ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ ეკონომიკის დოქტორთან, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორ ლევან ქისტაურთან - №12(252), 2020
ლევან ქისტაური - დაიბადა 1967 წლის 15 აპრილს, ქალაქ თბილისში. 

განათლება

• 1992-1995 - ბაკალავრიატი, იურიდიული ფაკულტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურისტი. 

• 1991-1994 - დოქტორანტურა, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა „ფინანსები და კრედიტი“. დისერტაციის თემა: ფინანსური კრიზისი საქართველოში, მისი დაძლევის გზები და მეთოდები. 

• 1984-1991 - ბაკალავრიატი, ეკონომიკის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეკონომისტი. 

სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება

• 2014-დან დღემდე - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, პროფესორი. 

• 2009-2014 - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი, პროფესორი, მოწვეული პროფესორი. 

• 2009-2011 - ილიას უნივერსიტეტი, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. 

• 1998-2009 - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბანკო საქმისა და ფინანსების კათედრის ასოცირებული პროფესორი.

სამუშაო გამოცდილება  

• 2003-დან დღემდე - შპს „ბიზნესის მართვის ბიურო“, დირექტორი და პარტნიორი. 

• 2003-2004 - საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 

• 2002-2003 - აქციზური მარკების სამსახურის უფროსი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 

• 2001-2002 - საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 

• 2000-2001 - სახაზინო სამსახურის უფროსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 

• 2000-2000 - სახაზინო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 

• 1999-2000 - მონეტარული პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური გამოკვლევების დეპარტამენტის უფროსი. საქართველოს ეროვნული ბანკი. 

• 1994-1999 - საბანკო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, საქართველოს ეროვნული ბანკი. 

• 1993-1994 - სავალუტო სამმართველოს უფროსი. საქართველოს ეროვნული ბანკი.

• 1992-1993 - სავალუტო სამმართველოს უფროსის მოადგილე. საქართველოს ეროვნული ბანკი. 

• 1991-1992 - ფულის მიმოქცევის სამმართველო, ფასიანი ქაღალდების განყოფილების უფროსი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 

• 1990-1991 - ქ. თბილისის, დიდუბის რ-ნის გამგეობის საფინანსო განყოფილება, ეკონომისტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 

სხვა

• 1994-1999 - ფასიანი ქაღალდების საბჭოს წევრი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 

• 1994-2000 - საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს წევრი.

- ბატონო ლევან, ინტერვიუს დასაწყისში მოგვიყევით თქვენ შესახებ. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეთ სხვადასხვა საჯარო სტრუქტურებში. როგორ შეაფასებდით მაგ პერიოდის წლებს და მიღებულ გამოცდილებას? 

- 1984 წელს დავამთავრე თიანეთის პირველი საშუალო სკოლა. შემდეგ დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით „ფინანსები და კრედიტი“, ასევე ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით „სამართალმცოდნე“. თსუ-ში დავიცავი დისერტაცია თემაზე „ფინანსური კრიზისი საქართველოში: მისი დაძლევის გზები და მექანიზმები“. ვარ ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი. 

რაც შეეხება პროფესიულ საქმიანობას - მუშაობა დავიწყე ჯერ კიდევ სტუდენტმა თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილებაში რიგით ეკონომისტად, შემდეგ ვმუშაობდი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ფულის მიმოქცევის სამმართველოს ფასიანი ქაღალდების განყოფილების უფროსად, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო სამმართველოს უფროსის მოადგილედ და შემდეგ უფროსად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის და რეგულირების სამმართველოს უფროსად, საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური გამოკვლევების და მონეტარული პოლიტიკის სამმართველოს უფროსად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ჯერ უფროსის პირველ მოადგილედ, შემდეგ უფროსად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურის უფროსად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარედ. 

სხვათა შორის, ნებით თუ უნებლიედ ისე მოხდა, რომ ზემოთ აღნიშნულ სტრუქტურებში ჩემი მუშაობის პერიოდში დაიწყო უცხოელი ექსპერტების და პარტნიორების მონაწილეობით ინსტიტუციური რეფორმების გატარება ამ სამსახურებში. ბუნებრივია, ცხოვრების ეს პერიოდი ჩემთვის დიდი პროფესიული ცოდნის და გამოცდილების მომტანი იყო. 

სხვათა შორის, მამაჩემიც ეკონომისტი და ფინანსისტი იყო და პაპაჩემიც. მოკლედ რომ ვთქვა, მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია საფინანსო-ეკონომიკურ სფეროსთან. 

- პოლიტიკურ პროცესებში ხომ არ ყოფილხართ ჩართული? საჯარო სექტორში მუშაობის დროს, ალბათ, ბევრ ახლანდელ პოლიტიკოსთან ურთიერთობდით. 

- პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული არასდროს ვყოფილვარ. ჩემს თავს ყოველთვის ვუყურებდი და განვიხილავდი პროფესიული კუთხით, როგორც ტექნოკრატს და მენეჯერს. 

რა თქმა უნდა, ბევრ ყოფილ თუ მოქმედ პოლიტიკოსს შევხვედრილვარ და ვიცნობ (საქართველო პატარაა). ზოგთან მეგობრობა მაკავშირებს, ზოგთან ურთიერთპატივისცემა, ზოგს კი ფილოსოფიური სიმშვიდით „ვიტან“. 

- ამჟამად, რა არის თქვენი სამსახური და საქმიანობა? 

- ამჟამად ვარ წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი. ასევე ვარ შპს „ბიზნესის მართვის ბიუროს“ დამფუძნებელი და დირექტორი, „ეკონომიკური კვლევის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე და რადიო „კომერსანტზე“ ვაკეთებ ჩემს საავტორო გადაცემას „ეკონომისტის დრო“. 

- მიმდინარე პროცესებზე გვსურს გკითხოთ. პანდემიამ ქართული ეკონომიკა კიდევ უფრო უკან დასწია, ლარი გაუფასურდა, ქვეყანა იძულებული გახდა დიდი რაოდენობით საგარეო ვალი აეღო. შედეგად, 2021 წლის ბიუჯეტში დეფიციტი 7,6 პროცენტია, სახელმწიფო ვალი კი მშპ-ის 60 პროცენტს გადააჭარბებს. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით რას უნდა ველოდოთ მომავალში, ასეთი ჩიხიდან გამოსასვლელად გამოსავალი რა არის? 

- პირდაპირ რომ ვთქვათ, მდგომარეობა ძალიან რთულია. პანდემიამ არნახული დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას და ბუნებრივია, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკას. მასშტაბებით დღეს არსებული ეკონომიკური ვითარება მხოლოდ 1929-1933 წლების „დიდ დეპრესიას“ შეიძლება შევადაროთ. თუმცა ამჯერად პრობლემების მიზეზი არის არა მაკროეკონომიკური, ფისკალური, მონეტარული, ან თუნდაც დარგობრივი, არამედ მიზეზი არის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. 

დღეს უკვე სახეზე გვაქვს - გაზრდილი უმუშევრობა, მოსახლეობის შემცირებული განკარგვადი შემოსავლები, შემცირებული გადახდისუნარიანი მოთხოვნა, შემცირებული კაპიტალური დანახარჯები და ინვესტიციები, გაზრდილი დავალიანებები, წლის განმავლობაში დაახლოებით 15%-ით გაუფასურებული ლარი, გაჩერებული ბიზნესი, ეკონომიკის შემცირება, რეცესია და ა.შ. 

2019 წლის მდგომარეობით ჩვენი ეკონომიკის წამყვანი დარგები იყო ვაჭრობა (მშპ-ის 14%), უძრავი ქონებით განხორციელებული ოპერაციები (მშპ-ის 11.5%), ტურიზმი (მშპ-ის 8%, 3.5 მლრდ. აშშ. დოლარი შემოსავალი), დიდ როლს თამაშობდა ფინანსური სექტორი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სხვა. კოვიდინფექციამ გააჩერა, შეამცირა ეკონომიკა და ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ეს დარგები და მთლიანად ეკონომიკა პანდემიამდელ დონეს მალე დაუბრუნდება. ამისათვის 2 წელი მაინც იქნება საჭირო. 

ასეთ ვითარებაში, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის ღონისძიების განხორციელების წინა ხაზზე გამოდის 3 მიმართულება: 

1. ფისკალური ღონისძიებები - რაც თავის თავში გულისხმობს მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერას და ბიზნესის სტიმულირებას; 

2. მონეტარული ღონისძიებები - რაც გულისხმობს ეკონომიკისთვის იაფი ფულის მიწოდებას; 

3. საფინანსო-საბანკო სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა - ეს რას გულისხმობს, თავისთავად ცხადია. 

თუმცა კრიზისულ რეალობაში, ძალიან ძნელია არ გაგვიტაცოს „ამ წუთიერმა“ და მოკლევადიანმა სოციალური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით „პოპულისტურმა“ საჭიროებებმა. უმთავრესი და სტრატეგიული საზრუნავი მუდმივად უნდა იყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა. გრძელვადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარეშე ეკონომიკის მთავარი მიზნის მიღწევა - მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა შეუძლებელია. 

და რაც თქვენ აღნიშნეთ კითხვაში, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან ორი მომენტი - 1. ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 7.6% და 2. მთავრობის ვალი მშპ-ის 60.1%, სწორედ მონეტარული, ფისკალური და მაკროეკონომიკური რისკების მატარებელია. 

რა შეიძლება ამან გამოიწვიოს? ლარის კურსის რყევები, რაც ჩვენი ეკონომიკის მაღალი იმპორტდამოკიდებულობის პირობებში უკვე გადაეცემა და აისახება სამომხმარებლო ფასების ინდექსზე (ინფლაციაზე), რასაც მოყვება საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა. ეს კი თავის მხრივ, ჩვენი ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას და ბიზნესს, გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის შეფერხებას და სიღარიბის ზრდას. 

რაც შეეხება სამთავრობო ვალს: 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებულია საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების (ანუ ვალის) მომსახურების და დაფარვის თანხები დაახლოებით 955 მლნ. აშშ დოლარი 3.3 კურსის პირობებში. ლარის 3.4-მდე გაუფასურების შემთხვევაში დაახლოებით 100 მლნ. ლარით მეტი დასჭირდება ბიუჯეტს. რას ვშვრებით ასეთ შემთხვევაში? საგარეო ვალდებულების შეუსრულებლობა გამორიცხულია, შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები, ან ისევ საგადასახადო ბაზის გაზრდა, აქციზის ზრდა და ა.შ., რაც თავის მხრივ კიდევ დამატებით უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე და შედეგად ისევ წრეზე წავალთ (თავის მხრივ ნაკლები ეკონომიკური ზრდა იმოქმედებს შემოსავლებზე და ა.შ.). 

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - ბიუჯეტის დეფიციტის (პირველ რიგში) და სამთავრობო ვალის შემცირების მიმართულებით რადიკალური ზომები ჩვენ 2021 წელსვე თუ არ გავატარეთ, მე არ გამოვრიცხავ, რომ სარეიტინგო სააგენტოებმა საქართველოს რეიტინგი შეუმცირონ და აღმოვჩნდეთ ვითარებაში, როცა ბიუჯეტი შეიძლება მხოლოდ საგარეო ვალდებულებებს, პენსიებს, ხელფასებს, სოციალურ ხარჯებს ეყოს და გამოირიცხოს ყოველგვარი წინსვლა და განვითარება. თუ ქვეყანა ამ სპირალში შევიდა, მერე ათწლეული დასჭირდება ამ უძრაობიდან გამოსვლას. 

გარკვეული შოკური თერაპია გვჭირდება, რომ ქრონიკულში არ გადავიდეს პრობლემები. 

- ასევე საინტერესოა თქვენი შეფასება მთავრობის ანტიკრიზისულ პროგრამებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ გარკვეული სექტორებისთვის სესხების პროცენტის სუბსიდირებას, გადასახადების გადავადებას ან ჩამოწერას და ა.შ. რამდენად ეფექტიანად გაიწერა ეს გეგმა და რა სარგებელი მიიღო, ან საერთოდ თუ მიიღო ამით ბიზნესმა?

- მთავრობამ გააკეთა ის და იმ ოდენობით, რისი შესაძლებლობაც და რესურსიც ჰქონდა. მაგრამ აქაც თავისი სახელი დავარქვათ: ეს რეალურად არა ანტიკრიზისული, არამედ გადარჩენის პროგრამა იყო, რაც შინაარსობრივად უფრო სოციალური დახმარების დატვირთვის ხასიათისაა. 

მთავრობამ საკმაოდ კარგად და დროულად იმუშავა დამატებითი საგარეო დაფინანსებების მოზიდვის კუთხით. ამის გარეშე დღეს გაცილებით დიდი რისკების და მეტი სირთულეების წინაშე ვიქნებოდით. 

ისე, ცნობისთვის - კოვიდინფექციით გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისის დასაძლევად მსოფლიო მთავრობებმა წელს 10 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოყვეს (მოსახლეობის და ბიზნესის პირდაპირი და ირიბი სუბსიდირება და მხარდაჭერა), მაგრამ გლობალური ეკონომიკა ჯერჯერობით ისევ პანდემიის „ტყვეობაში“ რჩება. 

- სამწუხარო ფაქტია ის, რომ ქართული ეკონომიკა არც პანდემიამდე იყო კარგ მდგომარეობაში. ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმებით, მთავრობის მხრიდან შეიქმნა მოლოდინი, რომ საქართველოს ამ სტატუსის გამო ბევრ უცხოელი ინვესტორი მოაკითხავდა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციებით ახალი საწარმოები გაიხსნებოდა. თუმცა, ჯერჯერობით, ასეთი შთამბეჭდავი შედეგი არ ჩანს. ასეთი შესაძლებლობების მიუხედავად რატომ არ ინტერესდებიან ინვესტორები საქართველოთი? 

- ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ძალიან კარგია, უზარმაზარი ბაზარი გაიხსნა ჩვენი საქონლისა და მომსახურებისთვის. ეს ბაზარი მზადაა მიიღოს მთელი რიგი ჩვენი პროდუქცია, მაგრამ ამ პროდუქციას უნდა ჰქონდეს სათანადო ხარისხი, შესაბამისი ფასი, აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებს, საჭიროა სათანადო რაოდენობა და ერთგვაროვნება, შემდეგ მარკეტინგი და ა.შ. ყველაფერ ამას ცოდნა, შრომა და დრო სჭირდება. როგორც ცნობილია, ანალოგიური კუთხით მიმდინარეობს მუშაობა კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან. 

რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს: ჩვენს ეკონომიკას მდგრადი და სწრაფი ზრდისთვის ესაჭიროება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველწლიურად მინიმუმ 1.2-1.5 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით. ბოლო წლებია ინვესტიციები გაცილებით ნაკლები გვაქვს. ამას აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური, გლობალური, ეგზოგენური და ენდოგენური ხასიათის მიზეზები. მათზე ახლა არ შევჩერდები, უბრალოდ ჩემს ვარაუდს გამოვთქვამ, რომ უახლოესი 1-2 წელი ამ მიმართულებითაც დიდი გამოწვევები გველის, აქედან გამომდინარე მაკრო და მიკრო ეკონომიკური შედეგებით. 

- როგორ შეაფასებდით ამჟამად მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას? ხშირად ისმის მოსაზრება, რომ გადასახადები კიდევ უფრო შესამცირებელია. თქვენ რას ფიქრობთ? 

- კი, ხშირად (და არა მარტო საქართველოში) გაისმის მოსაზრებები, რომ გადასახადები კიდევ უნდა შემცირდეს, ან ზოგიერთი საერთოდ გაუქმდეს და რომ ასეთ შემთხვევაში ბიზნესი უკეთ იმუშავებს, ბიზნესს ექნება მეტი შემოსავალი, მეტი გადასახადის გადამხდელი იქნება, საგადასახადო ბაზა გაიზრდება და საბოლოო ჯამში დაბალი გადასახადებით ბიუჯეტში მეტი შემოსავალი შევა. მშვენიერი სურათია. მაგრამ სადაა გათვლები? სადაა კვლევები? სადაა მეცნიერული დასაბუთებები? სადაა ბოლოსდაბოლოს პასუხისმგებლობა? 

ამის საპირისპიროდ ეკონომიკაში ცნობილია ე.წ. „ლაფერის მრუდი“, რომელიც აჩვენებს, რომ გადასახადების განაკვეთების და საგადასახადო ტვირთს გარკვეულ დონემდე (!) შემცირება ასტიმულირებს ბიზნესს, ზრდის წარმოებას, ზრდის ინვესტიციებს, ზრდის დასაქმებას, ზრდის დანაზოგებს, საბიუჯეტო შემოსავლები დროებით მცირდება, შემდეგ კი აღდგება. მაგრამ ამასთანავე აქვს უკუეფექტი, ზრდის საზოგადოების ფენებს შორის დიფერენციაციას, იწვევს სოციალური ხარჯების შემცირებას და ზრდის სიღარიბის დონეს. ამასთანავე ადასტურებს იმასაც, რომ გადასახადების გარკვეულ ზღვარს ქვემოთ დაწევას უკვე დადებით ეფექტი აღარ აქვს. არის სხვა თეორიებიც და კვლევებიც. 

ჩვენ გვინდა ნაკლებს ვიხდიდეთ და მეტს ვიღებდეთ ბიუჯეტიდან, ასე კი არ ხდება. 

დანიაში, შვედეთში, ფინეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, მაღალი საგადასახადო ტვირთია, თუმცა, მაღალი ცხოვრების დონეცაა. მექსიკაში, თურქეთში, ჩილეში უფრო დაბალი საგადასახადო ტვირთია და ცხოვრების დონეც უფრო დაბალია, რუსეთში საგადასახადო ტვირთი მაღალია, თუმცა ცხოვრების დონე დაბალი და ა.შ. 

ნუ მივანიჭებთ ამ თემას ჯადოსნური ჯოხის როლს და ნუ ვეძებთ მარტივ გამოსავალს. ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს. 

საქართველოში საკმაოდ დაბალი გადასახადები და ლიბერალური საგადასახადო სისტემაა. 

მე არ მინახავს ინვესტორი (არც უცხოელი და არც ადგილობრივი) რომელმაც საქართველოში ბიზნესის კეთებისგან თავი შეიკავა საგადასახადო სისტემის გამო, მაგრამ მინახავს ბევრი, რომელმაც თავი შეიკავა იმიტომ, რომ სასამართლო სისტემა არაა სათანადო დონეზე, არ გვაქვს გაკოტრების ქმედითი კანონმდებლობა, არ არის სანდოობა, გამჭვირვალობა და საჯაროობა ფინანსურ ანგარიშგებებში, არ გვყავს კვალიფიციური სამუშაო ძალა, გვაქვს ძალიან პატარა ბაზარი და ა.შ.

- მხარს უჭერთ თუ არა დაგროვებით სავალდებულო საპენსიო სქემას, რომელიც ამჟამად მოქმედებს? ბევრი ფიქრობს, რომ ეს ნებაყოფლობითი უნდა იყოს და არა - სავალდებულო. 

- დაგროვებით საპენსიო სისტემის შემოღება თავისი ეკონომიკური თუ სოციალური მნიშვნელობით ძალიან სერიოზული რეფორმაა, რაც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა. 

დაგროვებითი პენსია ეფუძნება დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს სოლიდარობას. მარტივად რომ ვთქვა, 25 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში, თქვენ მიერ გადარიცხულ ყოველ 1 ლარს, დამსაქმებელი და სახელმწიფო ამატებს თითო თითო ლარს. 

დღეისთვის საპენსიო სქემაში ჩართულია 1.107 მლნ მონაწილე, ფონდში შენატანების სახით აკუმულირებულია 1.177 მლრდ ლარი, მ.შ. სარგებლის სახით დარიცხულია 108 მლნ ლარი. სავარაუდოდ სარგებლის მარჟა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. 

დაგროვებითი პენსიის სისტემას აქვს 2 ეფექტი: ერთი - მონაწილე პირის პენსიით უზრუნველყოფა მისი შრომის, საქმიანობის შესაბამისად, და მეორე _ მაკროეკონომიკური, რაც მდგომარეობს გრძელი ფულის, გრძელვადიანი ლარის რესურსის შექმნაში. 

აქაც ჩვენ შედეგი დღესვე, ან მეორე დღეს გვინდა, მაგრამ ამ რეფორმის ეფექტი, შედეგი გრძელვადიანია და წლები სჭირდება. 

რეფორმის წარმატებისთვის, ვფიქრობ სწორია, რომ ეს სქემა შესაბამისი ასაკის პირებისთვის სავალდებულო ხასიათისაა. ამის გარდა ქვეყანაში მოქმედებს საყოველთაო პენსია და კერძო საპენსიო კომპანიები. 

- ხშირად გვესმის, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა ვერ პასუხობს ბიზნესის მოთხოვნებს, ქვეყანაში, თითქმის ყველა მიმართულებით, კვალიფიციური კადრების დეფიციტია. რეალურად, უმაღლესი სასწავლებლები უნდა ამზადებდეს იმ კადრებს, რომელზედაც მოთხოვნაა. პრობლემა რაში მდგომარეობს? ცუდი საგანმანათლებლო სისტემა, არასაკმარისი კვალიფიკაციის პედაგოგები... არადა, სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევით, საქართველოში 25-64 წლის ასაკის მოსახლეობის 35 პროცენტს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც მაღალშემოსავლიანი ევროპული ქვეყნების მაჩვენებლის მსგავსია. 

- ძალიან სერიოზული პრობლემებია საგანმანათლებლო სისტემაში. აქაც რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და სიმართლე ვთქვათ - ამ სფეროში არის იდეოლოგიური, კონცეპტუალური, სისტემური და გნებავთ მენტალური პრობლემები. 

ნახეთ რა ხდება: ერთი მხრივ შრომის ბაზარზე არის ვაკანსიები, მოთხოვნა კვალიფიციურ პერსონალზე, მეორე მხრივ კი არის დი პლომირებული სამუშაო ძალა, რომლის კვალიფიკაცია არ პასუხობს არსებულ საჭიროებებს. ანუ სტრუქტურულ უმუშევრობასთან გვაქვს საქმე. 

ცალკე საკითხია თუ რამდენად შეესაბამება ამა თუ იმ კვალიფიკაციის შემთხვევაში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები არსებულ მოთხოვნებს და სტანდარტებს. 

დღეს სახელმწიფო აფინანსებს და საგანმანათლებლო სისტემა ბაზარზე კონვეიერულად უშვებს პოტენციურ უმუშევრებს. ანუ ბიუჯეტის ასიგნებები, საჯარო ფული იხარჯება ფუჭად და ბაზარზე გამოდის ათასობით დიპლომიანი ახალგაზრდა, რომელთა დიდი ნაწილი ან ვერ პოულობს სამუშაოს ან საქმდება არასპეციალობით. 

ეს მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების პრობლემა არაა, ნურც მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლებს დავაბრალებთ, პრობლემა უფრო ღრმაა და საშუალო სკოლიდან იწყება. სისტემურ მიდგომას საჭიროებს. 

ამ სფეროში სახელმწიფომ კომპლექსური და ფუნდამენტური რეფორმა უნდა განახორციელოს, რომელიც მტკივნეული იქნება, მაგრამ მის გარეშე წინ ვერ წავალთ. 

- დისტანციურ სწავლებაზე რამდენად კარგად გადაეწყო ჩვენი განათლების სისტემა? ზოგადად როგორ უყურებთ ამ პროცესს, რამდენად შესაძლებელია სრულფასოვანი საშუალო ან უმაღლესი განათლების მიღება ამ გზით? ბევრი მიიჩნევს, რომ „ცოცხალი“ ლექტორი და ლექცია ვერ ჩანაცვლდება დისტანციური სწავლებით. 

- პანდემიამ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა, ბევრი დისკომფორტი და პრობლემა შექმნა, თუმცა ბევრი შესაძლებლობებიც გამოკვეთა და ცვლილებებისკენ გვიბიძგა. 

21-ე საუკუნეა, ტექნოლოგიების ეპოქაა და ეს უპირატესობები უნდა გამოვიყენოთ. მე ჩვენი უნივერსიტეტის, წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის მაგალითზე ვიტყვი, რომ დისტანციური და ონლაინ სწავლება (და გამოცდებიც) საკმაოდ ორგანიზებულად და გამართულად მიმდინარეობს. სიმართლე გითხრათ, მას აქვს თავისი დადებითი მხარეებიც და არ გამოვრიცხავ, რომ სწავლების ეს უკვე აპრობირებული მეთოდები და ფორმები რაღაც დოზით მას მერეც გამოვიყენოთ, რაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები გაუქმდება და აუდიტორიებში შეხვედრა უსაფრთხო გახდება. 
თუმცა, ბუნებრივია არის სპეციალობები, მაგალითად სამედიცინო მიმართულებით, ისევე როგორც პრაქტიკების გავლის კუთხით, სადაც დისტანციური რეჟიმი სრულად ეფექტიანი ვერ იქნება. 

- ასევე საინტერესოა თქვენი შეფასება კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ფინანსური ანგარიშგება თვისობრივად ახალი სტანდარტებით კეთდება. უმაღლესი სასწავლებლები რამდენად არიან მომზადებულები ასეთი ცვლილებებისთვის? თითქმის ყველა აღიარებს, რომ ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით დამთავრებული სტუდენტები ვერ იწყებენ მუშაობას სპეციალური კურსების გავლის გარეშე. რა არის ამის მიზეზი? 

- გეთანხმებით, ბოლო პერიოდია ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ცვლილებებია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის მიმართულებით. 

თქვენ მეკითხებით უმაღლესი სასწავლებლები რამდენად არიან მზად ასეთი ცვლილებებისთვის? მაგრამ რამდენად არიან მზად თავად კომპანიები, ბუღალტრები, აუდიტორები? 

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში ბუღალტერიის სწავლებას, მთელ რიგ შემთხვევებში აქ არის სისუსტეები. სწავლების დონის და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აუცილებლად მიმაჩნია მეტი დრო დაეთმოს საბუღლტრო კომპიუტერული პროგრამებთან მუშაობას, აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესწავლას, სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) პროგრამის საწყისი მოდულების თუ ელემენტების სწავლებას, სხვადასხვა ქეისების განხილვას, პრაქტიკის გავლას და სტაჟირებას. შესაბამისად მნიშვნელოვანია უმაღლესი სასწავლებლების კავშირი პროფესიულ ორგანიზაციებთან, აუდიტორული და საბუღალტრო მომსახურების კომპანიებთან, როგორც პოტენციურ დამსაქმებლებთან, მათი წარმომადგენლების მოწვევა და ჩართვა სასწავლო კურსის სწავლების, წაძღოლის საქმეში. 

- რა სამომავლო გეგმები გაქვთ? მათ შორის, ხომ არ გეგმავთ საჯარო სექტორში დაბრუნებას? 

- ვგეგმავ და ვაპირებ რაღაც სიახლეების განხორციელებას და დანერგვას იმ მიმართულებებით, რა საქმიანობითაც ვარ დაკავებული, მათ შორის უნივერსიტეტში. ასევე ვმუშაობ წიგნზე. 

საჯარო სექტორში დაბრუნებაზე არ ვფიქრობ. 

- გრჩებათ თუ არა თავისუფალი დრო და თუ კი, მას როგორ ატარებთ? 

- დრო სერიოზული დეფიციტია. ბოლო პერიოდია ჩემი თავისუფალი დროის ოკუპაცია შვილიშვილმა მოახდინა და მთელი ოჯახი სხვა სამყაროში გადაგვიყვანა. დროს ვატარებ ოჯახთან, მეგობრებთან. როგორც წესი, თითქმის ყოველდღე ვკითხულობ, ძირითადად პროფესიულ ლიტერატურას და მასალებს, შედარებით ნაკლებად მხატვრულს, ცოტას ვვარჯიშობ. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი