ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ნორმატიული დოკუმენტები
საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
#1(157), 2013
როგორ შეიცვალა სახელმწიფოს პრიორიტეტები ახალი ხელისუფლების პირობებში

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მთავრობა სრულად შეიცვალა. როგორც გამარჯვებული ძალის წარმომადგენლები აცხადებენ – მათი მეშვეობით ქვეყანა ბევრად წარმატებული და ეკონომიკურად ძლიერი გახდება. ოპოზიციაში ყოფნისას დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ხშირად აცხადებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას სახელმწიფო ბიუჯეტი „უაზრო ხარჯებზე“ იყო გათვლილი და „ხალხის ინტერესებს არ შეესაბამებოდა“. მას შემდეგ, რაც 1 ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და მთავრობაც თავად დააკომპლექტა, დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების გადახედვა. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი წინა ხელისუფლების მიერ იყო მომზადებული და როგორც ყოფილი მმართველი ძალა აცხადებდა, ბიუჯეტის პროექტი მორგებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო დაპირებების შესრულებას. „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო დაპირებების შესახებ „ააფის“ #151-ში ვწერდით. თუმცა, „ნაციონალებმა“ არჩევნები ვერ მოიგეს და ბიუჯეტის პროექტის საკუთარი დაპირებებისთვის მორგება უკვე „ქართულ ოცნებას“ მოუწია.

როგორი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შედგენილი ბიუჯეტის პროექტი

ყოფილმა მთავრობამ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების გადაბარების პროცესში იყო, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. პროექტი იმ წინასაარჩევნო გეგმაზე იყო გათვლილი, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მთავრობა წარმართავდა წინასაარჩევნო კამპანიას.

ბიუჯეტის 2013 წლის თავდაპირველი პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო შემოსავლები გაზრდილი იყო 7,234 მლრდ ლარამდე, ხოლო ხარჯები 7,117 მლრდ ლარამდე. 2012 წელს საბიუჯეტო შემოსავლები 7,053 მლრდ ლარი, ხოლო ხარჯები 6,783 მლრდ ლარი იყო. საგადასახადო შემოსავლები, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 6,730 მლრდ ლარამდე იყო გაზრდილი.
მთავრობაში შემავალი 20 სამინისტროდან ცხრას დაფინანსება გაზრდილი ჰქონდა, ამდენივეს დაკლებული, ხოლო ორს უცვლელად შენარჩუნებული.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილი იყო 500 მლნ ლარზე მეტით; განათლების სამინისტროს დაფინანსება _ დაახლოებით, 40 მლნ ლარით, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს – 34 მლნ ლარით იყო გაზრდილი „ნაციონალური მოძრაობის“ შედგენილ პროექტში, რომელიც პრიორიტეტულ სფეროებად სწორედ ამ მიმართულებებს ასახელებდა.

იმავე პროექტის მიხედვით გაზრდილი იყო თავდაცვის სამინისტროს (2012 წელს 676,5 მლნ-დან 690 მლნ ლარამდე); ასევე პარლამენტის; მთავრობის კანცელარიის; ყველა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის; იუსტიციის სამინისტროს; სასჯელაღსრულების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება.

შემცირებული გახლდათ უშიშროების საბჭოს აპარატის; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის; ფინანსთა; ეკონომიკის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; საგარეო საქმეთა; კულტურის და ძეგლთა დაცვის; იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ენერგეტიკის; გარემოს დაცვის; სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების; ასევე სახალხო დამცველის აპარატისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება.

პროექტის თანახმად, უცვლელად იყო დატოვებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების და საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება.

ამასთან, 2013 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.0%, ხოლო მისი ნომინალური მაჩვენებელი 29 291,7 მლნ ლარი –  ნომინალური მშპ-ს პროგნოზი მიმდინარე წელს 26 443,7 მლნ ლარს შეადგენდა. ასევე, ყოფილი მთავრობის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მშპ-ის მიმართ საბიუჯეტო დეფიციტი არსებული 3,5%-დან 2,8%-მდე, ხოლო სახელმწიფო ვალის მოცულობა 36,5%-დან 32,8%-მდე მცირდებოდა მომავალ ფისკალურ წელს.

ბიუჯეტის პროექტი ახალარჩეულმა პარლამენტმა განიხილა და როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ პირველად პროექტში მნიშვნელოვან ცვლილებები განახორციელა. საბოლოოდ კი, ბიუჯეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა.

როგორი ბიუჯეტი დაამტკიცა „ქართულმა ოცნებამ“

5 ნოემბერს მთავრობამ პარლამენტს განსახილველად ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა, რომელიც ახალი მთავრობის პროგრამის პრიორიტეტებზეა აგებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტის პროექტს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ პრიორიტეტები დაუწუნა და ზოგიერთ უწყებას დაფინანსება მკვეთრად შეუმცირა. მათ შორის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, მისი ადმინისტრაციის, უშიშროების საბჭოს აპარატის, ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გუბერნატორების ადმინისტრაციების დაფინანსების შემცირების გზით 740 მლნ ლარის დამატებითი რესურსი მოიძია.

განხილვისას, გზა და გზა პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტში კიდევ რამდენიმე ცვლილება განახორციელა და საბოლოოდ, 2012 წლის 20 დეკემბერს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 80 ხმით დაამტკიცა კიდეც.

2013 წელს ბიუჯეტის შემოსავლები 7,422 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 7,255 მლრდ ლარს შეადგენს, რაც აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს, რომლებიც ბოლო ცვლილებების შემდეგ, შესაბამისად, 7,158 მლრდ ლარამდე და 6,882 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

საგადასახადო შემოსავლების სახით 2013 წელს 6,92 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, რაც 620 მლნ ლარით მეტია 2012 წლის ბიუჯეტის მაჩვენებელზე; 202,5 მლნ ლარია დაგეგმილი გრანტების, ხოლო 300 მლნ სხვა შემოსავლების, მათ შორის 100 მლნ ლარი პრივატიზაციიდან მისაღები თანხების სახით.

ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიებთან შედარებით, შეიცვალა ზოგიერთი სამინისტროს დაფინანსება, მათ შორის ბიუჯეტები შეეკვეცათ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს და ამ რესურსით ძირითადად გაიზარდა ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების დაფინანსება.

რა დაფინანსებას მიიღებენ სამინისტროები 2013 წელს

2012 წელთან შედარებით დაფინანსება ეზრდებათ შემდეგ სამინისტროებს:
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება კვლავინდებურად ყველაზე უხვია – 2,345 მლრდ ლარი (2012 წ. – 1,821 მლრდ ლარი);

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 670 მლნ ლარი (2012 წ. – 625,7 მლნ ლარი);

სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 241 მლნ ლარი (2012 წ. – 229,9 მლნ ლარი);

იუსტიციის სამინისტრო – 67,6 მლნ ლარი (2012 წ. – 56,5 მლნ ლარი);

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 174,3 მლნ ლარი (2012 წ. – 128,3  მლნ ლარი);

გარემოს დაცვის სამინისტრო – 27,2 მლნ ლარი (2012 წ. – 19,3 მლნ ლარი);

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 48 მლნ ლარი (2012 წ. – 39,2 მლნ ლარი);

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1,3 მლნ ლარი (2012 წ. – 1,2 მლნ ლარი);

დაფინანსება უმცირდებათ შემდეგ სამინისტროებს:

თავდაცვის სამინისტრო – 660 მლნ ლარი (2012 წ. – 730,6 მლნ ლარი; 2011 წ. – 711 მლნ ლარი; 2010 წ. – 728 მლნ ლარი);

შინაგან საქმეთა სამინისტრო – 570 მლნ ლარი (2012 წ. – 587,8 მლნ ლარი; 2011 წ. – 568 მლნ ლარი; 2010 წ. – 549,2 მლნ ლარი);

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 901 მლნ ლარით დაფინანსდება, საიდანაც საბიუჯეტო სახსრები 341,717 მლნ ლარია, 74,73 მლნ გრანტი, ხოლო 484,553 მლნ კი კრედიტი (2012 წ. – 960,35 მლნ ლარი);

ფინანსთა სამინისტრო – 100 მლნ ლარი (2012 წ. – 108,2 მლნ ლარი);

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 82,5 მლნ ლარი (2012 წ. – 145,4  მლნ ლარი);

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 118,7 მლნ ლარი (2012 წ. – 310,9 მლნ ლარი);

საგარეო საქმეთა სამინისტრო – 80 მლნ ლარი (2012 წ. – 82,8 მლნ ლარი);

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 80 მლნ ლარი (2012 წ. – 93 მლნ ლარი);

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – 47,2 მლნ ლარი (2012 წ. – 59,4  მლნ ლარი);

დაფინანსება წინა წელთან შედარებით უცვლელია:

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 2,3 მლნ ლარი;

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 850 ათასი ლარი.

ბიუჯეტში აღარ ფიგურირებს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება, რომლის გაუქმებაც 2013 წლისთვის იგეგმება, თუმცა პარლამენტს კანონმდებლობაში ჯერ შესაბამისი ცვლილებები არ შეუტანია. ამ უწყების ფუნქციები, სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.

რა დაფინანსებას მიიღებენ სხვა უწყებები

საქართველოს პარლამენტი 2013 წელს 60 მლნ ლარამდე გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს 2012 წელს დაფინანსება 41,1 მლნ ლარი იყო. გაზრდილი თანხები მოხმარდება თბილისში პარლამენტის შენობის რეაბილიტაციას და მაჟორიტარი დეპუტატების რაიონული ბიუროების დაფინანსებას. აქამდე ამ ბიუროებს ადგილობრივი თვითმმართველობები უწევდნენ ფინანსურ უზრუნველყოფას.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია 2013 წელს 8,9 მლნ ლარით დაფინანსდება (2012 წელი – 14,1 მლნ ლარი).

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს მომავალ წელს დაფინანსება ყველაზე მეტად შეუმცირდება და ის 2012 წელს არსებული 21 მლნ ლარის ნაცვლად, 1,8 მლნ ლარს მიიღებს.

მთავრობის კანცელარია 9,96 მლნ ლარს მიიღებს (2012 წელი – 12.5 მლნ ლარი).

მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მლნ ლარი იქნება, შარშანდელი 70 მლნ ლარის ნაცვლად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 11 მლნ ლარით დაფინანსდება (2012 წელი – 11,409 მლნ ლარი).

ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალ საარჩევნო წელს 47,5 მლნ ლარით დაფინანსდება, ეს 5,5 მლნ ლარით მეტია, ვიდრე ეს ბიუჯეტის პროექტით თავდაპირველად იყო გათვალისწინებული.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2,615 მლნ ლარი განუსაზღვრეს (2012 წელს 2,63 მლნ ლარი).

საქართველოს უზენაესი სასამართლო 5,545 მლნ ლარს მიიღებს (2012 წელს 5,79 მლნ ლარი).

საერთო სასამართლოები 34,9 მლნ ლარით დაფინანსდება (2012 წელს 36,513 მლნ).

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დაფინანსება უცვლელია და 1,075 მლნ ლარს შეადგენს.   

სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს ყველას, წინა წელთან შედარებით შემცირებული დაფინანსება აქვთ:

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში 893,1 ათასი ლარი (2012 წელს 1,152 მლნ).

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გურიაში 638,7 ათასი ლარი (2012 წელს 731,5 ათასი).

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია იმერეთში 793,1 ათასი ლარი (2012 წელს 951,5 ათასი).

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია კახეთში 773,1 ათასი ლარი (2012 წელს 971,5 ათასი).

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მცხეთა-მთიანეთში 628,7 ათასი ლარი (2012 წელს 731,5 ათასი ლარი).

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია რაჭა-ლეჩხუმში 618.7 ათასი ლარი (2012 წელს იყო 716,5 ათასი ლარი).

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია სამცხე-ჯავახეთში 638,7 ათასი ლარი (2012 წელს იყო 756 ათასი ლარი).

მნიშვნელოვნად არის შემცირებული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსება და მიმდინარე წლისთვის 10 მლნ ლარით არის განსაზღვრული, 2012 წელს დაფინანსება 50 მლნ ლარი იყო; მთავრობის კანცელარია 11,8 მლნ ლარს მიიღებს (2012 წელი – 12.5 მლნ ლარი).

მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მლნ ლარი იქნება, 70 მლნ ლარის ნაცვლად.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა 449 მლნ ლარი, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კვლავაც 50 მლნ ლარის მოცულობის იქნება.

ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები 769,7 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც ნახევარზე მეტი, 448 მლნ ლარი თბილისისათვის არის გათვალისწინებული – 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 445 მლნ ლარის ტრანსფერი იყო გათვალისწინებული დედაქალაქის ადგილობრივ ბიუჯეტში.

ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტი სახალხო დამცველის ოფისის დაფინანსების შემცირებას ითვალისწინებდა, თუმცა საბოლოო ვარიანტით, ამ ოფისის დაფინანსება 2012 წლის ნიშნულზე – 2,1 მლნ ლარზე შენარჩუნდება 2013 წლისთვისაც.

როგორ აფასებენ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს

საქართველოს პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი. დამტკიცებამდე, ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტს უკვე მოჰყვა განხილვა. პოლიტიკური ტენდენცია სახელმწიფო ბიუჯეტში თვალნათლივ არის გამოხატული. კონკრეტულად, ის უწყებები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგის მიუხედავად ძველი კადრებით არის დაკომპლექტებული, ანუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გადაიბარა – აშკარად „დაჩაგრა“ მმართველმა უმრავლესობამ. მაგალითად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსების შემცირება გამოდგება. შთამბეჭდავია უშიშროების საბჭოს დაფინანსების უპრეცედენტო შემცირება 21 მილიონიდან 1,8 მილიონ ლარამდე. იგივე ტენდენციაა სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიმართაც.
უკლებლივ ყველას დაფინანსება შემცირებულია.

სამაგიეროდ, ბიუჯეტიდან დაფინანსება გათვალისწინებულია ბიძინა ივანიშვილის კოალიციის მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებული დაპირებების შესაბამისად: მაგალითად, საყოველთაო დაზღვევისთვის და უფასო მშობიარობისთვის, რომელიც ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. სოფლის მეურნეობისთვის იზრდება სახელმწიფო სახსრების მოცულობა.

ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესოა, რამ გამოიწვია უშიშროების საბჭოს დაფინანსების ასეთი მკვეთრი (10-ჯერ!) შემცირება. როდესაც ახალი მთავრობა და ახალი საპარლამენტო უმრავლესობა ბიუჯეტის პარამეტრებს განიხილავდა, ცხადი გახდა, რომ გიგა ბოკერიას უწყებას დაფინანსება ძალიან შეუმცირდებოდა. `ქართული ოცნების~ მხრიდან რამდენიმე კომენტარები გაკეთდა უშიშროების საბჭოს დაფინანსების შემცირების `ასახსნელად~, თუმცა, მთავარი მაინც კოალიციის ლიდერის განცხადება იყო.

ივანიშვილის თქმით, ბოკერიას აპარატის ბიუჯეტი 24 მილიონი ლარი იყო და აღნიშნავს, რომ აქედან სავარაუდოდ, 21 მილიონი საიდუმლო ხარჯებია და ისინი ძირითადად ლობისტებზე იხარჯებოდა.

„მინდა ვთქვა, რომ ბოკერიას უწყების მსგავსია რეინტეგრაციის სამინისტრო, რომელიც დაახლოებით, 2 მილიონამდე ლარის ბიუჯეტით საზრდოობს. შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოს ბიუჯეტი ასეთი დიდი თანხებით არ დაფინანსდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განაწყენება ასევე გამოიწვია გასული წლის ნოემბრის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებამ, რა დროსაც ივანიშვილი აშშ-ში უნდა ჩასულიყო. ვიზიტის გაუქმებას ამერიკულმა `ვაშინგტონ პოსტმა~ სტატია მიუძღვნა, სადაც ეწერა:

„პრემიერ-მინისტრად ქცეულმა მაგნატმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში გადაიდო, რაც კარგი ამბავია. სანამ ის ოპოზიციის ლიდერებს აპატიმრებს და ძალაუფლების მონოპოლიზებას ცდილობს, ის ვაშინგტონში სასურველი სტუმარი არ იქნება“, - ასე შეაფასა მაშინ ამერიკულმა გამოცემამ „ვაშინგტონ პოსტმა“ ბიძინა ივანიშვილის აშშ-ში პირველი ოფიციალური ვიზიტის გადადება.

ამ სტატიის გამო ივანიშვილმა პრეზიდენტი სააკაშვილი, ლობისტური კომპანიები და `ვაშინგტონ პოსტი~ ერთად გააკრიტიკა. ივანიშვილმა ისიც განაცხადა, რომ `პასუხს მოსთხოვს ვაშინგტონ პოსტს~.

უკვე ბიუჯეტის დამტკიცებისას კი ივანიშვილმა უშიშროების საბჭო თანხების არამიზნობრივად გაფლანგვაში და ნაღდი ფულის გატანაში დაადანაშაულა.

"გრიფით საიდუმლო ედო რატომღაც, თუმცა დიდი საიდუმლოებები არ ჩანს იქ. ლობისტებზე იხარჯებოდა ეს ფული. ყველა მასალა პროკურატურას გადაეცა, მძიმე კითხვებია, ბევრი ნაღდი ფულია გადატანილი, ეს არ არის მარტო ამ წელიწადს, როგორც ვიცი, ბოლო 3 წელში 50 მილიონზე მეტია გატანილი, როგორც ვიცი.

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ წელს 30 მილიონი უნდოდათ. მინისტრმა ჰკითხა, მაჩვენეთ, რისთვის გინდათ და მოგცემთო. საბოლოოდ 1 მილიონ 200 ათასზე დათანხმდნენ, 20-ჯერ ნაკლებზე და ხმას არ იღებს, გამოვიდეს და თქვას, როგორ უნდა იარსებოს უწყებამ 20-ჯერ ნაკლებით. დაასწროს ბოკერიამ პროკურატურას და თქვას, რისთვის უნდოდათ ეს ფული~, - განაცხადა ივანიშვილმა.
     

უშიშროების საბჭოს ხარჯებთან დაკავშირებით პირველი განცხადება ფინანსთა სამინისტრომ შარშან, ნოემბრის ბოლოს გააკეთა. როგორც მაშინ მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, უშიშროების საბჭომ 2012 წელს 16 მილიონი ლარი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე დახარჯა.

უშიშროების საბჭომ თავის მხრივ რამდენჯერმე გამოხატა ოფიციალური პოზიცია.
 
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი შეშფოთებას და გაკვირვებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. როგორც ირკვევა, საქართველოს ახალ მთავრობასა და მის მეთაურს მიაჩნიათ, რომ `ვაშინგტონ პოსტის~ ან ნებისმიერი სხვა, რეპუტაციის მქონე გამოცემის სარედაქციო პოზიციას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი ან მის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო კომპანიები განსაზღვრავენ“.

მოგვიანებით, კი დახარჯული თანხების შესახებ განაცხადეს:

"24 დეკემბერს გამართულ პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაზე ასევე გაისმა აბსურდული განცხადება უშიშროების საბჭოს აპარატის ბიუჯეტიდან ნაღდი ფულის გატანასთან დაკავშირებით, რაც სრულ სიცრუეს წარმოადგენს.
უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ გასული წლების განმავლობაში გაწეული და 2013 წელს დაგეგმილი ხარჯების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს დეტალურად მიეწოდა. აღნიშნულ უწყებასთან კორესპონდენციის ქრონოლოგია ასახულია უშიშროების საბჭოს აპარატის 30 ნოემბრის განცხადებაში.
სამწუხაროდ, ფინანსთა სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა უშიშროების საბჭოს აპარატის წერილობით შეთავაზება, 2013 წლის ბიუჯეტის განხილვის მიზნით შეხვედრის გამართვისა და მისი დეტალური განხილვის თაობაზე. აპარატის წერილში აღწერილი იყო ყველა ის პროექტი, რომლის დაფინანსებასაც 2013 წელს მიზანშეწონილად მივიჩნევდით. უშიშროების საბჭოს აპარატს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან არც წერილობითი, არც ზეპირი პასუხი არ მიუღია და მხოლოდ სატელევიზიო ეთერით შევიტყვეთ, რომ ახალი მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების მიზნით წარდგენილი პროექტების დაფინანსებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ გასულ წლებში, ისევე როგორც 2013 წელს მოთხოვნილი თანხები უკავშირდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობას, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას მთელი მსოფლიოს, მათ შორის ლათინური ამერიკის ქვეყნების, მასშტაბით და დეოკუპაციისათვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას, ეთნიკური წმენდის აღიარების საკითხებს, კრიზისების მართვის სისტემის რეფორმირებას, საგარეო-პოლიტიკურ ანალიზს და ამ მიზნებისთვის საკონსულტაციო მომსახურებას.

სამწუხაროა, რომ ახალმა მთავრობამ 2013 წლის ბიუჯეტში ეს მიმართულებები ქვეყნისათვის პრიორიტეტულად არ მიიჩნია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭო აპარატი მცდარად და ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოდ მიიჩნევს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ახალი ხელისუფლების კომპეტენციას წარმოადგენს".

დამტკიცებამდე ბიუჯეტის პროექტი მიმოიხილა და შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ (The Economic Policy Research Center - EPRC).

„ახალ მმართველ გუნდს ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება არ აქვს და წარმოდგენილ ბიუჯეტში იგრძნობა ეკონომიკაში არსებული ხარვეზებისა თუ უთანაბრობის სწრაფად დაძლევის სურვილი, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში სცილდება რეალისტურობის ფარგლებს", – განაცხადეს მათ.

"საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის ანალიზსა და რეკომენდაციებში" დაწვრილებით არის ნაჩვენები, თუ როგორ ასახავს საქართველოს ახლად არჩეული მთავრობა ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებს ქვეყნის უმთავრეს ფინანსურ დოკუმენტებში და ამასთანავე, სთავაზობს მთავრობას მათი გადაჭრის შესაძლო გზებს.

ანგარიშის თანახმად გამოიკვეთა, რომ ბიუჯეტი, წინა წლების მსგავსად, განაგრძობს ზრდას და წინა მაჩვენებელს 628,5 მილიონი ლარით აღემატება.
"შემოსავლების მატება კი დაკავშირებულია საგადასახადო შემოსავლების მატებასთან, რომელიც 2012 წელთან შედარებით 620 მილიონი ლარით იზრდება, გრანტებიდან და სხვა შემოსავლებიდან მისაღები სახსრები კი მცირდება წინა წელთან შედარებით".

ბიუჯეტის ანალიზის დროს ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო სადაზღვევო ფონდის შექმნაზეც, სადაც წერია, რომ დიდ რისკებია მის ეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებით.

"მიზანშეწონილია სახელმწიფომ უზრუნველყოს მოსახლეობის დაზღვევა კერძო სადაზღვევო კომპანიებში, თუმცა მოახდინოს, ამავდროულად, სადაზღვევო კომპანიების პერმანენტული მკაცრი მონიტორინგი. მთავრობის გეგმა, დააზღვიოს საქართველოს ყველა მოქალაქე საბაზისო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით, ხოლო უფრო ყოვლისმომცველი დაზღვევის საფასური მოსახლეობამ თვითონ გადაიხადოს. იმის გათვალისწინებით, რომ მაღალშემოსავლიან ფენებს თავად შეუძლიათ დაფარონ საკუთარი დაზღვევის ხარჯები, უმჯობესი იქნება, სახელმწიფომ დააზღვიოს მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენა და უმუშევრები. ასევე, უმჯობესია ბავშვებში ქრონიკული დაავადებების პრევენციაზე ზრუნვა, ვიდრე ყველა მოქალაქის ტოტალური დაზღვევა", – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება განათლების ბიუჯეტს, ცენტრის ექსპერტთა მოსაზრებით, განათლების დაფინანსების კუთხით მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს სასკოლო განათლების ხარისხს.

"მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განათლებაზე ასიგნებების ზრდის პარალელურად განათლების ხარისხის ამაღლებაზე მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში დაგეგმილი ასიგნებების ზრდა განათლების ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდის გარანტი ვერ გახდება".

ცენტრის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უმაღლესი განათლების გაზრდილი ბიუჯეტიც შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს.

"მიგვაჩნია, რომ უმაღლეს განათლებაში აქცენტი უნდა გაკეთდეს არა იმდენად სახელმწიფო დაფინანსების ზრდაზე, არამედ უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ავტონომიურობისა და შესაძლებლობების ზრდაზე, თავად მოიზიდონ სახსრები განვითარებისთვის", – ამბობს ცენტრის ექსპერტი ლაშა დოლიძე.
 
რაც შეეხება, კიდევ ერთ პრიორიტეტულ სფეროს, სოფლის მეურნეობას, ექსპერტთა ხედვით, ამ სფეროში ჯერჯერობით ბევრი გაურკვეველი გარემოება არსებობს:

"ახალი ხელისუფლების პრიორიტეტებში ნავარაუდებია სოფლის მეურნეობის დაფინანსების კიდევ უფრო ზრდა წელს და მომდევნო ფისკალურ წლებში. მიუხედავად ამისა, ჩვენი აზრით, ამ დაფინანსების ზრდის შესაძლო სტრუქტურასა და სიდიდესთან დაკავშირებით კვლავაც დიდია გაურკვევლობის ხარისხი და მკაფიოდ გაწერილი კონცეფცია ჯერჯერობით წარმოდგენილი არ არის. ამის და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ ნავარაუდებია სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნებით ერთმილიარდიანი ფონდის დაფუძნება, სოფლის მეურნეობის ასიგნებების შესაძლო ტენდენციების ანალიზი 2014-16 წლებისათვის მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, რადგანაც ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახე ექნება ამ ფონდს, როგორი მიმართება ექნება სახელმწიფო ბიუჯეტთან და საქმიანობის რა სფეროებს შეითავსებს ან გაუცვლის მას".

ცენტრის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ წინა ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაშიც სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები არ იქნებოდა მკვეთრად განსხვავებული, ვინაიდან მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებები ასევე სოციალური სფეროების ბიუჯეტის პრიორიტეტულობას გამოკვეთდა.

"ვინაიდან ამომრჩევლის მოთხოვნა სოციალურ დაკვეთაზე იყო ირიენტირებული, 2013 წლის ბიუჯეტიც ასახავს ამ დაპირებებს", – ამბობს ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

2013 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საინტერესო გამოდგა ფინანსთა მინისტრის – ნოდარ ხადურის სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადება. ბიუჯეტის დამტკიცებამდე მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობა სესხს აღარ აიღებდა და საგარეო ვალის შემცირებაზე იზრუნებდა. მეტიც, ხადურის თქმით საქართველოს მთავრობა 2013 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალის გასტუმრებას გეგმავდა. თუმცა, 21 იანვარს გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკისგან სესხის აღებას ელოდება. ნოდარ ხადურმა ამჟამად უკვე განაცხადა, რომ მთავრობა სესხს "სულ რაღაც 50 მილიონ დოლარს აიღებს", რათა სოფლის მეურნეობისთვის საირიგაციო-სადრენაჟო სისტემების სამუშაოები დააფინანსოს და "წინასაარჩევნოდ დაპირებული ვალდებულებები შეასრულოს". სოფლის მეურნეობისთვის 50 მილიონის სესხება განსაკუთრებით უცნაურად გამოჩნდა იმ ფონზე, როცა ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური ძალა ამ სფეროსთვის 1-მილიარდიანი ფონდის შექმნაზე ლაპარაკობს ხოლმე.
 
კიდევ რა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხება მთავრობის პოლიტიკას და 2013 წლის ბიუჯეტს, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს.

თემურ იობაშვილი