ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილე ირაკლი თუთარაშვილთან - #10(250), 2020
ირაკლი თუთარაშვილი - დაიბადა 1987 წლის 4 დეკემბერს ქ. თბილისში. 

განათლება 

2005-2009 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნეს-ადმინისტრირების ბაკალავრი.
 
2019 წლიდან - თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრი. 

სამუშაო გამოცდილება 

2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე - სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე. 

2015 წლის 28 დეკემბრიდან - 2018 წლის 1 იანვრამდე - სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი. 

2015 წლის 15 აპრილიდან - სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. 

2015 წლის 15 იანვრიდან - 15 აპრილამდე - სსიპ საქართველოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სამსახურის უფროსის მოადგილე, სადაზღვევო ფინანსებისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 

2014 წლის 1 იანვრიდან - 2014 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით - შპს „დაზღვევის კომპანია ქართუ“, ფინანსური დეპარტამენტის უფროსი. 

2013 წლის ოქტომბრიდან - 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით - შპს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“, ფინანსური მენეჯერი. 

2012-2013 წწ. - შპს „დაზღვევის კომპანია ქართუ“, ანალიზისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი. 

2008-2012 წწ. - შპს „დაზღვევის კომპანია ქართუ“, დაზღვევის სპეციალისტი.

- ბატონო ირაკლი, სადაზღვევო სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული დარგია, რომელიც დღესაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. სადაზღვევო სექტორის ზედამხედველობის პროცესში თქვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი გაკისრიათ. სანამ უშუალოდ ამ სექტორზე ვისაუბრებთ, მანამდე მოგვიყევით თქვენ შესახებ. 

- დავიბადე თბილისში, ვსწავლობდი ჯერ 157-ე საჯარო სკოლაში, ხოლო შემდეგ ESM-ის სკოლა ლიცეუმში. 2009 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის სპეციალობით. ამჯერად, თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნეს-ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობ. 

რაც შეეხება პროფესიულ საქმიანობას, 2006 წელს, სტუდენტობის პერიოდში სტაჟირება სადაზღვევო კომპანია `ქართუში~ გავიარე. 2008 წელს მე-3 კურსის დასრულებისას ამავე კომპანიაში დაზღვევის სპეციალისტად დავიწყე მუშაობა. ეს იყო პატარა სადაზღვევო კომპანია, რომელიც კორპორაციულ მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობდა, ბევრი თანამშრომელი არ იყო, ამიტომ სადაზღვევო საქმიანობის თითქმის ყველა მიმართულებასთან მქონდა შეხება. იმ პერიოდში დაზღვევის სფეროს მარეგულირებელი ფუნქცია ეროვნულ ბანკში გადავიდა. შეიცვალა საზედამხედველო მიდგომები, შემოიღეს მრავალი ნორმატიული აქტი, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევდა კომპანიის საქმიანობაში. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ახალი სარეგულაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება და მარეგულირებელთან ანგარიშგება დამეკისრა. 2014 წლიდან ამავე კომპანიაში დავინიშნე ფინანსური დეპარტამენტის უფროსად. 

გარკვეული პერიოდი ვმუშაობდა სადაზღვევო კომპანია `არდი ჯგუფში~ ფინანსურ მენეჯერის პოზიციაზე, ხოლო 2015 წელს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურს შემოვუერთდი. დღემდე ვარ უფროსის პირველი მოადგილე. 

- ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. რატომ არის უფრო ეფექტიანი ამ სამსახურის დამოუკიდებლად საქმიანობა? 

- მსოფლიოში დაზღვევის ზედამხედველობის სხვადასხვა მოდელი არსებობს, ეს სტრუქტურა არის ცენტრალურ ბანკთან, ან დამოუკიდებლად საქმიანობს. ეროვნული ბანკი ძირითადად საბანკო სექტორის რეგულირებაზე აკეთებდა აქცენტს, შესაბამისად დაზღვევის სფეროს დიდი ყურადღება არ ექცეოდა, ზედამხედველობა მხოლოდ ანგარიშგებების და გადახდისუნარიანობის კუთხით ხორციელდებოდა. ეს სამსახური 2013 წელს გამოეყო ეროვნულ ბანკს და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. 

- მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო ბაზარი სულ უფრო და უფრო ვითარდება, მასში ძალიან დიდი წილი უკავია სამედიცინო მიმართულებას. სხვა სეგმენტის, თუნდაც მოძრავი და უძრავი ქონების, ათვისების დინამიკა არც ისე შთამბეჭდავია. რა არის ამის მიზეზი? 

- როგორც თქვენთვის ცნობილია 2013 წლამდე, მოსახლეობის გარკვეული კატეგორია სახელმწიფოს მიერ დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანიებში, აღნიშნულ პერიოდში სამედიცინო დაზღვევის წილი 70 პროცენტს აჭარბებდა. სწორედ ამიტომ სადაზღვევო კომპანიები აქცენტს აკეთებდნენ სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით, რამაც საკმაოდ განავითარა აღნიშნული სახეობა. მას შემდეგ, რაც სადაზღვევო კომპანიები აღარ არიან ჩართულები სახელმწიფო დაზღვევის პროექტში, საკმაოდ განვითარდა დაზღვევის სხვა მიმართულებებიც. 

საერთაშორისო პრაქტიკას რომ გადავხედოთ, განვითარებულ ქვეყნებში სადაზღვევო კომპანიების პორტფელებში საკმაოდ დიდი წილი უჭირავს სიცოცხლის დაზღვევას, ამასთანავე ვინაიდან მესამე პირების ქონების, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება ხშირად უდიდეს ზარალთან არის დაკავშირებული, უკვე დიდი ხანია მუშაობს პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის უამრავი პროდუქტი (მაგალითად ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სხვადასხვა სახის პროფესიული პასუხისმგებლობის, საშიშ საწარმოთა პასუხისმგებლობის და ა.შ.). ეს სეგმენტი მართლაც განსავითარებელი და ასათვისებელია, ვინაიდან ამ მიმართულებით დიდი რესურსი არსებობს. 

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს სადაზღვევო სექტორი საკმაოდ კარგად და კანონზომიერად ვითარდება, ხოლო სავალდებულო დაზღვევის სახეობების და გრძელვადიანი დაგროვებადი სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტების ეტაპობრივი დანერგვა ბაზარზე, მის მოცულობას მომავალში რამდენჯერმე გაზრდის. 

საკმაოდ დიდ ზრდას ველოდით 2020 წელს, პანდემიამდე 24 პროცენტიანი ზრდა გვქონდა წინა წელთან შედარებით. დღეს, შარშანდელთან შედარებით, უარესი შედეგი არ გვაქვს, მაგრამ ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირებულია. პანდემია როგორც ყველა სექტორზე, ისე სადაზღვევო სექტორზეც მძიმედ აისახა. 

გაყიდვები შემცირდა, განსაკუთრებით ისეთი სექტორებიდან, რომელიც ტურიზმთან იყო დაკავშირებული. საზღვრების ჩაკეტვის გამო სავალდებულო დაზღვევა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტომობილებზე, ფაქტობრივად, გაჩერებულია, მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები მოძრაობს. მართალია, მოზიდულ პრემიაში სამოგზაურო დაზღვევას დიდი წილი არ უკავია, მაგრამ ასეთი პროდუქტები საკმაოდ მაღალმარჟიანი იყო და მნიშვნელოვანი წილი ეკავა სადაზღვევო კომპანიების მოგებაში. ასევე შემცირდა ინდივიდუალური დაზღვევები, სასტუმროების პასუხისმგებლობის დაზღვევა, სასტუმრო პერსონალის დაზღვევა და სხვა. 

- ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა საკანონმდებლო ორგანოში 2 წლის წინ შევიდა, ეს ვალდებულება ჯერ 2019 წელს, შემდეგ 2020 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა კანონის მიღება ვერ მოხერხდა. რა საკითხები იყო, რომელზედაც სექტორი კანონმდებლებთან ვერ შეთანხმდა? 

- ეს კანონპროექტი ზედამხედველობის სამსახურმა პარლამენტში 2018 წლის ბოლოს წარადგინა. აქტიურად განიხილებოდა საკომიტეტო დონეზე, არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ საკითხებზე, თუმცა, მისი დაძლევა შესაძლებელია. მისი გახილვა იგეგმებოდა 2020 წელს, მაგრამ პანდემიამ ამ პროცესსაც შეუშალა ხელი. იმედი მაქვს, მომავალ წელს დამტკიცდება. 

- თუმცა, უფრო მარტივად დამტკიცდა უცხოეთში რეგისტრირებული ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევის წესი. რამდენად მომგებიანი აღმოჩნდა ეს მიმართულება სექტორისთვის? 

- ეს კანონი პარლამენტმა 2017 წელს მიიღო და 2018 წლის მარტიდან ამოქმედდა. საკმაოდ კარგი პროდუქტია სექტორისთვის. აქ არის თანადაზღვევის სისტემა, სადაც ყველა მზღვეველი გაერთიანდა. იყო რისკები, რომ თუ თვრამეტივე სადაზღვევო კომპანია ცალკე შესთავაზებდა თავის პროდუქტს, საზღვრები გადაიტვირთებოდა, ამიტომ შეიქმნა დაზღვევის ერთიანი ცენტრი, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს და აღნიშნული რისკიც მოიხსნა. 

- რამდენიმე წელია მთავრობა აგროდაზღვევის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს თანადაფინანსება საკმაოდ მაღალია, თუმცა ამ პროგრამის მიმართ ფერმერებისა და გლეხების ინტერესი არც ისე დიდია. მათ ნაწილს აქვს პრეტენზია ზარალის დათვლასთან დაკავშირებით, ასევე პრობლემაა აგროდაზღვევაზე მომუშავე კადრების დეფიციტი. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? 

- ფერმერების და გლეხების ინტერესი იმ რეგიონებში სადაც დიდია სტიქიური მოვლენების დადგომის ალბათობა, საკმაოდ მზარდია. თუმცა ასათვისებელია ის რეგიონები, სადაც შედარებით ნაკლებია სტიქიური მოვლენების ალბათობა. 
რაც შეეხება ზარალთან დაკავშირებულ პრეტენზიებს, ჩვენთან ამის თაობაზე იყო რამდენიმე საჩივარი, რომელიც ძირითადად დაკავშირებული იყო მომსახურების ვადებთან. როდესაც მოვიკვლიეთ, მომსახურების ვადები იყო დადგენილების ფარგლებში. მეორე პრობლემა არის ის, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე გლეხები ზარალის ანაზღაურებას დაუყოვნებლივ ითხოვენ. დადგენილების მიხედვით კი, ჯერ უნდა დადგინეს ამ თუ იმ კულტურის საბაზრო ფასი და ამის შემდეგ მოხდეს სადაზღვევო ანაზღაურება. 
ახალი აგროდაზღვევის პროგრამის მიხედვით, ზემოთხსენებული ვადები შემცირდა, შესაბამისად აღნიშნული პრეტენზიების ნაწილიც უნდა შემცირდეს. 
აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა გახდა მრავალწლიანი, შედეგად სადაზღვევო კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა გრძელვადიანი ურთიერთობა დაამყარონ გადამზღვევლებთან და უფრო გააქტიურდნენ ამ ბაზარზე. 

რაც შეეხება აგროდაზღვევაზე მომუშავე კადრების დეფიციტს, გეთანხმებით, ძირითადი პრობლემები კვალიფიციურ აგრონომების ნაკლებობაა, რაც ზარალის დროულად და სრულყოფილად დათვლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აღნიშნული პრობლემის გადაჭრა სხვადასხვა მხარეების ჩართულობას და საკმაო დროს მოითხოვს. 

- დავების განხილვა როგორ ხდება? 

- ზედამხედველობის სამსახურში ფუნქციონირებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველო, რომელიც მომხმარებლის განცხადების საფუძველზე განიხილავს მზღვეველმა რომელიმე საზედამხედველო ნორმა ხომ არ დაარღვია. ძირითადი დავები არის ზარალის ანაზღაურებაზე, ან ნაწილობრივ ანაზღაურებაზე. სამსახური აუცილებლად ითხოვს არგუმენტირებულ, დასაბუთებულ განმარტებას მზღვეველისგან, ასეთის წარუდგენლობის შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციას ამ გადაწყვეტილების გადახედვის შესახებ. 
ასევე, დაზღვეულებსა და მზღვეველებს შორის წარმოშობილი უთანხმოების დროული გადაჭრის მიზნით და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, თითოეულ მზღვეველში არსებობს მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის სპეციალური სამსახური და მომხმარებელთა პრეტენზიების მიღებისა და განხილვის პროცედურები. ეს პროცედურები საჯაროა და განთავსებულია მზღვეველის ვებ-გვერდზე. მზღვეველებთან წარდგენილი პრეტენზიების შესახებ ანგარიში, რომელიც მოიცავს მათი რეგულირების ვადებს და შედეგებს, ყოველთვიურად იგზავნება სამსახურში და ეს ანგარიში ცალკე მონიტორინგის საგანია. 

- 2013 წელს, როდესაც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ამოქმედდა, სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო პროგრამების მიღმა აღმოჩნდნენ. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ეს იყო შეცდომა. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა მონაწილეობდნენ თუ არა კომპანიები სახელმწიფო პროგრამებში? 

- იმ დროისთვის, სახელმწიფო პროგრამით მოსახლეობის ცალკეული კონტიგენტი იყო დაზღვეული _ პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, პედაგოგები და სხვა. შემდეგ სახელმწიფომ განაცხადა, რომ იწყებდა საყოველთაო პროგრამას. მართალი გითხრათ, არსებობდა პრობლემები სადაზღვევო კომპანიებშიც, ერთი კომპანია, რომელიც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობდა, დღესაც გაკოტრების რეჟიმშია. ჩემი აზრით, იმ პერიოდისთვის, როდესაც სახელმწიფომ გადაწყვიტა შეექმნა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, რომელშიც მთლიანი მოსახლეობა იქნებოდა ჩართული, ეს სწორი იყო. ვფიქრობ, რომ დადგა ის დრო, როდესაც გარკვეული კონტიგენტის სადაზღვევო სექტორში გადასვლაზე შეგვიძლია ვიფიქროთ, რადგან სექტორმა საკმაოდ დიდი გამოცდილება და კვალიფიკაცია შეიძინა სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია კაპიტალიზაციის ზრდა, რომელიც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

- ცოტა ხნის წინ მთავრობის დადგენილებით, `კოვიდის~ მართვაში სადაზღვევო კომპანიები ჩაერთვნენ, რას ითვალისწინებს ეს მექანიზმი? 

- ამ ეტაპზე, მართვა გულისხმობს დაზღვეული კოვიდინფიცირებულების სადაზღვევო კომპანიების მიერ დაქირავებული ოჯახის ექიმებით მართვას. იმ შემთხვევაში თუკი დაზღვეულს დასჭირდება ოჯახის ექიმის კონსულტაცია, მას შეუძლია მიმართოს სადაზღვევო ორგანიზაციას. რაც შეეხება ხარჯების ანაზღაურებას, თუკი კოვიდდადასტურებულს სტაციონალური მომსახურება დასჭირდება, ამაზე ექსკლუზივი სახელმწიფოს აქვს აღებული და სახელმწიფო ფარავს აღნიშნულ ხარჯებს. 

პაციენტს ოჯახის ექიმთან სადაზღვევო კომპანია აკავშირებს, თუ კონტაქტი, ამ შემთხვევაშიც, 112-ის გავლით ხდება, რაც საკმაოდ რთულია. 

დიახ, პაციენტმა 112-ში უნდა დარეკოს. 112-ის ოპერატორს აქვს წვდომა თუ რომელ კომპანიაშია დაზღვეული პაციენტი. შესაბამისად, იგი ამისამართებს სადაზღვევო კომპანიაში. არსებობს კოვიდის მართვის ერთიანი პლატფორმა და ამიტომ ეს პრინციპი უცვლელი დარჩა. 

- თქვენ აღნიშნეთ, რომ სექტორის კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. სადაზღვევო სექტორი ითხოვდა, რომ მოგების გადასახადის `ესტონური მოდელი~ მათზეც გავრცელებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს პროცესი 2023 წლამდე მიზანშეწონილად არ ჩათვალა. რატომ იყო მნიშვნელოვანი სექტორისთვის `ესტონური მოდელით~ დაბეგვრა და ამის გარეშე რა დაკარგა? 

- ბუნებრივია, `ესტონური მოდელი~ მნიშვნელოვანი იყო სექტორისთვის, 2015 წლიდან კაპიტალიზაციის მოთხოვნები გავზარდეთ. შესაბამისად კომპანიებს უწევთ მოგების რეინვესტირება და მოგების გადასახადით რომ არ დაბეგრილიყვნენ, მნიშვნელოვანი იყო ამ მოდელში მოხვედრა. რამდენიმე წლის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა კონსულტაციები სექტორის ჩართულობით, თუმცა როგორც აღნიშნეთ, მთავრობამ ესტონური მოდელის სადაზღვევო სექტორზე გავრცელება 2023 წლამდე არ ჩათვალა მიზანშეწონილად. 2019 წლის ბოლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გადახედვა ისევ მოითხოვა სექტორმა, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა პანდემიიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ახლა ცოტა რთული იქნება ამ მოთხოვნის გათვალისწინება, ვინაიდან ეს, გარკვეულწილად, საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს. 

- დაგროვებით სახელმწიფო სისტემაში ვერ მოხვდნენ სადაზღვევო კომპანიები, თქვენი აზრით, ამ სქემაში უნდა იყოს თუ არა ჩართული სადაზღვევო სექტორი? ასევე საინტერესოა, საპენსიო სისტემის განვითარება, დამოუკიდებლად რატომ ვერ მოახერხეს ამ კომპანიებმა? 

- როგორც ახსენეთ, კერძო საპენსიო სქემები დღეის მდგომარეობით არ არის განვითარებული. ამის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე საგადასახადო შეღავათების არარსებობა, რაც მოსახლეობას უბიძგებს კერძო საპენსიო სქემებში დანაზოგის გაკეთებას. აქვე დავამატებდი, რომ მოძველებული და შესაცვლელია კერძო საპენსიო სქემების შესახებ კანონი. სახელმწიფოს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, ვალდებულება აქვს კერძო საპენსიო სქემების ახალი კანონი შეიმუშაოს. ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ. 

დაგროვებით პენსიის სახელმწიფო სისტემას რაც შეეხება, როგორც იცით საკმაოდ დიდ დანაზოგებზეა საუბარი და სახელმწიფოს კონტრიბუციაც საკმაოდ დიდია. შესაბამისად გამართლებულია ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს. 

მომხმარებელს შეუძლია დეპოზიტი გახსნას და დანაზოგი ბანკშიც გააკეთოს, ამ შემთხვევაში სადაზღვევო სექტორი საბანკოს კონკურენციას როგორ გაუწევს? 
გრძელვადიანი პროდუქტების დანერგვა-განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარება, ამ მიმართულებითაც მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო. დღეისათვის, კერძო საპენსიო სქემების აქტივების ძირითადი ნაწილი განთავსებულია საბანკო დეპოზიტებში, შესაბამისად კონკურენციის გაწევა საკმაოდ რთულია.

- როგორც ვიცი, განიხილება სადაზღვევო კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის მომზადება. რა საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს სექტორი? 

- სამსახურში, ევროკავშირის მხარდაჭერით და ესპანეთის სადაზღვევო სექტორის რეგულატორთან ერთად დაწყებულია TWINNING-ის პროექტი Solvency II საზედამხედველო რეჟიმის დანერგვაზე. აღნიშნული რეჟიმი სრულად უზრუნველყოფს რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო რეჟიმის დანერგვას საქართველოში. აღნიშნული არის საქართველო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მოთხოვნა და ამ საზედამხედველო რეჟიმის დანერგვით, ჩვენ საქართველოში ავამოქმედებთ ევროკავშირში მოქმედ სტანდარტებს. ამისათვის კი რამდენიმე წლის ერთობლივი შრომაა საჭირო, რადგან აღნიშნული სტანდარტის დანერგვა მთელ რიგ მნიშვნელოვან გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვესმის ეს და ბაზრის შეუფერხებლად განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ამ სტანდარტებს ეტაპობრივად დავნერგავთ. 

- თქვენ, ასევე ხართ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს ერთ-ერთი წევრი, რომელშიც სულ 7 წევრია, მათგან 4 -სახელმწიფო სექტორის წარმომადგენელი. როგორ შეაფასებდით ამ საბჭოს საქმიანობას დავების განხილვის ნაწილში? აუდიტორები ჩივიან, რომ საბჭო სადავო საკითხებს არსებითად არ იხილავს და ყველა პრინციპულ საკითხში, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები მართლდებიან. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ საბჭოს გაუქმებაც კი დააპირეს, გაზაფხულზე შემოთავაზებული კანონპროექტით. როგორ უნდა ტრანსფორმირდეს ეს საბჭო, რომ მოდავე აუდიტორებს მათი დავების ობიექტურად განხილვის განცდა ჰქონდეთ? აქვე დავამატებ, დავების განხილვის პროცესში რამდენად აქტიურობთ? 

- საბჭო განიხილავს როგორც სუბიექტების, ასევე აუდიტორული ფირმების საჩივრებს. სუბიექტების საჩივრების უდიდესი ნაწილი მოდის ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მომჩივანი თავად აცხადებს, რომ მან დაარღვია კანონი, მაგალითად, ანგარიშგება არ ჩააბარა დადგენილ ვადაში, არ წარადგინა სრულყოფილად ინფორმაცია და ა.შ. ასეთ შემთხვევებში საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს საჩივარი. 

რაც შეეხება ხარისხის კონტროლის მონიტორინგი შედეგების გასაჩივრებას, აღნიშნული დავები საკმაოდ კომპლექსურია და რიგ შემთხვევებში რამდენიმე სხდომა სჭირდება, საბჭოს წევრების მიერ წინასწარ ხდება საჩივრის შესწავლა. აგრეთვე საბჭოს ჰყავს საკმაოდ მაღალკვალიფიციური მოწვეული სპეციალისტები, რომლებიც ჩართულები არიან საკითხის არსებითი განხილვისას. ორივე მხარის პოზიციების და კითხვებზე პასუხის მოსმენის შემდგომ საბჭოს წევრები ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. 

რაც შეეხება განხილვის პროცესში ჩემს აქტიურობას, არის სხდომები, როდესაც საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით ვასრულებ საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას, შესაბამისად აღნიშნულ სხდომებზე შედარებით მეტად ვაქტიურობ. რა თქმა უნდა, ყველა პროცესში თანაბრად ვერ ვმონაწილეობ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას ვითვალისწინებ ზემოთ ხსენებულ ფაქტორებს. 

- დაბოლოს, როგორია თქვენი გეგმები და თავისუფალი დრო? 

- ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ვიქნები სადაზღვევო სექტორში. ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა. 

რაც შეეხება თავისუფალ დროს, მაქსიმალურად ვცდილობ ოჯახის წევრებთან ერთად გავატარო. ასევე ძალიან მიყვარს თხილამურებით სრიალი. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი