ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ეკატერინე მიქაბაძესთან - №3(267), 2022
ეკატერინე მიქაბაძე - დაიბადა 1974 წლის 6 მაისს, ქ. თბილისში. 

განათლება 

2006-2008 - ეკონომიკის მეცნიერებათა მაგისტრი, ტოკიოს საერთაშორისო უნივერსიტეტი, იაპონია. 

1991-1995 - ინფორმატიკა და მართვის სისტემები, ბაკალავრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 

1980-1991 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის ქ. თბილისის 53-ე საშუალო სკოლა. 

სამუშაო გამოცდილება 

2021.07-2028.07 - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. 

2018.01-2021.07 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. 

2016.07-2018.01 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 

2011 - საქართველოს უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლა, ლექტორი. 

2013-2016.07 - საქართველოს ეროვნული ბანკი, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი, მონეტარული პოლიტიკის განყოფილება, მე-3 თანრიგის მთავარი სპეციალისტი. 

2011-2013 - საქართველოს ეროვნული ბანკი, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი, მონეტარული პოლიტიკის განყოფილება, მე-5 თანრიგის მთავარი სპეციალისტი. 

2009-2011 - საქართველოს ეროვნული ბანკი, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი, საგადასახდელო ბალანსის განყოფილება, მე-5 თანრიგის მთავარი სპეციალისტი. 

2008-2009 - საქართველოს ეროვნული ბანკი, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი. საგადასახდელო ბალანსის განყოფილება, მთავარი სპეციალისტი. 

2006/07-10 - სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საწარმოთა სტატისტიკის სამმართველო, უფროსის მოადგილე. 

2005-2006 - სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საწარმოთა სტატისტიკის სამმართველო, მთავარი ეკონომისტი. 

2004-2005 - სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, სტატისტიკური სტანდარტებისა და ინფრასტრუქტურის სამმართველო, მთავარი სპეციალისტი. 

2001-2004 - სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, სტატისტიკური სტანდარტებისა და რეგისტრის სამმართველო, უფროსი ეკონომისტი. 

1996-2001 - სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საინფორმაციო-საგამომცემლო ცენტრი, უფროსი ინჟინერი. 

1995-1996 - სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საინფორმაციო-საგამომცემლო ცენტრი, ეკონომისტი.

- ქალბატონო ეკატერინე, მადლობას გიხდით ინტერვიუზე დათანხმებისთვის. დასაწყისში გვიამბეთ თქვენი განვლილი გზის შესახებ. 

– დავიბადე თბილისში და დავამთავრე 53-ე საშუალო სკოლა. ჩვენი სკოლა ჩვეულებრივი, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა იყო, თუმცა, სწორედ ჩემი სწავლის პერიოდში, პირველად, ექსპერიმენტის სახით ე.წ. დიფერენციული სწავლების მეთოდი შემოიღეს. მთლიანობაში, თბილისის სამ სკოლაში, ამა თუ იმ მიმართულებით, გაძლიერებული სწავლების პრაქტიკა დაინერგა. მე ფიზიკა-მათემატიკური განხრა ავირჩიე და 3 წელიწადი, მე-9-მე-11 კლასებში ამ ორ საგანს გაძლიერებულად ვსწავლობდით. 

მინდა გითხრათ, რომ ბავშვობიდან სულ სხვა პროფესია მქონდა არჩეული – მინდოდა ბიოფიზიკოსი გამოვსულიყავი. თუმცა, ამ მიმართულებით არ გამიმართლა. თსუ-ში ამ ფაკულტეტზე მიღება მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ იყო და მიღების პერიოდი დაემთხვა ჩემი სკოლის დამთავრების წინა წელს. ამიტომ შევიცვალე მიზანი და ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. 

სწავლის დასრულების შემდეგ სტატისტიკის დეპარტამენტში, დღევანდელ საქსტატში დავიწყე მუშაობა, სადაც საკმაოდ დიდხანს, 11 წელი, სხვადასხვა პოზიციაზე ვიმუშავე. სტატისტიკაში მუშაობამ ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა და რაც მთავარია, დავინტერესდი ეკონომიკით. 

შემდეგ სწავლა საზღვარგარეთ გავაგრძელე. დავბრუნდი საქართველოში და უკვე ეროვნულ ბანკს შევუერთდი. საკმაოდ საინტერესო პერიოდი იყო, სწორედ მაშინ დავიწყეთ მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას ინფლაციის თარგეთირების დანერგვა. 

2016 წელს, საქმიანობა ფინანსთა სამინისტროში გავაგრძელე, წელიწადნახევარი მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი. 2018 წელს დავინიშნე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის და შემდეგ პირველი მოადგილის პოზიციაზე. გასულ წელს კი ისევ ეროვნულ ბანკს დავუბრუნდი მმართველი საბჭოს წევრის რანგში. 

- 2006-2008 წლებში ტოკიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლობდით. ეს დაუსწრებლად სწავლა იყო თუ იაპონიაში გიწევდათ ჩასვლა? რატომ ამჯობინეთ ეს უნივერსიტეტი ევროპის და აშშ-ის ცნობილ უნივერსიტეტებს? 

– უცხოეთში სწავლის გაგრძელების დიდი სურვილი ნამდვილად მქონდა, თუმცა, იმ პერიოდში ეს ისეთი მარტივი არ იყო, როგორც დღეს არის და სიმართლე გითხრათ, ამის შესაძლებლობა ერთეულებს ჰქონდათ. ძნელი იყო ინფორმაციის მიღება, არც ინტერნეტი იყო მარტივად ხელმისაწვდომი. გამიმართლა და იაპონიაში არსებულ აზიისა და წყნარი ოკეანეთის სტატისტიკის ინსტიტუტში რამდენიმეთვიან კურსზე გავემგზავრე. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი იაპონიასთან მჭიდრო კონტაქტი. როგორც წარმატებულ კურსადამთავრებულს, მომეცა შესაძლებლობა მიმეღო იაპონიის მთავრობის სტი პენდია და ჩამებარებინა ტოკიოს საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც ეკონომიკის ფაკულტეტზე საუკეთესო იაპონელი ეკონომისტები მუშაობდნენ. 

სტატისტიკის ინსტიტუტში სწავლის პერიოდში ძალიან მომეწონა იაპონია და შესაბამისად, დაუფიქრებლად გამოვიყენე ეს შესაძლებლობა, სხვა ალტერნატივაზე არც მიფიქრია, გავემგზავრე 2 წლით. ეს არ ყოფილა დაუსწრებელი სწავლება. ვცხოვრობდი ტოკიოში, უშუალოდ იაპონურ სოციუმში და მართლაც იყო საუკეთესო წლები ჩემს ცხოვრებაში. 

- 3 წელზე მეტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყავით. რას გაიხსენებდით ამ თანამდებობაზე თქვენი მუშაობიდან? 

– რა თქმა უნდა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეობა იყო ძალიან დიდი პატივი და ამავე დროს დიდი გამოწვევა. ამ პერიოდში, არაერთი უმნიშვნელოვანესი აქტივობა, ღონისძიება და რეფორმა დაიგეგმა და განხორციელდა. მართლაც დიდი პატივია, იყო ამ პროცესის ნაწილი, უშუალო მონაწილე და ხშირ შემთხვევაში – თანაავტორი თუ ავტორი. ჩემი პორტფელი არაერთ მიმართულებას მოიცავდა და შესაბამისად, გამიჭირდება გამოვარჩიო ერთი კონკრეტული, რადგან თითოეულ მათგანს, შესაბამისი მიმართულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის კურატორობა საშუალებას მაძლევდა პრაქტიკულად ერთ-ერთი პირველი ვყოფილიყავი, ვისაც ეკონომიკის პულსზე ეჭირა ხელი და რიცხვებში ხედავდა მიმდინარე პროცესებს. განვითარების პარტნიორებთან, ჩვენს დონორებთან ერთად არაერთი ინსტრუმენტი შევიმუშავეთ, რომელმაც მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ჩემი მოადგილეობის პერიოდში დასრულდა საპენსიო რეფორმა და შეიქმნა საპენსიო სააგენტო. გავაუმჯობესეთ საკანონმდებლო ბაზა კაპიტალის ბაზრის მიმართულებით. ასევე გამოვყოფდი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობას და წარმატებით დასრულებულ პროგრამას, რომლის განხორციელებაში უშუალოდ ვიყავი ჩართული. 

პასუხის დასაწყისში ვახსენე, რომ მოადგილეობა დიდი გამოწვევაც იყო და ამ კონტექსტში ძირითადად ვიგულისხმე პანდემია. ეს იყო ურთულესი პერიოდი. იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეგვეწყო ხელი ეკონომიკისთვის, მისი ცალკეული დარგებისათვის, უმოკლეს ვადებში, არაერთი პროგრამა შევიმუშავეთ. გარდა ამისა, გვიწევდა არაორდინარული აქტივობების განხორციელება, ლოკდაუნის პერიოდში პრაქტიკულად ხელით ვმართავდით ეკონომიკას. დღეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფერმა, საბოლოოდ, დადებითი შედეგი მოიტანა. საქართველოს ეკონომიკა აღდგენის ტემპების თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული იყო არათუ რეგიონში, არამედ გლობალურადაც კი. 

- ამჟამად, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, კონკრეტულად, რა მიმართულებებს კურირებთ ეროვნული ბანკის საქმიანობაში? 

– მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის საბჭო უმაღლეს ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკის საქმიანობას. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, საბჭოს უფლებამოსილებებში არაერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შედის. გამოვყოფდი უშუალოდ ეროვნული ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის საჭირო საქმიანობებს, რაც უკავშირდება ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფას, ადმინისტრაციული და კაპიტალური ბიუჯეტის დამტკიცებას, სპეციალური დანიშნულების რეზერვის შექმნას. საბჭოს უფლებამოსილებებში შედის ასევე საერთაშორისო რეზერვების მართვის და განკარგვის პრინცი პების განხილვა და დამტკიცება, საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა წლიური ანგარიშის და ფინანსური ანგარიშგებების განხილვას და დამტკიცებას. ეს დოკუმენტები წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მთავარ ანგარიშს და მე ვიტყოდი, რომ მათი წარდგენა პარლამენტისთვის საბჭოს საქმიანობაში უმნიშვნელოვანესია. 

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მე ვარ აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტი ზედამხედველობს ეროვნული ბანკის ფინანსურ ანგარიშგებასთან, რისკების მართვასთან, შიდა კონტროლის სისტემასთან, შიდა აუდიტისა და გარე აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

- ეროვნულმა ბანკმა ერთ წელიწადში 3 პროცენტული პუნქტით გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ინფლაციის მაჩვენებელი კი ისევ ორნიშნაა. რატომ ვერ მოხერხდა ინფლაციის შეჩერება და კიდევ ერთხელ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, თქვენი პროგნოზი როგორია ინფლაციასთან დაკავშირებით? 

– პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმ ფაქტორებზე, რამაც დღევანდელ მაღალ ინფლაციამდე მიგვიყვანა. ჯერ კიდევ 2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ გლობალურ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კატაკლიზმები გამოიწვია. ზოგადად, პანდემიური შოკი, სხვა შოკებისგან განსხვავებით, მოქმედებს როგორც მოთხოვნაზე, ასევე მიწოდებაზე. მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური აქტივობის ვარდნა ფიქსირდებოდა, რაც, როგორც წესი ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. თუმცა ამავე დროს პარალელურად გამოიკვეთა ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი მიწოდების ფაქტორები. პანდემიის საწყის ეტაპზე, მსოფლიო ეკონომისტების ვარაუდით, მიწოდების ფაქტორების ზემოქმედების შედეგად გაზრდილ ინფლაციას, უკვე შემდეგ ეტაპზე შემცირებული მოთხოვნის მხრიდან ფასებზე კლების მიმართულებით ზეწოლა დააბალანსებდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. პანდემიის მილევის ფონზე, მოთხოვნა მოსალოდნელზე სწრაფად გაჯანსაღდა, მიწოდების ფაქტორების გავლენა კი უფრო მძლავრი გახდა. კერძოდ, 2021 წლის დასაწყისიდან, მოთხოვნის ზრდის ფონზე, საგრძნობი წნეხი წამოვიდა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე, რამაც მნიშვნელოვან სასაქონლო კატეგორიებზე ფასების ზრდა გამოიწვია. ასეთები იყო ნავთობი და შესაბამისად საწვავი, ასევე ხორბალი, ზეთი... მკვეთრად გაიზარდა სატრანსპორტო ხარჯები. ამგვარად, ინფლაცია მნიშვნელოვან გლობალურად გამოწვევად იქცა და 2022 წლის დასაწყისში, როდესაც ახალი სირთულეების წინაშე დავდექით, მაღალი ინფლაციის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა. 

კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სანქციების ფონზე, დამატებით დაიწყო სხვადასხვა საქონლის გაძვირება – ნავთობი, საწვავი, ხორბალი... მოგეხსენებათ, რუსეთის ეკონომიკას გლობალური წარმოების ჯაჭვში თავისი პოზიცია აქვს, მსოფლიო ბაზარზე რიგი ნედლეულისა და ენერგორესურსების მიმწოდებელია და მიმდინარე მოვლენების შედეგად, თავისთავად, მსოფლიო ეკონომიკას რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება მოუწევს. 

ამ ვითარებაში, მოკლევადიან პერიოდში, გლობალურად ინფლაციური წნეხი გამწვავდა. ჩვენთანაც დავინახეთ გარკვეული პროდუქციის კიდევ უფრო მეტად გაძვირება და გვაქვს ორნიშნა ინფლაცია, რომელიც მარტში შემცირდა. თუმცა ამ დამატებითი წნეხის გარეშე, დღეს უკვე ერთნიშნა ნიშნულზე ვიქნებოდით. 

რაც შეეხება ინფლაციის სამომავლო დინამიკას, ეტაპობრივად, გლობალური მიწოდების ფაქტორების დასტაბილურებასთან ერთად ეროვნული ბანკი თავის წვლილს შეიტანს ინფლაციური წნეხის შერბილებაში, რისი მთავარი ბერკეტიც მკაცრი მონეტარული პოლიტიკაა და იგი, სწორედ ამ მიზეზით, გამკაცრებულ ფაზაშია. 

- თუ არსებობს გათვლები, 11 პროცენტამდე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გავლენა როგორი იქნება ეკონომიკურ ზრდაზე? ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3-4 პროცენტამდე შეამცირა. რომელ სექტორებში ელოდებით მშპ-ის ვარდნას ყველაზე მეტად?

– მიმდინარე ვითარებაში, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და მოლოდინები თავისთავად იცვლება. წლის დასაწყისში, ეკონომიკის 5%-იანი ზრდის მოლოდინები იყო. თუმცა, დღევანდელი მოცემულობით მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო დაბალი იქნება. მიმდინარე ვითარება საქართველოს ეკონომიკაზე როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ აისახება. არსებულ ფონზე, გაზრდილი ინფლაციური რისკები საჭიროებს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებას – ოპტიმალური და დროულად გატარებული პოლიტიკა კი, თავის მხრივ, გრძელვადიან პერიოდში მდგრად ეკონომიკურ ზრდასაც უწყობს ხელს. 

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლარში სესხების გაძვირება უცხოურ ვალუტაში სესხებს წაახალისებს, ამიტომ ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტაში სესხების გაცემა კიდევ უფრო გაამკაცრა. ამ გადაწყვეტილებას გარკვეულ წრეებში მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რომ ეროვნული ბანკი ამცირებს საკრედიტო აქტივობას, აფერხებს ისედაც პრობლემების წინაშე მდგარ ეკონომიკის ზრდას. თქვენ როგორ ხსნით ამ გადაწყვეტილებას და სხვა რა მექანიზმების გამოყენება შეეძლო კიდევ ეროვნულ ბანკს? 

– ამ ეტაპზე საკრედიტო აქტივობა საკმაოდ სწრაფი ტემპებით იზრდება და მოლოდინია, რომ გამკაცრების მიუხედავად ის ზომიერ ზრდას გააგრძელებს. როგორც აღვნიშნე, დროული და ადეკვატური პოლიტიკის გატარება მრავალმხრივაა მნიშვნელოვანი, მათ შორის ეკონომიკური ზრდისთვისაც. ამ გამკაცრებით ჩვენ არ ვსაუბრობთ დაკრედიტების შემცირებაზე, არამედ მისი ზომიერი ზრდის ტემპის უზრუნველყოფაზე, რომელიც უპირველესად ინფლაციის შემცირებისთვის და ასევე, ფინანსური სტაბილურობისთვისაც მნიშვნელოვანია. 

- რუსეთის საფინანსო სისტემის მიმართ დაწესებული სანქციებს ავტომატურად შეუერთდა ეროვნული ბანკიც, თუმცა დროდადრო მუსირებს ეჭვი, რომ სანქციების გვერდის ავლა მაინც მოხდება. კონკრეტულად, რა ტიპის სანქციებს შევუერთდით და როგორ ხდება აღსრულება? 

– საქართველოს საფინანსო სექტორი არის გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილი. როგორც ბაზრის მონაწილეები, ისე სებ-ი განუხრელად იცავს ყველა იმ საერთაშორისო ნორმას და რეზოლუციას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი ვიყოთ. ეროვნულმა ბანკმა სანქციების შემოღების მეორე დღიდანვე (26 თებერვალი) გაუგზავნა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს მითითება, რომ დაეცვათ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ. 

სანქციების დაცვა თავად საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ინტერესებშიც შედის, რათა მათ შეინარჩუნონ საერთაშორისო პარტნიორებთან ბიზნესურთიერთობები, თუმცა ამ პროცესს, დამატებით, სხვადასხვა საზედამხედველო ღონისძიებების მეშვეობით სებ-იც აკონტროლებს. სანქციების დაცვა გულისხმობს არა მხოლოდ სანქციებით დაწესებული მოთხოვნების ფარგლებში ურთიერთობის შეწყვეტას აღნიშნულ სიებში პირდაპირ მითითებულ პირებთან, არამედ, ასევე, მოიცავს სანქციების გვერდის ავლის ფაქტების გამოვლენისა და აღმოფხვრის ხელშეწყობას. 

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში არსებული კანონმდებლობის საფუძველზე ფინანსურ ინსტიტუტებს შემუშავებული აქვთ თავიანთი შიდა პოლიტიკა/ პროცედურები და კონტროლის მექანიზმები, რომელთა გამოყენებაც ხდება სანქციებთან დაკავშირებული რისკების სამართავად. ამ კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია 2020 წელს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის – მონეყვალ-ის მიერ დამტკიცებული ქვეყნის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ სებ-ს და საქართველოში არსებულ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებს გააჩნიათ რისკების ცოდნის მაღალი დონე. ამასთან მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებს დანერგილი აქვთ შიდა კონტროლის ეფექტიანი სისტემები მლ/თფ რისკების შესამცირებლად, რომელთა ეფექტიანობის შემოწმება სისტემატურად ხორციელდება, სებ-ის შესაბამისი შემოწმებების საფუძველზე. აღნიშნული ანგარიშით ასევე ხაზგასმულია, რომ სებ-ს დანერგილი აქვს ძლიერი საზედამხედველო ჩარჩო და შედეგიანად ახორციელებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით. 

სებ-მა კომერციული ბანკებისათვის ასევე დააწესა დამატებითი ანგარიშგების წარმოდგენის ვალდებულება, რომლითაც უნდა მოხდეს იმ კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, რომლებიც დაკავშირებულები არიან რუსეთის ფედერაციასთან, ბელორუსთან და რამდენიმე სხვა მომატებული რისკის იურისდიქციასთან. აღნიშნული ანგარიშგების მიღების მიზანია სებ-მა, მიმდინარე მოვლენების ფონზე, ამ იურისდიქციის კლიენტებთან დაკავშირებით, სექტორში არსებული რისკები და გამოწვევები დამატებით შეაფასოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დამატებითი საზედამხედველო ზომები მიიღოს. 

ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ დასავლელ პარტნიორებთან, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მარეგულირებლებთან, ასევე მათ საელჩოებთან. ყველა ქმედება იქნება კოორდინირებული. რამდენიმე დღის წინ შევთანხმდით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რაც, ასევე, გულისხმობს სებ-ის პასუხისმგებლობას, უზრუნველვყოთ საფინანსო სექტორში სანქციების დაცვა და აღსრულება. 

ყველა იმ უცხოურმა ბანკმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომლებსაც ხშირი ურთიერთობა აქვს საქართველოს საფინანსო სექტორთან, კარგად იცის ჩვენი მიდგომების შესახებ და აქ არანაირი კითხვა არ ისმის. 

- რა ბედი ეწევა "ვითიბი ბანკი ჯორჯიას", რომელიც სანქცირებული ბანკების სიაშია? მას ლიცენზია შეუნარჩუნდება? 

– როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, მას შემდეგ რაც „ვითიბი ბანკზე“ საერთაშორისო სანქციები გავრცელდა, „ვითიბი ბანკსა“ და 2 ქართულ კომერციულ ბანკს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტარები სრულად გადავიდნენ „ბაზის ბანკსა“ და „ლიბერთი ბანკში“. შესაბამისად, მეანაბრეების ინტერესებს საფრთხე არ ემუქრება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე ბანკს შეჩერებული აქვს გადარიცხვები, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ვალუტაში და დღეის მდგომარეობით ოპერაციებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ახორციელებს. ხოლო რაც შეეხება „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ საქმიანობის გაგრძელება/არ გაგრძელების საკითხს, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ რა ბედი ეწევა ბანკს უახლოეს პერიოდში. აღნიშნული დამოკიდებული იქნება ბანკის სამოქმედო გეგმაზე და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე. საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავ აქტიურად განაგრძობს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ზედამხედველობის პროცესს და გარემოებების შესაბამისად მზად არის მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. 

აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედება ყოველთვის სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან, მათ შორის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან. ამასთანავე, ფინანსური სტაბილურობისა და მეანაბრეთა ინტერესების დაცვის კუთხით თავის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას მუდმივად ასრულებს. 

- თქვენ აქტიურად მონაწილეობდით დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შემუშავებაში, კანონმდებლობის მიხედვით, ფონდში შესული თანხა 5 წელი ადგილობრივ ბაზარზე, ანუ ქართულ ეკონომიკაში უნდა ჩადებულიყო, თუმცა, რეალობა არის ის, რომ საპენსიო დანაზოგები მთლიანად ბანკებშია განთავსებული. ახლა საპენსიო სააგენტოს სურს კანონში შევიდეს ცვლილებები და დანაზოგების გარკვეული ნაწილი უცხოურ ვალუტაში განთავსდეს. როცა ასეთი დათქმები იდებოდა კანონში, რა გათვლები გქონდათ, ქვეყანაში, სადაც ფაქტობრივად არ არსებობს ფასიანი ქაღალდების ბაზარი, როგორ უნდა მოხდეს დანაზოგების ინვესტირება და ქართული ეკონომიკისთვის ხელშეწყობა? 

– უპირველესად, აუცილებლად მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. საპენსიო რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც თანამედროვე საქართველოში განხორციელდა. ეს არის რეფორმა, რომელსაც როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც სოციალური, ისე ზოგადად ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, როგორც რეფორმის შემუშავების, ისე უკვე შემდგომ ეტაპზე, ვგულისხმობ საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის განხილვის დროს, საკმაოდ მაღალი იყო წინააღმდეგობა. თუმცა, დღეს უკვე აღიარებულია, რომ რეფორმა წარმატებულია, ფაქტობრივად ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია. რაც შეეხება თქვენს კითხვას, აღნიშნული 5-წლიანი ვადა ეხებოდა არა ადგილობრივ ბაზარს, არამედ პორტფელის რისკიანობას. კერძოდ, კანონის ამოქმედებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში სააგენტო უფლებამოსილია ინვესტიცია განახორციელოს მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში, იქნება ეს ადგილობრივი, თუ უცხოური აქტივები. თვითონ დაბალრისკიანი პორტფელი თავისი რისკის პარამეტრებით და საინვესტიციო ლიმიტებით განსაზღვრულია საინვესტიციო დოკუმენტში. მოგეხსენებათ, საინვესტიციო ლიმიტები თითოეული რისკის პორტფელისთვის მოცემულია კანონში და დაბალრისკიანი პორტფელისთვის მაქსიმალური საინვესტიციო ზღვარი შეადგენს 20 პროცენტს. შესაბამისად, კანონი დღეის მდგომარეობითაც არ ზღუდავს საპენსიო სააგენტოს განახორციელოს ინვესტირება და მან ეს უკვე განახორციელა. 

31 მარტის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 4.2 პროცენტი დოლარშია ინვესტირებული. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე ინვესტირებას, ვიტყოდი, რომ მონაწილეთა ინტერესიდან გამომდინარე კომერციულ ბანკებში განთავსება საუკეთესო არჩევანი იყო – ბანკები სააგენტოს ყველაზე მაღალ სარგებელს სთავაზობენ ყველაზე დაბალი რისკის სანაცვლოდ. დღეის მდგომარეობით, ამ ინვესტიციებზე მიღებული სარგებელი 320 მილიონ ლარს აღემატება. მინდა ასევე აუცილებლად აღვნიშნო, რომ კომერციულ ბანკებში განთავსებული საპენსიო აქტივები სწორედ რომ ქართულ ეკონომიკას ხმარდება. 

მე მესმის, რაზეა აქცენტი გამახვილებული თქვენს კითხვაში. ეს არის ორმხრივი პროცესი. მნიშვნელოვანია ქართულმა კომპანიებმა პარალელურ რეჟიმში იფიქრონ და გამოიჩინონ ინიციატივა კაპიტალის ბაზარზე შესვლის თვალსაზრისით, სადაც უდიდესი ინსტიტუციური ინვესტორი მზად არის ინვესტირებისთვის. კიდევ ერთხელ, უცხოურ ვალუტაში დანაზოგების განთავსება არსებული კანონით ისედაც არის დაშვებული და ამას ცვლილება არ სჭირდება. კანონში ცვლილება, რომელზეც მიდის მუშაობა, ეხება არსებული საინვესტიციო ლიმიტების გაზრდას, რათა სააგენტოს შესაძლებლობა ჰქონდეს უფრო მეტი საინვესტიციო ალტერნატივა განიხილოს. ეს ასევე ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის გააქტიურებას და ბიძგს მისცემს კომპანიებს იფიქრონ სხვადასხვა ტი პის ფასიანი ქაღალდების ემისიაზე. 

- ასევე განიხილება ამ თანხის დაბანდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით არსებულ პროექტებში. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? 

– ყველა ის საინვესტიციო ალტერნატივა, თუ კომპანია, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაძლებელია სააგენტოს მხრიდან განხილულ იქნას, როგორც პოტენციურად საინტერესო ინვესტიცია. კონკრეტული პროექტები/ფინანსური ინსტრუმენტები ასევე დამოკიდებულია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტსა და დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის მოთხოვნებსა და რეგულაციებზე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობას რაც შეეხება, სააგენტოსთვის ეს ძალიან კომფორტული იქნება, რადგანაც ამ პროექტებს გავლილი ექნებათ ჳფჳ-ების დუე დილიგენცე-ს ძალიან კომპლექსური პროცესი, რაც საბოლოო ჯამში შედარებით ნაკლებ რისკს ნიშნავს. 

- წლების განმავლობაში თქვენ იყავით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს წევრი, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი. ახლაც ამ საბჭოს წევრი ბრძანდებით, როგორც ეროვნული ბანკის წარმომადგენელი. ამ საბჭოს ერთ-ერთი ფუნქციაა – აკონტროლოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც 2016 წლის სექტემბერში შეიქმნა. რამდენად ადევნებთ ამ სამსახურის საქმიანობას თვალს და მისი მუშაობით რამდენად კმაყოფილი ხართ? აუდიტორების გამოკითხვით ნათელია, რომ სამსახურის საქმიანობაში ბევრ პოზიტიურ ნაბიჯთან ერთად, ბევრი რამ საკრიტიკოა... 

– მოგეხსენებათ, სამსახური შეიქმნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შედეგად და შექმნის დღიდან აქტიურად არის ჩართული ევრო-დირექტივებთან დაახლოების პროცესში. 

აუდიტის ზედამხედველობის მიმართულებით სამსახურს დაარსების დღიდან დასრულებული აქვს 118 ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი. შედეგად სულ მცირე ერთხელ არის შემოწმებული ბაზარზე მოქმედი ის ფირმები/აუდიტორები, რომლებიც ერთობლივად აუდიტორული მომსახურებიდან ქვეყნის შემოსავლის 92%-ს აგენერირებენ. 

სამსახურმა ქართულ ენაზე თარგმნა და სამოქმედოდ შემოიღო პროფესიული სტანდარტები, დაადგინა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წესები და სტანდარტები პროფესიული და განგრძობითი განათლების მიმართულებით. ასევე აღსანიშნავია პროფესიული პუბლიკაციების თარგმნა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 

რეგულირების დაწყებიდან 2021 წლის ბოლომდე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აუდიტორული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 100%-ით, ხოლო აუდიტის სფეროში დასაქმებულ პირთა რაოდენობა – 103%-ით, რაც თავისთავად დადებითი მაჩვენებლებია და უნდა ითქვას, რომ ამაში დიდი როლი აუდიტორულ ფირმებთან/აუდიტორებთან ერთად სამსახურსაც მიუძღვის. 

რაც შეეხება აუდიტორებისგან მომდინარე კრიტიკას, ეს ბუნებრივი მოვლენაა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვხვდებით მსგავს განწყობებს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკმაყოფილება ეხება სამსახურის მხრიდან აუდიტორებისადმი გამოჩენილ სიმკაცრეს. როგორც საბჭოს წევრს, არაერთი დავის განხილვაში მიმიღია მონაწილეობა და მიმაჩნია, რომ სამსახურის პრინცი პულობა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, რაც ხელს უწყობს პროფესიაში მაღალი ხარისხის დანერგვას. 

- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს ერთ-ერთი ფუნქცია – სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე შემოსული საჩივრების განხილვაა. რამდენად ეფექტიანია ეს ორგანო, რომლის 7 წევრიდან 4 – სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელია, ხოლო დანარჩენი 3 წევრიდან მინიმუმ 2-ის (როგორც აუდიტორთა ნაწილი ამბობს) დანიშვნის პროცედურები გამჭვირვალე არ არის, ამ საჩივრების განხილვისთვის? 

– რაც შეეხება საბჭოს ეფექტიანობის საკითხს საჩივრების განხილვისას, საბჭოს წევრების მხრიდან დასმული კრიტიკული კითხვების მიუხედავად, რომლებსაც საჩივრის ავტორები შესაძლოა არ იზიარებდნენ, მათი უმრავლესობა ღიად აფიქსირებს საბჭოს მიმართ პატივისცემას და მისი შემადგენლობის მაღალ კვალიფიკაციას. განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ყურადღება მახვილდება საკითხის სიღრმისეული განხილვაზე, რაც სამომავლოდ სფეროს გაძლიერებისკენაა მიმართული. საბჭოს ეფექტიანობაზე ისიც მოწმობს, რომ საკმაოდ მწირია სასამართლოში საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემთხვევები, რომელთა უმრავლესობა სასამართლომ განუხილველი დატოვა. ასევე, ამ დრომდე, არსებობს სასამართლოს მიერ საბჭოს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის სამსახურისთვის დაბრუნების პრეცედენტი. 

- I, II და III კატეგორიის საწარმოების ნაწილი არ ეწინააღმდეგება მათი ფინანსური ანგარიშგების უწყისების საჯარო გამოქვეყნებას, რაც ხდება reportal.ge-ზე ფინანსური ანგარიშგების წარდგენის გზით, მაგრამ აპროტესტებს ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნების გასაჯაროებას, რადგან თვლის, რომ ამით ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის მის კონკურენტებს. როგორია თქვენი აზრი ამ საკითხზე? 

– თქვენი ნებართვით, პასუხს დავიწყებ მცირეოდენი დაზუსტებით. კერძოდ, I, II და III კატეგორიის გარდა 2020 წლიდან IV კატეგორიის საწარმოებიც წარადგენენ ფინანსურ ანგარიშგებას. 66 ათასზე მეტ საწარმოს აქვს დღეის მდგომარეობით ანგარიშგება გასაჯაროებული. დეტალური ინფორმაცია ანგარიშგების პორტალზეა განთავსებული და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. გარდა ამისა, მაღალი კატეგორიისთვის (მე-4-ს გარდა) წარდგენის მაჩვენებელი 95%-ია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საწარმოები არამცთუ არ აპროტესტებენ, არამედ იაზრებენ ამ რეფორმის მნიშვნელობასა და სიკეთეებს. 

რაც შეეხება კითხვის იმ ნაწილს, რომ საწარმოები აპროტესტებენ განმარტებითი შენიშვნის გასაჯაროებას, არც ეს შეესაბამება სიმართლეს. საწარმოები ასაჯაროებენ სრულ ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც მოიცავს განმარტებით შენიშვნებსაც და უფრო მეტიც, წლიდან წლამდე უმჯობესდება გასაჯაროებული ანგარიშგების ხარისხი. დამატებით განვმარტავ, რომ ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები არ მოითხოვს იმ კომერციული საიდუმლოების გასაჯაროებას, რომელიც ზიანს მიაყენებს კომპანიას. 

მხოლოდ რამდენიმე საწარმოა დღეს, რომლებიც იმ მიზეზით არ ასაჯაროებენ ანგარიშგებას, რადგან ეშინიათ მათმა კონკურენტებმა არ ნახონ და ძალიან არასწორი იქნება ამ რამდენიმე ქეისის განზოგადება მთელ ბიზნესზე. სამომავლოდ, ვიმედოვნებთ, რომ ეს საწარმოებიც სწორად დაინახავენ სწორად ანგარიშგების გასაჯაროების სარგებელს. 

- ხომ არ ხართ საქმის კურსში, რატომ არ ინიშნება სამსახურის ახალი უფროსი? უკვე 7 თვეა, მას შემდეგ, რაც 2021 წლის 1 სექტემბერს ამოიწურა წინა უფროსის უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა. 

– აღნიშნულ კითხვასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამსახურის უფროსს საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამჟამად, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დანიშნულია სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 

- რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს, როგორია ის? 

– მართალი გითხრათ, ამ ეტაპზე რთულია ჩემთვის საუბარი კონკრეტულ სამომავლო გეგმებზე. პირველ რიგში, მინდა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში მაქსიმალურად დავიხარჯო. მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას ეროვნული ბანკი, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა ცენტრალური ბანკი მსოფლიოში და არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები. ასევე ვგეგმავ უფრო ინტენსიური გავხადო პედაგოგიური საქმიანობა. პარალელურად დავასრულო სწავლა და დოქტორის აკადემიური ხარისხი მოვიპოვო. 

- საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვთ, თუ გრჩებათ თავისუფალი დრო და როგორ ატარებთ მას? 

– თავისუფალი დროის გამონახვა საკმაოდ რთული საკითხია. შესაბამისად, როდესაც ამის შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვიყო. ასევე ძალიან მიყვარს მოგზაურობა და უცხო ადგილების მონახულება, ახალი კულტურის გაცნობა, განსაკუთრებით ეგზოტიკური ქვეყნების მიმართულებით. ამის განხორციელების საშუალება პანდემიის პირობებში მოგეხსენებათ საერთოდ არ იყო, თუმცა ბოლო წლებში დრო ისედაც მნიშვნელოვნად მქონდა შეზღუდული. როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცემა, აუცილებლად ვიმოგზაურებ. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი