ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ მიხეილ თოქმაზიშვილთან
#5(113), 2009
მიხეილ თოქმაზიშვილი - დაიბადა თბილისში 1955 წლის 25 მარტს. 1972 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1977 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1979-81 წლებში იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტი. 1981-92 წლებში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში. 1982-96 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დოცენტი. 1985 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და გახდა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 1992-98 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში იყო განყოფილების გამგე. 1995 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და გახდა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. 1996 წელს ტრეინინგზე იმყოფებოდა მსოფლიო ბანკის ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტში (აშშ, ვაშინგტონი). 1996-99 წლებში იყო მსოფლიო ბანკის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამა "სპრაიტი"-ს (სოციალური პოლიტიკის რეფორმები გარდამავალი პერიოდის ეკონომიკაში) ხელმძღვანელი საქართველოში. 1997 წლიდან 2005 წლის 25 მარტამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკის განყოფილების გამგედ. 2002-2003 წლებში იყო სახელმწიფო შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 1999-2005 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის კათედრის პროფესორი. 2000 წელს ამერიკის საკონსულოს პროგრამით სამეცნიერო კვლევით სამუშაოზე იმყოფებოდა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში (აშშ, ვაშინგტონი). 2000 წლიდან დღემდე არის "ჩასე-ტრანსკავკასიის" ექსპერტი, ხოლო 2004 წლიდან დღემდე - ექსპერტი გაეროს პროგრამისა: "გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში". 2005 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.

მიხეილ თოქმაზიშვილს გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი ნაშრომი მაკროეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკის, საერთაშორისო ეკონომიკის, სოციალური ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორიის სფეროებში. მისი ჰობია კლასიკური მუსიკა და მარათონული სირბილი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

კორ. - ბატონო მიხეილ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2009 წლის 10 მარტიდან შემოიღო მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი - სავალუტო აუქციონები, რომლის გამოყენებითაც 25 მაისამდე ვაჭრობა ტარდებოდა კვირაში ორჯერ და ნაწილობრივ ჩაანაცვლა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟა; ამ პერიოდში ბირჟაზე ვაჭრობა კვირაში 3-ჯერ იმართებოდა და ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა ისევ ბირჟაზე დაფიქსირებული გაცვლითი კურსის მიხედვით ხდებოდა. 25 მაისიდან კი ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს მხოლოდ სავალუტო აუქციონების მეშვეობით ახორციელებს და შესაბამისად, ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენაც ხდება ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დარეგისტრირებული გარიგებების გათვალისწინებით. რატომ გადადგა სებ-მა ეს ნაბიჯი?

მ. თ. - ის გარემოება, რომ სებ-ი ბანკთაშორის ბირჟაზე ინტერვენციებს აღარ ახდენს და რეალურად მან აუქციონზე გადაინაცვლა, არის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობისაკენ. სებ-ს მანამდე ბირჟაზე ვაჭრობაში უხდებოდა მონაწილეობა იმისათვის, რომ მოთხოვნა და მიწოდება დაებალანსებინა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ინტერვენცია საკმაოდ აქტიური გახლდათ. იყო პერიოდები, როდესაც ასეთი ინტერვენციები არ იყო საჭირო და ძირითადად კომერციული ბანკები ვაჭრობდნენ ერთმანეთში. დღესდღეობით ბანკთაშორისი ბირჟა მთლიანად მიცემული არის კომერციული ბანკებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნა-მიწოდება დააფიქსირონ და შეისყიდონ ან გაყიდონ ის ვალუტა, რომელიც ჭირდებათ. რაც შეეხება აუქციონს, აუქციონი გაცილებით უფრო სტაბილური მექანიზმია, რომელიც საშუალებას იძლევა დაფიქსირდეს ვალუტის კურსი და ეს კურსი იყოს სტაბილური. იგი არ იმართება დროის რაღაც შეზღუდულ მონაკვეთში, დროის თვალსაზრისით გაცილებით უფრო ფართოა; ამასთან ერთად კომერციულ ბანკებს აქვთ საშუალება, რომ კარგად აწონ-დაწონონ თავიანთი შესაძლებლობები, სურვილები, მოთხოვნები; ხოლო ეროვნულ ბანკს კი აქვს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შეუძლია მიაწოდოს კომერციულ ბანკებს ის ვალუტა, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. აუქციონი მთლიანად გამორიცხავს ე.წ. სპეკულაციური ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობებს. ამიტომ აქ აბსოლუტურად შესაძლებელია ვალუტის კურსი სტაბილური გახდეს და შესაბამისად, თავიდან იყოს აცილებული ის რისკები, რომლებიც ჰქონდა ბირჟებს წინა პერიოდში, რამდენადაც ეს დროში გაცილებით უფრო ხანგრძლივმოქმედია, განსხვავებით ბირჟისაგან, სადაც მომენტალურად შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო რყევა და ეს რყევა ყოფილიყო საკმაოდ ძლიერი.

- ბირჟაზე ვაჭრობა დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა...

- დიახ. აუქციონზე ასეთი რყევები გამოირიცხება და ასეთ დროს სებ-იც ეკონომიკას მონეტარული ბერკეტებით გაცილებით უფრო სტაბილურად მართავს.

- ნიშნავს თუ არა ეს ავტომატურად ბირჟის კვდომას, მის ლიკვიდაციაზე წასვლას?

- ეს უკვე მთლიანად დამოკიდებული იქნება კომერციული ბანკების არა მარტო სურვილზე, არამედ შესაძლებლობებზეც. აუქციონი არ გამორიცხავს ბირჟის მოქმედებას. ბირჟამაც შეიძლება იფუნქციონიროს, თუკი დროის იმ მონაკვეთში, როდესაც აუქციონი არ ტარდება, კომერციულ ბანკებს ექნებათ სურვილი ერთმანეთში ივაჭრონ.

- ბირჟა არის მომგებიანი სააქციო საზოგადოება, რომლის დამფუძნებლებიც არიან 8 კომერციული ბანკი და თავად ეროვნული ბანკი. ალბათ, ამ ბანკებს ფინანსურად ხელს არ უნდა აძლევდეთ ბირჟის გაუქმება. არადა, ხმები დადის, თითქოს კომერციულ ბანკებზე ეროვნული ბანკის მხრიდან მიდის ზეწოლა, რომ უარი თქვან ბირჟაზე.

- არა მგონია, ასეთი ზეწოლა არსებობდეს, რადგან ბირჟაზე ვაჭრობა რეალურად კომერციული ბანკების პრეროგატივაა და ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ეს არის მინდობილი მთლიანად კომერციულ ბანკებზე და მათივე გადასაწყვეტია, ბირჟა იმუშავებს თუ არა.

- ბოლო დროს სახელისუფლებო წრეებიდან კვლავ წამოვიდა და მასმედიაში აქტიურად განიხილება კახა ბენდუქიძის იდეა, რომ სჯობს საქართველომ უარი თქვას ლარზე, როგორც ერთადერთ საგადმხდელო საშუალებაზე და გადავიდეს მულტისავალუტო სისტემაზე; მით უფრო, რომ, ადრე თუ გვიან, ევროკავშირში შევალთ და მაინც მოგვიწევს ეროვნულ ვალუტაზე უარის თქმა.

- მე მივესალმები იმას, რომ ევროკავშირში შესვლა მოგვიწევს და მისი წევრი გავხდებით. მაგრამ სანამ ბავშვი დაიბადება, სახელს არ არქმევენ ხოლმე. მეორეც, მე მგონი, ეს თემა ხელოვნურად მოტანილია და რეალურად არ გამომდინარეობს იმ პირობებიდან, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება. დღეს საქართველოს სრულებითაც არ ჭირდება მულტივალუტის შემოღება, რომ რამდენიმე ვალუტამ ერთდროულად ერთნაირი საგადამხდელო ფუნქციით იმუშაოს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკა დაინგრეს, მოიშალოს, დაიწყოს მონეტარული ქაოსი. დღეს ჩვენი პრობლემა სრულიად სხვა რამეა. ლარის არსებობა არ ქმნის პრობლემას, ის სტაბილურია.

- იდეის მომხრეები ირწმუნებიან, რომ ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ლარის არსებობა ინვესტორისთვის შეიძლება შემაფერხებელი გარემოება იყოს, ვინაიდან ვალუტის კონვერტირება გარკვეულ დანაკარგებთანაა დაკავშირებული და თუკი საგადამხდელო საშუალება ევროც იქნება და დოლარიც, ინვესტორები უფრო თამამად შემოვლენ საქართველოში.

- ვფიქრობ, ეს თავისებური რომანტიზმია და არა რეალობა. ინვესტორებისთვის ლარი არ არის არავითარი პრობლემა, რადგან ნებისმიერი ვალუტა კონვერტირებადია; ანუ დოლარში რომც შემოიტანოს ინვესტიციები, მას აუცილებლად მოუხდება კურსთან ურთიერთობა. ჩვენი ინვესტორები არიან ძირითადად ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი, თურქეთი, არაბეთი, ყაზახეთი და ასე შემდეგ; მათ ყოველთვის უწევთ თავიანთი ვალუტის გადატანა სხვა ვალუტაში. ამ შემთხვევაში ლარი ასრულებს იმ ფუნქციას, რომ ის ფული, რომელიც საქართველოში შემოდის, მივიდეს მიზნობრივად იმ ობიექტებამდე, რომელშიც ისინი აბანდებენ. მაგრამ ლარი რომ სტაბილური უნდა იყოს და არის კიდევაც, ეს გარემოება ინვესტორებს არ უქმნის არავითარ ხიფათს. წლების განმავლობაში საქართველოში საკმაოდ დიდი ინვესტიციები შემოდიოდა და ბუნებრივია, არასდროს დამდგარა საკითხი იმის შესახებ, რომ ლარმა ვინმეს რამე ხიფათი გაუჩინა. საქმე ის არის, რომ ლარი ერთადერთი საგადამხდელო საშუალებაა და ძირითადად ფუნქციონირებს, როდესაც ბიზნესმენებს უწევთ ბიუჯეტთან ურთიერთობა. სხვა გარიგებები შეიძლება იდებოდეს სხვა ვალუტაში და კურსით ხდებოდეს გაცვლა. აბსოლუტური ილუზიაა, თითქოს ლარი რომ არ იყოს, უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა. პირიქით, ლარი არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც შეუძლია ქვეყანას დაიცვას თავი რყევებისაგან და მაშინ არ შემოვა ინვესტიციები საქართველოში, თუ ასეთი რყევები იქნებოდა. თუკი ქვეყანას ლარს გამოაცლი, შეიძლება მართლაც დაიწყოს რყევები, ჩამოყალიბდეს ლოკალური გაცვლები და სპეკულაციური გარიგებები და მაშინ ინვესტიციები საქართველოში ნამდვილად სპეკულაციურ ხასიათს მიიღებს.

- Stand-by-ის საკრედიტო მექანიზმით სარგებლობის 18 თვის მანძილზე საქართველომ უნდა შეასრულოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებული ვალდებულებები, რომელთაგან ერთ-ერთია ეროვნული ბანკის, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსა და მთავრობის მიერ ფინანსური სტაბილურობის გეგმის შემუშავება. გეგმა 2009 წლის ივნისის ბოლომდე მზად უნდა იყოს. რა ეტაპზეა ეს სამუშაო?

- სტაბილურობის გეგმა რეალურად დღესაც ხორციელდება და ეროვნული ბანკი მისდევს ამ სტაბილურობის გეგმას.

- ანუ გეგმა უკვე შემუშავდა?

- ღონისძიებები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს, არის სტაბილურობისაკენ მიმართული ღონისძიებები. ამას აკეთებს და გეგმა ნელ-ნელა მიდის სრულყოფისაკენ. ვერ ვიტყვით, რომ გეგმა ერთხელ შემუშავდება და მუდმივი იქნება, ვინაიდან სრულყოფას არა აქვს საზღვარი. ბუნებრივია, ყოველი ეკონომიკური პერიოდის ცვლილებასთან ერთად სებ-ს მოუწევს იმ ახალი ინსტრუმენტების და პოლიტიკის შემოღება, რომელიც ეკონომიკის განვითარებაზე ყველაზე უფრო ეფექტურად იმოქმედებს.

- როგორ მუშაობს მემორანდუმი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაფორმდა სებ-სა და ზედამხედველობის სააგენტოს შორის?

- მემორანდუმმა ხელი შეუწყო კომერციული ბანკების ზედამხედველობის ერთობლივი სისტემის ფორმირებას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რამეთუ მემორანდუმის დადების შემდეგ სებ-ს კომერციული ბანკებისთვის თავისი ყურადღება არ მოუკლია და ეს სწორედ ამ მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. დღეს კომერციული ბანკები გაცილებით უკეთესად გამოიყურებიან, უფრო სტაბილურად, ვიდრე რამდენიმე თვის წინ და ეს განხორციელებულია ერთობლივი ძალისხმევით. სწორედ ასეთი მემორანდუმით, ერთობლივი მოქმედებით ხდება კომერციულ ბანკებთან ერთად იმის უზრუნველყოფა, რასაც ჰქვია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, საინვესტიციო გარემოს ფორმირება, მონეტარული სტაბილურობის ფონის შექმნა და ანტიინფლაციური ღონისძიებების განხორციელება.

- ამბობენ, ზედამხედველობის ფუნქცია მალე ისევ ეროვნულ ბანკს უნდა დაუბრუნდესო...

- მე მივესალმებოდი, ეროვნული ბანკი და ზედამხედველობა ერთიან ინსტიტუტს რომ შეადგენდეს. მემორანდუმი იმიტომაც გაფორმდა, რომ სებ-ისა და ზედამხედველობის, როგორც ერთიანი ინსტიტუტის მოქმედება განხორციელებულიყო. მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს ერთიანი ინსტიტუტი უნდა იყოს. ასე გაცილებით უფრო ეფექტური იქნება სებ-ის საქმიანობაც და გაცილებით უფრო მეტად განსაზღვრავს იგი იმ მიმართულებას, რომელიც ქვეყნისათვის ყველაზე მეტად იქნება სასარგებლო. დღეს ეს ორი ინსტიტუტი მხოლოდ მემორანდუმითაა გაერთიანებული, მაგრამ კოოპერაცია და კავშირი ერთიანია, რამეთუ მთელ რიგ საკითხებში ზედამხედველობა სებ-თან კოოპერაციითა და თანამშრომლობით შეძლებს იმის გადაწყვეტას, რომ კომერციულმა ბანკებმა ეფექტურად იმუშაონ.

- როგორც ბრძანეთ, კომერციულ ბანკებს დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვთ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. გამორიცხავთ, რომ ისინი კვლავ დადგნენ ლიკვიდობის პრობლემის წინაშე?

- ადამიანი ერთიდაიგივე წყალში ორჯერ ვერ ჩავარდება. ყოველ განვითარებას თავისი ციკლი აქვს. ის, რაც კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით მოხდა, მნიშვნელოვნად გამოწვეული იყო საგარეო ფაქტორებით.

- არა მხოლოდ...

- არა მხოლოდ, მაგრამ ლომის წილი აქ საგარეო ფაქტორებს ჰქონდათ და რამდენადაც კომერციული ბანკები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ბიზნეს-სექტორთან (ეს ერთიანი ჯაჭვია), ამიტომ აქ მხოლოდ კომერციული ბანკები არ უნდა განვიხილოთ. უნდა განვიხილოთ ერთიანი ჯაჭვი და როდესაც კომერციულ სექტორს ეკონომიკური საქმიანობა ჩაუვარდება, ეს ბანკების საქმიანობაზეც ზემოქმედებს. მნიშვნელოვანია, რომ ბანკები კრიზისის წინაზე აღმოჩნდნენ, მაგრამ კრიზისის ფაზაში არ გადავიდნენ. ანუ მათ ამ გარემოებას თავი დააღწიეს და შესაბამისად, სწორედ ეს არის იმის იმედი, რომ კომერციულ ბანკებთან მიმართებაში ხვალ-ზეგ ასეთი რამ აღარ იქნება.

- კი, მნიშვნელოვანწილად თავი დააღწიეს, თუმცა ბოლომდე ვერა. სწორედ ახლა ის პერიოდია, როცა მათ იგივე საგარეო ვალების პრობლემა უდგათ და მეორეც, ძალიან მრავლად ჰყავთ მსესხებლები, რომლებიც ამ ეტაპზე გადახდისუუნარონი აღმოჩნდნენ.

- ვალებს რაც შეეხება, ეს ის ვალებია, რომლებიც კომერციულ ბანკებს უცხოეთის ბანკებთან დაკავშირებით აქვთ და ამ ვალებს კომერციული ბანკები ფარავენ, რაშიც მათ მხარს უჭერენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები.
მეორე თემაა ვალები, რომლებიც კომერციული ბანკებისადმი ადგილობრივ რეზიდენტებს დაუგროვდათ. ესეც შედეგი არის ნაწილობრივ იმისა, რაც საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში განვითარდა. ეკონომიკური აქტივობა დაეცა, შესაბამისად შემოსავლები შემცირდა და ეს დაეტყოთ იმ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც კომერციული ბანკებისაგან ჰქონდათ ვალი აღებული.

- მსოფლიო თანამეგობრობის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი იმ 4,5 მილიარდი დოლარიდან ხდება საბანკო სექტორის დახმარება თუ კიდევ სხვა თანხებია?

- იმ 4,5 მილიარდიდანაც არის განკუთვნილი სესხი კომერციული ბანკებისათვის და ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ პოზიციებს. გარკვეულ თანხებს თვითონაც იზიდავენ. ეს აქტივობა უფრო და უფრო იზრდება იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოში განვითარებულ ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით დღეს გაცილებით უფრო რბილი დამოკიდებულებაა. ეს ფინანსური კრიზისი მსოფლიოში ნელ-ნელა უკვე აქტიურობის ფაზაში გადავა და ამასთან ერთად მოხდება კომერციული ბანკების გააქტიურებაც.

- მხოლოდ ამ კრიზისს ნუ დავაბრალებთ, იმიტომ რომ ექსპერტები კომერციულ ბანკებსაც და საზოგადოებასაც აფრთხილებდნენ, როდესაც ბანკები იგივე სამშენებლო ბიზნესში კრედიტებს ხელაღებით გასცემდნენ...

- კომერციული ბანკების პორტფელში სამშენებლო ბიზნესსაც და სამომხმარებლო კრედიტებსაც დაახლოებით 20%-ზე ნაკლები უკავია. პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ეს რომ არ ყოფილიყო, ალბათ, კომერციული ბანკები გაცილებით უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. მათ ჰქონდა მთელი რიგი მექანიზმები, რომ რისკები თავიდან აეცილებინათ და ამ მექანიზმებმა ისინი რისკებს ააცილეს, თუმცა, ბუნებრივია, ბოლომდე ვერა. მაგრამ ის გარემოება, რომ დღეს კომერციულ ბანკებს კრიზისი არა აქვთ, სწორედ იმის შედეგია, რომ ბანკების დიდ ნაწილს ჰქონდა გამართული მენეჯმენტი, კარგად დაყენებული რისკების საკითხი და შესაბამისად, თავიდან აიცილეს გაკოტრება თუ უიმედო მდგომარეობაში გადასვლა, ანუ ის, რაც მსოფლიოში საკმაოდ ძლიერ ბანკებს მოუვიდათ.

- რაც შეეხება ბანკების გადახდისუუნარო მოვალეებს?

- აქ ორი კატეგორია უნდა გამოვარჩიოთ. ბუნებრივია, მათ, ვინც ფორს-მაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდა, სრულიად განსხვავებული მიდგომა დასჭირდებათ. მათი ბიზნესი საომარ ვითარებაში მთლიანად მოიშალა და მათ უიმედო ვალები აქვთ. არიან ისეთები, რომელთაც ვადაგადაცილებული სესხი აქვთ და დროთა განმავლობაში შეძლებენ საქმიანობის გამართვას.

- სასესხო ხელშეკრულებაში ფორს-მაჟორი არსად ფიგურირებს, მაშინ როცა სადეპოზიტო ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ ფორს-მაჟორის შემთხვევაში ბანკი პასუხისმგებლობას იცილებს. ანუ ბანკი თავს იზღვევს, თუკი მას კლიენტმა ფული ანდო, ხოლო როცა თავად გასცემს სესხს, არსად წერია, რომ ფორს-მაჟორის შემთხვევაში კლიენტი რამე შეღავათებით იქნება უზრუნველყოფილი. ვინ უნდა დაიცვას იგივე საომარი მდგომარეობით დაზარალებული მოვალეები?

- აქ ორი საკითხია. ერთია, იურიდიული საკითხი, რამდენადაც ხელშეკრულებაში როგორ აქვთ ჩაწერილი, ეს უშუალოდ დაკავშირებულია კომერციულ ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობასთან და ბუნებრივია, ეს მათივე მოლაპარაკებით უნდა გაირკვეს. ხოლო რაც შეეხება ფორს-მაჟორულ სიტუაციას, თუ ბანკი არ აღიარებს      ფორს მაჟორულ სიტუაციას და ასეთი რამ მართლაც მოხდა, მაშინ საკითხი შესაბამის სამართლებრივ ინსტიტუტებში უნდა გადაიჭრას.

მე მაინც მიმაჩნია, რომ უნდა გაიმიჯნოს უიმედო ვალი და ის ვალი, რომელიც მოითხოვს რესტრუქტურიზაციას. რესტრუქტურიზაცია საშუალებას მისცემს ბანკსაც და კლიენტსაც, რომ ეს ურთიერთობები გააგრძელონ და გადავიდნენ ისეთ ფაზაში, როდესაც კლიენტი უკან დაუბრუნებს ამ ვალს. საქმე ის არის, რომ კომერციულ ბანკს ნამდვილად არ ჭირდება, რომ თავისი კლიენტები გააკოტროს. მას ჭირდება უბრალოდ, რომ ეს ურთიერთობა იყოს სტაბილური, უკან დაუბრუნდეს ის თანხა, რაც მას აქვს გაცემული, რადგან მასაც აქვს თავისი ვალდებულება იმ სუბიექტებთან, ინსტიტუტებთან, ვისგანაც ეს ფული აქვს მიღებული.

- რამდენად იზიარებთ მოსაზრებას, რომ მთავრობამ გამოისყიდოს ეს ვალები და შემდეგ მოსახლეობას ურთიერთობა ჰქონდეს არა ბანკთან, არამედ ხელისუფლებასთან?

- ჩემი აზრით, ეს ხელისუფლებისათვის საკმაოდ ძვირადღირებული ღონისძიება იქნება, თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ღონისძიება გაატაროს.
 
- სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის მექანიზმი, დაიხვეწოს.

- ეს რეკომენდაცია ზაფხულში იყო მოცემული. მექანიზმი ზაფხულშივე დაიხვეწა. შესაბამისად შემუშავდა დებულება, თუ რა მოეთხოვებათ კომერციულ ბანკებს იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელი გახდება მათთვის კრედიტის მიცემა და დღეს ეს მექანიზმი არსებობს. სებ-ი ყოველთვის მზადაა იმისათვის, რომ თუ კომერციულ ბანკებს რამე რისკი შეექმნებათ, მათ ეს რისკი თავიდან ააცილებინოს.

- ასევე იყო რჩევა ლიკვიდობის მართვის ჩარჩოს შემუშავებასთან დაკავშირებით. რას ნიშნავს ლიკვიდობის მართვის ჩარჩო?

- პოპულარულად რომ ვთქვათ, თუკი მოვალეები და დეპოზიტარები მივლენ კომერციულ ბანკებთან და თავიანთი თანხების უკან დაბრუნებას მოითხოვენ, კომერციული ბანკები უნდა იყონ მზად იმისათვის, რომ ეს თანხები მათ უკან დაუბრუნონ.

- ასეთი რამ პრაქტიკულად შესაძლებელია?

- ეს მოხდა მაგალითად, შარშან აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს. მაშინაც კი რაციონალურმა პოლიტიკამ გაიმარჯვა და ეს რისკები თავიდან იქნა აცილებული. თუმცა კომერციული ბანკებიდან ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობის (დაახლოებით 13-14%) შემოსავალი მაინც გაიჟონა. მაგრამ, ვიმეორებ, რომ არა იმ დროს გატარებული სწორი რეაქცია, შეიძლება კიდევ უფრო უარესი მომხდარიყო. ეს არ მოხდა, რის გამოც თავიდან იქნა აცილებული ამ რისკების შემდგომი გაღრმავება და ესკალაცია.
ლიკვიდობის ჩარჩო ნორმატივებით იმართება. აქ რამდენიმე მაჩვენებელი შედის. სავალუტო ფონდის რეკომენდაციაში მის დახვეწაზეა ლაპარაკი.

- რეფინანსირების განაკვეთი ერთი წლის წინ 12% იყო, შემდეგ თანდათან შემცირდა და დღეს 6%-ია. რას ემსახურება ეს კლება?

- კომერციულ ბანკებს პერიოდულად სჭირდებათ ხოლმე სახსრები და ამისი ერთ-ერთი მიმწოდებელი წყარო არის სებ-ი. სებ-ი აწესებს თავის საპროცენტო განაკვეთს, რომელზედაც მერე შენდება ის საპროცენტო განაკვეთები, რითაც კომერციული ბანკები თავიანთ კლიენტებთან მუშაობენ. მისი შემცირება ემსახურებოდა ერთ მიზანს: მიეცა კომერციული ბანკებისათვის სახსრების მოზიდვისა და უფრო ლიბერალური მოქმედების საშუალება, რითაც მათ მუშაობას გაუადვილებდა.

- რაკი საბანკო ვალებზე ვისაუბრეთ, მოდით, საბიუჯეტო დავალიანებების თემასაც შევეხოთ. ბოლო ხანებში აქტიურად გაისმის მოწოდებები, რომ მთავრობამ საგადასახადო დავალიანებებზე ამნისტია გამოაცხადოს. ამას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში არერთგვაროვნად შეხვდნენ. მაგალითად, ფინანსთა მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ ხელისუფლების მხრიდან ასეთი ნაბიჯი არ გამორიცხა. როგორია პირადად თქვენი მოსაზრება? რამდენად მომგებიანი იქნება ეს ეკონომიკისთვის?

- მოდით, ჯერ დავაზუსტოთ, რას გულისხმობთ ამნისტიაში. საქმე ის არის, რომ 2004 წელს უკვე განხორციელდა ერთი ამნისტია. მაშინ ლაპარაკი იყო წინა (2003 წლამდე გადაუხდელი) ვალების პატიებაზე. პარლამენტმა შესაბამისი კანონი მიიღო და იმ კანონმა იმუშავა.

მეორეა, რომ ამნისტიის რამდენიმე ფორმა არსებობს. ერთ-ერთი მოდელის თანახმად, თუ დღეს გადაიხდი, გადაიხდი ნაკლებს; თუ ხვალ გადაიხდი, გადაიხდი უფრო მეტს და თუ ზეგ გადაიხდი, გადაიხდი კიდევ უფრო მეტს. ანუ ესეც ამნისტიაა, რადგან გადამხდელს აძლევს შეღავათს, რომ აირჩიოს, რომელ პერიოდში გადაიხადოს.

არის კიდევ სხვა ფორმაც. დავუშვათ, ამნისტია განხორციელებული იყოს რაღაცა კონკრეტული მიმართულებით, ვთქვათ, გადასახადის რომელიმე სახის (მაგალითად, ქონების გადასახადის, ან მოგების გადასახადის, ან დამატებული ღირებულების გადასახადის) მიმართ, ან გარკვეული კატეგორიის ადამიანების მიმართ. შეიძლება შერჩეული იყოს დარგები, ურთიერთდაკავშირებული სეგმენტი ეკონომიკისა და იმათ მიეცეთ ასეთი შეღავათები. ამიტომ ეს ყველაფერი ასაწონ-დასაწონი და განსახილველია, რომელი სჯობია და ბუნებრივია, მხოლოდ ამის მერე შეიძლება იმაზე მსჯელობა, თუ რას მოიტანს ამა თუ იმ სახის ამნისტია.

- თუ განხორციელდა ისეთივე ამნისტია, როგორიც 2004 წელს, ანუ მოხდა ჩამოწერა გარკვეულ პერიოდამდე არსებული დავალიანებებისა, როგორ იმოქმედებს ის ქვეყნის ეკონომიკაზე?

- იმ შემთხვევაში, თუ ჩამოეწერებათ, ჯერ უნდა ვიცოდეთ რამდენი არის დაგროვილი ეს გადასახადები. მე არ ვიცი, რამდენია დაგროვილი, ამიტომ მის ეფექტზეც ვერაფერს გეტყვით.

- ხალხში ლაპარაკობენ შესაძლო პატიებაზე...

- საქმე ის არის, რომ ყოველი ასეთი ლაპარაკის მერე ვინც გადახდისუნარიანია, ისინიც კი ჩერდებიან და ელოდებიან იმ მომენტს, რომ შესაძლოა დადგეს ის ეტაპი, როცა ვალს აპატიებენ. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ვარდება გადამხდელიც და ბიუჯეტიც. ამიტომ დრო უნდა იყოს შერჩეული და განხორციელდეს ისე, რომ არც ბიუჯეტი დაზარალდეს და არც გადამხდელები.

რიგ ქვეყნებში მართლაც არის ასეთი გამოცდილება, რომ ამნისტია პერიოდულად ხორციელდება. მაგალითად, აშშ-ში ძალიან ხშირად ტარდება ხოლმე საგადასახადო ამნისტია, მაგრამ, როგორც გითხარით, იქ ამნისტია დაკავშირებულია იმ მთავარ პრინციპთან, რომ დღეს თუ გადამიხდი, იხდი ცოტას და ხვალ თუ გადამიხდი, იხდი უფრო მეტს. ზოგ ქვეყანაში პატიებასაც მიმართავენ, მაგრამ ალბათ მნიშვნელოვანი იქნება იმის გარკვევა, თუ რომელი ფორმაა ყველაზე უკეთესი და სწორედ ამ ფორმიდან გამომდინარე შეიძლება მერე მსჯელობა, ის რამდენად წარმატებული იქნება და რა შედეგებს მოიტანს ეკონომიკისათვის.

- დღეს საქართველოს ძალიან მძიმე დრო უდგას, შეიძლება ითქვას, რომ ის ბეწვის ხიდზე გადის. იმართება მძლავრი საპროტესტო აქციები და ხელისულების მხრიდან ისმის პრეტენზიები, რომ ეს აქციები ქვეყანას ეკონომიკურად აზარალებს. არადა, აქციის ორგანიზატორები და რიგი ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას არანაირი ეკონომიკა არ გააჩნია და ამ საპროტესტო აქციებით ეკონომიკა ვერ დაზარალდება, იმიტომ რომ ის რეალურად არ არსებობს; ქვეყანაში არაფერი იწარმოება, მხოლოდ იმპორტით ვარსებობთ. თქვენი აზრით, ამ აქციებით ეკონომიკა ზარალდება, თუ ეკონომიკა მართლაც არ გაგვაჩნია?

- ამ კითხვას იგივე რუსთაველზე არსებულ მაღაზიებსა და საწარმოებს თუ დაუსვამთ, გეტყვიან, რომ ისინი იძულებულები არიან გაჩერებულები იყვნენ; ანუ მათზე ეს აქციები ზემოქმედებს.

ის გარემოება, რომ ახლა ქვეყანაში არ არის მთლად სტაბილური მდგომარეობა, პირდაპირ მოქმედებს ინვესტორებზე. მე მგონი, აქ ორი აზრი არც უნდა არსებობდეს, რომ ისინიც, ვისაც უნდა ინვესტიცია განახორციელოს, ჩერდებიან და უყურებენ, რა შეიძლება მოხდეს. ამიტომ არ არის სწორი იმის თქმა, თითქოს ასეთი გამოსვლები ეკონომიკაზე არ ზემოქმედებს. ის პირდაპირ და საკმაოდ უარყოფითად ზემოქმედებს.

არიან ქვეყნები, ვინც იმპორტზეა ორიენტირებული და არიან ქვეყნები, ვინც ექსპორტზეა ორიენტირებული. ჩვენი ქვეყანა ორიენტირებული არის იმპორტზე.

- 4-ჯერ ჭარბობს იმპორტი ექსპორტს...

- დიახ, დაახლოებით 4-ჯერ აღემატება იმპორტი ექსპორტს. ბოლო პერიოდში სტაბილურად შენარჩუნდა ასეთი სხვაობა. ჩვენი ქვეყანა ორიენტირებულია უცხოურ ინვესტიციებზე. ეს კი, რა თქმა უნდა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე ზემოქმედებს და მომხმარებლისათვის მნიშვნელოვანია მიიღოს ის შემოსავალი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მის ცხოვრებას უზრუნველყოფს. მართალია, ექსპორტი ჩამორჩება იმპორტს და ეს ერთ-ერთი მტკივნეული თემაა, ადგილობრივი წარმოება არ არის კონკურენტუნარიანი, მაგრამ აქ უკვე გასატარებელია მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც მართლაც მიეხმარება ექსპორტს, ადგილობრივ წარმოებას თავისი ქმედუნარიანობის გაზრდაში. ის, თითქოს საქართველოში ეკონომიკა არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ ჰაერში წარმოთქმული უაზრო ფრაზაა.

- ალბათ, იმ გაგებით არ არსებობს, რომ თვითონ პროდუქცია არ იწარმოება. იგივე უცხოელი ინვესტორები ინვესტიციას დებენ უძრავ ქონებაში. რეალურად რომ საწარმოები აშენდეს და პროდუქცია გამოვიდეს, ასეთი რამ თითქმის არ ხდება. უფრო სამომხმარებლო სექტორი ვითარდება, სასტუმროები შენდება...

- საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მთელ რიგ ისეთ დარგებზე, როგორიც არის ფინანსური შუამავლობა; ძირითადი მაგისტრალური დარგები, რომლებიც ახდენენ ფინანსირებული პროდუქციის ზრდას, ეს არის მომსახურების სფერო. საკმაოდ მაღალი წილი ჰქონდა მთლიან შიდა პროდუქტში განათლებაში დაბანდებულ თანხებს. დარგების მიხედვით თუკი შევხედავთ, დღეს მრეწველობა უკეთეს პირობებშია, ვიდრე ადრე იყო. გადამამუშავებელი მრეწველობა და სამთომომპოვებითი მრეწველობა - ეს არის დარგები, რომლებიც სწრაფი ტემპებით ვითარდება დღეს მთლიან შიდა პროდუქტში.

სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მოსახლეობის სამუშაო ძალის თითქმის ნახევარი და ამიტომ საკმაოდ მტკივნეულია ის გარემოება, რომ შემცირდა ამ სფეროს ხვედრითი წილი მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელში. ესეც ერთ-ერთი სფეროა, რომელსაც მიხედვა ჭირდება.

- როგორია თქვენი პროგნოზი საბანკო სექტორისა და საერთოდ, ეკონომიკის პერსპექტივასთან დაკავშირებით?

- თუკი საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა იქნება, მაშინ ეკონომიკა გამოვა ამ რეცესიული მდგომარეობიდან. ტერმინი "რეცესია" ნიშნავს, რომ ეკონომიკის განვითარება არის შეფერხებული და გარკვეულწილად კრიზისულ მდგომარეობამდე მისული. არსებული რეცესიული მდგომარეობიდან გამოსვლა აბსოლუტურად შესაძლებელია, იმიტომ რომ ყველა დარგი ერთმანეთთან ჯაჭვურად არის დაკავშირებული და როგორც საბანკო სექტორში, ასევე ბიზნეს-სექტორში ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია, რომ ამ წლის ბოლოსათვის ეკონომიკამ თანდათანობით აიღოს ზრდის ტემპები. თუმცა, 2010 წელი ისევ რთული პერიოდი იქნება. დაცემა ძალიან სწრაფად ხდება ხოლმე, მაგრამ განვითარება - შედარებით უფრო მძიმედ და ნელა. ვიმეორებ, სტაბილურობის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ეკონომიკამ ნელ-ნელა აკრიფოს ზრდის ტემპები. ამისი წინაპირობებიც არსებობს და მოლოდინიც.

- ბატონო მიხეილ, 2009 წლის მიზნობრივი ინფლაცია საშუალო წლიური არის 9%. "ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, "თუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი პროფიციტულია, ნებისმიერი 4 მიმდევრობითი კვარტალის განმავლობაში ფაქტობრივი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან 2 პროცენტულ პუნქტზე მეტად გადახრის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს, არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა ან პირველივე სხდომაზე, რომელიც უფრო ადრე დგება, კენჭისყრაზე დააყენოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენების მიზანშეწონილობის საკითხი". ამ ეტაპზე ინფლაცია ძალიან დაბალია. ჯერ ერთი, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ასე დაბალი დარჩება და არ გაიზრდება მიზნობრივ დონემდე და მეორეც, რას ნიშნავს ასე დაბალი ინფლაცია?

- კანონში რომ დაფიქსირებული არის ინფლაციის ნომინალური მაჩვენებელი, ეს მაინცდამაინც არ შეესაბამება იმ ეკონომიკურ სიტუაციას, რაც დღეს საქართველოში ხდება. წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ ინფლაცია დაახლოებით 6-7%-მდე ავიდეს.

- მიზნობრივზე დაბალი თუ იქნება, დადგება სებ-ის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი?

- არა, ინფლაცია დღეს უკვე ასეთი მტკივნეული თემა არ არის.

- კანონი რომ ითვალისწინებს?

- კანონი კი ითვალისწინებს, მაგრამ იქ გარკვეული დაშვებები არის. და კიდევ ერთი გარემოება: ინფლაცია ხელოვნურად არ შეიძლება გაიზარდოს. ჩემი აზრით, ასეთი ნომინალური მაჩვენებელი კანონში არ უნდა იყოს ჩადებული.

- ანუ ცხოვრებამ ამ ჩადებული ნორმის აბსურდულობა უკვე აჩვენა?

- კი, ბატონო, აბსოლუტურად! როდესაც ეს კანონი იქმნებოდა, მაშინ არ ფიქრობდნენ, რომ შესაძლებელი იყო რაღაც საგარეო რისკები ყოფილიყო, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას შეამცირებდა და რეცესიულ მდგომარეობაში გადაიყვანდა. ასეთი ნომინალი რომ ჩაიდო კანონში, გამომდინარეობდა წინა პერიოდის დინამიკიდან. დღეს ხელოვნურად ინფლაციის არც გაზრდა შეიძლება და არც შემცირება. ინფლაცია გარკვეულ ჩარჩოებში უნდა იყოს. ის უნდა იყოს სტაბილური, რაც ხელს შეუწყობს თვითონ ეკონომიკის ზრდას და განვითარებას. მეორეა, რომ რადგანაც ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, პროდუქტებზე მოთხოვნაც შემცირდა. ანუ ამანაც იმოქმედა გარკვეულწილად ინფლაციის შემცირებაზე   და ხვალ უკვე, როდესაც ეკონომიკური აქტივობა წარმოიშობა, ფასები უკვე სხვანაირად მოიქცევიან. არ არის გამორიცხული, რომ ინფლაციის საკითხი დადგეს უკვე მომავალი წლიდან და ალბათ, მაშინ უკვე მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნება გასატარებელი იმისათვის, რომ ინფლაცია ზომიერ ჩარჩოებში მოექცეს.

- ანუ ეკონომიკური აქტივობის ზრდასთან ერთად ინფლაციაც გაიზრდება. ეს ცოტა დამაბნეველია. რიგითი მოქალაქის აზრით, თუკი ეკონომიკა კარგად მუშაობს, ინფლაციაც მაღალი არ უნდა იყოს. არადა, დღეს როცა რეცესიაა, ერთობ გაიზარდა ფასები ძირითადი მოთხოვნილების საქონელზე. ცოტა ძნელია მოქალაქემ გაიგოს, როგორ შემცირდა ინფლაცია, როცა მაგალითად, იგივე მედიკამენტები რამდენჯერმე გაძვირდა. ამიტომაც შეაქვს მას ეჭვი ამ მაჩვენებელში. თუკი ინფლაცია ასეთი დაბალია, მაშ, ასე ცუდად რატომ ვცხოვრობთ?

- ბუნებრივია, ეს ყველაფერი შეფარდებითია. როდესაც ინფლაციაზე ვლაპარაკობთ, ამ ინფლაციას ჩვენ ვადარებთ კვარტალს კვარტალთან ან წელს წელთან და სწორედ აქედან გამომდინარე ვასკვნით, ინფლაცია გაიზარდა თუ შემცირდა.

- მთლიან შიდა პროდუქტს თუ დავუკავშირებთ?

- საქმე ის არის, რომ როდესაც ეკონომიკური აქტივობა იზრდება, ამ შემთხვევაში იზრდება მოსახლეობის შემოსავლებიც. მოსახლეობის შემოსავლები იზრდება თუ არა, ეს ფული ბაზარს აწვება, მოთხოვნა იზრდება და თუ ამ შემთხვევაში მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე მიწოდება, ბუნებრივია, ფასებიც იზრდება. გარდა ამისა, მეორე ფაქტორი დაკავშირებულია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან. როდესაც ასეთი უცხოური ინვესტიციები შემოდის, ეს ფული ასევე ბაზარს აწვება. ამ ვალუტის ლარში კონვერტაცია გარკვეულწილად ნიშნავს ფულის მიმოქცევის გაზრდას და შესაბამისად ინფლაციაშიც აისახება. მაგრამ ამ შემთხვევაში ხდება მისი სტერილიზაციაც, უკან გამოტანაც მიმოქცევიდან, რაც ანეიტრალებს ასეთი ინფლაციის შესაძლებლობებს.

და კიდევ ერთი, საქართველოში იყო ასეთი კანონზომიერება, რომ ხელფასებისა და შემოსავლების ზრდა გაცილებით უფრო სწრაფად მიდიოდა, ვიდრე მთლიანი შიდა პროდუქტისა. ეს კი პირდაპირ ზემოქმედებდა ინფლაციის ზრდაზე; ანუ ესაა ის, რასაც ჰქვია მოთხოვნის ინფლაცია. ვნახოთ, მომავალში რომელი ფაქტორი იმძლავრებს, მოთხოვნა თუ მიწოდება. თუკი ეკონომიკური აქტივობა უფრო სწრაფად წარიმართა, ვიდრე შექმნის მოთხოვნას მომხმარებელი სამომხმარებლო ბაზარზე, ამ შემთხვევაში უკვე მიწოდება გაანეიტრალებს მთელ იმ ფაქტორებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ინფლაცია და შესაბამისად ინფლაცია სტაბილურ ჩარჩოებში მოექცევა. ხოლო თუკი მოსახლეობის შემოსავლები უფრო მეტი იქნება ან გაიზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ეკონომიკური აქტივობა (ანუ მიწოდება პროდუქციისა), ამ შემთხვევაში ის ზემოქმედებას მოახდენს ინფლაციაზე. აქედან რომელი იმძლავრებს, დღეს ამისი თქმა წინასწარ ძნელია. დღეს სულ სხვა პრობლემა დგას. დღეს პრობლემა არის, ეკონომიკა როგორ დავაჩქაროთ და გადავიყვანოთ სტაბილურ ფაზაში.

მარტო ინფლაციით იმის მსჯელობა, კარგია თუ ცუდი ეკონომიკა, არ შეიძლება. მთავარი ის არის, რომ ინფლაციის ფენომენი თავიდან ბოლომდე მონეტარულია; ანუ ეროვნულ ბანკს მონეტარული ფაქტორებით შეუძლია ინფლაციის შემცირებაც, მასზე ზემოქმედებაც, მაგრამ შეიძლება ასეთმა ზემოქმედებამ ეკონომიკურ აქტივობაზეც მოახდინოს ზეგავლენა; შეუძლია პირიქითაც, მასტიმულირებელი პოლიტიკის გატარებით ეკონომიკური აქტივობაც გაზარდოს და ბუნებრივია, ზემოქმედებას მოახდენს ინფლაციაზეც. ამიტომ როგორ, რა სცენარით წარიმართება მომავალი, მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად გამოვალთ ამ რეცესიული მდგომარეობიდან და გადავალთ აქტივობის ფაზაში. აი, გადავალთ თუ არა აქტივობის ფაზაში, მაშინ გამოჩნდება, რომელი ფაქტორია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკის განვითარებისათვის, ეს იქნება უცხოური ინვესტიციები, შიდა წარმოების განვითარება, იმპორტის ზრდა თუ ყველაფერი ერთად.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც საქართველოში არსებობს, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, რამეთუ მათი ხვედრითი წილი მთლიან წარმოებაში ძალიან დაბალი (20%-ის ფარგლებში) არის. მთელ რიგ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 40% და უფრო მეტია. იქ მცირე და საშუალო ბიზნესი არის ეკონომიკის განვითარების ძირითადი გენერატორები. საქართველოში ასეთი გენერატორი არის მსხვილი ბიზნესი და მსხვილი ბიზნესის განვითარება კი ლიმიტირებულია. შესაბამისად, ქვეყანას დასჭირდება მოფიქრება გარკვეული პოლიტიკისა, იმისა, თუ როგორ შეუწყოს ხელი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას. ეს შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ცვლილებებით, ან ინვესტირების სპეციალური ღონისძიებებით, ან ინსტიტუციონალური ხელშეწყობით. მაგრამ ფაქტია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის როლი და წილი ეკონომიკაში უნდა გაიზარდოს, რაც მეტად დაეხმარება ქვეყნის განვითარებას.

და კიდევ ერთი ფაქტორი, უფრო აქტიური გახდებიან მოვალეები, რომელთა გარკვეული ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესია. ამ შემთხვევაში კომერციული ბანკებიც გადახდისუნარიანი გახდებიან, თავიანთ კლიენტებთან ვალების დაბრუნების თვალსაზრისით ისინიც გაცილებით უფრო ხელსაყრელ ვითარებაში აღმოჩნდებიან.

ესაუბრა დალი ჩიკვაიძე