუსით დატვირთვა ყველაზე სასიამოვნოა ჩემთვის. რაც შეეხება ჰობს - მიყვარს ყველაფერი ბუნებრივი - წყალი, ჰაერი, მიწა, მზე. მაქვს ჩემი ბაღი, ეზო. ყველაზე მეტად საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და წარსულში და მომავალში მოგზაურობა მიყვარს.

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი