ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელ გოგიტა თოდრაძესთან - #8(248), 2020
გოგიტა თოდრაძე - დაიბადა 1980 წლის 13 ივლისს, ოზურგეთში. 

განათლება 

2003-2006 წლები – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, სტატისტიკის სპეციალობა, ეკონომიკის დოქტორი. 

2001-2002 წლები – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, სტატისტიკის სპეციალობა, ეკონომიკის მაგისტრი. 

1997-2001 წლები – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, სტატისტიკის სპეციალობა, ეკონომიკის ბაკალავრი. 

1999-2001 წლები – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა, სამართალმცოდნე. 

სამუშაო გამოცდილება 

2018 წლის მაისიდან – აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 

07.2016-04.2018 – აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 

2020 წლის აგვისტოდან – სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარე, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისია (UNSCAP). 

07.2018-08.2020 – სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს წევრი, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისია (UNESCAP). 

2017 წლის ნოემბრიდან – ბიზნეს სტატისტიკის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, გაეროს სტატისტიკის სამსახური (UNSD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE). 

02.2010-06.2016 – სამმართველოს უფროსი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბიზნეს-სტატისტიკის სამმართველო. 

07.2006-02.2010 – სამმართველოს უფროსი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი, საწარმოთა სტატისტიკის სამმართველო. 

07.2005-07.2006 – სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ქ. თბილისის სტატისტიკის სამმართველო. 

12.2004-07.2005 – მთავარი სპეციალისტი, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, მომსახურების სტატისტიკის სამმართველო. 

02.2003-12.2004 – სამმართველოს უფროსის მოადგილე, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, სოციალური ინფრასტრუქტურის სტატისტიკის სამმართველო.

01.2002-02.2003 – ეკონომისტი, მთავარი ეკონომისტი, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსახლეობის აღწერის სამმართველო. 

03.2001-12.2002 – ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია, წევრი. 

პედაგოგიური საქმიანობა 

2017 წლიდან – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), სტატისტიკის ლექტორი. 

2010 წლიდან – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი (ეკონომიკური სტატისტიკა, მიკროეკონომიკური სტატისტიკა, საერთაშორისო სტატისტიკა). 

2014 წლიდან – უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია, ლექტორი (ეკონომიკური სტატისტიკა, ბიზნეს სტატისტიკა). 

2013-2016 – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიოსტატისტიკის ლექტორი. 

2008-2012 – საერთაშორისო უნივერსიტეტი „მასკი“, ბიზნეს-სტატისტიკის ლექტორი.

- ბატონო გოგიტა, თქვენი კარიერა მთლიანად სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მეორე პროფესია სამართალმცოდნეობაა, რატომ გააკეთეთ არჩევანი მაინცდამაინც სტატისტიკაზე და რა გზა გაიარეთ ამ სამსახურში მოსვლამდე? 

- დავიბადე 1980 წელს, ოზურგეთში, სადაც დავამთავრე საშუალო სკოლა. შემდეგ ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე სტატისტიკის სპეციალობით. ამ მიმართულებით დავამთავრე ბაკალავრიატი, შემდეგ მაგისტრატურა და ასპირანტურა. 2006 წელს დავიცავი დისერტაცია. 

სტატისტიკა ცარიელი რიცხვები არ არის, ეს არის მონაცემები, რომელიც ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს. ძალიან პოპულარული გამონათქვამია _ „მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება“. არა მხოლოდ ბიზნესის მიმართულებით, არამედ ნებისმიერი ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო მტკიცებულებებზე, რომელიც ამ რიცხვებით იქმნება. სტატისტიკა სწორი გადაწყვეტილების მიღების მძლავრი ინსტრუმენტია. 

პარალელურად, მესამე კურსზე, დავიწყე სამართალმცოდნეობის შესწავლა. ვფიქრობ, თუნდაც ელემენტარულ დონეზე, ყველა პროფესიის ადამიანმა, საკუთარი უფლება-მოვალეობები უნდა იცოდეს. 

სწავლის პერიოდში სტაჟირება მაშინდელ სტატისტიკის დეპარტამენტში გავიარე. შემდეგ თითქმის ორი წელი სტატისტიკის სამსახურთან შეხება არ მქონია, გარდა იმისა, რომ მონაცემების მომხმარებელი ვიყავი. 

2002 წელს იწყებოდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, ეძებდნენ კადრებს. მახსოვს, მივედით გასაუბრებაზე და სტატისტიკის დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ სინანულით გვითხრა, რომ ხელფასი 33 ლარი იყო. მიუხედავად ამისა, მზად ვიყავით მუშაობა უხელფასოდაც დაგვეწყო, რადგანაც ეს ჩვენთვის იყო ახალი შესაძლებლობა, ახალ ასპარეზზე. 

თავდაპირველად სტატისტიკის სისტემაში ვიყავი ინტერვიუერი. ეს ამ სისტემაში ყველაზე დაბალი, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული პოზიცია. ინტერვიუერის მონდომებასა და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, რესპონდენტისგან რამდენად სწორ ინფორმაციას აიღებს. ხარისხიანი ინფორმაცია არის სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საფუძველი. თუ დაბალი ხარისხის პირველად ინფორმაციას შეაგროვებ, მის საფუძველზე გაანგარიშებული მაკრო-ეკონომიკური მაჩვენებლებიც უხარისხო იქნება. 

ამ პოზიციაზე რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სტატისტიკის სამმართველოში მიმიღეს. მოსახლეობის აღწერის ჩატარების შემდეგ მონაცემების დამუშავება მიმდინარეობდა, რომელზედაც თვეების განმავლობაში რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობდა და ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელად დამნიშნეს. იმ პერიოდში 21 წლის ვიყავი. ორი წელი ვიმუშავე, ამ მიმართულებით. შემდეგ სოციალური სტატისტიკის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილედ დავინიშნე. რამდენიმე წლის შემდეგ გადავედი თბილისის სტატისტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, შემდეგ უფროსის პოზიციაზე. 10 წელი ცენტრალურ აპარატში ბიზნეს-სტატისტიკის დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გავიარე არაერთი მოკლევადიანი სასწავლო კურსი საზღვარგარეთ. მათ შორის, რამდენჯერმე, რამდენიმე თვით სასწავლებლად ვიმყოფებოდი ავსტრიაში. 

2016 წელს დავინიშნე დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2018 წლის მაისიდან – აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. პარალელურად, უკვე 10 წელზე მეტია პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი. ლექციებს ვკითხულობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩემს მშობლიურ მაღლივში, 2017 წლიდან კი – ასევე `ჯი პაში~, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 

- ცოტა ხნის წინ, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს მე-7 სესიაზე, ორი წლის ვადით, სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ აგირჩიეს. რას საქმიანობს ეს კომისია და რას ნიშნავს სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარეობა? 

- NESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტი წარმოადგენს უმაღლესი დონის მთავრობათაშორის ფორმატს და აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში სტატისტიკის საკითხებზე მაღალი დონის გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს. ხოლო ბიურო, რომლის თავმჯდომარედაც ამირჩიეს, არის ამ კომიტეტის მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც სტატისტიკის კომიტეტს ფუნქციონირებაში ეხმარება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბიუროს თავმჯდომარედ საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს და არა მხოლოდ ჩვენი სამსახურისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ორწლიანი პერიოდი იქნება უდიდესი შესაძლებლობა სტატისტიკის სისტემის გაძლიერებასა და გაუმჯობესების მიმართულებით. ეს ბიურო, ამ რეგიონში, სათავეში უდგას ახალი სტანდარტების, მეთოდოლოგიების შემუშავებასა და დამკვიდრებას. 

- მნიშვნელოვანია, რომ სტატისტიკურ ინფორმაციას ნდობის მაღალი ხარისხი ჰქონდეს. ზოგჯერ, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიები უნდობლობას უცხადებენ იმ მონაცემებს, რომელსაც თქვენი სამსახური აქვეყნებს. როგორ მოწმდება ეს ინფორმაცია და რამდენად მაღალ ნდობას იმსახურებს ის რიცხვები, რომლებსაც თქვენ გვთავაზობთ? 

- სწორი მიმართულებით აღნიშნეთ ის, რომ ჩვენი სამსახური ძალიან ხშირად არის კრიტიკის ობიექტი, ხოლო ჩვენ მიერ წარმოებული სტატისტიკა _ პოლიტიკური მანიპულირების იარაღი. ხშირად პოლიტიკურ ინსტრუმენტად გვიყენებენ. რასაკვირველია ვისაც როგორ აწყობს, იქნება ეს ბიზნესმენი, პოლიტიკოსი თუ სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო მეთოდოლოგიებით და სტანდარტებით, ხოლო ამის რევიზიას, თუ რამდენად სწორად მივყვებით ამ კურსს, პერიოდულად, საერთაშორისო ორგანიზაციები ახდენენ. მაგალითად, 2019 წელს დასრულდა სტატისტიკის სისტემის გლობალური შეფასება, რომელზეც 7 თვის განმავლობაში, 11 საერთაშორისო ექსპერტი მუშაობდა. ეს იყო ორგანიზებული ევროსტატის, გაეროსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მიერ. გარდა ამისა, ჩვენ მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია არის საჯარო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს. ასევე აქტიური დიალოგი გვაქვს მომხმარებლებთან, მათ შორის მედიასთან, მაჩვენებლების ცვალებადობის შესახებ რეგულარულად კეთდება განმარტებები. ეს ყველა ნაბიჯი გადადგმულია იმისთვის, რომ ჩვენს მიერ წარმოებული სტატისტიკა მაღალ ნდობას იმსახურებდეს. ბოლოს და ბოლოს, საქმიანობის 100-წლიანი ისტორია გვაქვს. 

- მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ საქსტატი, ეტაპობრივად, სამუშაო ძალის გამოკვლევის ახალ მეთოდოლოგიაზე გადადის, რომლის მიხედვითაც თვითდასაქმებულებიდან გამოირიცხებიან ის პირები, რომლებიც საკუთარი წარმოებული პროდუქციის ძირითად ნაწილს პირადი მოხმარებისთვის იყენებენ. სპეციალისტების შეფასებით, არსებული მეთოდოლოგია, დასაქმებულების ზუსტ სტატისტიკას არ იძლევა. რატომ არ შეიცვალა აქამდე მეთოდოლოგია და სრულად ახალ სისტემაზე როდიდან გადადიხართ? 

- ეს გახლავთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული ახალი სტანდარტი. თუმცა რასაც დღეს ვიყენებთ, ისიც საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც წინა ვერსიით იყო რეკომენდებული და რომლითაც დღესაც ქვეყნების ძალიან დიდი ნაწილი ხელმძღვანელობს. 2018 წელს შრომის სტატისტიკოსთა კონფერენციაზე მიიღეს რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც ეს საერთაშორისო სტანდარტი დამტკიცდა. ზოგიერთი ქვეყანა ამ მეთოდოლოგიაზე უფრო ადრე გადავიდა, მაგრამ 2018 წლამდე ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობდა. შესაბამისად, ეს სტანდარტი საბოლოოდ 2018 წლის ოქტომბერში იქნა მიღებული, რაც გულისხმობს იმას, რომ თვითდასაქმებული აღარ ჩაითვლება დასაქმებულად, თუ ის მუშაობს საკუთარ მამულში, მოჰყავს გარკვეული კატეგორიის პროდუქცია და მას უმთავრესად იყენებს საკუთარი მოხმარებისთვის. ანუ, არ ყიდის მის მიერ მოყვანილი პროდუქციის 50 პროცენტზე მეტს ბაზარ ზე. 

თუ დავაკვირდებით სამუშაო ძალის სტრუქტურას, დაახლოებით, დასაქმებულების ნახევარზე მეტი თვითდასაქმებულებზე მოდის. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ ადამიანს საკუთარი საჭიროებისთვის მოჰყავს ეს პროდუქცია, ის დასაქმებულად აღარ ჩაითვლება, რაც ბუნებრივია გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს უმუშევრობისა და დასაქმების სტატისტიკაში. 
ხშირად გვეკითხებიან, რატომ აქამდე არ გადავედით ამ სტანდარტზე. მოგეხსენებათ, ამას დრო, კვლევების ჩატარება, მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება სჭირდება. მეორე წელია დავიწყეთ დანიის სტატისტიკის სამსახურთან თანამშრომლობა, ევროკავშირის პროგრამა თწინნინგ-ის პროექტის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი, სწორედ, სამუშაო ძალის სტატისტიკის განვითარება და ამ ახალი მეთოდოლოგიის დამკვიდრება გახლავთ. უკვე მეორე წერია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და დანიელ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე. ვატარებთ კვლევებს და წლის ბოლოსთვის უკვე გვექნება შესაძლებლობა მუშაობა ახალი სტანდარტით გავაგრძელოთ. შესაბამისად, მომდევნო წლიდან სრულად გადავალთ ახალ მეთოდოლოგიაზე. 

- შეიძლება, რიცხვებში, გაიზარდოს უმუშევრობის მაჩვენებელიც? 

- რა თქმა უნდა, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ პირი თვითდასაქმებულად აღარ ჩაითვლება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად უმუშევრის კატეგორიაში გადაკვალიფიცირდება. როგორც სხვა ქვეყნებში ამ ახალი მეთოდოლოგიის დანერგვამ აჩვენა, თვითდასაქმებულთა გარკვეული ნაწილი შეიძლება გადაკვალიფიცირდეს უმუშევრის კატეგორიაში, ხოლო ნაწილი - ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობაში. ანუ თუ პირი არ ეძებს სამუშაოს და იმავდროულად არ არის მზად მუშაობის დასაწყებად მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მიხედვით ის არათუ უმუშევრად, არამედ ეკონომიკურად არააქტიურ პირად ჩაითვლება. ეს გახლავთ ის ძირითადი ნიუანსები, რომელიც ამ ახალი მეთოდოლოგიის დანერგვას ახასიათებს, თორემ დასაქმებულისა და უმუშევრობის განმარტება რჩება უცვლელი. 

- როგორც აღნიშნეთ, ახალი მეთოდოლოგიაზე ქვეყნების ნაწილი უკვე გადავიდა, საქართველოც ჯერ კიდევ ძველი მეთოდოლოგიით აქვეყნებს მონაცემებს. მაშინ როგორ ვადარებთ სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს ერთმანეთს? 

- ამ მეთოდოლოგიაზე სხვა ქვეყნებიც გადადიან, მაგრამ გადასვლის პარალელურად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მონაცემებს ძველი და ახალი სტანდარტით ანგარიშობენ, რათა მონაცემები იყოს შესადარისი სხვა ქვეყნების მონაცემებთან და იმავდროულად იყოს ჰარმონიზებული წინა ისტორიულ მწკრივთან. ახალ სტანდარტზე გადასვლა საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია, რომელიც ფინანსური რესურსების მობილიზებასთან ერთად, ძალიან დიდ შრომას და დაკვირვებას საჭიროებს. ახალი სტანდარტის დანერგვა არ ნიშნავს მარტივად იმას, რომ დავხურავთ „ძველ“ სახელმძღვანელოს და გადავშალოთ „ახალს“. ის მთელ რიგ მოსამზადებელ სამუშაოებს მოიცავს, რომელიც რამდენიმეწლიან პერიოდს საჭიროებს. 

- ასევე წლების განმავლობაში, თითქმის ყოველ თვე, თქვენ მიერ გამოქვეყნებული საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი კრიტიკის ქარცეცხლშია. ყველა თანხმდება, რომ თვეში შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 183 ლარი საკმარისი არ არის... 

- საარსებო მინიმუმი საქართველოში 1997 წლიდან იანგარიშება. მეთოდოლოგია, რომელიც დღესდღეობით გამოიყენება, 2004 წელს დაინერგა. საარსებო მინიმუმის გაანგარიშება მინიმალურ სასურსათო კალათას ეფუძნება, რომელიც 40 დასახელების სასურსათო საქონელს აერთიანებს და დამტკიცებულია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წელს. თითოეული პროდუქტის გასწვრივ მოცემულია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობა. ამ ბრძანების მიხედვით, შრომისუნარიანმა მამაკაცმა არსებობისთვის, მინიმუმ 2300 კილოკალორია უნდა მიიღოს დღეში. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ყოველთვიურად ვაკვირდებით ამ 40 დასახელების სასურსათო საქონლის ფასებს, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება აღნიშნული სასურსათო კალათის შუალედური ღირებულება. შემდეგ მას ემატება არასასურსათო ხარჯების წილი, რომელიც ასევე განსაზღვრულია არსებული მეთოდოლოგიით და შედეგად მიიღება საარსებო მინიმუმის საბოლოო ღირებულება. 

აღსანიშნავია, რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების საერთაშორისო მეთოდოლოგია და პრაქტიკა ძალიან მწირია. მსგავსი მაჩვენებელი მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გაიანგარიშება და მეთოდოლოგიაც განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. დღესდღეობით მსგავს მაჩვენებელს ძირითადად პოსტ-საბჭოთა ქვეყნები აწარმოებენ, როგორიცაა რუსეთის ფედერაცია, ბელარუსი, მოლდოვა, ყაზახეთი. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საარსებო მინიმუმი პირდაპირ არ გამოიყენება სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისთვის და „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ის წარმოადგენს მხოლოდ სოციალურ ორიენტირს. 

ამავე კანონის მიხედვით განისაზღვრება საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილების წესი, რომლის მიხედვითაც, მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით – საქსტატის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს წინადადებების სა ფუძველზე. 

ვფიქრობ, არ იქნება ურიგო, ეს მაჩვენებელი რომ შეიცვალოს საერთაშორისო ანალოგით. მაგალითად, არსებობს მსოფლიო ბანკის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა ინდიკატორები, როგორიცაა აბსოლუტური სიღარიბე, ფარდობითი სიღარიბის ზღვარი და ა.შ. შესაბამისად, მსგავსი მაჩვენებელი შეიძლება გამოყენებული იქნეს ამ მაჩვენებლის ნაცვლად, რომლის გაანგარიშებაც საერთაშორისო მეთოდოლოგიაზე იქნება დაფუძნებული. 

- ამასთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, ბოლო თვეების სტატისტიკით მცირდება საარსებო მინიმუმი, მაშინ როდესაც ინფლაცია განსაკუთრებით სურსათის ნაწილში იზრდება. ანუ ის პროდუქტები, რომელიც საარსებო მინიმუმის კალათაში შედის, გაძვირებულია. მაშინ რატომ მცირდება საარსებო მინიმუმი? 

- როგორც უკვე მოგახსენეთ, საქსტატი საარსებო მინიმუმს ყოველთვიურად ანგარიშობს და თვიდან თვემდე მისი ცვლილება განპირობებულია მხოლოდ კალათაში შემავალი პროდუქტების ფასების ცვლილებით. სხვა ყველა მეთოდოლოგიური კომპონენტი წამოადგენს კონსტანტას. 

მიმდინარე წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმის შემცირება დაიწყო მარტიდან, როცა აღნიშნული მაჩვენებელი, სხვადასხვა მიზეზების გამო შედარებით მაღალი იყო (206 ლარი). მას შემდეგ მისი შემცირება განპირობებულია სეზონურობის ფაქტორით. როგორც მოგეხსენებათ, მარტის თვესთან შედარებით ზაფხულში გარკვეული სახეობის ხილისა და ბოსტნეულის ფასი მცირდება, რამაც განაპირობა საარსებო მინიმუმის შემცირებაც, რადგანაც ეს მაჩვენებელი, როგორც უკვე გითხარით სასურსათო საქონლის ფასების ცვალებადობაზეა მიბმული. 

- მეთოდოლოგიის შეცვლა სხვა სტატისტიკური მონაცემების მიმართულებითაც ხომ არ იგეგმება? 

- გასული 2 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო ეროვნული ანგარიშების ახალი სტანდარტების (SNA 2008) დანერგვა. საქსტატი ამ მიმართულებით რამდენიმე წლის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა, ვინაიდან ძალიან კომპლექსური საკითხია. ათეულობით ექსპერტი გვყავდა მოწვეული, არაერთი კვლევა ჩავატარეთ, არაერთი ადმინისტრაციული წყარო დავამუშავეთ და ამ ყველაფრის საფუძველზე მოგვეცა შესაძლებლობა გადაგვედგა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ახლა კიდევ დასაქმებისა და უმუშევრობის ახალი სტანდარტის დანერგვაზეა მიმართული ჩვენი ყურადღება. თუმცა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ასევე სხვადასხვა მიმართულების განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთ ან შესაბამისობის უზრუნველყოფა. 

- სტატისტიკური ინფორმაციის ყველაზე აქტიური მომხმარებლები ჟურნალისტები ვართ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ოპერატიულად ვიღებთ ნებისმიერ ინფორმაციას. ბიზნესის მხრიდან მომართვიანობა როგორია? თქვენ თუ სთავაზობთ კერძო შეკვეთებს ბიზნესს კონკრეტული კვლევების ჩასატარებლად? 

- თუ დავაკვირდებით ბოლო 10-15 წლიან პერიოდს, ბიზნესიდან მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება. ეს ჩვენთვის ძალიან მისასალმებელია. ბიზნეს-სექტორი, გარდა იმისა, რომ ჩვენი ინფორმაციის მომხმარებელია, ჩვენს რესპონდენტსაც წარმოადგენს. როცა მათი მხრიდან ჩვენი მონაცემების მიმართ ინტერესი იზრდება, ეს მათ ასტიმულირებს, რომ წარმოგვიდგინოს ხარისხიანი პირველადი ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა მიკრო თუ მაკროეკონომიკური მაჩვენებლის გაანგარიშების საფუძველი ხდება. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რასაკვირველია ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მომხმარებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება, მაგრამ იმავდროულად ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ამ ინფორმაციის გავრცელება ისეთი ფორმით, რომელიც ამარტივებს მის გამოყენებას და აუმჯობესებს დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს მომხმარებლებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ პერიოდულად ვქმნით სხვადასხვა სახის პროდუქტებს და აქტიურად ვმუშაობთ ახალი სერვისების განვითარებაზე, მომხმარებლებს ვთავაზობთ თანამედროვე ინტერაქტიულ პორტალებს, როგორიცაა პერსონალური ინფლაციის კალკულატორი, ფასების კალეიდოსკოპი, გენდერული სტატისტიკის პორტალი, დემოგრაფიული სტატისტიკის პორტალი, საგარეო ვაჭრობის პორტალი და სხვა. რამდენიმე დღის წინ ასევე გვქონდა ეროვნული ანგარიშების ახალი ინტერაქტიული პორტალის პრეზენტაცია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სახის ეროვნულ ანგარიშებს, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და იძლევა ეკონომიკის კომპლექსური გ აანალიზების შესაძლებლობას. 

- ბოლო წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობისა და დამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით არაერთი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა და ბიუჯეტიდან ამ პროგრამებზე ასეულობით მილიონი ლარი იხარჯება. თუ გამოჩნდა რიცხვებში ამ დახარჯული თანხის შედეგი, როგორ შეიცვალა, ან თუ შეიცვალა სოფლის მეურნეობის, დამამუშავებელ მრეწველობისა და ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკა? 

- სამწუხაროდ, ჩვენ არ ვახდენთ ამა თუ იმ პროექტს გავლენის შეფასებას ეკონომიკაზე. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობასა და დამამუშავებელ მრეწველობაში ბოლო პერიოდის განმავლობაში გაიზარდა დამატებული ღირებულების მოცულობა. მაგალითად, თუ 2 წლის წინ სოფლის მეურნეობაში 2,5 მილიარდი ლარის დამატებითი ღირებულება იყო შექმნილი, ახლა ეს მონაცემები 3 მილიარდს აჭარბებს. თუმცა, მშპ-ში ამ სექტორის წილი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და კვლავ 7-7,5%-ის ფარგლებშია. რაც შეეხება დამამუშავებელ მრეწველობას, აქაც დამატებითი ღირებულება 3,5 მილიარდი ლარის ფარგლებში იყო და დაახლოებით 4,5 მილიარდი ლარი გახდა. ეს აისახება ადგილობრივ ექსპორტზეც. როგორც თქვენთვის ცნობილია, პანდემიის პირობებში საგარეო ვაჭრობის მოცულობა შემცირებულია, მაგრამ ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე მთლიანი ექსპორტია. რამდენიმე წლის წინ ადგილობრივი ექსპორტი 1,5 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო ბოლო მონაცემებით 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. 7 თვის მონაცემებით, მთლიან ექსპორტში, ადგილობრივი ექსპორტის წილი 60 პროცენტს აჭარბებს. 

- ათეული წლებია მთავარი საექსპორტო პროდუქტებია -ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები, ოქრო. ადგილობრივ ექსპორტში თუ გამოჩნდა ისეთი პროდუქტები, რომლებიც საექსპორტო რეიტინგში დაწინაურდნენ? 

- დიახ, ადგილობრივი წარმოების ექსპორტში, ძირითადად, მაინც დომინირებადი წილი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს, ფეროშენადნობებს, ოქროს, ყურძნის ნატურალურ ღვინოებს და მინერალური წყლებს უჭირავს. ახლაც, ძირითადად, ეს პროდუქტებია ათეულში წარმოდგენილი. 

- ევროკავშირსა და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ თუ გაიზარდა მათთან სავაჭრო ბრუნვა, განსაკუთრებით ექსპორტის ნაწილში? 

- ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. მზარდია ჩინეთთან საგარეო ვაჭრობის მოცულობაც. წინა პერიოდთან შედარებით გაუმჯობესდა როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მაჩვენებელი. 

- ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0,5%-ით გაიზარდა. საინტერესოა ინვესტიციების დათვლის მეთოდოლოგიაც, ამ მაჩვენებლის გაანგარიშებისას საქსტატი არარეზიდენტებისაგან მიღებულ გრძელვადიან სესხებსაც ითვლის? თუ კი, მაშინ, როდესაც ეს გრძელვადიანი სესხები უბრუნდებათ არარეზიდენტებს, აკლდება თუ არა ისინი იმ წელს (როცა სესხები დაბრუნდა) მიღებულ უცხოურ ინვესტიციებს სტატისტიკურ მონაცემებში? 

- როგორც მოგეხსენებათ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები. ამ უკანასკნელში იგულისხმება სესხის აღება, ან ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირება. შესაბამისად, პირდაპირი ინვესტორიდან აღებული სესხის მოცულობა ზრდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ სასესხო დავალიანების დაფარვა ამცირებს FDI-ს მაჩვენებელს. რაც შეეხება 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს, მისი ზრდა წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით ძირითადად განპირობებული იყო რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდით. 

- ინტერვიუს ბოლოს, გარდა სტატისტიკისა, კიდევ რა არის თქვენი ინტერესის სფერო? თავისუფალ დროს როგორ ისვენებთ? 

- თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს, თუმცა ვცდილობ ეს დროც აქტიურად გავატარო. მიყვარს სპორტული აქტივობა - ჩოგბურთი, ფეხბურთი, ცურვა. არ მომწონს პასიური დასვენება, არ შემიძლია უბრალოდ ვიჯდე და ვისვენებდე. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი