ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუასთან - №6(270), 2022
მიხეილ დუნდუა - დაიბადა 1980 წლის 4 დეკემბერს, ქ. აბაშაში. 

განათლება 

2001-2003 წლები - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, მაგისტრატურა, ეკონომიკის მაგისტრი 

1997-2001 წლები - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, ბაკალავრიატი. 

სამუშაო გამოცდილება 

06.11.2018 წლიდან დღემდე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 

29.08.-06.11.2018 წელს - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი. 

01.05.-28.08.2018 წელს - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი. 

2016-2018 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი, აღმასრულებელი დირექტორი. 

2015-2017 წლებში - ტელეკომპანია გდშ, გადაცემა „20/30“, კონსულტანტი. 

2014-2018 წლები - კავკასიის უნივერსიტეტი, ჯანდაცვის და ეკონომიკის სკოლის ლექტორი, მკვლევარი. 

2013-2014 წლები - ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი `დოქტრინა~, დირექტორი. 

2012-2014 წლები - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი. 

2012 წელი - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი. 

2012 წელი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკური კვლევების და კონსულტაციის ცენტრის მკვლევარი. 

2010-2018 წლები - შპს "ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი" (GBC), დირექტორი. 

2010-2012 წლები - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი. 

2009-2018 წლები - შპს "ქეფითალ რისერჩ სენთერი", დირექტორი. 

2008-2010 წლები - შპს "ჯორჯიან ბიზნეს ვიკი", დირექტორი. 

2006-2008 წლები - სააგენტო "ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი" (GBC), ხელმძღვანელი. 

2004-2006 წლები - ტელეგადაცემა "საქმე და ეკონომიკა" (ტვ. კავკასია). ანალიტიკოსი, მიმომხილველი. 

2002-2006 წლები - გაზეთი "ბანკები და ფინანსები", რედაქტორი, მთავარი რედაქტორი. 

2001 წელი - ტელეგადაცემა "საქმე" (I არხი). ანალიტიკოსი, მიმომხილველი. 

2000-2006 წლები - "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია", ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე.

- ბატონო მიხეილ, მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორი იყო თქვენი გზა ფინანსთა სამინისტროში მოსვლამდე? 

- აბაშაში სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე გავაგრძელე სპეციალობით ეკონომიკის თეორია. მაგისტრატურაც იგივე მიმართულებით დავამთავრე. სტუდენტობიდანვე ჩემი საქმიანობა დაუკავშირდა ეკონომიკას და ჟურნალისტიკას. იმ პერიოდში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში ეკონომიკურ კომიტეტს ვხელმძღვანელობდი. იმავდროულად, გაზეთში "ბანკები და ფინანსები" მთავარი რედაქტორი ვიყავი. პირველ არხზე გადიოდა გადაცემა "საქმე", სადაც საერთაშორისო მიმოხილვას ვამზადებდი. შემდეგ იყო ტელეკომპანია "კავკასია", გადაცემა "საქმე და ეკონომიკა", იქაც საერთაშორისო მიმომხილველი ვიყავი. მოგვიანებით, მუშაობა ორგანიზაცია "ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგში" დავიწყე, ჯერ საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელის, შემდეგ ორგანიზაციის დირექტორის პოზიციაზე. ასევე ვიყავი ორგანიზაცია "ჯორჯიან ბიზნეს ვიკის" (იგივე სახელწოდების გაზეთის გამომცემელი ორგანიზაციის) დირექტორი, ორგანიზაცია "ქეფითალ რისერჩ სენთერის" ხელმძღვანელი, შემდეგ ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის "დოქტრინა" ხელმძღვანელი და თსუ ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის ერთ-ერთი დირექტორი. ძალიან საინტერესო წლები იყო. შემდეგ უკვე ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე დავინიშნე. მოკლე პერიოდში გადავედი ფინანსთა სამინისტროში, შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და ამჯერად ვარ ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 

გარდა ამისა, 2009 წლიდან დავიწყე პედაგოგიური საქმიანობა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს. ამჟამად, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) ასოცირებული პროფესორი ვარ. 

პედაგოგიური საქმიანობა არის ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო და კარგი გამოცდილება. სტუდენტებთან ურთიერთობას არაფერი სჯობს, კიდევ უფრო მეტს სწავლობ და ბევრ რამეს თავიდან იაზრებ. ეს არის ძალიან დიდი სტიმულის მომცემი. მადლობელი ვარ ჩემი სტუდენტებისა და ყველა იმ პედაგოგის, ვისთან ერთადაც ვსაქმიანობდი. 

- საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საქმიანობდით მედიაში. როგორ შეაფასებდით ქართული მედიას? ამ საკითხზე არსებობს განსხვავებული შეხედულებები. 

- მედიაში ჩემი საქმიანობა გარკვეულწილად უკავშირდება სტუდენტობის პერიოდს. მან 24-საათიანი მუშაობის გამოცდილება მომცა. ჟურნალისტებთან ერთად აკეთებ საქმეს, იკვლევ, იძიებ, აანალიზებ და შემდეგ ამზადებ იმისთვის, რომ საზოგადოებამ წაიკითხოს, მიიღოს დამაჯერებელი, სწორი ინფორმაცია, კარგი შეფასება. ეს ძალიან კარგი და სასიამოვნო პროცესია. 

რაც შეეხება თანამედროვე მედიას, ის ისეთივე ეკლექტიკურია, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრი სფერო დღევანდელ საქართველოში. სამწუხაროდ, მედიაში პოლარიზების ხარისხი ძალიან მაღალია. ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც ამბავი არაობიექტურად, დეზინფორმაციაზე დაყრდნობით შუქდება, როდესაც ფაქტების ნაცვლად აქცენტის გადატანა აღქმებზე ხდება და ამ დროს ზიანდება მთავარი, საზოგადოების სწორი ინფორმირება და მის სამსახურში ყოფნა. მიუხედავად ამისა, მედიის თავისუფლება და მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, დრო გაივლის, პროცესები დაცხრება, ყველა ეს პრობლემა გადაილახება და ქართული მედია საერთაშორისო სტანდარტს დაიკავებს. 

- რატომ გადაწყვიტეთ კომერციული სექტორიდან სახელმწიფო სამსახურში წასვლა? 

- ჩემი საქმიანობა არა მხოლოდ კომერციულ სექტორს, არამედ აკადემიურ, სამეცნიერო მიმართულებასაც გულისხმობდა. ბუნებრივია, სახელმწიფო საკითხებზე ფიქრი, ანალიზი ერთ-ერთი მიმართულება იყო, როდესაც მაგალითად, უნივერსიტეტებში სხვადასხვა კვლევებზე ვმუშაობდით, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა საგადასახადო, ფისკალური და ჯანდაცვის მიმართულებები. მაგალითად, კავკასიის უნივერსიტეტში ჯანდაცვისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე კვლევით საქმიანობას ვეწეოდი. ეს ჩემთვის ძალიან ახლობელი სფეროები იყო, როგორც ბიზნესის ადმინისტრირება, ისე საგადასახადო ადმინისტრირება, ფისკალური პოლიტიკა, მაკროეკონომიკა, ჯანდაცვა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკა. 

ასე რომ, ეს ჩემთვის უცხო მიმართულება არ ყოფილა. ამან მომცა შესაძლებლობა ქვეყნის სამსახურში ჩავმდგარიყავი და ჩემი ძალები აქ გამომეცადა. მადლიერი ვარ იმ პროცესების, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში ჩემი ყოფნისას განვითარდა. მინისტრის მოადგილისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის რანგში, პირველი რაც დავიწყე იყო შიდა კონტროლის სისტემების შექმნა და აუდიტის დეპარტამენტის ჩამოყალიბება, რათა კონტროლი მაქსიმალურად გაძლიერებულიყო. მნიშვნელოვანი ამოცანა იდგა ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე, თანხების ეფექტიანი ხარჯვისა და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების თვალსაზრისით. იმ პერიოდში მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი _ ორი სამინისტრო გაერთიანდა, ამ პროცესში ვიყავი ჩართული. შემდეგ ფინანსთა სამინისტროში გადმოვედი, შემოსავლების სამსახურში დავიწყე საქმიანობა. შემოსავლების სამსახურის წინაშე მაკროეკონომიკური მნიშვნელობის ამოცანა იდგა. იწყებოდა რეფორმა, მიმდინარეობდა მისი კრეაციის პროცესი _ ზედმეტად გადახდილი გადასახადების სწრაფი დაბრუნების რეჟიმის ამოქმედება. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე მილიარდი ლარი, რომელიც კომპანიებს ზედმეტად გადახდილი ჰქონდათ, ეკონომიკური ბრუნვის გარეშე იყო დარჩენილი. ეს ფული არც სახელმწიფო საკუთრებაში იყო და ბიზნესიც დროულად ვერ იბრუნებდა. ამიტომაც დღგ-ის სწრაფი დაბრუნების სისტემის ამოქმედება იყო მაკროეკონომიკური მნიშვნელობის პრიორიტეტი და ამოცანა. 

- ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, მოკლე პერიოდი მუშაობდით ჯანდაცვის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში. რა განაპირობა ასეთ სწრაფი საკადრო ცვლილებები? 

- ეს იყო მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც კონტროლის სისტემებისა და შიდა აუდიტის ფორმირება ხდებოდა. ამასთანავე, როგორც უკვე აღვნიშნე, შემოსავლების სამსახურში დღგ-სთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიახლე ინერგებოდა. ამ პერიოდში დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ გაუმჯობესებულიყო აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებული კონტროლი, როგორ ჩამოყალიბებულიყო კონტროლის თანამედროვე სისტემა. ამ დროს დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, სისტემის ანალიზი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. სასიამოვნოდ მახსენდება ეს გავლილი თუნდაც 2 თვე, რომელიც საინტერესო ინიციატივებით იყო გამორჩეული. 

- შემოსავლების სამსახურის (რაც ძალიან სპეფიციკური სამსახურია) უფროსად თქვენი დანიშვნა მოულოდნელი იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის, რადგან საგადასახადო სფეროში მუშაობის გამოცდილება მანამდე არ გქონდათ... 

- საგადასახადო სტრუქტურებში საქმიანობის გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ მქონდა ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის _ მაკროეკონომიკური მნიშვნელობის საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო კვლევით ცენტრებში. შესაბამისად, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ამოცანა იდგა ქვეყნის წინაშე (ვგულისხმობ დღგ-ის სწრაფად დაბრუნებას), რომლის აღსრულების მთავარი ეტაპი იწყებოდა, ამ მიმართულებით შემოსავლების სამსახურში ჩემი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ყველა ეს პროცესი შემოსავლების სამსახურის ძლიერ გუნდთან ერთად საბოლოოდ წარმატებით განხორციელდა. მე ძალიან კმაყოფილი და ამაყი ვარ, რომ ამ გუნდთან ერთად ვმუშაობდი. 

- შემოსავლების სამსახურის შემდგომ მუშაობას თუ ადევნებთ თვალს? ზოგი თვლის, რომ "შემოსავლების სამსახური დასუსტდა და ის აღარ არის, რაც იყო", ზოგი კი პირიქით, თვლის, რომ ეს სამსახური ძალიან ეფექტიანად მუშაობს. როგორია თქვენი აზრი? 

- პირიქით, შემოსავლების სამსახური გაძლიერდა, გახდა უფრო თანამედროვე, უფრო მობილური და უფრო ეფექტიანი. როდესაც დღგ-ის დაბრუნების სისტემაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი შემოსავლების სამსახურში შეიქმნა. მაკროეკონომიკური მნიშვნელობის საკითხია, მაგრამ შემოსავლების სამსახური დებს იმ ფილტრს, იმ კონტროლის ეფექტიან სისტემას, რომელიც საშუალებას გვაძლევს ბიზნესს დღგ ავტომატურად დაუბრუნდეს. ამ ეფექტიანი სისტემის შექმნამ პროცესი დააჩქარა, ეს ყველაფერი მოწონებულია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. დღეს შემოსავლების სამსახური არის უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა საგადასახადო ადმინისტრირების ინტრაევროპული ორგანიზაციის პრეზიდენტი გახდა. ეს პატივი არ არის შემთხვევითი. ლევან კაკავას და ყველა მის თანამშრომელს მადლობას ვეტყვი იმ საქმისთვის, რასაც ეს სტრუქტურა აკეთებს. თქვენ თუ შეხედავთ სავალუტო ფონდის ბოლო წლების ანგარიშებს, სადაც ვრცელი რეგიონების მიმოხილვაა, აქცენტი გაკეთებულია საქართველოში საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებაზე. საგადასახადო ადმინისტრირებაში და რეფორმებში მიღწეულ წარმატებას სავალუტო ფონდი აღიარებს როგორც მაგალითს სხვა ქვეყნებისთვის. 

- საწარმოთა საგადასახადო შემოწმებების რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო. ეს რესურსების სიმცირის გამოა თუ ერთგვარი ლიბერალიზაციის პროცესის გამოხატულებაა? 

- სისტემის ავტომატიზირება, ბუნებრივია, ადამიანური რესურსების ჩართვით კომპანიებში ხშირ შემოწმებებს ამცირებს. ბიზნესის მოცდენის გარეშე, უკვე ელექტრონულად შეგვიძლია დავაკვირდეთ პროცესებს, მაკრო დონეზე გავაანალიზოთ ისე, რომ რისკებს ადვილად მივხვდეთ. საგადასახადო შემოწმებების შემცირება სწორედ რისკების ანალიზის დანერგვისა და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებამ განაპირობა, ვინაიდან როგორც კი რისკი გამოჩნდება სწორედ მაშინ ხდება ყურადღების გამახვილება. 

- ამჟამად, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ფინანსთა სამინისტროში რა მიმართულებებს კურირებთ?

- ვკურირებ სამ მიმართულებას _ ფინანსთა სამინისტროს აკადემია, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი, სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო, რომელსაც არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა უკავშირდება. როგორც აღვნიშნე, როდესაც შემოსავლების სამსახურის უფროსი გავხდი, საფუძველი ეყრებოდა აზარტული თამაშების კონტროლის სისტემების ფორმირებას. ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოზიციაზე გადასვლისას დავიწყეთ სათამაშო ბიზნესის სამმართველოს ფორმირება, 2020-2021 წლებში პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივებით მივმართეთ. 2022 წლიდან ამ ყველაფრის მასშტაბური განხორციელება დაიწყო. 

- აზარტული თამაშობების სფეროში რატომ გახდა საჭირო კონტროლის ასეთი მექანიზმების ამოქმედება და ამ მოკლე პერიოდის გავლის შემდეგ, თუ შეგიძლიათ რომ გვითხრათ, რა მოუტანა ქვეყანას ამ ცვლილებებმა? 

- ეს იყო ქართული საზოგადოების დაკვეთა. აზარტული თამაშობებში მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო ჩართული და ეს დამოკიდებულება იზრდებოდა, რაც იწვევდა მოსახლეობის გაღარიბებასა და ფსიქოლოგიურ ტერორს. თქვენ წარმოიდგინეთ, მოსახლეობის ფულადი შემოსავლების დაახლოებით 10 პროცენტი სათამაშო ბიზნესში ექცეოდა. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელი იყო, რასაც სახელმწიფო ყურადღებით მოეკიდა. ეფექტიანი კონტროლის სისტემების დამყარების შემდეგ უკვე შეგვეძლო შემზღუდავი და მარეგულირებელი ნორმების შემოღება. რა მნიშვნელობა აქვს აკრძალვას, თუ კონტროლი არ შეგიძლია. შესაბამისად, კონტროლის სისტემები მაღალ დონეზე დავნერგეთ. შემდეგ პრემიერმა მიიღო გაბედული გადაწყვეტილება და მისი ინიციატივით შეიზღუდა რეკლამა, ასაკობრივი ცენზი და მოხდა სისტემაში საზოგადოების გარკვეული კატეგორიის ჩართვის შეზღუდვა. 

- კანონპროექტის განხილვისას კეთდებოდა შეფასებები, რომ რეგულაციის გამკაცრებას უარყოფითი ფისკალური ეფექტი ექნებოდა. გამართლდა ეს პროგნოზი? 

- პირიქით, ამ სფეროდან საგადასახადო შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა, შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85 პროცენტით მეტია. კერძოდ, შემოსავლები 60 მილიონი ლარიდან 110 მილიონ ლარამდეა გაზრდილი, ვინაიდან დაბეგვრის ახალი სისტემა - ე.წ. GGR (Gross Gaming Revenue) შემოვიტანეთ, დაბეგვრას დაექვემდებარა მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა 10%-იანი გადასახადით. ამ სისტემის დანერგვით, მოგების გადასახადი 7,5-ჯერ შემცირდა, ბრუნვის გადასახადი 30 პროცენტით. მიუხედავად ამისა, საგადასახადო შემოსავლების 85 პროცენტით გაიზარდა. ანუ მიზანს, რომ ბრუნვა შემცირებულიყო, მივაღწიეთ _ მიზანს, რომ მოგების მაჩვენებელი ნორმირებული ყოფილიყო და არა ჭარბ ზემოგებაზე დაფუძნებული. ესეც ასეა. ამასთანავე, ახალმა საგადასახადო სისტემამ ბიუჯეტში შემოსავლების ზრდაც უზრუნველყო. ეს ძალიან კარგი შედეგია. ამასთანავე, დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანია რეგისტრირებული, რომელსაც აზარტულ თამაშობებში ჩართვა აეკრძალა. 1300 ადამიანზე მეტი, თავისი ნებით ჩამოშორდა სისტემას, 18 ქეისია, როდესაც გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. ნებისმიერი თანხა, რომელიც დაიზოგება აზარტულ თამაშებში, სხვა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაიდება და მაკროეკონომიკური ეფექტი კიდევ უფრო დიდია. 

- კონტროლის აღსრულების პროცესი როგორ ხდება, თუ გამოვლინდა კანონდარღვევები? ასევე, ცოტა ხნის წინ, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეიქმნა ახალი ვებგვერდები, სადაც იმ ადამიანების ნაწილი გადამისამართდა, რომლებსაც ქართულ საიტებზე წვდომა აეკრძალათ. 

- შემაჯამებელ ინფორმაციას მოგახსენებთ. კომპანიებს სხვადასხვა ტიპის კანონდარღვევების გამო ასეულობით ათასი ლარის ჯარიმები დაეკისრათ. ბუნებრივია, ამას ველოდით, რადგან თუ არ არის აკრძალვა, არც კანონდარღვევაა. მთავარია ეს პროცესი არ იყოს სისტემური და მასშტაბური ხასიათის. ინციდენტების დონეზე რაღაცა ტიპის დარღვევები ყოველთვის იქნება. წარმოიდგინეთ, 1,5 მილიონ ადამიანს შეეზღუდა აზარტული თამაშობები. სისტემამ 99 პროცენტიანი ეფექტიანობითაც რომ იმუშაოს, ხომ არის რისკი, რომ 15 ათასი ადამიანმა თამაშში ჩართვა მაინც მოახერხოს. მთავარია ეს რისკები აღმოვაჩინოთ. ამ პროცესს ეროვნული ბანკიც ფეხდაფეხ მიჰყვება. ის პრევენციულად კეტავს ანგარიშსწორების სისტემას უცხოური საიტებისთვის, ან პოსტფაქტუმ ხედავს და აღმოაჩენს რისკს. თუ ისეთი რისკი გამოვლინდა, რომელმაც სისტემური ხასიათი მიიღო, კიდევ გადავხედავთ რეგულაციებს, ასევე ტექნოლოგიური გაუმჯობესების საკითხს. შეიძლება ისეთ რისკებთანაც გვქონდეს საქმე, როდესაც პირი შედის სხვისი ექაუნთით. მას ოჯახის წევრმა, ან უახლოესმა მეგობარმა თავისი ანგარიში დაუთმო. ამ დროს გაკონტროლება ძნელია, მაგრამ ყველაფრის აღმოფხვრას სახელმწიფო ვერ შეძლებს. მთავარია კანონდარღვევებმა მასშტაბური ხასიათი არ მიიღოს და ეს რისკები ინციდენტების დონეზე დარჩეს. ახლა ვითარება გაცილებით უკეთესია, ვიდრე იყო.

- დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, ინფლაციაა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, საქართველოში ინფლაცია ისევ მაღალ ნიშნულზე რჩება. რას აკეთებს სამინისტრო ეროვნულ ბანკთან ერთად, რომ ინფლაციას დაღმავალი ტრენდი ჰქონდეს? 

- სამწუხაროდ, ინფლაცია გლობალური მოვლენაა. შევხედოთ ჩვენს სამეზობლოს, თუ რა მასშტაბის ინფლაციაა, მაგალითად, თურქეთში, ასევე ევროპის ქვეყნებში. ამ გლობალურმა კატაკლიზმებმა, ჯერ პანდემიიდან გამოწვეულმა, შემდეგ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, მსოფლიოში ორნიშნა ინფლაციების ძლიერი ტალღა დაძრა. ბუნებრივია, ამ პროცესს საქართველო ვერ ასცდებოდა. ეროვნულ დონეზე სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ინფლაციის დასარეგულირებლად, მაგრამ სანამ ეს გლობალური ფაქტორები არ ამოიწურება, ამ პროცესში მარტო საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ფუნქციურად ინფლაციის დასარეგულირებელი ინსტრუმენტები არის ეროვნულ ბანკში. ეროვნულმა ბანკმა გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი. ეს განაკვეთი უფრო დაბალი რომ იყოს, ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. მეტ ინსტრუმენტს ეროვნული ბანკი ვერ გამოიყენებს. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, ბიუჯეტის დეფიციტი შემცირებულია. ეს არის ის ორი მაკროეკონომიკური მეთოდი, რითაც შეიძლება ფასების ზრდას ეროვნულ დონეზე ებრძოლო. სხვა თეორია არ არსებობს. ხელოვნური ჩარევითა და ხელოვნური ფასდადებით საბაზრო ეკონომიკაში პრობლემას ვერ მოაგვარებ. ეს ბიუჯეტის დეფიციტს გაზრდის და უფრო მაღალ ინფლაციას გამოიწვევს. ამასთანავე, კურსის სტაბილურობა მნიშვნელოვანი იარაღია, რათა ინფლაციის შემდგომი გაუარესება თავიდან ავიცილოთ. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ინფლაცია დაიწყებს შემცირებას, თუმცა ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება, ეს პროცესი დამოკიდებულია გლობალურ მოვლენებზე. ამასთანავე, სახელმწიფომ ინფლაციის საპასუხოდ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად გაზარდა სოციალური დახმარებები. 

- ასევე მინდა, ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხსაც შევეხოთ. პერიოდულად სხვადასხვა ჯგუფების მიერ კეთდება განცხადებები, რომ საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებში რუსული სანქცირებული კომპანიების პროდუქტი ხვდება. რომ შესაძლებელია აქ არსებობდეს ბიზნესის კეთებისთვის ,,შავი ხვრელი~. ამ კუთხით, როგორია კონტროლის მექანიზმი? 

- კონტროლი ხდება მაღალ დონეზე, ერთი ფაქტიც არ არსებობს, რომ საქართველოში სანქცირებული პროდუქტი შემოვიდა. ქვეყანა როგორც საბაჟო, ასევე საგადასახადო ადმინისტრირების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ ერთი გამორჩეულია. შესაბამისად, ვითარება უმაღლეს დონეზე კონტროლდება. ამას საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ. კონტროლის მექანიზმი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე და ძლიერი. 

- რა უახლოესი გადასაწყვეტი ამოცანები დგას ფინანსთა სამინისტროს წინაშე ამჟამად? როგორია ამ უწყების ჩართულობა ევროკავშირთან ასოცირების პროცესში? 

- ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზე გავიდა. ეს არის საერთაშორისო აღიარება. ეს ნიშნავს, რომ არა მარტო ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, არამედ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთვის საქართველოში ფინანსების მართვის პროცესი არის სამაგალითო. ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტრომ გაატარა. რეფორმები გრძელდება. ბუნებრივია, არის სხვა საკითხებიც, რომელსაც დიდი ყურადღება სჭირდება და სახელმწიფო ამ მიმართულებითაც ყველაფერს გააკეთებს. მაგალითად, ჩემს საკურაციო სფეროში არის სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი, იგივე ჰარმონიზაციის ცენტრი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს შიდა აუდიტებს სახელმწიფო საჯარო სექტორში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს ვგეგმავთ, ვგულისხმობ კვალიფიკაციის ასამაღლებლად სერტიფიცირების პროცესს და შიდა კონტროლის სისტემების თანამედროვე, ევროპულ დონეზე მოდერნიზებას. ასე რომ, ამ თვალსაზრისით რეფორმის განხორციელება კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროკავშირთან. მომდევნო წლებში ბევრი რამე გაკეთდება. შიდა კონტროლის სისტემების მოდერნიზება და მაღალი დონის კვალიფიკაცია იქნება გარანტი იმისა, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბიუროკრატიის ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია. ჩვენი მიზანია მოვხვდეთ ათეულში და სამომავლოდ პირველ ადგილზეც. 

- ახლანდელი აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ხშირად გვესმის კრიტიკა, რომ მისი ქმედებები და დაპირებების შესრულება იგვიანებს. ბოლო მაგალითი რომ ავიღოთ: მარტის ბოლოს საჯაროდ დაპირებული შეღავათი ქონების გადასახადში, საგადასახადო კოდექსში ცვლილების სახით მხოლოდ ივნისის ბოლო დღეებში შევიდა. როგორ უპასუხებთ ამ კრიტიკას? 

- მოდით, ამას არ დავარქმევ დაპირებას, ამას დავარქმევ გაცხადებულ გეგმას. სახელმწიფოს აქვს წინასწარ გაცხადებული გეგმები, მათ შორის საგადასახადო შეღავათებთანაც დაკავშირებით, რომელსაც ფისკალური ეფექტები აქვს. თუკი ვითარება იცვლება მსოფლიოში და ფინანსურ სტაბილურობასთან, ან ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით რისკები წარმოიქმნება, სახელმწიფო ვალდებულია წინდახედულობა გამოიჩინოს, პრუდენციული პოლიტიკა წინ წამოწიოს, ამ მიზნებიდან გამომდინარე შეაჩეროს პროცესი შემდეგი გადააზრებისთვის. როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, რომელმაც საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები შეაჩერა, ზოგი სამუდამოდ, ზოგი რამდენიმე წლით გადადო, ასეთ დროს აუცილებელი გახდა ყველა იმ საკითხის თავიდან გააზრება, რომელიც ფისკალურ რისკებს შეიცავდა. თუმცა დავინახეთ, რომ ეკონომიკა კარგი ტემპით იზრდება, ინვესტიციები შემოვიდა, ექსპორტის მაღალი მაჩვენებელია. საერთაშორისო ორგანიზაციებმა პესიმისტური პროგნოზები ოპტიმისტურით შეცვალეს. ყველა ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებული განაცხადის შესრულება შესაძლებელი გახდა. უბრალოდ, მან დროში გადაინაცვლა, მაგრამ ეს იყო ობიექტური მიზეზი. ეს დროებითი დაყოვნება აუცილებელი და სავალდებულოც იყო სახელმწიფოს მხრიდან. 

- თქვენი სამომავლო გეგმები როგორია? ფიქრობთ, რომ დარჩებით საჯარო სამსახურში თუ კომერციულ სექტორში დაბრუნდებით? 

- როგორც გითხარით, აკადემიური მიმართულებით ვარ გაუ-ში, ასევე ვარ სახელმწიფო სამსახურში. ჩემთვის პატივია ვიყო სახელმწიფო სამსახურში და ვემსახურო ქვეყანას კეთილსინდისიერად. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. სადაც დავჭირდები ქვეყანას, იქ ვიქნები, როგორც აკადემიურ, ისე სახელმწიფო დონეზე. 

- დაბოლოს, თქვენი თავისუფალი დრო როგორია? 

- თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ვატარებ. მყავს მეუღლე და სამი შვილი, ერთი ვაჟი, ორი ქალიშვილი. პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა და ბევრ პრიორიტეტს კიდევ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი. თავისუფალი დრო შეიძლება ნაკლებად მრჩებოდეს, მაგრამ ის რაც არის, აუცილებელია ოჯახს, მეგობრებს მიუძღვნა. მსურს მეტი ურთიერთობა მქონდეს უახლოეს ადამიანებთან, რაც საქმიანობის უკეთესი წარმართვისთვის დიდ სტიმულს მაძლევს. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი