ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
საბანკო პლასტიკური ბარათები
პლასტიკური ბარათების ისტორია

საბანკო პლასტიკური ბარათები - ესაა ანგარიშსწორების თანამედროვე საშუალება, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ განახორციელოთ უნაღდო ანგარიშსწორება საქონელსა და მომსახურებაზე, ისარგებლოთ ნაღდი ფულის გაცემის პუნქტების ფართო სპექტრით მთელ მსოფლიოში, შეინახოთ საკუთარი სახსრები საბარათე ანგარიშზე და ასე შემდეგ. განასხვავებენ საკრედიტო ბარათებს და სადებეტო ბარათებს. საკრედიტო ბარათი არის პლასტიკური ბარათი, რომელზეც ბანკი კლიენტს გარკვეული ლიმიტით შემოსაზღვრულ საკრედიტო ხაზს უხსნის. სადებეტო ბარათი კი არის პლასტიკური ბარათი, რომელზეც კლიენტს დამოუკიდებლად შეაქვს ან გადარიცხავს ფულად სახსარს შემდგომი გამოყენებისათვის.

პლასტიკური ბარათების ისტორია საკრედიტო ბარათების გამოშვებით იწყება. პირველი საკრედიტო ბარათები მე-20 საუკუნის დასაწყისში, შეერთებულ შტატებში გამოჩნდა და სრულიად არ უკავშირდებოდა საბანკო სისტემას. მათ გარკვეული მაღაზიები და რესტორნები უშვებდნენ. ეს ბარათები მუყაოსგან მზადდებოდა და მდიდარი, შემოწმებული კლიენტებისთვის იყო გათვალისწინებული.

1950 წლიდან საკრედიტო და სხვა ბარათების წარმოებაში საგრძნობი აღმავლობა დაიწყო. ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ორმა მეწარმემ, ბლუმინგდეილმა და მაკნამარამ, ერთდროულად აამოქმედა თავ-თავისი საბარათე პროგრამა სახელწოდებით - "რომ ისადილებ, ხელი მოაწერე". საინტერესოა, რომ მაკნამარას საქმე მაინცდამაინც სასურველი წარმატებით არ მისდიოდა მანამ, სანამ არ მოიფიქრა, როგორ მიეღო შემოსავალი კლიენტთა დაკრედიტების საშუალებით. ის მიზნობრივი აუდიტორია, რომელზე მიმართვაც გადაწყვიტა მაკნამარამ, მანჰეტენზე ასობით რესტორანი და ათასობით მათი კლიენტი იყო. მეწარმემ 5 000 დოლარის საწყისი კაპიტალით თავისი საბარათე პროგრამა აამოქმედა და პირველივე თვეში  2000 დოლარი, ხოლო 4 თვის შემდეგ უკვე 250 000 დოლარი მოგება ნახა. შეერთებული შტატების მოპირდაპირე სანაპიროზე, ლოს ანჯელესში კი ანალოგიური კამპანიით ბლუმინგდეილის მოგებამ 3 თვეში 150 000 დოლარი შეადგინა. ამჯერადაც ბარათები მუყაოსი იყო.

პირველი მეტალის ბარათები გაჩნდა 1928 წელს, როდესაც კომპანიამ Farrington Manufacturing საკრედიტოები ბენზინგასამართი სადგურების კლიენტებისთვის გამოუშვა. ყოველ ბარათს ენიჭებოდა თავისი იდენტიფიკატორი, რაც მისი გამოყენების პროცედურას აადვილებდა. გამყიდველი ჩეკ-ქვითარზე სპეციალური პრესით აკეთებდა გარიგების შესახებ მონაცემთა ანაბეჭდს.

თანდათანობით საბარათე ბაზარზე გამოსვლა დაიწყეს "კაპიტალიზმის ვეშაპებმა" - American Express-მა  და მსხვილმა ამერიკულმა ბანკებმა, რომლებიც შემდგომში გაერთიანდნენ მსხვილ საგადამხდელო სისტემებში, როგორებიცაა VISA, Europay, MasterCard.

რკინისა და მუყაოს ბარათებმა თავიანთი დრო მოჭამეს, აუცილებელი გახდა სხვა მასალების გამოყენება. ბარათისთვის მასალა უსაფრთხო, გამძლე და პლასტიკური უნდა ყოფილიყო, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მასზე იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციის ამოტვიფვრა. მაშინ გაჩნდა ქვეყანაზე პირველი პლასტიკური ბარათი.

უნდა აღინიშნოს, რომ ბარათი არა მხოლოდ პლასტიკის ნაჭერი, არამედ მაღალი ტექნოლოგიის პროდუქტიც არის. დღეს პლასტიკური ბარათის გამოყენება გულისხმობს მონაცემთა გაცვლას არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ფარგლებში, არამედ სხვადასხვა სახელმწიფოებს შორისაც. არსებობს მაგნიტური პლასტიკური ბარათები და არსებობს ბარათები მიკროჩიპის საფუძველზე. მაგალითად, VISA თუ MasterCard პლასტიკური ბარათებით თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც გამოიყენება გადახდის ასეთი წესი.

ევროპაში საკრედიტო და საბანკო ბარათებმა გავრცელება ჰპოვეს გასული საუკუნის 50-იან წლებში, რასაც საფუძველი დაუდო ბრიტანულმა კორპორაციამ British Hotel & Restaurant Association, გამოუშვა რა საკრედიტო ბარათი BHR. იმ დროს ევროპაში უკვე დომინირებდა ამერიკული კომპანია Dinners Club. 1972 წელს შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ სცადა პლასტიკური საკრედიტო ბარათების ევროპული ბაზრის დაპყრობა. Americard-მა 72 ქვეყანაში გამოაცხადა კამპანიის დაწყება, მაგრამ ევროპული ბანკები არ მიისწრაფოდნენ დამორჩილებოდნენ ამერიკულ გიგანტს. ასეთ ვითარებაში Interbank-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას EuriCard-თან, ამჟამად ევროპაში უნივერსალური პლასტიკური საბანკო ბარათების უმსხვილეს სისტემასთან.

დღეისათვის საბარათო ტექნოლოგიების შემუშავებასა და საბანკო პლასტიკური და საკრედიტო ბარათების წარმოებაში უპირობო ლიდერებს წარმოადგენენ: VISA  - ამერიკული, MasterCard - ევროპული (გაერთიანდა Maestro-სთან) და American Express - ამერიკული.
 
საქართველოში პლასტიკური ბარათების ბაზარი დინამიურად ვითარდება
ჩვენს ქვეყანაში პლასტიკური ბარათების დანარგვა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში პლასტიკური ბარათების ბაზრის განვითარება დინამიურობას ინარჩუნებს. მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული საბანკო პლასტიკური ბარათების რაოდენობამ 2,6 მლნ შეადგინა, რაც 2-ჯერ აღემატება 2007 წლის ანალოგიური თარიღისათვის არსებულ მაჩვენებელს. აქედან, 90,8% სადებეტო ბარათებზე მოდის, ნაცვლად 98,8%-ისა, რაც არის საკრედიტო ბარათებზე მოთხოვნილების სწრაფი ზრდის ტენდენციის შედეგი. თუ სადებეტო ბარათების რაოდენობის მატებამ უკანასკნელ ერთ წელიწადში 80,6% შეადგინა, საკრედიტო ბარათების რიცხვი ამავე პერიოდში 15,3-ჯერ გაიზარდა.

კვლავ შეინიშნება VISA ბარათის პოპულარობის ზრდა. მისი მთლიანი ოდენობა მიმოქცევაში არსებული ბარათების 77,7%-ს შეადგენს; მას მოყვება EuriCard/MasterCard 13,3%-ით, ხოლო დანარჩენ 9%-ს ადგილობრივი ბარათები იკავებს. აღსანიშნავია, რომ VISA ბარათის ხვედრითი წილი მიმოქცევაში არსებული ბარათების საერთო რაოდენობაში ბოლო ერთ წელიწადში 11,5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

სულ უფრო მატულობს საბანკო პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა. თუ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე პლასტიკური ბარათებით თვეში, საშუალოდ, 287 მლნ ლარის მოცულობის ოპერაცია წარმოებდა, მიმდინარე წლის მარტში ამ მაჩვენებელმა 347,3 მლნ ლარი შეადგინა.

რა განსხვავებაა ბანკომატსა და ტერმინალს შორის

პლასტიკურ ბარათზე არსებული თანხა შეიძლება გავანაღდოთ არა მხოლოდ ბანკომატით, არამედ ტერმინალითაც. კერძოდ, მომსახურების ობიექტზე ან მაღაზიაში დადგმულ ტერმინალზე როდესაც გატარდება, ქვითარზე უნდა მოვაწეროთ ხელი.

ბანკომატი დგას ძალიან ბევრ ადგილას. ყველა ბანკს აქვს თავისი ბანკომატი. თითოეული ბანკის ბანკომატში განაღდება, მომსახურების ტარიფები არის განსხვავებული. ტერმინალზე განაღდება თითქმის ყველა ბანკს აქვს 0%, ანუ რა ღირებულების მომსახურებას თუ საქონელსაც ვყიდულობთ, ზუსტად ის თანხა ჩამოგვეჭრება. ეს განსხვავებაა ბანკომატსა და ტერმინალს შორის.

ტერმინალები დგას როგორც მომსახურების ობიექტებში, ასევე ბანკებში. ამასთან, როდესაც ტერმინალი დგას მომსახურების ობიექტში, მასზე მხოლოდ და მხოლოდ ხდება ნაყიდი ნივთის ან მომსახურების ანაზღაურება ბარათიდან და როდესაც ტერმინალი დგას ბანკში, ხდება ბარათიდან თანხის მოხსნა; საქმე ისაა, რომ ზოგიერთმა კლიენტმა ბანკომატიდან თანხის გამოტანა არ იცის (ან PIN-კოდის ხმარება არ იცის, ან ამ ბარათის მოხმარების ელემენტარული წესი). ასეთი კლიენტი მოლარე-ოპერატორთან მიდის, აძლევს თავის ბარათს, ეუბნება თანხას, აიკრიფება იქ თანხა, მერე მიდის სალაროში და გამოაქვს ფული.

სადებეტო ტიპის ბარათი და საკრედიტო ტიპის ბარათი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბარათები ორ ტიპად იყოფა: სადებეტო ტიპის ბარათად და საკრედიტო ტიპის ბარათად. მათ შორის განსხვავება არის ის, რომ სადებეტო ტიპის ბარათზე თანხა ჩვენ თვითონ შეგვაქვს; ანუ რასაც ჩვენ შევიტანთ, ის აისახება ამ ბარათზე.

საკრედიტო ტიპის ბარათზე კი თავად ბანკი გვაძლევს სესხს, უბრალოდ, გვაძლევს ბარათზე, ანუ ბარათზე ჯდება სესხი. ყოველ ბანკს სესხის გადახდის საკუთარი პირობები აქვს (ზოგს აქვს 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი, ზოგს 15-დღიანი; შეიძლება აუცილებელი პირობა იყოს, რომ თვეში ერთხელ 10%-ით დაიფაროს და ა.შ.). თანხა, რომელიც საკრედიტო ბარათზე დაიდო, შეგვიძლია გამოვიტანოთ ერთჯერადად (მთლიანად), ან ნაწილ-ნაწილ. ამ თანხის გამოტანის 3 გზა არსებობს: ანგარიშიდან გაწერა, ბანკომატის მეშვეობით გამოტანა და ტერმინალის მეშვეობით გამოტანა.

რა განსხვავებაა საკრედიტო ბარათზე რიცხულ სესხსა და ჩვეულებრივ სამომხმარებლო სესხს შორის? სამომხმარებლო სესხს ბანკში მიუსვლელად ვერ გამოვიტანთ. საკრედიტო ბარათზე რიცხული თანხის შემთხვევაში შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას მივიდეთ ბანკომატთან ან ნებისმიერ ტერმინალში გავატაროთ და ვიყიდოთ ჩვენთვის სასურველი ნივთი ან გამოვიტანოთ თანხა, რომელიც ჩვენ გვჭირდება. გარდა ამისა, სამომხმარებლო სესხი ერთდროულად უნდა გამოვიტანოთ; ხოლო საკრედიტო ბარათზე რიცხული თანხა შეგვიძლია გამოვიტანოთ ერთბაშად, ანდა ნაწილ-ნაწილ. ანუ საკრედიტო ბარათზე რიცხული თანხა უფრო მოსახერხებელია, თუმცა, მასზე საპროცენტო განაკვეთიც გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სამომხმარებლო სესხზე.

სადებეტო ბარათები ძირითადად გამოიყენება როგორც სახელფასო ბარათები, ანუ ბარათი, რომელზეც ჩაირიცხება ხელფასი. საკრედიტო ბარათებზე კი უმთავრესად მოთხოვნილება არის მათგან, ვისაც სჭირდება სესხი და ამ უკანასკნელზე უფრო მეტი მოთხოვნაა.

არის ისეთი შემთხვევები, როდესაც სახელფასო ხელშეკრულებები აქვთ ორგანიზაციებს და სადებეტო ბარათზე ირიცხება ოვერდრაფტი. ეს არის ბანკსა და ორგანიზაციას შორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება წლიური საპროცენტო განაკვეთი და ხელფასის რამდენ პროცენტს დაუსვამენ ოვერდრაფტის სახით მის ნებისმიერ თანამშრომელს; ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის იგივე სესხი.

რა სახის ბარათები არსებობს

ძირითადია 3 ბრენდი: VISA, MasterCard, Maestro. თითოეული ტიპის ბრენდი იყოფა Electron, Classic, Gold და Platinum, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ფენაზე არის გათვლილი.

Electron ძირითადად სახელფასო პროექტებისთვის განისაზღვრება; ამ ბარათის ხარისხიც შედარებით დაბალია, ვიზუალურადაც ნაკლებად ეფექტურია, ფუნქციებიც უფრო ნაკლები აქვს (ზოგი ინტერნეტში არ მოქმედებს, ზოგიც საზღვარგარეთ და სხვა). Classic უფრო მაღალი დონის ბარათია და საშუალო ფენაზეა გათვლილი. Gold და Platinum გათვლილია მაღალ ფენაზე და VIP კლიენტებზე.

როდესაც ორგანიზაცია ბანკში ხსნის სახელფასო პროექტს, როგორც წესი, რიგითი თანამშრომლებისთვის იბეჭდება Electron-ები, საშუალო მენეჯმენტისთვის Classic-ები და დირექტორატისთვის Gold-ები. Gold ბარათი მსოფლიოში ცნობილია, როგორც საუკეთესო ბარათი, ვიზუალურადაც უფრო ლამაზია; ფუნქციებიც უფრო მეტი აქვს. ვთქვათ, განაღდების დღიური ლიმიტი Electron-ზე არის უფრო ნაკლები; მაგალითად, განაღდების დღიური ლიმიტი ბანკომატში შეიძლება 1000 ერთეული და მაღაზიაში 2000 იყოს; მაგრამ VIP კლიენტისთვის და დირექტორისთვის, რომელიც საზღვარგარეთ მიდის, ეს თანხა ძალიან მცირეა. იგივე ბიზნესმენი, რომელიც საზღვარგარეთ მიდის და ბარათიდან 10 ათასის მოხსნა სჭირდება, Electron-ით ნამდვილად ვერ წავა. ამავე დროს, Gold-ის მფლობელისთვის ბანკებში განსაზღვრულია სხვა შეთავაზებები, სხვა პირობები. თავის მხრივ Platinum კიდევ უფრო მაღალი დონეა, ვიდრე Gold. Platinum ყველა ბანკს არა აქვს. ძირითადად აქვთ Electron, Classic და Gold.

სადებეტო ბარათები არის ძირითადად Electron, Classic და Gold. საკრედიტო ბარათებს სხვადასხვა ბანკი სხვადასხვა სახელს არქმევს, მაგალითად, "საქართველოს ბანკის" საკრედიტო ბარათს ჰქვია Orange Card; "ბაზისბანკისას" - Geocell Visa Card (რომელიც ერთობლივია "ჯეოსელთან" ერთად) და "მეგობარათი"; "ტაოპრივატბანკისას" - "აქცია" და "უპროცენტო" და ასე შემდეგ. ასევე ბანკებს აქვთ თავ-თავისი დიზაინი და რა თქმა უნდა, იმ ორგანიზაციასთან შეთანხმებით, რომლის ბარათებსაც იყენებენ. არიან ბანკები, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ VISA ტიპის ბარათი აქვთ და აგრეთვე არიან ისეთებიც, რომლებსაც აქვთ როგორც VISA ტიპის, ასევე MasterCard-ის ბარათები.

სად მზადდება პლასტიკური ბარათები? ძირითადად, დიზაინის შეკვეთა საზღვარგარეთ ხდება. იგივე VISA ტიპის ბარათზე VISA-სთან ხდება მოლაპარაკება. უკვეთავენ ბარათის დიზაინს; ჩამოდის იქიდან ბარათების გარკვეული რაოდენობა და მივა რა ემიტენტთან, მერე დამზადებულმა ბარათებმა უნდა გაიარონ პერსონალიზაციის პროცედურა. პლასტიკური ბარათების პერსონალიზაციაში იგულისხმება ინდივიდუალური მახასიათებლების მინიჭება, რომელიც იძლევა საშუალებას მოხდეს პლასტიკური ბარათის იდენტიფიკაცია დანარჩენ მსგავსებს შორის. ამისათვის გამოიყენება სპეციალური ტექნიკა - თერმოპრინტერები, ემბოსერები. თანამედროვე ემბოსერები უნივერსალური მექანიზმებია, რომელთაც შეუძლიათ პლასტიკურ ბარათზე აწარმოონ სხვადასხვა ოპერაციები: ლამინირება, ინფორმაციის დატანა, მაგნიტური ზოლის კოდირება, ან ინფორმაციის შეტანა ბარათის მიკროჩიპში.

მაგალითისათვის მოკლედ გაგაცნობთ იმ საბანკო ბარათებს, რომლებსაც კლიენტებს სთავაზობენ "ტაოპრივატბანკი", "თიბისი ბანკი" და "საქართველოს ბანკი".

"ტაოპრივატბანკის" პლასტიკური ბარათები

"ტაოპრივატბანკი" გთავაზობთ სადებეტო ბარათებს, საკრედიტო ბარათებს და ბლიცბიზნეს ბარათს (B B D).

აქ სადებეტო ბარათები VISA ბარათებია და არის 3 ტიპისა: VISA Electron, VISA Classic, VISA Gold.

VISA Electron პლასტიკური ბარათი გამოიყენება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ეს ბარათი გაძლევთ შესაძლებლობას გაანაღდოთ თანხა, როგორც ბანკომატების მეშვეობით, ასევე განახორციელოთ უნაღდო ანგარიშსწორება სავაჭრო ობიექტებში.

VISA Classic პლასტიკური ბარათი, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ეს ბარათი გაძლევთ შესაძლებლობას გაანაღდოთ თანხა, როგორც ბანკომატების მეშვეობით, ასევე განახორციელოთ უნაღდო ანგარიშსწორება სავაჭრო ობიექტებში - მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

VISA Gold განკუთვნილია VIP კლიენტებისთვის, გამოიყენება მთელს მსოფლიოში, აქვს თანხის განაღდების მაღალი დღიური ლიმიტი. დაკარგვის შემთხვევაში იბლოკება საერთაშორისო STOPPსიაში.

საკრედიტო ბარათები აქ 2 სახისაა: საკრედიტო ბარათი "აქცია" და საკრედიტო ბარათი "უპროცენტო".

იმისათვის, რომ მიიღოთ "ტაოპრივატბანკის" მიერ ემიტირებული VISA საკრედიტო ბარათი "აქცია", საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ბარათის მოქმედების ვადაა 3 წელი, თანხა -  30 აშშ დოლარიდან 300 აშშ დოლარამდე, დამზადების ვადა - მაქსიმუმ 10 სამუშაო დღე, ნაღდი ფულის გატანაზე საკომისიო "ტაოპრივატბანკის" ბანკომატებში - 0% და სხვა ბანკების ბანკომატებში - გატანილი თანხის 2%, კრედიტის მომსახურების წლიური განაკვეთი - 18%, ხელშეკრულების მომსახურების საკომისიო - თვის ბოლო დღისათვის დაფიქსირებული დავალიანების 3%, დაკრედიტების საშეღავათო პერიოდი - 30 დღე, ყოველთვიური მინიმალური შენატანი – თვის ბოლოს დაფიქსირებული ათვისებული თანხის 10%, ყოველთვიური მინიმალური შენატანის გადახდის მაქსიმალური ვადა - დახარჯვის დღიდან საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ მომდევნო 25 რიცხვამდე.

საკრედიტო ბარათ "უპროცენტოს" მისაღებად საჭიროა ცნობა ლეგალური შემოსავლის თაობაზე და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლოთ 30 დღიანი საშეღავათო პერიოდით. ბარათის მოქმედების ვადაა 3 წელი, საკრედიტო ლიმიტი – უვადო, თანხა - 30 აშშ დოლარიდან 2000 აშშ დოლარამდე, დამზადების ვადა - მაქსიმუმ 10 სამუშაო დღე, ნაღდი ფულის გატანაზე საკომისიო "ტაოპრივატბანკის" ბანკომატებში 0% და სხვა ბანკების ბანკომატებში - გატანილი თანხის 1%, კრედიტის მომსახურების წლიური განაკვეთი – 18%, ხელშეკრულების მომსახურების საკომისიო თვის ბოლო დღისათვის დაფიქსირებული დავალიანების – 2%, დაკრედიტების საშეღავათო პერიოდი - 30 დღე, ყოველთვიური მინიმალური შენატანი – თვის ბოლოს დაფიქსირებული ათვისებული თანხის 10%, ყოველთვიური მინიმალური შენატანის გადახდის მაქსიმალური ვადა - დახარჯვის დღიდან საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ მომდევნო 25 რიცხვამდე.

"ტაოპრივატბანკი" გთავაზობთ ანგარიშსწორების ყველაზე მოხერხებულ და უსაფრთხო ფორმას - ბლიც ბიზნეს ბარათს B B D. გადაიხადეთ პროდუქციის ღირებულება ბლიც ბიზნეს ბარათით და "ტაოპრივატბანკი" საშუალებას მოგცემთ ისარგებლოთ უპროცენტო კრედიტით 10 დღის მანძილზე. ამ ბარათის უპირატესობები ისაა, რომ არასდროს არ გაქვთ პროდუქციის მომწოდებელი კომპანიის დავალიანება, ყოველთვის ხართ სასურველი და კეთილსინდისიერი პარტნიორი, ყოველთვის გაქვთ საშუალება შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია - მაშინაც კი, როცა ამისათვის თანხა არ გყოფნით, სარგებლობთ 10 დღიანი უპროცენტო კრედიტით, თქვენ ხდებით "ტაოპრივატბანკის" პარტნიორი და სარგებლობთ ბანკის ყველა საჭირო მომსახურებით. ბლიც ბიზნეს ბარათის (B B D) მფლობელი რომ გახდეთ, თქვენ ხსნით ანგარიშს "ტაოპრივატბანკში". "ტაოპრივატბანკი" საჩუქრად გადმოგცემთ ბლიც ბიზნეს ბარათს, რომელზეც დაშვებულია საკრედიტო ლიმიტი მაქსიმუმ 10 000 ლარის ოდენობით. როგორ გამოვიყენოთ ბლიც ბიზნეს ბარათი (B B D)? აარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია, ღირებულების ასანაზღაურებლად გადაეცით არჩეული პროდუქციის დისტრიბუტორს ბლიც ბიზნეს ბარათი, დისტრიბუტორი თქვენს თვალწინ გაატარებს ბარათს ტერმინალში და ამობეჭდავს ქვითარს, რომელზეც მითითებული იქნება თქვენს მიერ ბარათით გადახდილი თანხა, ამობეჭდილ ქვითარზე აწერთ ხელს, რითაც დასტურდება, რომ თქვენ გადახდილი გაქვთ შეძენილი პროდუქტის ღირებულება. ამით თქვენი ურთიერთობა დისტრიბუტორთან მთავრდება. ბლიც ბიზნეს ბარათის (B B D) მეშვეობით თქვენს მიერ დისტრიბუტორისათვის გადასახდელ თანხას იხდის "ტაოპროვატბანკი" იმ საკრედიტო ლიმიტიდან, რომელიც დაშვებულია თქვენს ბარათზე.

"ტაოპრივატბანკი" საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ უპროცენტო კრედიტით 10 დღის მანძილზე, ხოლო საშეღავათო პერიოდის შემდეგ სარგებლობთ უპრეცედენტო კრედიტით! წლიური 20%-ით შეავსეთ თქვენი მაღაზიის მარაგი დღეს ბლიც ბიზნეს ბარათის (B B D) მეშვეობით და გადაიხადეთ თქვენთვის სასურველ დროს "ტაოპრივატბანკის" ნებისმიერ ფილიალში.

"თიბისი ბანკის" პლასტიკური ბარათები

"თიბისი ბანკი" კლიენტებს შემდეგ ბარათებს სთავაზობს: საკრედიტო ბარათი  TBC Card, განვადების ბარათები, სადებეტო ბარათები და "TBC COSMO".
TBC Card საკრედიტო ბარათია 55-დღიანი საშეღავათო პერიოდით. მისი უპირატესობებია ის, რომ ეს არის უპროცენტო კრედიტი საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით, უვადო საკრედიტო ლიმიტით, კრედიტი უზრუნველყოფისა და თავდებობის გარეშე. TBC Card-ის მიღება მარტივია, თუ ხართ არანაკლებ 20 წლისა, გაქვთ 6 თვის სამუშაო გამოცდილება და თქვენი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს მინიმუმ 200 ლარს. TBC Card-ის დავალიანების დაფარვა შეგიძლიათ რამდენიმე გზით: "თიბისი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში მისვლით, ტელეფონ ბანკით, ინტერნეტ ბანკით, სხვა ბანკიდან თანხის გადმორიცხვით.

განვადების ბარათი - ეს არის VISA Electron ტიპის ბარათი შემდეგი უპირატესობებით: სისწრაფე (ბარათი თქვენი გახდება განაცხადის შევსებისთანავე და მის მისაღებად ლოდინი საჭირო არ არის), კომფორტი (თქვენ თავისუფალი ხართ ბანკთან შეთანხმების და დამატებითი საბუთების მოძიებისაგან. აირჩიეთ სასურველი ნივთი მაღაზიაში, გადაიხადეთ განვადების ბარათით და განვადება ბანკში ავტომატურად რეგისტრირდება), მოქნილობა (შეგიძლიათ მრავალჯერ ისარგებლოთ წინასწარ განსაზღვრული განვადების ლიმიტით, მთლიანად ან ნაწილობრივ დაფაროთ და შემდეგ კვლავ გამოიყენოთ თანხა ნებისმიერ დროს, 2 წლის განმავლობაში), თავისუფლება (განვადების მენეჯერის ძებნა საჭირო აღარ არის! თქვენ თავისუფალი ხართ სავაჭრო ობიექტის შერჩევისას. ბარათი შეგიძლიათ გამოიყენოთ საქართველოს ნებისმიერ ობიექტში, რომელშიც შესაძლებელია VISA ბარათით ანგარიშსწორება). ფასდაკლება 20%-მდე - განვადების ბარათით პარტნიორ ობიექტებში გადახდილი თანხის შესაბამისი პროცენტი ბონუსად დაგიბრუნდებათ  ანგარიშზე.

განვადების მაქსიმალური ლიმიტია 3000 ლარი, განვადების ვადაა 10 თვე (თითოეული განვადების დაფარვა ხდება 10 თვის განმავლობაში თანაბარი გადახდებით), ბარათის ღირებულება - 10 ლარი, ბარათის ვადა - 2 წელი, თანხის განაღდება "თიბისი ბანკის" ბანკომატებში და ფილიალებში - 3%, გადახდა სავაჭრო ობიექტებში - 0%, განვადების დაფარვა - უფასო. განვადების ბარათით სარგებლობისათვის ერთჯერადი შენაძენის ღირებულება უნდა შეადგენდეს არა უმცირეს 50 ლარს. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოიტანოთ თანხა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ბანკომატიდან ან ბანკიდან (არა უმცირეს 50 ლარისა). განვადების ბარათით სარგებლობისთვის საკმარისია:

იყოთ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე და გქონდეთ სტაბილური შემოსავალი; მიმართოთ "თიბისი ბანკის" ნებისმიერ ფილიალს ან სერვის ცენტრს და წარადგინოთ პირადობის მოწმობა; შეავსოთ განაცხადი და მიიღოთ თქვენი განვადების ბარათი 1 წუთში.

"TBC COSMO" არის ქალბატონებისთვის შექმნილი VISA პლასტიკური ბარათი, რომელსაც გთავაზობთ "თიბისი ბანკი" და ჟურნალი COSMOPOLITAN. ბარათების დიზაინი ქართველი ქალბატონების მოთხოვნების გათვალისწინებით შეირჩა და 5 საბოლოო ვარიანტია, საიდანაც 3 არის Visa Electron, ხოლო 2 _ Visa Classic. შეგიძლიათ მათგან ნებისმიერი შეარჩიოთ და შეიძინოთ. "TBC COSMO" საშუალებას მოგცემთ, უსაფრთხოდ და კომფორტულად განკარგოთ თანხები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. შეგიძლიათ აგრეთვე ისარგებლოთ სპეციალური ფასდაკლებებით (3%-დან 15%-მდე) საქართველოში არსებულ პარფიუმერიის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სპორტული, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და სხვა მაღაზიებში, ასევე რესტორნებში, სილამაზის სალონებში, გასართობ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და სამედიცინო ცენტრებში. "TBC COSMO" ბარათი 4-წლიანია და წლიური მომსახურების საკომისიოა: Electron ბარათის შემთხვევაში - 15 ლარი, მინიმალური ნაშთი არ მოითხოვება და Classic ბარათის შემთხვევაში - 20 აშშ დოლარი, მინიმალური ნაშთი შეადგენს 20 აშშ დოლარს. ყველა დანარჩენი ტარიფი სტანდარტული VISA ბარათების ანალოგიურია.

"TBC COSMO"-ს მფლობელები შეღავათებს მიიღებენ "თიბისი ბანკის" სხვადასხვა მომსახურებაზე და ისარგებლებენ ექსკლუზიური პირობებით "ჯიპიაი ჰოლდინგისგან".

Mobile Card არის "თიბისი ბანკისა" და მაგთიკომის ერთობლივი ჩიპური ტექნოლოგიის საერთაშორისო ბარათი უნიკალური საბონუსე სისტემით ახალგაზრდებისათვის, რომელსაც აქვს მთელი რიგი უპირატესობებისა.
"თიბისი ბანკისა" და "ლუკოილ ჯორჯიას" ერთობლივი VISA ბარათი - თიბისი ლუკოილი, ჩიპური ტექნოლოგიის, VISA Electron საკრედიტო ბარათია, რომლითაც კრედიტი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში. მისი მთავარი უპირატესობებია:

1) უფასო საწვავის მიღების შესაძლებლობა ლუკოილის ავტოგასამართ სადგურებზე და საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ბარათის მოხმარებით დაგროვილი ბონუს ქულების სანაცვლოდ;

2) ბარათით გადახდისას 5%-დან 10%-მდე ფასდაკლება ავტომობილებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში და GMC ჯგუფის რესტორნებში;

3) ფასდაკლება საბანკო მომსახურებაზე "თიბისი ბანკისაგან";

4) ავტოდაზღვევის პოლისი უფასოდ "ჯიპიაი ჰოლდინგისაგან".
 
"თიბისი ბანკის" VISA/MasterCard ბარათები მიიღება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელიც აღჭურვილია VISA/MasterCard ნიშნით.

"საქართველოს ბანკის" პლასტიკური ბარათები

ცხადია, "საქართველოს ბანკის" მიერ ემიტირებული პლასტიკური ბარათიც მუშაობს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ყველგან, სადაც VISA ან MasterCard საფირმო ნიშანია გამოსახული.

სადებეტო ბარათები VISA Electron, Cirrus/Maestro ხელმისაწვდომია ყველასათვის, ვისაც სურვილი აქვს საკუთარი თანხა მიიღოს ან ხარჯოს პლასტიკური ბარათების მეშვეობით. VISA Electron, Cirrus/Maestro ბარათები საშუალებას გაძლევთ დახარჯოთ თანხის ზუსტად ის რაოდენობა, რამდენიც საბარათე ანგარიშზეა განთავსებული.

VISA Classic და MasterCard Standard არის ბარათები საქმიანი ადამიანებისათვის.

VISA Classic და MasterCard Standard კლასიფიკაციის საკრედიტო ბარათების წინაშე არ არსებობს არანაირი დაბრკოლება. თქვენი ბარათი გაძლევთ საშუალებას დახარჯოთ დეპოზიტზე განთავსებულ თანხაზე მეტი, ანუ თქვენს საბარათე ანგარიშზე თანხების დროებითი უკმარისობა არ შეაფერხებს თქვენივე სურვილების რეალიზებას.

ოქროს ბარათები - VISA Gold და MasterCard Gold არის მთელ მსოფლიოში თქვენი პრესტიჟის ნიშანი, იმის ნიშანი, რომ თქვენ კარგი საკრედიტო ისტორიის მფლობელი ხართ და ამის შესახებ იციან არა მხოლოდ თქვენ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში, რის საფუძველზეც იღებთ ფინანსურ სტაბილურობას განურჩევლად იმისა, თუ საზღვარგარეთის რომელ ქვეყანაში იმყოფებით. VISA Platinum და MasterCard Platinum ბარათები კი, იმის ნიშანია, რომ თქვენ მსოფლიო ელიტის წევრი ხართ.

პლატინის და OneCard ბარათები შექმნილია ყველაზე პრივილეგირებული ადამიანებისათვის. "საქართველოს ბანკი" პირველი სთავაზობს თავის კლიენტებს მსგავს ბარათებს. თუ თქვენ სარგებლობთ პირადი ბანკირების მომსახურებით, პლატინის და OneCard ბარათები თქვენი მუდმივი თანამგზავრი გახდება. მათი მეშვეობით შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი სურვილის ასრულება, VIP მომსახურება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში – აეროპორტებში, სასტუმროებში, რესტორნებში, მაღაზიებში, 10%-იანი ფასდაკლება British Airways-ის ავიაბილეთებზე, ასევე სპეციალური საერთაშორისო ფასდაკლების ბარათები და დაზღვევა.

Orange Card ეს არის საბანკო კრედიტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მიზნობრიობით. Orange Card-ით სარგებლობისთვის სესხის უზრუნველყოფა არ მოგეთხოვებათ. Orange Card-ის გამოყენება შესაძლებელია მთელ მსოფლიოში.

ყოველთვიურად შეგიძლიათ ისარგებლოთ 30 დღიანი 0%-იანი კრედიტით. ყოველთვიურად, დაანგარიშების თარიღამდე დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში თქვენ არ მოგეთხოვებათ პროცენტის გადახდა.
Orange Card-ით სარგებლობისას პროცენტის დარიცხვა ხდება მხოლოდ ათვისებულ თანხაზე. აუთვისებელ ლიმიტზე კი პროცენტი არ დაგერიცხებათ.
გარდა ამისა, "საქართველოს ბანკის" მიერ ემიტირებულია სპეციალური სერიის ბარათები:

ArtCard-ი გამოშვებულია ახალგაზრდა ქართველი მხატვრებისა და ალტერნატიული სამხატვრო ხელოვნების მხარდასაჭერად. 
ICard-ი გამოშვებულია პროექტ MeloMoney-ს ფარგლებში. შეიძინეთ Apple-ს ციფრული მუსიკალური პლეიერი iPod თვეში მხოლოდ 50 ლარად და "საქართველოს ბანკისგან" მიიღეთ სპეციალური დიზაინის პლასტიკური ბარათი ICard.

ჩემები-ავერსი ფარმა – "საქართველოს ბანკის", მისი შვილობილი კომპანიის "ბი სი აი"-ის პროექტის "ჩემების" და "ავერსი ფარმას" ერთობლივი სადებეტო ბარათი. ამ ბარათს ავტომატურად მიიღებს "ჩემების" ყველა კლიენტი. მისი მეშვეობით შესაძლებელია 10%-იანი ფასდაკლების მიღება "ავერსი ფარმას" ნებისმიერ აფთიაქში მედიკამენტების შეძენისას.

GeocellCard-ი - წარმოადგენს Cirrus/Maestro პლასტიკურ ბარათს. ეს ბარათი შეგიძლიათ გამოიყენოთ პროდუქციის და მომსახურების შესაძენად, როგორც საქართველოში ისე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და მიიღოთ ბონუსები ჯეოსელში.

Bali Card - "საქართველოს ბანკისა" და ბალის ერთობლივი სტუდენტური ბარათია.

დასასრულ, კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ პლასტიკური ბარათი მრავალი თვალსაზრისით არის უაღრესად მოსახერხებელი; ის ძალიან მოსახერხებელია ფულის გადასაადგილებლად. ელემენტარულად, საფულე, რომელშიც ფული გიდევთ, შეიძლება დაკარგოთ და პლასტიკური ბარათი რომც დაკარგოთ, მასზე დადებული ფული გაცილებით დაცულია, ვინაიდან ამ თანხის ბანკომატიდან გამოსატანად აუცილებელია PIN-კოდის ცოდნა, რომელიც მხოლოდ ბარათის მფლობელისთვის არის ცნობილი. მართალია, ბარათების გამოყენება ჯერ კიდევ არ იცის ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ (არადა, ძალიან მარტივია), მაგრამ აშკარაა, რომ მათზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. მოთხოვნის გაზრდა კი, ალბათ, აიხსნება ჯერ ერთი, იმით, რომ ხალხი თანდათან სწავლობს ბარათის ხმარებას და რწმუნდება, რომ ის მოსახერხებელია და კიდევ იმით, რომ დღეს თითქმის ყველას ძალიან ესაჭიროება სესხი, კრედიტი.

საზღვარგარეთ ყველა ძირითადად სესხითა და კრედიტით ცხოვრობს. ახლა საქართველოშიც შემოვიდა ეს ტენდენცია საკრედიტო ბარათებთან და სესხებთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, თავად ბანკები პლასტიკური ბარათებიდან და უმთავრესად საკრედიტო ბარათებიდან დიდ სარგებელს ხედავენ. ძირითადი შემოსავალი არის ბანკომატით განაღდების საპროცენტო განაკვეთები; ასევე ძალიან სერიოზული შემოსავალია წლიური საპროცენტო განაკვეთები საკრედიტო ბარათებზე რიცხულიდანაც. საზღვარგარეთ განაღდება უფრო მეტია და ამაში ხედავენ მოგებას და ა.შ.

დალი ჩიკვაიძე