ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილთან - №4(268), 2022
ირაკლი ყანდაშვილი - დაიბადა 1984 წლის 7 ივნისს ქ. თბილისში. 

განათლება 

2006 წელი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი. 

2015 წელი - ჩიკაგო - კენტის სამართლის სკოლის მაგისტრის ხარისხი. 

2018 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლის დოქტორი. 

სამუშაო გამოცდილება 

2013 წლიდან დღემდე - იურიდიული ფირმა K&K Consulting-ის პარტნიორი. 

2013-2021 წლები - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 

2013 წლიდან დღემდე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე. 

ირაკლი ყანდაშვილი არის მოქმედი ადვოკატი და მედიატორი. 16 წელია ეწევა საადვოკატო საქმიანობას, ხოლო 2013 წლიდან - მედიატორის პრაქტიკას.

- ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ მედიატორთა ასოციაციის პირველი თავმჯდომარე. მედიაცია ის მიმართულებაა, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს ქართული მართლმსაჯულების სისტემაში, ასევე გაქვთ მრავალწლიანი საადვოკატო გამოცდილება. უფრო დაწვრილებით რომ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ, რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე? 

- დავიბადე თბილისში და დავამთავრე 161-ე საშუალო სკოლა. ბავშვობიდანვე იურისტობა მქონდა გადაწყვეტილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტზე ჩავაბარე. ისე, ექიმების ოჯახში ვარ დაბადებული. დედა მედიცინის დოქტორი გახლავთ და თბილისში, 90-იან წლებში მთავარი თერაპევტი იყო, პრაქტიკოსი ექიმია. მძიმე 90-იან წლებში ადამიანის უფლებების დაცვა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა. ქვეყანა ევროპული განვითარების რელსებზე გადადიოდა. 1998 წელს ევროპის საბჭოს შევუერთდით და ბუნებრივია, უფლებების დაცვა კიდევ უფრო მომხიბვლელი გახდა. ჩემი პროფესიული არჩევანიც ამას უკავშირდება. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. მთავარია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, შენი ინტერესიდან და სურვილიდან მოდიოდეს. საადვოკატო საქმიანობა ყოველთვის პოპულარული იყო, საქართველოში მას ძალიან დიდი ისტორია აქვს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება. 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა ჩიგაკო-კენტის სამართლის სკოლაში, ამერიკაში გავაგრძელე და მაგისტრის ხარისხი მივიღე. შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი დავიცავი და გახლავართ სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი. ასევე ვიკავებ პროფესორის აკადემიურ თანამდებობას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში და ასოცირებული პროფესორის პოზიციას საქართველოს უნივერსიტეტში. გახლავართ პრაქტიკოსი ადვოკატი და მედიატორი. საადვოკატო საქმიანობას 2005 წლიდან ვეწევი. 2013 წლიდან საადვოკატო კომპანია კ&კ ჩონსულტინგ-ის პარტნიორი ვარ. ასევე 2013 წლიდან 2021 წლის ჩათვლით ადვოკატთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი ვიყავი, ხოლო 2013 წლიდან დღემდე ასოციაციაში საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე გახლავართ. 

რაც შეეხება მედიატორთა ასოციაციაში ჩემს საქმიანობას, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის კუთხით საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში უნდა ყოფილიყო. "მედიაციის შესახებ" კანონი 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, რომელმაც აღნიშნული პროფესია და პროფესიული გაერთიანება დააფუძნა. შეიქმნა დამოუკიდებელი თვითმმართველი პროფესია, რომლის პირველი თავმჯდომარე გახლავართ, ასევე ვარ პრაქტიკოსი მედიატორი, ამ საქმიანობას 2013 წლიდან ვეწევი, მას შემდეგ, რაც მედიაციის პირველ საერთაშორისო აკრედიტებულ ტრენერთან ტრეინინგი გავიარე. 2013 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში პილოტი ამოქმედდა და მედიაციის ცენტრი გაიხსნა. „მედიაციის შესახებ“ კანონპროექტზე 2016-2019 წლებში ვმუშაობდით და ვარ ამ კანონის თანაავტორი. 

- 2 წელი გავიდა ამ კანონის ამოქმედებიდან. როგორ მიდის პროცესი, რამდენად კარგად მუშაობს კანონი და რა გამოწვევები არსებობს ამ კუთხით? 

- იდეალური კანონი არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არ არსებობს. კანონს ნაკლებად შევაფასებდი, მედიაციის მექანიზმის დანერგვა არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ამ საკითხს შევაფასებდი როგორც უპრეცედენტო რეფორმას და მნიშვნელოვან წინაპირობას ქვეყნის შემდგომი განვითარების გზაზე. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 30 წლის დამოუკიდებელი საქართველოს სამართლებრივ სივრცეში ეს არის ერთ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი რეფორმა. მედიაციის დანერგვით, საზოგადოება დაძაბულობის რელსებიდან მოლაპარაკების რელსებზე უნდა გადავიდეს, დაიწყოს დიალოგის კულტურის დამკვიდრება. ამ პროცესებს გადაჩვეულები ვართ. ყოველთვის ვუყურებთ იმას, ვინ ვის რის ხარჯზე რამდენად მალე დაამარცხებს და გამარჯვებულის იარლიყს მიიღებს. სოციუმისთვის ეს კარგი არ არის და საზოგადოებაში დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის. აქედან გამომდინარე, მედიაციის ინსტიტუციის დანერგვა და საზოგადოებისთვის შეთავაზება მართლაც უნიკალურია. მედიაციის არსია საზოგადოებას შევთავაზოთ, საკუთარი ჩართულობით, თავად დაარეგულირონ მათ წინაშე არსებული დავები, მათ შეძლონ საკუთარ ინტერესზე მორგებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ეს განასხვავებს მედიაციას, დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმებისაგან, ეს იქნება სასამართლო თუ არბიტრაჟი. 

სასამართლოსა და არბიტრაჟში თქვენ ნაცვლად მესამე პირი წყვეტს დავას, რის მიმართაც ნაკლები მიმღებლობა გაქვთ, არ ეთანხმებით, ასაჩივრებთ, პროცესი წლიდან წლამდე გრძელდება. საბოლოო ჯამში, დავის ერთ-ერთი მხარე კმაყოფილი მაინც არ რჩება. მედიაცია კი არის ახალი სიტყვა დავების გადაწყვეტისას. როგორც ფიზიკურ პირს, ისე ბიზნესს აქვს შესაძლებლობა, მეორე მხარესთან, პროფესიონალი მომლაპარაკებლის მეშვეობით მიაღწიოს მის ინტერესზე მორგებულ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ორმხრივად სარგებლიანია და ამ გადაწყვეტილებით კონფლიქტი აღმოიფხვრება. ამ შემთხვევაში სანდოობაც მაღალია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ამ რეფორმით ხელში ვაძლევთ საკუთარი ხვალინდელი დღის გამოჩარხვის შესაძლებლობას. ამ ორმა არასრულმა წელმა კიდევ უფრო მეტად დამანახა, რომ მედიაცია დავის გადაწყვეტის უალტერნატივო გზაა, როგორც ამას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც ამბობდა, თუმცა ჩვენ მის ფრაზამდეც ეს კარგად მოგვეხსენებოდა, ამიტომაც მივიღეთ „მედიაციის შესახებ“ კანონი. არის გამოთქმა _ `მოვიგე ბრძოლა, მაგრამ წავაგე ომი~. სასამართლოთი და არბიტრაჟით შეიძლება მოიგოთ ის კონკრეტული ბრძოლა, მაგრამ ომი წააგოთ. ჩვენი მიზანია საზოგადოებამ ერთმანეთთან სამართლებრივი ომი მშვიდობით დაასრულოს. თუ კონფლიქტის გამომწვევ მიზეზამდე არ ჩავედით, ერთი კონფლიქტის დასრულება მეორეს შობს. მედიაციის უპირატესობა სწორედ ის არის, რომ მოდავე მხარეებს კონფლიქტის წყაროების განეიტრალების საშუალებას აძლევს. აქედან გამომდინარე, ამ ორმა წელმა დამანახა ქვეყანაში მედიაციის საჭიროება და დიდი პოტენციალი. 

მიხარია, რომ ამ მოკლე ვადაში ჩვენმა პროფესიულმა გაერთიანებამ შეძლო და თითქმის ყველა უმაღლეს დაწესებულებაში უკვე მედიაცია ისწავლება, თანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს ყველა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიულ ფაკულტეტთან, ვაპირებთ ამ სისტემაში სხვა ფაკულტეტებიც ჩავრთოთ. 2021 წლის სექტემბრიდან კი მედიაცია, უკვე სკოლებში, მე-9 კლასის სახელმძღვანელოებშია შეტანილი, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან 10-15 წლის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ახალ მოქალაქეებს, რომლებსაც დავების გადაწყვეტაში მედიაციის მნიშვნელობაზე ახსნა-განმარტება აღარ დასჭირდებათ. ამ რელსებზე დგას ამერიკა, ევროპა, ასევე აზიის ქვეყნები, ეს იქნება იაპონია თუ სხვა, სადაც დავათა 70-80 პროცენტი სასამართლომდე არ მიდის. აი ამ გზაზე დადგა საქართველოც. 
ბუნებრივია, პირველი ნაბიჯები არ არის მარტივი, თუმცა მთავარია ეს ნაბიჯები სწორად იყოს გადადგმული. დღეს მედიაციის ახალი ინსტიტუტის წინაშე ორი გამოწვევა დგას - სანდოობა და ცნობიერების ამაღლება. 

სანდოობის კუთხით, მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, მედიატორის პროფესიაში შემოსვლის საერთაშორისო სტანდარტები შევქმენით, გვაქვს ევროპულ მოდელზე მორგებული სერტიფიცირების წესი. საზოგადოებას მოემსახურებიან პროფესიაში მაღალი ხარისხის სტანდარტით შემოსული ადამიანები. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის საელჩოს საქართველოში დახმარებისთვის, მათ მიერ გამოყოფილი ექსპერტის რჩევით 2022 წლის პირველი იანვრიდან, ყველა მედიატორისთვის, სავალდებულო პროფესიული განვითარების კურსები ავამოქმედეთ. ასევე სანდოობის კუთხით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და ევროკავშირის ექსპერტების დახმარებით 2021 წლის აპრილიდან უკვე დავამტკიცეთ და ავამოქმედეთ მედიატორთა ეთიკის კოდექსი და დისციპლინირების წესი. მედიატორთა ასოციაციაში პირველად ავირჩიეთ ეთიკის კომისიის წევრები. მედიატორთა საქმიანობა მაღალი დონის სტანდარტზე უნდა იყოს ორიენტირებული. ასე რომ, ეს გამოწვევები, რაც არის სანდოობა და ცნობიერების ამაღლება, ვცდილობთ დავძლიოთ და კიდევ ბევრია ამ მიმართულებით გასაკეთებელი. 

- სულ რამდენი მედიატორია და რა საფეხურების გავლა უწევთ მათ მედიატორის სტატუსის მისაღებად? 

- ამ ეტაპზე მედიატორთა ასოციაციას ჰყავს 92 მოქმედი წევრი. მედიატორის სტატუსის მიღების სტანდარტებს კანონმდებლობა არეგულირებს. ასევე კანონიდან გამომდინარე, უფლებამოსილებების დელეგირება მოხდა პროფესიულ გაერთიანებაზე და მედიატორთა ასოციაციამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით, 2020 წლის 27 ივნისის საერთო კრებაზე სერტიფიცირების წესი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც მსურველმა მედიატორის სტატუსის მისაღებად კანონის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. კანონის თანახმად, მედიატორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი, რომელიც არ არის ნასამართლები და აკმაყოფილებს მედიატორის სერტიფიცირების სტანდარტს. სტანდარტი კი არის ორგანიზაციის მიერ მიღებული საუკეთესო ევროპული სტანდარტის გათვალისწინებით. 

მედიატორის სტატუსის მისაღებად საჭიროა სამი საფეხურის გავლა. პირველია სასწავლო კომპონენტი, ასოციაციას აქვს დამტკიცებული 60-საათიანი სასწავლო მოდული, საჭიროა ამ ტრეინინგის გავლა დაინტერესებული პირის მხრიდან. ჩვენ მოგვმართავენ დაინტერესებული ინსტიტუციები, რომელთაც სურვილის გარდა უნდა ჰყავდეთ კვალიფიციური ტრენერები, რომლებიც მომავალ მედიატორებს მოამზადებენ და გაატარებენ პირველ საფეხურს. 

ტრეინინგებს ჩვენ არ ვატარებთ, ვინაიდან მეორე საფეხურზე ვამოწმებთ აპლიკანტების მომზადების ხარისხს და ამ მიმართულებით ინტერესთა კონფლიქტი გამორიცხული უნდა იყოს. 

პირველ საფეხურს ვინც გაივლის, მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს, რომელსაც სამწლიანი ვადა აქვს. ამ სამი წლის განმავლობაში უნდა მოგვმართოს პროფესიულ გაერთიანებას, სადაც წელიწადში ორჯერ _ გაზაფხულსა და შემოდგომაზე, პროფესიაში შემოსასვლელად მეორე საფეხური უნდა გაიაროს. ამ შემთხვევაში, შემოწმება ხდება პრაქტიკულ უნარებში, სიმულაციური, როლური თამაშების შესრულებით. მედიაცია არ არის დოგმატური და ზუსტი მეცნიერება, ეს არის შემოქმედებით უნარებზე დაფუძნებული პროფესია. შესაბამისად, აპლიკანტებს ორდღიან სიმულაციურ პროცესში შემფასებლები აკვირდებიან და იღებენ პასუხს, წარმატებით გაიარეს თუ არა მეორე საფეხური. მესამეა პრაქტიკული საფეხურის გავლა. ჩვენი და სასამართლოების ცენტრების თანამშრომლობით, სასამართლო მედიაციის პროცესს ესწრება მსმენელი და ამ სამი საფეხურის გავლის შემდეგ უკვე მოგვმართავს პროფესიულ გაერთიანებას სტატუსის მისაღებად. ეს არის ის სამი საფეხური, რომელიც პრაქტიკა-თეორიის ფაზებს მოიცავს. 

- ვინაიდან ეს ახალი პროფესიაა, თავად ტრენერების გადამზადება და სერტიფიცირება როგორ მოხდა? ანუ როგორია იმ ადამიანების კვალიფიკაცია, რომლებმაც მედიატორები უნდა მოამზადონ? 

- ესეც რეგულირებულია, ასოციაციის ტრენერების ჩამონათვალი განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე. პირველ საფეხურს ვინც ატარებს, სწორედ, კვალიფიციური და ხარისხდადასტურებული ადამიანები არიან, რომლებსაც ტრენერთა ტრეინინგი აქვთ გავლილი, დიდ ნაწილის ევროკავშირის მხარდაჭერილი კომპონენტის ფარგლებში უცხოელი სპეციალისტების მიერ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 6 ადამიანი მომზადდა უცხოელი სპეციალისტების მიერ და შემდეგ მათ დაიწყეს ქართველი ტრენერების მომზადება. 

- მედიატორის სტატუსის მისაღებად მედიატორობის მსურველი პირის პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს? 

- მედიატორი პროფესიული ნიშნით შეზღუდული არ არის. მედიატორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პროფესიის მქონე პირი. თუმცა ტენდენციას თუ გადავხედავთ, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში, მედიატორის პროფესიისადმი ინტერესს, ძირითადად, ადვოკატები იჩენენ. ჩვენთანაც ასეთი ტენდენციაა, თუმცა მივესალმები, თუ ეს წრე გაფართოვდება. სხვათა შორის, ამ პროფესიით ბევრი ფსიქოლოგიც ინტერესდება. 

- ყველაზე ხშირად რა ტიპის დავებს განიხილავს მედიაცია და რა პერიოდში შეიძლება დასრულდეს ეს დავები? ასევე თუ არსებობს სტატისტიკა, ამ პერიოდის განმავლობაში რამდენი დავის განხილვა მოხდა მედიაციის გზით და როგორ დასრულდა ეს დავები? 

- ჩვენი ასოციაცია არის პროფესიული გაერთიანება, საზოგადოებას მედიატორის სერვისს არ ვაწვდით. ასოციაცია არის პროფესიის პოლიტიკის განმსაზღვრელი. 
საქართველოში მედიაცია არის ორი ფორმის - სასამართლო და არასასამართლო მედიაცია. მედიაციას აწარმოებენ ჩვენი წევრები. მედიატორების ჩამონათვალი არის ჩვენი ასოციაციის ვებ-გვერდზე. 

კერძო მედიაციის სტატისტიკა არ არსებობს, ვინაიდან ეს არის კონფიდენციალური პროცესი. სასამართლოს მედიაციის ცენტრების სტატისტიკა ხელმისაწვდომია და მინდა გითხრათ, რომ დავების დაახლოებით 75 პროცენტი შეთანხმებით დასრულდა. მედიაციის ცენტრები ფუნქციონირებს თბილისის, რუსთავის, მცხეთისა და გორის საქალაქო სასამართლოებში, ასევე ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ქუთაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოებში. 

რაც შეეხება დავებს, მოქმედი კანონმდებლობით მედიაციას ექვემდებარება სამოქალაქო კატეგორიის დავები - საოჯახო, სამეზობლო, სამემკვიდრეო, ინდივიდუალური შრომითი დავები, არაქონებრივი დავები სრულად და ქონებრივი 20 ათას ლარს ქვემოთ, საზიარო უფლების გაყოფასთან დაკავშირებულ დავები, სასესხო და სხვა. თუმცა კანონში არის დათქმა, რომ ორივე მხარის შეთანხმებით, ნებისმიერი სხვა კატეგორიის სამოქალაქო დავები, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, რომ გადაეცეს მედიაციას, შესაძლებელია დაექვემდებაროს ამ მექანიზმს. თუ გადავხედავთ მედიაციის სხვადასხვა ცენტრის პრაქტიკას, ხშირია ოჯახური დავების მედიაციით რეგულირება. ასევე სასიხარულოა, რომ ბიზნესდავების მიმართაც ინტერესი იზრდება. უკვე ბევრი ბიზნესმენი ცდილობს დავის მედიაციით რეგულირებას. ეს ლოგიკურია, ვინაიდან ნებისმიერ საღად მოაზროვნე მხარეს სურვილი აქვს, ნაკლები დრო და ფული დახარჯოს, ასევე მეორე მხარესთან მისასვლელი გზა არ დაკარგოს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც კმაყოფილი იქნება. 

- კერძო მედიატორის მომსახურების საფასურს ალბათ ბაზარი არეგულირებს, სასამართლოს მედიაციის ცენტრებში ანაზღაურება როგორ ხდება? 

- სასამართლო მედიაციის მომხმარებელი არის ის მხარე, რომელთა დაკავშირებითაც დავა უკვე მიდის სასამართლოში. მოსამართლემ შეიძლება გააჩეროს ეს დავა და მედიატორებს გადასცეს. თუ მხარეები მორიგდებიან, მტკიცდება მორიგება, თუ ვერ მორიგდებიან, არაფერი აქვთ დაკარგული, საქმე ისევ სასამართლოში გაგრძელდება. არასასამართლო მედიაციისას ორი მხარე იწყებს მედიაციას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ჩერდება სასამართლოსადმი მიმართვის ხანდაზმულობა იმ ვადით, მედიაციის რა ვადაზეც მხარეები შეთანხმდებიან. თუ შედგება შეთანხმება, არასასამართლო აქტი წავა სასამართლოში და მას სასამართლო ოფიციალურად დაადასტურებს, თუ მორიგების აქტი აკმაყოფილებს კანონმდებლობის წინაპირობებს. თუ ვერ შეთანხმებიან, ამ შემთხვევაშიც არაფერია დაკარგული, სასამართლოში მიმართვის თარიღის ათვლა იმ პერიოდიდან დაიწყება, როდესაც კერძო მედიაცია დასრულდება. სასამართლოს მედიაციაში მედიატორის გასამრჯელოს სახელმწიფო იხდის. არასასამართლო მედიაციაში მედიატორს ჰონორარი მხარეებმა უნდა გადაუხადონ. კანონით ნიხრი უნდა გაიყოს თანაბრად. თანაბრობის პრინციპი აქაც დაცულია, რათა მედიატორის მხრიდან შესაძლო მიკერძოებულობაზე კითხვის ნიშანი გამოირიცხოს. კერძო მედიაციისას მედიატორი ჰონორარს თავად აწესებს. 

- გასაგებია მედიაციის მნიშვნელობა დავების მოგვარების პროცესში, თუმცა ჯერჯერობით, დავების დიდი წილი სასამართლოებში განიხილება, სადაც პროცესები წლობით იწელება და ამის გამო ზარალდებიან, როგორც კერძო პირები, ისე ბიზნესმენები. რა არის ამის მიზეზი? 

- გაჭიანურებული სამართალწარმოება მხოლოდ ქართული გამოცდილება არ არის, ეს არის მსოფლიო გამოწვევა. თქვენ გაგიჭირდებათ ნახოთ ქვეყანა, სადაც სასამართლო პროცესები არ არის გაჭიანურებული. სამწუხაროდ, ჩვენც ასე ვართ. მიზეზები შეიძლება იყოს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური, მაგალითად, მოსამართლეთა რიცხოვნობის ნაკლებობა, თუნდაც მხარეთა ინტერესი, რომ საქმე დროულად არ დასრულდეს და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია, რა კეთდება იმისთვის, თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან, რომ ეს საკითხი უკეთესობისკენ დარეგულირდეს. 

ამ კუთხით, მიხარია, რომ საზოგადოებას უკვე აქვს რესურსი, რომ მხოლოდ სამართალწარმოებაზე აღარ იყოს დამოკიდებული და კონფლიქტი თავად დაარეგულიროს მოკლე დროში. საზოგადოებას მედიაციის მექანიზმის გამოყენებისკენ მოვუწოდებ. მედიაციის მომხმარებლის ზრდა ავტომატურად გამოიწვევს სასამართლოს უფრო ეფექტიან საქმიანობას, ვინაიდან დავების ნაკადი შემცირდება, ხოლო როდესაც მოსამართლეს ნაკლები საქმე ექნება, გადაწყვეტილებებიც უფრო სწრაფი და ხარისხიანი იქნება. აქედან გამომდინარე, განვითარებული მედიაცია ბევრ ზემოაღნიშნულ პრობლემასთან ერთად ამ გამოწვევასაც დაარეგულირებს. 

- რამდენიმე წლის წინ დაიწყო სასამართლო რეფორმის მორიგი ეტაპი. რა შეცვალა ამ რეფორმამ და რისი მოლოდინიც არსებობდა ამ რეფორმის მიმართ, გამართლდა თუ არა? 

- სასამართლო რეფორმა 1997 წლიდან მიმდინარეობს. ჩვენ რეფორმების არაერთი ტალღა გავიარეთ საქართველოში. როდესაც სამართლის უზენაესობის დამკვიდრებაზე ვსაუბრობთ, ალბათ, სასამართლო რეფორმაზე მუდმივად უნდა ვიფიქროთ. ასე არ არის, ერთ დღეს გავიღვიძებთ და ვიტყვით, რომ ამ მიმართულებით გამოწვევა აღარ არსებობს. ეს იქნება გამჭვირვალობა, სანდოობა თუ სხვა. სასამართლოსადმი სოციუმის მოთხოვნა ყოველთვის მაღალი იქნება და ქვეყანა ამ მოთხოვნებზე ყოველთვის უნდა ფიქრობდეს, მათ შორის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ჭრილში. 

რაც შეეხება იმას, სასამართლოს წინაშე არსებული გამოწვევები, დროდან დრომდე, რამდენად ეფექტიანად რეგულირდება, ამ მიმართულებით სტატისტიკას უნდა გადავხედოთ. სამოქალაქო კატეგორიების დავების მიმართ ინტერესი არ კლებულობს და ამ კუთხით სასამართლო გადატვირთულია, სისხლის სამართლის საქმეების კუთხით გამამართლებელი განაჩენები მატულობს. ესე იგი, წინსვლა არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა კითხვა პასუხგაცემულია და სასამართლოს განვითარება უნდა შევაჩეროთ. ეს მუდმივი პროცესია. 

მიუხედავად ამ ეტაპების გავლისა, ხშირად, საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია და ხელისუფლებას სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებაზე საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიუთითებენ... 

სანდოობის კუთხით, უვადო მოსამართლეების გამწესება, მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმა იყო. ასევე მნიშვნელოვანია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დანერგვა და გაძლიერება, ვინაიდან საზოგადოებრივი თვალი შედის მართლმსაჯულებაში და ბევრ რამეს თავად განსაზღვრავს. ასევე მნიშვნელოვანია, სასამართლოს ჭრილში, მედიაციის რეფორმის გატარება. 

- თქვენ ფიქრობთ, რომ მოსამართლეების უვადო დანიშვნა კარგი გადაწყვეტილებაა? თუ აღმოჩნდა, რომ მოსამართლემ სუბიექტური გადაწყვეტილება მიიღო (მაგალითად ნაცნობობით) ან კორუფციასთან დაკავშირებით გაჩნდა მის მიმართ კითხვის ნიშანი, ამ დროს რა ხდება? 

- ნებისმიერი მოხელე, საჯარო სამსახურის იქნება თუ კერძო პირი, თუ დადასტურდება, რომ რაიმე სახის კორუფციულ გარიგებაში შევიდა, სამართლებრივად აგებს პასუხს და დაისჯება, მათ შორის მოსამართლეც. 

- მოსამართლეების კვალიფიკაციის დონე რამდენად დამაკმაყოფილებელია, ამ კუთხითაც ჩნდება კითხვები? 

- 2005 წლიდან გამოვდივარ სასამართლო პროცესებზე. ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით გლობალურად კვალიფიკაციის პრობლემა არ დგას. 

- 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონი. თქვენი აზრით რამ განაპირობა ამ მიმართულებით სრულიად ახალი კანონის მიღება, რა არის ამ კანონის უპირატესობები და დარჩა თუ არა ის საკითხები, რომელსაც ეს კანონიც ვერ არეგულირებს?
 
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მიღება მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ მასში სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობის უფრო მდგრადი წინაპირობებია გაწერილი. თუნდაც სამეწარმეო საქმიანობისადმი სუბიექტების მიმართ სანდოობის საკითხი უფრო უკეთესად რეგულირდება. საქართველოში კომპანია შეიძლება ერთ დღეში დარეგისტრირდეს, ამ ინდექსით კი ვართ წინ, მაგრამ შემდეგ ამ კომპანიის საქმიანობა რამდენად მდგრადია, რამდენად გადახდისუნარიანია, ამას მერე აღარავინ აკონტროლებდა. ამ კუთხით, კანონმა შედეგი უნდა მოიტანოს და როგორც მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის, ასევე საქმიანობის განგრძობადობის სტაბილურობის წინაპირობები უნდა შექმნას. ამ ახალი კანონის ამოქმედება წინ გადადგმული ნაბიჯია. ნებისმიერი კანონის მიმართ გვაქვს მოლოდინები, რომ შედეგი მაშინვე უნდა მივიღოთ, ეს არ არის მართებული. ინსტიტუციამ რამდენიმე წელი უნდა იმუშაოს და დასკვნები მერე გავაკეთოთ. აქედან გამომდინარე, მოლოდინები დიდია და ვნახოთ, როგორ იმუშავებს იგი პრაქტიკაში. 

- საქართველოში, შპს იქნება თუ სააქციო საზოგადოება მცირე აქციონერების უფლებები რამდენად არის დაცული? არსებობს კონკრეტული მაგალითები, როდესაც მსხვილი აქციონერები მათ საკუთარი აქციების გაყიდვას აიძულებდნენ და არცთუ ისე ხელსაყრელ ფასად... 

- მცირე აქციონერების წილის გამოსყიდვის სტანდარტი დადგენილია კანონით. აქ საუბარია იმაზე, ეს გამოსყიდვის პროცესი რამდენად სამართლიანია, ანუ კანონით გაწერილი პროცედურები რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს. ისევე როგორც გამოსყიდვის ფასი რამდენად სამართლიანი და ადეკვატურია. მანდ იყო პრობლემები. ამ შემთხვევაში, თუ აქციონერი თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა სასამართლოს უნდა მიმართოს. პრობლემები მცირე და მსხვილ აქციონერებს შორის ყოველთვის იყო და არის, არაერთი სასამართლო დავაა ამ მიმართულებით.
 
- და ინტერვიუს ბოლოს ჩვენი ტრადიციული კითხვაა: როგორ ატარებთ თავისუფალ დროს? 

- ყველაზე კარგი რელაქსაცია არის იმ გარემოში ყოფნა, რომელ გარემოშიც ხარ ყველაზე უშუალო და ხარ მისი განუყოფელი ნაწილი. ეს არის ჩემი ოჯახი. მყავს მეუღლე და ორი ვაჟი. თავისუფალ დროს მათთან ურთიერთობაში ვატარებ. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი