ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის ხელმძღვანელთან, პროფესორ ლევან საბაურთან - №8(260), 2021
ლევან საბაური - დაიბადა 1975 წლის 1 იანვარს ყაზბეგში.

განათლება

09.1992-06.1997 - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ფინანსისტ-ბუღალტრის კვალიფიკაცია.

09.1997-06.2001 - ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანული ენის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

09.2000-06.2003 - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ასპირანტურა.

სამუშაო გამოცდილება

09.2018  დღემდე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის პროფესორი და კათედრის ხელმძღვანელი.

09.2008-09.2018 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

06.2007-10.2014 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი - საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსი.

03.2009-07.2010 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ - საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტო _ ფინანსური მენეჯერი.

09.2008-02.2009 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრი, პროექტი „ილია ჭავჭავაძე“ - დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

08.2007- 09.2008 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრი, პროექტი „ილია ჭავჭავაძე“ - ფინანსური მენეჯერი.

06.2003-08.2007 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრი, პროექტი „ილია ჭავჭავაძე“ - ანგარიშსწორების სპეციალისტი.

05.2002-02.2006 - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია - მთავარი ბუღალტერი.
 
08.2000-05.2002 - საქართველოს კულტურის სამინისტრო - მრჩეველი სახელოვნებო განათლების კუთხით ეკონომიკის საკითხებში.

‑ ბატონო ლევან, ინტერვიუს დასაწყისში, გთხოვთ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ. რა გზა გაიარეთ ბავშვობიდან დღემდე?

- დავიბადე ყაზბეგში, სკოლაც იქ დავამთავრე. მასწავლებლები მახასიათებდნენ როგორც წარჩინებულ და ბეჯით მოსწავლეს, თუმცა, მე ყოველთვის საკუთარი თავის უკმაყოფილო ვიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსიც წარჩინებით დავამთავრე 1997 წელს. რთულ პერიოდში მომიწია სტუდენტობა, თუმცა შესანიშნავი პედაგოგების დამსახურებით მოვახერხე სპეციალობის წარმატებით დაუფლება და შემდგომში უკვე ასპირანტურაში სწავლის გაგრძელება. ყოველთვის მადლიერებით გავიხსენებ ღვაწლმოსილ პედაგოგს, ადამიანობით, ერთგულებითა და პროფესიონალიზმით სავსე პროფესორს, ბატონ ივანე გოდერძიშვილს, ნათელი მის ხსოვნას. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს კიდევ ერთ გამორჩეულ ლექტორს - ბატონ რეზო ძაძამიას გადავუხდი მადლობას მხარდაჭერისა და თავდაუზოგავი შრომისთვის, რასაც იმ დუხჭირ პერიოდში ასე უანგაროდ ეწეოდა და გვერდში გვედგა სტუდენტებს, დღეგრძელობასა და სიკეთეს ვუსურვებ მას.

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩავაბარე ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ენის მიმართულებით. აღნიშნული ფაკულტეტიც წარჩინებით დავასრულე 2001 წელს, პარალელურად უკვე ვსწავლობდი ასპირანტურაში და 2006 წლის 18 მაისს, აგრარული ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაგალითზე“. ეს ერთ-ერთი ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.

ასპირანტურაში სწავლის პარალელურად უკვე დავიწყე მუშაობა. სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობამ საკმაოდ მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება შემძინა. ვმუშაობდი როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. გამოცდილება მაქვს როგორც აუდიტორად, ასევე აუდიტთან მუშაობის. ჩვენი პროფესია პრაქტიკულია და მხოლოდ თეორიული ცოდნით ვერ შემოიფარგლები. ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა უნივერსიტეტში, როცა კათედრიდან ლექციის წაკითხვა მომიწია. არასოდეს არ მიჭირს პრაქტიკული მაგალითის გახსენება, რადგანაც ყველა მაგალითი რეალურია და ჩემს საკუთარ გამოცდილებას ეფუძნება. ასე გავაგრძელე უკვე უნივერსიტეტში საქმიანობა და დღეს ამიერკავკასიის პირველი უნივერსიტეტის აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის ხელმძღვანელობის პატივიც მაქვს.

‑ საკმაოდ ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილება გაქვთ. კერძო (არასაგანმანათლებლო მიმართულებით) სექტორში საქმიანობის გაგრძელებაზე არ გიფიქრიათ?

- ჩემი საქმიანობის გარკვეული ეტაპები, რა თქმა უნდა, უკავშირდება კერძო სექტორში მუშაობას. თუმცა, სწავლის დაწყების პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ჩემი შემდგომი საქმიანობა აუცილებლად სასწავლო-სამეცნიერო უნდა ყოფილიყო. ამიტომ ამ მიმართულების ერთგული დავრჩი, პარალელურად კი ვაგრძელებ პრაქტიკული საქმიანობას. აქვე აღვნიშნავ, რომ წარმოუდგენელია „დედა-უნივერსიტეტის“ გარდა სხვაგან ვიყო და ეს განწყობა მაძლიერებს.

‑ ხშირად გვესმის, რომ საქართველოში პროფესიონალი კადრების დეფიციტია, საქართველოს უნივერსიტეტები სტუდენტებს კარგ ცოდნას ვერ აძლევენ. რეალურად, ახალგაზრდა სპეციალისტები დამატებითი კურსების გავლის ან სხვა გამოცდილი სპეციალისტების დახმარების გარეშე ვერ იწყებენ მუშაობას. თქვენ თუ იზიარებთ ამ მოსაზრებას? რა არის ამის მიზეზი?

- არ არის მარტივი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში 17-წლიანი პედაგოგიური გამოცდილების განმავლობაში არაერთი მაღალპროფესიონალი სპეციალისტი მინახავს. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად არისო, ვერ ვიტყვით, თუმცა, არც ისე ცუდად უნდა იყოს, როგორც ჩანს. პროგრამის ავკარგიანობას აფასებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტი იღებს კონკრეტული პროგრამის აკრედიტაციას. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ძალიან ბევრია 52 უმაღლესი სასწავლებელი, რომლებიდანაც უმრავლესობა აღრიცხვა-აუდიტის მიმართულების საგნებს ასწავლის. დამეთანხმებით, რთულია ყველგან კვალიფიციური კადრი იყოს დასაქმებული, რაც, შესაბამისად, კურსდამთავრებულებზეც აისახება. თუ თვალს გადავავლებთ ბოლო წლების დინამიკას, ნათლად დავინახავთ რა მდგომარეობაცაა ამ მიმართულებით. ეს დინამიკა კი ძირითადად პროგრამაზე კონკურსის წესით ჩარიცხულთა და კურსდამთავრებულთა ოდენობით, და ყველაზე მთავარი, დასაქმების პროცენტით უნდა შეფასდეს. ბოლო სამი წლის განმავლობაში საკმაოდ გაზრდილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა შორის დასაქმებულთა რიცხოვნობა, ბაკალავრის საფეხურზე ეს 80%-მდე მერყეობს, ხოლო მაგისტრატურის სტუდენტების 97% პროფესიითაა დასაქმებული. ასევე ბოლო წლებში გაზრდილია ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმება „დიდი ოთხეულისა“ და სხვა წამყვან საერთაშორისო ქსელების აუდიტურ ფირმებში, რაც თავისთავად სწავლის ხარისხისა და მიღებული ცოდნის შედეგია.

‑ პედაგოგების მომზადების დონე როგორია, ქართველი პედაგოგები პასუხობენ თანამედროვე განათლების მოთხოვნებს? ზოგადად, როგორ შეაფასებთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ხარისხს აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში?

- ამ კითხვაზე პასუხს წინა კითხვასთან აქვს პირდაპირი კავშირში. დღეს პროფესიონალი კადრების სიმწირესთან ერთად სერიოზული პრობლემაა ქართულ ენაზე შექმნილი ან თარგმნილი პროფესიული ლიტერატურის ნაკლებობა/არარსებობა. რთულია, პედაგოგს მოსთხოვო საკუთარი ფინანსური რესურსით მოამზადოს სახელმძღვანელო, შექმნას საკითხავი მასალა თუ სავარჯიშოების კრებული, ამაში აუცილებლად უნდა იღებდეს მონაწილეობას უნივერსიტეტი, პროფესიული ორგანიზაცია, ბიზნესი და ა.შ. ლიტერატურის ნაკლებობა კი პირდაპირ პედაგოგის კვალიფიკაციაზე აისახება. ეს პროცესი რომ ნაკლებად მტკივნეული, სტუდენტისთვის კი ყველა ხარისხიანი ლიტერატურა ხელმისაწვდომი იყოს, კათედრის წევრები გარკვეული პერიოდულობით ვაახლებთ სახელმძღვანელოებს იმ შენიშვნებისა და მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც გათვალისწინებულია სტანდარტების მიხედვით. შედეგად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, კათედრაზე განახლდა და შეიქმნა 5 ახალი სახელმძღვანელო.
 
‑ აღრიცხვა, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმის ერთი ეტაპი უკვე განხორციელდა. რა დაგვანახა ამ წლებმა, რა იყო დადებითი და რა უარყოფითი? რეფორმის მომდევნო ეტაპი რა ცვლილებებს ითხოვს?
 
- ძალიან კომპლექსური კითხვაა. ამ კითხვაზე პასუხი სხვა კითხვებში ნაწილობრივ უკვე გაბნეულია. მოკლედ რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ 2016 წლიდან დაწყებული დღემდე, საქართველოში რაც რეფორმის ფარგლებში განხორციელდა, ვერ შეძლო ვერცერთმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ. მე აქტიურად ვიყავი ჩართული მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილ პროექტში, რომელშიც 12 ქვეყნის მონაწილეები ერთმანეთს ვხვდებოდით და ვუზიარებდით საკუთარ გამოცდილებებს რეფორმის ფარგლებში. პანდემიის დაწყებამდე ყველა ასეთ შეხვედრაზე საქართველო იყო როგორც სამაგალითო ქვეყანა, რომელმაც მოკლე დროში რეფორმის ასე წარმატებით განხორციელება მოახერხა. მე, დღეს როგორც უკვე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის საბჭოს უფლებაშეჩერებული წევრი, უფრო თამამად ვიტყვი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის გუნდის დაუღალავ შრომასა და წვლილს ამ რეფორმის განხორციელებაში. თუმცა, იმასაც აღვნიშნავ, რომ რეფორმა არ არსებობს ხარვეზის გარეშე და ის სისტემისთვის ყოველთვის მტკივნეულია, ზოგჯერ, შეიძლება, გარემოებების გათვალისწინებით, ნაკლებსამართლიანიც კი აღმოჩნდეს, რადგანაც შეუძლებელია პირველივე ეტაპზე იყოს კანონმდებლობის დონეზე ყველა ის დეტალი გათვალისწინებული, რომელიც სამართლიანობის ზღვარს არასოდეს არ დაარღვევს. იმედს ვიტოვებ, რეფორმის შემდგომი ეტაპები წინა ეტაპის გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული და მაქსიმალურად მოქნილი, სამართლიანი, სანდო და ხარისხიანი სისტემის შექმნას შეძლებს.

‑ როგორია თქვენი აზრი მეოთხე ზომის კატეგორიის საწარმოებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრების შესახებ? მათთვის შემუშავებული სპეციალური სტანდარტი ზედმეტად რთული ხომ არ არის იმის გათვალისწინებით, რომ ისინი მცირე ზომისა და შესაძლებლობების საწარმოებია?

- ვიდრე ამ კითხვაზე გიპასუხებთ, მოკლედ გავიხსენოთ ვისთვისაა განკუთვნილი ეს სტანდარტი და მისი შექმნის მოკლე ისტორიასაც შევეხები, რადგანაც ამ დოკუმენტზე მუშაობის ყველა ეტაპზე ჩართული ვიყავი საკონსულტაციო ჯგუფში.

მეოთხე კატეგორიაში ხვდებიან კომპანიები, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულებაა 1 მილიონ ლარამდე; შემოსავალი არ აღემატება 2 მილიონს და დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 10-ზე მეტი არ არის (ამ სამიდან _ 2 კრიტერიუმი მაინც უნდა იყოს დაკმაყოფილებული). სტანდარტის შექმნაზე მუშაობა დაიწყო 2017 წელს, ხოლო 2018 წელს სტანდარტი უკვე დამტკიცებული იყო. დამტკიცებამდე ამ დოკუმენტმა საკმაოდ რთული პროცესი გაიარა. მის შემუშავებაზე მუშაობდნენ როგორც ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები, ასევე ბიზნეს და პროფესიული ორგანიზაციები. პროექტის განხორციელების პროცესი მოიცავდა იმ სეგმენტის ანალიზსა და შეფასებას, რომელსაც მოუწევდა ამ სტანდარტის მიხედვით აღრიცხვის წარმოება. ამის შემდეგ მომზადდა და დამტკიცდა სტანდარტი, შემუშავდა თვითსწავლების სახელმძღვანელო/მასალები და შერჩეული 10 საპილოტე საწარმოს მაგალითზე მოხდა მისი დანერგვა. პარალელურ რეჟიმში სამსახური მართავდა საინფორმაციო შეხვედრებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, სადაც საწარმოების წარმომადგენლებს დეტალურად მიეწოდებოდა ინფორმაცია სტანდარტის შესახებ. სტანდარტი სარგებლიანობაზეც თუ ვისაუბრებთ, ალბათ უკვე უფრო გასაგები იქნება, რომ სტანდარტის სირთულის განხილვა მის სარგებლიანობასთან უკვე შეუსაბამო იქნება. აღნიშნული სტანდარტის დახმარებით საწარმოები შეძლებენ:

• კორპორაციული მართვის და სააღრიცხვო დისციპლინის გაუმჯობესებას;

• ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას;

• ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

აღნიშნული სტანდარტის გამოყენებით უფრო სრულყოფილი და ზუსტი ფინანსური ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი ინვესტორებისთვის, საკრედიტო რეიტინგის სააგენტოებისთვის, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვისა და შემოსავლების სამსახურისთვის. დამერწმუნებით, სისტემაში მოყვანილი და მოწესრიგებული აღრიცხვის გარეშე შეუძლებელია ზემოაღნიშნული სარგებლის მიღება. აღარ შევეხები იმ გამარტივებული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემას, რომელსაც ეს სტანდარტი მეოთხე კატეგორიის საწარმოებს სთავაზობს (მხოლოდ მცირე ოდენობის განმარტებითი შენიშვნები; არ მოითხოვება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება; ნებაყოფლობითია ფულადი ნაკადების ანგარიშგების წარდგენა; არ მოითხოვება სააღრიცხვო პოლიტიკის შერჩევა; სათანადოდ გამარტივებული აღრიცხვა; გამარტივებული შეფასება). აქ პრობლემის მიზეზი სხვა რამ არის. ეს არის ბიზნესის მიერ კვალიფიციური კადრების დასაქმებისადმი ნაკლები ინტერესი და მხოლოდ საგადასახადო აღრიცხვის წარმოებით შემოფარგვლა, რაც თავისთავად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არასწორი მიდგომაა.

- აუდიტორების ნაწილი ამბობს, რომ აუდიტის ბაზარი ზედმეტად მკაცრად არის რეგულირებული, კომპანიებს მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეთ და ხარისხი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს? საუბარია იმაზეც, რომ გარკვეული სტანდარტების მიღებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ითხოვდა და შემოღებული სტანდარტების ნაწილი ქართულ რეალობას მორგებული არ არის. თქვენი ხედვა როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?

- აუდიტორული ბაზრის რეგულირება ყველა განვითარებულ და ბევრ განვითარებად ქვეყანაში ხორციელდება და მისი დადებითი ეფექტი მსოფლიო მასშტაბით არის აღიარებული. ბაზრის რეგულირების მიზანია ხარისხიანი აუდიტის საშუალებით ფინანსური ანგარიშგების სანდოობის ამაღლება, რამაც ადგილობრივ ეკონომიკაში ინვესტირებას უნდა შეუწყოს ხელი.

თუ გვინდა, რომ საქართველო აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო კომერციაში და მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისათვის, საქართველოში წარმოებული ფინანსური ინფორმაციის სანდოობის ნიშნული უცხოეთის ქვეყნების ანალოგიურ ნიშნულს უნდა მიუახლოვდეს. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ქართული აუდიტური ფირმები და ინდივიდუალური აუდიტორები საქმიანობას წარმართავენ საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.

სავარაუდოდ, აუდიტორების ის ნაწილი, რომელიც წუხილს გამოთქვამს ბაზრის „ზედმეტად მკაცრად“ რეგულირების შესახებ, წარმოადგენს ფირმებს, რომელთაც მონიტორინგის შედეგად მე-4 ან მე-5 კატეგორია მიენიჭათ, რაც, როგორც წესი, სტანდარტებთან მნიშვნელოვნად შეუსაბამოდ შესრულებული სამუშაოს შემთხვევაში ხდება. აღნიშნული ფირმების დიდი უმრავლესობა კანონის ამოქმედებამდე ფინანსური ანგარიშგების აუდიტს არ ატარებდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხოლო მათი ნაწილი კი ფინანსური ანგარიშგების აუდიტორულ მომსახურებასაც არ ასრულებდა. შესაბამისად, მათ ამ სფეროში გამოცდილება არ ჰქონდათ და, ბუნებრივია, არც შესაბამისი პრაქტიკა გააჩნდათ. ამას ემატება კანონის ამოქმედებამდე სერტიფიცირებისა და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვების სუსტი პროცესი. აქედან გამომდინარეობს მათ მიერ რეგულირების „ზედმეტად მკაცრად“ აღქმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ქართული ბაზარი არ არის ზედმეტად მკაცრად რეგულირებული; იგი სათანადოდ იმართება რეგულირების ზოგადი მიზნებიდან და საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე.

‑ თქვენი შეფასებით, ამ ეტაპზე, რა მდგომარეობაა აუდიტის ბაზარზე, როგორია კონკურენცია? მცირე და საშუალო აუდიტური კომპანიები ამბობენ, რომ გამკაცრებულმა რეგულაციებმა მათ ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში განვითარების შესაძლებლობა მოუსპო. თქვენ როგორ ხედავთ მცირე და საშუალო აუდიტური კომპანიების მომავალს?

- რეგულირების ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ აუდიტორები ხარისხზე დამყარებულ კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს. სამსახურის მონიტორინგის შედეგები უზრუნველყოფს ბაზრის ცალკეულ სეგმენტზე წვდომას (მაგ. სდპ-ების აუდიტი, I და II კატეგორიის საწარმოების აუდიტი და ა.შ.) იმ ფირმებისთვის, რომელთაც გააჩნიათ კონკრეტული სეგმენტისთვის შესაფერისი ხარისხი, ხოლო ფირმებს, რომელთაც ჯერჯერობით არ აქვთ დანერგილი სათანადო ხარისხი, მოცემულ სეგმენტზე შეზღუდვა უწესდებათ. აღსანიშნავია, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესების შემთხვევაში, განმეორებითი მონიტორინგის საფუძველზე, აუდიტორს შეუძლია მიიღოს წვდომა უკეთეს სეგმენტზე, ხოლო ხარისხის გაუარესების შემთხვევაში _ დაკარგოს იგი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახლახან ჩატარებული მონიტორინგების შედეგად, ერთ ფირმას გაუუმჯობესდა, ხოლო სამ ფირმას გაუუარესდა კატეგორია. გამომდინარე აქედან, მიმაჩნია, რომ ბაზარზე შექმნილია ჯანსაღი (ხარისხზე დამყარებული) კონკურენციის პირობები.
რაც შეეხება მცირე და საშუალო კომპანიების მომავალს (სავარაუდოდ იგულისხმება შეზღუდვების მქონე ფირმები), მათ უნდა მოახერხონ რეგულირებულ ბაზარზე ოპერირება ხარისხის გაუმჯობესების გზით (მაგ., რესურსების გაერთიანებით, შესაფერისი გამოცდილების მქონე პერსონალის აყვანით, შესაბამისი მეთოდოლოგიის დანერგვით და ა.შ.) და მოიპოვონ წვდომა უკეთეს სეგმენტზე.

‑ სამსახურის მიერ დაწესებული აუდიტური კომპანიების რანჟირება ხომ არ არის მცირე და საშუალო აუდიტური კომპანიებისათვის განვითარების ხელშემშლელი? ერთ-‑ერთი ჩვენი კოლეგა ღიად აცხადებს, რომ ასეთი რამ (აუდიტური კომპანიების 5 კატეგორიად დაყოფა) არცერთ სხვა ქვეყანაში არ არის, ძირითადად მხოლოდ 2 ნაწილად ხდება ხოლმე დაყოფა (სდპ-‑ის აუდიტის უფლებამოსილი და არაუფლებამოსილი კომპანიები).

- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, გააზრებული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. შესაძლებელია არსებული რანჟირება მცირე და საშუალო აუდიტური ფირმების განვითარებისთვის გარკვეულწილად ხელშემშლელიც იყოს. გარდა ამისა, ალბათ არსებული სისტემა უფრო მოუქნელიცაა. ამ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის აპრილში, მე საბჭოს წინაშე დავაყენე საკითხი, რომ გადახედილიყო აღნიშნული წესი. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია, „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (შემდგომ _ წესი) განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები. კერძოდ, გადაიხედოს სამსახურის მიერ აუდიტორისათვის / აუდიტორული ფირმისათვის მონიტორინგის საბოლოო შედეგების დასკვნითი შეფასების კატეგორიის მინიჭების მიდგომები და დასკვნითი შეფასების კატეგორიების რაოდენობა. სამსახურის დაგროვილი პრაქტიკა შესაძლოა უფრო მეტი ცვლილებების საშუალებას იძლეოდეს, რათა არსებული წესის მიხედვით გამარტივდეს პროცესი, მაგრამ იმავდროულად ხარისხი შეესაბამებოდეს საერთაშორისო პრაქტიკას. სამსახურმა იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით, გარკვეული მოსაზრებებიც წარმოადგინა, თუმცა საბჭოს წევრებისთვის ვადის ამოწურვის და შემადგენლობის ცვლილების გამო ვერ გაგრძელდა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილება აუცილებლად განხორციელდება.

‑  მცირე და საშუალო აუდიტური კომპანიებისთვის იგეგმება ახალი სტანდარტის შემოღება. კონკრეტულად რაზეა საუბარი?

- სავარაუდოდ, გულისხმობთ ნაკლებად რთული საწარმოების აუდიტის სტანდარტებს. აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IAASB) მიერ შემუშავებულ ახალ სტანდარტს ნაკლებად რთული საწარმოების აუდიტის შესახებ ჯერჯერობით არ აქვს დასრულებული სახე და წარმოადგენს სამუშაო ვერსიას. აღნიშნული სტანდარტის პროექტის თაობაზე საჯარო კონსულტაცია გაგრძელდება 2022 წლის 31 იანვრამდე. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://saras.gov.ge/ka/News/Detail/2512.
 
მას შემდეგ, რაც ახალი სტანდარტი საბოლოო სახეს მიიღებს და IAASB-ი მას დაამტკიცებს, სამსახურმა პროფესიულ წრეებთან ერთად უნდა განიხილოს ზემოაღნიშნული სტანდარტის თავისებურებები, საქართველოში სამოქმედოდ შემოღების საკითხი და, შესაბამისად, იმოქმედებს საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით.

‑ სავალდებულო აუდიტის მოთხოვნებს რამდენად კარგად ასრულებენ პირველი და მეორე ზომითი კატეგორიის საწარმოები? თუ ჩანს რამე სახის ხარვეზები ამ მიმართულებით?

- მოქმედი კანონით, სდპ-ებს და I და II ზომითი კატეგორიის საწარმოებს მოეთხოვებათ აუდიტის ჩატარება და აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების სამსახურისთვის წარდგენა/გასაჯაროება.

სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პანდემიამდე პერიოდში აღნიშნული კომპანიების 96%-ის მიერ შესრულდა ეს მოთხოვნა. როგორც ჩანს, პანდემიამ თავისი გავლენა იქონია პროცესზე და მიმდინარე პერიოდში კომპანიების დაახლოებით 90%-ის მიერ არის მოთხოვნა შესრულებული. მნიშვნელოვანი ხარვეზების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.

‑ ასევე მინდა გკითხოთ აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის საბჭოს საქმიანობაზე, რომლის წევრიც თქვენ ბრძანდებით. როგორ შეაფასებდით მის საქმიანობას და რა არის შესაცვლელი, თქვენი აზრით?

- ამ ეტაპზე მე აღარ ვარ საბჭოს წევრი ვადის გასვლის გამო. უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს საბჭოს იმ ახალი წევრების შევსება, რომლებსაც ვადა ამოეწურათ. მათ შორის ვარ მეც. საბჭოს საქმიანობისა და წარმატებების შესახებ მე სხვა კითხვებში თითქმის უკვე მაქვს პასუხი გაცემული. ვფიქრობ, საბჭომ მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს წარმატებით გაართვა თავი რეფორმის პირველ ეტაპზე. იმედი მაქვს, შემდგომი მისი საქმიანობა ასევე წარმატების მომტანი იქნება ჩვენი პროფესიისათვის. ვისურვებდი, რომ საბჭოს საქმიანობის ფარგლებში მეტი მოქნილობისა და უფრო ქმედითი გადაწყვეტილებების შესაძლებლობები ჰქონდეს.

‑ რა ძირითადად საკითხებზე შემოდის წერილები და საჩივრები? ხარისხის კონტროლის მონიტორინგთან დაკავშირებული, საბჭოში შემოსული საჩივრებიდან დადებით გადაწყვეტილებაზე რა პროცენტი მოდის?

- წერილები საბჭოში არ შემოდის. სუბიექტები და აუდიტორული ფირმები საბჭოში წარადგენენ ადმინისტრაციულ საჩივრებს. დაინტერესებული მხარეების მიერ საბჭოში საჩივრდება სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება კანონმდებლობის სხვადასხვა მოთხოვნის დარღვევას და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას. საბჭოს შექმნის დღიდან ამ დრომდე მიღებული აქვს დაახლოებით ასამდე საჩივარი და განხილულია ყველა მათგანი, გარდა იმ საჩივრებისა, რომლებიც ბოლო პერიოდში იქნა წარმოდგენილი. საჩივრების უმეტესობა წარდგენილია სუბიექტების მიერ და, ამდენად, ეხება ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობისა თუ არსებული მოთხოვნების უგულებელყოფით წარდგენის შემთხვევებს. გასათვალისწინებელია, რომ საჩივრების საბჭოში წარდგენისთანავე, შესაბამისი პოზიციისა თუ მასალების მოწოდების მიზნით, ის ეგზავნება სამსახურს. არის შემთხვევები, როცა საჩივრის მიღებისთანავე, შესაფერისი საკანონმდებლო ბაზის არსებობის შემთხვევაში, საჩივარში მოცემული ახსნა-განმარტების და მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახური თავად იღებს საკუთარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, საბჭო უკვე არ შედის მსგავსი საქმეების არსებით განხილვაში და განუხილავად ტოვებს საჩივრებს. მსგავს შემთხვევებს ვხვდებით ანგარიშგების მიმართულებით არსებულ დავებზე. ასევე, ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებების არსებობისას, ყოფილა პრაქტიკა, როცა საბჭოს სამსახურისთვის ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნებია საქმე. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, საჩივრის დაუსაბუთებლობისა და შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის არარსებობის გამო, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს საჩივრები.

- რაც შეეხება პროცესს, როგორ ხდება საჩივრების განხილვა? აუდიტორთა ნაწილი საბჭოს ეფექტიანობას ეჭვის ქვეშ აყენებს იმ კუთხით, რომ საბჭო სამსახურის გადაწყვეტილებებს არასოდეს იწუნებს და კრიტიკული შენიშვნები მხოლოდ აუდიტორების მიმართ აქვს ხოლმე.

- პროცესი რეგულირდება ზოგადი საკანონმდებლო ნორმებითა და შესაბამისი სპეციალური წესით. კერძოდ, საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 8 ივნისის #188 ბრძანებით დამტკიცებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს დებულებითა და საჩივრების განხილვის წესით, რომლის საჯარო ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია სამსახურის საიტზე www.saras.gov.ge.

რაც შეეხება საბჭოს მუშაობის ეფექტიანობის საკითხს, ვერ დაგეთანხმებით. უშუალოდ საბჭოს სხდომებზე საჩივრების განხილვისას, შესაძლო პოლემიკისა თუ საბჭოს წევრების მხრიდან დასმული კრიტიკული კითხვების მიუხედავად, რომლებსაც საჩივრის ავტორები შესაძლოა არ იზიარებდნენ, მათი უმრავლესობა, მათ შორის, აუდიტორული ფირმების წარმომადგენლები, ღიად აფიქსირებენ საბჭოს მიმართ პატივისცემას და მისი არსებობის ეფექტიანობასა თუ შემადგენლობის მაღალ კვალიფიკაციას ხაზგასმით აღნიშნავენ. ყოფილა შემთხვევებიც, როცა პოზიციების განსხვავების მიუხედავად, ყურადღება გამახვილებულა საკითხის სიღრმისეული განხილვაზე, რაც სამომავლოდ პროფესიის გაძლიერებისკენაა მიმართული.
 
საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობას ისიც მოწმობს, რომ საკმაოდ მწირია სასამართლოში საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევები, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებათაგან უმრავლესობა კი, სამართლებრივი საფუძვლის უქონლობის გამო, სასამართლომ განუხილველი დატოვა. ასევე, ამ დრომდე არ არსებობს სასამართლოს მიერ საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და/ან ახალი გადაწყვეტილების თუ ხელახლა განხილვისათვის საქმის დაბრუნების პრეცედენტი.

‑ სამსახური უმოწმებს აუდიტურ კომპანიებს მუშაობის ხარისხს და უწესებს მათ კატეგორიას, მაგრამ თავად სამსახურს ვინ ამოწმებს? მაგალითად, რომელიმე აუდიტური კომპანიის მიმართ სამსახურმა ზედმეტად ლოიალური გადაწყვეტილება რომ გამოიტანოს, ვინ არის ამის შემმოწმებელი?

- საინტერესო კითხვაა. ამ ეტაპზე ალბათ სრულად კეთილსინდისიერებაზეა ეს დაფუძნებული. სამომავლოდ, ვეცდები მოვიძიო საერთაშორისო პრაქტიკა ამ საკითხზე.

‑ ბოლოს, ინტერვიუს ფორმატიდან გამომდინარე მინდა გკითხოთ: გარდა პროფესიული საქმიანობისა, კიდევ თუ გაქვთ ინტერესის სფერო? რისგან შედგება თქვენი თავისუფალი დრო?

- თავისუფალი დრო, რომელიც თითქმის არ გამაჩნია, ძირითადად პროფესიაში მიმდინარე მოვლენების გაცნობაში იხარჯება. უფრო ბედნიერი კი მაშინ ვარ, როცა ამ დროს ჩემი მშობლიური კუთხის სტუმრობას, ბავშვობის მეგობრებთან ურთიერთობასა და მხატვრული ლიტერატურის კითხვას ვუთმობ.

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი