ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ აუდიტური კომპანია "გრანთ თორნთონის" მმართველ პარტნიორ ვახტანგ ცაბაძესთან - №1(253), 2021
ვახტანგ ცაბაძე - დაიბადა 1973 წლის 25 აპრილს, ქ. თბილისში. 

განათლება 

1991-1993 - ფიზიკის ფაკულტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

სამუშაო გამოცდილება 

01.2018-დან დღემდე - მმართველი პარტნიორი შპს „გრანთ თორნთონში“; 

03.2016-12.2017 - პარტნიორი შპს „გრანთ თორნთონში“; 

01.2007-02.2016 - აუდიტის დირექტორი, პარტნიორი, Conculting Services LLC/ PKF Georgia LLC; 

06.2005-01.2007 - აუდიტის მენეჯერი, UBC Iნტერნატიონალ LLC (Member of PKF International); 

11.2004-06.2005 - სს „თბილგაზი“, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 

05.2003-10.2004 - აუდიტორი, საკონსულტაციო ჯგუფი „ალექსანდრე“; 

12.2002-05.2003 - კონსულტანტი აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში, საკონსულტაციო ჯგუფი „ალექსანდრე“; 

09.2003-2010 - ლექტორი, პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ინსტიტუტი; 

04.2000-11.2002 - პროგრამის მენეჯერი, სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი „ნდობა“. 

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 - ბატონო ვახტანგ, თქვენი პროფესიული საქმიანობა არაერთ წელს ითვლის. უნივერსიტეტში სწავლისას გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით გემუშავათ, თუ ეს რამე სხვა გარემოებამ განაპირობა? 

- 51-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მართალი რომ გითხრათ, უნივერსიტეტში სწავლისას, ალბათ, აუდიტი გაგონილიც არ მქონდა. უფრო სხვა მიმართულებით ვფიქრობდი წასვლას - ფიზიკა, მეცნიერება. მერე 90-იან წლებში ფიზიკის მიმართულებით წასვლა ნაკლებად საინტერესო გახდა. 90-იანი წლების ბოლოს, მუშაობა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში დავიწყე, სადაც დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფინანსურ ანგარიშებთან, ბიუჯეტის მომზადებასთან მქონდა შეხება. პირველად აუდიტორები ამ ორგანიზაციაში ვნახე, დონორებისთვის ჩვენს ფინანსურ ანგარიშებს ამოწმებდნენ. იმ პერიოდში დავინტერესდი აუდიტის პროფესიით. რიცხვებთან, ანგარიშებთან დაკავშირებული პროცესები მომწონდა. შემდეგ თავად ვამზადებდი ანგარიშგებებს, მოდიოდნენ აუდიტორები, გვამოწმებდნენ. მაშინ დავიწყე ACCA-ის სწავლა, რომელიც სულ ახალი იყო. 

2000-იანების დასაწყისში, არასამთავრობო ორგანიზაციიდან აუდიტურ კომპანია "ალექსანდრეში" გადავედი. იმ პერიოდში "ალექსანდრე" ერთ-ერთი დიდი ქართული აუდიტური კომპანია იყო, რომელიც რეიტინგებში წამყვან პოზიციებს იკავებდა.

- სადაც გიმუშავიათ, როგორ ფიქრობთ, მათგან რომელმა სამსახურმა შეუწყო ხელი თქვენს პროფესიულ განვითარებას? 

- ალბათ ჩემმა ყველა სამსახურმა შეიტანა წვლილი ამაში. „ალექსანდრე“ იყო პირველი, სადაც ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა და ნამდვილად დიდი წვლილი მიუძღვის ამ კომპანიას ჩემს პროფესიულ განვითარებაში. ასევე, იმ პერიოდში მსოფლიო ბანკის ხარისხის შემოწმება გავიარეთ. მსოფლიო ბანკი ამოწმებდა აუდიტორებს იმისთვის, რომ შემდეგ ამ აუდიტორებს, საქართველოში, მსოფლიო ბანკის პროექტების აუდიტები ჩაეტარებინათ. „ალექსანდრეში“ ყოფნის დროს, ერთ-ერთი ჩემი ამოცანა სწორედ ეს იყო, რომ ფირმა ხარისხის კონტროლის გასავლელად მომზადებულიყო. მაშინ, ალბათ, „ალექსანდრე“ ერთადერთი ქართული კომპანია იყო, სადაც აუდიტის დაწერილი მეთოდოლოგია მოვამზადეთ. გარდა ამისა, კომპანიას გაწერილი ჰქონდა მმართველობის პროცედურები, როგორ უნდა იმართებოდეს აუდიტის, ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტები. მაშინ „ალექსანდრემ“ ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001 სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი აიღო, რაც აგრეთვე გამონაკლისი და მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება, რამაც დიდი იმპულსი მისცა ჩემს პროფესიულ განვითარებას. 

შემდეგ იყო „თბილგაზის“ შიდა აუდიტი, სადაც ასევე ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. აქ უკვე ისევ კომპანიის შიგნიდან ვურთიერთობდი გარე აუდიტორებთან, როგორც აუდიტორების კლიენტი და ეს ხედვაც დაემატა ჩემს აუდიტორულ გამოცდილებას. „თბილგაზშიც“ ჩემი ერთ-ერთი ამოცანა იყო დაგველაგებინა პროცედურები, ეს ის პერიოდია, 2004 წელი, როდესაც რეფორმები დაიწყო და ქვეყანაში ყველაფერი იცვლებოდა. ძალიან საინტერესო სამუშაო იყო. 

„თბილგაზიდან“ კომპანია „იუბისი ინტერნეიშენალში“ გადავედი. „იუბისი ინტერნეიშენალ“ იმ დროს ასევე წამყვანი აუდიტური კომპანია იყო საქართველოში. „იუბისი ინტერნეიშენალში“ მენეჯერის პოზიციიდან დავიწყე და საკმაოდ მოკლე დროში გავხდი ფირმის პარტნიორი და აუდიტის დირექტორი. 2007 თუ 2008 წელს „იუბისი ინტერნეიშენალ“ გახდა PKF International-ის ქსელის წევრი, რომელიც პირველ ათეულში შედიოდა მსოფლიო მასშტაბით. აქედან მოყოლებული, სულ დიდი საერთაშორისო ქსელის აუდიტურ კომპანიებში ვარ. 2016 წლის გაზაფხულზე შევუერთდი Grant Thornton-ს, როგორც პარტნიორი. 

ყველა ამ კომპანიამ, რა თქმა უნდა, თავისი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებაში. 

- ბევრ ახალგაზრდას აუდიტორის პროფესია უფრო იზიდავს, ვიდრე ბუღალტრის. თვლის, რომ აუდიტი უფრო საინტერესოა. თქვენ როგორ მიგაჩნიათ? ზოგადად, აუდიტორის და ბუღალტრის პროფესია პრინციპულად ერთია თუ სხვადასხვა? 

- განსხვავება ნამდვილად არის. ბუღალტერია უფრო ისეთი პროფესიაა, რომელიც კონკრეტულ ჩარჩოებში, კონკრეტული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებს და ტრანზაქციების, ოპერაციების აღრიცხვას აწარმოებს. აუდიტორები კი არიან ის ადამიანები, რომლებიც უკვე მომზადებულ ანგარიშგებას ამოწმებენ, რისკებს აფასებენ, საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამენ ანგარიშგებაზე. ამიტომ აუდიტი უფრო მეტად ანალიტიკურ უნარ-ჩვევებს მოითხოვს. 

თუმცა, ორივე ერთმანეთთან დაკავშირებული პროფესიაა და საბოლოო ჯამში ორივე ერთ საკითხს ეხება - ფინანსურ ანგარიშგებას, კომპანიის ფინანსურ შედეგებს. უბრალოდ ერთი არის პროფესია, რომელიც ამ ყველაფერს კონკრეტული წესების მიხედვით აღრიცხავს, ხოლო მეორე - რომელიც უკვე მათი სამუშაოს შედეგის (ფინანსური ანგარიშგების) შემოწმებას, აუდიტს ატარებს და ამის შესახებ საკუთარ აზრს გამოთქვამს. ამ მხრივ ალბათ აუდიტი უფრო საინტერესოა. 

- 2016 წლის ზაფხულში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონის მიღების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან, წარდგენასა და აუდიტთან დაკავშირებული მოთხოვნები. მანამდე 2012 წელს ახლანდელი კანონის წინამორბედი კანონი მიიღეს, რომლითაც გაუქმდა მანამდე მოქმედი პარლამენტთან არსებული აუდიტური საქმიანობის საბჭო და იმავდროულად, საქართველოს მთავრობის ცნობილი 360-ე დადგენილებისთვის მომზადდა საკანონმდებლო საფუძველი. ეს რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო? რატომ არ შეიძლებოდა, საბჭოს შეესრულებინა ის ფუნქციები, რაც ახლა "სარასს" აქვს? აუდიტორთა ნაწილი თვლის, რომ 2012 წლის კანონის მიღება აუდიტორთა გარკვეული ჯგუფის ლობირების შედეგია, რომლებმაც ამით ბაზარზე სხვებთან შედარებით უპირატესი მდგომარეობა მოიპოვეს... 

- 2012 წლის კანონზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, შეიძლება იმიტომაც, რომ იმ პერიოდში უფრო პროფესიული განხრით ვსაქმიანობდი, ვიდრე ბიზნესის განვითარების მართვის მხრივ. მაშინ პარტნიორი ვიყავი აუდიტში და აუდიტის ხარისხზე, ტექნოლოგიაზე და კონკრეტულ პროექტებზე ვმუშაობდი უფრო, როგორც აუდიტორი. 2017 წლიდან, რაც მმართველი პარტნიორი გავხდი, ფირმის ადმინისტრაციულ-საქმიან მიმართულებებში უფრო გადმოვედი, კანონთან დაკავშირებით ჩემი შეხედულებები და კონკრეტული მოსაზრებები ახლა უფრო მეტად მაქვს. თანაც იმ კანონმა ძალიან ცოტა ხანი იმუშავა. რაც შეეხება 360-ე დადგენილებას, კი ნამდვილად უცნაური დადგენილება იყო, მაგრამ ისიც მესმის, რომ ხარისხის კონტროლისთვის რაღაც გამოსავალი იყო მოსაძებნი. ვინაიდან ხარისხის კონტროლის სხვა ეფექტიანი მექანიზმი არ არსებობდა, ვიღაცამ გადაწყვიტა, საერთაშორისო ქსელებისთვის ცალკე კატეგორია შეექმნათ, თუმცა ვთვლი, რომ ეს არასწორი იყო. 

რაც შეეხება პარლამენტთან არსებული აუდიტური საბჭოს გაუქმებასა და „სარასის“ შექმნას, ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. მგონია, რომ „სარასი“ მთლიანად დამოუკიდებელი უნდა იყოს. 

რაც შეეხება ლობირებას - არ მგონია, რომ ეს კანონი აუდიტური ფირმების ლობირების შედეგი იყოს, უფრო მგონია, რომ ევროპულ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან ზოგადი დაახლოების სტრატეგიის ლოგიკური შემადგენელი ნაწილია. შეიძლება ამ კანონის მიღების შედეგად გარკვეულმა კომპანიებმა ბაზარზე კიდევ უფრო გაიმყარეს პოზიციები, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ იყო რეფორმის მიზანი და ეს რეფორმა საჭირო იყო, რათა პროფესიასა და ბაზარს უფრო დამოუკიდებელი, პროფესიონალი რეგულატორი ჰყოლოდა. 

- აუდიტორების შეფასებით, ახლანდელი კანონი მის წინამორბედს ბევრად სჯობს, მაგრამ არის ეს ის, რაც ბაზარს ჯანსაღი განვითარებისთვის სჭირდება? რას შეცვლიდით ამ კანონში, თქვენი ნება რომ იყოს? 

- კანონის სათაურშიც ჩანს, რომ იგი მხოლოდ აუდიტორებისთვის არ არის შექმნილი. იწყება ბუღალტრული აღრიცხვით, ფინანსური ანგარიშგებით და შემდეგ არის აუდიტი, თუმცა, დღესდღეობით, რეფორმის ტვირთი ყველაზე მეტად აუდიტორებს აწვებათ. 

ჩემი აზრით, კანონის განხორციელებისას ცოტა მეტად აქცენტი ფინანსური ანგარიშგების მომმზადებლებზეც უნდა გაკეთდეს - გინდაც რეგულირების და გინდაც განათლების, მხარდაჭერის მხრივ. 

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმების საკითხიც. აუდიტის სტანდარტები და ეს კანონი მაინც, ალბათ, მსხვილი აუდიტორებისთვის არის უფრო რელევანტური. ამავე დროს, თავად საერთაშორისო სტანდარტების დამდგენი პირებიც მცირე და საშუალო აუდიტური ფირმებისათვის ცალკე სახელმძღვანელოებს და მითითებებს შეიმუშავებენ, ეს დოკუმენტები ითარგმნება `სარასის~ მიერ ქართულად, ცალკე ხდება ასეთი „მცირე და საშუალო პრაქტიკებისთვის“ მხარდამჭერი ტრენინგების თუ სემინარების მომზადება. ანუ, ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველა ხედავს, რომ არსებობს ცალკე დიდი რაოდენობა ასეთი აუდიტორული ფირმებისა. საქართველოში და ალბათ მთელ მსოფლიოშიც უმეტესობა სწორედ მცირე და საშუალო ფირმებია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, კანონში მათზეც რამე უნდა იყოს ნათქვამი. კანონი გარკვეულ სპეციალურ, შესაძლოა შეღავათიან მიდგომებს უნდა ადგენდეს ასეთი ფირმების ხარისხის კონტროლისთვის, ან მათთვის ცალკე სტანდარტები შეიძლება შემუშავდეს (როგორც ფინანსური ანგარიშგების მხრივ ცალკე არის „მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები“ - IFRS for SMEs). ეს ძალიან რთული პროფესიული და ტექნიკური საკითხია სინამდვილეში. 

კიდევ ერთი რამ, რაზეც კანონთან დაკავშირებით დავფიქრდებოდი, არის ის, თუ რამდენად საჭიროა და რა მიზანი აქვს აუდიტორების პირველი და მეორე კატეგორიების არსებობას, როდესაც ამ კატეგორიის აუდიტორულ ფირმებს იურიდიულად, კანონით ერთი და იგივე უფლებები აქვთ მინიჭებული. პირველსაც და მეორესაც შეუძლია საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (სდპ) აუდიტის ჩატარება და ნებისმიერი ზომითი კატეგორიის საწარმოს აუდიტის ჩატარება. ამიტომ მე სხვაობას ვერ ვხედავ და არ მესმის ამ დაყოფის საჭიროება. 

ასევე, ვფიქრობ, "სარასს" ფინანსური ანგარიშგებების კუთხით უფრო მეტი როლი უნდა ჰქონდეს. ხშირად, სახელმწიფო ტენდერებში ჩადებული ტექნიკური დავალებები, ჩვენი აზრით არ არის ბოლომდე გამართული პროფესიული ეთიკისა და აუდიტორების დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის კრიტერიუმების გადმოსახედიდან. მაგალითად, ერთდროულად მოთხოვნებია აუდიტსა და შეფასებაზე, რასაც პროფესიული ეთიკა და სტანდარტები კრძალავს. არ შეიძლება აუდიტი ჩაატარო იქ, სადაც ბუღალტერიას აკეთებ და ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებ, ან ქონებისა და კაპიტალში შენატანების შეფასებას აკეთებ. ჩემი აზრით, ამ პროცესში "სარასმა" უნდა მიიღოს მონაწილეობა და გაწეროს ინსტრუქციები, კანონმდებლობით ან რეგულაციებით განსაზღვროს, რომ აუდიტისა და შეფასების ერთი კონტრაქტით მოთხოვნა არ შეიძლება. „გრანთ თორნთონში“ ჩემი მოსვლის შემდეგ სახელმწიფო საწარმოების აუდიტების ტენდერებში მონაწილეობა არ მიგვიღია, სწორედ იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ხშირ შემთხვევაში ტექნიკური დავალებები პრობლემურია პროფესიული ეთიკისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების გადმოსახედიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ შეუსაბამო ტექნიკური დავალებით და კლიენტების გაუმართავი მოთხოვნებით აუდიტი არ უნდა ჩავატაროთ, თუმცა მეორე მხრივ, გვინდა გვქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ სახელმწიფო კომპანიათა აუდიტებშიც, ამიტომ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.

- საინტერესოა თქვენი შეფასება, რამდენად კარგად მიმდინარეობს ამ კანონის აღსრულება, ანუ მთლიანობაში აუდიტის და აღრიცხვის რეფორმა - სწორი გზით მიდის? მხარდამჭერთა გვერდით, ბევრი უკმაყოფილოა და ამ უკმაყოფილების რიგი კონკრეტული მიზეზები სახელდება: მაგალითად, გადამეტებული სიმკაცრე ხარისხის კონტროლის მონიტორინგის განხორციელებისას, საჩივრების განხილველი საბჭოს არაეფექტიანობა, გამარტივებული სააღრიცხვო სტანდარტი (მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის) არცთუ ისე მარტივი აღმოჩნდა, ჯერჯერობით ვერ მოხდა აუდიტორისა და შემფასებლის პროფესიების გამიჯვნა და სხვა... 

- რამდენადაც მესმის, ძირითადი უკმაყოფილება სიმკაცრესთან დაკავშირებით მაინც შედარებით მცირე აუდიტორული კომპანიებისგან მოდის. ზოგადად სიმკაცრე არ არის ცუდი, თუ ეს სიმკაცრე ყველასთან ერთნაირია, კომპანიის ზომას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, როგორც უკვე ვთქვი, შესაძლოა კრიტერიუმები იყოს განსხვავებული. სანამ ეს კრიტერიუმები არ განისაზღვრება, არასამართლიანია დიდთან მკაცრები ვიყოთ და პატარებთან არა. ჯერ უნდა დავყოთ დიდი და პატარა ერთმანეთისგან. რეგულაციით გარკვეული მოთხოვნები უნდა დავუყენოთ პატარას და მერე იმ მოთხოვნების შესრულებაში ერთნაირად მკაცრად მოვიქცეთ. მესმის, რომ არის მოთხოვნები, რომლის შესრულებაც მცირე კომპანიას უჭირს. ამიტომ არის ცალკე მითითებები, სახელმძღვანელოები. თუმცა, თუ ამას ცალკე მითითებებით, სპეციალურ სახელმძღვანელოებით ვაკეთებთ, კანონშიც შეიძლება იყოს ასახული. ვფიქრობ, ამ მიმართულებით კანონში შესაძლებელია ცვლილებები. 

ამასთანავე ბევრი ტექნიკური დეტალია სამსჯელო. მცირე და საშუალო აუდიტური ფირმებისთვის რეგულაციებს თუ შევარბილებთ, ეს უნდა ნიშნავდეს, რომ 5-კაციანი აუდიტური ფირმა 5000-კაციან ორგანიზაციის აუდიტს ვეღარ ჩაატარებს. იქნებიან თანახმა მცირე და საშუალო ფირმები ასეთი სახის რეგულაციებზე? ესეც სამართლიანად განსახილველი თემაა, თუ ვითხოვთ რომ კონტროლი ნაკლები იყოს, ალბათ მათ, დიდი კომპანიების აუდიტისთვის, ნაკლები უფლებებიც უნდა ჰქონდეთ. რას ნიშნავს, შევამციროთ ხარისხი მცირე კომპანიებში? ხარისხი ყველგან საჭიროა. ხომ არ შეიძლება, რომ მცირე კომპანია თუ უშვებს სკამებს, მან ისეთი სკამები უნდა გამოუშვას, რომ თუ მასზე დავჯდები, წავიქცე?! აქაც ასეა. მცირე აუდიტურმა ფირმამაც ისე უნდა ჩაატაროს აუდიტი, რომ შეცდომები გამოირიცხოს. ამ კუთხით შეიძლება ბევრი თემა იყოს განსახილველი, დაწყებული ტექნიკური ხარისხის რეგულირებით, უნდა იყოს თუ არა განსხვავება ხარისხში დიდსა და პატარა ფირმას შორის. ამ შემთხვევაში, რა უფლებამოსილებები უნდა ჰქონდეს პატარა ფირმას? შეეძლება თუ არა დიდი კომპანიების აუდიტის ჩატარება? 

რაც შეეხება იმას, რომ აუდიტორისა და შემფასებლის პროფესიების გამიჯვნა ვერ მოხდა, ეს დისკუსიადაც კი არ ღირს. აუდიტორი და შემფასებელი, საერთოდ, რატომ არის ერთად, არ მესმის. აუცილებლად გაყოფილი უნდა იყოს. 

ხარისხის კონტროლის კუთხით შემფასებლების ლიცენზიებსა და სერთიფიკატებს გასცემენ, შემდეგ ვინ რას აკეთებს, ვინ როგორ მუშაობს, ვინ როგორ აფასებს, რეალურად ამის კონტროლი აღარ ხდება (ამ მხრივ ჩვენს პროფესიაზე ვიტყოდი - ყოჩაღ ჩვენ! ვფიქრობ, საქართველოში ბუღალტრებისა და აუდიტორების პროფესიაში კორპორატიული კულტურა ყველაზე მაღალია. ეს, თავის დროზე, ბაფის დამსახურებაც არის, იმ ხალხის, რომლებმაც ამ ყველაფრის დალაგებას ხელი შეუწყო). ეს ტვირთიც, შემფასებელთა ხარისხის კონტროლის ტვირთი, საბოლოო ჯამში, აუდიტორზე გადმოდის. ფინანსური ანგარიშგების აუდიტისას თუ ძირითადი საშუალებებია შეფასებული, აუდიტორი ვალდებულია შეამოწმოს ამ შემფასებლის მიერ გაკეთებული სამუშაო. აუდიტორის ხარისხის შემმოწმებელიც აუცილებლად მოიკითხავს, აუდიტორმა რამდენად სწორად გაანალიზა შემფასებლის დასკვნა და ეს ისევ აუდიტორზე აისახება. ბუნებრივია, აუდიტორი ვერ გაექცევა შემფასებლის სამუშაოს გადახედვის აუცილებლობას, როგორც არ უნდა რეგულირდებოდეს შემფასებლის პროფესია. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თუ არ რეგულირდება შემფასებლის პროფესია, მეტია რისკი იმისა, რომ შემფასებლების მიერ მომზადებული ანგარიში იყოს არასწორი, შესაბამისად ეს აუდიტორის რისკსაც ზრდის, ვინაიდან საბოლოოდ ზედამხედველობა აუდიტორს მისცემს შენიშვნას. შესაბამისად, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ შემფასებლის პროფესიაც რეგულირდებოდეს, რათა ეს რისკები ჩვენზე ნაკლებად გადმოვიდეს. 

- თქვენმა კომპანიამ უკვე 2-ჯერ გაიარა "სარასის" მიერ ჩატარებული ხარისხის კონტროლის მონიტორინგი და ორჯერვე მე-2 ხარისხის კატეგორია მიიღო. როგორ შეადარებდით 2017 და 2020 წლებში ჩატარებულ შემოწმებებს - იყო ეს ერთმანეთის მსგავსი მოთხოვნებით თუ არის განსხვავებები? 

- მოთხოვნები, ბუნებრივია, განსხვავდებოდა. ახლანდელი შემოწმება ბევრად უფრო დეტალური იყო, შეიძლება უფრო მკაცრიც. ეს ლოგიკურიცაა, ბაზარი ვითარდება, სამსახური იზრდება, გამოცდილებას აგროვებს. პირველი შემოწმება იყო დასაწყისი და მოსალოდნელიც იყო, რომ უფრო მსუბუქი იქნებოდა, ვიდრე დანარჩენი შემოწმებები. მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ შემოწმება 8 თვე გრძელდებოდა. ეს ცოტა ხანგრძლივია და ეს შენიშვნა გვექნებოდა `სარასის~ მიმართ. თუმცა, შეიძლება მას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები, რომელიც რესურსს უკავშირდება, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი მიზეზები, ხანგრძლივი შემოწმება, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ცოტა დამძაბველია და სხვა საკითხებიდან ყურადღების გადმოტანას ითხოვს, რაც მიმდინარე საკითხებს აკლდება ბუნებრივად. თუ `სარასს~ რესურსების გაზრდაში დახმარება სჭირდება, რათა უფრო სწრაფად და ხარისხიანად ჩატარდეს ხარისხის კონტროლის მონიტორინგი, ამას ჩვენ მხარს დავუჭერთ. 

- რატომ მოგენიჭათ მეორე (და არა პირველი) ხარისხის კატეგორია? რა ვერ დააკმაყოფილეთ? შემოწმების შედეგებს თუ ეთანხმებით? 

- ჩვენი მიზანი და პროგრამა მინიმუმი არის ის, რომ საქართველოში ყველანაირი ზომის და კატეგორიის კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლება გვქონდეს. დღეს ეს უფლება გვაქვს. ყველანაირი შეზღუდვის გარეშე შეგვიძლია სდპ-ის აუდიტის ჩატარება. 13 სდპ აუდიტორიდან დარჩა 12, აქედან ოთხს გარკვეული შეზღუდვები აქვს - ზოგს სადაზღვევო კომპანიის აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება აქვს შეზღუდული, ზოგს ზომის მიხედვით პირველი კატეგორიის სდპ-ის ჩატარების უფლება არ აქვს. ამ 12-დან 8 არის ისეთი, მათ შორის ჩვენ, რომელსაც ყველანაირი კატეგორიის საწარმოს აუდიტის უფლებამოსილება აქვს. ასე რომ, ჩვენი ეს მიზანი მიღწეულია. 

რაც შეეხება იმას, რატომ მეორე კატეგორია და არა პირველი - არსებული რეგულაციით ერთი შეცდომის შემთხვევაშიც კომპანიას პირველი კატეგორია აღარ ენიჭება. ერთი შეცდომა, ალბათ, გვქონდა. 

- როგორც აღნიშნეთ, 2020 წლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სდპ-ების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილი 12 აუდიტური ფირმა დარჩა ბაზარზე. როგორ ფიქრობთ, ეს ბევრია თუ ცოტა ჩვენი ზომის ქვეყნისთვის? 

- პარტნიორებთან ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ შედეგებს ვაანალიზებთ ხოლმე. ღეპორტალ.გე-ზე რომ ნახოთ, სდპ კატეგორიის სულ 141 საწარმოა. ანუ, ერთ სდპ აუდიტორზე 12 სდპ კლიენტი მოდის, რაც ბევრი არ არის. წელიწადში თითო კომპანიას 12 აუდიტის ჩატარება შეუძლია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 141 კომპანიიდან დიდი ნაწილი (დაახლოებით 40) მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომლების დიდი ნაწილი, დავუშვათ 35, თავისი ზომით საკმაოდ პატარაა და სდპ კატეგორია საქმიანობიდან გამომდინარე აქვთ მინიჭებული და არა ზომის ან სირთულის გამო. ასე რომ, სდპ-ების აუდიტის ბაზარი 12 აუდიტური კომპანიისთვის მორევადია.
 
- 2016 წლის კანონის მიღების შემდეგ, აუდიტური ფირმების რიცხვმა იმატა და შესაბამის რეესტრში 200-ზე მეტი ფირმაა რეგისტრირებული. როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება ბაზარი შემდეგ წლებში? მცირე ფირმები განიდევნებიან ბაზრიდან? 

- გამსხვილება ალბათ მოხდება, თუმცა, არა მგონია რომელიმე კომპანია „დიდ ოთხეულს“ შეუერთდეს, ეს გლობალურ დონეზე თუ არ გადაწყდა. ქართული კომპანიების შეერთების პროცესი დაიწყება, ასევე შეიცვლება ალბათ შეთავაზებული სერვისების სახეობებიც. დღეს ძალიან ბევრი მესამე კატეგორიის საწარმოა, ბევრს სხვა მომსახურება სჭირდება, არა აუდიტი, არამედ ფინანსური ანგარიშგების შედგენა-კომპილაცია. იმ კომპანიებს, რომლებიც პირველი, მე-2 ზომითი კატეგორიის ქვემოთ არიან, აუდიტი არ ევალებათ, მათთვის შესაძლოა ფინანსური ანგარიშგების შედგენის მომსახურების მოწოდება უფრო რელევანტური იყოს, რისი შეთავაზებაც მცირე აუდიტორებსაც თავისუფლად შეუძლიათ. სინამდვილეში, ეს ბაზარი შეიძლება გაიყოს. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლებელია ბევრმა პატარა აუდიტურმა ფირმამ ფინანსური ანგარიშგების კომპილაცია გააკეთოს, შემდეგ კი დიდმა ფირმებმა ჩაატარონ აუდიტი. 

- სანამ თქვენ „გრანთ თორნთონის“ პარტნიორი გახდებოდით, ეს კომპანია საქართველოში შემოსავლების მაჩვენებლის რეიტინგით ტოპ-ათეულშიც ვერ ხვდებოდა. რეიტინგში დაწინაურება თქვენი მოსვლის დამსახურებაა თუ სხვა გარემოებებმაც იჩინა თავი? 

- რთულია ჩემთვის ამის თქმა. ამ კომპანიაში მარტო არ მოვედი, ჩემთან ერთად ბევრი ადამიანი მოვიდა, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი. ერთი მხრივ, კომპანიის წინსვლა ჩემი და იმ ხალხის დამსახურებაც არის. ამასთანავე, კომპანიაში ზუსტად იმ დროს მოვედი, 2016 წელს გაზაფხულზე, როდესაც ახალი კანონი შემოვიდა და რეგულირება დაიწყო. ამდენად ეს შედეგები ალბათ ამ ყველაფრის ერთიანი ეფექტია. 

- თქვენი აზრით, რა განაპირობებს `დიდი ოთხეულის~ დომინანტურ მდგომარეობას საქართველოში? ეს მათი ბრენდების სიძლიერის დამსახურებაა, ლობისტური მხარდაჭერის გამოა თუ უბრალოდ, ისინი უკეთ მუშაობენ, ვიდრე ვთქვათ, „გრანთ თორნთონი“ და სხვა საერთაშორისო აუდიტორული ქსელის წევრი ფირმები? 

- პროფესიულად და ხარისხის მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ „გრანთ თორნთონი“ მათ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის ბაზარზე არ ჩამორჩება. მაინც მგონია, რომ როგორც მთელ მსოფლიოში, ბრენდი მუშაობს. არიან კომპანიები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ „დიდი ოთხეულიდან“ ერთ-ერთმა უნდა ჩაატაროს მათი აუდიტი და ბრენდი ნამდვილად მუშაობს. თუმცა, კონკურენციის შესაძლებლობაც არის. ქართულ ბაზარზე არა მარტო დიდი ოთხეულის ფირმები, არამედ სხვა კომპანიებიც კარგად მუშაობენ. მაგალითად, BDO-ს, რომელიც ჩვენი კონკურენტია, შემოსავლების მხრივ კარგი მაჩვენებლები აქვს.
 
- რა ღონისძიებებს გეგმავს თქვენი კომპანია საქართველოს ბაზარზე წილის გაზრდისთვის? 

- შემოსავლის 10-ჯერ გაზრდა და ამ მხრივ პირველ ლიგაში გადასვლის სტრატეგია ჩვენს კომპანიას არ აქვს. ჩვენი მიზანია, გვყავდეს კმაყოფილი კლიენტები და ჩვენი ხარისხი რაც შეიძლება მაღალი იყოს, შეესაბამებოდეს ყველა დადგენილ წესებსა და სტანდარტებს, გვქონდეს ყველანაირი საწარმოს აუდიტის ჩატარების ავტორიზაცია. ეს ისეთი მიზანია, რომელსაც ყოველთვის უზრუნველვყოფთ. მეორე მხრივ, ალბათ, გავაფართოვებთ საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებას. ბუნებრივია, აუდიტი ძირითადი საქმიანობა იქნება, მაგრამ საკონსულტაციო მომსახურებისა და საბუღალტრო სერვისების მიმართულებითაც განვვითარდებით. 

- აუდიტის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთ მიზნად ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდა და ამ გზით კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა დასახელდა. თუმცა, ჯერჯერობით ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოში? 

- მე ასე ვიტყვი: რამდენად სწორი მოლოდინი იყო, რომ ეს რეფორმა ბაზარს განავითარებდა? პირიქით უნდა ყოფილიყო. წარმოუდგენელია, რომ ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის რეგულირებამ გააჩინოს საფონდო ბირჟა. მე მგონია რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პირიქითაა - საფონდო ბირჟა აჩენს მოთხოვნას სანდო ფინანსურ ინფორმაციასა და აუდიტზე და არა პირიქით. 

- თუმცა, მაღალი სტანდარტის ფინანსური გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ბირჟაზე გასვლა უნდათ... 

- როდესაც აუდიტის სწავლას იწყებ, პირველი წინადადება არის ის, რომ აუდიტის საჭიროება ჩნდება მაშინ, როდესაც მფლობელი და მმართველი იყოფა კომპანიაში და მმართველს სჭირდება მესამე დამოუკიდებელი პროფესიონალი მხარის დადასტურება, თუ რამდენად კარგად მართავს კომპანიას მისი დაქირავებული დირექტორი. თუ საფონდო ბირჟა განვითარდებოდა, დაიწყებოდა კაპიტალის ინსტრუმენტებით ვაჭრობა, ავტომატურად წარმოიქმნებოდა აუდიტის საჭიროება. საფონდო ბირჟის განვითარება იწვევს აუდიტის განვითარებას. რთული თემაა, ეს ბაზარი საქართველოში არც ისე კარგად ვითარდება, ისევ და ისევ საწარმოების სიმცირიდან გამომდინარე. საწარმოების მფლობელები ვერ ხედავენ აუცილებლობას, რომ დამატებითი სახსრების მოზიდვის ხარჯზე კომპანიაზე კონტროლი ვიღაცას გაუყონ. ჩვენი კომპანიები ამისთვის მზად არ არიან. 

- მთავრობამ შექმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე იმუშავებს, რათა საწარმოები უფრო მეტად რენტაბელურები გახდნენ. ამ ეტაპზე 350-ზე მეტი საწარმოა სახელმწიფოს ბალანსზე. თქვენი აზრით, როგორ უნდა ჩატარდეს რეფორმა? 

- საწარმოების მართვა სახელმწიფოს საქმე არ არის და რაც მეტი საწარმო იქნება პრივატიზებული, მით უკეთესია. თუმცა, არის დისკუსია სტრატეგიული ობიექტების არსებობასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვცხოვრობთ იდეალურ სამყაროში და არსებობენ კომპანიები, რომლის მართვაშიც სახელმწიფოს გარკვეული ბერკეტები უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ რაღაც რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, იქ წესები არ იყოს. ჩემი აზრით, გარკვეულ კომპანიებში სახელმწიფო უნდა დარჩეს, მაგრამ კორპორაციული მართვის დონე ძალიან მაღალი უნდა იყოს. თუ ამ მიმართულებით მიდიან, რომ სახელმწიფო საწარმოებში კორპორაციული მმართველობა გაუმჯობესდეს, ეს ძალიან კარგია. 

- თქვენი სამომავლო გეგმები როგორია? შემოთავაზების შემთხვევაში დათანხმდებით თუ არა სახელმწიფო სამსახურში მუშაობას, ან რამე სხვა ბიზნესის წამოწყებას ხომ არ ფიქრობთ?

- სახელმწიფო სამსახურს არ დავთანხმებოდი, სხვა ბიზნესის წამოწყებასაც არ ვფიქრობ. ეს ისეთი პროფესიაა, თუ აქ ხარ, ბოლომდე ჩართული უნდა იყო შენს საქმეში. ეს ძალიან ბევრ დროსა და რესურსს მოითხოვს. სურვილი მაქვს, კიდევ უფრო განვავითარო „გრანთ თორნთონი“. როგორც თქვენც თქვით, 4 წლის წინ სანამ მოვიდოდი, კომპანია სხვანაირი იყო, ახლა სხვანაირია და 4 წლის მერე მინდა კიდევ უფრო სხვანაირი და დიდი იყოს, მომსახურებების უფრო ფართო სპექტრი ჰქონდეს. დღეს ჩვენი მომსახურებების "ლოკომოტივი" არის აუდიტი და საბუღალტრო მომსახურებები, თუმცა, გვინდა საკონსულტაციო ბიზნესიც მნიშვნელოვნად განვავითაროთ. 

- ინტერვიუს ბოლოს გკითხავთ, გარდა პროფესიული საქმიანობისა, თქვენი ინტერესის სფერო კიდევ რა არის? თქვენი თავისუფალი დრო რა აქტივობებისგან შედგება? 

- სად არის თავისუფალი დრო, რომ რამისთვის გამოიყენო კაცმა... ოჯახთან ერთად აგარაკზე ვერთობი - მცენარეების მოვლა, ბაღში მუშაობა. ჩემი ოჯახის წევრები არიან მეუღლე და სამი შვილი. უფროსი გოგო წელს ამთავრებს სკოლას და ამ მიმართულებით ვართ დაკავებულები, რომელ სასწავლებელსა და პროფესიას აირჩევს. შუათანას ჯერ არ გადაუწყვეტია თუ რას გააკეთებს მომავალში. უმცროსი ბიჭი, უფრო მეტად "აიტი" მიმართულებით მიდის. პანდემიის გამო სახლში იზოლაციაში ყოფნისას ერთად დავიწყეთ პითონის პროგრამირების ენის სწავლა და ახლა რა თქმა უნდა სანდრო ჩემზე ბევრად წინაა ამ საქმეში. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი