ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროს ლევან სირანაშვილთან - №3(255), 2021
ლევან სირანაშვილი – დაიბადა 1983 წლის 14 მარტს, დუშეთის რაიონში. 

განათლება 

2005 წელი – საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. 

სამუშაო გამოცდილება

სსი(პ) შემოსავლების სამსახური 

2018/04-დან დღემდე – საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი, საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტი. 

2014/01-2018/03 – უფროსი აუდიტორი, აუდიტის დეპარტამენტი. 

2013/05-2013/12 – მთავარი სპეციალისტის, მომსახურების დეპარტამენტი. 

შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"  

2011/04-2013/04 – საგადასახადო აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი. 

სსი(პ) შემოსავლების სამსახური 

2010/09-2010/12 – სტაჟიორი, კამერალური შემოწმებების განყოფილება, ქ. გორის საგადასახადო ორგანო. 

შპს "აღრიცხვა და კონსულტაციის ჯგუფი"  

2009/09-2010/03 – ბუღალტრის ასისტენტი.


- ბატონო ლევან, მოგვიყევით თქვენი განვლილი გზის შესახებ. 

- 1983 წლის 14 მარტს დავიბადე მთიულეთში, სოფელ ქვემო მლეთაში, დედაჩემის მშობლების სახლში. ამის მიზეზი იყო იმ პერიოდის უამინდობა (დიდი თოვლი), რის გამოც ვერ მოხერხდა დედას დროული გადაყვანა თბილისში. ცნობისთვის, ეს ის სოფელია, სადაც მდებარეობს ლომისის წმინდა გიორგის მთავარი სალოცავი და სადაც აღინიშნება ლომისობის დღესასწაული. 

ცხოვრებით, ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა (და ცხოვრობს) საბურთალოზე, ვეძისში. სწორედ ამ უბანს უკავშირდება ჩემი ბავშვობა, სკოლა და ზრდასრული ცხოვრების ძირითადი ნაწილი. 

ბავშვობიდან განსაკუთრებით მიტაცებდა პოეზია და ლიტერატურა. აღნიშნულის გამო, ადრეულ ასაკშივე (6 წლისა) მიმიყვანეს მხატვრული კითხვის წრეზე „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში~, სადაც ჩემი პედაგოგი იყო ქ-ნი ინეზა აბესაძე (მსახიობ გუჯა ბურდულის მეუღლე). ამ გატაცების პარალელურად, მოგვიანებით ძალიან დავინტერესდი ფიზიკით და სწორედ ის გახდა ჩემი №1 საგანი. ასე მაგალითად, მე-10-მე-11 კლასში სწავლის პარალელურად, ფიზიკის მოყვარულთა სპეციალურ სკოლაშიც კი დავდიოდი ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის მეგობართან ერთად, სადაც „შავ-თეთრი 90-იანების~ ფონზე უამრავ საინტერესო თავშესაქცევს ვპოულობდით კიბერნეტიკაში, ელექტრონიკაში და ა.შ.

2000 წელს დავამთავრე ქ. თბილისის 123-ე საშუალო სკოლა. უნდა აღვნიშნო, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთი წამითაც არ გამნელებია ლიტერატურისადმი სიყვარული და ალბათ ამიტომ, გამიტაცა თეატრისა და მხატვრული კინოს რეჟისურამ. შედეგად, გადაწყვეტილი მქონდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურზე ჩამებარებინა, თუმცა, მოგეხსენებათ, რომ იმ წლებში საქართველოში ამ პროფესიას დიდი პერსპექტივა არ უჩანდა და ამიტომ მსურდა სწავლა საზღვარგარეთ გამეგრძელებინა. პრინციპში, ასეც ვითარდებოდა შემდგომი მოვლენები, თუმცა სამწუხაროდ, დედას ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეექმნა, ამიტომ თბილისში დარჩენა მომიწია, რამაც რადიკალურად შეცვალა ჩემი სამომავლო გეგმები და აი როგორ:
 
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ) რექტორის, ბ-ნ თეიმურაზ ქორიძის უშუალო თანადგომით და მხარდაჭერით, 2000-2005 წლებში მომეცა ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაბარებისა და სწავლის შესაძლებლობა. 

ცხადია, ჩემი სტუდენტობის წლები (ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანისა) დაკავშირებული იყო უამრავ სიახლესთან, სირთულესთან, გამოწვევასთან და ა.შ. თუმცა, ყოველთვის ვცდილობდი განვითარებას და შესაძლებლობების გაუმჯობესებას. მაგალითისთვის, ერთ ამბავს გავიხსენებ: 

სწავლების მეორე კურსზე ნებით თუ უნებლიედ, მოხდა ისე, რომ ზოგიერთ სხვა სტუდენტთან ერთად, ლექციებზე მეტ დროს უნივერსიტეტის ეზოში ვატარებდი საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებთან „ნაკლებად დაკავშირებული" საკითხების განსახილველად. ეს ამბავი დიდხანს არ გაგრძელებულა. მახსოვს, ერთ-ერთმა ლექტორმა რამდენიმე ასეთი სტუდენტი დაგვიბარა და რაღაც აგვიხსნა, რაღაც გვთხოვა, რაღაცნაირად დაგველაპარაკა... ახლაც ვიხსენებ ხოლმე იმ განცდას, რაც ამის მერე დამეუფლა. ეს იყო მისი მხრიდან ჩვენი „გამოფხიზლების" საუკეთესო მცდელობა! მე მივხვდი, რომ ჩემში რაღაც გარდაიქმნა და სრული კურსით სწავლისკენ შემობრუნება გადავწყვიტე. ამ გადაწყვეტილებამ უნივერსიტეტი წარმატებით დამამთავრებინა! 

- როდის და რატომ გადაწყვიტეთ სახელმწიფო სამსახურში მუშაობა? 

- მიუხედავად სწავლების წარმატებით დასრულებისა, სამსახურის დაწყება ძალიან რთული აღმოჩნდა. მახსოვს, სდასუ-ს კურსდამთავრებულებს `თიბისი ბანკმა~ და `საქართველოს ბანკმა~ ფასიანი სტაჟირება შესთავაზეს, ამის შესაძლებლობა კი ოჯახს არ ჰქონდა და ფაქტობრივად პრაქტიკის გავლის გარეშე დავრჩი. ამიტომ დავიწყე ძიება, თუ სად შეიძლებოდა პრაქტიკა გამევლო და როგორც ყველა, მეც სხვადასხვა კომპანიაში ვაგზავნიდი CV-ებს. შედეგად, რამდენიმე კომპანიაში შევძელი წარმატების მიღწევა. კერძოდ, ფინანსური აღრიცხვის კუთხით გავიარე სტაჟირება, ასევე, ვიყავი დასაქმებული, როგორც ბუღალტრის თანაშემწის, ისე ბუღალტრის პოზიციაზე და სწორედ ამ ეტაპიდან გამიჩნდა გადასახადების ადმინისტრირების თაობაზე მეტი ცოდნის მიღების სურვილი. 

მოვლენებიც შესაბამისად განვითარდა. კერძოდ, 2010 წელს შემოსავლების სამსახურმა გადასახადების ადმინისტრირების სასწავლო კურსზე გამოაცხადა მიღება. ამ კურსის გავლის შემდეგ საგადასახადო ორგანოს რეგიონულ ცენტრებში ახალ კადრებს აიყვანდნენ. მე ჩავეწერე გორის ჯგუფში, ვინაიდან წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხიდან ვარ, სადაც გვაქვს სახლი, მეურნეობა და ა.შ. შესაბამისად, გორში სიარული ჩემთვის მარტივი იქნებოდა. 

უნდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი ძალიან გაიწელა. ტესტირება 2010 წლის გაზაფხულზე გამოცხადდა, მასში 800-ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც ჯერ 150 და ბოლოს 40 მსმენელი შეირჩა. იმ პერიოდში შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია იყო და მასთან გასაუბრების შემდეგ (მაისი/2010) დავრჩით 20 კანდიდატი გორის ჯგუფისთვის, ხოლო 20 კანდიდატი აარჩიეს საბაჟოს საქმეებისთვის. მიუხედავად ამისა, სწავლის დაწყებას მაინც რამდენიმე თვე ველოდით. სიმართლე გითხრათ, იმედიც აღარ მქონდა... თუმცა, ბოლოს დაგვიძახეს და 2010 წლის 1 აგვისტოდან სწავლაც დაიწყო. ხაზგასმით აღვნიშნავ, ძალიან მაღალი დონის სწავლება იყო. საგადასახადო კანონმდებლობა ზედმიწევნით კარგად გავიარეთ. წარმოიდგინეთ, დაბალი აკადემიური მოსწრების გამო სტუდენტებს რიცხავდნენ; ამ მიზეზით, სამმა სტუდენტმა დატოვა სწავლის პროცესი და საბოლოოდ აკადემია 17-მა დავამთავრეთ, აქედან შვიდმა წარჩინებით, რომელთა შორის მეც ვიყავი. 

აკადემიის დასრულების შემდგომ, 2010 წლის სექტემბრიდან გორში აუდიტის მიმართულებით დავიწყეთ სტაჟირება. თუმცა, სამწუხაროდ, 4-თვიანი მუშაობის შემდეგ საგადასახადო სამსახურის რეგიონული ცენტრები გაუქმდა. ეს ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან ყველაფერი პრაქტიკულად თავიდან უნდა დამეწყო. 

- კერძო აუდიტურ კომპანიაში როგორ მოხვდით და რა იყო ყველაზე სასარგებლო ცოდნა/გამოცდილება, რაც კერძო აუდიტურ კომპანიაში მუშაობამ შეგძინათ? 

- 2011 წლიდან ისევ დავიწყე CV-ების გაგზავნა სხვადასხვა კომპანიაში, ამჯერად აუდიტის მიმართულებით. მათ შორის ერთ-ერთი იყო აუდიტური კომპანია "ცოდნისა", თუმცა იქ არავის ვიცნობდი. მახსოვს, ამ კომპანიის მმართველმა გასაუბრებაზე დამიბარა, სხვა პარტნიორსაც გავესაუბრე. ამ გასაუბრებებიდან გამომდინარე, მეგონა, რომ "ცოდნისაში" სტაჟირებას შემომთავაზებდნენ, მაგრამ მათ პირდაპირ შრომითი კონტრაქტი გამიფორმეს, რაც ცხადია დიდი წარმატება იყო ჩემთვის. აღსანიშნავია, რომ ამ კონტრაქტის გაფორმებას დაემთხვა დაკვეთა დასავლეთ საქართველოს რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი საწარმოდან. შედეგად, 2011 წლის ივლისში წავედი ამ საწარმოში და უშუალოდ "ცოდნისას" გენერალური დირექტორის კურატორობით დავიწყეთ მუშაობა ამ დაკვეთაზე. იქ გავატარე მთელი ნახევარი წელი, შემდეგ ისევ იყო ახალი დაკვეთები და ახალი შემოწმებები. 

გარდა აღნიშნულისა, „ცოდნისასთან" ურთიერთობიდან გამოვყოფდი კიდევ ორ მნიშვნელოვან წარმატებას: 

1) ჟურნალში "აუდიტი აღრიცხვა ფინანსები" დავიწყე საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ სიახლეებზე სტატიების მომზადება, რამაც დამიგროვა აკადემიური წერის დიდი გამოცდილება;
 
2) ასევე, ვიყავი „კითხვა-პასუხის" საბჭოს წევრი, სადაც ვარჩევდით გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ჟურნალის მკითხველთა მიერ დასმულ საკითხებს. საბჭოს ფარგლებში მუშაობიდან გამოვყოფდი ბ-ნი გიორგი ცერცვაძის დამოკიდებულებას საბჭოს წევრებისადმი, რომელიც გულისხმობდა თითოეულისთვის მათი აზრის გამოთქმის საშუალების მიცემას – ბოლომდე მოსმენისა და ჯანსაღი გაკრიტიკების გარანტიით! შედეგად, ამ მიდგომით მიიღწეოდა აბსოლუტურად კონსტრუქციული მსჯელობა და საუბრები თითქმის არასდროს გადადიოდა აყალ-მაყალში. სხვათა შორის, ეს უნარი (განხილვებისა და მსჯელობების მართვა) ძალიან გამომადგა ცხოვრებაში. 

- 2012 წლის მერე, საგადასახადო სამსახურის ბევრი წარმომადგენელი გადავიდა კერძო სექტორში. ეს პროცესი ახლაც გრძელდება. ამ ტენდენციის ფონზე, ცოტა საკვირველია, რატომ დაბრუნდით სახელმწიფო სამსახურში? 

- შემოსავლების სამსახურში დაბრუნება მინდოდა იმ გამოწვევების გადალახვის მიზნით, რომლებიც ღიად დამრჩა 2010 წლის ბოლოდან. ანუ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან ბევრი დრო და ენერგია დავხარჯე გადასახადების ადმინისტრირების კუთხით სწავლა-განვითარებაზე, ასევე, ვიყავი მაღალი აკადემიური მოსწრებით და ა.შ. შესაბამისად, მჭირდებოდა ერთგვარი რეაბილიტაცია. თუმცა, იყო სხვა მიზეზიც და აი რა: როგორც წესი, კომპანიის საფინანსო და საგადასახადო რისკების შესახებ კერძო აუდიტორის დასკვნა დამკვეთისთვის იყო სარეკომენდაციო ხასიათის. ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული დემოტივატორი. მაგალითისთვის, გავიხსენებ ასეთ შემთხვევას: დამიკავშირდნენ ერთ-ერთი კომპანიიდან, სადაც აუდიტი ჩავატარეთ და მაცნობეს, რომ მათთან დანიშნულა საგადასახადო შემოწმება და საგადასახადო ორგანოს სწორედ იმ საკითხზე განუხორციელებია დარიცხვა, რომელიც მაღალი რისკიდან გამომდინარე, ჩვენს ანგარიშშიც იყო შეტანილი. ასე გამოვიდა, რომ ტყუილად დაიხარჯა ჩვენი რესურსი, მაგრამ გარდა იმისა – ეს კომპანია ჯიუტად გვთხოვდა საგადასახადო დავაში ჩართულობას და დავების საბჭოს წინაშე ჯარიმის პატიებაზე შუამდგომლობას, იმ საფუძვლით, რომ მათ თითქოს არ იცოდნენ და არც შეიძლება სცოდნოდათ, რომ რაღაცა დააშავეს. 

საბოლოოდ, 2013 წლის აპრილში "ცოდნისადან" ისევ შემოსავლების სამსახურში დავბრუნდი და გავხდი მომსახურების დეპარტამენტის საკონსულტაციო-სატელეფონო ცენტრის კონსულტანტი, სადაც მცირე პერიოდით ყოფნის მიუხედავად, შევიძინე და გავიუმჯობესე სხვადასხვა პრაქტიკული უნარები. მაგალითად, კონფლიქტური კომუნიკაციების მართვა, ინფორმაციის დროული მოიძიება, ვრცელი თემატიკიდან ძირითადი მესიჯების მკაფიო ჩამოყალიბება და ა.შ. ერთი სიტყვით, „ქოლ-ცენტრში" (ასე ვეძახი შინაურულად) მუშაობა ნამდვილად ღირდა. 

ჩემი საკონსულტაციო საქმიანობა დასრულდა 2013 წლის დეკემბრის ბოლოს და 2014 წლის იანვრიდან გადავედი აუდიტის დეპარტამენტში, სადაც ჩავერთე გასვლით საგადასახადო შემოწმებებში. უნდა აღვნიშნო, რომ შემოწმებები, როგორც პროცესუალური ნაწილით, ისე დაბეგვრის კუთხით იყო უაღრესად საინტერესო და ამავე დროს სირთულეებით აღსავსე. სხვათა შორის, დღემდე მახსოვს იმ წლების (2014, 2015, 2016, 2017, 2018/03) საქმეები, იდენტიფიცირებული თემები, სადავო და საკამათო საკითხები და ა.შ. გარდა ამისა, ასევე აღვნიშნავ, რომ ცოტა მოგვიანებით, როგორც ჯგუფის უფროსი, ვუძღვებოდი საგამოძიებო სამსახურის (და სხვა ძალოვანი სტრუქტურების) ინიცირებით დანიშნულ შემოწმებებს, რამაც შემძინა თაღლითური სქემების, უსაქონლო ოპერაციების, ფიქციური გარიგებების და სხვა მსგავსი საკითხების იდენტიფიცირების უნარები. 

მთლიანობაში, აუდიტის დეპარტამენტში გატარებულ წლებს ასე შევაჯამებ: ეს იყო დაგროვილი ცოდნის რეალიზაციისა და უამრავი ახალი გამოცდილებების მიღების საუკეთესო პერიოდი. 

2018 წლის აპრილიდან შევწყვიტე შემოწმებებში მონაწილეობა და გადავედი ახლადშექმნილ საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის (როგორც სათაო დეპარტამენტის) საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსად და დღემდე ვარ ამ პოზიციაზე. 

ამასთან, ამ სამმართველოს ფუნქციებს განეკუთვნება: 

● საგადასახადო კონტროლის პროცედურების მეთოდოლოგიის შემუშავება; 

● საგადასახადო კონტროლის ხარისხობრივი შეფასება და რეკომენდაციების გაცემა; 

● საქონლის დანაკარგების ნორმების დადგენის პროცედურებში მონაწილეობა; 

● საგადასახადო კონტროლისთვის საჭირო ელ. პროგრამების დანერგვის ინიცირება; 

● საგადასახადო შემოწმების შედეგების ამსახველი ოფიციალური ფორმების შემუშავება; 

● საგადასახადო და ქვემდებარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, აგრეთვე, შესაბამისი ჯარიმების და სახდელების გამოთვლა-შეფარდების მეთოდოლოგიური ერთიანობის უზრუნველყოფა. 

ამ კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომლებისთვის შევიმუშავეთ და გამოვეცით სხვადასხვა მეთოდური მითითებები, შიდა სახელმძღვანელოები და ინსტრუქციები, `მენუალები~, შიდა წერილობითი მითითებები, აგრეთვე, ვმონაწილეობთ სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში და ა.შ. ასე მაგალითად, აღსანიშნავია: 

● აუდიტის საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაზე გადაყვანის პროცესი. 

● სხვადასხვა საქონელზე დადგენილი დანაკარგები. 

● საგადასახადო შემოწმების ხარისხის კონტროლის სტანდარტები. 

● მეთოდური მითითებები: „ცალკეულ შემთხვევებში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ". 

● მეთოდური მითითება „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ". 

ჩვენი მიზანია მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ გადასახადების ადმინისტრირების გაუმჯობესებაში. 

- საგადასახადო შემოწმებებში როცა მონაწილეობდით, მკაცრი შემმოწმებელი იყავით? 

- ყოველთვის ვცდილობდი კანონშესაბამისი აუდიტორი ვყოფილიყავი და შესაბამისად, სწორად განმესაზღვრა პირთა საგადასახადო ვალდებულებები. მქონდა ასეთი ჩვევა: ვცდილობდი გამეგო, რა მიზნით დაიწერა კანონის ესა თუ ის თავი, კარი, მუხლი ან დებულება და აღნიშნულის გაანალიზების შემდეგ გამეკეთებინა დასკვნები. იყო გამოწვევებიც. მახსენდება პრობლემური საკითხები, რომლებიც უკვე აქეთ, მეთოდოლოგიაში დავარეგულირეთ. 

- დანაკარგების ოდენობის განსაზღვრა და გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურების გამარტივება ბიზნესისთვის მართლაც მნიშვნელოვანი სიახლე იყო. როგორ მუშაობს ახალი წესი? თუ გაქვთ სტატისტიკა, ცვლილებების ამოქმედებიდან ამ დრომდე, რა რაოდენობის დანაკარგი აღარ დაიბეგრა? 

- გეთანხმებით, საქონლის ჩამოწერის გამარტივების ნაწილში ნამდვილად მნიშვნელოვანი სიახლეები გვქონდა. ამ კუთხით გამოვყოფდი გასულ 2020 წელს, რომელშიც დავნერგეთ „საქონლის ჩამოწერის გამარტივებული წესი~ რესტორნებისთვის, „სურსათის არაარსებითი დანაკარგები~ სავაჭრო ობიექტებისთვის, აგრეთვე, აღსანიშნავია დღეში ერთხელ, ერთი განაცხადით, 100 ლარამდე ღირებულების საქონლის უსასყიდლოდ ჩამოწერის შესაძლებლობის შემოღება ნებისმიერი გადამხდელისთვის.
 
რაც შეეხება სტატისტიკას, შემიძლია გითხრათ, რომ „საქონლის ჩამოწერის გამარტივებული წესის~ და 100 ლარამდე ღირებულების საქონლის უსასყიდლოდ ჩამოწერის ნაწილში ბიზნესმა უკვე დაზოგა რამდენიმე ასეული ათასი ლარი, ხოლო „სურსათის არაარსებითი დანაკარგების~ ნაწილში კი ბიზნესის დანაზოგმა რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა. 

- საინტერესოა კიდევ ერთი საკითხზე თქვენი მოსაზრება გადასახადების დამალვა ყოველთვის და ყველგან ხდება. თქვენი დაკვირვებით, რა სიტუაციაა საქართველოში ამ მხრივ? გადასახადების დამალვას რა მასშტაბებია და ტენდენცია როგორია, მზარდი თუ პირიქით, შემცირებადი? 

- გადასახადის გადამხდელთა უმრავლესობა არის კეთილსინდისიერი მეწარმე, თუმცა, რა თქმა უნდა, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს კანონშეუსაბამო ქმედებებსაც. სამწუხაროდ, კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება გამიჭირდება, რადგან ბევრი დეტალი საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება. ზოგადად, შემოსავლების სამსახურის მიზანია პრევენციის გზით რისკის მინიმიზაცია. ანუ სამსახურის სტრატეგია ეფუძნება შესაძლო სამართალდარღვევაზე ნაადრევ (წინასწარ) რეაგირებას, რაც ჩემი აზრით აბსოლუტურად ჯანსაღი ხედვაა. 

- კოვიდ-პანდემიის პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას საგადასახადო შემოსავლების ნაწილში საფრთხე ხომ არ შეექმნება? გაჭირვებული გადასახადის გადამხდელი ხომ უფრო მეტად შეეცდება გადასახადებისგან თავის არიდებას? 

- მიმაჩნია, რომ ბიუჯეტის შემოსულობების საფრთხეების სამართავად ძალიან ბევრი ეფექტიანი ინსტრუმენტი გააჩნია ჩვენს სამსახურს. ასე მაგალითად, შეიქმნა ვალის მართვის დეპარტამენტი, არსებობს საგადასახადო შეთანხმების და გრაფიკის გაფორმების შესაძლებლობები, ტურიზმის სექტორს შარშან გადავუვადეთ საშემოსავლო და ქონების გადასახადები და ა.შ. რა თქმა უნდა, პარალელურად, ურჩი გადამხდელებისთვის აქტიურად გამოიყენება გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები და სხვა. 

ერთი სიტყვით, კი ბატონო, გადასახადის გადამხდელების ნაწილს შესაძლოა შეუმცირდათ შემოსავლები, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თავს არიდებენ კუთვნილი ვალდებულებების შესრულებას. 

- 2021 წლიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარი მნიშვნელოვნად შეიცვალა. თქვენ რომელ ცვლილებას გამოარჩევდით, როგორც პოზიტიურს?

- განხორციელებული დღგ-ის რეფორმა დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე, შესაბამისად, იგი მაქსიმალურად შეამცირებს სადავო შემთხვევებს და გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას. ასე მაგალითად, დღგ-ის ახალი კარის საინტერესო ინსტრუმენტია ვაუჩერი და მისი დაბეგვრა, უსასყიდლო ოპერაციების დაბეგვრა, სიახლეა პროპორციებში და ა.შ. საკითხით დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევ გაეცნოს დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებებს, რომლებიც განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე. 

- ასევე საინტერესოა, თქვენი მოსაზრება "ესტონურმა მოდელთან" დაკავშირებით, ამ სისტემამ გაამართლა? თქვენ ამ მოდელის მომხრე ხართ თუ წინააღმდეგი? 

- ესტონურმა მოდელმა ცალსახად გაამართლა. შევხედოთ ასე: კლასიკური მოდელის პირობებში გადასახადის გადამხდელი მოგების გადასახადს იხდიდა დარიცხული მოგებიდან, `ესტონური მოდელი~ კი გულისხმობს, რომ მოგება გადაიხდევინება მისი ფაქტობრივი განაწილებისას. შესაბამისად, თავისთავად ცხადია, რომ ნაადრევი დაბეგვრა გადასახადის გადამხდელისთვის არახელსაყრელი იყო, მითუმეტეს იქ, სადაც ბიზნესი მზარდია. 

- რას ფიქრობთ ქონების გადასახადზე? 

- ვფიქრობ, რომ ქონების გადასახადის ადმინისტრირებას რეფორმა სჭირდება. სხვათა შორის, ამ მიმართულებით არსებობს საინტერესო ხედვები. ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, მაგრამ იმედია, ეს იდეები საზოგადოების ფართო წრეებისთვის მალე გახდება მსჯელობის საგანი. არსი ასეთია: ქონების გადასახადი უნდა არსებობდეს, ოღონდ უფრო მოქნილი სქემით, შეიძლება იყოს სხვა განაკვეთი, სხვა დაბეგვრის ობიექტი და ა.შ. 

- თქვენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდით საგადასახადო კანონმდებლობაში? 

- კანონმდებლობის ცვლილების კუთხით, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მაღალი შემოსავლების მქონე ფიზიკურ პირთა მონაცემებზე (საბანკო ანგარიშებზე და ა.შ.) დაწესდეს გამარტივებული წვდომა. ასევე, ვფიქრობ უნდა შეიზღუდოს საგადასახადო დავების დაწყების შემდეგ პირველადი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა. 

- რამდენიმე წლის წინ, შემოსავლების სამსახურისგან მიიღეთ ჯილდო. რა ჯილდო გადმოგეცათ და კონკრეტულად რა საქმიანობისთვის? 

- დიახ, ეს იყო 2017 წელს, მადლობა მივიღე ფინანსთა მინისტრისგან განსაკუთრებული სირთულის საგადასახადო შემოწმებების ჩატარებისთვის. სხვათა შორის, წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა შარშან, წლის ბოლოსაც მივიღე, ამჯერად შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელისგან. 

- თქვენ ხართ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში მოწვეული სპეციალისტი, გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ დავების რა პროცენტი წყდება? ასევე მედიაციით მოგვარებული დავების სტატისტიკა როგორია? 

- სტატისტიკურ ინფორმაციას მე არ ვიცნობ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ დაჩქარდა და გამარტივდა დავების პროცედურები. ასევე, შემოვიღეთ ონლაინ ჩართვები და ეს ნამდვილად კარგი სიახლეა. 

- სახელმწიფო სამსახურში უკვე დიდი ხანია მუშაობთ. ისევ კერძო სექტორში გადასვლაზე ხომ არ ფიქრობთ? 

- არა, პირიქით. ვარ მენეჯერი, შესაბამისად, მაქვს შესაძლებლობა ჩართული ვიყო მუდმივ სიახლეებში, სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტაში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში და ა.შ. ეს ყველაფერი კი მაძლევს აქ დარჩენისა და ახალი გამოწვევების გადალახვის სტიმულს.
 
- ბოლოს, როგორ იყენებთ თქვენს თავისუფალ დროს? ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები? 

- ვცდილობ თავისუფალი დრო ოჯახთან გავატარო. ჩემი პირადი ოჯახის წევრია მეუღლე, სოფი სირანაშვილი, პროფესიით ბუღალტერი. რაც ეხება "დიდ" ოჯახს: დედა ექიმია, მამა ეკონომისტი, ასევე ხელოვნებათმცოდნე. მყავს ორი ძმა, ნიკოლოზი და დავითი, რომლებიც ასევე საგადასახადო-საფინანსო კუთხით საქმიანობენ. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი