ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი"-ს რისკების დირექტორ ნინო დევდარიანთან - №11(275), 2022
ნინო დევდარიანი - დაიბადა 1988 წლის 8 ოქტომბერს, ქ. თბილისში. 

განათლება 

2013-2014 - Williams College (აშშ) - რეფორმების ეკონომიკა, მაგისტრი. 

2006-2010 - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება, ბაკალავრი. 

სამუშაო გამოცდილება 

2022-დღემდე - საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია, გამგეობის თავჯდომარე. 

2022-დღემდე - სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“, რისკების დირექტორი. 

2016-2017 - სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“, საოპერაციო რისკების უფროსი. 

2014-2016 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ვალის რისკების მართვა, მთავარი სპეციალისტი. 

2012-2013 - საქართველოს ეროვნული ბანკი, რისკების მართვის და კონტროლის განყოფილება. უფროსი სპეციალისტი. 

2008-2012 - საქართველოს ეროვნული ბანკი, რისკების მართვის და კონტროლის განყოფილება, სპეციალისტი. 

აკადემიური საქმიანობა 

2022-დღემდე - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი - ფინანსური ბაზრები და ინსტიტუციები. 

2015 - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი - საერთაშორისო მაკროეკონომიკა. 

2014 - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი - განვითარებადი ფინანსები.

- ქალბატონო ნინო, მადლობას გიხდით ინტერვიუზე დათანხმებისთვის. სანამ იმ საკითხებს შევეხებით, რა პროცესებსაც მიკროსაფინანსო სექტორი ბოლო პერიოდში გადის, მანამდე თქვენ შესახებ გვიამბეთ -როგორი იყო თქვენი გზა სკოლის ასაკიდან "ემბისის" რისკების დირექტორის პოზიციამდე? 

- წარჩინებით დავამთავრე კომაროვის სკოლა. მე-3 კლასიდან მათემატიკურ ოლიმპიადებში, კონკურსებში და კონფერენციებში აქტიურად ვმონაწილეობდი, ვარ მრავალგზის პრიზიორი და გამარჯვებული როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ეროვნული გამოცდების შედეგებით საქართველოში საუკეთესო ხუთეულში მოვხვდი. იმ წელს, 33 ათასი აბიტურიენტი აბარებდა. შედეგად, 100-პროცენტიანი დაფინანსება მოვიპოვე და ჩავაბარე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც რეიტინგში პირველი ვიყავი. მიმართულებად ავირჩიე რაოდენობრივი ფინანსები. ეს იმ პერიოდში საქართველოში უპრეცედენტო პროგრამა იყო, ძალიან საინტერესო და კარგი გამოცდილების მომცემი. ასევე შედეგიანიც, იმ თვალსაზრისით, რომ მეორე კურსიდანვე მომეცა შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ ბანკში დავსაქმებულიყავი, სადაც რისკების მართვისა და კონტროლის მიმართულებით 5 წელი ვიმუშავე. ჩემი პროფესიული კარიერა რისკების მიმართულებით დავიწყე და დღემდე ამ მიმართულებაში გრძელდება. 

- ასე პატარა ასაკში ეროვნულ ბანკში როგორ მოხვდით? 

- ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სტუმრობდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელმაც პრეზენტაცია წარმოადგინა, სადაც ეროვნული ბანკის საქმიანობაზე, ფუნქციებზე, როლზე ისაუბრა და სტაჟირებაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობდნენ ბიზნესის მიმართულებით წამყვანი უნივერსიტეტების წარმატებული სტუდენტები. ჩემმა უნივერსიტეტმა, როგორც წარჩინებულ სტუდენტს, რეკომენდაცია გამიწია მონაწილეობა მიმეღო ამ კონკურსში. წარმატებით გავიარე შერჩევის ყველა ეტაპი, ტესტირება, ასევე საკმაოდ რთული და ვრცელი გასაუბრება, რომელსაც ეროვნული ბანკის ტოპ-მენეჯმენტი ესწრებოდა. ამ ეტაპების გადალახვის შემდეგ შემარჩიეს და დავიწყე მუშაობა ეროვნულ ბანკში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი გამოცდილება მივიღე და ახალი უნარები შევიძინე. 

ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაზე გადავწყვიტე. უნივერსიტეტის და მიმართულების არჩევაშიც დიდი წვლილი ეროვნულ ბანკს მიუძღვის. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მოვხვდი უილიამსის კოლეჯში (აშშ), მიმართულება რეფორმების ეკონომიკა. მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში მივიღე არაჩვეულებრივი გამოცდილება როგორც აკადემიური, ასევე პიროვნული ზრდის კუთხით. 

დავბრუნდი საქართველოში, თავიდანვე ეს მიზანი მქონდა - წავიდე, ვისწავლო, დავბრუნდე და ჩემს ქვეყანაში გამოვიყენო მიღებული ცოდნა და გამოცდილება. მუშაობა ფინანსთა სამინისტროში გავაგრძელე. იქაც რისკების მართვის მიმართულებით, სახელმწიფო ვალის დეპარტამენტში. ესეც ძალიან საინტერესო ეტაპი იყო, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლის დანერგვის პროცესებში ვმონაწილეობდი. 

2016 წლიდან კერძო სექტორში გადმოვინაცვლე და ყველაზე მეტად მიკროსაფინანსო სექტორმა დამაინტერესა. ეს იყო ჩემი გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება. მანამდე ჩემი გამოცდილება უკავშირდებოდა დიდ საჯარო ინსტიტუციებს, მაშინ "ემბისი" ძალიან პატარა იყო, სულ რაღაც 3 წლის. ნულიდან ავაწყვეთ ის, რაც დღეს გვაქვს, რისკების მიმართულება არ არსებობდა და დღეს რაც არსებობს, ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე, ჩემი მონაწილეობით არის შექმნილი. ეს ძალიან მახარებს და მეამაყება. 

"ემბისი" 2017 წლიდან არის საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრი, წელს პირველად შევედით გამგეობაში. ივნისში გამგეობამ თავმჯდომარედ ამირჩია, რაც ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და საინტერესოა გამოწვევაა. 

- სპეციალისტების დიდ ნაწილს, ვინც ამა თუ იმ კომპანიის ტოპ-მენეჯმენტში მუშაობს, უცხოეთში აქვს გავლილი მაგისტრატურა თუ სხვა მოკლევადიანი კურსები. თქვენი აზრით, საქართველოს განათლების სისტემა სტუდენტებს სათანადო განათლებას ვერ აძლევს? ამერიკაში გატარებული წლების მერე რა განსხვავება დაინახეთ იქაურ და აქაურ საგანმანათლებლო სისტემებს შორის? 

- მე გამიმართლა სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც. საქართველოში ისეთი განათლების სისტემასთან მქონდა შეხება, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სწავლის დონე, მოთხოვნები, მასწავლებელ-ლექტორები არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვანი სასწავლებლებისას. 

ერთადერთი სხვაობა, რაც ამერიკაში სწავლამ მაჩვენა, არის სტუდენტების და ლექტორების ერთმანეთთან დამოკიდებულება. თუ საქართველოში მასწავლებელი, ლექტორი არის მენტორი, უპირობო ავტორიტეტი, რომელმაც მიმართულება უნდა მოგცეს, და ის არის მთავარი მოქმედი პირი სწავლის პროცესში, ამერიკაში ეს პირიქითაა. იქ მთავარ როლში არის სტუდენტი, ლექტორი მოტივირებული და მორგებულია სტუდენტზე. ცდილობს, რომ სწავლისთვის საუკეთესო პირობები შეუქმნას და თავისი საგნით მაქსიმალურად დააინტერესოს. აქ თუ არის - "მე ავხსენი და თუ კარგი მოსწავლე ხარ, მოინდომე, დაჯექი, იმუშავე და გაიგებ", იქ იყო - "მე შენთვის ვარ 24 საათი, ღია კარი მაქვს, როცა გინდა მოდი, მე შენი დაინტერესებისთვის და წარმატებისთვის ვმუშაობ". მაქვს პრეცედენტები, როდესაც ლექტორისთვის კითხვა "მეილით" ღამის 3-4 საათზე გამიგზავნია და 15 წუთში მომსვლია ამომწურავი პასუხი. ამის არდანახვა, არდაფასება და შემდეგ მოტივაციის არშექმნა ძალიან რთულია. 

აღფრთოვანებაში მოვყავდი ლექტორების შრომისმოყვარეობას, საკუთარ თავზე მუშაობას და დამოკიდებულებას სწავლის მიმართ. კიდევ ერთ ფაქტს მოვყვები. მყავდა ლექტორები, რომლებიც 24 საათი კითხულობდნენ, რომ უახლესი ინფორმაცია მოეტანათ ლექციაზე. სტუდენტებზე მეტს შრომობდნენ და სწავლობდნენ იმ მიმართულებაში, რომელსაც წლებია ასწავლიან. ეს ისე არ იყო, რომ "მე ამ საგანს 30 წელია ვკითხულობ და ახალი რა უნდა იყოს". იქ იყო - "30 წლის გამოცდილებას გიზიარებ და ამასთანავე უახლესი ტენდენციებზეც გაწვდი ინფორმაციას". მათი ასეთი თავდადება და შრომისუნარიანობა შენზეც გადმოდის. ჩვენთან არის ასეთი გამოთქმა - "ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი". იქ მსგავს ფრაზას არ ცნობენ, არსებობს შრომისმოყვარე ადამიანი და ეს არის აპრიორი წარმატებისთვის.
 
- თქვენ თქვით, რომ მიკროსაფინანსო მიმართულებით მუშაობა თქვენი გააზრებული არჩევანი იყო. მაინცდამაინც ეს მიმართულება რატომ აირჩიეთ? სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან არ გქონიათ შემოთავაზება? 

- ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ლექტორი გვიკითხავდა ლექციას - ფინანსების განვითარება, სადაც ძალიან დიდი დრო მიკროსაფინანსო სექტორის როლს და მნიშვნელობას დაეთმო. საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ეს სერვისები ძალიან საჭიროა. მცირე ბიზნესზე დგას ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, ეს სექტორი სწორედ იმ ხალხს ემსახურება, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ფინანსებზე წვდომა და ეკონომიკის განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენს. მიკროფინანსების თანამედროვე განმარტება არ არის დიდი ისტორიის მქონე. უკავშირდება 70-იან წლებში ბანგლადეშში, მუჰამედ იუნუსის მიერ ბანკის დაარსებას, რომელსაც ამ ბანკის დაარსებისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრიზი გადაეცა. სწორედ აქედან გამოიკვეთა მიკროსაფინანსოების როლი და მნიშვნელობა სიღარიბის დაძლევაში. 

- ბუნებრივია, მცირე ბიზნესის განვითარებაში მიკროსაფინანსო სექტორს მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს. რამდენად ასრულებს საქართველოში ეს სექტორი ამ როლს მაშინ, როდესაც სესხების თითქმის 50 პროცენტი სალომბარდე სესხებია? 

- 2016 წელს, როდესაც ამ სექტორში მუშაობას ვიწყებდი, ბაზარზე 80 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული. ახალმა რეგულაციებმა სესხის გამცემ პირებს, რომლებიც ძირითადად ონლაინ სესხებს გასცემდნენ, უბიძგა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ემუშავათ. სწორედ ამან გამოიწვია მოთამაშეთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. მათი მანდატი კლასიკური მიკროსაფინანსო საქმიანობა, რაც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას გულისხმობს, არ იყო. 2017 წლიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო სექტორის აქტიური რეგულირება დაიწყო, შედეგად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვი 37-მდე შემცირდა. 

დღეს არსებული მდგომარეობით, სექტორში არსებული ორგანიზაციების ბიზნეს მოდელებში მნიშვნელოვანი სხვაობაა, საკმაოდ დიდი ნაწილი მთლიანად სამომხმარებლო დაკრედიტებაზეა ორიენტირებული, თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც კლასიკურ, ტრადიციულ მიკროსაფინანსო სესხებს გასცემენ. მათ დაახლოებით მიკროსაფინანსო ბაზრის 35-40 პროცენტი უკავიათ. 

ახლა მნიშვნელოვანი პროცესები მიდის ბაზარზე. ეროვნული ბანკის ინიციატივით, ბიზნესდაკრედიტებით დაკავებულ კომპანიებს ოპერირებისთვის დამატებითი ინსტრუმენტები ექნებათ. კერძოდ, პარლამენტში მიმდინარეობს ეროვნული ბანკის მიერ ინიციირებული ახალი კანონპროექტის განხილვა, რომლის მიზანია შეიქმნას ახალი ფინანსური ინსტიტუტი მიკრო ბანკის სახით. მიკრობანკების მთავარი მანდატი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება, მთლიანი სასესხო პორტფელის 70 პროცენტი ბიზნეს-სესხები უნდა იყოს. ეს რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ბიზნესდაკრედიტება წახალისდეს, გაიზარდოს და განვითარდეს. 

- რა არის ის მეტი შესაძლებლობა, რომელიც მიკრობანკებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან განასხვავებს? 

- პირველი, დღეს თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გასცემენ 100 ათას ლარამდე სესხებს, ეს ზღვარი მიკრო ბანკებისთვის 1 მილიონი ლარი იქნება, რაც ნიშნავს, რომ მიკრო ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტს სრულფასოვნად მოემსახურონ. მეორე _ იქნება დამატებითი შესაძლებლობები ახალი ინსტრუმენტების სახით, დეპოზიტების მოზიდვა, ასევე ლიკვიდურობის ინსტრუმენტებზე წვდომა, ანგარიშების ქონა. ეს არის ის დამატებითი შესაძლებლობები, რაც ამ სექტორის საქმიანობას გააფართოებს, შეამცირებს დანახარჯებს, დაწევს საპროცენტო განაკვეთებს და გაზრდის კონკურენციას ბაზარზე. 

- მიკროსაფინანსო წრეებიდან ასევე იყო მოთხოვნა, რომ მიკრობანკებს სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემის შესაძლებლობაც ჰქონდეთ. ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა?

- კანონპროექტში მითითებულია, რომ მიკრობანკებს მხოლოდ ლარში დაკრედიტების შესაძლებლობა ექნებათ. თუმცა, დღეს არსებული კანონმდებლობით 200 ათას ლარზე ზემოთ სესხების გაცემა შესაძლებელია უცხოურ ვალუტაშიც, ეს შესაძლებლობა აქვთ ბანკებსაც. აქედან გამომდინარე, პოტენციურ კანდიდატებს ჰქონდათ წინადადება, რომ მიკრო ბანკებსაც შესძლებოდათ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება, რაც მათ ახალ ბაზარზე სრულფასოვანი კონკურენციის განხორციელების საშუალებას მისცემდა. 

- ეროვნული ბანკის არგუმენტი რა არის? 

- მათი ძირითადი არგუმენტი ბაზარზე სავალუტო რისკების შემცირებას უკავშირდება. მიმდინარე კონსულტაციებით მივედით კონსენსუსამდე, რომ ამ ეტაპზე უმთავრეს პრიორიტეტს აღნიშნული კანონპროექტის დროული და შეუფერხებელი მიღება წარმოადგენს. აღნიშნული შეზღუდვა ამ ეტაპზე დარჩება და მიკრო ბანკების ოპერირების გარკვეული ისტორიის დაგროვების შემდეგ იქნება შესაძლებლობა ამ მიდგომის გადახედვის. 

- მიკრობანკების შექმნის მთავარი მიზანი არის მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ნაწილში კონკურენციის გაზრდა. როგორ მოახერხებთ ბანკებთან კონკურენციას საპროცენტო განაკვეთების კუთხით, როდესაც ბანკებს, როგორც წესი, უფრო იაფიან ფინანსურ რესურსთან აქვთ წვდომა? 

- დასაშვები საქმიანობის გაფართოებული სპექტრი მიკრო ბანკებს საშუალებას მისცემს თავიანთი საოპერაციო დანახარჯები შეამცირონ, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება კლიენტების უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთებით მომსახურება. 

უფრო მრავალფეროვანი ფინანსური სერვისები, გაზრდილი დაკრედიტების ზღვარი, დაბალი საპროცენტო განაკვეთები გააფართოებს მიზნობრივი მომხმარებლების არეალს და გაზრდის ამ ფინანსური ინსტიტუტების კონკურენტუნარიანობას. 

- როგორც ვიცი, თქვენი კომპანიაც აპირებს მიკრო ბანკის სტატუსის მისაღებად ეროვნულ ბანკს მიმართოს. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომ ამ სტატუსის მოპოვება შეძლოს? 

- ამ ეტაპზე, სულ სამი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია აკმაყოფილებს მიკრო ბანკის შესახებ კანონპროექტის მოთხოვნებს. საუბარია მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებზე, პორტფელის კომპოზიციაზე. როგორც კი კანონი ამოქმედდება და ქვედა ნორმატიული ჩარჩო იქნება ცნობილი, ეროვნულ ბანკში `ემბისიც~ შეიტანს განაცხადს. 

- როგორც თქვენ აღნიშნეთ, მას შემდეგ რაც ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები გაამკაცრა, მათ შორის სესხის წლიურ საპროცენტო განაკვეთზე 50%-იანი ზღვარი დააწესა, ბაზარი მნიშვნელოვნად გაიცხრილა. კიდევ თუ ხედავთ კომპანიების შემცირების რესურსს? 

- ახალი მარეგულირებელი მოთხოვნების დაწესება სექტორისთვის 2017 წლიდან დაიწყო, მიმდინარე ცვლილებები უკვე არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწისკენაა მიმართული. მაშინ მიკროსაფინანსო სექტორისთვის მთავარი გარდამტეხი იყო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნის და საპროცენტო განაკვეთზე ჭერის დაწესება. სწორედ ამან უბიძგა ბევრ კომპანიას ბაზრიდან გასულიყო, რადგან მათი მომგებიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2020 წლიდან რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირების ტენდენცია შენელდა, შესაძლებელია ბაზრიდან გასვლის პროცესი კიდევ გაგრძელდეს, თუმცა, ეს ისეთი მასშტაბური აღარ იქნება. ამასთანავე, შეიქმნა ახალი საფინანსო ინსტიტუტი, სესხის გამცემი სუბიექტის სახით. იმ კომპანიების, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის დაწესებულ მოთხოვნებს, ნაწილი სესხის გამცემ სუბიექტებად გადაკეთდნენ და საქმიანობა ამ ეგიდით გააგრძელეს. 

- ბაზარზე აღნიშნული რეგულაციების გამკაცრებას ახლდა საპირისპირო არგუმენტებიც. თუ ასეთ სესხებზე არსებობს მოთხოვნა, მიმწოდებელიც უნდა არსებობდეს და ხელისუფლება ამ ბაზარზე ზედმეტად ჩაერია. თქვენ როგორ ფიქრობთ? 

- ამ ლოგიკას რომ მივყვეთ, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ საფინანსო სექტორის რეგულირების და ზედამხედველობის საჭიროება, რასაც არ ვეთანხმები. უახლოეს წარსულში გვახსოვს არაერთი გლობალური ფინანსური კრიზისი, რომელთა შედეგები მსოფლიო ომებზე უფრო მძიმე და საყოველთაო იყო. ფინანსური კრიზისების გამომწვევი მიზეზი არათუ რეგულირების არქონა, არამედ არასაკმარისი რეგულირება გახდა.

საფინანსო სექტორის საქმიანობა ყველა სხვა სექტორის საქმიანობისგან განსხვავებულია. ერთი არაკეთილსინდისიერი მოთამაშე ბაზარზე საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანი საფინანსო სექტორის ოპერირებას. 

მარტივად რომ ავხსნათ: მაგალითად, "პეპსის" არაკეთილსინდისიერი ქცევა მხოლოდ მას აზარალებს და "კოკა-კოლას" გაყიდვებს ეს მხოლოდ ზრდის. საფინანსო სექტორში ერთი არაკეთილსინდისიერი ორგანიზაცია საფრთხეს უქმნის ყველა დანარჩენს. თუ გაიგებთ, რომ რომელიმე თქვენმა მეგობარმა დეპოზიტი ვერ გამოიტანა ბანკიდან, იმის გარკვევას არ იწყებთ, თქვენი ბანკი იყო ეს თუ არა, ან აქვს თუ არა თქვენს ბანკს ოპერირების რაიმე პრობლემა. თქვენ მიდიხართ იმ ბანკში, სადაც დეპოზიტი გაქვთ და გამოგაქვთ. არცერთ ბანკს აქვს ისეთი ლიკვიდურობა, რომ ყველა დეპოზიტარი ერთდროულად დააკმაყოფილოს. ასეთ პირობებში ყველაზე ჯანსაღი და მყარი ბანკებიც კი ლიკვიდურობის პრობლემის წინაშე დგებიან, რაც მათი ოპერირების გაგრძელებას მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნის. ეს განსხვავებაა საფინანსო სექტორსა და სხვა სექტორებს შორის. ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აუცილებელია ამ სექტორის რეგულირება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთლიანი სექტორის სიჯანსაღე, დაცულობა, სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირება. 

- კიდევ ერთი თემა, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირად ისმის -ბაზარზე არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი. თქვენთანაც თუ დგას ეს პრობლემა და როგორ უმკლავდებით? 

- საქართველოში საფინანსო სექტორი ყველაზე დიდი დამსაქმებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ეს პრობლემა ყველაზე ნაკლებად უნდა იგრძნობოდეს, ვინაიდან ბაზარზე საკმაოდ ბევრი კადრია. გარდა ამისა, პროფესიების არჩევისას, ჯერ კიდევ ყველაზე პოპულარულია ეკონომიკა და ბიზნესი. მიუხედავად ამისა, გულწრფელად გეტყვით, მიკროსაფინანსო სექტორისთვის კადრების მოზიდვა და მათი შენარჩუნება საკმაოდ რთულია. მიკროსაფინანსო სექტორს ამ მიმართულებითაც უწევს ბანკებთან კონკურენცია. რა თქმა უნდა შესაძლებლობები აქაც განსხვავდება. ამას ემატება ზოგადად სექტორის სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკებიც, რაც დამატებით ართულებს კადრების მოზიდვას. 

კადრების მოზიდვის თვალსაზრისით ჩვენ წავედით შემდეგი მიდგომით, რომ "ემბისი" გააკეთებს თავის სკოლასა და სატრენინგო ცენტრს, სადაც ჩვენვე გამოვზრდით კადრებს და შევძენთ იმ უნარებს, რაც საჭიროა ამ კომპანიაში მუშაობისთვის. 

- საფინანსო ბაზარზე ყველაზე განვითარებულია საბანკო სექტორი, ბაზრის დიდი წილი ორ უმსხვილეს ბანკს უჭირავს. ამ ტემპს ვერ მიჰყვება მიკროსაფინანსო სექტორი. ასევე მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. ამისთვის, ერთ-ერთი სტიმულატორი საპენსიო სააგენტო უნდა გამხდარიყო. ასეთ პირობებში თქვენ თუ ხედავთ რესურსს მიკროსაფინანსო სექტორმა მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილში ღირსეული კონკურენცია გაუწიოს ბანკებს და კაპიტალის ბაზრის განვითარებასაც დაადგეს საშველი? 

- მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირება დაიწყო სულ ცოტა 15 წლით გვიან, ვიდრე საბანკო სექტორის. საბანკო სექტორის სიძლიერე და სტაბილურობა იმის დამსახურება, რომ მათი რეგულაციები, გამჭვირვალობა, ანგარიშგება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა უფრო დიდ პერიოდს ითვლის. მიკროსაფინანსო სექტორს საკმაოდ ვრცელი რეგულაციები შეეხო და მან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა, კვალიფიკაციაც მნიშვნელოვნად ამაღლდა და სანდოობაც მეტი აქვს. ეს პროცესი გაგრძელდება და თავის შედეგს აუცილებლად მოიტანს. 

რაც შეეხება კაპიტალის ბაზარს, მისი განვითარება საკმაოდ რთული ამოცანაა. მისი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩემი აზრით, ის მაინც ვერ იქნება ფინანსირების მთავარი წყარო. მოწინავე ქვეყნებშიც კი, სადაც კაპიტალის ბაზარი ბევრად განვითარებულია, მთლიანი დაფინანსების 60-80 პროცენტი, მაინც სტანდარტულ საბანკო სესხებზე მოდის. ერთადერთი ქვეყანა, სადაც კაპიტალის ბაზრები დიდ როლს თამაშობენ და მნიშვნელოვანი წილი უკავიათ მთლიან დაფინანსებაში, არის ამერიკა. პრინციპში ბევრი ახსნა შეიძლება, თუ რატომ არის კაპიტალის ბაზარი ნაკლებად პოპულარული თუნდაც ისეთ განვითარებულ ქვეყნებში როგორებიც არიან იაპონია, კანადა, გერმანია. იმიტომ, რომ ეს ბიზნესების განვითარების გარკვეულ დონეს მოითხოვს, ფინანსური ინსტრუმენტები უფრო რთულია, ტრანზაქციების მოცულობა დიდი, შესვლა ამ ბაზარზე დიდ ხარჯებს და ცოდნას უკავშირდება. 

საპენსიო სააგენტოს შექმნით მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, ამით ბაზარზე გაჩნდა გრძელვადიანი ლარის რესურსი, რომელიც მანამდე არ გვქონდა. ფინანსირებაში მნიშვნელოვანია ასეთი რესურსის ქონა, რადგან გრძელვადიანი ლარის არ ქონა ნიშნავს, რომ გრძელვადიან პროექტებში ფულს ვერ აბანდებ. ვფიქრობ, ესეც დროის თემაა. მიწოდების არხი არსებობს და მოთხოვნაც დაეწევა. 

- ბუნებრივია, გრძელვადიანი ლარის ქონა მნიშვნელოვანია, თუმცა მიკრო ბანკებს მასზე წვდომის უფლება ვერ ექნება. კანონპროექტზე მუშაობისას თუ დააყენეთ ეს საკითხი?

- ეს საკითხი ამ ეტაპზე არ არის ცნობილი. ჯერჯერობით არის ძირითადი კანონის პროექტი, იმის ქვეშ კიდევ ბევრი ახალი რეგულაცია დაემატება, რომელიც ჯერ ჩვენთვის ცნობილი არ არის. საპენსიო სააგენტოს აქვს განსაზღვრული კრიტერიუმები, რის მიხედვითაც აბანდებს ფულს. ვფიქრობ, ეტაპობრივად ეს კრიტერიუმებიც გაფართოვდება და სავარაუდოდ, გაიზრდება საინვესტიციო სფეროები. 

- მიკროსაფინანსო ასოციაციასთან დაკავშირებით თქვენი გეგმები როგორია? 

- ასოციაციის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უფლებებისა და ინტერესების დაცვას, მათი სამართლებრივი გარანტიებისა და საქმიანობის კოორდინაციას, მოამზადოს წინადადებები კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
 
ეს სექტორი საკმაოდ მრავალფეროვანია. ამ განსხვავებულობაში ერთიანი ხმის და ყველას ინტერესის გათვალისწინება და დაცვა უმთავრესი ამოცანაა. პირველივე დღიდან ყველა წევრ ორგანიზაციასთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ. ასევე მნიშვნელოვანია მარეგულირებელ ორგანოებთან, ასოციაციებთან, ინვესტორებთან თანამშრომლობა, გამოცდილებების ერთმანეთთან გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება. 

- დაბოლოს, როგორია თქვენი თავისუფალი დრო, თქვენი ჰობი? 

- მიყვარს მოგზაურობა, ცურვა, თეატრი, კინო, მუსიკა. ფიზიკური აქტივობებით ყოველთვის დაკავებული ვიყავი. შვილის შეძენის შემდეგ, ჩემი თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილის მასთან ერთად ვატარებ, დიდი სიამოვნებით გავდივარ ხელახლა ბავშვობის გართობის ყველა ეტაპს.
 
ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი