ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ აუდიტური კომპანია "იუ ეიჩ ვაი"-ს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელ გიორგი შავგულიძესთან - №7(271), 2022
გიორგი შავგულიძე - დაიბადა 1986 წლის 27 ნოემბერს, ქ. ყვარელში. 

განათლება 

2004-2008 წლები - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ეკონომიკის ფაკულტეტი; აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობა; ბაკალავრიატი. 

სამუშაო გამოცდილება 

2009.10-2012.09 - აუდიტორი, KPMG საქართველო. 

2012.10-2015.09 - უფროსი აუდიტორი, KPMG საქართველო. 

2015.09-2016.11 - ფასს რეპორტინგის ხელმძღვანელი, შპს ბათუმის ნავთობის ტერმინალი, შპს ბათუმის საზღვაო პორტი, ბათუმი ტერმინალ ლიმიტედ გრუპი (პეტროტრანს ელ თი დი). 

2017.01-2018.02 - უფროსი აუდიტორი, KPMG საქართველო. 

2018.02 დღემდე - შპს „იუ ეიჩ ვაი“-ს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის კომპანიის ერთ-ერთი მეწილე პარტნიორი.

- ბატონო გიორგი, მოგვიყევით თქვენს შესახებ. როგორია თქვენი, როგორც აუდიტორის გზა? 

- ყვარელში დავიბადე, იქვე დავამთავრე №1 საშუალო სკოლა. სკოლაში საკმაოდ აქტიური, ფრიადოსანი მოსწავლე ვიყავი. ჩვენი სკოლა ჩართული იყო ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ რამდენიმე ათეულ სკოლასთან ერთად საერთაშორისო დონორის მიერ გრანტით დაფინანსებულ საპილოტე პროგრამაში, რომლის მიზანი იყო საპარლამენტო საქმიანობის პოპულარიზაცია და არჩევნების პროცესის ცნობიერების ამაღლება. ამ პროგრამის ფარგლებში სკოლის პარლამენტი შევქმენით, რომლის პირველ თავმჯდომარედ ამირჩიეს და გუნდთან ერთად ვმონაწილეობდი პროგრამის ფარგლებში გამართულ აქტივობებში. ასევე გავაკეთეთ, სკოლის მასშტაბით, მცირე, მაგრამ საინტერესო პროექტები, მაგალითად: ჭადრაკის ჩემპიონატი და სხვადასხვა სპორტული და სოციალური აქციები. ვიყავი სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდის კაპიტანი. 

სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს იყო 2004 წელი, გარდამავალი პერიოდი ეროვნული გამოცდების დანერგვის. გამიმართლა, მივიღე რა საჭირო ქულათა მინიმუმი და 100%-ანი დაფინანსებით ჩავირიცხე ეკონომიკის ფაკულტეტზე - „აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის“ სპეციალობით. ასევე გავხდი პრეზიდენტის სტიპენდიანტი, ეს პროგრამაც მაშინ ჩაირთო. სტიპენდია თვეში 150 ლარი იყო. უნივერსიტეტში სწავლების პირველ წლებში, მცირე დროით, ისევ მქონდა შეხება არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით გამართულ აქტივობებთან, რომელიც ძირითადად უკავშირდებოდა უმცირესობის პრობლემებზე მუშაობას. 

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა საერთაშორისო აუდიტური კომპანია KPMG-ის აუდიტის დეპარტამენტში დავიწყე. ამ კომპანიაში 6-წლიანი მუშაობის შემდეგ მივიღე გამოწვევა და გადავედი ფასს რეპორტინგის მიმართულების ხელმძღვანელად „ბითიელ გრუპში“, რომელიც ფლობს და ოპერირებს კვიპროსში რეგისტრირებულ კომპანიას და საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს – შპს "ბათუმის ნავთობის ტერმინალს" და შპს "ბათუმის საზღვაო პორტს". ყველა ამ ჯგუფის კომპანიების რეპორტინგში ვიყავი ჩართული. ამ პოზიციაზე ვიმუშავე ერთი წელი და რამდენიმე თვე, თუმცა იქაც, ფაქტობრივად, აუდიტორების გარემოცვაში ვცხოვრობდი. ჯგუფის მაკონტროლებელი მხარის მიერ მოითხოვებოდა კვარტალური, საშუალო წლიური და წლიური აუდირებული ანგარიშგებები როგორც კონსოლიდირებული ასევე განცალკევებული კომპანიების მიხედვით, რასაც ჩვენი ჯგუფის ბუღალტერთა გუნდისა და ჩვენი აუდიტორის EY-ის გუნდის ეფექტიანი მუშაობით ყოველთვის წარმატებით ვასრულებდით. შემდეგ დავბრუნდი ისევ KPMG-ში, აუდიტის დეპარტამენტში. 

ქვეყანაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებასთან ერთად გაჩნდა ახალი აუდიტური კომპანიის შექმნის იდეა. იდეის მთავარი ინიციატორი იყო ჩემი მეგობარი და პარტნიორი გუკა უბირია. ჩვენ ერთად დავიწყეთ მუშაობა KPMG-ში. გუკა კომპანიიდან ჩემზე ცოტა ადრე წამოვიდა, თუმცა ისიც მომიჯნავე საქმეში იყო ჩართული. ერთ-ერთი მსხვილი ენერგეტიკული კომპანია დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში დიდ პროექტს ახორციელებდა და გუკა იქ ფინანსური კონტროლის მიმართულებით მმართველ გუნდში მუშაობდა. მერე ისიც დაბრუნდა საქართველოში, დაამატა მეორე „დიდი ოთხეულის“ (წამყვანი საერთაშორისო აუდიტური კომპანიების ოთხეული - რედ. შენიშვნა) - „Delloitte“-ს გამოცდილება. 

2017 წელს, როდესაც ახალი რეფორმა დაიწყო, გამოიკვეთა, რომ თამაშის ახალი წესები წესდებოდა, უკვე შეიძლებოდა ჩვენი პროფესიით შრომაზე დაფუძნებულ საქმეს შედეგები მოჰყოლოდა. გაჩნდა ახალი კომპანიის შექმნის იდეა, რამდენიმე თვე ამ იდეას ვამუშავებდით. შემდეგ დაიწყო რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო გზა, ამ გზაზე რამდენიმე კარგ ადამიანთან ურთიერთობა, კვალიფიკაციის დაკმაყოფილება და იმ სტატუსის მიღება, რაც დღეს გვაქვს. ამ თავგადასავალში ძალიან დიდი როლი აქვს ჩვენს პარტნიორს თინათინ დავითაიას. თუმცა კიდევ გვაქვს სივრცე, რომელიც უნდა ავითვისოთ. გვაქვს სდპ-ის აუდიტის ჩატარების ნებართვა, გარდა პირველი კატეგორიის ზომის სდპ-ებისა, მიზანია ისე გავმართოთ პროცესები შიგნით, რომ სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან პლუს პირველი კატეგორიის სდპ-ების აუდიტის ნებართვაც მივიღოთ. ამ მზადების პროცესში ბოლო ეტაპი იყო ვატო (ვახტანგ) ნამორაძის შემოერთება, რომელსაც „დიდ ოთხეულში“ მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, თან, არა მარტო საქართველოში. აუცილებელი გახდა ჩვენი გამოცდილებები გაგვეერთიანებინა ვატოსთან ერთად და შევსულიყავით UHY-ის ქოლგის ქვეშ. ძალიან კარგი გუნდი შეიქმნა, რომელიც საქმითაც დადასტურდა, სახელმწიფოსგან მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ გვქონოდა სდპ-ის აუდიტის კვალიფიკაცია. 

რაც შეეხება UHY-ს, - ეს არის აუდიტური კომპანიების ქსელი, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ახლა თავად კომპანიაში მნიშვნელოვანი პროცესები მიდის, ქსელის საუკეთესო სტანდარტები ინერგება. გუკა უბირია, რომელიც ჩვენთან არის აღმასრულებელი დირექტორი და რისკების მენეჯერი, ამავდროულად ქსელის 4 ქვეყანაში კონტროლის შესაბამისობის ზედამხედველობას აწარმოებს. აქვე, დავამატებ შემდეგ ინფორმაციას - უზბეკეთში მიმდინარეობს დაახლოებით ის პროცესები, რომელიც ჩვენთან 2000-იან წლებში დაიწყო. მათი მხრიდან გახდა საჭიროება, ხოლო ჩვენი მხრიდან შესაძლებლობა, რომ უზბეკეთში ინტელექტუალური ექსპორტი გაგვეკეთებინა. ჩართულები ვართ UHY-ის ტაშკენტის ოფისის აუდიტის განხორციელების ხარისხის გაზრდის დახმარებაში. 

- სათავო ოფისმა ამ პროცესისთვის ქართული გუნდი რატომ აირჩია? 

- დღემდე ვაკეთებთ აუდიტს და არ ვაკეთებთ ბიზნესს, გვიყვარს ეს საქმე. გვაქვს პრეტენზია, რომ ყველგან, სადაც ვართ, დავნერგოთ საუკეთესო პრაქტიკა. ორი ვიზიტი გვქონდა სათაო ოფისში, ლონდონში, სადაც ჩვენი მხრიდან იყო პროაქტიური კომუნიკაცია, თუ როგორ შეიძლება მოვახერხოთ საერთო პრაქტიკის ჩამოყალიბება. მათ დაინახეს ეს ჩვენი ორიენტირი, უნარები როგორც აუდიტის, ისე ბუღალტრული და საგადასახადო მიმართულებით. 

- UHY-ს როგორ დაუკავშირდით, თანამშრომლობის ინიციატივა თქვენგან წამოვიდა თუ მათგან? 

- ჩვენგან წამოწყებული კომუნიკაციის შედეგად 2018 წლის მაისიდან, UHY ოფიციალურად შემოვიდა საქართველოში. დასაწყისში, ვითარების გასაცნობად კომპანიიდან იყვნენ ჩამოსულები, მერე ჩვენც სათაო ოფისში ორჯერ მოგვიწია ვიზიტი. ვიცოდით, რომ ჩვენი მიზნების მისაღწევად დაგვჭირდებოდა მნიშვნელოვანი რესურსები, საერთაშორისო პრაქტიკა. ამისთვის ველოსიპედს ვერ გამოვიგონებდით, ხოლო საშუალება იყო დიდ ქსელთან დაკავშირება. გვქონდა მცდელობები არა მხოლოდ UHY-სთან, არამედ სხვა ჯგუფთანაც, რომელიც არის წამყვან ოცეულში შემავალი, თუმცა ამ ჯგუფთან ჩვენი მოთხოვნების თანხვედრა ვერ შედგა. საბოლოოდ არჩევანი ამ ქსელზე გაკეთდა. 

- "ბითიელ გრუპში" როგორ მოხვდით და რატომ დაბრუნდით ისევ აუდიტში? 

- იმ პერიოდში „ბითიელ გრუპის“ კომპანიებში შეიცვალა მენეჯმენტი. ზოგადად, იქ, უმრავლესობა ყაზახეთიდან ჩამოსული ტოპ-მენეჯმენტია. მოტივატორი იყო ორი ფაქტორი. KPMG-ის ყაზახეთის ოფისიდან ფინანსური დირექტორის პოზიციაზე გადმოვიდა აუდიტის მენეჯერი, მან შემომთავაზა იქ გადასვლა და ამიხსნა გამოწვევის სიკეთე, ამასთანავე ანაზღაურებაც იყო გაცილებით მაღალი. წინასწარ იყო ჩემთვის ცნობილი დაკავშირებული სირთულეები ჯგუფის კომპანიების შესაბამისობასთან მიმართებით როგორც ზემოთ აღვნიშნე რეპორტინგის მრავალმხრივ მოთხოვნებთან. ვფიქრობ, ჩემი მისვლიდან ერთ წელიწადში გაიმართა ყველა შესაბამისი პროცესი მისაღებ დონემდე, შემდეგ უკვე რუტინა გახდა. ბუნებრივია, აუდიტიც ერთი შეხედვით რუტინულია, მაგრამ ყოველთვის საინტერესოა, ერთი პროექტი არასდროს კოპირდება. მაგალითად, 5 წელი ერთი კომპანიის ანგარიშგების აუდიტს ვაკეთებდი და ყოველ მომდევნი წელს იყო რაღაც, რომელმაც პროფესიული კუთხით გამზარდა. უნდა დაიჭირო განსხვავებები პროცესში, რომელიც ამ რუტინას ხალისით გაგაკეთებინებს. 

- თქვენ მუშაობდით "დიდი ოთხეულის" წევრ აუდიტურ კომპანიაში. მსხვილი ქართული (როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო) საწარმოები ხშირად აუდიტის ჩასატარებლად საერთაშორისო კომპანიებს ირჩევენ (სიძვირის მიუხედავად). ეს მათი ანგარიშგებების სანდოობისთვის სჭირდებათ, თუ ქართული აუდიტური კომპანიების კვალიფიკაცია საკმარისი არ არის? 

- ქართულ საწარმოებს ორ ნაწილად დავყოფდი: „დიდი ოთხეულის“ კლიენტურა და „არა დიდი ოთხეულის“. ერთი, რომლებიც არიან საერთაშორისო ბიზნესის მიერ დაფუძნებულები და მათი მოთხოვნის გამო ამ შემთხვევაში ადგილობრივ მენეჯმენტს არ აქვს უფლებამოსილება, რომ "არა დიდი ოთხეულის" კომპანიასთან ურთიერთობაზე გავიდეს. ცალსახაა, რომ შეზღუდვა არის ბუნებრივი. სხვა კომპანიებს ამის შესაძლებლობა აქვთ. თავის დროზე, სანამ ახალი თამაში წესები დამკვიდრდებოდა, ჩემი აღქმით, ჩამოყალიბებული იყო ასეთი დამოკიდებულება, რომ აუდიტორს გადახდილი საფასურის სანაცვლოდ გააკეთებინებდი იმას, რაც თავად გსურდა. ძირითადად, მარწმუნებელ საქმიანობას ვგულისხმობ. ადგილობრივ კომპანიებს რეპუტაცია გარკვეულწილად დაკარგული ჰქონდათ. ჯერ, მიმდინარე რეფორმის სასიკეთო შედეგებიც ბოლომდე არ არის ხელშესახები, თუმცა რეფორმამ ცალსახად გააჩინა იმიჯის გაზრდის შესაძლებლობა და ხელშესახები წინაპირობები კვალიფიკაციაში განსხვავებების შესამცირებლად, გარკვეული რანგირებაც - სდპ, არა სდპ. ანუ გარკვეული ნიშა გაჩნდა და რეპუტაციული ზღვრები დაიყო. თუმცა ჯერ კიდევ არის ის აღქმა, რომ „დიდ ოთხეულთან“ არ შეიძლება მოთხოვნილ სტანდარტებს მიღმა მუშაობა და „არა დიდ ოთხეულთან“ კი ეს „მოსულა", რითაც შეიძლება აიხსნას სანდოობის საკითხი. 

- 2016 წლის კანონის მიღების შემდეგ, აუდიტური ფირმების რიცხვმა იმატა და რეესტრში 200-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული. არადა, სპეციალისტთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ პირიქით, ეს სია შეიკვეცებოდა, ბაზარზე კომპანიების შერწყმისა და გამსხვილების პროცესი დაიწყებოდა, ვინაიდან კომპანიების ნაწილი ახალ სტანდარტებთან მორგებას ვერ შეძლებდნენ. რა ხდება ამ ბაზარზე? 

- ვფიქრობ, ამ კანონმდებლობას ერთი პატარა აუხსნელი ფაქტი მოჰყვა. როდესაც ეს რეფორმა დაიწყო და აუდიტის საქმიანობის რეგულირების საჭიროება გაჩნდა, აუდიტორებს მოუხდათ გაზრდილი მოთხოვნებისა და პირობების შესრულება. მარწმუნებელი საქმიანობის განხორციელების პროცესში ყველას მოლოდინი იყო, რომ აუდიტორული მომსახურების თუნდაც ფასი გაიზრდებოდა ბუნებრივად, რადგან მიწოდების გაზრდა ვერ დააკომპენსირებდა აუდიტორული ფირმების მიერ საჭირო რესურსის შესყიდვის დანახარჯებს რაც კვალიფიკაციაში საუკეთესო პრაქტიკასთან მიმართებით დიდი განსხვავების აღმოსაფხვრელად იყო საჭირო, მაგრამ აბსოლუტურად აუხსნელად, საფასურის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. ჩემი მოსაზრებით, ეს რამდენიმე მიზეზით აიხსნება. ერთ-ერთი მიზეზია, რომ ვფიქრობ ბაზარზე გაჩნდა ძალიან ბევრი არაკეთილსინდისიერი მოთამაშე, რომელიც გარკვეული მოქმედებებით ერგება შეზღუდულობას, ამავდროულად ამ ყველაფრის გვერდის ავლით ახერხებს, შინაარსობრივ ნაწილში არაკეთილსინდისიერებას იჩენს. 

დიდ პროექტებზე, რომ არაფერი ვთქვათ, მაგალითად, მეორე კატეგორიის საწარმოს შემოწმება, ჩვეულებრივ ერთ თვეზე ნაკლები დროით ჯამურად არ წარიმართება, და შესაბამისი გარიგების პარტნიორის, მენეჯერის, კვალიფიციური გუნდის და ზოგ შემთხვევაში მოწვეული ექსპერტთა სამუშაო, როცა ეს საჭიროა, რესურსის ღირებულება რომ შევაფასოთ და შევადაროთ იმ საფასურის ოდენობას, რასაც რიგ შემთხვევებში კომპანიებს სთავაზობენ აუდიტური ფირმები, მხოლოდ არაკეთილსინდისიერი ქმედებით თუ აიხსნება. 

- ასეთ შემთხვევაში ანგარიშგებების ხარისხი როგორია? 

- გიპასუხებთ იმის გათვალისწინებით, ჩვენი გამოცდილებით როცა გვიწევს შეხება წინარე აუდიტორის მიერ შესრულებულ სამუშაოსთან და ასევე ვამუშავებთ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, როდესაც ახალი კლიენტის აყვანის პროცესში ვერთვებით. მოდი, აქაც დავყოთ კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი აუდიტორები. ასეთი მოცემულობაა, როდესაც არის მოლოდინი, რომ მარეგულირებელი შეამოწმებს, მათ პროექტზე შესაბამისი დანახარჯების გაწევა ხდება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში არის ასეთი პრობლემა - ეგრეთწოდებული „ანგარიშგებების გადაბეჭდვა“ და ეს არის გაიგივებული აუდიტის ჩატარებასთან. როდესაც არაკეთილსინდისიერებაზე ვსაუბრობთ, ასევე არის „პარტიზანული“ შაბლონური მასალების გამოყენება და საჭირო კვალიფიკაციის არქონა მათი მომზადებისას. ასეთ ანგარიშგებაში არის ბევრი არასაჭირო ჩანაწერი, ის რაც შინაარსობრივად საჭირო არის. 2017 წლის შემდეგ ანგარიშგებების დონე ცალსახად უკეთესია, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. პრინციპი ახლა მნიშვნელოვანია. 

- ეს გარკვეულწილად ამ კანონმდებლობის ხარვეზია?

- ამ საკითხს ცოტა სხვანაირად შევხედავდი. ვფიქრობ, სათანადოდ უნდა შესრულდეს ის მიზნები, რომლებიც ამ კანონის და თუნდაც "სარასის" პუბლიკაციებში იყო გაცხადებული. აუდიტური კომპანიების შემოწმების მასშტაბები უფრო უნდა გაიზარდოს. არის ძალიან ბევრი მოთამაშე, რომლებსაც განსაკუთრებული უნარები აქვთ იმისთვის, რომ ამ საჭირო რეგულაციებს დაუძვრნენ და საქმე ისე აკეთონ, როგორც აკეთებდნენ. აქ საჭიროა "სარასის" საქმიანობის მასშტაბების გაზრდა, შემოწმებულ კომპანიებშიც განმეორებითი, უფრო სიღრმისეული შემოწმება. გარდა ამისა, ჯერ კიდევ სხვა კულტურაა მომხმარებლებში. უნდა გაიზარდოს მათი ინფორმირება, თუ რა სიკეთეები გააჩნია ამ რეფორმას და არა ისე, რომ ყველაფერი პირიქით იქნეს გაგებული. 

- ახალი კანონმდებლობით აუდიტორთა ნაწილი უკმაყოფილოა, განსაკუთრებით ხარისხის კონტროლის მონიტორინგის განხორციელების კუთხით. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ მცირე, საშუალო და მსხვილი აუდიტორები განსხვავებული სტანდარტით უნდა რეგულირდებოდნენ, ანუ მცირე აუდიტორების რეგულაცია შედარებით რბილი უნდა იყოს. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? 

- ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რესურსებისა და მოთხოვნილი ხარისხის მიხედვით, თავისუფლად შეიძლება აუდიტური ფირმების მიმართ განსხვავებული მიდგომები შეიქმნას და შესაბამისად ჩამოყალიბდეს სამიზნე კლიენტურა, ანუ ვგულისხმობ მცირე აუდიტორებისთვის მაგალითად მესამე და მეოთხე კატეგორიის კომპანიებთან თანამშრომლობას. აუდიტის სრულად ჩატარება, შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნების დაცვით, საკმაოდ ძვირი პროცესია. თავდაპირველ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, კეთილსინდისიერება უმთავრესი არის ჩვენს საქმიანობაში და შესაბამისი საფასური შეიძლება გადაიხადოს ინფორმირებულმა ბიზნესმა, ყველა დონეზე, როდესაც არაკეთილსინდისიერი ქმედება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ასევე იაფი "აუდიტის" შეთავაზება უნდა შეიზღუდოს იმ დიდი კომპანიებისთვის, რომლებისთვისაც კანონისმიერი მოთხოვნა არის აუდიტის ჩატარება. 

- ზოგადად აუდიტური კომპანიების კატეგორიებად დაყოფას როგორ აფასებთ? 

- აუდიტური კომპანიების კატეგორიებად დაყოფას მხარს ვუჭერ. ყველა ჩვენს სფეროსთან დაკავშირებული სუბიექტების ძალისხმევა არის საჭირო, რომ სამართლიანად განხორციელდეს ეგრეთწოდებული ფირმების დარაიონება, რომელსაც ექნება შესაბამისი აღქმა ბაზარზე. ეს გამოიწვევს რესურსების უფრო სწორად მობილიზებას და რეალიზაციას სამართლიან ფასად შესაბამის კლიენტურასთან. ის ხალხი, რომელიც მოიკოჭლებენ რესურსებისა და უნარების ნაწილში, მათაც გაუჩნდებათ კანონიერი გზა გააკეთონ საქმიანობა პატიოსანი შრომით. 

- სპეციალისტთა ნაწილის აზრით, ბევრი რეგულაცია ბაზრის განვითარებას აფერხებს და თუ რამე პრობლემაა, ეს ისევ ბაზარმა უნდა დაარეგულიროს... 

- მგონია, რომ გონივრული რეგულაციები აუცილებელია. სანამ საქართველოში ეს რეფორმა განხორციელდებოდა, არსებობდა "დიდი ოთხეულისა" და "არა დიდი ოთხეულის" კლიენტურა. ეს მონეტის ორი სხვადასხვა მხარეა. ჩვენს ქვეყანაში აუდიტს არ აქვს ისეთი დიდი ისტორია, რომ თვითგანვითარებას მივყვეთ. მნიშვნელოვანია, ბაზარს სწორი კანონი მივაწოდოთ. ცხადია, ამ რეფორმამ დადებითი შედეგი მოიტანა ჩვენთან და ჩვენს სფეროსთან მომიჯნავე კომპანიებში. შეიქმნა ცოდნათა სისტემა. რომ არა რეგულაციები, ენთუზიაზმით ამ სფეროს ვერ განვავითარებდით. გავიმეორებ, მთავარია სწორი რეგულაცია და მისი სწორად აღსრულება. 

- თქვენ რომ "სარასის" ხელმძღვანელი იყოთ, აღსრულების კუთხით რას შეცვლიდით? 

- რეფორმა თავისი არსით არის სწორი, თუმცა, ამ პროცესში სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რესურსი უნდა ჩაიდოს. ამ პოზიციიდან ძალიან მარტივია უპასუხო კითხვას, თუ რას შევცვლიდი. ასე ვიტყვი, საახალწლო სურვილი რომ მქონდეს ჩასაფიქრებელი, ჩავიფიქრებდი, რომ შემოწმებების მასშტაბები გაიზარდოს, რათა უფრო მეტი კომპანია გახდეს იძულებული სამართლიანი თამაშის წესებს დაემორჩილოს. 

- შემოწმებების მასშტაბების გაზრდასთან დაკავშირებით არის ახსნა, რომ ადამიანური რესურსი არასაკმარისია და ზოგადად ამ ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტია. თქვენ როგორ უმკლავდებით ამ პრობლემას? 

- რაც შეეხება კვალიფიციურ კადრებს, ეს ჩვენი კომპანიისთვის ნომერ პირველი საზრუნავია. ეს მიმართულება ემოციურ ნაწილამდეც კი გვყავს დაყვანილი. ერთია, მიაგნო ისეთ ახალგაზრდას, რომელსაც შესაბამისი უნარები და განვითარების კარგი პოტენციალი გააჩნია, მერე მასთან სწორად უნდა იმუშავო. ასევე, უმთავრესი პრობლემაა მერე ამ კადრების შენარჩუნება. ყოფილა ასეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენთან გაუვლიათ სტაჟირება, მაგრამ მერე სხვა მსხვილ კომპანიებში გაუგრძელებიათ საქმიანობა. 

- რამდენად ახერხებს ჩვენი განათლების სისტემა, რომ საჭირო უნარებისა და ცოდნის კადრები მოგაწოდოთ? 

- საქართველოში არის უნივერსიტეტები, რომლებიც ბაზისურ განათლებას იძლევა. ეს საკმარისია სასტარტო წერტილისთვის. ჩვენი სპეციფიკის გათვალისწინებით, მთავარია მოვიდეს მინიმალური ცოდნითა და დიდი უნარებით აღსავსე ახალგაზრდა. შემდეგ მას აქ ძალიან დიდი თავგადასავალი ელოდება, შეგვიძლია მივაწოდოთ საუკეთესო პრაქტიკა.
 
- სახელმწიფო ტენდერებში თუ იღებთ მონაწილეობას და რა სპეციფიკურ მოთხოვნებს აწყდებით? 

- მცირე რაოდენობის სახელმწიფო ტენდერებში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც სდპ-ის აუდიტის უფლებამოსილების მოთხოვნა იყო. არის გარკვეული პრობლემები, რომელიც თავის დროზე "სარასთანაც" დავაფიქსირეთ და როგორც ვიცი, "სარასს" ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები აქვს გადადგმული. ერთია ის, რომ უნდა მოხდეს იმ საჯარო მოხელეების ცოდნის ამაღლება, რომლებსაც კვალიფიციური აუდიტორის დაქირავება უწევთ. არის შემთხვევები, როდესაც სატენდერო დოკუმენტაცია ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნებით არის შედგენილი, რაც აუდიტორს ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას უსპობს. მაგალითად, კომპანია აცხადებს, რომ სჭირდება ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, პირობითად 2020 წლისთვის, ამავდროულად სჭირდება საგადასახადო ექსპერტიზა. შეიძლება აცხადებდეს, რომ სჭირდება აუდიტი და საშემფასებლო საქმიანობა. შენ თუ ხარ პროექტში ჩართული, როგორც საშემფასებლო ექსპერტი, ან თუნდაც საგადასახადო ექსპერტი და შენი ექსპერტული ცოდნის საფუძველზე იმ კომპანიამ მოახდინა ბუღალტერიის წარმოება, არ შეიძლება შენ, როგორც აუდიტორის როლის განმახორციელებელი მიხვიდე და შენი გაკეთებული შენვე შეამოწმო. ასეთ კლიენტთან თანამშრომლობაში ვერ შედიხარ. ძალიან ფრთხილად ვართ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული აუდიტის შესყიდვაზე. ასევე არის მთელი რიგი პრობლემები, თუნდაც იმ კუთხით, რომ გამიჯვნა რიგ შემთხვევებში არ ხდება ბუღალტრისა და აუდიტორის როლის. 

- დაბოლოს, ჩვენი რუბრიკის ტრადიციული კითხვა: თავისუფალი დროს როგორ ატარებთ, რამე გატაცება თუ გაქვთ? 

- თავისუფალ დროს მიყვარს ფეხბურთის თამაში, ცურვა, ჭადრაკი, ასევე ნადირობა, როცა ნადირობის სეზონია. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო წლებში უფრო კარგ მოგონებად გადამექცა ეს უკანასკნელი. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი