ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ კომპანია "KPMG საქართველო"-ს მმართველ პარტნიორ კახა რუხაძესთან - №3(279), 2023
კახა რუხაძე - დაიბადა 1974 წლის 11 ივლისს, ქ. თბილისში. 

განათლება 

1991-1997 წლები - თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი; ეკონომიკის ფაკულტეტი; მაგისტრატურა. 

სამუშაო გამოცდილება 

2018 წლიდან დღემდე - მმართველი პარტნიორი, საგადასახადო-იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „KPMG საქართველო“. 

2016-2018 - პარტნიორი, საგადასახადო-იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „KPMG საქართველო“. 

2013-2016 - დირექტორი, საგადასახადო-იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „KPMG საქართველო“. 

2010-2013 - უფროსი მენეჯერი, საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „KPMG საქართველო“. 

2007-2010 წლები - მენეჯერი, საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „KPMG საქართველო“. 

2005-2007 წლები - პარტნიორი, საკონსულტაციო ჯგუფი „ალექსანდრე“. 

2001-2005 წლები - მთავარი აუდიტორი, საკონსულტაციო ჯგუფი „ალექსანდრე“. 

2000 წელი - აუდიტორი, „ათოსი“. 

1996-2000 წელი - ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. 

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

- ბატონო კახა, პირველ რიგში, მოგვიყევით თქვენი განვლილი გზის შესახებ. 

– დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ვსწავლობდი ამიერკავკასიის პირველ საშუალო სკოლაში. სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეკონომიკა და მართვა-მანქანათმშენებლობის სპეციალობაზე. პროფესიით ეკონომისტი ვარ. გარკვეული ხანი საზღვარგარეთ დავყავი, საქართველოში დაბრუნებისას კი მუშაობა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „დელტაში“ დავიწყე. „დელტას“ შემდეგ ერთ-ერთ აუდიტურ კომპანიაში გავაგრძელე მუშაობა, რის შემდეგაც 2001 წელს გადავედი აუდიტურ კომპანია „ალექსანდრეში“. 2007 წელს დავტოვე „ალექსანდრე“ და „KPMG საქართველოს“ შემოვუერთდი. 

- როგორც აღნიშნეთ, თქვენი სპეციალობა იყო "ეკონომიკა და მართვა მანქანათმშენებლობაში". რამ განაპირობა სპეციალობის შეცვლა, როგორ მოხვდით აუდიტის სფეროში? 

– უნივერსიტეტში იმ პერიოდში ჩავაბარე, როდესაც თითქმის ყველაფერი ეკონომიკასთან ასოცირდებოდა. ეკონომიკა იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება. ამასთან ვერ გეტყვით, რომ ჩემი პირველი სპეციალობა გათვითცნობიერებულად ავირჩიე, გადაწყვეტილებაზე გავლენა მამაჩემის რჩევამაც იქონია, ჩემი მშობლების თაობისთვის ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთ მოწინავე სასწავლებლად ითვლებოდა. თუმცა სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, რომ იქ ფუნდამენტური განათლება მივიღე. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ქვეყანა საბჭოთა ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადადიოდა. ფიზიკურად არ იყო სახელმძღვანელოები, რომლის მიხედვითაც ლექტორები სტუდენტებს განათლებას მისცემდნენ. ხელმისაწვდომი წიგნები ძირითადად ინგლისურენოვანი იყო და ჩვენი ლექტორებიც, სხვასთან ერთად, ენობრივ ბარიერებსაც აწყდებოდნენ. ამიტომ ყველა ერთად ვარკვევდით და განვიხილავდით საგანს. სწორედ ეს იყო ის ობიექტური რეალობა, რის გამოც სწავლა სათანადო დონეზე ვერ იქნებოდა. 

საგადასახადო მიმართულება თავიდანვე მიზიდავდა (ალბათ ცნობილი გამონათქვამის გავლენა იყო "გადასახადებისა და სიკვდილის შესახებ"); ვეცნობოდი შესაბამის ლიტერატურას. ფაქტობრივად, თვითნასწავლი გახლდით. პირველი საგადასახადო კოდექსის შექმნამდე ცალკეული გადასახადები სხვადასხვა აქტით რეგულირდებოდა. 1997 წელს, როდესაც საქართველოში საგადასახადო კოდექსი მიიღეს, რამდენიმე ადამიანთან ერთად მასზე აქტიური მუშაობა დავიწყე. იმავე პერიოდში დავდიოდი შემოსავლების სამსახურში განმარტებებზე, ვინაიდან მართლაც თვისობრივად ახალი დოკუმენტი იყო, შემოვიდა დაბეგვრის ახალი ნორმები, რომელიც რთული გასაგები იყო, თარგმანსაც გარკვეული ხარვეზები ჰქონდა. ეს ყველაფერი სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვდა, რაზეც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდებოდა. სხვათა შორის, შემოსავლების სამსახურშიც ძალიან ღიად გვხვდებოდნენ. ისინიც ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მათთვისაც ახალი დოკუმენტი იყო და ასე, გარკვეულწილად, ერთმანეთს ვასწავლიდით. 

ასე რომ, საკმაოდ დაინტერესებული ვიყავი ამ საკითხებით და უკვე პროფილის შეცვლაზე ვფიქრობდი, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო საკითხების სიღრმისეული ცოდნა ჩემს სამსახურს ნაკლებად სჭირდებოდა - „დელტა“-ს იმ პერიოდის კანონმდებლობის მიხედვით ძირითადი გადასახადების გადახდის ვალდებულება არ ჰქონდა. 

- აუდიტის მიმართულებით თქვენი პირველი სამსახური რომელი იყო? 

– ძალიან მადლიერი ვარ გივი ლეკიშვილის, რომელიც მაშინ „დელტას“ ხელმძღვანელობდა. ჩემი ინტერესი გავანდე მას, რომ მინდოდა ბედი ამ სფეროში მეცადა. დაემთხვა, რომ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციამ USAID-ის მხარდაჭერით 6-თვიანი სასწავლო კურსი გამოაცხადა. ეს კურსი მოიცავდა თითქმის ყველა იმ საბაზისო დისცი პლინას, რომელიც ამ სფეროთი დაინტერესებულ პირს დაეხმარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ „დელტასთვის“ ნაკლებად აქტუალური იყო აუდიტორული და ბუღალტრული სფერო, მისი გადაწყვეტილებით, სრულიად უანგაროდ, დამიფინანსეს ეს კურსები. შემდგომ შემომთავაზეს სამსახური ერთ-ერთ ახლად შექმნილ აუდიტურ კომპანიაში - „ათოსი“, შემდეგ კი გადავედი სხვა აუდიტურ კომპანიაში - „ალექსანდრეში“. „ალექსანდრე“ ახლაც ოპერირებს, ხოლო „ათოსი“ 2019 წელს სხვა ფირმასთან ერთად გაერთიანდა. 

- რა იყო თქვენი ძირითადი საქმიანობა ამ კომპანიებში? 

– ძირითადად იყო გადასახადის გადამხდელებისთვის საგადასახადო თემებთან დაკავშირებით კონსულტაციები, მათი ფინანსური დოკუმენტების მიმოხილვა საგადასახადო კუთხით. იმ პერიოდისთვის ეს სტანდარტული პროდუქტი იყო, რასაც აუდიტორული ფირმები მომხმარებლებს სთავაზობდნენ. 

- „ალექსანდრე“-დან KPMG-ში როგორ აღმოჩნდით? რამე კონკურსი ჩატარდა თუ მიგიწვიეს? 

– გასაუბრების საფუძველზე. „ალექსანდრეში“ უკვე პარტნიორი ვიყავი, როცა KPMG ჩემით დაინტერესდა და გასაუბრებაზე მიმიწვიეს. 

– KPMG-ის ბრენდი ამჟამად საქართველოში წარმოდგენილია შპს „KPMG გეორგია“-ს სახით, რომელიც წლების წინ დაფუძნდა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა ქართული აუდიტის ბაზარზე (შემოსავლების მიხედვით -მესამე), რომლის წლიური შემოსავალი 8 მლნ ლარს აღემატება. როგორია თქვენი პირადი წვლილი ამ კომპანიის განვითარებაში? 

– 2007 წელს, როდესაც ამ კომპანიაში მოვედი, ძალიან ცოტა ადამიანი მუშაობდა, ხოლო პროფესიული მომსახურების გაწევა უპირატესად წარმოებდა KPMG-ის სხვა ოფისების მეშვეობით. ამ პერიოდიდან, აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლების მიღება როგორც აუდიტში, ისე საგადასახადო დეპარტამენტში. მაგალითად, როდესაც მე მოვედი, საგადასახადო დეპარტამენტში სულ ორნი ვიყავით - მენეჯერი და ასისტენტი. ბუნებრივია კომპანიის განვითარების ყველა ეტაპზე ვიყავი ჩართული და საკმაო წვლილი მიმიძღვის როგორც საგადასახადო, ასევე აუდიტის დეპარტამენტების განვითარებაში. 

– ამჟამად მოქმედი "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ" კანონის მიღებიდან 6 წელზე მეტი გავიდა. როგორ შეაფასებდით ამ 6-წლიან პერიოდს, განვითარების რა საფეხურზე იმყოფება ახლა აუდიტის სექტორი და რა ეტაპებია გასავლელი მეტი განვითარებისთვის? 

– ეს 6-წლიანი პერიოდი უნდა შეფასდეს მიღებული შედეგებით. შედეგი კი არის ის, რომ აუდიტის ბაზარი განვითარდა და გაიზარდა. ბუნებრივია, გამოწვევები ბევრია, მათ შორის ამ ინსტიტუტის შემდგომ გაძლიერებასთან მიმართებით. სექტორის კიდევ უფრო მეტად განვითარება გარკვეულწილად კავშირშია კაპიტალის ბაზრისა და საფონდო ბირჟის განვითარებასთან, რაც აუდიტზე და ასევე ხარისხზე ავტომატურად გაზრდის მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, ყველაფერი წინ არის. 

- ამ ეტაპზე, მთავარი გამოწვევა რა არის? 

– გააჩნია, თუ რა კუთხით შევხედავთ. ჩვენი სფერო ფართოა; ბაზარი ერთგვაროვანი არ არის. აუდიტის ბაზარზე მრავალი მოთამაშეა, რომელიც ზომითა და კატეგორიებით განსხვავდება. თითოეულს სხვადასხვა გამოწვევა აქვს თავისი მოცემულობიდან გამომდინარე, მაგალითად, ზოგს შემდგომი განვითარებისთვის რესურსი ესაჭიროება, ზოგი არსებულ კანონმდებლობის დახვეწას მიიჩნევს შემდგომი განვითარების წინაპირობად, და სხვა. თუმცა, პრობლემები, რომლებიც შესაძლოა მცირე და საშუალო კომპანიებს ჰქონდეს, ჩვენთვის ნაკლებად რელევანტურია. კარგი იქნება. თუ აუდიტორული ბაზრის ერთგვარი კვლევა ჩატარდება და გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზებიც, განსაკუთრებით ამ უკანასკნელ სექტორთან მიმართებით, უფრო ნათლად გამოჩნდება. 

- აუდიტორული ფირმების დიდი ნაწილი, ვისაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ხარისხის კონტროლის მონიტორინგი ჩაუტარა, უკმაყოფილო არიან მათი მიდგომებით (განსაკუთრებით, სამსახურის წინა ხელმძღვანელობის დროს) და თვლიან, რომ მათი მონიტორინგი ზედმეტად მკაცრი და ფორმალიზებულია, შეუსაბამოა ამჟამინდელი განვითარების ეტაპზე მყოფი ბიზნესის მოთხოვნებთან. თქვენი აზრი როგორია ამ საკითხზე? 

– ჩვენ რამდენიმე შემოწმება გავიარეთ. ცხადია შენიშვნები გვქონდა, თუმცა კონსენსუსამდე მივსულვართ და ეს საკითხები კონსტრუქციულად გადავწყვიტეთ. ჩემი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, რომ მე ახალი ხელმძღვანელობისა და წინამორბედის მიდგომებთან დაკავშირებით სხვაობას ვერ ვატყობ. ბოლო ორ წელიწადში წარმატებით გავიარეთ რამდენიმე შემოწმება, როგორც თემატური, ასევე გეგმური. ჩემი აზრით, მთავარი გამოწვევა, რომელიც „სარასს“ (ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს) აქვს, არის იმაზე უფრო მცირე რესურსი, ვიდრე უნდა ჰქონდეს. ბევრი ობიექტია შესამოწმებელი და ეს გარკვეულ სირთულეს ქმნის. გარდა ამისა, ამ უწყების თანამშრომლების ანაზღაურებაც უნდა იყოს შესაბამისი, მათ შორის, კადრების დენადობის შესამცირებლად. 

- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური სდპ-ის აუდიტის უფლებამოსილი ფირმების ხარისხის კონტროლის მონიტორინგს ატარებს 3 წელიწადში ერთხელ. თქვენ ბოლო 2 წელიწადში რამდენჯერმე გაიარეთ შემოწმება, ამის მიზეზი რა იყო? 

– პირველი იყო გეგმური შემოწმება, რომელიც ჩატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების მიხედვით; ხოლო დანარჩენი - ჩვენი ინიციატივით, კონკრეტული გარიგების პარტნიორების მეშვეობით სდპ-ის აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მოპოვების მიზნით. 

- რით განსხვავდება თქვენი მომსახურება (ხარისხი და მიდგომები) "დიდი ოთხეულის" სხვა სამი აუდიტური კომპანიის მომსახურებისაგან? ბევრი ამბობს, რომ "დიდი ოთხეულის" მომსახურება პრაქტიკულად ერთმანეთის იდენტურია. 

– იდენტურს ვერ ვიტყვი, ალბათ უფრო მსგავსი. ჩვენი მომსახურებები, ძირითადად, სამ კატეგორიად ჯგუფდება - აუდიტი, საგადასახადო-იურიდიული მომსახურება და საკონსულტაციო მომსახურება. რამდენადაც მსგავს მეთოდოლოგიებსა თუ სტანდარტებზე ვართ დაფუძნებული, საქმიანობაში განხორციელებული ინვესტიციებიც შესადარისია, შესაბამისად ბუნებრივია აღქმა, რომ „დიდი ოთხეულის“ ფირმების მომსახურებების ხარისხი ერთმანეთისგან არ განსხვავდება. თუ ავიღებთ ცალკეული ქვეყნებს, შეიძლება რომელიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, რომელიმე სექტორის აუდიტის მომსახურებაში მეტი გამოცდილება გვქონდეს და მას უფრო ეფექტიანად ვახორციელებდეთ, ვიდრე სხვები, და ასევე პირიქით - სხვა სექტორს ჩვენი კონკურენტი კომპანია ემსახურებოდეს მეტი წარმატებით. ბუნებრივია, ეს განსხვავება ლოკალურ ბაზრებზე მეტ-ნაკლებად არსებობს. 

- რატომ ხდება, რომ მიუხედავად დიდი გამოცდილებისა და ხარისხის კონტროლის ხშირი მონიტორინგისა, "დიდი ოთხეულის" ფირმები დროდადრო მაინც ეხვევიან სკანდალებში უხარისხოდ ჩატარებული აუდიტის გამო? მაგალითად, ახლახან "ბლუმბერგის" ცნობით, "დელოიტი და ტუშის" პეკინის ოფისს ჩინეთის მთავრობამ 3 თვით შეუჩერა ჩინეთში საქმიანობის უფლება და დიდი თანხით დააჯარიმა... 

– ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუმცა, მსგავსი ფაქტები ხდება. თავად აუდიტის სტანდარტები ანგარიშგებაზე გონივრული რწმუნების გამოხატვას ითხოვს. სტანდარტების მიხედვით ყველა პროცედურის გავლის შემთხვევაშიც კი არ არის გამორიცხული, რომ მაგალითად, თაღლითობის შემთხვევა არ გამოვლინდეს, შესაბამისად სრულ გარანტიას ვერავინ გასცემს, თუმცა შეიძლება ასეთი შემთხვევაც, გარდა ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომისა, დავის საფუძველი გახდეს. მთავარი ის კი არ არის, რომ ასეთი ფაქტები არსებობს (რომ არ არსებობდეს, ის იქნებოდა უფრო გასაკვირი), არამედ ის, თუ აუდიტური კომპანია როგორ პასუხობს ამ გამოწვევას და რა ნაბიჯებს დგამს ხარისხის სრულყოფის მხრივ ამგვარი ფაქტების პრევენციის მიზნით. 

- ამჟამად, მცირე და საშუალო ზომის აუდიტორული ფირმებისთვის საქართველოს ბაზარზე "დიდი ოთხეულისთვის" კონკურენციის გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. იმის გათვალისწინებით, რომ "დიდ ოთხეულში" შემავალი ყველა ფირმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფირმების შერწყმის შედეგად წარმოიშვა (მაგალითად, ახლანდელი კჵმგ 1987 წელს მომხდარი Peat Marwick International და Klyvlend Main Goerdeler-ის გაერთიანების შედეგია), ურჩევდით თუ არა საქართველოში მცირე და საშუალო ზომის აუდიტორულ ფირმებს ერთმანეთთან შერწყმას, მეტი კონკურენტუნარიანობის მისაღწევად? 

– როგორც უკვე აღვნიშნე, კარგი იქნება კვლევის ჩატარება, სადაც ასახული იქნება ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ეს კომპანიები დგანან. შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული წარმოდგენა მქონდეს ჩვენი გადმოსახედიდან, მაგრამ ვეჭვობ, რომ ამ კითხვაზე სრულად შევძლო პასუხის გაცემა. მე მათ პრობლემებს ასე სიღრმისეულად მაინც არ ვიცნობ, ისინი ორგანულ გაზრდას აირჩევენ თუ შერწყმას, - ეს ინდივიდუალური საკითხია. თუმცა, რაც ცხადია, არსებობს რესურსის ნაკლებობა და კომპანიებმა ამაზე უნდა იმუშაონ; მარტო ადამიანურ რესურსს არ ვგულისხმობ, მნიშვნელოვანია წვდომა როგორც ცოდნაზე, გამოცდილებაზე. ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მის გარეშე სრულფასოვანი კონკურენციის გაწევა საქართველოში დღეს წარმოდგენილი საერთაშორისო აუდიტური კომპანიებისთვის რთულად წარმოსადგენია. 

არსებობს მაგალითები, როდესაც კონკრეტულ ქვეყნებში ადგილობრივი ლოკალური კომპანიები აუდიტის სფეროში საერთაშორისო (მათ შორის, „დიდი ოთხეულის“) კომპანიებს კონკურენციას წარმატებით უწევენ. 

- იმის გათვალისწინებით, რომ KPMG საერთაშორისო კომპანიაა, უწევთ თუ არა ამჟამად მომსახურებას რუსულ ბიზნესს, რომელიც საქართველოშია წარმოდგენილი? 

– KPMG ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზარი დატოვა და ცალსახა პოზიცია დააფიქსირა ამ მოვლენების მიმართ. ჩვენ ვემსახურებით იმ ბიზნესებსაც, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში გადმოვიდნენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსული ბიზნესია, იქ საქმიანობდნენ საერთაშორისო კომპანიები, რომლებმაც ომის დაწყებისას, მსგავსად KPMG-სა, შეწყვიტეს ბიზნესსაქმიანობა რუსეთის ფედერაციაში. 

– ახლახან სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გასაჯაროვდა აუდიტორული ფირმების 2022 წლის შემოსავლები, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს პანდემია დასრულდა და გარკვეული ეკონომიკური აღმავლობის ნიშნებიც შეინიშნებოდა, წამყვანი აუდიტური ფირმების შემოსავლების საშუალო მაჩვენებელმა კლება განიცადა. მაგალითად, იმ 14 ფირმის ჯამური შემოსავალი 2022 წლის აუდიტორული საქმიანობიდან, რომლებსაც სდპ-ის აუდიტის უფლებამოსილება აქვთ, 2021 წელთან შედარებით დაახლოებით 7%-ით შემცირდა. თქვენ რით ხსნით ამ ფაქტს, რომ როდესაც პანდემია დასრულდა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, აუდიტურ კომპანიებს შეუმცირდათ შემოსავლები? 

– ჩვენ შემოსავალი არ შეგვიმცირდა, გვაქვს შედარებით მცირე ზრდა. ვფიქრობ, ამის ახსნა მარტივია. ჩემი კომპანიის მაგალითზე ვიტყვი - კონტრაქტები ძირითადად უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, ხოლო ანაზღაურება ხდება ეროვნული ვალუტის იმ კურსით, რომელიც იმ დროისთვის ფიქსირდება. 2022 წლიდან დაიწყო ლარის გამყარება და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. შესაბამისად, შემოსავლების შემცირება უარყოფითმა საკურსო სხვაობამ გამოიწვია. 

- დღევანდელი კანონმდებლობისა და საბაზრო მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად მარტივი ან რთულია საქართველოში აუდიტორული ბიზნესის დაწყება და შემდეგ განვითარება? რა ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს ამ მიმართულებით? 

– შევხედოთ, თუ როგორ შეიცვალა ბაზრის სტრუქტურა. ფაქტია, რომ ამ ბაზარზე ბევრმა კომპანიამ დაიწყო ოპერირება, ბევრი კომპანია წარმატებული გახდა, ახალი ბრენდები შემოვიდა. ეს არის პასუხი ამ კითხვაზე. ბუნებრივია, კომპანიებს შორის კონკურენციაც უფრო მეტად გააქტიურდება რაც საბოლოო ჯამში დადებით გავლენას მოახდენს ამ სფეროს განვითარებაზე. 

- ახლახან სამსახურმა განხილვისთვის გამოაქვეყნა დოკუმენტები: "აუდიტის სფეროს განვითარების გრძელვადიანი ხედვა" და "სამსახურის ხედვა ხარისხობრივი კატეგორიების მიმართ განსახორციელებელ ცვლილებებთან მიმართებით". როგორია თქვენი აზრი ამ დოკუმენტებთან მიმართებით? 

– ჩვენ გავეცანით ამ დოკუმენტებს, თუმცა პოზიციის ჩამოყალიბებისთვის დრო გვესაჭიროება. 

- წლების განმავლობაში, თქვენ იყავით ბაფის გამგეობის ერთ-ერთი წევრი, თუმცა ბოლო დროს, თითქოს აღარ აქტიურობთ ბაფში და არც სხვადასხვა კანონების ან "სარასის" კანონქვემდებარე პროექტების განხილვაში მონაწილეობთ. რა არის ამის მიზეზი? 

– მთავარი მიზეზი დროის რესურსის შეზღუდულობაა. ფედერაციაში საკმაო ხანს გახლდით გამგეობის წევრი და საგადასახადო კომიტეტის ხელმძღვანელი. ვფიქრობ, იმ წლებში ბევრი რამ გავაკეთე ფედერაციისთვის და მეც კარგი გამოცდილება მივიღე. მინდა აღვნიშნო ბატონ რევაზ ძაძამიასთან ერთად მუშაობა, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო. 

ამჟამად KPMG-ში დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, დამატებით ვარ ორი მსხვილი არასამთავრობო ბიზნესგაერთიანების საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე და სამწუხაროდ დრო აღარ მრჩება სხვა საქმიანობებისთვის. ამჟამად ბაფის გამგეობის ერთ-ერთი წევრი, ჩვენი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი ნიკოლოზ ჭოჭუა გახლავთ. რაღაც დოზით მეც ვარ ჩართული გარკვეულ საკითხებში, თუმცა ისე აქტიურად, ზემოაღნიშნული მიზეზის გამო, ვერ ვარ, როგორც ფედერაციაში ადრე ვიყავი. 

- თქვენ ხართ ერთ-ერთი ავტორი და მთავარი რედაქტორი წიგნისა "საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები". რა იყო ამ წიგნზე მუშაობის წინაპირობა და მოტივაცია და აგრძელებთ თუ არა ამ მიმართულებით მუშაობას? 

– 2004 წელსაც, როდესაც მეორე საგადასახადო კოდექსზე მიმდინარეობდა მუშაობა აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესებში; ერთ-ერთი ვიყავი ექსპერტთა ჯგუფში, რომელიც იმ კოდექსის შემუშავებაში მონაწილეობდა. 2006 წელს სხვა ავტორების მიერ გამოიცა პირველი კომენტარები, რომლის მთავარ რედაქტორადაც მიმიწვიეს. 2011 წელსაც, მორიგი საგადასახადო კოდექსის შექმნის სამუშაო პროცესშიც ვიყავი ჩართული და აქტიური ინტერაქცია მქონდა ამ პროცესში ჩართულ ექსპერტებსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. აქედან გამომდინარე დაიბადა იდეა, რომ შექმნილიყო უკვე მესამე კოდექსის კომენტარები. USAID მხარდაჭერით შევიკრიბეთ თანამოაზრეები და გამოიცა ეს კომენტარები, რომლის როგორც თანაავტორი, ასევე მთავარი რედაქტორი გახლდით. სიამოვნებით გავაგრძელებდი ამ მიმართულებით მუშაობას, თუმცა, კონკრეტული გეგმები ამ მიმართულებით ჯერ არ მაქვს. 

– სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებიდან გვესმის, რომ საქართველოში საგადასახადო წნეხი ერთ ერთი ყველაზე მსუბუქია. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? 

– საქართველოს რეგიონის ქვეყნებს თუ შევადარებთ, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით მათზე ბევრად წინ ვართ. საგადასახადო ტვირთის მხრივ საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გამოწვევები არა გვაქვს; მათ შორისაა გაჭიანურებული საგადასახადო შემოწმებები თუ დავების გადაწყვეტის არსებული სისტემა, მექანიზმები, რომელიც ვეღარ პასუხობს დროის მოთხოვნებს და საფუძვლიან რეფორმირებას მოითხოვს. 

- გრჩებათ თუ არა თავისუფალი დრო და ძირითადად როგორ ატარებთ მას? 

– თავისუფალი დრო ნაკლებად მრჩება და ვცდილობ, ეს დრო ოჯახთან ერთად გავატარო. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი