ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სალომე სანებლიძესთან - №10(262), 2021
სალომე სანებლიძე – დაიბადა 1991 წლის 26 ივლისს, ქ. ზესტაფონში.

განათლება

2009 - დაამთავრა ქ. ზესტაფონის #2 საჯარო სკოლა.

2009-2013 - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ESM-ბიზნესის სკოლა, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, მეორადი პროფესია - ბიზნეს-სამართალი.

2017-2019 - კავკასიის ბიზნესის სკოლა, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში (MBA in finance).

სამუშაო გამოცდილება

2013-2018 - შპს „იუაი საქართველო".

2018/08-დან დღემდე - საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2020 - ტრენერი, ინგლისისა და უელსის ასოცირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტი (ICAEW).

2021 - ტრენერი, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის განგრძობითი განათლების პროგრამა.

ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

- ქალბატონო სალომე, დასაწყისში, თუ შეიძლება, მოგვიყევით თქვენ შესახებ. რა გზა გამოიარეთ, ვიდრე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიწყებდით მუშაობას?

- დავიბადე ზესტაფონში, სკოლაც იქ დავამთავრე. ძალიან მინდოდა ESM ბიზნეს სკოლაში ჩაბარება და 2009 წელს ამ სკოლის სტუდენტი გავხდი. ფაქტობრივად, იმ წელიწადს, ჩემი ქალაქიდან ერთადერთი ვიყავი, ვინც ESM-ში ჩააბარა. "ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსების" განხრით - ამ სპეციალობით დავამთავრე ბაკალავრიატი. მე-4 კურსიდან აუდიტის მიმართულებით "იუაი (EY) საქართველოს" ოფისში სტაჟირება დავიწყე და ამ კომპანიაში 6 წელი ვიმუშავე. 2018 წელს, შესაძლებლობა მომეცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამეგრძელებინა ჩემი კარიერა. უკვე 3 წელზე ცოტა მეტია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეკონომიკური საქმიანობის სფეროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ ვმუშაობ. ამ დროის განმავლობაში, ასევე გავხდი "კავკასიის ბიზნესის სკოლის" მაგისტრი ფინანსების მიმართულებით.

- რა იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადასვლის მთავარი მოტივაცია? უკეთესი ხელფასი, უფრო მსუბუქი დატვირთვა თუ რამე სხვა?

- მიუხედავად იმისა, რომ კერძო აუდიტურ კომპანიაში მუშაობის 6 წელი ჩემთვის საკმარისი დრო იყო გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების დასაგროვებლად და სამსახურის შეცვლის გადაწყვეტილების მისაღებად, სიმართლე გითხრათ, მანამდე არასდროს მიფიქრია საჯარო სექტორში გადასვლაზე. თუმცა, რამაც მიმიზიდა, ეს იყო ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთება პროფესიონალთა გუნდთან ერთად. შესაბამისად, დავინტერესდი შემოთავაზებით და ასევე ვფიქრობდი, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გუნდთან ერთად მუშაობა გამიადვილდებოდა.

ბუნებრივია, კერძო კომპანიების გამართული მუშაობა ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამ სტრუქტურაში, რომელიც უმაღლესი აუდიტორული ორგანოა, შენ მიერ დაწერილმა ერთმა რეკომენდაციამაც კი შეიძლება მომავალში დიდი შედეგი მოიტანოს. ის საქმე, რასაც აქ აკეთებ, უფრო მეტად ხელშესახებია ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. უფრო მეტად ხედავ, თუ რა სარგებელი მოგაქვს ქვეყნისთვის შენი საქმიანობით. ეს იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადმოსვლის მთავარი მოტივაცია. ასევე, საინტერესო იყო ეკონომიკური მიმართულებით მუშაობის შემოთავაზებაც, რაც ასე თუ ისე უკავშირდებოდა ჩემს წინა საქმიანობასაც.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ვერ გეტყვით, რომ მნიშვნელოვნად განსხვავებულია. როგორც იცით, სახელმწიფო სამსახურებში შრომის ანაზღაურებაზე რანგირების მიხედვით გარკვეული ზღვრებია. შესაბამისად ხელფასი მოლაპარაკების საგანი ნაკლებად არის. ასე რომ, ხელფასი პრიორიტეტული არ იყო.

ნაკლები დატვირთვა ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა. პირიქით, თავს კომფორტულად ვგრძნობ, როცა რეალიზებული ვარ, რაც აღებულ პასუხისმგებლობებშიც გამოიხატება.

- რა მსგავსება ან განსხვავებაა კერძო აუდიტურ კომპანიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობას შორის? მთავარი გამოწვევა მაინც რა შეიძლება იყოს?

- აუდიტის ობიექტების კუთხით დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, პროფესიონალი ადამიანები გხვდებიან როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებში. ჩემი აზრით, მთავარი განსხვავება აუდიტის ანგარიშის მომზადების სპეციფიკაა. კერძო კომპანიის ანგარიშგებას კონკრეტული მომხმარებელი ჰყავს, იქნებიან ესენი ინვესტორები, მფლობელები თუ სხვა, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა აუდიტორულ დასკვნაში მარტივად გასარკვევად. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების მომხმარებელთა არეალი გაცილებით დიდია. შესაბამისად, ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ ანგარიში მარტივად, ყველასთვის გასაგებ ენაზე მომზადდეს და არ დარჩეს ინტერპრეტირების საშუალება. ეს განსაკუთრებით რთულია ფინანსური აუდიტის დასკვნის მომზადებისას, სადაც სპეციფიკური ტერმინებია და სტანდარტებიდან გამომდინარე ჩარჩოში უნდა ჩაჯდე. შესაბამისად, ანგარიშში გამოყენებულ ტერმინებს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდო და შეძლებისდაგვარად იზრუნო, რომ ის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის მარტივად გასაგები იყოს.

- როგორ ხდება იმ სახელმწიფო ორგანიზაციების შერჩევა, სადაც აუდიტი უნდა ჩატარდეს?

- გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი რესურსები შეზღუდულია და ყოველწლიურად ყველა უწყების აუდიტს ვერ ჩავატარებთ, გვაქვს მეთოდოლოგია, შესაბამისი კრიტერიუმებით, რომელთა მიხედვითაც ვაფასებთ და ვირჩევთ აუდიტის ობიექტებს. ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე, ყოველწლიურად ვახდენთ სახელმწიფო უწყებების რანგირებას. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ უწყებაში განხორციელებული ცვლილებები, დაფინანსების გაზრდა ან შემცირება, მედიაში გასული მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციები, სამსახურში შემოსული მომართვა და ა.შ. ბევრი კრიტერიუმია, მათ შორის, კონკრეტულ ორგანიზაციაში აუდიტის ჩატარებიდან რა პერიოდია გასული. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ფინანსური აუდიტის ფარგლებში თითქმის ყველა სამინისტროს ყოველწლიურად ვამოწმებთ.

- მთავრობამ დაიწყო რეფორმა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციას მომგებიანობის გაზრდის თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფომ მოამზადა საპრივატიზაციო ობიექტების გრძელი ნუსხა. თქვენ თუ ხართ ჩართული ამ პროცესში? ვგულისხმობ, რეორგანიზაცია-‑პრივატიზაციის გზაზე სახელმწიფო კომპანიების აუდიტს.

- ჩვენ სახელმწიფო საწარმოების აუდიტს თითქმის ყოველწლიურად ვატარებთ. მომავალი წლის გეგმა მომზადების ეტაპზეა და ჯერ კონკრეტულად ვერ გეტყვით, ზუსტად რომელი სახელმწიფო საწარმოს აუდიტი იქნება 2022 წლის გეგმაში გათვალისწინებული. თუმცა შემიძლია ამ მიმართულებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ რამდენიმე წლის წინ, ჩატარებული გვაქვს სახელმწიფო საწარმოების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტი.

- აუდიტის პროცესში ამოწმებთ თუ არა მათ სააღრიცხვო ბაზებს და საანგარიშგებო მონაცემებს და რა ტიპის აუდიტია ეს?

- სააღრიცხვო ბაზებისა და საანგარიშგებო მონაცემების შემოწმება, ძირითადად, ფინანსური აუდიტის ფარგლებში ხდება. ფინანსური აუდიტის დროს ვამოწმებთ რამდენად შესაბამისობაშია აღრიცხვიანობა საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან (IPSAS), რომელიც საქართველოში ახალი დანერგილია. ჩვენთან ეს სტანდარტები ფინანსთა მინისტრის ბრძანებით 2019 წელს ამოქმედდა და მთელი საჯარო უწყება გადავიდა მათ გამოყენებაზე. ფინანსური აუდიტის ფარგლებში ვამოწმებთ, რამდენად სწორად ხდება აღრიცხვა ამ სტანდარტების შესაბამისად და ბუნებრივია, ამ პროცესში დეტალურად ვსწავლობთ სააღრიცხვო ბაზებისა და საანგარიშგებო მონაცემებს. შედარებით იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება ბუღალტრული ჩანაწერების შესწავლა სხვა ტიპის აუდიტშიც დავგეგმოთ ფინანსური აუდიტისგან განსხვავებული მიზნობრიობით.
 
- სახელმწიფო ორგანიზაციებში ხშირია სახელმწიფოსგან შენობა-ნაგებობების უსასყიდლოდ გადმოცემის შემთხვევები. როგორ აღირიცხება ისინი ამ ორგანიზაციების ბალანსზე და რა ფასად? რა დოკუმენტი არეგულირებს ამ საკითხს და თქვენ რას ამოწმებთ ამ უზუფრუქტის ოპერაციებთან დაკავშირებით?

- რა ტიპის სააღრიცხვო მიდგომებს იყენებენ და როგორ აღრიცხავენ სახელმწიფო ორგანიზაციები ამ საკითხს, უფრო დეტალურად ალბათ თვითონ გიპასუხებენ, ამ ნაწილში მე ვერ შევალ მათ კომპეტენციაში. ჩვენი კუთხით, რაც შეეხება სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გაცემული აქვს რეკომენდაციები სახელმწიფო ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით. კერძოდ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებზე ერთდროულად გავცემთ რეკომენდაციას, რათა მათ კოორდინირებულად განსაზღვრონ რომელი ორგანიზაციის ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა აღრიცხოს სახელმწიფო ქონება. საკითხი საკმაოდ კომპლექსური და მოცულობითია, შესაბამისად ეს რეკომენდაცია არ არის მარტივად შესასრულებელი და საკმაოდ დიდი გამოწვევაა ორგანიზაციებისთვის. თუმცა სახელმწიფოს კონსოლიდირებულ ანგარიშგების სამართლიანად და უტყუარად წარდგენის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ქონება იყოს აღრიცხული. ვიმედოვნებ, ორგანიზაციები მალე გამოძებნიან შესაბამის რესურსებს სახელმწიფო ქონების სრულყოფილად აღრიცხვისთვის.

უსასყიდლო გადაცემის ნაწილს რაც შეეხება, რადგან ქონება ჯერჯერობით არ არის აღრიცხული, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აღირიცხოს სტანდარტების შესაბამისად, მარაგების, საინვესტიციო ქონების, ძირითადი საშუალებების თუ სხვა სახით. ჩვენ არ შეგვიძლია აუდიტის ობიექტების სააღრიცხვო პოლიტიკა განვსაზღვროთ მათ ნაცვლად, შესაბამისად წინასწარ ვერ გავცემთ რეკომენდაციას, როგორ უნდა აღრიცხონ სახელმწიფო უწყებებმა უსასყიდლოდ გადაცემული ქონება. სტანდარტებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივუთითებთ ორგანიზაციას კონკრეტული სააღრიცხვო მიდგომის არჩევასა და გამოყენებაზე. თუმცა, მომავალი შემოწმებებისას, როდესაც ქონება უკვე აღრიცხული იქნება, შევაფასებთ რამდენად არის მათი სააღრიცხვო მიდგომა სტანდარტებთან შესაბამისი. როგორც იცით, ხშირად სტანდარტებიც იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, ორგანიზაციებს შესაძლოა განსხვავებული მიდგომა ჰქონდეთ, თუმცა მაინც სტანდარტების მიხედვით.

- ძირითადად რა მიგნებები აქვს აუდიტის სამსახურს სახელმწიფო უწყებების შემოწმებისას, რაც სისტემურ ხასიათს ატარებს და ხშირად ხვდება სხვადასხვა ტიპის ანგარიშებში? მაგალითად, ანგარიშებში ძალიან ხშირად ვხვდებით გადაცდომებს, რომელიც ტენდერებს უკავშირდება.

- მიგნებების ძირითადი კატეგორიები დეტალურად არის წარმოდგენილი ჩვენს წლიურ ანგარიშებში. მაგალითად ფინანსური აუდიტების შემთხვევაში მიგნებები იყოფა 4 კატეგორიად: აღრიცხვა-ანგარიშგების, აქტივების მართვის, მოთხოვნებისა და ვალდებულებების და ზოგადი კონტროლის მექანიზმების. ფინანსური აუდიტების ფარგლებში დაფიქსირებული მიგნებები, უფრო ხშირად ეხება აღრიცხვა-ანგარიშების საკითხებს. შესყიდვების ნაწილში მიგნებები კი უფრო ხშირად შესაბამისობის აუდიტების ფარგლებში ფიქსირდება.
 
განმეორებადობას რაც შეეხება, ვინაიდან სამინისტროებში ფინანსურ აუდიტებს ყოველწლიურად ვატარებთ, იქ შეიძლება რაღაც რეკომენდაციის შესრულება უბრალოდ ვერ მოასწრონ. ან არსებობდეს არგუმენტირებული მიზეზები, მაგალითად, ახლა მათთვის ახალი გამოწვევა იყო IPSAS-ზე გადასვლა და რთული იყო ახალ სააღრიცხვო პოლიტიკაზე გადაწყობა. გარდა ამისა, გააჩნია თავად მიგნებასაც, უკვე ვისაუბრეთ სახელმწიფო ქონების აღრიცხვის საკითხზე, რომელიც საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია და მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს სახელმწიფო უწყებების მხრიდან. სწორედ ამიტომ მსგავსი ტიპის კომპლექსური მიგნებებთან დაკავშირებით შესაძლოა რამდენიმე წელი ერთი და იგივე რეკომენდაცია გაიცეს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზაციები რეკომენდაციებს არ ასრულებენ. ზოგადად, ორგანიზაციების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი წლიდან წლამდე უმჯობესდება.
 
- თქვენს პრაქტიკაში თუ ყოფილა ისეთი სპეციფიკური შემოწმება, რომელიც გუნდისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო?

- თავისებურად ყველა სპეციფიკურია. თუმცა, ყველაზე დიდი გამოწვევა არის სისტემური აუდიტები, რადგან დიდი მასშტაბის სამუშაოა და შეიძლება ყველაზე რთულად ეს ჩავთვალოთ. გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისობის აუდიტების ფარგლებში გამოვლენილი პრობლემები ხშირად სისტემურია, ანუ საერთოა სახელმწიფო ორგანიზაციების უმრავლესობისთვის. სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2019 წლიდან ატარებს მსგავსი ტიპის უწყებათაშორის შესაბამისობის აუდიტებს, რომელთა მიზანია საჯარო სექტორში არსებული სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. სისტემური აუდიტის ფარგლებში თემატურად იფარება ათეულობით საბიუჯეტო ორგანიზაცია, რაც უზრუნველყოფს არსებული პრობლემების მოგვარებას სისტემურ დონეზე. მაგალითად, სამსახურმა 2020 წელს ჩაატარა საჯარო სექტორში ინვენტარიზაციის პროცესის უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტი. 2019 წელს ჩატარებულმა სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხების სისტემურმა აუდიტმა კი 34 საბიუჯეტო ორგანიზაცია მოიცვა.

ასევე, შედარებით სპეციფიკურია საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტებიც. მაგალითად, 2018 წლიდან ვატარებთ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული შიდა სახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაცია/მოვლა-შენახვის პროექტის აუდიტს. გვიწევს დონორებთან ურთიერთობა, ანგარიშის როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე მომზადება. ვერ ვიტყვი, რომ სხვებთან შედარებით გაცილებით რთულია, უბრალოდ ესეც ახალი გამოწვევაა, შედარებით განსხვავებული და სპეციფიკური.

- ბოლო წლებია აუდიტის ბაზარზე გარკვეული ცვლილებები ხორციელდება, ხდება საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. ამ პროცესებს თუ მიყვება სახელმწიფო აუდიტის სამსახური?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ვხელმძღვანელობთ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით. აუდიტს საჯარო სექტორის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით ვაკეთებთ და ის, ფაქტობრივად, კერძო სექტორის აუდიტის სტანდარტებზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება, რაც კერძო სექტორის მიმართულებით განხორციელდება, საჯარო სექტორშიც აისახება.
 
- ბაზარზე კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტია, თქვენ აღნიშნეთ, რომ გაქვთ ახალი გამოწვევები, თუნდაც დონორების პროექტების მიმართულებით. ვინაიდან სახელმწიფო უწყებები ხელფასების ზრდის კუთხით შეზღუდულია, კვალიფიციური კადრების მოზიდვის თვალსაზრისით, რამდენად ახერხებთ კერძო სექტორთან კონკურენციას?

- ამ ეტაპზე, სამსახურში კვალიფიციური კადრების პრობლემა არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მცირედი გადინება ფიქსირდება. ამ თვალსაზრისით, ადრე ჩვენი სამსახური კერძო სექტორთან უფრო მეტად იყო კონკურენტული. უკვე რამდენიმე წელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ კონტროლს ახორციელებს მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი კერძო აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთი. 2019-2020 წლებში ეს იყო Deloitte, ხოლო 2021 წელს − PwC. შემოწმებების დროს აუდიტორები მიუთითებდნენ კიდეც, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ანაზღაურება კონკურენტული უნდა იყოს, რათა არ შეიქმნას კვალიფიციური კადრების პრობლემა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე კადრების მოზიდვა გახდეს შესაძლებელი. აქამდე ასეც იყო. ბოლო პერიოდში, შეიძლება ვთქვათ, რომ კერძო სექტორში ხელფასები უფრო სწრაფად გაიზარდა, საჯარო სექტორი კი, კონკრეტული ჩარჩოებიდან გამომდინარე, ვერ დაეწია ამ ზრდის სტატისტიკას. შესაბამისად, მომავალში შეიძლება ეს პრობლემა დადგეს.

ამ ეტაპზე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგი და პროფესიონალი კადრები გვყავს და კვალიფიკაციის კუთხით სამსახურს პრობლემა არ აქვს.

- რამდენად ხშირად იგზავნება აუდიტის მასალები პროკურატურაში? როგორია სტატისტიკა ბოლო 3 წლის განმავლობაში?

- ეს სტატისტიკა ჩვენს წლიურ ანგარიშებში მუდმივად ქვეყნდება. თუკი აუდიტის ჩატარების პროცესში გამოიკვეთება ეჭვი დანაშაულის ნიშნების არსებობაზე, მასალები სამართალდამცავ უწყებებთან იგზავნება. სტატისტიკას რაც შეეხება: 2020 წელს სამართალდამცავ უწყებებში გადაიგზავნა 28 აუდიტის შესაბამისი მასალა, 2019 წელს - 34, 2018 წელს კი 33 აუდიტის ანგარიშიდან შესაბამისი მასალა.

- სანამ ანგარიშებს გამოაქვეყნებთ, მანამდე შუალედურ დასკვნებს თუ აცნობთ ორგანიზაციებს და თუ ხდება, რომ საბოლოო გამოქვეყნებამდე ეს დასკვნები იცვლება?
 
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის მიხედვით, ჩვენ ვალდებულნი ვართ შუალედური დასკვნები, ანუ ანგარიშის პირველადი ვერსიები, გავუგზავნოთ ორგანიზაციებს, რათა საბოლოო დასკვნაში გათვალისწინებული იყოს მათი მოსაზრებები. ორგანიზაციებს ოფიციალურად აქვთ განსაზღვრული 7-დღიანი ვადა მოსაზრებებისა და დამატებითი არგუმენტაციის წარმოსადგენად.
 
მე ასე ვიტყოდი: სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის საჯარო უწყებების რეკომენდატორი, დღევანდელმა გარემომ სამსახური ჩამოაყალიბა საკონსულტაციო უწყებად და აუდიტორები აღარ აღიქმებიან ძველი გაგებით `რევიზორებად~. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ აუდიტის ობიექტებთან და გვაქვს ჯანსაღი კომუნიკაცია. ობიექტის მხრიდან არგუმენტების მოსმენისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, ვითვალისწინებთ მათ საბოლოო დასკვნაში.

შესაბამისად, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ამ კუთხით, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება შესრულებული რეკომენდაციების რაოდენობის ზრდაზე. მიხარია, რომ ობიექტების უმრავლესობა "რევიზორებად" არ აღგვიქვამს. პირიქით, ხშირად მადლობებსაც ვიღებთ, რომ ჩვენი რეკომენდაციების შესრულების შედეგად აღრიცხვიანობა გაუუმჯობესდათ.

- აუდიტის თვალსაზრისით რა სიახლეები ინერგება თქვენს სამსახურში?
 
- მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ სამსახურმა შექმნა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა. სისტემას რეკომენდაციების გაცემის, შესრულებისა და მონიტორინგის პროცესი სრულად გადაჰყავს ელექტრონულ სივრცეში და უზრუნველყოფს აუდიტის ობიექტებთან პროაქტიურ კომუნიკაციას, პროცესების ავტომატიზაციასა და მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვას. სისტემის საშუალებით აუდიტის სამსახურის მთავარ პარტნიორს – საქართველოს პარლამენტს, შეუძლია უშუალოდ ჩაერთოს მონიტორინგის პროცესში.

2020 წელს დაიწყო სისტემის საპილოტე რეჟიმში დანერგვა, ასევე შემუშავდა სისტემის გამოყენების ინსტრუქცია როგორც აუდიტის სამსახურისთვის, ასევე ობიექტების წარმომადგენლებისთვის.
 
სისტემურ აუდიტებზე უკვე გესაუბრეთ, ეს სიახლე აღარ არის, მაგრამ ბევრმა მაინც არ იცის და კარგი იქნება თუ ამ ინფორმაციას მოსახლეობას მივაწვდით.

- როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში აუდიტორული საქმიანობის ბაზრის ძირითადი წილი `დიდ ოთხეულს~ უკავია. თქვენი აზრით, ეს კარგია თუ ცუდი? როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკა ზოგადად – მსხვილი აუდიტური ფირმების საქმიანობისადმი მხარდამჭერი თუ მცირე და საშუალო აუდიტური ფირმების განვითარებისადმი ხელშემწყობი?

- ზოგადად, არა მარტო ამ საკითხში, ნებისმიერი მიმართულებით ჩემი აზრით, ბაზარმა თავად უნდა დაარეგულიროს ვის რა წილი ექნება. მე იმ მხარის წარმომადგენელი ვარ, რომელიც თვლის, რომ კერძო სექტორის საქმიანობაში სახელმწიფო ნაკლებად უნდა ჩაერიოს. მესმის, რომ "დიდ ოთხეულს" რესურსები, მხარდაჭერა მეტი აქვს თავისი გლობალური ქსელიდან და ნდობის ხარისხიც უფრო მაღალი აქვს, მაგრამ, საქართველოს ბაზარზე `დიდი ოთხეულის~ გარდა არსებობენ შედარებით პატარა კომპანიებიც, რომლებსაც ხარისხის კონტროლის მონიტორინგის შედეგად მინიჭებული კატეგორია სდპ-ების აუდიტის უფლებამოსილებას აძლევს. ისინი საკმაოდ კარგ კონკურენციას უწევენ `დიდ ოთხეულს~. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თუ შედარებით პატარა კომპანიები განვითარებაზე იზრუნებენ, აუდიტური კომპანიების ხარისხის კონტროლის მონიტორინგის შედეგად უფრო მაღალ შეფასებას მიიღებენ და მაღალი კატეგორია მიენიჭებათ, თავისთავად გაიზრდება მათ მიმართ ნდობის ხარისხი ბაზარზე.
 
- ამჟამად, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი განისაზღვრება სდპ-ად, თუ იგი წარმოადგენს სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის 25%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოს და საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აკმაყოფილებს პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოს კრიტერიუმებს. რატომ უნდა წარმოადგენდეს კერძო სამართლის სუბიექტი – საწარმო, რომელშიც სახელმწიფოს წილი 26%-დან 49%-მდეა, სდპ-ს?
 
- მსგავსი კანონების შედგენაზე ყოველთვის შესაბამისი გამოცდილების გუნდი მუშაობს ხოლმე. მათ მეტად არგუმენტირებული დასაბუთება ექნებათ იმის შესახებ თუ რატომ შევიდა კანონში მსგავსი მოთხოვნა. ჩემი აზრით, ერთ‑-ერთი მიზანი შეიძლება იყოს სახელმწიფოს სურვილი, შეძლოს მეტად ხარისხიანი აუდიტების ჩატარება და შედეგად გამჭვირვალობის შეტანა კაპიტალში მისი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში.

- თქვენი სამომავლო გეგმები როგორია? აუდიტის პროფესიას გააგრძელებთ თუ შეიძლება სხვა სახის საჯარო სამსახურში გადახვიდეთ? სახელმწიფო სექტორში დარჩებით თუ კერძო სექტორში დაბრუნდებით?

- ამ ეტაპზე, პასუხის გაცემა გამიჭირდება, EY-ში 6 წელი ვიყავი, 3 წელია აქ ვმუშაობ და ეს არ არის ის დრო, როდესაც შემიძლია ვთქვა, რომ ამ სტრუქტურაში განვითარება დავამთავრე. კიდევ ბევრს ვსწავლობ იმ გუნდისგან, ვისთან ერთადაც ვმუშაობ. ჯერჯერობით, გადასვლას არსად განვიხილავ, აქ თავს სტაბილურად ვგრძნობ და განვითარების პოტენციალს ვხედავ. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, გააჩნია შემოთავაზებას, რამდენად საინტერესო იქნება.
 
- და ბოლოს რომ გვითხრათ, როგორია თქვენი ცხოვრება სამსახურის მიღმა?

- მყავს მეუღლე და ორი შვილი. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ თავისუფალი დრო შვილებთან ერთად, მეგობრებისა და ოჯახის გარემოცვაში გავატარო. ამ ეტაპზე მთელ ჩემს თავისუფალ დროს ბავშვებს და ოჯახს ვუთმობ.
 
ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი