ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანტონ ძამაშვილთან - №9(273), 2022
ანტონ ძამაშვილი - დაიბადა 1970 წლის 5 ნოემბერს ქ. რუსთავში. 

განათლება 

1991 წელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტი. 

პროფესიული გამოცდილება 

2017 წლის სექტემბრიდან დღემდე - აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 

2016-2017 წლები - საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 

2014-2016 წლები - საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსი. 

2013-2014 წლები - აუდიტის დეპარტამენტის კონტროლის, მედიაციის და სამართლებრივ საკითხთა მთავარი სამმართველოს უფროსი. 

2012-2013 წლები - აუდიტის დეპარტამენტის მედიაციის სამმართველოს უფროსი. 

2011-2012 წლები - აუდიტის დეპარტამენტის ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსი. 

2011 წლის ივნისიდან 2011 წლის სექტემბრამდე - აუდიტის დეპარტამენტის განვითარებისა და სამართლებრივ საკითხთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 

2011 წლის იანვრიდან 2011 წლის ივნისამდე - აუდიტის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 

2010-2011 წლები - სამართლებრივ საკითხთა მთავარი სამმართველოს უფროსი. 

2008-2010 წლები - აუდიტის დეპარტამენტის კონტროლის, დაგეგმვის და იურიდიულ საკითხთა მთავარი სამმართველოს უფროსი. 

2008 წლის იანვრიდან 2008 წლის აპრილამდე - მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) სამმართველოს უფროსი. 

2007 წლის აგვისტოდან 2008 წლის იანვრამდე - მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) სამმართველოს კამერალური შემოწმების განყოფილების უფროსი. 

2006 წლის მარტიდან 2007 წლის აგვისტომდე - აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) სამმართველოს კამერალური შემოწმების განყოფილების უფროსი. 

2004 წლის აპრილიდან 2006 წლის მარტამდე - საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების სამმართველოს კამერალური შემოწმების განყოფილების მთავარი ინსპექტორი. 

2000 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის აპრილამდე - რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა კონტროლის განყოფილების ინსპექტორი.

1995-1997 წლები - თბილისის ელექტროშემდუღებელ მოწყობილობათა ქარხანა, კომპლექტაციის განყოფილების საქონელმცოდნე, უფროსის მოადგილე. 

1991-1995 წლები - რუსთავის ვაჭრობის სამმართველო, გამგის მოადგილე. 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

- ბატონო ანტონ, უპირველესად, დიდ მადლობას გიხდით, რომ თქვენი დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ინტერვიუსთვის დრო გამონახეთ. სანამ შეკითხვებზე გადავალთ, გვიამბეთ დღემდე თქვენი განვლილი გზის შესახებ. 

- 1970 წელს დავიბადე. თბილისის 153-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი და საკმაოდ ბეჯითი მოსწავლე ვიყავი. განსაკუთრებით მათემატიკა მიყვარდა. იმ დროს, არსებობდა ოქროს და ვერცხლის მედალი სკოლადამთავრებულებისთვის. სამწუხაროდ, ვერ გავხდი მედალოსანი. ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა ჩემი მომავალი პროფესიის განსაზღვრაზე. მინდოდა, რომ ექიმი გავმხდარიყავი და ავადმყოფებისთვის მემკურნალა (13 წლის ვიყავი, როდესაც 8 წლის ასაკში ჩემი და გარდაიცვალა ავადმყოფობით), ამიტომ სამედიცინოზე ჩაბარებას ვაპირებდი. ქართულში იწერებოდა ორი ნიშანი - შინაარსში და კალიგრაფიაში. ძალიან ცუდი კალიგრაფია მქონდა და ვიცოდი, რომ მაღალ ნიშანს ვერ მივიღებდი. მაშინ სამედიცინოზე ადგილების დიდი ნაწილი უკვე „განაწილებული“ იყო. რჩებოდა „მცირე კვოტა“, სადაც მოხვედრა მხოლოდ ყველა გამოცდაში უმაღლესი შეფასების („ფრიადი“) მიღების შემთხვევაში იყო შესაძლებელი. ამასთან, გამონაკლისი იყო დაშვებული მედალოსნებისთვის, რომლებიც ჩაირიცხებოდნენ მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარებით - პირველივე გამოცდაზე უმაღლესი შეფასების მიღების შემთხვევაში. შესაბამისად, ჩემთვის სამედიცინოზე მოხვედრის ერთადერთი შანსი იყო დარჩენილი - მედალს თუ ავიღებდი, მომიწევდა პირველი გამოცდის ჩაბარება ბიოლოგიაში და იმედი მქონდა, რომ შევძლებდი ფრიადის მიღებას. რადგან მედალი ვერ დავიმსახურე, ავიღე გაზეთი, სადაც გამოქვეყნებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოთავაზებები და განაცხადი შევიტანე იმ ფაკულტეტზე, რომელზეც თითი დავადე თვალდახუჭულმა - დარწმუნებული ვიყავი, რომ ნებისმიერი ბარიერის გადალახვას შევძლებდი. ასე მოვხვდი უნივერსიტეტში ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტზე. ეს იყო ექსპერიმენტული წელი, თუ ორ გამოცდაზე მაღალ ნიშანს მიიღებდი, მესამე გამოცდისგან თავისუფლდებოდი. მომიწია მხოლოდ ორი გამოცდის ჩაბარება. ჩემს ჯგუფში ყველა ასეთი სტუდენტი მოხვდა, ამიტომ ჯგუფი იყო ძალიან წარმატებული. 

1987-1991 წლები იყო, როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო. ამ მოძრაობაში სტუდენტებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. იყო შემთხვევები, როდესაც ლექციები ცდებოდა და სწავლის ხარისხზე ცუდად აისახებოდა. თუმცა, როგორც გითხარით, ჩემი ჯგუფი ამ თვალსაზრისით განსხვავებული იყო, კონკურენცია იყო ძალიან მაღალი, რაც კარგად სწავლის სტიმულს მაძლევდა. 

უნივერსიტეტის დამთავრებისას სამუშაოდ გამანაწილეს ქალაქ რუსთავის ვაჭრობის სამმართველოში, ერთ-ერთი მაღაზიის გამგის მოადგილედ. ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი ამ პოზიციაზე. ძალიან კარგი გამგე შემხვდა, ჩამაბარა შიდა აღრიცხვა. მევალებოდა სათანადო მონაცემების დამუშავება, სისტემაში მოყვანა და ვაჭრობის სამმართველოს ბუღალტერიისთვის მიწოდება. აღნიშნულმა საქმიანობამ ხელი შემიწყო ბუღალტრული აღრიცხვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების „გაღვიძება“/ჩამოყალიბებაში. 1990-იანი წლები ის პერიოდია, როდესაც სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად საწვავის დეფიციტი იყო. ფონიჭალაში ვცხოვრობ და რუსთავში სამუშაო ადგილამდე არა თუ საკუთარი ავტომობილით, არამედ ხანდახან, ავტობუსით მისვლაც კი პრობლემას წარმოადგენდა. ამიტომ 1995 წელს იძულებული გავხდი ამ სამსახურისთვის თავი დამენებებინა. საბედნიეროდ „წყვეტის“ გარეშე, მუშაობა გავაგრძელე საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე საწარმოში, სადაც დავინიშნე მომარაგების სამმართველოს კომპლექტაციის განყოფილების საქონელმცოდნის პოზიციაზე. ვცდილობდი, რომ ჩემი ფუნქციებიდან გამომდინარე ყველა დავალება/ ვალდებულება წარმატებით შემესრულებინა და მალევე, საწარმოს ხელმძღვანელობამ დამნიშნა ამავე განყოფილებაში უფროსის მოადგილედ. შემდეგ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის, რეორგანიზაციების და ა.შ. პროცესებში ეს საწარმო „გაჩერდა“, იქ სამუშაო აღარაფერი იყო. 

ამასობაში, 1996 წელი დადგა. „წამომეწია“ ედუარდ შევარდნაძის მიერ გამოცემული ბრძანება, რომლის მიხედვითაც უმაღლესდამთავრებულები, რომლებსაც თადარიგის ოფიცრის სტატუსი გვქონდა და ჯარში მხოლოდ 3 თვე გვქონდა ნამსახურები, კვლავ ჯარში გაგვიწვიეს 2 წლის ვადით, ოფიცრის თანამდებობაზე. ვიმსახურე 1998 წლის ნოემბრის ჩათვლით. ჯარში სამსახურს არ ჩაუვლია „თავგადასავლების“ გარეშე, ვიდრე „ჩემს ადგილზე“ არ მოვხვდი, როდესაც ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში დავინიშნე სამწყობრო ნაწილის ოფიცრად, აღრიცხვიანობის დარგში. ამ შემთხვევაშიც მიწევდა გარკვეული მონაცემების შეკრება, დამუშავება და სისტემატიზაცია, რასაც წარმატებით ვართმევდი თავს.

1998 წლის ნოემბერში სავალდებულო სამხედრო სამსახური დამიმთავრდა და დაიწყო სამსახურის ძებნის რთული გზა. ჩემი პროფესიითა და გამოცდილებით უნდა მემუშავა კერძო სტრუქტურის შემთხვევაში ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით, თუმცა, სადაც მივაკითხავდი, მეჩვენებოდა, რომ „ზრდილობიანად თავიდან მოცილების მიზნით“, კონკრეტული პოზიციისთვის იყო თუ არა საჭირო, ყველგან დამატებით ჯერ ითხოვდნენ კომპიუტერის ცოდნას (საოფისე პროგრამები), ხოლო როცა „შევისწავლე კომპიუტერი“, შემდეგ მოთხოვნებს დაემატა ინგლისური ენის ცოდნა, რაც ნამდვილად არ ვიცოდი. უფრო მეტად რთული აღმოჩნდა პარალელურად სამსახურის ძიება სახელმწიფო სტრუქტურების ნაწილში. ყველაზე ახლოს ჩემს პროფესიასთან ამ შემთხვევაში იყო საგადასახადო სამსახური. კვალიფიციური კანდიდატი რომ ვყოფილიყავი, დამატებით შევისწავლე საგადასახადო კოდექსი. დილიდან საღამომდე მეცადინეობის ხარჯზე, 1997 წლის 13 ივნისის კოდექსი ერთ თვეში დავიზეპირე. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რომ გასაუბრება გამევლო იმჟამინდელი საგადასახადო დეპარტამენტის უფროსთან ან/და მომცემოდა შესაძლებლობა, რომ მიმეღო მონაწილეობა შესაბამის კონკურსში, არაფერი გამომივიდა. სისტემაში შეღწევა საკმაოდ რთული იყო. დღევანდლისგან განსხვავებით, მაშინ არ არსებობდა სამუშაოს მაძიებლისთვის რაიმე მწყობრი გზამკვლევი და გასავლელი პროცედურები. თუმცა, მომეცა საშუალება, რომ გამეცნო და „პარტიზანულად“ პრაქტიკა გამევლო იმავე სისტემის ღირსეულ, პატიოსან და მცოდნე თანამშრომლებთან, რომლებიც დროს და ენერგიას არ იშურებდნენ, რომ პასუხი გაეცათ ჩემთვის საინტერესო შეკითხვებზე და მოეცათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების დანახვის საშუალება. ასე გრძელდებოდა 2 წლის განმავლობაში 2000 წლის ზაფხულამდე, ვიდრე მთლიან საგადასახადო სისტემაში, რეფორმატორთა გუნდის მიერ ორგანიზებული, ცნობილი გამოცდები არ ჩატარდებოდა. მანამდე გაზაფხულზე, მოვისმინე სპეციალურად ამ გამოცდებისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული საგადასახადო ორგანოების მოხელეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი სამთვიანი სასწავლო კურსი (გადმომეცა სათანადო სერტიფიკატი). ძალიან კარგი კურსი იყო, გავიარეთ საგადასახადო კოდექსი და ბუღალტრული აღრიცხვა, აგრეთვე, სისხლის სამართლის, სამოქალაქო, ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების შესაბამისი ნაწილები. გამოცდები 2000 წლის ზაფხულში ჩატარდა. მე მომიწია გასვლა გამოცდის პირველ დღესვე, პირველივე ეტაპზე, როდესაც არცერთმა კანდიდატმა არ იცოდა რა ტიპის ტესტები იქნებოდა. ტესტები პირდაპირ ამერიკის საელჩოდან მოიტანეს დალუქულ მდგომარეობაში, რომლებიც ჩვენს თვალწინ გახსნეს და რას ვხედავთ _ საგადასახადო საკითხები მხოლოდ 30-40 პროცენტი იყო, დანარჩენი კი _ სულ უნარები. მათემატიკის ცოდნა ძალიან დამეხმარა და საჭირო ქულები დავაგროვე. იმ დღიდან დავიწყე საგადასახადო სისტემაში მუშაობა. დაახლოებით ნახევარ წელიწადში უკვე მივაღწიე იმას, რომ ჩემს მიმართ თანამშრომლების და ხელმძღვანელობის მხრიდანაც დადებითი განწყობა შეიქმნა. მას შემდეგ საგადასახადო სისტემაში უწყვეტი სტაჟით ვმუშაობ. ცოდნასთან და გამოცდილებასთან ერთად, მრავალი მეგობარი შევიძინე. მადლიერი ვარ, რომ ჩემ მიერ გაკეთებული არჩევანი იღბლიანი გამოდგა. 

- საგადასახადო სამსახურში დიდი ხანია მუშაობთ, ამ პერიოდში კერძო ბიზნესში გადასვლის სურვილი არ გაგჩენიათ? 

- შუალედებში ზოგჯერ იყო შემოთავაზება კერძო ბიზნესიდან, მაგრამ არ გადავდგი ეს ნაბიჯი. ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა. შემოთავაზებების მიღება ძირითადად დაიწყო 2005 წლიდან, აქციზის გადამხდელთა ინსპექციაში მუშაობის პერიოდიდან. ხელფასის თვალსაზრისით, საკმაოდ მაცდუნებელი წინადადებები იყო, მაგრამ ყოველდღიურ რუტინაში „ჩაფლული“ სანამ გადაწყვეტილების მიღებაზე დავფიქრდებოდი, ამასობაში დამნიშნეს აქციზის გადამხდელთა ინსპექციაში კამერალური შემოწმების განყოფილების უფროსად. შესაბამისად, ჩემი ხელფასი შემოთავაზებული წინადადებების კონკურენტუნარიანი გახდა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას კიდევ უფრო მეტი წინადადება წამოვიდა, მაგრამ მოვიდა 2008 წელი, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში. შეიძლება არ ჩანდა, მაგრამ ჩემი შეფასებით, ბიზნესი რამდენიმე თვე სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ჩავთვალე, რომ სახელმწიფო სამსახური უფრო სტაბილური იყო. 

ისე, ხუმრობითაც თუ შეიძლება რომ გიპასუხოთ, ერთი სახალისო შემთხვევა შემიძლია გავიხსენო, როდესაც რუსთავში მუშაობის პერიოდში მე და ჩემი თანამშრომელი (აწ უკვე ჩემი უფროსი მეგობარი) ჟურნალში ერთ-ერთი რუბრიკის ფორმატში ნანახ კითხვარს ვავსებდით. ყველა პასუხზე გათვალისწინებული იყო გარკვეული ოდენობის ქულა. იმის მიხედვით რამდენ ქულას დააგროვებდი ჯამურად, წარმოდგენილი იყო ადამიანის „ტიპაჟის“ განმსაზღვრელი შეფასებების ვარიანტები. როდესაც მე ვუპასუხე კითხვებს და ჩემი ჯამური ქულის შესაბამისი ვარიანტი წავიკითხე - ეწერა, რომ „თქვენ დაბადებული საგადასახადო ინსპექტორი ხართო“. 

- საკუთარი კომპანიის შექმნაზე არ გიფიქრიათ აუდიტის ან ბუღალტრული მომსახურების მიმართულებით? 

- მიფიქრია და მაგაზეც შეგნებულად ვთქვი უარი. 2007 წლის აგვისტოში აქციზის გადამხდელთა ინსპექცია გაუქმდა და დავინიშნე მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში ჯერ კამერალური შემოწმების განყოფილების უფროსად, ხოლო 2008 წლის იანვრიდან საგადასახადო შემოწმებების სამმართველოს უფროსად. შემდეგ 2008 წლის აპრილში ჩამოყალიბდა აუდიტის დეპარტამენტი, რომელშიც თავი მოიყარა საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელმა ყველა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა, რომლებიც მანამდე შედიოდნენ შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობაში. აუდიტის დეპარტამენტის შემადგენლობაში იყო ორი მთავარი სამმართველო და მე გახლდით ერთ-ერთის უფროსი. ჩემს დაქვემდებარებაში იყო დაგეგმარების, ხარისხის კონტროლის და იურიდიული სამმართველოები. ხარისხის კონტროლის სამმართველოს ფუნქცია იყო საგადასახადო შემოწმებების სამმართველოების მიერ შედგენილი შემოწმების აქტების ხარისხის კონტროლი, ხოლო იურიდიული სამმართველო კი, მათ შორის, მონაწილეობას იღებდა საგადასახადო დავებში. განსაკუთრებით ამ ორი უკანასკნელი სამმართველოს პრაქტიკის და მანამდელი პერიოდის გამოცდილების გათვალისწინებითაც, ვხედავდი, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ზოგიერთი ნორმიდან გამომდინარე, რომელიც არ იძლეოდა ცალსახად საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას, ხშირად იყო დავები გადამხდელებსა და საგადასახადო ორგანოს შორის. გადამხდელებს ყოველთვის ჰქონდათ შეგრძნება, რომ ტყუილად იჩაგრებოდნენ. რეალურად კი გამორიცხულია, რომ საგადასახადო სისტემამ ვინმეს ძალით ან თვითნებურად დაარიცხოს გადასახადი ან/და სანქცია. საკუთარი კომპანიის შექმნაზე ფიქრის დროს წარმოვიდგენდი სიტუაციას, რომ გადამხდელისთვის, რომელსაც კონსულტაციას მე გავუწევდი, კონკრეტული საკითხი იმგვარად გადამეწყვიტა, როგორც კანონმდებლობიდან გამომდინარე გავიგე/ მესმოდა, ერთი წლის შემდეგ კი ამ გადამხდელთან ჩაეტარებინათ საგადასახადო შემოწმება და ჩემ მიერ გადაწყვეტილი საკითხი სხვაგვარად შეფასებულიყო. შესაბამისად, გადამხდელს დაეკისრებოდა გადასახადი და სანქცია. პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრძნობა გამაჩნია და ვიცი, რომ მსგავს შემთხვევებში ჩემს თავს დავიდანაშაულებდი და ვინერვიულებდი. თორემ იმავე ზემოხსენებული პრაქტიკული გამოცდილების ხარჯზე, თავისუფლად შემეძლო, როგორც მინიმუმ, ჩემი საკონსულტაციო კომპანიის შექმნა და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ წარმატებულადაც გავართმევდი თავს. 

- ცოტა ხნის წინ ამოქმედდა საგადასახადო შემოწმების დანიშვნისა და შეწყვეტის ახალი კრიტერიუმები. კონკრეტულად რას ითვალისწინებს ეს კრიტერიუმები და რამდენად გაამარტივა საგადასახადო შემოწმების პროცესი? აქვე აღვნიშნავთ, რომ ბოლო პერიოდია, ძალიან გააქტიურდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო აუდიტის ის ნაწილი, რომელიც გადამხდელთა საქმიანობისა და ფინანსური შედეგების ანალიზით არის დაკავებული. ეს თავისთავად მოხდა, რამე შიდა გადაწყვეტილებების შედეგია თუ იძულებითი ნაბიჯი, რადგან გადამხდელთა კამერალური შემოწმებები ხშირად ვერ ესწრება ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში? 

- შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებულია მეთოდური მითითება „საგადასახადო შემოწმების დანიშვნის/მასშტაბის შეცვლის/შეწყვეტის კრიტერიუმების შესახებ“. აღნიშნული სახელმძღვანელოს თანახმად, თუ შემმოწმებელი შეძლებს იმ რისკების გაქარწყლებას, რომლის გამოც გადამხდელთან დანიშნული იყო საგადასახადო შემოწმება, ამასთან, აშკარაა, რომ გადამხდელს ნაწარმოები აქვს აღრიცხვა კანონმდებლობის შესაბამისად და მოწესრიგებულია იმ დონეზე, რომ, მათ შორის, არ იკვეთება არაპირდაპირი მეთოდებით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის აუცილებლობა, სახელმძღვანელოში აღნიშნული კიდევ სხვა კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ის უფლებამოსილია ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს არგუმენტირებული დასკვნა შემოწმების მასშტაბის შეცვლის (მათ შორის, შემოწმების შეწყვეტის) შესახებ. 

რაც შეეხება საგადასახადო აუდიტის იმ ნაწილს, რომელიც გადამხდელთა საქმიანობისა და ფინანსური შედეგების ანალიზით არის დაკავებული, ეს სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების კუმულაციური ეფექტია. 

2016 წელს გარე აუდიტორის მიერ ჩატარდა ჩვენი საგადასახადო სისტემის შეფასება. ეს მოხდა საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტის (თADAთ-ის) გამოყენებით. მაშინ სისტემა სხვადასხვა მიმართულებით შეფასდა. შენიშვნა ეხებოდა მათ შორის იმას, რომ არ ხდებოდა დეკლარაციების ლოკალური შემოწმებები. შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა და ხარვეზი გაესწორებინა და ვინაიდან პარალელურად დაკავშირებული იყო სხვა ხარვეზის (დღგ-ის ავტომატური დაბრუნების უზრუნველყოფა) გასწორებასთანაც, პირველ რიგში დაიწყო დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების კონტროლი. ამ მიზნით 2019 წელს შეიქმნა შესაბამისი პროცედურული სახელმძღვანელო და სახელმძღვანელოთი განსაზღვრული პროცესის განსახორციელებლად ჩამოყალიბდა დღგ-ის დეკლარაციების კონტროლის სამმართველოები. ამან დადებითი ეფექტი იქონია გადამხდელებისთვის დღგ-ის დაბრუნებაზე. თუ 2016-2017-2018 წლებში ჯამში ავტომატურად დაბრუნებული დღგ-ის მოცულობა 50 მილიონ ლარსაც კი ვერ აღემატებოდა, უკვე დეკლარაციების შესწავლის პროცესის დაწყებიდან გამომდინარე, 2019 წელს დაბრუნდა 500 მილიონი ლარი, 2020 წელს - მილიარდი ლარი, ხოლო 2021 წელს - 1,7 მილიარდი ლარი. ამის შემდგომ უკვე 2020 წლიდან დაიწყო მოგების გადასახადის და წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის დეკლარაციების კონტროლი. მოგების გადასახადზე ყურადღება გამახვილდა (მათ შორის) იქიდან გამომდინარე, რომ მოქმედებს მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური მოდელი“, რომლის თანახმადაც გადამხდელი მოგებას აღარ იხდის დარიცხვის მეთოდით. მას ევალება მოგების გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის მოახდენს ამ მოგების „გატანას“. შესაბამისად, გასაკონტროლებელი გახდა ფინანსური შედეგები, „ფულის მოძრაობა“ და ის ანგარიშები, რომელზეც გადამხდელი შეიძლება, რომ აჩვენებდეს ფულის ნაშთს, რომელიც სინამდვილეში უკვე „წაღებული აქვს“. 

ამგვარად, შემოსავლების სამსახურის მხრიდან შეცვლილი იქნა ადმინისტრირების პროცესი შემოწმებებთან დაკავშირებით. სრული გეგმური შემოწმებების ჩანაცვლება ხდება ზემოხსენებული დეკლარაციების შემოწმებებით. შედეგად, უფრო ხშირად, მოკლევადიან პერიოდში ხდება გადამხდელებთან შეხმიანება, რაც მათი მხრიდან უფრო მეტი მობილიზების საწინდარია და შესაძლო ხარვეზების გამოვლენა-გამოსწორება ხდება ოპერატიულად. ამასთან, დამატებით გადასახდელი თანხების გამოვლენისას, საგადასახადო ორგანოს საქმე აქვს „ცოცხალ გადამხდელებთან“ და პრაქტიკაში ნაკლებად იქნება ისეთი შემთხვევები, როდესაც სრული საგადასახადო შემოწმების შედეგად, ხარვეზები იქნება გამოვლენილი 3 წლის პერიოდის გასვლის შემდეგ და გადამხდელს საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამის სანქცია-საურავებთან ერთად, დაეკისრება ამავე პერიოდის დაგვიანებით, მით უმეტეს იმ მოცემულობის პირობებში, როდესაც შესაძლებელია, რომ გადამხდელი უკვე აღარც ფუნქციონირებდეს ან იყოს გადახდისუუნარო. ამასთან, ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში გადამხდელს შეეთავაზება, რომ თავად მოახდინოს დეკლარაციის დაზუსტება, ჯარიმის დაკისრების გარეშე. მხოლოდ გადამხდელის უარის შემთხვევაში ინიშნება საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული, მათ შორის, შესაბამისობაშია შემოსავლების სამსახურის სტრატეგიასთან, რომლის თანახმადაც საგადასახადო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობით და სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებით. 

- ამდენი კომპანიის ანგარიშგებას როგორ ნახულობთ? 

- ყველას ნახვა არ არის საჭირო. მოგეხსენებათ, რომ reportal.ge-ზე უკვე თითქმის ყველა შესაბამისი გადამხდელის მიერ ხდება ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა. ამ და საგადასახადო ორგანოში გადამხდელის შესახებ არსებული სხვა ინფორმაციიდან გამომდინარე, სათანადო პროგრამული მოდულის მეშვეობით, გარკვეული რისკის კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდება რისკიანი „ქეისების“/დეკლარაციების შერჩევა. 

- ასეთი "ქეისების" აღმოჩენისას რეაგირება როგორია? 

- 2000 წელს, საგადასახადო სისტემაში რომ დავიწყე მუშაობა, ვინმეს რომ ეთქვა, გადამხდელს დეკლარაციები დავაზუსტებინეო, შეიძლება დაეჭირათ. ახლა ეს პრაქტიკა შეცვლილია. გადამხდელის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, ეთიკის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, გადამხდელს ვუკავშირდებით და ვეუბნებით, რომ დავინახეთ რისკი და შეინიშნება კონკრეტული სახის ხარვეზი. ვთავაზობთ ან თვითონვე გაასწოროს და დაადეკლარიროს შესაბამისი თანხა, რასაც ბუნებრივია, ჯარიმა არ მოჰყვება. ან თუ არაფერს დააზუსტებს, რადგან მიაჩნია, რომ ყველაფერი სწორად აქვს, მერე უკვე ვიწყებთ საგადასახადო შემოწმებას, რასაც ჯარიმა მოჰყვება. ერთი პერიოდი გადამხდელებს ჰქონდათ ასეთი შეგრძნება, რომ მოდი არ დავადეკლარირებ, მინახოს თუ რამე სანახავია და მერე დავებზე ვითხოვ ჯარიმის პატიებას და მაინც მაპატიებენ. სამსახურს ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩამოუყალიბდა პოზიცია, რომ თუ გადამხდელს ვეთანამშრომლებით, შევთავაზეთ გასწორება და არ გაიგო, ბუნებრივია, მერე მას კეთილსინდისიერი გადამხდელის კვალიფიკაცია ვეღარ ექნება და შესაბამისად ჯარიმის პატიებასაც ვეღარ მიიღებს. 

ამიტომ ძალიან ბევრი გადამხდელი უკვე გვეთანამშრომლება და იმედს ვიტოვებთ, რომ ეტაპობრივად გაიზრდება დაზუსტებული თანხების რაოდენობა და იმავდროულად შემცირდება საგადასახადო შემოწმებით დასარიცხი თანხების რაოდენობა. 

- როგორია თქვენი დამოკიდებულება ამჟამინდელი საგადასახადო ხანდაზმულობის ვადის -3 წლის მიმართ? ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ძალიან ხანმოკლე დროა და ხელს უწყობს გადამხდელებს გადასახადების დამალვაში. 

- ხანდაზმულობის ვადა იყო 6-წლიანი, სახელმწიფომ გადამხდელების სასიკეთოდ გადადგა ნაბიჯი და ეს ვადები ეტაპობრივად 3 წლამდე შეამცირა. ეს სახელმწიფომ საგანგაშოდ არ მიიჩნია, რადგან ამის პარალელურად, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ის გადავიდა რისკზე დაფუძნებულ აუდიტზე, მათ შორის მიმდინარე დეკლარაციების კონტროლზე. შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭა პერიოდულად, რისკის კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ისეთი „მოკლე საკითხების“ შემოწმებას, რომელმაც უნდა „დაგვანახოს“, გადამხდელთან რაიმე უფრო დიდი დარღვევა არის თუ არა. აქედან გამომდინარე, თუ შეიცვლება გადამხდელის ქცევაც, საგადასახადო სისტემაც წავა იმ მიმართულებით, რომ აუდიტის დეპარტამენტის უფრო მეტი შემოწმებების სამმართველოები გადაკეთდება დეკლარაციების კონტროლის სამმართველოებად. დარჩება შემოწმების მხოლოდ იმდენი სამმართველო, რაც საკმარისი იქნება „ურჩი“ გადამხდელების საქმიანობის საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად ან/და ძალოვანი სტრუქტურების მოთხოვნის საფუძველზე შემოწმების ჩასატარებლად. 

- ორი სიტყვით რომ თქვათ, როგორია ამჟამინდელი საგადასახადო შემოწმებების პრაქტიკა, ლიბერალური, ძალიან ლიბერალური, მკაცრი თუ ძალიან მკაცრი? 

- მე არ მგონია, ასეთი ლიბერალური საგადასახადო გარემო მსოფლიოში კიდევ სადმე იყოს. ამის საფუძველს მაძლევს, ის გამოცდილება, რომელიც 2000 წლიდან დღემდე მივიღე და ზემოთ დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხების შინაარსიდან გამომდინარე არსებული მიმართულებები. არ მინდა „ორი სიტყვის“ ლიმიტს გავცდე, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ალბათ უფრო სწორი იქნება აქცენტის გაკეთება საგადასახადო ადმინისტრირებაზე და ადმინისტრირების პროცესში საგადასახადო შემოწმებების როლზე. როგორც უკვე ითქვა, ამ ეტაპზე, შემოსავლების სამსახური პრიორიტეტს ანიჭებს საგადასახადო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას, ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობით. აქედან გამომდინარე, გადამხდელების კატეგორიას, რომელთაც აქვთ გადასახადების გადახდის სურვილი, შემოსავლების სამსახური მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ გაუმარტივოს პროცედურები, შესთავაზოს სხვადასხვა სერვისები და ა.შ; გადამხდელების კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ რომ გადაიხადონ გადასახადები, მაგრამ ყოველთვის ვერ ახერხებენ (მაგალითად, თუნდაც იმის გამო, რომ არ ყოფნით საკანონმდებლო ცოდნა და სხვა), ანალოგიურად შეეთავაზებათ სხვადასხვა სერვისები, მათ შორის გაეწევათ კონსულტაციები საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე, მიეთითებათ ხარვეზების გასწორების შესახებ და ა.შ., ხოლო გადამხდელების კატეგორიას, რომლებთაც არ აქვთ სურვილი, რომ გადაიხადონ გადასახადები და მიზანმიმართულად არ იხდიან, ასეთებს შემოსავლების სამსახური გამოააშკარავებს, საწყის ეტაპზე ჯერ მაინც შესთავაზებს ნებაყოფლობით დეკლარირებას, მაგრამ უარის შემთხვევაში, უკვე გამოიყენებს კანონის სრულ სიმკაცრეს. აი სწორედ ამ ბოლო ეტაპზე ერთვება საგადასახადო შემოწმებების ინსტრუმენტი და ბუნებრივია ეს პროცესი უნდა იყოს მკაცრი. ამასთან, ამ უკანასკნელის შემთხვევაშიც, შემოსავლების სამსახური მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაიხვეწოს შემოწმების ჩატარების სახელმძღვანელო, მეთოდური ხასიათის მითითებები, რათა „ჩარჩოებში“ მოაქციოს შემმოწმებელის მხრიდან განსახორციელებელი პროცესი და მისი დისკრეციული ქმედების არეალი არ იყოს განუსაზღვრელი. 

- თქვენ თავის დროზე აქტიურად იყავით ჩართული ე.წ. "ალტერნატიული აუდიტის" პროექტში, რომელიც 2-3 წელი გრძელდებოდა და შემდეგ შეწყდა. როგორ გაიხსენებთ ამ ექსპერიმენტს? ეს იყო პრინციპული შეცდომა, თუ შეიძლებოდა მისი რაღაც ფორმით ეფექტიანად გამოყენება?
 
- უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ იმ პროექტში ბევრი ჩვენი ყოფილი თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას, რომელიც საგადასახადო სისტემიდან იყო წამოსული. ასევე იყვნენ კერძო სექტორიდან პროფესიონალი წარმომადგენლები, მათ შორის აუდიტური კომპანიების ხელმძღვანელები. ძლიერი კატეგორია შეიკრიბა, პროექტი მშვენივრად მიმდინარეობდა. განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი უზრუნველყოფა _ სათანადო ცვლილებები იქნა შეტანილი ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #994 ბრძანებით დამტკიცებულ წესში. ხდებოდა ალტერნატიული აუდიტის შედეგებზე შედგენილი შემოწმების აქტების ხარისხის კონტროლი და ა.შ. 

უბრალოდ, ამ პროექტის მიმართ სავალუტო ფონდი იყო სკეპტიკურად განწყობილი. მათ ვერ დაინახეს ალტერნატიული აუდიტის აუცილებლობა და გაცემული იყო რეკომენდაცია ამ პროექტის დახურვაზე. 

- ამ პროექტის შეწყვეტის მთავარი მიზეზი სავალუტო ფონდის სკეპტიციზმი იყო? 

- დიახ. ალტერნატიული აუდიტის პროექტის ფარგლებში რაიმე სახის გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. თუმცა სავალუტო ფონდის რეკომენდაცია იყო, რომ რისკების შემცირების მიზნით, შემოწმება უნდა ჩაეტარებინა მხოლოდ აუდიტის დეპარტამენტს. თუ მეტი რაოდენობის შემოწმებების ჩასატარებლად საჭირო იყო ადამიანური რესურსის დამატება - უნდა დაგვემატებინა. ესეც მოხდა - ალტერნატიული აუდიტის პროექტის გაუქმების შემდეგ, აუდიტის დეპარტამენტში მოხდა კადრების დამატება. 

- რა კომენტარს გააკეთებდით მაშინდელი "ალტერნატიული აუდიტის" ჩამტარებელ პირთა გამოცდების ძალიან ცუდ შედეგებზე? ტესტები იყო ძალიან რთული, თუ კერძო სექტორის საგადასახადო საქმის სპეციალისტების იმდროინდელი დონე აღმოჩნდა დაბალი?

- რაც შემიძლია რწმუნებით გითხრათ, კერძო სექტორის საგადასახადო საქმის სპეციალისტების იმდროინდელი დონე ძალიან მაღალი იყო. როგორც უკვე გითხარით, მათ შორის იყვნენ საგადასახადო ორგანოდან წასული წარმატებული თანამშრომლებიც, რომელთაც კერძო ბიზნესში გადაინაცვლეს. სწორედ რომ ამ მოცემულობამ განაპირობა „თამასის აწევა“. ტესტების შედგენაში მეც ვმონაწილეობდი (სულ ოთხი თანამშრომელი ადგენდა). „ცოდვა გამხელილი სჯობსო“ და ვიტყვი, რომ ტესტების შედგენისას აქცენტი გაკეთდა გამონაკლისებზე, კაზუსებზე და 2010 წლის კოდექსში არსებულ ისეთ ნორმებზე, მათ შორის ახლადშეტანილ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომლებიც განსხვავდებოდა მანამდე არსებული კოდექსის ნორმებისგან. ეტყობა, ცოტა „გადავამლაშეთ“, ანუ ზედმეტად რთული გამოგვივიდა. ამასთან, ძალიან მკაცრად იქნა დაცული კონფიდენციალურობა და ეს ტესტები (მათ შორის, ქართულ ტრადიციულად, „მრავალსართულიანი დაგინების“ თანხლებით) ხსენებული ოთხი თანამშრომლის გარდა ნამდვილად არავინ იცოდა. 

ასევე გეტყვით, რომ ამ გარემოებებს ხელი არ შეუშლიათ თქვენი ჟურნალის მთავარი რედაქტორისთვის, გიორგი ცერცვაძისთვის რომ ჰქონოდა ყველა მონაწილეს შორის საუკეთესო _ 90%-იანი შედეგი. 

- როგორია თქვენი დამოკიდებულება საგადასახადო შეთანხმებების მიმართ, რომელთა შემოღება თავის დროზე მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებად და საფრთხედ ფასდებოდა? რა შემთხვევაში ხდება ბიზნესთან საგადასახადო შეთანხმებები? 

- საგადასახადო შეთანხმების პროცესს წარმართავს ვალების მართვის დეპარტამენტი. ეს აუდიტის დეპარტამენტის კომპეტენცია არ არის და სიმართლე გითხრათ, მათი „სამზარეულო“ დეტალებში არც ვიცი. აქედან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ კონკრეტულად რა შემთხვევაში ხდება ბიზნესთან საგადასახადო შეთანხმებები. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ძალიან საჭირო ინსტრუმენტია როგორც საგადასახადო ორგანოსთვის, ასევე, თავად გადამხდელებისთვის. მაგალითად, წარმოიდგინეთ შემთხვევა, როდესაც გადამხდელს მთლიანი აქტივები 100 ათასი ლარის აქვს და საგადასახადო შემოწმებით დაერიცხა 1 მილიონი (გადასახადი, ჯარიმა და საურავი ხანდაზმულობის პერიოდის გათვალისწინებით) იმის გამო, რომ რომელიღაც სამეურნეო ოპერაცია ვერ შეაფასა სწორად. ამ თანხის გადამხდელი ის არ/ვერ არის. მანამდელ პერიოდში გადამხდელი პატიოსნად იხდიდა კუთვნილ გადასახადებს მიმდინარე საქმიანობიდან გამომდინარე. საგადასახადო ორგანოს მხრიდან უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება გამოიწვევს იმას, რომ „მთლიანად რომც დააქციო“ ეს გადამხდელი, 100 ათასზე მეტს მაინც ვერ ამოიღებ ბიუჯეტში თანხას. გონივრულ ფარგლებში შეთანხმების გზით რომ წავიდეს საგადასახადო ორგანო (თუნდაც 100 ათასის გადახდაზე რომ შეთანხმდეს) და პარალელურად ამ ბიზნესმა „სიცოცხლე განაგრძოს“, ალბათ არ უნდა ჩაითვალოს მანკიერ მხარედ ან საფრთხედ. მით უმეტეს, რომ შენარჩუნდება დასაქმებული თანამშრომლები და ბიუჯეტში თანხის პოტენციური გადამხდელი. საგადასახადო შეთანხმების მიზანი, მათ შორის, ესეც არის. 

- კიდევ ერთი პრობლემაა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება, რომლის გამო სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზიანი ადგება. ამჟამად, რა მექანიზმები არსებობს მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის და ასეთი ფაქტების აღმოჩენის ბოლო წლების სტატისტიკა როგორია? 

- თქვენ თუ მხედველობაში გაქვთ ე.წ. ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატურად დაბრუნების პროცესი, ამ შემთხვევაში გეტყვით, რომ არის მთლიანი პოპულაცია სავადო თარიღით საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების, რომლებითაც გადამხდელის მიერ განხორციელებული ჩათვლები აღემატება დარიცხული დღგ-ის თანხებს და ამ დეკლარაციების საფუძველზე გადამხდელებს უბრუნდებათ ზედმეტად გადახდილი თანხა. ხსენებული პოპულაციიდან გარკვეული ნაწილის შესწავლა ხდება აუდიტის დეპარტამენტის მიერ და მე, როგორც აუდიტის დეპარტამენტის შესაბამისი შემსწავლელი სამმართველოების კურატორს, შემიძლია პასუხი გაგცეთ ამ ნაწილზე _ საბედნიეროდ (მათ შორის, ჩემდა საბედნიეროდ), მსგავსი საგადასახადო დეკლარაცია, სადაც გადამხდელის მიერ დღგ-ის ჩათვლა იქნებოდა განხორციელებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტით, დღემდე „არ გაპარულა“ და იმედს ვიტოვებ რომ არც მომავალში მოხდება. მეორე ნაწილზე, რომელიც არ შეისწავლება აუდიტის დეპარტამენტის მიერ (და აქედან გამომდინარე, არ წარმოადგენს აუდიტის დეპარტამენტის კომპეტენციას), შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომ დეკლარაციების „სკანირება“ ხდება გარკვეული პროგრამული მოდულის მეშვეობით, რომლის ალგორითმი მაქსიმალურად აკონტროლებს როგორც დეკლარაციის შესაბამის ველში უსაფუძვლოდ (სათანადო დოკუმენტის მითითების გარეშე) ჩასათვლელი თანხის ჩაწერის შესაძლებლობას, ასევე, მითითებული დოკუმენტის რეალობას. თუ პროგრამული მოდული ვერ უზრუნველყოფს ამ უკანასკნელს, შესაბამისი დეკლარაცია იმავე პროგრამის მეშვეობით „გადაინაცვლებს“ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესასწავლი დეკლარაციების პოპულაციაში. 

თქვენი კითხვა შესაძლებელია გამომდინარეობს ახლო წარსულში თავად საგადასახადო ორგანოს მხრიდან გაჟღერებული ინფორმაციიდან, რომლის თანახმადაც შემოწმებებით დიდი თანხები იქნა დარიცხული არარეალური ჩათვლების გაუქმების გზით. აღნიშნული „კომპანია“ წარმოადგენდა წლების განმავლობაში დაგროვილი ზედმეტობის შემცირების ფარგლებში შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებულ ერთ-ერთ ღონისძიებას, როდესაც, ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნების პროცესის აქტიურ ფაზაში გადასვლამდე, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შერჩეული იქნა გარკვეული რისკის კრიტერიუმების საფუძველზე გადამხდელთა პოპულაცია, რომელთა მიერ განხორციელებული ჩათვლები დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმებას. შედეგებმა დაადასტურა, რომ რისკები სწორად იყო განსაზღვრული. 

„ეშმაკს არასდროს სძინავს“, თუმცა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით ჩათვლის განხორციელების მცდელობა „განულებულია“. ამასთან, შესაბამისი რისკის ინდიკატორის დაფიქსირების შემთხვევაში (ბუნებრივია გათვალისწინებული იქნება სათანადო მოდულში მსგავსი „ლაკმუსის ქაღალდები“), შემოსავლების სამსახურის მხრიდან კვლავ მოხდება ადეკვატური ღონისძიებების დაგეგმვა, მათ შორის, ზემოხსენებული ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიცაა ყოველთვიური დეკლარაციების კონტროლი ან/და რომელიმე კონკრეტული ფორმატის/პროექტის ისეთივე შერჩევა/გატესტვა, როგორიც ამ ეტაპზე განხორციელდა, მაგალითად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საწარმოებისა და ვირტუალური ზონის საწარმოების ნაწილში და დადასტურდა გარკვეული პრობლემები. 

- კონკრეტულად რა სახის პრობლემები გამოიკვეთა? 

- თუ ყურადღებით წავიკითხავთ კანონმდებლობას, კუმულაციურად იძლევა იმის განმარტებას, რომ ვირტუალური ზონის საწარმოს შექმნის მიზანი იყო, მათ შორის, საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, რაც უზრუნველყოფს საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შექმნას და ამ მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი კადრების „გაზრდა“/განვითარებას. სანაცვლოდ სახელმწიფომ „უარი თქვა“ მოგების გადასახადის 15 პროცენტზე და გადამხდელს უწევს მხოლოდ 5 პროცენტის გადახდა დივიდენდის გატანის შემთხვევაში. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი კომპანია დარეგისტრირდა საქართველოში, მაგრამ საქართველოში არც ჩამოსულა არავინ და საქმიანობას ისევ უცხო ქვეყნიდან აგრძელებდნენ. ასეთ გადამხდელებს საქართველოში ოფისიც კი არ დაუქირავებიათ, რომ აღარაფერი ვთქვათ შესაბამისი პროფილური განხრით საქართველოში დაქირავებული პირების შრომის გამოყენებაზე/დასაქმებაზე. სამწუხაროდ ხსენებული სახის კომპანიების მხრიდან არც არანაირი ინვესტიცია არ განხორციელებულა საქართველოში _ გაწეული მომსახურების საფასურიც კი ერთ ნაწილს პირდაპირ საზღვარგარეთის საბანკო ანგარიშებზე ერიცხებოდა, ხოლო მეორე ნაწილს კი, ერთ დღეს რომ ჩაერიცხებოდა საქართველოს საბანკო ანგარიშზე, მეორე დღესვე ხდებოდა ამ თანხის საზღვარგარეთ გადარიცხვა. 

რაც შეეხება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ-ის) საწარმოებს, ამ შემთხვევაში კომპანიები არ არიან განთავისუფლებული მოგების გადასახადისგან არარეზიდენტისთვის გაწეული მომსახურების ნაწილში. პრაქტიკაში კი აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი თიზ-ის საწარმო შემოსავლებს სწორედ აღნიშნული სახის მომსახურების გაწევით იღებდა, თუმცა არასწორად, მაინც სარგებლობდა მოგების გადასახადის შესაბამისი შეღავათებით. 

ჩვენ ეს ყველაფერი ავუხსენით გადამხდელებს და პირველ რიგში შევთავაზეთ, რომ განეხორციელებინათ ნებაყოფლობით დეკლარირება, ყოველგვარი სანქციების დაკისრების გარეშე. მცირე ნაწილმა თავად განახორციელა დეკლარირება, ხოლო დარჩენილ ნაწილს კი თანხები დაერიცხა შემოწმებების შედეგად. 

- ასევე, საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება "წინასწარი გადაწყვეტილებებისა" და "მენუალების" მიმართ, რომლებიც საგადასახადო შემოწმებების დროს რეალურად კანონზე მეტი ძალა ენიჭებათ. ეს ასე უნდა იყოს? 

_ „მენუალი“ (სიტუაციური სახელმძღვანელო) ეს იგივეა, როგორც მეთოდური ხასიათის მითითება, თუ რომელიმე შემთხვევასთან დაკავშირებით კოდექსი ცალსახად ვერ არის გაწერილი, მას „მენუალი“ ავსებს და ინტერპრეტირების საშუალებას აღარ გაძლევს. 

წინასწარი გადაწყვეტილება ცოტა განსხვავებული თემაა. ეს ძალიან კარგი რამეა. მე რომ გადამხდელი ვიყო, საგადასახადო ორგანოს მხრიდან შემოთავაზებულ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ამ სერვისს აუცილებლად გამოვიყენებდი. კონკრეტულ სამეურნეო ოპერაციასთან დაკავშირებით შემიძლია შემოსავლების სამსახურს მივმართო გამიწეროს, ამ ოპერაციიდან გამომდინარე რა სახის საგადასახადო ვალდებულება მექნება შესასრულებელი. გამიწერს და დაცული ვიქნები იმით, რომ მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ ვერ იქნება მიღებული წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ვინაიდან რაც მან გამიწერა, სწორედ იმის შესაბამისად ვიმოქმედე (გარდა იმ შემთხვევებისა თუ ფაქტობრივი გარემოება არ დამიმალე და ან კიდევ საგადასახადო კოდექსის ის ნორმა არ შეიცვალა, რომლის საფუძველზეც იყო მიღებული წინასწარი გადაწყვეტილება). 

- რა იქნებოდა თქვენი სურვილი საგადასახადო ორგანოში შემდგომ მუშაობასთან დაკავშირებით, ანუ რა პოზიციაზე ისურვებდით თქვენი სამომავლო სამუშაოს გაგრძელებას?

- შესანიშნავი ნათქვამია - „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“... ვერ ვიტყვი სამომავლოდ სად შეიძლება ვიყო. ჯერჯერობით აქ ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. არ მაქვს დაგეგმილი სადმე გადასვლა, მინდა დავიხარჯო ბოლომდე, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ მაქვს საამისო პოტენციალი. ვცდილობ, რომ „ფორმაში ვიყო“ როგორც ფიზიკურად, ასევე კანონმდებლობის ცოდნის მხრივაც და ღირსეულად ავუბა მხარი ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- გრჩებათ თუ არა თავისუფალი დრო ამ დატვირთული სამსახურიდან?

- თავისუფალი დრო ცოტაა. ვცდილობ, ეს დრო ძირითადად ოჯახთან ერთად გამოვიყენო, მათ შორის საოჯახო საქმეების/პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებსაც ყოველდღიურად ვერ ვუთმობ დროს. ამის შემდეგ თუ მაქვს საშუალება, ვამჯობინებ, რომ ოჯახის წევრებთან ერთად სადმე გავისეირნო, საქართველოს ღირსშესანიშნაობები მოვინახულო და ტაძრები მოვილოცო. მყავს მეუღლე თამარ მეტრეველი და ორი ქალიშვილი _ მარიამი და ელენე. უფროსი მეორე კურსის სტუდენტია, პატარა მე-7 კლასელია. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს სპორტი. მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება სპორტით ვიყავი დაკავებული. მიყვარს ფეხბურთის და კალათბურთის თამაში. ამასთან, აქტიურად ვგულშემატკივრობ საქართველოს ნაკრებს სპორტის ყველა სახეობაში და პატივისცემით ვარ განმსჭვალული ყველა იმ ქართველი სპორტსმენის მიმართ, რომლებიც საქართველოს ასახელებენ. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი