ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
"ფინანსური პირამიდების" მაცდური ხიბლი
"ფინანსური პირამიდები" - ამ ფენომენის თავდაპირველად მაცდურ ხიბლს, შემდეგ კი დამანგრეველ ძალას ადამიანები ყველა დროში გრძნობდნენ. ერთი ქვეყნის, რუსეთის მაგალითზე, წარმოგიდგენთ ამ სქემის დაფარულ და ღია ნიშნებს, რათა კიდევ უამრავი ადამიანი არ აღმოჩნდეს ფინანსური თაღლითობის კონკრეტული სახეობის მსხვერპლი.

სერგეი მავროდის (სკანდალური "MMM"-ის პრეზიდენტის) მიმდევრები რუსეთში მოქალაქეებს კვლავაც მაცდური წინადადებით ხიბლავენ: ისინი მათ მაღალ, გარანტირებულ შემოსავალს პირდებიან. სახელმწიფო ამ მეტად საშიშ ფინანსურ მოვლენას ნაკლებ ყურადღებას აქცევს. დანგრეული "ფინანსური პირამიდების" ადგილას კი ახლები იქმნება.

რუსეთში ახალი ფინანსური ტალღა აგორდა: აქ აყვავება ისეთმა სტრუქტურებმა დაიწყო, რომლებიც საეჭვო, კანონსაწინააღმდეგო სქემების დახმარებით მოსახლეობის მიერ ნაგროვებ ფულს თითქოსდა ნაკლები რისკით ინვესტიციებისათვის მოიზიდავენ. ამ ფინანსური მექანიზმების თაობაზე ნაკლები ინფორმაციის არსებობა და რუსეთის მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდა მაქინაციებისათვის შესანიშნავ ნიადაგს ქმნის. "მაცდური" ფინანსური ფირმების შემქმნელები ამ სტრუქტურებს ცივილიზებული საინვესტიციო ფირმების სახით წარმოადგენენ. მათი მომსახურების პაკეტში საბანკო ანაბრები, აქციების საფონდო ბირჟაზე გაყიდვა შედის. ისინი ლეგენდებს ხმაურიანი მოწოდებებით იქმნიან, იშველიებენ იმ ცნობილი კომპანიების სახელწოდებას, ლიცენზიებს, რომლებიც ფაქტობრივად მათ ძირითად საქმიანობას არ უკავშირდება.

ერთ-ერთი გამოცემის ყდაზე "მხსნელი იესოს" სახელობის ტაძრის მდინარის წყალში არეკლილი სურათია დაბეჭდილი. ბოლო გვერდზე წმინდა ღვთისმშობლის ტაძარია გამოსახული. ეს არ გახლავთ მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გამოცემული სპეციალური ჟურნალი, როგორც შეიძლება მკითხველს პირველი შთაბეჭდილება დარჩეს. ბეჭდური გამოცემა პირდაპირ უკავშირდება სკანდალურად ცნობილ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "გარანტ ინვესტს", რომლის შემქმნელებმაც ფული მოსახლეობისაგან თაღლითური გზით მოიზიდეს. ამ ფინანსური ორგანიზაციის დევიზი იყო მოწოდება: "ყოველ სახლში შემოფრინდება ფრინველი - სოციალური ინვესტიციებისა!"
თავდაპირველად, მოსახლეობას მხურვალე დაპირებებით მიმართა "გარანტის" დამფუძნებელმა და მთავარმა იდეოლოგმა ვლადიმერ ფედანმა: "მასებში კვლავაც შევიტანთ ფინანსური ცოდნის, ინვესტირების დამკვიდრების იდეებს. ამით შევასრულებთ კეთილშობილურ მისიას - დაქირავებული ადამიანი ინვესტორად, მესაკუთრედ გადავაქციოთ". მიზნის მისაღწევად მას რუსეთის ცენტრალური ბანკიდან ფასიანი ქაღალდების მართვისა და საბროკერო მოღვაწეობაზე ლიცენზიის მიღება დაჭირდა. სპეციალური კომისიის მიერ ეს ლიცენზია 2002 წლის აგვისტოში გაიცა. ამ ფირმის პირველი სარეკლამო ტექსტები "საგანგებოდ" იწერებოდა. ბანალური, აბსურდული მტკიცებულებებისათვის ფსევდოსამეცნიერო ფორმის მიცემა კი თაღლითების საყვარელი მეთოდია.

ამ სარეკლამო ტექსტების მიხედვით, მოქალაქეებს ფულის დაბანდების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობდნენ: "პროგრამის ყოველი მონაწილე მიიღებს შემოსავალს, რომელიც საკუთარი კაპიტალის შექმნის შესაძლებლობას იძლევა (რენტა). მეანაბრის ფული კომპანიაში ტრასტის სახით მუშაობს. შეთანხმების მიხედვით, სატრასტო შენატანებისას მეანაბრე საკუთარ ანაბარს არ კარგავს იმ მოცულობით და იმ ვალუტაში, რასაც შემოიტანს". ამგვარი "მარგალიტები" მრავლად იყო მიმოფანტული 2004 წელს გავრცელებულ სარეკლამო ფურცლებში. 2005 წლის ზაფხულში რუსეთის შესაბამისმა სტრუქტურებმა "გარანტ ინვესტის" საქმიანობისათვის უვადო ლიცენზიები გასცა.

იმ მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე აღტაცებული აღნიშნავდა: "შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მთელი შემადგენლობა აღტაცებულია ამ ფაქტის გამო, მათ გულწრფელად დაიჯერეს, რომ კომპანიის ინვესტირების მექანიზმები საფინანსო ბაზარზე შესანიშნავად ამუშავდა". "გარანტ ინვესტის" ხელმძღვანელობა ამგვარ ვითარებას თავის სასარგებლოდ კარგად იყენებდა. იგი სახელმწიფო სტრუქტურებიდან მიღებულ დოკუმენტებს, როგორც მისი (სახელმწიფოს) მხრიდან აღიარების ფაქტს, სადაც საჭირო იყო ყველგან აფრიალებდა. ამ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ბუკლეტებში ფიგურირებდნენ ისეთი ორგანიზაციები, რომლებთანაც "გარანტ ინვესტს" ირიბი კავშირი ჰქონდა, აქვე მოხსენიებული იყვნენ უცხოელი იურიდიული პირებიც, რომლებთან საქმიანი ურთიერთობის ფაქტის გადამოწმებას კლიენტები ვერ მოახდენდნენ. შექმნილი მომხიბლავი სურათი კლიენტებზე შთაბეჭდილებას ნამდვილად ახდენდა. იმ პერიოდისათვის მეანაბრისათვის მინიმალური შენატანი 1000 დოლარს შეადგენდა, რაც "სარეკლამო ტრიუკის" მიხედვით წლიური 66% მიღების გარანტიას იძლეოდა!

"გარანტ ინვესტმა" რეგიონალური წარმო-მადგენლების ფართო ქსელი შექმნა, რომლებიც "ლიდერებად" და "რწმუნებულებად" იწოდებოდნენ. "მეანაბრეთა" ამ ორგანიზაციასთან დაკავშირება (რაც შემოტყუებას უფრო ნიშნავდა) ქსელური მარკეტინგის მოდელის მიხედვით ხდებოდა. კლიენტების მოზიდვისათვის კერძო პირს დამატებით "ანაზღაურებას" აძლევდნენ. 2006 წლის შუაგულში, "გარანტ ინვესტს" ლიცენზიები შეუჩერეს. ამ მომენტისათვის მისი კლიენტების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა. ეს საფინანსო ორგანიზაცია მის განკარგულებაში გადაცემულ ფულად სახსრებს საკუთარი მოსაზრებების მიხედვით განკარგავდა, არღვევდა ყველა შეზღუდვას, რომლის მოაზრებაც კი შესაძლებელი იყო. უამრავი დარღვევის გამოსწორებაზე ფირმის ხელმძღვანელობამ არ იზრუნა. ექვსი თვის შემდეგ, შესაბამისმა ორგანოებმა კომპანიის საფინანსო მიღვაწეობის ნებართვის დოკუმენტები გააუქმეს.

აშკარა იყო, რომ "გარანტ ინვესტი" საფონდო ბაზარზე საქმიანობას სერიოზულ საკითხად არასოდეს განიხილავდა, თუმცა ფინანსური "პირამიდის" ასაშენებლად საიმედო ნიღაბი მოირგო. ერთ დოკუმენტში, რომელიც მხოლოდ "შიდა მოხმარების" იყო, ამ სახეობის ბიზნესი დახასიათებულია როგორც: "თვითწარმოქმნადი სისტემა ვალების გარეშე, დადებითი ბალანსით".

საინტერესოა ისიც, რომ ლიცენზიის შეჩერებამდე "გარანტ ინვესტმა" მისი შვილობილი კომპანიისათვის - რეგიონთაშორისი საინვესტიციო საბროკერო ცენტრისათვის ანალოგიური დოკუმენტები და ნებართვა მიიღო. ამ დოკუმენტების გაუქმება რუსეთის შესაბამისმა საფინანსო ორგანოებმა მხოლოდ 2007 წლის ბოლოსათვის "მოახერხეს"!

საფონდო ბაზრის მარეგულირებელთან წარმოქმნილ პრობლემებს "გარანტ ინვესტის" შემქმნელებისათვის ახალი პროექტის ამოქმედებისას შეფერხებები არ ჰქონია. მათი ინიციატივით შეიქმნა სამომხმარებლო საზოგადოება "გარანტ კრედიტი". ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ეს ორგანიზაცია რამდენიმე, ე.წ. დეპოზიტური პროგრამის რეკლამირებას კვლავაც აგრძელებდა. ყოველ ახალ მეპაიეს სავალდებულო წესით 10 000 რუბლი სამი წლის ვადით, თითქოსდა 50%-იანი წლიური მოგების მიღების გარანტიით შეჰქონდა. სხვა "პროგრამების" მიხედვით, დაპირებული განაკვეთები 55%-მდე აღწევდა.

კაპიტალის ასე სწრაფად, რისკის გარეშე გაზრდის ხერხებს ამ ფირმის წარმომადგენლები კლიენტებს არ უმხელდნენ. პოტენციურ მეანაბრეებს უჩვენებდნენ ნახაზებს შეგნებულად გართულებული შენატანებისა და საპროცენტო განაკვეთების სქემებით, რაზედაც მათი ყურადღება ძირითადად იყო კონცენტრირებული. რეალურ პროექტებს უმნიშვნელო დეტალებთან ერთად მხოლოდ მცირე დროს უთმობდნენ. ირკვევა, რომ  ამ ორგანიზაციაში შემოსული ნაღდი ფულის ლომის წილი ქვეყნის კანონმდებლობისა და ამავე ორგანიზაციის მოქმედი დოკუმენტების დარღვევით ფორმდებოდა.

თაღლითური სქემის პოტენციურ მსხვერპლს გამუდმებით უნდა ეგრძნო საკუთარი თავი როგორც ელიტარულ ინვესტორთა საზოგადოების წევრს. მათი გადმობირების (ფინანსურ პირამიდაში "ჩათრევის") მეთოდი უცვლელი რჩებოდა: კლიენტს "აცდუნებდნენ" აბსტრაქტული, ხშირად პარადოქსული მტკიცებულებებით, რომელიც რაციონალურ გააზრებას საერთოდ არ ექვემდებარებოდა, მხოლოდ "სერიოზული წყაროებით" იყო გამყარებული.

მოვიყვანთ ასეთი სიტუაციისათვის დამახასიათებელ მაგალითს: "ინვესტირების პოპულიზატორმა რობერტ კიიოსაკიმ ყველა ადამიანი, მათ მიერ ფულის გამომუშავების ყველა ხერხი ოთხ სახეობად - "ოთხ კვადრანტად" დაჰყო. "გარანტ კრედიტი" მსოფლიოში გამორჩეული იმით არის, რომ ჩვენი ბიზნესის ფორმა კიიოსაკის მიერ შეთავაზებულ არცერთ ფორმაში არ თავსდება. ჩვენ ვართ "მეხუთე კვადრანტი". ამ "აღსარებას" კი "დაწვრილებითი" განმარტება მოჰყვებოდა: "მაშ რა არის "მეხუთე კვადრანტი"? ეს გახლავთ უნიკალური სამეცნიერო მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ სამომხმარებლო კოოპერაციის უპირატესობანი ყველაზე ეფექტური ფორმით".

შეკითხვაზე: "რა გარანტიებს იძლევით, რომ ინვესტირებულ ფულსა და კუთვნილ პროცენტებს კომპანია გადაგვიხდის?" ფირმის წარმომადგენლები მათ პასუხად ფილოსოფიურ განმარტებას აძლევდნენ. ერთ-ერთმა "ინვესტორმა" ასეთი შეკითხვა დასვა: "როგორ უნდა მოიქცეს სამომხმარებლო საზოგადოების მეპაიე რუსეთის ფარგლებს გარეთ, კონკრეტულად - ყაზახეთში? პირადად მე 2007 წლის ივლისში 4000 დოლარი დავაბანდე. მას შემდეგ კი არანაირი საპროცენტო თანხა არ მიმიღია". ამ შეკითხვის ავტორმა იმ მომენტისათვის არ იცოდა, რომ 25 000 "კოლეგის" მსგავსად რუსეთში, მის ფარგლებს გარეთ, შეპირებულ "ოქროს წვიმას" ტყუილუბრალოდ ელოდებოდა!

გასული წლის ოქტომბერში, სამომხმარებლო საზოგადოება "გარანტ კრედიტი" კრიზისმა მოიცვა. ამ დროს რუსულ პრესაში ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, რომელიც "მილბის" სახელწოდებით წამოწყებულ პროექტში ფულის დაბანდებას რეკლამას უწევდა. ეს გახლდათ რძის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტი. სპეციალისტებმა მაშინვე მიაქციეს ყურადღება იმას, რომ დასახელებული "პროექტი" ფინანსური პირამიდის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებდა. კომპანიის მესვეურნი ამტკიცებდნენ, რომ ინვესტორებად პარიტეტულ საწყისებზე გამოდიოდნენ "გარანტ კრედიტი" და რომელიღაც ესპანური კომპანია. საჭირო თანხის მოსაზიდად, ეს უკანასკნელი დაპირებას იძლეოდა, რომ 50 000 საპაიო სერთიფიკატს დაბეჭდავდა. რუსულ კანონმდებლობაში ასეთი ცნება არც კი არსებობს. ყოველ ასეთ ბლანკზე დააწერეს, რომ მისი ღირებულება 500 ევროს შეადგენდა.

მისი შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. სამომხმარებლო საზოგადოება სამი წლის შემდეგ "იმუქრებოდა", რომ ამ ფასიან ქაღალდებს, თითოს 50 000 რუბლად გამოისყიდიდა, რაც წლიურად 40% მოგებას მოიტანდა. ამ "ფინანსურ თამაშში" მონაწილეობის მსურველებს ჰპირდებოდნენ, რომ სერტიფიკატებს "რძის ქარხნის" აქციებზე გადაუცვლიდნენ. დაპირების მიხედვით ყოველი მეპაიეს "წლიური მოგება" 70%-იდან 140%-მდე გაიზრდებოდა. შვიდი წლის შემდეგ მათი საწყისი კაპიტალდაბანდება 12-ჯერ მოიმატებდა! მაცდური წინადადების მიხედვით მოქალაქეებს "რძის მდინარეების" წყალობით ზღაპრულად გამდიდრების შანსი გაუჩნდათ!

პუბლიკაციის ავტორები საკმაოდ დაუდევრად იყენებდნენ საფონდო ბაზრისა და კორპორატიული ფინანსების ტერმინებს. სამაგიეროდ, დაწვრილებით აღწერეს რძის სასარგებლო თვისებები, მისი ქიმიური შენაერთების ზუსტი დასახელება, - რაც საქმეში ჩაუხედავი მოქალაქისათვის მიმზიდველი იყო.

უდაოა ის, რომ ეს და მსგავსი ფინანსური პროექტები ანტიხალხურია და ბიზნესთან საერთო არაფერი აქვს! ორივე "გარანტის" არქიტექტორებმა ქსელური მარკეტინგის პრინციპები გამოიყენეს. ასეთივე გზით წავიდნენ რუსეთში შექმნილი ბიზნეს-კლუბის - "რუბინი" შემქმნელები, რომელიც ა.წ. თებერვალში დაინგრა. "დამტვრეულ ვარცლთან" (მათი განუკითხავი საქმიანობის გამო) ათობით ათასი "გაუგებრობაში" მოხვედრილი ადამიანი დარჩა. ამ კუთხით, პროექტი "მილბი" უფრო მეტად 1990-იან წლებში შექმნილ ფინანსურ პირამიდებს დაემსგავსა, რომლებიც გამორჩეულად ბევრ თანხას პრესაში გამოქვეყნებულ რეკლამაში ხარჯავდნენ. ამოქმედებულ ფინანსურ პირამიდებს მხოლოდ განსხვავებული ფორმები გააჩნია, ყოველ მათგანს საკუთარი სამიზნე აუდიტორია, მოზიდვის ტექნოლოგიები აქვთ. მათი გამაერთიანებელი კი არის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, წინა "ინვესტორთა" კეთილდღეობას ახლადმოზიდულთა კაპიტალდაბანდებები უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით სიახლე ის გახლავთ, რომ ყველაზე მოწინავე, რეგულირებად საბირჟო ბაზარზე გამოჩნდა პროექტები, რომლებსაც ამგვარი "პირამიდების" განმასხვავებელი ნიშნები გააჩნიათ.

ა.წ. თებერვალში, ფინანსური ჯგუფის "სანკტ-პეტერბურგის" შემადგენლობას მანამდე ყველასათვის უცნობი სააქციო საზოგადოება "რიჩბროკერსერვისის" აქციები დაემატა, რომელმაც რეგისტრაცია ქალაქ პერმში გაიარა. ეს ორგანიზაცია ფინანსურ მოედანზე სათამაშოდ მხოლოდ იმიტომ დაუშვეს, რომ მისი ემიტენტი ფორმალურ კრიტერიუმებს შეესაბამებოდა. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნები რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით არც ისე მკაცრია: საჭიროა ზოგიერთი დოკუმენტის ასლის წარდგენა და ხელშეკრულების ხელმოწერა. როგორც კი გაჩნდა ამ აქციების ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა, "სასწაულები" მაშინვე დაიწყო: მანამდე, საფინანსო ჯგუფი "სანკტ-პეტერბურგი" მხოლოდ "გაზპრომის" ფასიანი ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს აწარმოებდა.
მოულოდნელად კი დაიწყო ათობით ყოველდღიური, მცირე საქმიანი გარიგების გაფორმება. ა.წ. მარტში, ფასიანი ქაღალდების გაყიდვების მოცულობამ 95 მილიონ რუბლს მიაღწია, ხოლო კოტირება ერთი თვის განმავლობაში 100% ით გაიზარდა. ტექნიკურად ფასის დინამიკის მიღწევა არც ისე რთული ამოცანაა, მაშინ როცა საკონტროლო პაკეტის მფლობელი ერთი ან ორი პირია. თავდაპირველად, საკმარისია ფასიანი ქაღალდები საკუთარ თავს მიყიდო, ან ამ "საქმეში" მეგობრები და ახლობლები ჩართო. ბირჟაზე დოკუმენტების რეგისტრაციის მომენტში, კომპანიის 99% ის მფლობელი, მისივე ხელმძღვანელი, ვინმე იაროსლავ ივანცოვი იყო, ხოლო დანარჩენი 1% მამამისზე იყო გაფორმებული. ფინანსური ჯგუფი კოტირების ზრდით ყოველთვის ტრაბახობდა, ყოველკვარტალურად დივიდენდების დარიგების დაპირებასაც რიხიანად იძლეოდა.

კომპანიის ხელმძღვანელი საკუთარ ბიზნესს ასე აღწერდა: "კომპანიის ძირითადი მოღვაწეობის გამოყოფა საკმაოდ რთულია, იმიტომ, რომ კომპანია მხოლოდ აქტივების მფლობელია. მაქსიმალური დივერსიფიკაცია შვილობილი კომპანიების დიდი რაოდენობის სახით ჩვენს კომპანიას იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ თავიდან აიცილოს დარგობრივი რისკები, ბიზნესის სეზონურობა". ეს გახლავთ მხოლოდ უშინაარსო სიტყვების კორიანტელი, კლიენტებისათვის თვალებში ნაცრის შეყრა...

ა.წ. 4 აპრილიდან, ლისტინგის განყოფილებამ ამ მართლაც რომ "შეზღუდული პასუხისმგებლობის სააქციო საზოგადოების" აქციები ბრუნვაში ნებადართული კომპანიების სიიდან ამოიღო. ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაჩნდა "დაპირება", "ინვესტორებისაგან", რომ ფასიან ქაღალდებს იმ ღირებულებით გამოისყიდიდნენ, რა ფასადაც მათ იგი შეიძინეს. აქციონერებს მიმართავენ წინადადებით, ივლისამდე მოიცადონ, როცა უფრო ხელსაყრელ ღირებულებას შეთავაზებენ. 

შეზღუდული პასუხისმგებლობის სააქციო საზოგადოება - "რიჩბროკერსერვისი" ამ სახელწოდებით ქვეყნის მოქალაქეთა თანხების მოზიდვას კვლავაც აგრძელებს სესხის შეთანხმების მიხედვით, წლიური 36%-ის დაპირებით! მომსახურების სახეობის გაცნობისას, ცნებათა აღრევას აქვს ადგილი, თითქოსდა კლიენტი არ რისკავს. "თქვენ ფულად სახსრებს კომპანიას სესხის სახით გადაცემთ, გააფორმებთ სასესხო ხელშეკრულებას. მასში თავიდანვეა დაზუსტებული ვადები და პროცენტები, რომლის მიხედვითაც საკუთარ სახსრებს განათავსებთ (რითაც საკუთარ თავს იცავთ შესაძლებელი დანაკარგებისაგან, რადგანაც ადრევე იცით, რამდენს და როდის მიიღებთ)".

კომპანიის ხელმძღვანელობა საერთო სიტყვებით აღწერს, თუ რა მიმართულებით მიდის ფული: "აქციების  საფონდო და სავალუტო ბაზრებზე "განთავსება", კაპიტალდაბანდებები მშენებლობაში, მრეწველობაში, "ინვესტიციები სამეწარმეო საქმიანობაში, უძრავი ქონების სფეროში". ეს კომპანია პარტნიორებად რამდენიმე სააქციო საზოგადოებასა და ლეფკო-ბანკს წარადგენდა.

ბუნებრივია, კომპანიის მხრიდან სესხის მიღების შეთანხმება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ ფინანსური ჯგუფები "პირამიდისათვის" დამახასიათებელ ნიშნებს ატარებენ, მაგრამ სწორედ ამ ფორმას უკავშირდება გადაუხდელობასთან დაკავშირებული უამრავი სკანდალი. მოვიყვანთ ასეთი სიტუაციისათვის დამახასიათებელ მაგალითს, რომელსაც ადგილი რუსეთში ჰქონდა: ტოლიატის შეზღუდული პასუხისმგებლობის სააქციო საზოგადოება "გარანტ-ფინანსი" და საკრედიტო-სამომხმარებლო კოოპერატივი "კლიუჩი" ("გასაღები") მოქალაქესთან ხელშეკრულებას განაკვეთის წლიური 39%-ის გაცემის გარანტიით აფორმებდნენ. კლიენტებს ატყობინებდნენ, რომ მათი ფული რიელტერულ ბიზნესში დატრიალდებოდა. ოფისებში, ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე "გამოფინეს" ქალაქ ტოლიატის მერის, ვინმე ნიკოლოზ უტკინის სამადლობელი წერილი "ქალაქის განვითარებისათვის შეტანილი წვლილისათვის". შემდგომში ამ წერილის ავტორს, ქრთამის აღებისათვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს! ასეთი "თვალსაჩინოება" კომპანიის კლიენტებზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა.

ამ ცოტა ხნის წინ, ექსპერტებმა ყურადღება მიაქციეს საფინანსო-საინვესტიციო კომპანია "ეკონომიკური ალიანსის" მომსახურების პაკეტს, რამაც უამრავი შეკითხვა წარმოშვა. ამ ორგანიზაციამ კლიენტებს "უხიფათოდ და ხელსაყრელად" ინვესტირების წინადადებით მიმართა. მათ ფულის "ფასიანი ქაღალდების სახით ინვესტირებას და საფონდო ბაზარზე განთავსებას სთავაზობს". კლიენტებთან გაფორმებულ ხელშეკრულებას თან ახლავს საპროცენტო განაკვეთების "გადახდის პროგრამების" აღწერა. მათ მიერ წარმოდგენილი ციფრები ფანტასტიკური და იმავდროულად, იმდენად არარეალურია, რომ ამ "ტკბილ ზღაპრებს" მხოლოდ ფინანსებში უმეცარი ადამიანი თუ დაიჯერებს!

კომპანიის "დანაპირების" მიხედვით, იგი კლიენტებს ყოველთვიურად 7-დან 14%-მდე გადაუხდის, რაც კაპიტალიზაციის გათვალისწინების გარეშე, წლიურ საპროცენტო განაკვეთს 84-168%-ს უტოლდება. უფრო მეტიც, "ეკონომიკური ალიანსი" ახალ კლიენტებს "საინვესტიციო დაკრედიტებას" სთავაზობს. საკმარისია, განცხადებაში მიუთითოთ ის თანხა, რომლის შეტანასაც მომავალში აპირებთ, მაგალითად ერთი თვის შემდეგ, რომ მას ავტომატურად "შესაბამისი" პროცენტები ერიცხება.

"ეკონომიკური ალიანსი" 58 ქალაქში განთავსებული საკუთარი წარმომადგენლობების კოორდინატებსაც აქვეყნებს. მსურველებზე გასცემენ ნდობით აღჭურვილი პირის საბუთს, ახალი წარმომადგენლობის გასახსნელად. მოთხოვნები შემდეგში მდგომარეობს: "თანამშრომლობის არანაკლებ სამი თვე, კომპანიაში დაბანდებული 3 მილიონი რუბლი, რანგი - "ლიდერი" და ზევით".

ამ კომპანიის წარმომადგენელის განმარტებით, "ლიდერობის" შანსი უჩნდება მას, ვინც "ეკონომიკურ ალიანსში" ახალ კლიენტებს მოიყვანს, ამისთვის თითოეულზე "ხელფასს" მიიღებს.

"ეკონომიკური ალიანსის" ვებ-გვერდზე რეკლამას უწევენ მომსახურების სხვა სახეობას - "იპოთეკა". ხელშეკრულების მიხედვით, კლიენტი საფინანსო ჯგუფ "რუს-სპასს" უნდა დაუკავშირდეს. ორგანიზაციის მიერ წამოყენებული პირობების მიხედვით, მეპაიემ ფულის შემოტანა მანამდე უნდა "გააგრძელოს", სანამ საცხოვრებელი ფართის ღირებულების 25% არ შეგროვდება. "ყოველი აგენტი, რომელიც მოცემულ პროგრამაში კლიენტს მოიწვევს, (იგულისხმეთ, "ჩაითრევს!") ყოველთვიურად ჯილდოს სახით კლიენტის მიერ შემოტანილი თანხის 7%-ს მიიღებს".

შემდგომში, ფინანსური ჯგუფი საცხოვრებელი ფართის შესაძენად დარჩენილი თანხის 75%-ის დასაფარად წლიური 7% ის სესხს გასცემს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შესატანი თანხის 25%-ს დაფარავთ, კრედიტს მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ მიიღებთ. ამ დროის ფარგლებში კომპანიას ნებისმიერი უბედურება შეიძლება დაემართოს! აქვე დავძენთ, რომ "ეკონომიკური ალიანსის" სახელზე ლიცენზიების მთელი წყებაა გაცემული. ფაქტია, რომ ასეთი კომპანიების "დანაპირები" მყისიერი გამდიდრების თაობაზე თავისი დამაჯერებლობით ბებიის მიერ ძილის წინ მოყოლილ ზღაპრებს უტოლდება!

მოქალაქეთა სამახსოვრო: სიფრთხილის 10 მიზეზი!

ექსპერტებმა და ფინანსისტებმა იმ ნიშანთა ნუსხა შეადგინეს, რომლებიც შეიძლება უცილობლად არ მეტყველებდნენ ამოქმედებული სქემების უკანონობაზე, მაგრამ დღეს მოქმედი უამრავი "ფინანსური პირამიდისათვის" სწორედ ეს ნიშნებია დამახასიათებელი:

1. თანხები სასესხო ხელშეკრულების მეშვეობით მოიზიდება, ხოლო მას რეკლამაში ანაბარს უწოდებენ.

2. ძირითადი ყურადღება გადატანილია საპროცენტო განაკვეთებზე, ფულის მიღების გრაფიკზე, კაპიტალის გაზრდის ხერხებსა და საშუალებებზე განზოგადოებული სიტყვებით, კონკრეტიკის გარეშე.

3. შემოგთავაზებენ უნიკალური, მაღალშემოსავლიანი პროექტების ინვესტირებას, რომელსაც სხვაგვარად "ნოუ-ჰაუს" უწოდებენ.

4. ხელშეკრულებაში ხსენებაც კი არ არის შენატანების ნაწილობრივ, ან მთლიანად დაკარგვის რისკების არსებობის თაობაზე.

5. ხელშეკრულების მიხედვით გარანტირებულია მაღალი შემოსავლიანობა, მოგება.

6. რეკლამაში ფიგურირებს ლიცენზიები, რომლებიც ძირითად საქმიანობას არ უკავშირდება.

7. ორგანიზაცია დარეგისტრირებულია საკრედიტო კოოპერატივის, სამომხმარებლო საზოგადოების ფორმით, რომელიც ქსელური მარკეტინგის პრინციპით მოქმედებს.

8. ხელშეკრულება არ ფორმდება იმ იურიდიულ პირთან, რომელიც რეკლამაშია ნახსენები.

9. კლიენტებთან საუბარში ასახელებენ "ცნობილ" პარტნიორებს, მათ შორის უცხოელებსაც, რომელთა არსებობის თაობაზეც მათ არასოდეს გაუგონიათ.

10. დაპირებული მოგება საბანკო ანაბრების განაკვეთებს ბევრად აღემატება.

პარადოქსი: "გარანტ კრედიტი" - ცოცხალი ყველა ცოცხალთა შორის!
"გარანტ კრედიტისა" და მის "მემკვიდრეთა" ისტორიის დასრულება ჯერ არ იგეგმება! "დანგრეული" "პირამიდის" ადგილას ათობით რეგიონალური სამომხმარებლო საზოგადოება შეიქმნა, რომლებიც ამგვარ სახის საქმიანობას კვლავაც განაგრძობენ. "ჩვენი ქალაქის ყველა რწმუნებული სამომხმარებლო საზოგადოება "რეგიონ ცენტრში" გადავიდა. მესამე დონის მეპაიე #110621 დღეს ხელშეკრულებას "სამომხმარებლო საზოგადოებათა კავშირთან" გააფორმებს. 100 ათასი რუბლის შემოტანის შემთხვევაში, იძლევიან პირობას, რომ ერთი თვის შემდეგ, ძველი დავალიანების მიხედვით 30 ათას რუბლს გადაიხდიან", - იტყობინება ქალაქ ვოლოგდის მკვიდრი.

"ვარ მეპაიე, დამპირდნენ ფულის დაბრუნებას, თუკი "ყუბან ინვესტის" წევრი გავხდები და ასეთივე მეპაიეებს მოვიწვევ", - ანალოგიურ სიტუაციას აღწერენ კრასნოდარის ოლქში. "გარანტ კრედიტის" წევრებმა ქალაქის პროკურატურის სახელზე საჩივრის გაგზავნა გადაწყვიტეს. აქ სამომხმარებლო საზოგადოების ორი "პროგრამის" - "ბალტ სოიუზისა" და "სოდრუჟესტვოს" ("თანამეგობრობა") "პროგრამები" ხორციელდებოდა. "სამომხმარებლო საზოგადოებათა კავშირის" შესაქმნელად დოკუმენტებზე იგივე "გარანტ ინვესტისა" და "გარანტ კრედიტის" მთავარი იდეოლოგის, ვლადიმერ ფედანის ავტოგრაფია დაფიქსირებული.

ხშირ შემთხვევებში, სესხის გაფორმებისას, კომპანიები მას ანაბრებს უწოდებენ. ვოლგოგრადის საფინანსო ჯგუფმა "ანაბრების მიხედვით ყოველთვიური მოგების გაცემის თაობაზე" გამოაცხადა, რასაც "სადაზღვევო ანაბრებიც" მიამატა. საფინანსო ჯგუფი "დალსტარი" კიდევ უფრო შორს წავიდა: "ყოველ მეპაიეს შეუძლია დანაზოგები მოკლევადიან ანაბარზე ყოველკვარტალური პროცენტების დარიცხვით შეიტანოს". საბანკო დეპოზიტებთან პირდაპირი კავშირის შთაბეჭდილება მეანაბრეს "ანაბრების დაზღვევის პროგრამის" გამო უჩნდება. სინამდვილეში კი "დალსტარი" საკუთარ თავს აზღვევს, რადგან გათვალისწინებულია ხელშეკრულება იმავე სახელწოდების დამზღვევთან.

"დალსტარის" სასესხო ხელშეკრულების განაკვეთი საბანკოს უტოლდება კიდეც და 13%-ს აღწევს. აქცენტი გადატანილია სწორედ იმ მოქალაქეებზე, ვინც განსხვავებას ვერ ხედავს ანაბრების დაზღვევის სახელმწიფო სისტემასა და ჩვეულებრივ იურიდიულ პირებს შორის, რომლებსაც ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვთ. კლიენტების მოზიდვის მსგავსი მეთოდების არსებობა იმის საშუალებას იძლევა, რომ მოქალაქემ სიფრთხილე გამოიჩინოს.

როგორ ვებრძოლოთ ფინანსურ პირამიდებს?

ექსპერტთა აზრით, "სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს მცირე ბიზნესს, აკონტროლებდეს ოლიგარქებს. უფულო ადამიანებს ნებისმიერი სასწაულის დაჯერება სურთ. ამიტომ ისინი იოლად ენდობიან ნებისმიერ დანაპირებს, ფინანსური პირამიდების ანგარიშებზე უკანასკნელი დანაზოგები შეაქვთ. ადამიანებს ფულის კანონიერად გამომუშავების შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, ამგვარ სასწაულებს აღარავინ დაიჯერებდა. საამისოდ დროც კი აღარ დარჩებოდათ".

რეცეპტი არც ისე ახალია, თანაც ძალზე მარტივი: აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ კომპლექსური ზომები უნდა გაატაროს, რაც სახელმწიფო კონტროლს, გამჭვირვალე საკანონმდებლო ბაზის არსებობას ნიშნავს.

თავის მხრივ, ბიზნესისგან სახელმწიფომ ცივილიზებული, ღია კონკურენციის დამკვიდება უნდა მოითხოვოს. ბიზნესმენებს უნდა აუხსნან, რომ საკუთარი ბიზნესის განვითარება ადამიანთა მოტყუების ხარჯზე არ უნდა დაგეგმონ. ეს კანონდარღვევაა. საამისოდ, საკმარისია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. აუცილებელია შეიქმნას მკაცრი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საფინანსო ბაზრის მონაწილეებს გარანტიას მიცემს მათ მიერ დაბანდებული თანხის დაბრუნების თაობაზე. უნდა განვითარდეს რისკების დაზღვევის სისტემაც.

აუცილებელია ამ საფინანსო ინსტრუმენტის კიდევ უფრო განვითარება. ბაზრის მონაწილეები მის ფასეულობას როგორც კი გააცნობიერებენ, თაღლითობის შემთხვევები მკვეთრად შემცირდება. ხშირად უნდა ჩაუტარდეს სემინარები სამართალდამცავი ორგანოების სხვადასხვა რანგის თანამშრომლებს, მათი უმრავლესობისათვის ფინანსური თაღლითობის დეტალები უცხო ხილია.

კანონმდებლობის მიხედვით ბანკების გარდა, ანაბრების მოცულობის ზრდის დანაპირების მიცემა მოქალაქეებისათვის სხვა ფინანსურ ჯგუფს არ შეუძლია. პოლიციელი როგორც კი ანაბრების ზრდის დანაპირებს ყურს მოკრავს, თაღლითს ხელბორკილები უნდა დაადოს. ამით სამართალდამცველი ფინანსური პირამიდის შექმნას შეეწინააღმდეგება, მრავალ ადამიანს კი უბედურებისაგან იხსნის. უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს, როგორც რეგულატორისა და სამართალდამცველის ზემოქმედების ეფექტურობა, მოსახლეობამ უნდა მიიღოს ასეთი სიტუაციებისათვის დამახასიათებელი აუცილებელი ინფორმაცია. ამჯერად, რუსეთის მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოები ბაზრის მონაწილეთა მხოლოდ 40%-ის გაკონტროლებას თუ ახერხებენ. დანარჩენი 60% კი მათთვის და მოსახლეობისათვის გამოცანად, განუკითხაობის დიდ ბუდედ რჩება. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია სიტუაცია კარდინალურად შეცვალოს. ამ და სხვა სახის დანაშაულის აღკვეთა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუკი ყოველი ჩვენთაგანი ისწავლის გადამოწმებას, გაკონტროლებას, რისკების პროგნოზირებას. სხვა შემთხვევაში "ფინანსური პირამიდების", როგორც სოციალური ბოროტების აღკვეთას ვერავინ შეძლებს. ყოველმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ 15%-იანი შემოსავლიანობის პირობებში, 150%-იანი მოგების მიღებაზე საუბარი ადამიანებისათვის თვალებში ნაცრის შეყრას ნიშნავს.

ვეფხია სამსონიძე