ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ მსოფლიო ბანკის უფროს კონსულტანტ ირინა გორდელაძესთან - №2(254), 2021
ირინა გორდელაძე - დაიბადა 31.10.1975 წ. თბილისში. 

განათლება 

1998 - თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, წარჩინებით. 

2000 - მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში L.L.M. აშშ ფლორიდის უნივერსიტეტი. საუკეთესო საერთაშორისო სტუდენტის სერტიფიკატი. 

2014 - სერტიფიცირებული ბიზნესის ადმინისტრატორი, თავისუფალი უნივერსიტეტი. 

სამუშაო გამოცდილება 

1998 - სს „ივერთბანკი“, იურისტი. 

1999 - სს „AES თელასი“, იურიდიული განყოფილების უფროსი. 

2000 - საერთაშორისო იურიდიული ფირმა „ბეიკერ და მაკკენზი“ (აშშ, დისი), სტაჟორი იურისტი. 

2001-2003 - GLP - იურიდიული ფირმა, პარტნიორი. 

2003-2008 - IFC - საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, საქართველოს კორპორაციული მართვის პროექტის ხელმძღვანელი. 

2006 - USAID, პროექტის მართვის სპეციალისტი. 

2014 - დღემდე მსოფლიო ბანკი, უფროსი კონსულტანტი მართვაში. 

ბოლო პერიოდის ძირითადი პროექტები 

2016 - საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის კანონის შემუშავებაში მონაწილეობა ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოვების კუთხით. 

2017 - აზერბაიჯანი - თანაავტორი: სახელმწიფო საწარმოების კორპორაციული მართვა და მფლობელობა, მსოფლიო ბანკის ანგარიში. 

2018 - უზბეკეთის კორპორაციული მართვის შეფასება - საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ანგარიში. 

2018 - „სარასის“ მმართველობის ანგარიშის სახელმძღვანელოს შემუშავება; 
საქართველოს, სომხეთის, ტაჯიკეთის სახელმწიფო, ენერგეტიკული და სხვა კომპანიების კორპორაციული მართვის შეფასება. 

2019-2020 - საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) ორგანიზატორი და ჟიურის წევრი. 

ოჯახი 


ჰყავს მეუღლე და 4 შვილი. უფროსი ქალიშვილი სტუდენტია (სწავლობს საფრანგეთში), ხოლო ვაჟი და ტყუპი გოგონები სკოლის მოსწავლეები არიან. 
მშობლიური ენის გარდა, ფლობს რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებს.

- ქალბატონო ირინა, საკმაოდ დატვირთული და საინტერესო ცხოვრება გაქვთ. ინტერვიუს დასაწყისში, მოგვიყევით თქვენ შესახებ. 

- პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი ინტერესით ვეცნობი ხოლმე თქვენს გამოცემას. 

დავიბადე თბილისში, დავამთავრე მე-6 გერმანული გიმნაზია, საიდანაც ბოლო კლასში გერმანიაში გამაგზავნეს სასწავლებლად. შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მეორე კურსიდან დავბრუნდი გერმანიაში და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე. თუმცა, ისევ საქართველოში ვარჩიე სწავლის დამთავრება და ბაკალავრის ხარისხიც თსუ-ში მომენიჭა. პარალელურად, „ივერთბანკში“ ვმუშაობდი იურისტად, სანამ AES კორპორაცია შემარჩევდა. მას შემდეგ სხვადასხვა დროს ვიმუშავე იურიდიულ ფირმებში, საერთაშირისო საფინანსო კორპორაციაში და USAID-ში. ჩემი ძირითადი გამოცდილება და ინტერესის სფერო კორპორაციულ მართვას უკავშირდება. 

უკვე 6 წელია ვსაქმიანობ მსოფლიო ბანკში, სადაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმაზე და კორპორაციულ მართვაზე ვმუშაობ. თავიდან რეგიონულ პროგრამა STAREP-ში (აუდიტის და ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში) ვიყავი ჩართული საქართველოს მხრიდან, ახლა კი ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ტექნიკური დახმარების პროექტის დანერგვაზე ვმუშაობ, ფინანსური ინფორმაციის გაუმჯობესების ნაწილში, რომელსაც რამდენიმე მიმართულება აქვს. ესენია: მცირე და საშუალო საწარმოების ბუღალტრული აღრიცხვის ჩარჩოს განვითარება და ამ სფეროში მცირე და საშუალო საწარმოების კომპეტენციის ზრდა; მცირე და საშუალო ზომის აუდიტორული/საკონსულტაციო ფირმების კომპეტენციის გაძლიერება; სახელმწიფო მფლობელობაში არსებული საწარმოების მართვის და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება; ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის ხარისხის კონტროლის გაძლიერება და ბუღალტრული განათლების გაუმჯობესება. 

- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება დედამ გირჩიათ, თუმცა, სამხატვრო აკადემიასაც განიხილავდით. თუ გინანიათ ოდესმე, რომ სამხატვრო აკადემია არ აირჩიეთ? 

- არა, არასოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებას და ვიზუალური გამოხატვის ნიმუშების შექმნას ვერ გავექეცი და ხატვა მოცლილობის ჟამს მაინც განვაგრძე, ვფიქრობ, როგორც პროფესია, ხატვა არ გამომადგებოდა. 

- ძალიან საინტერესო პერიოდში მოგიწიათ თელასში მუშაობამ. იწყებოდა გამრიცხველიანების პროცესი, მთლიანი სისტემა დასალაგებელი იყო. როგორ გაიხსენებდით იქ მუშაობის პერიოდს? 

- ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი იყო. მაშინ პირველად მომიწია სრულიად ჩამყაყებული საბჭოთა სტილის კომპანიის პრივატიზაციის შემდეგ სრულ გარდაქმნასა და აწყობაში მონაწილეობა ამერიკელების გუნდთან ერთად. მაიკლ სქოულმა (AES თელასის იმჟამინდელი დირექტორი) მაშინვე მენეჯმენტის გუნდში მიმიღო. პრაქტიკულად, დღეში 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით იმისთვის, რომ კომპანია ჭაობიდან ამოგვეყვანა და ეს შევძელით. თუმცა ისე მოხდა, რომ მალევე სტიპენდია მივიღე და აშშ-ში გავემგზავრე მაგისტრატურაში სასწავლებლად. 

- შემდგომ არანაკლებ საინტერესო მიმართულებით იმუშავეთ, ვგულისხმობ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმას. საინტერესოა თქვენი შეფასება, როგორ მიდის ეს პროცესი? 

- ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმა მიზნად ისახავს ბიზნესის გამჭვირვალობის გაზრდას და ანგარიშგების პრაქტიკის გაუმჯობესებას. ამ რეფორმის ფარგლებში მიღებული იქნა 2016 წლის კანონი „ბუღალტრული აღრიცხვისა, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ და დაარსდა „სარასი“ - აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახური. ეს ცვლილებები და ინსტიტუციური რეფორმები ფუნდამენტურია ფინანსური ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რაც თავის მხრივ ემსახურება კომპანიების უფრო მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიღწევას, ინვესტორთა ნდობის ამაღლებას და ამით ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. ვფიქრობ, საქართველოში ეს რეფორმა წარმატებით მიმდინარებს და ჭეშმარიტად წარმოადგენს ფლაგმანს რეგიონში. 

- როგორია მსოფლიო ბანკის წვლილი ამ რეფორმის განხორციელების პროცესში? 

- მსოფლიო ბანკი უკვე მრავალი წელია ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის ხელშეწყობას ჯერ კიდევ STAREP-ის რეგიონული პროგრამის მეშვეობით და ახლა კი, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის დახმარებით. პირველ ეტაპზე, საერთაშორისო პლატფორმა ჩამოვაყალიბეთ, სადაც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლეოდათ, ევროკავშირის წარმომადგენლებისგან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კოლეგებისგან მიეღოთ საჭირო ინფორმაცია და რჩევა რეფორმის სწორად განხორციელებისთვის და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება. შემდეგ ეტაპზე, ევროკავშირის დახმარებით რეფორმის განხორციელებაში უფრო ფართო და მიზნობრივი მხარდაჭერა შევძელით. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ამ რეფორმის ძალისხმევას, რამაც უკვე შედეგი გამოიღო. 

- თუმცა, უნდა ითქვას, რომ ახალი კანონმდებლობით აუდიტორთა ნაწილი უკმაყოფილოა, განსაკუთრებით ხარისხის კონტროლის მონიტორინგის განხორციელების კუთხით. უკმაყოფილების მიზეზი სხვადასხვაა. მაგალითად, ნაწილი ფიქრობს, რომ მცირე, საშუალო და მსხვილი აუდიტორები განსხვავებული სტანდარტით უნდა რეგულირდებოდნენ, ანუ მცირე აუდიტორების რეგულაცია შედარებით რბილი უნდა იყოს. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? 

- ჩვენი კანონმდებლობა აუდიტის ხარისხის კონტროლის კუთხით სრულად არის დაახლოვებული ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ჩვენ გვინდა მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ. ეს შეუძლებელი იქნება თუ აუდიტის ხარისხი ეჭვქვეშ დადგება. როდესაც ინვესტორი რომელიმე ქვეყანაში ჩადის, მას აინტერესებს რამდენად სანდოა აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნა და მისთვის მისაღები სტანდარტი საერთაშორისო სტანდარტია. სხვა სტანდარტი არ იცის და ვერ ენდობა. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ეს რეფორმა. 

- შარშან, წლის ბოლოს, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტებში ბუღალტრული აღრიცხვის კურიკულუმების განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად, მსოფლიო ბანკმა დიაგნოსტიკური კვლევა ჩაატარა. რა აჩვენა ამ კვლევამ? 

- ამ ანგარიშში შედარებულია საქართველოს სამი უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კურიკულუმები პროფესიონალი ბუღალტრებისთვის შემუშავებულ განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან (IES) და საერთაშორისო აღიარების მქონე საბუღალტრო განათლების ორი პროვაიდერის (ACCA და CIPFA) კურიკულუმებთან. ძირითადი მიგნებები დადებითად აფასებს კურიკულუმებში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, მაგრამ მიგვანიშნებს, რომ საუნივერსიტეტო კურიკულუმების უფრო მეტად დაახლოება თანამედროვე პროფესიონალებისთვის საჭირო უნარებთან, მნიშვნელოვანი შემდგომი გაუმჯობესება იქნება. 

- უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, კონკრეტულად რა არის გასაუმჯობესებელი? ხშირად გვესმის, რომ ბაზარზე კვალიფიციური კადრის დეფიციტია, მათ შორის, როგორც ჩანს, კვალიფიციური პედაგოგებისაც... 

- ბუღალტრული აღრიცხვის კურიკულუმების განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დიაგნოსტიკური ანალიზი სარასის ვებგვერდზე ყველა დაინტერესებული მკითხველისთვის ხელმისაწვდომია. მას თან ახლავს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში განათლების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმაც. ეს გეგმა STAREP-ის ფარგლებში ჩემი ორგანიზებით და წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობით შემუშავდა და დეტალურად აღწერს იმ ნაბიჯებს, რაც ბუღალტრულ სფეროში განათლების გაუმჯობესებას მოიტანს. 

გამოვყოფდი სამ უმთავრეს ნაბიჯს. პირველ რიგში, ბუღალტრული აღრიცხვის საერთო კურიკულუმის მოდელის შექმნაა საჭირო საერთაშორისო აღიარების მქონე პროგრამების (მაგ. ACCA, CIMA) და განათლების საერთაშორისო სტანდარტების (IES) საფუძველზე, რომელსაც განათლების სამინისტრო ან სარასი სახელმძღვანელოდ დაამტკიცებს უმაღლესი განათლების ყველა დაწესებულებისთვის. 

მეორე ნაბიჯი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვა მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებით ქართულ ენაზე, რომლებიც საერთო კურიკულუმთან იქნება შესაბამისობაში. 

და მესამე, მისასალმებელი იქნება, ამ სფეროში, საგამოცდო კითხვების საერთო რეზერვი შეიქმნას. პროექტის ფარგლებში იგეგმება ყველა ჩამოთვლილ საკითხში დახმარება. პედაგოგებს რაც შეეხება, მათთვის ტრეინინგების შეთავაზებაც გვაქვს გეგმაში. 

- 2018 წლიდან კომპანიებს ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნების ვალდებულება აქვთ. თქვენი შეფასებით რამდენად ახერხებენ კომპანიები მაღალი ხარისხის ანგარიშგებების გამოქვეყნებას?

- ეს რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის კომპანიის ზომაზე და სექტორზეა დამოკიდებული. ფინანსურ სექტორში მოღვაწე კომპანიებს ამ სფეროში პრობლემა არ აქვთ, ისევე როგორც საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე კომპანიებს და სხვა საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს (სდპ). მიკრო და მცირე კომპანიების ნაწილისთვის მაღალი ხარისხის ანგარიშგების შედგენა გამოწვევაა, მაგრამ ისინიც კი უმკლავდებიან ამ გამოწვევას და დღეს საქართველოში უპრეცენდენტო გამოქვეყნების მაჩვენებელი გვაქვს, პანდემიიის მიუხედავად. ხარისხს რაც შეეხება, ის მუდმივად იხვეწება. ეს პროცესია, რომლიც ყველა ქვეყანას გასავლელი აქვს. 

- თუ ფლობთ ინფორმაციას, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენ ქვეყანაში (დაახლოებით) არის დანერგილი ფინანსური ანგარიშგების იმდაგვარი გასაჯაროება, როგორიც ეს საქართველოშია? 

- ჩვენთან დანერგილი საჯაროობის რეფორმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღებულ ვალდებულებებს ეფუძნება. ის ევროდირექტივები, რომლებთანაც მოხდა ჩვენი კანონმდებლობის დაახლოვება, ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის სავალდებულოა. შესაბამისად, ყველა ევროპის ქვეყანაში საჯაროობის მეტ-ნაკლებად იგივე დონეა. რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. 

- შარშან დეკემბერში უკვე მეორედ ჩატარდა "ბარტას" კონკურსი, პანდემიის გათვალისწინებით, ამჯერად ვირტუალურად. კონკურსის შესახებ რომ მოგვიყვეთ, რა არის ამ კონკურსის მიზანი? შარშან რა სიახლეებით გაიმართა კონკურსი? ასევე საინტერესოა, რომ საფონდო ბირჟის ლისტინგში შემავალი კომპანიების გარდა, კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა იმ კომპანიებსაც მიეცათ, რომლებიც ჯერ ბირჟაზე არ ვაჭრობენ. 

- საუკეთესო წლიური ანგარიში და გამჭვირვალობის ჯილდო (BARTA) არის პირველი ჯილდო საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს წლიური ანგარიშგების ახალ კულტურას ქართულ ბიზნესებში. საქართველომ მოიპოვა წამყვანი ადგილი ბიზნესის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში, რაც აღიარებულია თუნდაც DOING BUSINESS-ის ანგარიშში. იგივეს ჯერ ვერ ვიტყვით კორპორაციული ანგარიშგების ხარისხზე და ქართული კომპანიების გამჭვირვალობის დონეზე. მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, მაგრამ ზოგადად, ქართულმა კომპანიებმა თავიანთ წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში უკეთესად უნდა წარმოაჩინონ თავიანთი საქმიანობა. ამით ისინი ხელს შეუწყობენ ინვესტორების ნდობას. ასეთ შემთხვევაში, ქართველი და უცხოელი ინვესტორები შეიძლება უფრო მეტად იყვნენ განწყობილნი ინვესტიციებისთვის ადგილობრივად დალისტულ კომპანიებში და შედეგად, საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ფულის ინვესტიციისთვის. სწორედ ამისთვისაა შექმნილი „ბარტა“. 

თუ 2019-ში კომპანიებს არ ჰქონდათ საშუალება თავისი სურვილით მიეღოთ კონკურსში მონაწილეობა და კონკურსი შემოფარგლული იყო საფონდო ბირჟაზე A და B ლისტინგში მოვაჭრე კომპანიებით, 2020 ში გავაფართოვეთ კონკურსის არეალი და იმ კომპანიებს, რომლებიც საფონდო ბირჟაზე არ ვაჭრობენ, მაგრამ წარმოადგენენ საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს, საშუალება მივეცით ეგრეთ წოდებული თვითწარდგენა მოეხდინათ. 

- როგორ მოხდა ამ კომპანიების შერჩევა? 

- როგორც გითხარით, ჩვენ ვაფასებთ A და B ლისტინგში შემავალ კომპანიებს და თვითწარდგენილ სდპ ებს, რომელთაც აუდიტის არამოდიფიცირებული დასკვნა აქვთ, წლიური ანგარიში დროულად აქვთ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში და თავიანთი მარეგულირებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოთხოვნებიც დაცული აქვთ. 

შემდეგ, ამრიგად გაცხრილულ კომპანიებს ჟიური აფასებს რამდენიმე ნაწილში. ეს არის მმართველობის ანგარიში/საქმიანობის მიმოხილვა, კორპორაციული მართვის ანგარიში, არაფინანსური ანგარიში და სხვა გამჭვირვალობის ზომები. იმარჯვებს კომპანია, რომელსაც ყველაზე მაღალი შეფასება მიენიჭება. 

- ცოტა ხნის წინ, მთავრობამ სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა დააანონსა. რეფორმის მიზანია სახელმწიფო საწარმოებში კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტის დანერგვა, რათა მათი რენტაბელობა გაიზარდოს. თქვენი შეფასებით, როგორ უნდა მოხდეს ამ რეფორმის განხორციელება? 

- სახელმწიფო საწარმოებში კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტის დანერგვა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი საწარმოებისთვის, ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ რეფორმის განხორციელების წინასწარ გაწერილი რეცეპტი ცხადია არ არსებობს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ევროპის თუნდაც იმ ქვეყნების გამოცდილება გავიზიაროთ, სადაც ეს რეფორმა ბოლო პერიოდში წარმატებით განხორციელდა. საკმაოდ საინტერესო და წარმატებული მაგალითია ლიეტუვაში ახლახან ჩატარებული რეფორმა, რომელმაც საგრძნობლად გაზარდა სახელმწიფო საწარმოების მომგებიანობა და ეფექტიანობა. რეფორმის განხორციელებისას აუცილებელია, ამ სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დანერგვა, როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კორპორაციული მართვის მითითებები სახელმწიფო საწარმოებისთვის. 

- მსოფლიო ბანკი თუ იქნება ჩართული ამ რეფორმების მომზადების პროცესში? 

- დიახ. ჩვენ გეგმაში გვაქვს ამ სფეროში სახელმწიფოს მხარდაჭერა. ვაპირებთ ჩავატაროთ კორპორაციული მართვის პრაქტიკის შეფასება ოთხ სახელმწიფო საწარმოში. უკვე დაწყებულია მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან. დანარჩენი საწარმოები მოგვიანებით შეირჩევა. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა კორპორაციული მართვის ROSC (სტანდარტებსა და კოდექსებთან შესაბამისობის ანგარიში) ანგარიშზე, რომელიც კორპორაციული მართვის სფეროში ნაკლოვანებებს გამოავლენს. ამ საქმეში პირადად ვარ ჩართული. იგეგმება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა სახელმწიფო საწარმოების მიერ მომზადებული ფინანსურ ანგარიშების და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების შესწავლის და ანალიზის ეფექტიანი სისტემის შექმნის კუთხით. განვიხილავთ ასევე, სახელმწიფო საწარმოების მართვაში ჩართული სახელმწიფო მოხელეებისთვის გარკვეული ტრენინგების შეთავაზებას და ბევრი სხვა საინტერესო ინიციატივა გვაქვს ამ სფეროში. 

- ინტერვიუს ბოლოს, ძალიან საინტერესოა თქვენი გატაცებები თავისუფალ დროს. ჩვენთვის ცნობილია, რომ გიყვართ ხატვა ზეთებით, ფოტოგრაფია, ვარჯიშის სისტემა -პილატესი. თუ გეგმავთ თქვენი ნამუშევრების გამოფენას? 

- მადლობა ამ კითხვისთვის. ვცდილობ თავისუფალ დროს მაქსიმალურად ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვრო და თვითგამოხატვა მოვახდინო თუნდაც ფერწერის და ფოტოგრაფიის მეშვეობით. სიამოვნებას მანიჭებს კრეატიული ნამუშევრების შექმნა. სამწუხაროდ, გამოფენაზე ჯერ ძალიან ადრეა საუბარი.

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი