ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დამფუძნებელთან, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე დათიაშვილთან - №12(264), 2021
კონსტანტინე დათიაშვილი – დაიბადა 1962 წლის 11 იანვარს, ქუთაისში. 

განათლება 

1986 წელი – გორის ეკონომიკური ინსტიტუტი, ეკონომისტის სპეციალობით. 

1998 წელი – USAID, Sibley Interbational-ის მეშვეობით ბასს-ის ინსტრუქტორის კურსები. 

2001 წელი – USAID, Sibley International-ის და GESP პროექტის მეშვეობით დანახარჯთა აღრიცხვისა და ფინანსური მენეჯმენტის კურსები. 

2002 წელი – საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია, სერტიფიცირება, პროფესიონალი ბუღალტერი. 

2002-2003 წლები – საქართველოს ქონების შემფასებელთა ფედერაციაში უძრავი ქონებისა და არამატერიალური აქტივების კვლევისა და შეფასების კურსები. 

2006 წელი – „მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი საქართველოში“ (USAID) ბიზნესის დაგეგმვა, მართვა და მარკეტინგი. 

2002-2018 წლები – სავალდებულო, ყოველწლიური განგრძობითი სწავლება. 

პროფესიული გამოცდილება 

1986 წელი – ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, ბუღალტერი. 

1988 წელი – ქუთაისის საფინანსო განყოფილება, საგადასახადო ინსპექტორი. 

1990 წელი – ქუთაისის საფინანსო განყოფილება, ბუღალტერ-ექსპერტი. 

1992 წელი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს მთავარი კონტროლიორ-რევიზორი. 

1995 წელი – საქართველოს კონტროლის პალატა, მთავარი სპეციალისტი. 

1997 წელი – ინდივიდუალური აუდიტორი. 

2000 წელი – შპს „კონსაუდი“, აუდიტორი. 

არის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დამფუძნებელი, პროფესიონალი ბუღალტერი/აუდიტორი, გამგეობის წევრი, ბაფის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. 

მუშაობის საერთო სტაჟი – 35 წელი; ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის პრაქტიკა – 25 წელი; აქვს დონორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება.

- ბატონო კონსტანტინე, სულ ახლახან 60 წელი შეგისრულდათ, გილოცავთ ამ საიუბილეო თარიღს! 60 წლის განმავლობაში განვლილი პროფესიული გზის შესახებ მოკლედ მოყოლა ძნელია, მაგრამ იქნებ მაინც გვიამბოთ მთავარი, რაც თქვენს საქმიანობაში იყო. 

- დავიწყებ იმით, რომ დავიბადე ქუთაისში, ამავე ქალაქში დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში გავაგრძელე და ჩემთვის საწადელი ეკონომისტის დამადასტურებელი დი პლომი მივიღე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ინსტრუმენტულ საამქროში გამანაწილეს, რომელიც მთელი ქარხნისთვის სხვადასხვა სახის ინსტრუმენტს ამზადებდა. დავინიშნე მასალების აღრიცხვის ბუღალტრად. ჩვენს განყოფილებაში 40 ქალი მუშაობდა, ერთადერთი მამაკაცი ვიყავი. ძირითადად, „ჩოთქით“ ვმუშაობდით, მაშინ, 1986 წელს, კალკულატორიც კი არ იყო. გარკვეული პერიოდი კომკავშირშიც ვსაქმიანობდი. მალევე ქუთაისის საფინანსო განყოფილებაში, საგადასახადო ინსპექტორის პოზიციაზე დავინიშნე. შემდეგ საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილებაში, ბუღალტერ-ექსპერტად გადავედი. გარკვეული წლების მუშაობის შემდეგ დამაწინაურეს და კონკურსის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, დასავლეთის ზონაში საკონტროლო სარევიზიო სამმართველოს მთავარ კონტროლიორ-რევიზორად დავინიშნე. საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო. ძირითადად, სპეციალურ სამსახურებთან ვმუშაობდით, გრიფით საიდუმლო, ადმინისტრაციული და სამხედრო კუთხით.
 
1995 წელს, როდესაც კონტროლის პალატა შეიქმნა, იქ მთავარ სპეციალისტად დავინიშნე. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელიც სარევიზიო სამსახურიდან გადმოვედი. 1997 წლიდან მაქვს ინდივიდუალური აუდიტორის სტატუსი. გავიარე სპეციალური გამოცდები, რომელიც იმ პერიოდში საბჭოში ტარდებოდა. 2000 წლიდან გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად და სამუშაოდ, ვარ ფედერაციაში განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და იმავდროულად ვარ შპს „კონსაუდის“ აუდიტორი. 

საზოგადოებრივი ორგანიზაცია – პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია 1996 წელს ჩამოყალიბდა. თავდაპირველად, საქართველოს ბუღალტერთა კლუბი არსებობდა. იმ პერიოდში საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის განხორციელების მიმართულებით USAID პროექტების სახით SIBLEY International შემოვიდა. მათი რეკომენდაციების საფუძველზე დარეგისტრირდა ფედერაცია და 7 დამფუძნებელს შორს, ერთ-ერთი მეც ვარ. 

- რადგან ბაფის ერთ-ერთ დამაარსებელი ხართ, უფრო დეტალურად მოგვიყევით - როგორ გაჩნდა ორგანიზაციის დაფუძნების იდეა და რამდენად სწრაფად განხორციელდა? 

- როგორც უკვე აღვნიშნე, მანამდე იყო არარეგისტრირებული ბუღალტერთა კლუბი, რომელიც საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ 50-70 სპეციალისტს აერთიანებდა. იმისთვის, რომ მთელი საქართველო მოგვეცვა, SIBLEY International-ის ხელმძღვანელმა ჯიმ ჯონსმა, რომელიც USAID-დან იყო მომაგრებული და მერე პროექტის ხელმძღვანელიც გახდა, პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნის რეკომენდაცია მოგვცა. 

ეს იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში, მოგვიანებით შეიქმნა სხვა ქვეყნებშიც. შემდეგ დსთ-ის წევრი ქვეყნებისთვის ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაცია „ევრაზია“, რომელსაც საფუძველი კიევში ჩაეყარა, თუმცა, ძირითადი შეხვედრები მაინც რუსეთში იმართებოდა. ამ შეხვედრებზე დომინანტ ქვეყნად რუსეთი ითვლებოდა, რომელიც ცდილობდა სხვებიც თავისი ზეგავლენის ქვეშ მოექცია. ეს ვერცერთმა რესპუბლიკამ ვერ აიტანა და დაახლოებით ორწლიანი მუშაობის შემდეგ ორგანიზაციამ საქმიანობა შეაჩერა. მიმდინარე პროექტები USAID-ის დახმარებით შუა აზიის რესპუბლიკებში გადანაწილდა. მას შემდეგ რამდენჯერმე იყო მცდელობა, მათ შორის ახლაც, საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის. კარგია, როცა სახელმწიფოებს ერთნაირი მიდგომები აქვთ, ხედავ რა მდგომარეობაა შენს ქვეყანაში სხვებთან შედარებით, რა მიმართულებით ხარ წინ, რა არის გასაკეთებელი, როგორია ხედვა და სამეცნიერო შეფასებები. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ორგანიზაციების მიხედვით აფასებდი, თუ რა სამეცნიერო კულტურა ჰქონდა და რა სამეცნიერო წრე ჰყავდა ამა თუ იმ ქვეყანას, რით ხვდებოდი შენ. სამწუხაროდ, ამ პოზიციებს ხშირად ვთმობდით, ვინაიდან სამეცნიერო კუთხით ჩვენი მომზადების დონე არც ისე მაღალი იყო. 

- ამ კუთხით ყველაზე გამორჩეული რომელი ქვეყნები იყვნენ? 

- ესენი იყვნენ – რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა. ბელორუსსაც კარგი სამეცნიერო წრე ჰყავდა, მაგრამ ფედერაცია არც ისე ძლიერი იყო. იმ დროს ჩვენი და რამდენიმე ქვეყნის მსგავსი პროფესიული ორგანიზაციები თვითრეგულირებადი პროფესიული სისტემებით დამოუკიდებლები იყვნენ. იმ პერიოდში ბელორუსი, რუსეთი, უკრაინა ისევ ფინანსთა სამინისტროებიდან იმართებოდნენ. ამიტომ სახელმწიფოს ზეგავლენა უფრო მეტი იყო, ვიდრე საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მოთხოვნა. კერძოდ, იმ ქვეყნებში ეს ბიზნესი იმართებოდა ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანებებით, ნორმატიული აქტებით, პარლამენტის გადაწყვეტილებებით. ამ კუთხით საქართველო თავიდანვე გამორჩეული იყო, გვქონდა დამოუკიდებელი თვითრეგულირებადი პროფესიული ორგანიზაცია. ამასთანავე, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, სადაც ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ კანონმდებლობა მივიღეთ. ფაქტობრივად, სახელმწიფოს ზეგავლენიდან გამოსული ვიყავით. ფინანსთა სამინისტრომ ეს, საქართველოში, კარგა ხნის უკან გაუშვა ხელიდან და სიმართლე გითხრათ, რაც დაიტოვეს, იმის მართვაც საკმაოდ უჭირთ. ჯერჯერობით, ბოლომდე ვერ დაინერგა ის სტანდარტები, რომლებსაც საჯარო სამართლის საწარმოთა და ორგანიზაციათა ბუღალტრული აღრიცხვა უნდა მოეწესრიგებინა. 

- პროფესიამ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული განვითარების მნიშვნელოვანი საფეხურები გაიარა. რამდენად სწორი იყო ეს გზა და დღევანდელი გადმოსახედიდან რამეს თუ შეცვლიდით? 

- რთული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები გავიარეთ, დიდწილად, წარმატებითაც. აღტაცებული იყო ის ხალხი, რომელიც ამ პროცესს თვალს ადევნებდა, ჩვენ კანონმდებლობა გვქონდა, ამ კანონმდებლობით მონიჭებული თავისუფლება, სახელმწიფო კერძო სამართლის აღრიცხვის რეფორმის ნაწილში არ ერეოდა. ბევრ ქვეყანაში ასე არ იყო, თუმცა თავიანთ ქვეყნებში სტანდარტების დანერგვას ყველა ცდილობდა. ძალიან მალე, 2000 წლიდან, თურქეთის რეკომენდაციით, ბუღალტერთა მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციის – აიფაკის (IFAC) წევრი გავხდით. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, სწორედ, ჩვენი საკანონმდებლო ბაზა და შექმნილი პირობები იყო. თავიდანვე ძალიან კარგი შედეგები დავდეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა პოსტსოციალისტური კავშირიდან, მაგალითად, ბულგარეთი, რუმინეთი, აიფაკში (IFAC) განაცხადის დონეზეც კი არ განიხილებოდნენ. ამან შესაძლებლობა მოგვცა, ბევრ ქვეყანაში, სხვადასხვა კონფერენციებში მიგვეღო მონაწილეობა, ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებზე გვესაუბრა და საქართველო ამ კუთხით წარმოგვეჩინა, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. 

- 80-იან წლებში უკვე მუშაობდით ბუღალტრად ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში, შემდეგ კი ქუთაისის საფინანსო განყოფილებაში საგადასახადო ინსპექტორის, ბუღალტერ-ექსპერტის პოზიციაზე. როგორი იყო მაშინ ბუღალტრის პროფესია და როგორია ახლა? რა არის მთავარი განსხვავება ამ კუთხით? 

- დიახ, ერთ-ერთი ის ადამიანი ვარ, რომელმაც ბუღალტრად ორივე ეპოქაში ვიმუშავე. 26 წლის ვიყავი, როდესაც ფინანსთა სამინისტროს საკონტროლო სარევიზიო აპარატში მთავარ სპეციალისტად დავინიშნე. ამის საშუალება მომცა ჯერ გორის ეკონომიკურმა ინსტიტუტმა, სადაც ძალიან კარგი პედაგოგები გვყავდა – ტარიელ არბოლიშვილი, გოგი ბიგვავა. შემდეგ დიდი გამოცდილება მომცა ქუთაისის საავტომობილო ქარხანამ, სადაც ფაქტობრივად ყველა პროცედურა შევისწავლე. მინდა გითხრათ, რომ იშვიათი იყო, როდესაც ახალგაზრდებს ავტოქარხანაში ბუღალტრის პოზიციაზე ნიშნავდნენ. ყველაფერს ვსწავლობდი, ვინიშნავდი, მერე გარკვეული ცვლილებებიც შევიტანე. სხვადასხვა საბუღალტრო მაგიდებზე ვითხოვდი მუშაობას, რათა ყველა მიმართულებით მიმეღო გამოცდილება. მთავარ ბუღალტერს ვთხოვე, ვინც შვებულებაში გავიდოდა, მე ჩამენაცვლებინა. ამიტომ ჩემი სპეციალობის შესწავლა ძალიან სწრაფად მოვახერხე. ამან საფუძველი მომცა სხვადასხვა კონკურსში წარმატებით მიმეღო მონაწილეობა. 26 წლის ასაკში ასე დავინიშნე ფინანსთა სამინისტროში, მძიმე სამსახურს შევეჭიდე. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს იყო განსაკუთრებული უფლებების სამსახური, სადაც მაღალი კლასის სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობდა. 

რაც შეეხება იმ ეპოქისა და ამ ეპოქის ბუღალტრებს შორის განსხვავებას, დღესაც არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნები, სადაც აღრიცხვის სისტემები ისევ ფინანსთა სამინისტროსთან არის მიბმული, სადაც ბუღალტრის როლი დამტკიცებულ ინსტრუქციებს არ სცდება – როგორ მოიქცეს, რომელი ანგარიში დებეტში ჩაწეროს და რომელი კრედიტში, რა არის ხარჯი, რომელი ხარჯი სად უნდა გატარდეს, რომელი კანონმდებლობით, დებულებითა თუ ინსტრუქციით, იმ დროს, როდესაც მსგავსს საერთაშორისო სტანდარტები აღარ ითვალისწინებს. 

პროფესიის განვითარების საფუძველი არის დამოუკიდებლობა, თუ პროფესიონალი ხარ და შეგიძლია შენს პროფესიაში ეთიკური ნორმები, სამართლიანი პირობები დაიცვა. ადამიანის ნიჭიერებას დიდი გასაქანი მიეცა, ჩვენი პროფესია ბიზნესის მოთხოვნებს მიჰყვება, უმეტეს შემთხვევაში კი კარნახობს, თუ განვითარების გზაზე როგორ უნდა დადგნენ, როგორი მეთოდებით იმართოს კომპანია. 

საბჭოთა კავშირში იყო დოკუმენტებზე დამოკიდებული ბუღალტერია, მიჯაჭვული ინსტრუქციებს, არავითარი თვითშემოქმედება, არავითარი გადახრა. მეორე საკითხი იყო, ამ გადახრას როგორ შეაფასებდნენ, იმ პოლიტიკურ სივრცეში, ეს იყო ბუღალტრის შეცდომა თუ თაღლითობა. საბჭოურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი პროფესიონალი დაიჩაგრა იმისთვის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანური შეცდომის გამო ციხეებში იყვნენ გამოკეტილები, ხურდა ფულის დანაკლისის გამო ბუღალტერს იჭერდნენ. 

დღეს სხვა მიდგომაა, განათლებულ, ჭკვიან ადამიანს განვითარების მეტი შანსი აქვს. ბუღალტერს თავისუფალი გადაწყვეტილების შესაძლებლობა მიეცა. ამასთანავე, კომპიუტერულმა პროგრამებმა ყველაფერი გაამარტივა და შეცვალა. ეს პროფესია ახალგაზრდებისთვის საინტერესო გახდა. ამბობენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ პროფესიას თანამედროვე ტექნოლოგიები ჩაანაცვლებენ, ვნახოთ... ვფიქრობ, ადამიანს, ჯერჯერობით, ვერაფერი ჩაანაცვლებს. 

- მრავალი წლის განმავლობაში ბაფი ლამის ერთადერთ გავლენიან და  ანგარიშგასაწევ პროფესიულ ორგანიზაციას წარმოადგენდა. როგორია ამ მხრივ სიტუაცია, სხვადასხვა მსგავსი ორგანიზაციების ჩამოყალიბების შემდეგ? ახერხებენ თუ არა ისინი ბაფთან კონკურენციას?
 
- სიმართლე გითხრათ, სხვა ორგანიზაციებთან შედარებით, იმდენად ადრე შევიქმენით და იმხელა გამოცდილება დავაგროვეთ, კონკურენციაზე ვერ ვისაუბრებ. რამდენადაც ვიცი, ჩვენს პროფესიაში 4-5 ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, თუმცა, ზოგიერთი დარეგისტრირდა და შემდეგ არაფერი გააკეთეს. დარჩა 2-3 ორგანიზაცია, რომელიც გარკვეულ საქმიანობას ეწევა და შედარებით გამორჩეულია. 

ჩვენ როდესაც დავრეგისტრირდით, არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშიც კი, არ იყო ასეთი ტი პის ორგანიზაციები. თუ არ ვცდები, რეგისტრაცია დაგვასწრო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. იმდენად ახალი საქმე იყო, ვერც კი იგებდა ხალხი, რა გვინდოდა, რატომ ვიკრიბებოდით, ამას რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა. 

კადრებად მახსოვს ფედერაციის შექმნის პერიოდი, ჯიმი ჯონსის ხელმძღვანელობით პირველი სადამფუძნებლო კრების ჩატარება. გაყინულ, ჩაბნელებულ დარბაზში იმდენი ხალხი მოვიდა, არავინ რომ არ ელოდა. მივხვდით, რომ აუცილებლად უნდა შეგვექმნა ორგანიზაცია და გვეზრუნა ჩვენს პროფესიაზე. 

ამ ყველაფრის ხელიდან გაშვება, ალბათ, დიდი დანაშაული იქნებოდა. თავად სპეციალისტებსაც არ სჯეროდათ, რომ ასეთი რამ გამოვიდოდა. იმ პერიოდისთვის გვქონდა დაუფასებელი პროფესია, სადაც ყველაზე მაღალი ანაზღაურება 50 დოლარი იყო, ისიც რამდენიმე კომპანიაში თუ მუშაობდი, გარდა ამისა, დასრულდა საბჭოთა კავშირი, ქვეყანა ახალ სისტემაზე გადადიოდა, ყველაფერი ძალიან მოუწესრიგებელი იყო. 

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვამ და ამ კუთხით ბევრი ინფორმაციის მიღებამ, პროფესია უკვე გზაზე დააყენა, გაზარდა კვალიფიკაცია, ბიზნესის მოთხოვნებიც. შედგა პროფესია იმ კუთხით, რომ მას პროფესიული ორგანიზაციის სახით დასაყრდენი ძალა ჰქონდა. იმ ეტაპზე, 2000 წლამდე მომზადდა სასწავლო გადამზადების კურსები, გადავამზადეთ სპეციალისტები. მოკლე, თუმცა, ძალიან დატვირთული კურსები იყო, ახალი სასწავლო პროცესი პროფესიონალი ბუღალტრებისთვის. ზოგს ინსტიტუტის შემდეგ არაფერი ჰქონდა ნასწავლი. მით უმეტეს, ამ ცვლილებებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, ბევრი განაცხადი გაკეთდა, ბევრს სურდა სპეციალობაში კვალიფიკაციის ამაღლება, ბევრი ამას ვერ ახერხებდა. პროფესიული ორგანიზაციის მოთხოვნები მარტივად გადასალახი არ იყო. შემოტევა იყო ფედერაციაზე, შემოდიოდა უამრავი ზარი, რატომ ჩაიჭრა გამოცდაზე ამა თუ იმ კომპანიის ბუღალტერი, ხომ არ მიჩაგრავთ. ამერიკელების დახმარებით, სასწავლო პროცესში საქმეები ისე გადავანაწილეთ, რომ არ ვიცოდით, სხვა რას აკეთებდა. ასეთმა გადანაწილებამ იმის საშუალება მოგვცა, რომ საგამოცდო-სერტიფიცირების პროცესში ვერ ჩავრეულიყავით. სხვათა შორის, თქვენი ჟურნალის მთავარი რედაქტორი გიორგი ცერცვაძე სწორედ იმ პერიოდიდან არის პროფესიონალი ბუღალტერი და ერთ-ერთი პირველი ,რომელმაც წარმატებით გაიარა ეს გამოცდები. 

- ცხადია, რომ მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ბაფს პროფესიის განვითარებაში. ამჯერად, თუ გადავწყვიტე გავხდე რომელიმე პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რატომ უნდა გავაკეთო არჩევანი ბაფზე? რა არის დღეს თქვენი პროფესიული ორგანიზაციის მთავარი უპირატესობა და როგორ ეხმარებით თქვენს წევრებს? 

- ამ კითხვაზე საპასუხოდ გავაგრძელებ ბაფის ისტორიას. საერთაშორისო შეხვედრებმა, პროფესიულ ორგანიზაციებთან საუბარმა, სასწავლო-სამეცნიერო კვლევითმა სამუშაოებმა იმის საშუალება მოგვცა, რომ დავკავშირებოდით დიდი ბრიტანეთისა და უელსის პროფესიულ ორგანიზაციას, რომელმაც მიგვანიშნა, პროფესიის დამოუკიდებლობისა და განვითარებისთვის თუ რა იყო საუკეთესო სასწავლო პროგრამები, მიდგომები. ჩვენს მისაღებად ჩავთვალეთ ბრიტანული გზა, რათა არ დაგვეწყო ველოსი პედის ხელახლა გამოგონება. 2000 წელს დიდი ბრიტანეთის პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტთან დავამყარეთ კავშირი ACCA-ს პროგრამით სწავლებისა და სერტიფიცირების პროცესის დანერგვაზე. ამ პროგრამის გამოყენებაზე დაგვთანხმდნენ, თუმცა, ამის გაკეთება მარტივი არ იყო. ყველაფერი ინგლისურად იყო, არ არსებობდა ტერმინოლოგია, რომელზედაც მთარგმნელები იმუშავებდნენ. ბრიტანელებს პროგრამის თარგმნისა და ნაციონალურ ენაზე სწავლების უფლება ვთხოვეთ. ამ პროგრამაში ჩართვის რესურსი ძირითადად ახალგაზრდებს ჰქონდათ, პროგრამის გავლა ასაკში შესულ ადამიანებს ძალიან ეძნელებოდათ. 

რატომღაც დაგვთანხმდნენ და ბევრი შრომის შემდეგ, პროგრამა ნაციონალურ ენაზე გავაკეთეთ. მინდა აღვნიშნო, რომ იმ პერიოდში, მსოფლიოში სულ 3 ქვეყანას ჰქონდა ნაციონალურ ენაზე ACCA-ის პროგრამის სწავლება. მათ შორის დღესაც არ აქვს ისეთ დიდ ქვეყნებს, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი, გერმანია, ესპანეთი და ამ დროს აქვს საქართველოს! ყველას უკვირს, ვინც კი გაიგებს, რომ სასწავლო პროცესი არის ეროვნულ ენაზე. ბუნებრივია, მსმენელებს არჩევანის შესაძლებლობა აქვთ და პროგრამის გავლა ინგლისურ ენაზეც არის შესაძლებელი. მეორე გამოწვევა საქართველოში შესაბამისი ლიტერატურის მოძიება იყო, 14 წიგნი იყო გადასათარგმნი, დაახლოებით 20 ათას ფურცლამდე. ეს ყველაფერი სწრაფად უნდა გაგვეკეთებინა, საქმეები გაგვენაწილებინა. აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ გამომცემლებთან, ვაგზავნიდით ეგზემპლარებს. ძალიან დიდი სამუშაო იყო. ასე ჩაეყარა საფუძველი იმ დიდ ფედერაციას, რომელიც დღეს გვაქვს. დღეს, აჩჩა-ს სასერტიფიკაციო პროგრამა უკვე `სარასმაც~ (ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური) აღიარა. ამ პროგრამით უამრავი სპეციალისტი გადამზადდა. დღესდღეობით, ამ პროგრამაში დაახლოებით 12 ათასამდე ახალგაზრდა სპეციალისტია ჩართული. 

საბოლოო შედეგი არის ის, რომ ვიღებთ განათლებულ, პროფესიონალ ბუღალტრებს, რომლებიც ბიზნესისა და მენეჯმენტის უმაღლეს მწვერვალებს პასუხობენ, არა მარტო საქართველოში, არამედ ეს არის ყველაზე კარგი გამოცდილება მსოფლიოში, რაც შეიძლება ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით მიიღო. საქართველომ შეძლო მსოფლიო დონის პროფესიული და სერტიფიცირების პროგრამის დანერგვა, განხორციელება და შედეგების მიღება. 

ამასთანავე, პროფესიული ორგანიზაცია სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობს საკანონმდებლო, ნორმატიული აქტების მომზადების, პროფესიის მართვის, რეგულირების პროცესში. ასე მარტივად ვერ ითქმება, თუ რამდენად რთული და მაღალი დონის საქმიანობა ხორციელდება. 

გვაქვს ეთიკის კოდექსი, რომელიც ბევრი რაღაცის მიმართ პასუხისმგებლობის დაცვასა და კეთილსინდისიერებას გვავალდებულებს, რაც უკვე პროფესიაზეც აისახება. ასევე, მზად ვართ ჩვენს წევრებს და მათაც, ვინც ჩვენი წევრები არ არიან, მაგრამ ჩვენი პროფესიის ხალხია, გვერდით დავუდგეთ. მარტივია გახდნენ ჩვენი ორგანიზაციის წევრები და მიიღონ ძალიან ბევრი შეღავათი, რაც ფედერაციას აქვს, მათ შორის – საკონსულტაციო მომსახურება უსასყიდლოდ. საწევროს ღირებულება კი, სიმბოლური, 1 ლარია. ალბათ, ვერ ნახავთ პროფესიულ ორგანიზაციას დედამიწაზე, რომელსაც ჩვენზე იაფი საწევრო გადასახადი აქვს. რაც შეეხება საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობას, ბუნებრივია, გავცემთ კვალიფიციურ კონსულტაციას, მაგრამ არ ვერთვებით დავებში. პროფესიული ორგანიზაცია ვერ იქნება რომელიმე კერძო სტრუქტურის თუ ფიზიკური პირის მოდავე მხარე. 

- თქვენ უკვე წლებია ბაფის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით. როდესაც 90-იანი წლების ბოლოს ბაფმა პროფესიული სერტიფიცირება დაიწყო, არსებობდა 3-ეტაპიანი სასერტიფიკაციო პროგრამა, რომელიც უმეტესწილად პრაქტიკული დისციპლინებისაგან შედგებოდა და 1-2 წელიწადში შეიძლებოდა მისი ჩაბარება (და შესაბამისად, პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსის მიღება). შემდეგ გადავიდა ACCA პროგრამის სწავლებასა და სერტიფიცირებაზე. ამ პროგრამის მიმართ არსებობს ქებაც და კრიტიკაც. კერძოდ ის, რომ ამ პროგრამით (12 წიგნი) ნასწავლი მსმენელთა ორ მესამედს პრაქტიკულ საქმიანობაში არ გამოადგება. ასევე პროგრამა ძვირია, სწავლის პროცესი კი დროში გაწელილი. ამასთან დაკავშირებით როგორი იქნება თქვენი პასუხი?
 
- მოდი დავიწყოთ იმით, თუ როგორ პასუხობს განათლების სისტემა პროფესიის მოთხოვნებს. არ მინდა ვიყო კრიტიკოსი, ან ცუდის მთქმელი, განსაკუთრებით ამ დარგში, ქართულ მეცნიერებაზე. ეკონომიკაში, სხვადასხვა უნივერსიტეტში, უამრავი დისერტაციის დაცვა ხდება. სამეცნიერო წრეებში არის გარკვეული მიღწევები, თუმცა შედეგი არის სავალალო, იმიტომ რომ საქმიანი და შედეგიანი სამეცნიერო ნაწილი არ გვაქვს. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ არ გვაქვს ქართული სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც უპასუხებდა პროფესიაში არსებულ გამოწვევებს, სასწავლო ლიტერატურას შეუქმნიდა უმაღლეს და საშუალო განათლების დაწესებულებებს. ძალიან აქტიურად იმუშავა ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურამ, რათა ACCA-ს ძირეულ ბაზაზე შეექმნა ახალი გამოცემები, რომელიც თანხვედრაში იქნებოდა სპეციალობის განვითარებასთან და უნივერსიტეტმა განახლების საფუძველზე რამდენიმე წიგნი-სახელმძღვანელო გამოსცა. არ მგონია, რომ სხვა უნივერსიტეტები განსაკუთრებულად ეპყრობოდნენ ამ საკითხს. საკვირველიც კი არის, რომ ზოგიერთი უნივერსიტეტიდან მოსულ მსმენელებს, ამ უნივერსიტეტებში გავლილი ისეთი საგნების ჩამონათვალი აქვთ, რომ პროფესიასთან თანხვედრაშიც არ არის. ჩვენ ღიად გამოვაცხადეთ თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან, რათა ACCA-ს სასწავლო პროგრამასა და უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს შორის თანხვედრის შემთხვევაში ჩათვლების რეჟიმი მიგვენიჭებინა. დღესდღეობით, მთელს საქართველოში ასეთი მხოლოდ 5 გვყავს. ეს ძალიან ცოტაა. ძალიან ბევრი ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც პროფესიის წინაშე დგას. გავიმეორებ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ისეთი თემატიკაა გავლილი, ვერ გაიგებ სტუდენტმა რა ისწავლა. ვერ გეტყვით, ნამდვილად სჭირდება თუ არა ბუღალტერს ხაზვა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ხაზვასა და ხატვას ასწავლიან. 

ახლა დავუბრუნდეთ და ორ ნაწილად განვიხილოთ – რა არის ACCA-ს პროგრამა. ამ პროგრამის მთავარ მოთხოვნებს თავად ACCA აყენებს. 2-3 წელიწადში ერთხელ მთლიანი საპროგრამო ლიტერატურის განახლება გვიწევს, სულ ცოტა – ცვლილებების შეტანა მაინც. შეიძლება იყოს ისე, რომ წიგნში რამდენიმე თემა შეიცვალოს. ამის ვალდებულება გვაქვს არა მარტო ACCA-სთან, არამედ `სარასის~ წინაშეც, რადგან მის მიერ პროგრამის აღიარების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ის, რომ მსოფლიო საზოგადოებასა და იმ განათლების სისტემას, რომელსაც ACCA ჰქვია, არ ჩამოვრჩენილიყავით. 

მსმენელის, რომელმაც სერტიფიცირებაში მონაწილეობა მიიღო და გაიარა ეს სასწავლო პროგრამა, მომზადების დონე უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც იქნება ინგლისში, ამერიკაში, გერმანიასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ჩვენ ამ მოთხოვნას ვპასუხობთ. რაც შეეხება საფასურს, სასწავლო და სერტიფიცირების პროცესები კარგა ხნის წინ გავყავით. იმიტომ, რომ ACCA-მ მოგვთხოვა. შესაბამისად, ფედერაცია სერტიფიცირების საგამოცდო პროცესს წარმართავს, ხოლო სასწავლო პროცესს – ფედერაციის მიერ დაფუძნებული პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი. ნებისმიერი ინსტიტუტის საგანმანათლებლო ციკლის მანძილზე, ყველაზე ცოტა გადასახადია ACCA-ში. სხვადასხვა საკითხის გაერთიანების შედეგად 14 წიგნი 12-მდე შემცირდა. ჩვენთან სწავლის გადასახადი, პირობითად რომ ვთქვათ, 6 ათას ლარს არ სცილდება. ზოგიერთ უნივერსიტეტს 6 ათას ლარზე მეტი სემესტრის ან წლიური გადასახადი აქვს, ამის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაზე ძვირია? ეს არის უბრალოდ იმათი მიზეზი, რომლებიც შედეგს ვერ აღწევენ, შედეგის მიღწევა კი ნამდვილად არ არის მარტივი. ACCA-ს მსგავსი ტიპის მომზადება არცერთ უნივერსიტეტს არ აქვს. ჩვენი სასწავლო პროცესი არის შეხვედრები წიგნში ამოკითხული საკითხების გაანალიზებისთვის. ლექტორი და სტუდენტი ხვდება იმისთვის, რომ გაარკვიონ ის საკითხი, რომელიც ვერ გაიგეს. დანარჩენი ყველაფერი წიგნში წერია, წიგნი არის თვითმასწავლებელი, როგორ უნდა წაიკითხო, რათა მიაღწიოს შედეგს, რა დრო უნდა დახარჯო თეორიაზე, პრაქტიკულ ამოცანებზე, როგორ იქნება ეს გამოცდაზე წარმოდგენილი. ყველა პროცედურას ასწავლის წიგნი. 

- თქვენ ნაწილობრივ ისაუბრეთ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე, რომელსაც არამარტო თქვენი, არამედ ყველა პროფესია აწყდება. მთავარ გამოწვევად მაინც რას დაასახელებდით? სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ განათლების თანამედროვე პროცესებს თავად პედაგოგებიც ვერ მიჰყვებიან, მათი კვალიფიკაციის დონე ძალიან დაბალია და შესაბამისად, მათ არ შესწევთ უნარი მოსწავლეებს საჭირო განათლება მისცენ. თუნდაც ბუღალტერს, რომელიც რამდენიმე წელი უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, რატომ სჭირდება დამატებითი პროგრამების გავლა იმისთვის, რომ მუშაობა შეძლოს? 

- ქვეყანას ერთ სულ მოსახლეზე ჰყავს ყველაზე მეტი უმაღლესდამთავრებული, რომელიც თავის პროფესიაში განათლების მიღების შემდეგ ვერაფერს ახერხებს. ვფიქრობ, პრობლემა იწყება სკოლიდან. ქვეყანაში, სადაც არის კერძო სამართალი, კერძო ბიზნესი, ამ მიმართულებით მოსწავლეების მომზადების საფუძველი სკოლებიდან უნდა შეიქმნას. განვითარებულ ქვეყნებში – გერმანია, საფრანგეთი, ფინეთი და სხვა, ეს დისცი პლინები უკვე სკოლებშია შეტანილი. შემდეგ, უმაღლესი სასწავლებლები ახალგაზრდებს მაღალი დონის სწავლებას სთავაზობენ. პროფესიული ორგანიზაციებიც სხვა სახით არიან მოწყობილები, უფრო დაკავებულები არიან პროფესიული განათლების შენარჩუნებითა და არა მომზადებით.
 
უმაღლეს სასწავლებლებს ACCA-ს პროგრამებთან ისეთი თანხვედრა აქვთ, რომ საზღვარგარეთ, ზოგიერთი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული 10-11 წიგნიდან ჩათვლას იღებს. წარმოიდგინეთ, ადამიანი დროისა და ფულის თვალსაზრისით რამხელა ეკონომიას აკეთებს, თუ განათლება მიიღო, მაგალითად ლონდონის უნივერსიტეტში და მიმართა ACCA-ს, სადაც 12-დან 11 წიგნი ჩაუთვალეს და სერტიფიცირებაზე მე-12 წიგნის ჩაბარებით გავიდა. შესაბამისად, უნივერსიტეტის დამთავრებიდან 6 თვეში აუდიტორი გახდა. ჩვენთან ეს, ფაქტობრივად, მიუღწეველია, რომ ვინმე უნივერსიტეტის დამთავრებიდან 6 თვეში აუდიტორი გახდეს. 

ამდენი ხანია, ფედერაციაში განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვარ და ძალიან ბევრ რამესთან მომიწია შეხება. საწყენია, 20-25 წლის განმავლობაში უყურო იმას, რომ განათლების სისტემა ვერ ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებლებს ACCA-ს ლიტერატურა უსასყიდლოდ გადავეცით, რომ იქნება პედაგოგებმა მაინც შეიტანონ გარდატეხა ამ სისტემაში. ასევე ლიტერატურა გადავეცით დაინტერესებულ ბიბლიოთეკებს, მათ შორის საჯარო ბიბლიოთეკას, იმისთვის, რომ არა მარტო სტუდენტებს, არამედ ლექტორებსაც შეეძლოთ ამ ლიტერატურის გაცნობა. სარასმა მოთხოვნა დაუყენა უნივერსიტეტებს, რომ სასწავლო პროგრამები ACCA-ს პროგრამებთან თანხვედრაში 70-80 პროცენტით მაინც მოიყვანონ, მაგრამ არ არის გამოხმაურება. განათლების სამინისტროს ეს პრიორიტეტი არ უდგას, მას აქვს ცალკე განყენებული პროგრამები. თუ მათ უმაღლესი სასწავლებელი აკმაყოფილებს, კვალიფიკაციის დადასტურების შესაძლებლობას აძლევს. აქედან გამომდინარე, უკვე უნივერსიტეტებსაც აღარ აქვთ მოტივაცია, რომ განვითარდნენ. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ კარგი მდგომარეობაა. თუმცა, დრო ალბათ თავისას მოიტანს. ახალგაზრდები ბრუნდებიან საზღვარგარეთიდან, რომლებსაც კარგი განათლება აქვთ მიღებული და გარკვეული წლების გასვლის შემდეგ, ალბათ, ჩვენც კარგ შედეგს მივაღწევთ.
 
- ვინც ბაფის საერთო კრებებს დასწრებია 2001-2016 წლებში, ხშირად მომსწრე ყოფილა ამ კრებებზე თქვენი და ბაფის ერთ-ერთ წევრს შორის მწვავე კამათისა. იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იყო თქვენ შორის ამა თუ იმ საკითხზე მართალი, ზედმეტად ხისტი და კონფლიქტური ხომ არ იყო ეს დებატები? განსხვავებულ აზრს როგორ ეგუებით?

- ყველას აქვს თავისი აზრის ქონის უფლება, რომელსაც შეიძლება მე არ ვეთანხმებოდე. თუმცა, გასაგებია, რაზეც არის საუბარი. ბაფის საერთო კრებებზე ერთადერთი იყო გიორგი ცერცვაძე, რომელიც დამსწრეთა შორის უკმაყოფილო იყო, ყოველთვის განსაკუთრებული მოთხოვნა ჰქონდა, რომ მისთვის უნდა მოესმინათ. მე არ ვამბობ, რომ მას აქტუალური გამოსვლები არ ჰქონდა, ზოგიერთ შემთხვევაში გამოსაფხიზლებელიც კი იყო, მაგრამ ვფოქრობ, ზოგიერთ შემთხვევაში მისი გამოსვლა უფრო სუბიექტური იყო, ვიდრე ობიექტური. თუმცა, იყო საკითხები, რომელსაც ფედერაცია ითვალისწინებდა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა იყო ფედერაციის აუდიტი, ჩვენ ამის პრაქტიკა არ გვქონდა, რადგან იურიდიულად ამის ვალდებულება არ გვეკისრებოდა. თუმცა, მოგვიანებით ეს მოთხოვნა აიფაკმაც (IFAC) დააყენა და ჩვენ დროში დავასწარით. შესაბამისად ეს მოთხოვნა იყო საფუძვლიანი. 

თუ ფედერაციის აუდიტი რამეს აღმოაჩენდა, ეს ჩვენთვის საუკეთესო პრაქტიკა იქნებოდა, რათა სწორი გზით წავსულიყავით. თუმცა, ასეთ ფაქტები არ ყოფილა. 

- თქვენი აზრით, რამდენად გაამართლა რეფორმამ, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება? ეს რეფორმა წარმატებულად სახელდება, მაგრამ თუ ხედავთ რაიმე ისეთი სახის ხარვეზს, რომელიც პროფესიის კიდევ უფრო მეტად წინსვლას აფერხებს და სასწრაფოდ გამოსასწორებელია? მაგალითად, არის თუ არა დაცული აუდიტური კომპანია პროფესიის ზედამხედველობის სამსახურის სუბიექტივიზმისაგან, ან საწარმოსთვის მნიშვნელოვანი კონფიდენციალური ინფორმაციის „გაჟონვისაგან“ მათი შემოწმებების დროს? აუდიტის ზედამხედველობის სამსახურიდან წასული სპეციალისტების დიდი ნაწილი დღეს სწორედ კერძო აუდიტურ ფირმებშია დასაქმებული... 

- რეფორმა დაიწყო არა 2016 წელს, არამედ 1999 წელს, როდესაც პროფესიის მარეგულირებელი პირველი კანონი მიიღეს. საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებაში ამ კანონმა გადამწყვეტი როლი შეასრულა. შემდეგ იყო 2012 წელს მიღებული კანონი. სპეციალისტთა გარკვეულ ჯგუფს მიაჩნდა, რომ ის კანონი ცუდი იყო და იმპერატიულად, ფედერაციისთვის მომგებიანი და მონოპოლიური. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, ნამდვილად ვიცი რა პროცესები გავიარეთ, არანაკლები 2016 წლისა. 2012 წელს სხვანაირი პირობები დადგა, დავანებოთ იმას თავი, რომ გარკვეულ ჯგუფს ეს არ მოსწონდა და ამბობდა, რომ მონოპოლია გვეჭირა. პროფესიული ორგანიზაციის კუთხით მაშინაც მონოპოლისტები ვიყავით და რეალურად დღეს, ჩვენი საქმიანობით, კვლავ მონოპოლისტები გამოვდივართ. ჩვენნაირ ქვეყანაში კი არა, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ, რომლებსაც თითით საჩვენებელი პროფესიული ორგანიზაციები ჰყავდათ (თვით დასავლეთის ქვეყნებიც კი, თუ რამის გარკვევა გინდოდა, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაზე მიუთითებდნენ), პროფესიული ორგანიზაციების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს, რათა უფრო გაძლიერებულიყვნენ. ჩვენ საქართველოში გვაქვს 4 თუ 5 ორგანიზაცია და ამ დაქსაქსულობამ ცუდი რამე გააკეთა, ეს არ გვაძლევს განვითარების საშუალებას. ყველა ერთ ჭკუაზე ვერ ვიქნებით, მაგრამ პროფესიაში თუ მივაღწევთ იმას, რომ ერთი ხედვა, განვითარების ერთი გზა გვქონდეს, რომელიც დასავლეთიდან მოდის, ეს იქნება ძალიან კარგი. თუმცა, ნებისმიერ ორგანიზაციას სრული უფლება აქვს, როგორც პროფესიული, ისე საკანონმდებლო გზით განვითარდნენ და წინ წავიდნენ. მათ არავითარი შეზღუდვა აქვთ არც ჩვენი, არც სარასის და არც კანონის მხრიდან. 

2016 წელს მიღებულმა კანონმა, სამწუხაროდ, ყველაფერი დაივიწყა, რაც ადრე იყო. მოვიდა "სარასი", მაგრამ ამით არ დაწყებულა ყველაფერი, ამის უკან იდგა ის დიდი შრომა, 20 წლის გამოცდილება, წვალება, ჩვენი ბიზნესისა და ფინანსური მდგომარეობის ხარჯზე, რაზედაც ვილაპარაკეთ. ეს არ იყო მარტივი, მაშინ ჩვენ ჟინიც გვქონდა, ნიჭიც და ნელ-ნელა გამოცდილებაც მივიღეთ, რომ 2016 წლამდე მოვსულიყავით. 

ახლა ვნახოთ, რა მოგვიტანა ამ კანონმდებლობამ. კანონმდებლობას უნდა მოჰქონდეს სიმშვიდე, უფრო მეტი წარმატებები და დიდი გამოცდილების გამოყენების საუკეთესო პირობები. სამწუხაროდ, მსუბუქად რომ ვთქვათ ყველაფერი ასე არ წავიდა. `სარასი~ იყო ნულოვან წერტილზე, არაფერი გააჩნდა, გარდა სახელისა და გვარისა. ფედერაციამ `სარასს~, აბსოლუტურად, ყველაფერი გადასცა, რაც 20 წლის განმავლობაში მოაგროვა, როგორც ინტელექტუალური, ისე მატერიალური ქონება და ამ მატერიალური ქონების გამოყენების გზები, თავისი კარგი სპეციალისტებით, მთარგმნელებითა და ასე შემდეგ. `სარასმა~ ეს რამდენად სწორად მიიღო და გააკეთა, ამის შეფასება პროფესიის წევრებისთვის დამითმია. რაც შეეხება ზეგავლენას, კანონში ორგანიზაციასთან თანამშრომლობაა მითითებული, ისინი კი ყველანაირად ეცადნენ, რომ უფროსები ყოფილიყვნენ, იმ დროს, როდესაც ბუნებაში არ არსებობს მოთხოვნა და საფუძველი არანაირი უფროსობისა და ქვეშევრდომობის; იმ დროს, როდესაც თანამშრომლობით გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლებოდა, გაცილებით წარმატებული შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც ფედერაცია, ისე `სარასი~. 

უკვე თითქმის 6 წელი გავიდა ახალი კანონის მიღებიდან. განახორციელა თუ არა `სარასმა~ საკანონმდებლო მოთხოვნები, ამ კითხვაზე პასუხს პროფესიაში ჩახედული ხალხი გასცემს. ზედამხედველობის სამსახურის შექმნის მთავარი მიზანი იყო აუდიტის რეგულირება, კონტროლი და მიზანშეწონილობის შეფასება. ყველაფერი გაკეთდა ამის გარდა... იმ პერიოდში 250-ზე ცოტა მეტი აუდიტური ფირმა იყო, მათგან დღეს დაახლოებით 85-ია შემოწმებული. არადა, ამ დროისთვის ყველა შემოწმებული უნდა იყოს, უნდა „გასუფთავებულიყო“ როგორც პროფესია, ისე ბაზარი. ამ პროფესიაში ზედმეტი არაკვალიფიციური, არაკეთილსინდისიერი და არაეთიკური საქციელით მომსახურებები კვლავ რჩება, რასაც აუდიტის სფერო, ჯერჯერობით, იტანს. `სარასი~ ცდილობს ბაზარზე ბევრი მტერი არ გაიჩინოს, პროფესია კი, ამ კუთხით, ძალიან ზარალდება. იმის მაგივრად, რომ ბაზარზე მონაწილეთა რიცხვი შემცირებულიყო, რამდენადაც ვიცი, პირიქით მოხდა, მათი რიცხვი 270-მდე გაიზარდა. რა ხდება მაშინ, როდესაც ხარისხი ძალიან ცოტა კომპანიაში შემოწმდა? ხარისხიანი მომსახურება არის ძალიან დაბალი. ამ შემოწმებულ 85 კომპანიაშიც კი უფრო მეტად დაბალი შეფასებებია, ვიდრე მაღალი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 270 კომპანიიდან, სადღაც 80-დან 120 კომპანიამდე აუდიტს საერთოდ არ აკეთებს, ან ბოლო წლების განმავლობაში აუდიტი არ ჩაუტარებია, მაგრამ აქვს სხვა მომსახურებები – ბუღალტერია, აუთსორსინგი, საგადასახადო გარიგებების კუთხით დავებში შესვლა და სხვა. ეს არ არის აუდიტი და ამ ფირმებს აუდიტური კომპანიების სტატუსი არ უნდა ჰქონდეთ. ის ვინც აუდიტორულ საქმიანობას არ ეწევა, ფინანსურ აუდიტს არ ახორციელებს, სხვა სახელი უნდა დაირქვას. ამისთვის შეიქმნა `სარასი~, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგებულიყო. 

- პირიქითაც გვესმის, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ პროფესიის რეგულირება ძალიან გამკაცრებულია, კერძოდ სახელმწიფო ზედმეტად ერევა ამ ბიზნესში, რაც ჯანსაღ კონკურენციასა აფერხებს და მსხვილ აუდიტურ ფირმებს ხელს აძლევს... 

- ხარისხის კონტროლი ორჯერ გვაქვს გავლილი, სდპ-ის აუდიტის უფლებამოსილების სტატუსი გვაქვს მინიჭებული. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი შეფასების საფუძველი არ არსებობს. `სარასი~ მკაცრად უყურებს ამ საკითხს, ზოგიერთ შემთხვევაში ზედმეტად მკაცრიც შეიძლება იყოს. შემოწმების პროცესი არ მომწონს, მაგრამ როდესაც შემოწმება მთავრდება, მერე ნამდვილად მომწონს. როდესაც ეს პროცედურა მეორედ გავიარე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ `სარასის~ ხელი სამართლიანი და მკაცრი უნდა იყოს. აუდიტორს საზოგადოების ნდობა უნდა გააჩნდეს და მისი საქმიანობა მოვალეობის მოხდას არ უნდა ჰგავდეს. საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად ძალიან ბევრი შრომაა საჭირო როგორც აუდიტორების, ისე `სარასის~ მხრიდან. ზუსტად ამიტომ ვამბობ, ამ კომპანიებს შემოწმებები რომ გაევლოთ და ბაზარი ზედმეტი ტვირთისგან გათავისუფლებულიყო, შეიძლება `სარასის~ მიმართ სალანძღავი ბევრი ყოფილიყო, ზოგიერთ შემთხვევაში დაუმსახურებელიც კი, მაგრამ ქვეყნისთვის და პროფესიისთვის შედეგი გაცილებით უკეთესი იქნებოდა. 

- მომხმარებელი აუდიტური კომპანიის შერჩევისას, რიგ შემთხვევაში, მათ რეიტინგებს უყურებს. აუდიტორული კომპანიების რეიტინგების (ძირითადად, შემოსავლების მიხედვით) შედგენა და გამოქვეყნება მთელს მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც, მაგრამ რამდენად სანდო და სასარგებლოა ეს რეიტინგები იმ დროს, როდესაც საქართველოში აუდიტორული საქმიანობის ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია? 

- საქართველოში ეს რეიტინგები სრული უაზრობაა. იმ რეიტინგებთან, შინაარსით, როგორიც განვითარებულ ქვეყნებშია აღიარებული, არაფერი საერთო გვაქვს. ამასთან დაკავშირებით მათ რაც სამუშაო ჩაატარეს, ჩვენ მსგავსი არაფერი ჩაგვიტარებია. უბრალოდ გვინდა, ეს მოდელი საქართველოსაც მოვარგოთ, რაც აბსურდულ სახეს იძლევა. ჩვენ თუ წავალთ იმ გზით, რომ რეიტინგი ნიშნავს შემოსავალს, ზოგიერთ ქართულ კომპანიას, რომელიც არც ქსელის, არც ოთხეულის წევრია, იმაზე გაცილებით მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე ზოგიერთ სდპ-ის აუდიტის უფლებამოსილ კომპანიას. გაგიკვირდებათ და იტყვით რატომ? მას არ გაუვლია შემოწმება, არ იცის საერთოდ, რა არის ხარისხის კონტროლი, რა მოთხოვნები აქვთ. ისინი ბაზარზე თავისუფლები არიან, ბაზარი რასაც ითხოვს, იმას აწოდებენ და საკმაოდ წარმატებულად შოულობენ ფულს. ბუნებრივია, მათ ფული უნდა იშოვნონ, მაგრამ ეს მხოლოდ ხარისხიანი მომსახურების შესრულების შემთხვევაში უნდა ხდებოდეს.
 
- თქვენს განვლილ პროფესიულ გზას თუ შევაფასებთ, ბევრ რამეს მიაღწიეთ, უამრავი ადამიანი გიცნობთ. თქვენ თვითონ თუ ხართ კმაყოფილი მიღწეულით (პროფესიული თვალსაზრისით), თუ მეტის მიღწევა გსურდათ და შეგეძლოთ? ყველაზე მეტად რა გეამაყებათ? 

- ჩემმა ჯანმრთელობამ არ მომცა საშუალება მეტის, ვინაიდან ძალიან ახალგაზრდა ასაკში ბევრი ოპერაციის გაკეთება მომიწია. გარდა ამისა, როდესაც განათლებას ვიღებდი, სკოლაში გერმანულს მასწავლიდნენ, ინსტიტუტში ფრანგულს, საქმეში კი აღმოჩნდა, რომ ძალიან მჭირდებოდა ინგლისურის ცოდნა. გული ვერ დავუდე, თუ დრო არ მეყო ინგლისური მესწავლა იმ დონეზე, რომ ლიტერატურის გაცნობისა და უცხოელებთან მუშაობის შესაძლებლობა მქონოდა. არადა, ისეთი ურთიერთობების საშუალება მომცა ფედერაციამ, სხვადასხვა ქვეყნის პროფესურასთან, პროფესიული ორგანიზაციების, დიდი აუდიტორული კომპანიების ხელმძღვანელებთან მქონდა შეხვედრები... ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ბევრი რამე დავუკარგე ჩემს ქვეყანასა და ჩემს პროფესიას ჩემი ინგლისურის არცოდნით. ინგლისური რომ მცოდნოდა, ძალიან ადრე მივაღწევდი იმას, რაც ახლა კეთდება: ხარისხის კონტროლი, ლიტერატურა, საუკეთესო მაგალითების გაცნობა ახალგაზრდებისთვის. ეს ყველაფერი, რაც ითარგმნა და "სარასის" ვებგვერდზე დევს, შემეძლო 18-20 წლის წინ გამეკეთებინა. ვფიქრობ, ბევრად წინ ვიქნებოდით. სხვა მხრივ პროფესია ისევე მიყვარს, როგორც ადრე. რუსებს აქვს ასეთი გამოთქმა: არსებობენ „ალკოგოლიკები“ და არსებობენ „ტრუდოგოლიკები“, მე ვარ „ტრუდოგოლიკი“. საქმე თუ არ მაქვს, მაინც საქმეს ვაკეთებ, იმდენად ავადმყოფური დამოკიდებულება მაქვს ჩემი პროფესიის მიმართ. დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის ისეთი პიროვნებები, როგორებიცაა ბატონები ლავრენტი ჭუმბურიძე, რევაზ ძაძამია და სხვები, რომლებიც ჩვენს ფედერაციას ხელმძღვანელობდნენ. თავიდან რომ მქონდეს არჩევანი, ისევ ჩემს პროფესიას ავირჩევდი. 

- ამჟამად, თქვენი უახლოესი გეგმები რა არის? ვგულისხმობთ როგორც ბაფში, ასევე აუდიტურ კომპანია შპს "კონსაუდში", რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თქვენ ბრძანდებით. 

- მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 180-მდე ქვეყნის პროფესიული ორგანიზაციაა "აიფაკის" (IFAC) წევრი, ბაფი ამ ქვეყნებს შორის, რეიტინგებითა და შეფასებებით, პირველ 25-30 ქვეყანაში მოიხსენიება. თუ ამ სიას ჩახედავთ, ისეთ გიგანტ ქვეყნებს ვუსწრებთ, გაგიკვირდებათ, რა უნდა გაგვეკეთებინა იმ შესაძლებლობით, რასაც მივაღწიეთ. თუმცა, ვფიქრობ, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ჩვენი გამოცდილება, ხედვა გვაძლევს იმის შესაძლებლობებს, ბაფის მდგომარეობა საუკეთესო პრაქტიკისკენ ავამაღლოთ. ნორმატიულ აქტებს, მიზანს, გეგმას კიდევ ერთხელ გადავხედოთ და თანამედროვე მოთხოვნებით გადავამუშაოთ. სახელმწიფო სტანდარტებთან დაკავშირებით ძალიან მწირია ჩვენი და სახელმწიფო სტრუქტურების ურთიერთობა. "აიფაკი" (IFAC) გვავალდებულებს, რომ გარკვეული რეგულაციები გვქონდეს და არა მარტო კერძო, არამედ სახელმწიფო-საჯარო სტრუქტურებისთვისაც ვიზრუნოთ, სამუშაო ბევრია. განათლების კუთხითაც, ამ პანდემიამ ძალიან ცუდი ეფექტი გამოიწვია. ფაქტობრივად, განახევრდა სასწავლო პროცედურაში ჩართული ხალხი და ვინც არის, მათგანაც ყველა ხომ არ აპირებს სერტიფიცირებაში მონაწილეობას. სერტიფიცირების კუთხით, სადღაც 50 პროცენტამდე ვართ ჩამოსული, რაც არა მარტო სპეციალისტების გამოშვების ტემპებს, არამედ ფედერაციის ფინანსურ მდგომარეობასაც ძალიან „ურტყამს“. უკვე 2 წელია, ფედერაცია ზარალზეა და ყველა ძალიან ვნერვიულობთ. მთელი კოლექტივი ხელმომჭირნედ ვართ, რათა ამ ორგანიზაციას, რომელსაც პროფესიის მართვა აკისრია, როგორმე შევუნარჩუნოთ ძალა, გადავარჩინოთ ის ყველაფერი, რაც გვიშრომია და მომავალ თაობებს გადავცეთ იმდენად გამართული, რომ მათ არ ჰქონდეთ შიში, ორგანიზაცია შეინარჩუნებს თუ არა არსებობის უნარს.
 
- რაც შეეხება აუდიტურ კომპანიას? თქვენი ვაჟიც ჩართულია მის მართვაში. 

- ჩემი ვაჟიც და ბევრი ამ კომპანიის ხელმძღვანელის შვილებიც მუშაობენ. მათ აირჩიეს ეკონომიკური განათლება და ამ პროფესიაში გასაზრდელად ყველაზე დიდი, ალბათ, ACCA-ს პროგრამა იყო. მთავარი დახელოვნებაა, ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს საბჭოური ბუღალტერიიდან, თანამედროვე ეკონომიკურ განათლებამდე. ეს ცოდნა და პრაქტიკა ახალგაზრდებს უნდა გადავცეთ, დაოსტატდნენ და შემდეგ როგორც ყველა, ისე გააგრძელებენ ამ პროფესიაში თავიანთ საქმიანობას. 

- ჩანს, რომ პროფესიას კარგად მართავთ. საინტერესოა თავისუფალ დროს როგორ მართავთ, რომელიც ასე ცოტა გაქვთ ბუღალტრებს?
 
- დიახ, ბუღალტრების უმეტესობა დამეთანხმება, რომ თავისუფალი დრო ძალიან მცირეა. ბუღალტრებს გვახასიათებს, განსაკუთრებით თავისუფლად ვთვლით თავს, როდესაც გარიგებებს მოვილევთ, როდესაც ფინანსურ ანგარიშგებებს ჩავაბარებთ, რომელმაც პირველი აპრილიდან პირველ ოქტომბრამდეა გადაიწია და მაინც ვერ ვასწრებთ. უცნაური ბუნება აქვთ ქართველებს, ბოლო დღეს უნდა ჩააბარონ დეკლარაცია, ფინანსური ანგარიშგება და მერე არის შვება, თუმცა, შემდეგი თვეც მალე მოდის. ჩემზე უკვე გითხარით, რომ განსაკუთრებული „ტრუდოგოლიკი“ ვარ. სიამოვნება არის ისევ ჩემი პროფესიის მიმართულებით მუშაობა, ბუნებრივია, ასევე – მეგობრებთან ყოფნა. 

- როგორც გავიგე, სიმღერა გიყვართ და თავადაც მღერით. 

- ეს არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც მეგობრებთან გვიწევს დროის გატარება. კორონავირუსმა ძალიან შეგვიშალა ხელი. კარგი სამეგობრო წრე მყავს. კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების და უფლის, რომ ამდენი დრო მომცა ჩემი პროფესიით, მეგობრებითა და ოჯახით დავმტკბარიყავი. რაც შეეხება სიმღერას, კი ვმღერი, მაგრამ რამდენად კარგი მოსასმენია სხვებისთვის, ამას ვერ გეტყვით. თუმცა, იმ დროს მე ხომ მემღერება, მთავარია გვემღერებოდეს. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი