ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერ გიორგი მელიქიძესთან - №11(263), 2021
გიორგი მელიქიძე - დაიბადა 1984 წლის 19 ივლისს თბილისში. 

განათლება 

2001-2005 წლები - კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა, ფინანსებისა და ეკონომიკის სპეციალიზაცია. ბაკალავრის ხარისხი. 

2015 წელი - ჰარვარდის ბიზნეს სკოლა, უმაღლესი განათლების კურსი, კერძო კაპიტალისა და ვენჩურული ინვესტიციების მართვის სპეციალიზაცია (აშშ, ბოსტონი). ლონდონის ბიზნეს სკოლის უმაღლესი სასწავლო პროგრამა, კომპანიების შერწყმა და შესყიდვების მიმართულებით (დიდი ბრიტანეთი, ლონდონი). 

2017 წელი – ლონდონის ბიზნეს სკოლის უმაღლესი სასწავლო პროგრამა ინვესტიციების სტრატეგიული მართვა (დიდი ბრიტანეთი, ლონდონი). 

სამუშაო გამოცდილება 

2020 წლის 31 მარტამდე - სს „გალტ ენდ თაგარტში“, საბროკერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

2012-2015 წლები - სს „სმარტექსის“ და სს „ლიბერთი კაპიტალის“ გენერალური დირექტორი. 

2010-2012 წლები - „Marine Resources Exploration International BV.“ - საქართველოს ფილიალის დირექტორი. 

2009-2010 წლები - სს „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველი დირექტორი. 

2007-2009 წლები - საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩეველი.
 
2005-2007 წლები - სს „გალტ ენდ თაგარტის“ უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი. 

2004-2005 წლები - სადაზღვევო კომპანია „ბი-სი-აის“ (დღეს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი") საპენსიო სქემის საინვესტიციო ანალიტიკოსი. 

2003 – 2004 წლები - საკონსულტაციო კომპანია TBSC, უმცროსი კონსულტანტი. 

გიორგი მელიქიძე არის ლექტორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (ფინანსების ფაკულტეტი).

- ბატონო გიორგი, საპენსიო სააგენტოს გუნდიდან, თქვენ ხართ ერთ-ერთი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი საპენსიო დანაზოგების კარგად მართვაზე. თქვენი ბიოგრაფია გვიჩვენებს, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერული წინსვლა გაქვთ. უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ, რა გზა გაიარეთ, სანამ საინვესტიციო სააგენტოში მოხვიდოდით?
 
- დავიწყოთ სკოლის ასაკიდან, ბოლო წლებში ვსწავლობდი ESM-ის სკოლაში, შემდეგ გადავედი "მომავლის სკოლაში" (School of Tommorrow), ვინაიდან კავკასიის ბიზნეს-სკოლაში ვაბარებდი და "მომავლის სკოლამ" იქ რამდენიმე ადგილი აიღო. დავამთავრე კავკასიის ბიზნეს-სკოლა, ბაკალავრის ხარისხით. ამ სკოლის შეფასება GPA, მაქსიმუმი ჯამური შეწონილის ქულა არის 4, მე ავიღე 3.94, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. 

2015 წელს წავედი ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში, სადაც კერძო კაპიტალის ტრანზაქციები კარგად ვისწავლე. მაშინ ბევრ კერძო ინვესტიციას ვაკეთებდით კომპანია სმარტექსიდან და ამ მიმართულებით მინდოდა კვალიფიკაციის ამაღლება. შემდეგ ჩავედი ლონდონის ბიზნეს-სკოლაში, საინვესტიციო კურსი გავიარე, კომპანიების შერწყმა და შესყიდვების მიმართულებით. ძალიან საინტერესო კურსები იყო. 2017 წელში ისევ დავბრუნდი ლონდონის ბიზნეს-სკოლაში და საინვესტიციო მენეჯმენტის კურსი გავიარე, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო კურსი იყო და გლობალურ სტრატეგიულ ინვესტიციებს მოიცავდა. სხვათა შორის, მანდ იყო საპენსიო ფონდების სიმულაციური ჯგუფური თამაში. 20 გუნდი ვიყავით, ჩვენს გუნდს ერქვა - "ალფა კაპიტალი" და მესამე ადგილზე გავედით, რაც ცუდი შედეგი არ იყო 20 ჯგუფში. 

ჩემი ერთ-ერთი პირველი სამსახური იყო სადაზღვევო კომპანია "ბი-სი-აი", რომელიც შემდეგ "ალდაგს" შეერწყა. სხვათა შორის, ძალიან სიმბოლურია, რომ მაშინ "ბი-სი-აი" კერძო საპენსიო ფონდის შექმნას იწყებდა და იქ ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტიდან, მალევე, საპენსიო ფონდის ფინანსურ ანალიტიკოსად გადავედი, ანუ რასაც საპენსიო ფონდი ყიდულობდა, იმის ანალიზი მევალებოდა. ეს ის პერიოდია, 2004 წლის ბოლო და 2005 წლის დასაწყისი, როდესაც "საქართველოს ბანკში" მენეჯმენტი შეიცვალა და შეიძინა "ბი-სი-აი". მაშინ გავიცანი "საქართველოს ბანკში" ახალი მენეჯმენტი, რომლისგანაც წამოვიდა იდეა, რომ საპენსიო ფონდი ყოფილიყო მინიმუმ "საქართველოს ბანკის" თანამშრომლებისთვის და არა მხოლოდ. იმ პერიოდში, ბანკის ახალი გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე იყო. მან გამოგვიგზავნა 107 აქცია სხვადასხვა რეგიონიდან (ევროპა, აზია, ამერიკა), უნდა გაგვეანალიზებინა ეს 107 აქცია, სად უნდა წასულიყო მაშინდელი საპენსიო ფონდის დანაზოგები. ფონდი სულ 5 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს იყო ჩემი პირველი პრაქტიკული შეხება ფასიან ქაღალდებთან. Yahoo finance-ის სისტემაში გვქონდა პორტფელები აწყობილი, ასე ვახდენდი მათ მონიტორინგს. მაშინ excel-ს ვიყენებდით პორტფელების კოვარიაციების და ეფექტური ფრონტიერის დასათვლელად. სხვათა შორის, უნივერსიტეტშიც ჩემი გამორჩეული საგანი იყო ინვესტმენტი, რომელსაც გამორჩეული ლექტორი თემურ ტორონჯაძე გვასწავლიდა, ძალიან მაგარი ლექტორი და კარგი ადამიანი. 

შემდეგ გადავედი "გალტ ენდ თაგარტ"-ში, რამეთუ მაინტერესებდა ფასიანი ქაღალდები და იქ ამ ყველაფრის პრაქტიკაში სწავლა იყო შესაძლებელი. "გალტ ენდ თაგარტიც" "საქართველოს ბანკმა" იყიდა. ამ ორგანიზაციაში უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე, დაახლოებით, 3 წელი ვიმუშავე. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს საფონდო ბირჟაზე ბევრი განთავსებები ხდებოდა. მუდმივად ივაჭრებოდა "საქართველოს ბანკის" აქციები, ასევე კომპანია "ყაზბეგის", "ვითიბის", „თელასის“. ჩვენ მოვახდინეთ "თელიანი ველის", "გალტ ენდ თაგარტ კაპიტალის" და „გაერთიანებული ქართული ტელეკომის“ აქციების განთავსება ლისტინგზე. ბევრი ტრანზაქცია ხორციელდებოდა მაშინ ბაზარზე და იგი საკმაოდ აქტიურიც იყო. 

2007 წლის ბოლოს გადავედი სახელმწიფო სექტორში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე. კარგი გამოცდილება იყო იმ კუთხით, რომ გავიგე, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები საჯარო სექტორში. ჩემი სამუშაო იყო ინვესტორებთან ურთიერთობა, პრეზენტაციების მომზადება, საპრივატიზაციო პროცესებში მონაწილეობა, საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება. ინტენსიურად ვწერდით პრესრელიზებს და ვუგზავნიდით ინვესტორებს, უცხოურ მედიას, როგორებიცაა ბლუმბერგი, როიტერი და სხვა. მაშინ ერთ-ერთი პირველი იყო მაკროპრეზენტაცია, რაც გავაკეთეთ საქართველოს ეკონომიკაზე და მას საჯაროდ ვებგვერდზე ვაქვეყნებდით, ასევე 2008 წელს პირველი ობლიგაციების გამოშვება, ფოთის პორტის პრივატიზაცია და "თბილისის წყლის" პრივატიზაციის დასრულება. ბევრი დიდი თემა გავაკეთეთ და ბევრი მიმართულებით მივიღე გამოცდილება. 

შემდეგ ცოტა ხანი გადავედი ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე. ასევე კარგი გამოცდილება იყო, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროში დეტალურ მაკრო ანალიზს ვაკეთებდით. შემდეგ ფინანსთა მინისტრი, ნიკა გილაური გადავიდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ხოლო მე "გალტ ენდ თაგარტში" დავბრუნდი, სადაც დაახლოებით ერთი წელი ვიმუშავე. იმ პერიოდში "საქართველოს რკინიგზის" პირველი ობლიგაციები გამოვუშვით. 2009 წლის დეკემბერი იყო, როდესაც ეს ტრანზაქცია დავხურეთ - 13.5 მილიონი ლარი, ორწლიანი ობლიგაციები. ეს იყო პირველი ინდუსტრიული ობლიგაცია საქართველოში, მანამდე სულ ფინანსურ ორგანიზაციებს ჰქონდათ გამოშვებული ობლიგაციები. 

შემდეგ გადავედი "ლიბერთი კაპიტალში", რომელიც ფლობდა გარკვეულ წილს "ლიბერთი ბანკში", ფასიანი ქაღალდების ბროკერში „ლიბერთი სიქირიუთიზში“ და სტარტაპების ინკუბატორ „სმარტექსში“. ძირითადად, კერძო ტრანზაქციების მიმართულებით ვმუშაობდი, დაახლოებით 32 ტრანზაქცია გავაკეთეთ, საკმაოდ ბევრი პატარა ტექკომპანია ვიყიდეთ. შემდეგ აჩიკო გაჩეჩილაძეს შევხვდი და მითხრა, რომ "გალტში" ახალ ონლაინპროექტს იწყებდნენ და ხომ არ დავინტერესდებოდი. დავინტერესდი და 2015 წელს ისევ შევუერთდი "გალტ ენდ თაგარტს", როგორც საბროკერო დეპარტამენტის უფროსი. 

ეს არის 2015 წელი, როდესაც იწყება ობლიგაციების ემისიები საქართველოში. პირველი ემისია საქართველოს სალიზინგო კომპანიამ გააკეთა და 2020 წლის დასაწყისამდე, სანამ პანდემია დაიწყებოდა, ქართული კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი გამოცოცხლდა. დღეს რაც მეორადი ბაზარია, 10-12 ემისია, სწორედ იმ წლებშია გაკეთებული. პანდემია რომ არ დაწყებულიყო, ეს ბაზარი სხვა ეტაპზე გადავიდოდა. წელიწადში 4-5 ტრანზაქცია მაინც ხორციელდებოდა. 2015-ში, ბაზარზე, კორპორაციული ობლიგაციების გამოცოცხლებას ხელი შეუწყო დოლარში საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ. 2015 წლამდე დოლარის დეპოზიტზე მაღალი პროცენტი ირიცხებოდა, მერე განაკვეთი 5-4 პროცენტისკენ წამოვიდა. შესაბამისად, უცხოელმა დეპოზიტარებმა, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ ქვეყნიდან თანხების გატანა, დოლარში შემცირებული პროცენტების გამო, გააჩინეს დამატებითი მოთხოვნა ალტერნატიულ საბანკო პროდუქტებზე, როგორიც იყო კორპორაციული ობლიგაციები. ასეც მოხდა, ფაქტობრივად, საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ ობლიგაციების ბაზრის გამოცოცხლების საფუძველი გააჩინა. 2020 წლის თებერვლის ბოლოს, როდესაც საქართველოში კოვიდი პირველად დაფიქსირდა, ყველაფერი გაჩერდა. რეალურად, ობლიგაციების ბაზარი გაქრა. 

ბევრი საინტერესო გეგმა გვქონდა "გალტში", თუმცა საბოლოოდ გადავწყვიტე საპენსიო სააგენტოში გადმოვსულიყავი და აქტივების მართვის კარგად აწყობაში დავხმარებოდი, ვინაიდან ეს საქმე კარგად ვიცი, ყველა პერსპექტივიდან - ბაზრის შუამავლის, ინვესტორის თუ ემიტენტის კუთხით. ამ ქვეყანაში კაპიტალის ბაზარზე ტრანზაქცია არ მომხდარა, სადაც პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობა არ მიმიღია. 

- სააგენტოში ამ პოზიციის დასაკავებლად შერჩევის კრიტერიუმები იყო საკმაოდ მკაცრი. რა ეტაპები გაიარეთ? 

- ვაკანსია იყო, ჩვ გამოვაგზავნე, შემდეგ შემხვდნენ საინვესტიციო საბჭოს წევრები. ანუ, ორი ეტაპი იყო: დოკუმენტაციის შესწავლა და გასაუბრება. რამდენიმე ადამიანი იყო გასაუბრებაზე. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ხელფასი ჩემი მოტივაცია არ ყოფილა, მინდოდა ამ საქმის ხარისხიანად გაკეთება, აწყობა და კარგი საძირკვლის ჩასხმა. 

- კიდევ ერთხელ რომ განვუმარტოთ მოსახლეობას, როგორ ხდება მათი საპენსიო დანაზოგების დაგროვება, რა ვალდებულება აქვს საპენსიო სააგენტოს და როდის შეძლებენ ბენეფიციარები საკუთარი თანხის გამოყენებას? 

- რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, თავად სოციალური ბენეფიტი არის ძალიან დიდი. უცხოეთში ჩასვლისას ვხედავთ, რომ უფროსი თაობა ძალიან კარგად ცხოვრობს. მაგალითად, როდესაც პირველად ევროპაში ჩავედი, კონკრეტულად ჰოლანდიაში, ძალიან გამიკვირდა და პირველი კითხვა დავსვი, როგორ მოახერხეს ამ ადამიანებმა, რომ 75 წლის ასაკში ასე ცხოვრობენ. მიპასუხეს, რომ მათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული საპენსიო სისტემა აქვთ. ჩვენთვისაც ეს იყო მთავარი საკითხი, სიღარიბე რომ დაიძლიოს, განსაკუთრებით, საპენსიო ასაკში, მნიშვნელოვანია ძლიერი საპენსიო ფონდის არსებობა. ამ რეფორმის მთავარი ამოცანაა, რომ ადამიანებს საპენსიო ასაკში უზრუნველყოფილი ცხოვრება შევუქმნათ. ჩემი აზრით, რეფორმამ კოვიდის სახით კარგი გამოცდა ჩააბარა. ამ რთულ პერიოდში მას არ შექმნია პრობლემა, არ მოხდა თანხების გადინება. დარწმუნებული ვარ, რომ მისი მდგრადობა სამომავლოდაც გარანტირებულია. 

რაც შეეხება საპენსიო სქემაში შენატანებს, ამ პროცესში ერთობლივად მონაწილეობს დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო, 2+2+2-ის პრინციპით. ეს ნიშნავს იმას, რომ დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტს გადარიცხავს. ასევე, დამსაქმებელი, დასაქმებულის სახელით, ფონდში მის წილ 2 პროცენტსაც შეიტანს. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თვითდასაქმებული კი თავისი შემოსავლის 4%-ს გადარიცხავს ფონდში და 2 პროცენტს ასევე სახელმწიფო დაამატებს. სახელმწიფოს თანამონაწილეობისას, წლიურ შემოსავალზე გარკვეული ზღვრები არსებობს. დაგროვებითი საპენსიო სქემის თითოეული მონაწილის სასარგებლოდ სახელმწიფო ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტს იმ შემთხვევაში გადარიცხავს, თუკი დასაქმებულის წლიური შემოსავალი 24 ათას ლარს არ აღემატება, ამ ზღვრიდან 60 ათასი ლარის მოცულობის შემოსავლამდე სახელმწიფო 1 პროცენტს გაიღებს, ხოლო ის დასაქმებულები, რომელთა წლიური შემოსავალი 60 ათას ლარს სცდება, 2-პროცენტიან სახელმწიფო დანამატს აღარ იღებენ. ეს ეფუძნება სამართლიანობის პრინციპს. სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამ სქემის მეშვეობით, ბენეფიციარების ანგარიშებზე საკმაოდ კარგი შენატანები ხორციელდება. ფაქტობრივად, 2 პროცენტს იხდი შენი ხელფასიდან და 4 პროცენტს დამატებით იღებ, ავტომატურად უკვე მოგებაში ხარ. გარდა ამისა, ამ თანხას ემატება საინვესტიციო სარგებელი. 

თუ ადამიანი წყვეტს მუშაობას, შენატანებიც ჩერდება, დანაზოგს მხოლოდ საინვესტიციო სარგებელი ემატება. მუშაობის გაგრძელებისთანავე შენატანებიც განახლდება. 

როცა დგება საპენსიო ასაკი, ბენეფიციარს აქვს არჩევანი დანაზოგი მთლიანად გაიტანოს ან პროგრამულად, დროში გადაანაწილოს. პროგრამული გატანით, გასაცემი თანხის ოდენობის გამოსათვლელად, მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება იყოფა მონაწილის სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ეფუძნება. 

ასევე თუ ადამიანს მიენიჭება შშმ პირის სტატუსი, შესაბამისი ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, მას შეუძლია დაგროვილი თანხა გაიტანოს. თუ მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა მის მემკვიდრეს გადაეცემა. ამ შემთხვევაშიც, საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად. საპენსიო ასაკამდე თანხას მიიღებს ის პირიც, რომელიც რეზიდენტის სტატუსით სხვა ქვეყანაში გადავა საცხოვრებლად. 

- მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კვლავ ეჭვის თვალით უყურებს ამ სისტემას. საპენსიო დანაზოგებთან დაკავშირებით. მათ ორი მთავარი კითხვა აქვთ: ერთი - რამდენად უსაფრთხოდ არის შენახული მათი დანაზოგები; და მეორე - წლების შემდეგ, გაზრდილი ინფლაცია, მათ დანაზოგებს ისე გააუფასურებს, რომ დაპირებული `ღირსეული სიბერე~ მხოლოდ დაპირებად დარჩება? 

- ორივე, აბსოლუტურად, სწორი წუხილია. ეს არა მარტო ამ ქვეყნის მოცემულობაა, ყველა ქვეყანაში, სადაც მუშაობს მეორე სვეტი, სავალდებულო დაზოგვა, ჩნდება კითხვა, რამდენად მდგრადი იქნება მათი დანაზოგები და სწორად ხდება თუ არა ინვესტირდება. 

პატარა ექსკურსს გავაკეთებ, თუ რა მემკვიდრეობა გვერგო ამ მიმართულებით. მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება მოვიდა, ხალხმა მნიშვნელოვანი დანაზოგები დაკარგა, ქონების ნაციონალიზაცია მოხდა და ყველაფერი გაქრა. მეორე - როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ხალხის დანაზოგები მაშინაც განულდა. მემკვიდრეობა გვაქვს ისეთი, რომ გრძელვადიანი დანაზოგი ვერცერთმა თაობამ შეინარჩუნა. ევროპულ ქვეყნებში, საშუალოდ მეოთხე თაობაა, რომელიც დანაზოგს იღებს. საქართველოში ჩვენ ვიქნებით პირველი თაობა, რომელიც შეძლებს დანაზოგი შექმნას და მემკვიდრეობას გადასცეს. ბუნებრივია, ეს მემკვიდრეობა ნეგატიურად მუშაობს და ეს სკეპტიციზმი გადასატეხია. ვფიქრობ, მოსახლეობასთან რაც არ უნდა სწორი კომუნიკაცია ვაწარმოოთ, სანამ პენსიების გაცემა არ დაიწყება მასობრივად, მოსახლეობის ნაწილი რეფორმის მნიშვნელობაში მანამდე ვერ დარწმუნდება და ეს ბუნებრივადაც მეჩვენება. 

რაც შეეხება ინფლაციას, ამ სკეპტიციზმის გასანეიტრალებლად მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი უმთავრესი საინვესტიციო ამოცანაა, თანხის ინვესტირება ისე მოხდეს, რომ მაქსიმალურად აჯობოს ინფლაციას. ინფლაცია არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და პრობლემა, რომელიც დანაზოგების მსყიდველთუნარობას ამცირებს და "ჭამს" რეალურ ამონაგებს. 

- კონკრეტულად, ინფლაციის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგია როგორია? 

- ჩვენი ამოცანაა, რომ ინფლაცია საინვესტიციო პერიოდზე დავამარცხოთ, შეიძლება ერთ თვეში ფასები ახტეს, ან ჩამოხტეს. საინვესტიციო პერიოდის ბოლოს, ბოლო 3 წელს რომ გავზომავთ, უნდა ვთქვათ, რომ შედეგი კარგია. 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ჩვენი დანაზოგების მომგებიანობა 30.5 პროცენტით გაიზარდა. ანალოგიურ პერიოდზე, მიუხედავად გაზრდილი ინფლაციისა, ზრდა არის 24.5 პროცენტი, სადღაც 6 პროცენტით ვჯობნით ინფლაციას. ანუ ჩვენს საშინაო დავალებას, რომ ინფლაციას ვაჯობოთ, ჯეროვნად ვასრულებთ. ჩემი სურვილია კიდევ უფრო კარგად შევასრულოთ. 

როგორ ვაკეთებთ ამას? მექანიზმი არის ის, რომ ინფლაციური ფონის დაწყებისას შევაფასეთ და გავიზიარეთ ეროვნული ბანკისა და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დათვლილი პროგნოზები და შეფასებები - სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ფიტცჰ ღატინგს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას აანალიზებენ. ასევე ჩვენც საკმაოდ ძლიერი მაკრო ანალიტიკოსები გვყავს. ამ ანალიზის მიხედვით, ინფლაცია არის პერიოდული და არა სისტემური. ჩვენი აზრით, ეს პროცესი სადღაც ერთი წელი გაგრძელდება. მაღალი ინფლაცია იწვევს მაღალ საპროცენტო განაკვეთებს. სწორედ ახლა არის დრო, მაღალი პროცენტები ვიყიდოთ. ეს ინფლაცია, დაახლოებით, ერთ წელიწადში ქვემოთ ჩამოვა, 6 პროცენტისკენ და ჩვენი დანაზოგები დაგვრჩება 12 პროცენტში. მიუხედავად ამისა, მაინც თავს ვიზღვევთ და ჩვენი საინვესტიციო პორტფელის ერთ მესამედს ინფლაციაზე მიბმულ საპროცენტო განაკვეთში ვინარჩუნებთ, ვაი და მსოფლიოში, ან რეგიონში ისეთი მოვლენები დაიწყოს, რომელიც ინფლაციას სისტემურს გახდის. მაშინ ჩვენი პორტფელის ერთი მესამედი ამ მაღალ ინფლაციას წაიკითხავს და მას გაჰყვება. მალე გლობალურ დივერსიფიკაციასაც გავაკეთებთ, ვიყიდით საერთაშორისო აქციებს, რომელიც ზრდის გრძელვადიან პერსპექტივასთან ერთად, ინფლაციის დაზოგვის დამატებით მექანიზმსაც გვთავაზობს.

- ამ დროისთვის როგორაა განაწილებული საპენსიო ფონდის თანხები? 

- საპენსიო სისტემაში გაწევრებულია 1,2 მილიონი ადამიანი. დანაზოგების მოცულობა 2 მილიარდი ლარია, ხოლო 260 მილიონი ლარია დარიცხული სარგებელი. პორტფელის 65% კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებშია განთავსებული, 35% მიმდინარე ანგარიშზეა და მიბმულია რეფინანსირების განაკვეთს. 

საინვესტიციო სტრატეგიას რაც შეეხება, ვგეგმავთ გლობალურ დივერსიფიკაციას, პორტფელის 20 პროცენტამდე. ეს პროცესი თანმიმდევრული იქნება. ამ მაჩვენებლამდე ეტაპობრივად ავალთ, რათა ერთი შესყიდვის ფასი არ გვქონდეს. ასევე ბაზარზე ვუყურებთ ყველა ობლიგაციას, რაც გამოვა და ვისურვებ ბევრი ობლიგაცია გამოვიდეს. 

- როგორც ვიცი, ადგილობრივ ბაზარზე ინვესტირებისთვის "ნიკორა" და "თეგეტა" განიხილებოდა? 

- "ნიკორას" ემისია ცოტა ხნის წინ მოხდა, როდესაც საინვესტიციო ინფრასტრუქტურას ვალაგებდით და მონაწილეობა ვერ მივიღეთ. გვაინტერესებს და შეიძლება მეორად ბაზარზე დავუბრუნდეთ. 

- ზოგადად, როგორ შეაფასებთ ადგილობრივ ბაზარს, ქართული კომპანიები რამდენად აკმაყოფილებენ თქვენს საინვესტიციო მოთხოვნებს? 

- ობლიგაციების ბაზარს რომ შევხედოთ, იმ კომპანიებს, რომლებიც შეესაბამებიან კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო მოთხოვნებს, ჯამში გამოშვებული აქვთ 105 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდი. კანონით, ემისიის 10 პროცენტზე მეტის ყიდვა არ შეგვიძლია. ანუ 105 მილიონი ლარიდან შეგვიძლია 10 მილიონი ლარი ვიყიდოთ. ეს იმდენად მცირე თანხაა, ერთ დეპოზიტზე ვდებთ ამ მოცულობას. გარდა ამისა, ძალიან რთულია გამყიდველის მონახვა, ბანკების უცხოელმა დეპოზიტარებმა ობლიგაციები უკვე იყიდეს და ამ ობლიგაციების გაყიდვა მათ ინტერესში საერთოდ არ შედის. თუ ამას გააკეთებენ, ფასს ისე მოუმატებენ, მათ ყიდვას აზრი არ ექნება. ამ შემთხვევაში, შეიძლება მომგებიანობა 8 პროცენტზე ჩამოვიდეს ლარში და თან მოცულობა იქნება მაინც ძალიან პატარა. ასევე, თუ ფასი ასე გაიზარდა, მაშინ სახაზინოებს ვიყიდით, რომლის ღირებულებაც 9 პროცენტზე უფრო მეტია და რისკი ნული გვექნება. ამიტომ ობლიგაციების მეორადი ბაზარი ჩვენთვის ნაკლებად მიმზიდველია, ლიკვიდურობაა დაბალი, მოთხოვნაც – ძალიან ვიწრო. ახალ ემისიებს განვიხილავთ. ვიცით, რომ "თეგეტაც" მუშაობს, ვნახოთ. 

- რაც შეეხება უცხოეთის ბაზარს? 

- ბოლო თვენახევარია უცხოეთის ბაზარზე ინტენსიურად ვმუშაობთ. აქამდე იმიტომ არ შევედით, რომ სპეცდეპოზიტარი არ გვყავდა. კანონის მოთხოვნით, სპეცდეპოზიტარის გარეშე, ვერც ქართულ და ვერც უცხოურ ფასიან ქაღალდებს ვერ ვიყიდით. მას შემდეგ, რაც დეპოზიტართან ხელშეკრულება გავაფორმეთ, ეს იყო უპრეცედენტო ხელშეკრულება, დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. მაგალითად, აქამდე თუ ბანკებში დეპოზიტებზე პირდაპირ ვაფორმებდით ხელშეკრულებას, ეს პროცესი უნდა მოხდეს დეპოზიტარის გავლით. ეს ხელშეკრულებები ამოვიღეთ 8 ბანკიდან და ახლა ჩავსვით დეპოზიტარი. ამას დრო დასჭირდა. ახლა უკვე მზად ვართ, თუ რამე ობიექტურმა მიზეზმა ხელი არ შეგვიშალა, წელსვე შეგვიძლია დავიწყოთ პატარა პოზიციების აღება უცხოურ ინდექსზე, რომელიც საინვესტიციო საბჭომ შეარჩია. 

- რომელ ინდექსზეა საუბარი? 

- ეს არის Morgan Stanley World Index (MSCI World Index-ი), გლობალური ინდექსი, მასში შედის 23 სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე კომპანიების აქციები. განვითარებულ ეკონომიკებზეა საუბარი, ამერიკაა ძირითადად, ასევე არის ევროზონა. თავად ინდექსში 1550-ზე მეტი კომპანიის აქციებია, 8 სხვადასხვა ვალუტით. საკმაოდ დივერსიფიცირებული გლობალური ინდექსია. ამ ინდექსს აქვს თავისი ფონდი. ამ ინდექსს შევიძენთ და ქართველი მონაწილეების დანაზოგების 20 პროცენტი, საშუალოვადიან პერიოდში, გადაინაცვლებს გლობალურად დოლარში. გონივრულ ვადაში, დაახლოებით ორ კვარტალში, ქართველ მონაწილეებს ექნებათ მაღალ პროცენტში სადეპოზიტო სერტიფიკატები, რომელიც მაგ დროისთვის ინფლაციაზე ბევრად მაღალ პროცენტში იქნება ინვესტირებული. თანხას ასევე დავაბანდებთ საქართველოში გამოშვებულ ობლიგაციებში. სავალუტო დივერსიფიკაცია - 80 პროცენტი ლარში, 20 პროცენტი - დოლარში. ამ 80%-ში შევეცდებით შევიძინოთ კორპორაციული ობლიგაციები და სახაზინო ობლიგაციები. 

- სპეციალიზებულ დეპოზიტარზეც ვისაუბროთ, შეირჩა "საქართველოს ბანკი", რომელთანაც ცოტა ხნის წინ გაფორმდა ხელშეკრულება. როგორ მოხდა მისი შერჩევა, რა მოვალეობა აქვს სპეცდეპოზიტარს, ამ პროცესში მისი როლი როგორია? 

- დეპოზიტარის როლი ასევე კანონით განისაზღვრება. სპეცდეპოზიტარს აქვს 4 ძირითადი ფუნქცია. პირველი, ის არის ფასიანი ქაღალდების შემნახველი. მთავარი და სწორი კითხვა, რაც არსებობს - რამდენად კარგად არის დაცული ჩემი ფასიანი ქაღალდები, ანუ როგორ სეიფში დევს, ვინ უყურებს ამ სეიფს, ვის აქვს მისი გასაღები. კანონი ამბობს, ამ კითხვებზე პასუხები რომ ამოვწუროთ, საპენსიო სააგენტომ უნდა შეარჩიოს სანდო დეპოზიტარი, სადაც მოახდენს ყველა საპენსიო აქტივის შენახვას. ეს არის სპეცდეპოზიტარის ერთ-ერთი მთავარი როლი. 

"საქართველოს ბანკმა" სპეციალური ავტორიზაცია გაიარა ეროვნულ ბანკში, რომ ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ამ მომსახურების გაწევა ყველა ბანკს არ შეუძლია. მთელი სისტემები უნდა წარადგინოს, როგორ იქნება დაცული, როგორ აღრიცხავ ამ აქტივებს. სტანდარტები უნდა დადო, რამდენად შესაბამისობაში ხარ ამ მოთხოვნებთან. 

მეორე ამოცანაა - სპეცდეპოზიტარი ჩვენგან დამოუკიდებლად აღრიცხავს საპენსიო აქტივებს, რათა ინტერესთა კონფლიქტი გამოირიცხოს. თავის მხრივ, სააგენტოც აღრიცხავს ამ აქტივებს, ხდება შედარება და თუ მოხდა აცდენა, ეს ყველაფერი მიდის ეროვნულ ბანკთან, როგორც ზედამხედველთან. 

მესამეა - ანგარიშსწორება, ჩვენ ვარჩევთ საინვესტიციო ინსტრუმენტს, შემდეგ დეპოზიტარი ახდენს ანგარიშსწორებას, ფული მისგან უნდა ჩარიცხოს. 

მეოთხე - იგი დამოუკიდებლად აკეთებს ჩვენს საინვესტიციო მონიტორინგს, აანალიზებს რამდენად შეესაბამება კანონს და საინვესტიციო პოლიტიკას. ანუ ამოწმებს ჩვენი საინვესტიციო საქმიანობის შესაბამისობას კანონთან. საკმაოდ კრიტიკული როლი აქვს, ამიტომ დასჭირდა 7 თვე მოლაპარაკებებს. ეს არის ძირითადი ფუნქციები, თორემ მას აქვს სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიც - ანგარიშგება, არაშენახვადი აქტივების ვერიფიკაცია და სხვა. 

საკმაოდ კომპლექსური ხელშეკრულებაა, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებასთან ერთად დევს. ეს იყო საჯარო კონკურსი და საკმაოდ გამჭვირვალე პროცესი. ყველა ეტაპი არის დოკუმენტირებული და ვებგვერდზე ატვირთული. 

რაც შეეხება რისკების კონტროლის მექანიზმი, ეს არის არანაკლებ მძლავრად აწყობილი ჩვენთან, ვიდრე წამყვან ქართულ ბანკებში, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრებიან. ჩვენთან დაცვის, რისკის კონტროლის ხაზები კიდევ უფრო მკაცრია. რისკის ანალიტიკოსები ყველა რისკს უყურებს - საპროცენტო განაკვეთი, ლიმიტები, საკრედიტო რისკები, ფასის ცვალებადობა, მაკრო რისკი და სხვა. ჩვენამდე მოაქვთ ეს ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც სტრესტესტების ანალიზი ხდება, ეს არის პირველი რისკის დაცვის ხაზი. საინვესტიციო სამსახურის გარეთ არის მთავარი რისკის ოფიცრის სამსახური, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ყველა ტრანსაქციას უყურებს და ამოწმებს, ეს ტრანზაქციები რამდენად შეესაბამება კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო პოლიტიკას და რისკების დაწესებულ ლიმიტებს. თუ რამე შეუსაბამობა აღმოაჩინა, მე არც მეკითხება, ისე მოახსენებს საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებს. მესამე დაცვის ხაზი არის შიდა აუდიტი, რომელიც უყურებს, ყველა პროცესი რამდენად შესაბამისობაშია კანონთან, შემოდის წელიწადში ერთხელ. მეოთხეა - ეროვნული ბანკი, მას მისდის ყველა რეპორტი. ამის გარდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის სპეცდეპოზიტარი. თუ ვინმე ამბობს, რომ რისკები კარგად არ არის დაცული, ეს არის ტყუილი. მთელი ეს პროცესი არის გამჭვირვალე. 

- რაც შეეხება საპენსიო დანაზოგების ქართულ ეკონომიკაში ჩართვას, როდესაც საპენსიო სააგენტო შეიქმნა, იყო საუბარი, რომ ეს ფული დაეხმარებოდა ეკონომიკას და კომპანიებისთვის ბანკების გარდა გაჩნდებოდა ალტერნატიული ფინანსური რესურსი. საპენსიო ფონდში აკუმულირებული დანაზოგები ეკონომიკაში ისევ ბანკების გავლით იდება. ანუ საპენსიო ფონდი, კომპანიებისთვის, ალტერნატიულ ფინანსურ რესურსად ვერ იქცა. ალბათ, ერთ ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარი არის ძალიან პატარა. თავად აღნიშნეთ, რომ ჯამში 105 მილიონი ლარის ობლიგაციები იყო ემისირებული. რატომ ვერ ვითარდება ეს ბაზარი, სად ხედავთ პრობლემას, რატომ ვერ ახერხებენ ქართული კომპანიები საინვესტიციო მოთხოვნების დაკმაყოფილებას? 

- რამდენიმე საკითხია: პირველი, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა დანაზოგების ინვესტირება მონაწილეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს. მეორე ამოცანაა - კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მაკროსურათის გაუმჯობესებას ხელი შევუწყოთ. ამხელა საინვესტიციო დანაზოგი კაპიტალის ბაზარზე გრძელვადიან საინვესტიციო ლარს აჩენს, რომელიც აქამდე ქვეყანას არ ჰქონია. ამის გარდატეხა ხდება და ჩვენ გაცილებით გრძელვადიანი ინვესტორები ვართ. ეს ქმნის საფუძველს, რომ ამით კაპიტალის ბაზარმა ისარგებლოს. 2015 წელს დაიწყო ტრანზაქციები, რომელსაც საპენსიო ფონდი დაემატა. მერე გაჩნდა კოვიდი და გააჩერა ყველაფერი. ვერ ვიტყოდი იმას, კოვიდი რომ არ ყოფილიყო, სუპერგანვითარებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი გვექნებოდა, მაგრამ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. ახლა ყველაფრის თავიდან დაბრუნება უნდა მოხდეს.

ჩვენი ამოცანაც ის არის, რომ საპენსიო ფონდი ამის ალტერნატივა იყოს. რაც შეეხება კომპანიების მიერ საინვესტიციო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, თუ ისინი ბანკებისგან პირდაპირ იღებენ ფულს, საამისოდ ჩვენი პლატფორმა არის კაპიტალის ბაზარი. კომპანიამ ობლიგაციები ან აქციები უნდა გამოუშვას და ამ გზით მოიზიდოს ფული, ბანკში კი ეს პრობლემა არ აქვთ. ამასთანავე, ობლიგაციების გამოშვებას სჭირდება საკრედიტო რეიტინგი, რომელიც ძვირი ღირს. ერთი სიტყვით, ისეთ განვითარებულ სექტორთან კონკურენცია, როგორიც ბანკებია, არც ისე მარტივია. თუმცა, ნელ-ნელა ეს ბაზარიც განვითარდება. 

ვფიქრობთ, მანდატი გავაფართოვოთ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ დიდ პროექტებში. კერძოდ, თუ მსხვილი საერთაშორისო კომპანია, "იბიარდი" იქნება თუ სხვა, განიხილავს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს მათთან ერთად, სინდიცირებულ, მონაწილეობას მივიღებთ. ასეთი ტი პის მონაწილეობა, კანონით, 2023 წლის ბოლომდე არ შეგვიძლია, თუ განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები, ეკონომიკის დაფინანსებას ამ ფორმითაც შევძლებთ. 

ცოტა ხნის წინ, ბიზნეს-ასოციაციაში შევხვდით კომპანიებს, გავაცანით ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა, ეს შეხვედრები ისევ გაგრძელდება აქტიურად. პარალელურად, მანდატი ამ მიმართულებითაც გვინდა ცოტა გავაფართოვოთ. როდესაც ბაზარი არ გვაქვს, ჯამური ობლიგაციებიდან მხოლოდ 10 პროცენტის ყიდვა, ძალიან ცოტაა. ეს ლიმიტი პირველ ეტაპზე 20 პროცენტამდე რომ მაინც გაიზარდოს, კარგი იქნება. კანონით, კომპანიების საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის რეიტინგის ერთი ნიშნულით დაბლა უნდა იყოს. ამის მიღწევა კომპანიებისთვის რთულია. ასეთი ფუფუნება საქართველოში სულ სამ კომპანიას აქვს. გვინდა, ეს სარეიტინგო მოთხოვნა კიდევ უფრო დაბლა ჩამოიწიოს, მეტად გავუაქტიურდეთ კერძო სექტორს, უფრო მეტად გავაფართოვოთ ეკონომიკის დაკრედიტების არეალი. 

- ამ შემთხვევაში, დაბალი რეიტინგის კომპანიებში, ალბათ, ინვესტირების ლიმიტებიც უნდა განისაზღვროს, რისკების შესამცირებლად. 

- დიახ, რა თქმა უნდა, ლიმიტები უნდა განისაზღვროს, ასეთ კერძო კაპიტალში შესვლა უფრო რისკიანია, ვიდრე ბაზარზე ფასიანი ქაღალდების შეძენა. მაგალითად, შესაძლებელია მსგავს პროექტებში მთელი პორტფელის, მაქსიმუმ, 10 პროცენტი დავაბანდოთ. 

- ინტერვიუს ბოლოს მოგვიყევით თქვენი თავისუფალი დროის შესახებაც, კიდევ რა არის თქვენი ინტერესის სფერო? 

- მიყვარს ისტორიული და ფილოსოფიური წიგნების კითხვა, თხილამურებით სრიალი, მუსიკა. მთელი ცხოვრება მინდოდა მუსიკა შემექმნა, ჯერ ამ ეტაპამდე ვერ მივედი და მხოლოდ მოსმენით ვკმაყოფილდები. ასევე ჩემი გატაცებაა კულინარია, ყველა კულინარიული შოუ ვიცი ქართული თუ უცხოური. ვცდილობ, თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად გავატარო. მყავს მეუღლე და ორი შვილი და მათთან ერთად ყოფნას არაფერი მირჩევნია. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი