ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
თანამდებობის პირებმა 2007 წლის ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციები გამოაქვეყნეს
მონაცემთა სიზუსტე თავად დეკლარანტის კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციაზეა დამოკიდებული

დეკლარაციების წარდგენას კანონი მოითხოვს

,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს იმ თანამდებობის პირთა წრეს, ვისთვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციების შევსება. თანამდებობის პირებმა განსაზღვრულ დროში უნდა მოასწრონ სპეციალური ფორმების შევსება და მათი წარდგენა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში.

აღნიშნული კანონი 1997 წლის ოქტომბერშია მიღებული და მასში ცვლილებები და დამატებები 18-ჯერ, ხოლო კონკრეტულად მე-2 მუხლში კი 9-ჯერ შევიდა, ანუ 9-ჯერ შეიცვალა იმ თანამდებობის პირთა წრე, ვისაც კანონი დეკლარაციების შევსებასა და ბიუროში წარდგენას ავალდებულებს.
ბიუროს ინფორმაციით ასეთი ვალდებულება ჰქონდათ: 2004 წელს 3442 თანამდებობის პირს; 2005 წელს - 1680 თანამდებობის პირს და 340 ყოფილ თანამდებობის პირს; 2006 წელს - 1655 თანამდებობის პირს და 436 ყოფილ თანამდებობის პირს; 2007 წელს - 1749 თანამდებობის პირს და 524 ყოფილ თანამდებობის პირს. 2008 წლის სადეკლარაციო პერიოდში კი დეკლარაციების ჩაბარების ვალდებულება ჰქონდა 643 ადამიანს, საიდანაც 217 თანამდებობის პირი და 436 ყოფილი თანამდებობის პირი იყო.

ცვლილებები ეხებოდა სადეკლარაციო პერიოდის დადგენასაც და ეს პერიოდი  2004 წელს 1 აპრილიდან 30 აპრილამდე, 2005 წელს 1 აპრილიდან 31 მაისამდე, 2006 წელს 1 აპრილიდან 30 ივნისამდე, 2007 წელს ასევე 1 აპრილიდან 30 ივნისამდე და 2008 წელს 1 აპრილიდან 30 აპრილამდე გრძელდებოდა.

დეკლარაციების შევსებას თავი აარიდეს: 2004 წელს - 43 თანამდებობის პირმა, 2005 წელს - 95 თანამდებობის პირმა და 122 ყოფილმა თანამდებობის პირმა, 2006 წელს - 18 თანამდებობის პირმა და 26 ყოფილმა თანამდებობის პირმა, 2007 წელს - 3 თანამდებობის პირმა და 9 ყოფილმა თანამდებობის პირმა, ხოლო 2008 წლის სადეკლარაციო პერიოდში 1 თანამდებობის პირმა და 10 ყოფილმა თანამდებობის პირმა.

დეკლარაციების კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში ბიურო ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და შემდგომი რეაგირებისათვის გზავნის სასამართლოში. დეკლარაციის შევსებისათვის ჯიუტად თავის არიდებისას კი დოკუმენტები მიეწოდება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით: "კანონით გათვალისწინებული ქონებრივი მდგომარეობის ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასი მინიმალური ოდენობით".

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 დეკემბრის #767 ბრძანებულების თანახმად, მინიმალურ ხელფასთან (შრომის ანაზღაურებასთან) დაკავშირებული სანქციების, ჯარიმებისა და სამართალდარღვევებისათვის გათვალისწინებული სხვა გადასახდელებისათვის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა განისაზღვრა 40 ლარით, შესაბამისად, ქონებრივი მდგომარეობისა ან საფინანსო დეკლარაციების წარუდგენლობისათვის სანქციამ შეადგინა 4000 ლარი.

თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან სასამართლოს მიერ განხილულია: 2004 წელს - 46 საქმე (სანქცია დაეკისრა 27 პირს და შეწყდა 19 საქმე); 2005 წელს - 259 საქმე (სანქცია დაეკისრა 205 პირს და შეწყდა 54 საქმე); 2006 წელს - 102 საქმე (სანქცია დაეკისრა 76 პირს და შეწყდა 26 საქმე), 2007 წელს - 109 საქმე (სანქცია დაეკისრა 46 პირს და შეწყდა 63 საქმე). 2008 წლის სადეკლარაციო პერიოდის სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ბიურომ შესაბამისი ოქმი შეადგინა და რეაგირებისათვის სასამართლოს გაუგზავნა.

თანამდებობის პირს დეკლარაციის შევსების რამდენიმე ვალდებულება აქვს. 2004 წლამდე პიროვნება ჯერ ინიშნებოდა თანამდებობაზე და მერე მას 1 თვის განმავლობაში უნდა შეევსო დეკლარაცია. იგივე ვალდებულება ეკისრებოდა თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 1 თვის განმავლობაში. ყოველწლიური სადეკლარაციო პერიოდიც, ჩვეულებრივად, 1 აპრილიდან 30 აპრილამდე მოქმედებდა. 2004 წლის 13 თებერვალს კანონში შევიდა ცვლილებები და დამატებები, რის შემდეგაც პირი არ შეიძლება თანამდებობაზე დაინიშნოს, თუ მან თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში არ წარადგინა ქონებრივი დეკლარაცია და მის დამნიშნავ ხელმძღვანელს არ გადაეგზავნა დეკლარაციის ასლი.
თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ კი უკვე ავსებს არა 1 თვის ვადაში, არამედ მომავალ სადეკლარაციო პერიოდში, ანუ აპრილის თვეში.

თანამდებობის პირი თავისუფლდება დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის ვალდებულებისაგან, თუ მან თანამდებობა დატოვა ისეთ თანამდებობაზე არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცების გამო, რომელზე მყოფი პირისთვისაც დეკლარაციის შევსება სავალდებულოა. თანამდებობის პირი ასევე თავისუფლდება დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის ვალდებულებისგან, თუ იგი თანამდებობის დატოვებიდან ერთი თვის განმავლობაში აირჩევა, დაინიშნება ან დამტკიცდება ისეთ დანამდებობაზე, რომელზე მყოფი პირისთვისაც, ამ კანონის შესაბამისად, დეკლარაციის შევსება სავალდებულოა.

2007 წლის 8 ივნისს კანონში შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი, გამარტივებული ფორმით, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში.

თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო 1998 წლიდან ფუნქციონირებს. თავდაპირველად ის შეიქმნა როგორც კონტროლის პალატასთან არსებული, ხოლო 2004 წლიდან გარდაიქმნა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. იუსტიციის მინისტრი ნიშნავს ბიუროს თავმჯდომარეს და ამტკიცებს ბიუროს მიერ შემუშავებულ დეკლარაციის ფორმებს.

ბიურო შეიქმნა დეკლარაციის მიღების, თანამდებობის პირის ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საჯაროობისა და დეკლარაციების დროულად ჩაბარებაზე კონტროლის უზრუნველსაყოფად. ბიუროს ამოცანებია: თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ფორმის დაუბრკოლებლად მიღების უზრუნველყოფა, შევსებული დეკლარაციის მიღება და შენახვა, დეკლარაციის შინაარსის საჯაროობის უზრუნველყოფა, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციების აღრიცხვა, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციების კანონით გათვალისწინებულ ვადებში ჩაბარებაზე კონტროლი, იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენა და საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა, რომელთათვისაც დეკლარაციის შევსება სავალდებულოა და ა.შ.

ბიურო პასუხს არ აგებს მიღებული დეკლარაციების მონაცემთა სისრულესა და ნამდვილობაზე. ფაქტობრივად, ამ მონაცემთა სიზუსტე თავად დეკლარანტის კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციაზეა დამოკიდებული.
თანამდებობის პირის ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობა საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დაუბრკოლებლად გაეცნოს ბიუროში წარმოდგენილი დეკლარაციის დედანს ან საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შემდეგ მიიღოს ბიუროს მიერ დამოწმებული მისი ასლი. 1998 წლიდან დღემდე ბიუროში დაცულია თანამდებობის პირთა მიერ წარდგენილი 35 ათასზე მეტი დეკლარაცია როგორც ხელნაწერი, ისე ელექტრონული ვერსიის სახით.

ვინ რა ჩაწერა თავის დეკლარაციაში

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 30 აპრილამდე მორიგი სადეკლარაციო პერიოდი იყო. ამ დროში საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირება უნდა მოეხდინათ როგორც თანამდებობის პირებს, ისე მათ, ვინც 2007 წლის პირველი აპრილის შემდეგ დატოვეს ამავე კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობები. რა თქმა უნდა, დეკლარანტებში ისინიც შედიოდნენ, ვინც გადაწყვიტა მიმდინარე წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ეყარა კენჭი. მათი რიცხვი კი 1671 გახლდათ და ბუნებრივია, უმრავლესობა ვერ მოხვდა ახალი მოწვევის პარლამენტში; დეპუტატის მანდატი მხოლოდ 150-მა კანდიდატმა მოიპოვა და მათგან ოპოზიციის წარმომადგენელთა უმრავლესობამ, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, პარლამენტის წევრობაზე საკუთარი ნებით უარი განაცხადა.

ჩვენ გთავაზობთ ძირითად მონაცემებს დავით ბაქრაძის, მიხეილ მაჭავარიანის, ლევან გაჩეჩილაძის, არჩილ გეგენავას, გიორგი გოგუაძის და რუსუდან კერვალიშვილის დეკლარაციებიდან. შევნიშნავთ, რომ დეკლარაციაში შეიძლება არ მიეთითოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ის უძრავი თუ მოძრავი ქონება, რომლის ღირებულება 20 000 ლარს არ აღემატება. ბაქრაძე, გაჩეჩილაძე და მაჭავარიანი სანამ პარლამენტის წევრობის კანდიდატები გახდებოდნენ, უკვე იყვნენ თანამდებობის პირები, ამიტომ მათ ორ-ორჯერ მოუწიათ დეკლარაციების შევსება; თითოეულმა მათგანმა შეავსო როგორც თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები, ისე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციები, რომლის ფორმებიც უფრო გამარტივებულია და დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის #110 ბრძანებით.

დავით ბაქრაძე:

დავით ბაქრაძემ მიმდინარე წლის 17 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები, რომლებიც სულ 17 გვერდს მოიცავს; ხოლო მისი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციები 27 აპრილსაა შევსებული და 9 გვერდს მოიცავს.

ყოფილი მინისტრი და დღეს უკვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოჯახთან ერთად ვერაზე, ლარსის შესახვევში ცხოვრობს. ოჯახში კი მის გარდა არიან: მეუღლე მაკა მეტრეველი, ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი (ეკატერინე და ნინო), მამამისი შუქრი ბაქრაძე და დედამისი ლილი ბაქრაძე.

ლარსის შესახვევში მდებარე ბინა დეკლარანტის საკუთრებაა და მისი საბაზრო ღირებულება 190 000 ლარია. მისი მეუღლის საკუთრებაა თბილისში, ტიბაანის ქუჩაზე მდებარე 45 000 ლარად შეფასებული სახლი მიწის ნაკვეთით და აგრეთვე ერთი მესამედი აგარაკისა სურამში, რომლის საერთო ღირებულება 30 000 ლარია.

დავით ბაქრაძის საკუთრებაში არსებული 6 000-ლარიანი ტყავის სამეული, 5 000-ლარიანი სასადილო გარნიტური, 5 000-ლარიანი სამზარეულო გარნიტური და შუქრი ბაქრაძის 5 000-ლარიანი ავტომობილი ("ოპელ-ვექტრა", 1995 წ.) მხოლოდ თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაშია შესული, ვინაიდან, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, პარლამენტის წევრობის კანდიდატის დეკლარაციის ფორმები გამარტივებულია და მასში აისახება მხოლოდ ის უძრავი თუ მოძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც 20 000 ლარს აღემატება.

მინისტრს სახელფასო საბარათე ანგარიშზე "თიბისი ბანკში" 860 ლარი, ხოლო ნაღდი ფულის სახით 20 000 ლარი ჰქონია.

ლილი ბაქრაძე 2003 წლიდან დღემდე ინდმეწარმეა და ამ საქმიანობიდან მის მიერ მიღებულმა შემოსავალმა გასული წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 1 აპრილამდე პერიოდში 4 093 ლარი შეადგინა. მასვე 2007 წლის 18 აპრილს ტიბაანის ქუჩაზე 33 500 ლარად შეუძენია მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით და შემდეგ სახლის სარემონტო სამუშაოებზე 25 000 ლარი დაუხარჯავს.
სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლის გარდა, 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 1 აპრილამდე ლილი ბაქრაძეს, როგორც განათლების სამინისტროს აკადემიურ სტიპენდიანტს, მიუღია 690 ლარი და შუქრი ბაქრაძესაც, ასევე როგორც აკადემიურ სტიპენდიანტს - 1 035 ლარი; რაც შეეხება თავად დეკლარანტს, მას საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობისას მიუღია 10 797 ლარი, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრობისას - 25 517 ლარი, ხოლო საქართველოს პარლამენტის წევრობისა და კომიტეტის თავმჯდომარეობისას - 28 417 ლარი.

საანგარიშო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტს დავით ბაქრაძის მივლინებები საქართველოს პარლამენტიდან 30 081 ლარი (დღიური და წარმომადგენლობითი - 9 876 ლარი; მგზავრობის და სასტუმროს ხარჯი - 20 205 ლარი) და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან 47 500 ლარი (დღიური და წარმომადგენლობითი - 3 675 ლარი; მგზავრობის და სასტუმროს ხარჯი - 43 825 ლარი) დაუჯდა.

მიხეილ მაჭავარიანი:

მაჭავარიანმა, როგორც წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ,  მიმდინარე წლის 16 აპრილს შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები, რომლებიც სულ 13 გვერდს მოიცავს; ხოლო მისი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციები 29 აპრილსაა შევსებული და 7 გვერდს მოიცავს.

მიხეილ მაჭავარიანი ოჯახთან ერთად ცხოვრობს რუსთაველის გამზირზე მდებარე 213 000 ლარად ღირებულ ბინაში; ოჯახი კი 5-სულიანია: თავად დეკლარანტი, მისი მეუღლე სოფიო ჟღენტი, ორი მცირეწლოვანი შვილი (ვარდენი და ბარბარე) და დედამისი მარინე მდინარაძე.

აღნიშნული ბინა მიხეილ მაჭავარიანის, სოფიო ჟღენტისა და მარინე მდინარაძის ერთობლივ საკუთრებას წარმოადგენს. პირადად მიხეილ მაჭავარიანის საკუთრებაა საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში მამა-პაპეული სახლის ნაწილი, რომელიც 8 500 ლარი ღირს და იქვე 1 122 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი, აგრეთვე მიწის ნაკვეთი თბილისში (დიღომში), რომლის საბაზრო ღირებულება 50 000 ლარია. მარინე მდინარაძეს ეკუთვნის თბილისში, 9 ძმის ქუჩაზე მდებარე 59 924 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი და თბილისში (ნაფეტვრებში) მდებარე 18 000 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი. სოფიო ჟღენტს განვადებით აქვს შეძენილი 27 000 ლარიანი ავტომობილი "ფოლკსვაგენ-ჯეტა", რომლის ღირებულება სრულად 2008 წლის 10 ოქტომბრისთვის უნდა დაფაროს.

მიხეილ მაჭავარიანს "თიბისი ბანკის" "ვიზა გოლდის" საბარათე ანგარიშებზე ჰქონია 14 378 ევრო, 22 913 ლარი და 335 დოლარი, ხოლო "საქართველოს ბანკის" "ვიზა კლასიკზე" - 7 286 ევრო. მის პატარა ქალ-ვაჟს კი "თიბისი ბანკში" თითოეულს სადეპოზიტო ანაბარზე 15 000-15 000 დოლარი ჰქონია. ამას გარდა, სოფიო ჟღენტს საკუთრებაში არსებულმა ნაღდმა ფულადმა თანხამ 5 900 ლარი შეადგინა.

გასული წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 1 აპრილამდე პერიოდში მიხეილ მაჭავარიანმა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სამუშაოს შესრულებით მიიღო 58 489 ლარი და მივლინებებისთვის - 29 239 ლარი; სოფიო ჟღენტი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად მუშაობს "ინტერ-ტურსა" და "აიეტი-TV"-ში, რაშიც ერთგან 4 625 ლარი და მეორეგან 6 000 ლარი მიიღო; მარინე მდინარაძე კი პენსიონერია და მისმა შემოსავალმა 788 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ხარჯებს საანგარიშო პერიოდში, სოფიო ჟღენტს ავტომობილის დაზღვევაში გადაუხდია 738 დოლარი (1310 ლარი), მანქანის განვადებაში - 9 500 დოლარი (16 030 ლარი). თავად დეკლარანტს საშემოსავლო გადასახადის სახით 7 215 ლარი დაუკავეს.

ლევან გაჩეჩილაძე:

ლევან გაჩეჩილაძემ, როგორც პარლამენტის წევრმა, მიმდინარე წლის 29 აპრილს შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები, რომლებიც სულ 29 გვერდს მოიცავს; ხოლო მისი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციები 24 აპრილსაა შევსებული და 17 გვერდს მოიცავს. მოგეხსენებათ, ლევან გაჩეჩილაძემ და მისმა პოლიტიკურმა თანამებრძოლებმა ახალი მოწვევის პარლამენტის მანდატები კი მოიპოვეს, მაგრამ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო არალეგიტიმურად გამოაცხადეს და მანდატებზეც უარი თქვეს.

დღეს უკვე ყოფილი პარლამენტარი და ყოფილი პოლიტიკოსი ოჯახთან ერთად თბილისში, ქობულეთის ქუჩაზე ცხოვრობს. ოჯახის წევრები კი არიან: მეუღლე ნინო მიქელაძე და სამი შვილი: რატი, გიორგი, კონსტანტინე.

ნინო მიქელაძის საკუთრებას წარმოადგენს საგურამოში ორი მიწის ნაკვეთი, საბაზრო ღირებულებებით 49 140 ლარი და 24 570 ლარი, იქვე 600 000 ლარიანი აგარაკი, 1 600 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად თბილისში და 35 000 ლარად ღირებული მსუბუქი ავტომანქანა. საგურამოში განლაგებული სამივე უძრავი ქონება (აგარაკი და ორიც მიწის ნაკვეთი) სხვადასხვა დროიდან მოყოლებული სესხის უზრუნველსაყოფად უვადო იპოთეკითაა დატვირთული. თავად ლევან გაჩეჩილაძის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა, რომლის საბაზრო ღირებულება 70 000 ლარია. მასვე ეკუთვნის 8 550 ცალი აქცია ნომინალით 1 ლარი.

ლევან გაჩეჩილაძეს დეკლარაციის შევსებისას "თიბისი ბანკში" მიმდინარე (სახელფასო) ანგარიშზე ჰქონდა 23 470 ლარი, "ბანკ რესპუბლიკაში" ვიზა-გოლდ ბარათზე - 5 094 აშშ დოლარი და "ვითიბი ბანკში" ვიზა-გოლდ ბარათზე - 5 548 აშშ დოლარი; ნინო მიქელაძეს კი "ბანკ რესპუბლიკაში" ვიზა-გოლდ ბარათზე 866 აშშ დოლარი ერიცხებოდა. გარდა ამისა, ნაღდი ფულის სახით დეკლარანტს 5 000 აშშ დოლარი ჰქონდა.

ექს-პარლამენტარი 2005 წლის 27 დეკემბრიდან ბოლო დრომდე მონაწილეობდა 2004 წლის 17 მარტს დაფუძნებული სს "საზოგადოება ლევან გაჩეჩილაძის" სამეწარმეო საქმიანობაში (რომლის აქციონერიც იგი გახლავთ) და ნიუ-იორკში ფუნქციონირებადი "IVERIA IMPORTS"  LLC-ის საქმიანობაში (რომელიც 2001 წლის 11 მაისს ნიუ-იორკის მუნიციპალიტეტის მიერაა რეგისტრირებული და რომლის პარტნიორიც ის არის), თუმცა თავისი კუთვნილი აქციები და წილი 2008 წლის 23 აპრილიდან 2013 წლის 23 აპრილამდე მართვის უფლებით აქვს გადაცემული. არც ერთი ამ ორი საწარმოდან, 2007 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 1 აპრილამდე პერიოდში, დეკლარანტს არანაირი შემოსავალი არ მიუღია.

ლევან გაჩეჩილაძე 1995 წლის 29 ნოემბრიდან 2007 წლის 19 დეკემბრამდე გახლდათ შპს "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის" პარტნიორი, საიდანაც 2007 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 1 აპრილამდე პერიოდში 437 500 დოლარი შემოსავალი მიიღო. იგივე პერიოდში მისმა, როგორც პარლამენტის წევრის შემოსავალმა 26 669 ლარი შეადგინა, ხოლო ლექციების კურსის წაკითხვით საფრანგეთის იურიდიულ პირ "PR Europe"-ში 169 949 ლარი და შპს "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიაში" 21 111 ლარი მიიღო.

ლევან გაჩეჩილაძეს დადებული აქვს უამრავი სასესხო ხელშეკრულება, კერძოდ, ხელშეკრულება "თიბისი ბანკისგან" 300 000 აშშ დოლარის სესხად აღებაზე 2004 წლის 1 ივლისიდან 2014 წლის 1 ივლისამდე; ხელშეკრულება 2004 წლის 25 ოქტომბერს ფიზიკური პირისაგან 250 000 აშშ დოლარის უვადოდ სესხად აღებაზე; ხელშეკრულება იურიდიული პირისაგან 350 000 აშშ დოლარის სესხად აღებაზე; 2005 წლის 15 მარტიდან 2010 წლის 15 მარტამდე და 2001 წლის 25 თებერვლიდან მოყოლებული 2008 წლის 11 თებერვლამდე პერიოდში სხვადასხვა დროს გაფორმებულია ხელშეკრულებები ფიზიკური პირებისათვის უვადოდ სხვადასხვა ოდენობის სესხების გაცემაზე: 250 000 აშშ დოლარის; 82 000 აშშ დოლარის; 100 000 აშშ დოლარის; 40 000 აშშ დოლარის; 30 000 აშშ დოლარის; 20 000 აშშ დოლარის; 10 000 აშშ დოლარის; 40 000 აშშ დოლარის; 10 000 აშშ დოლარის; 10 000 აშშ დოლარის; 80 000 აშშ დოლარის; 50 000 აშშ დოლარის; 30 000 აშშ დოლარის; 10 000 აშშ დოლარის; 10 000 აშშ დოლარის; 10 000 აშშ დოლარის; 10 000 აშშ დოლარის; 150 000 აშშ დოლარის; 150 000 აშშ დოლარის; 150 000 აშშ დოლარის; 80 000 აშშ დოლარის და 70 000 აშშ დოლარის გაცემაზე. გარდა ამისა, 2006 წლის 6 ივნისს დადებული აქვს ხელშეკრულება "ბანკი რესპუბლიკის" წინაშე უვადო სესხზე თავდებად დადგომის შესახებ (დეკლარაციაში სესხის მოცულობა და სესხის ამღები მითითებული არ არის).

საანგარიშო წლის განმავლობაში ლევან გაჩეჩილაძეს 1950 ცალი სახელობითი აქცია გაუჩუქებია (აქციის ნომინალი 1 ლარი). იგივე პერიოდში მას შესყიდვის ოფციოზის გაუქმების ხელშეკრულებიდან 18 462 აშშ დოლარი შემოსავალი მიუღია  და ხარჯი გაუღია: საქველმოქმედო საქმიანობაზე 50 000 ლარი, რატი გაჩეჩილაძის სწავლაზე 60 000 აშშ დოლარი, გიორგი გაჩეჩილაძის სწავლაზე 60 000 აშშ დოლარი, ტურისტულ მოგზაურობაზე 30 000 აშშ დოლარი, რატი გაჩეჩილაძის ტურისტულ მოგზაურობაზე 15 000 აშშ დოლარი და გიორგი გაჩეჩილაძის ტურისტულ მოგზაურობაზე 15 000 აშშ დოლარი. ასევე 15 000 აშშ დოლარის გასავალი ჰქონია ტურისტულ მოგზაურობაზე დეკლარანტის მეუღლეს ნინო მიქელაძესაც.

არჩილ გეგენავა:

ცნობილი ბიზნესმენი და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ გეგენავა ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის ახალი სახეა ახალი მოწვევის პარლამენტში. მან 29 აპრილს შეავსო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციები, რაც სულ 9 გვერდისგან შედგება. გეგენავას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინაშია. საინტერესოა, რომ ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დეკლარაციაში არსად არაა აღნიშნული, როგორც ამ ოჯახის რომელიმე წევრის საკუთრება. დეპუტატის ოჯახი 4 სულიანია: თავად არჩილ გეგენავა, მისი მეუღლე სოფიო ცხვედიანი და მათი მცირეწლოვანი შვილები ლიზი და ნიკოლოზი.

არჩილ გეგენავას საკუთრებას წარმოადგენს 600 000 ლარად ღირებული 2 400 კვ.მ. სატყეო უბანი დაბა წყნეთში, ბაგებში ორი სატყეო უბანი, რომელთაგან თითოეულის ღირებულებაა 150 000 ლარი, ხოლო ფართი - 600 კვ.მ; მასვე ეკუთვნის 130 000 ლარად ღირებული მსუბუქი ავტომანქანა, მის მეუღლეს კი - ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე 325 000 ლარად ღირებული ბინა.
დეპუტატი სს "თელიანი ველის" 11 110 000 აქციის (აქციის ნომინალი 0,01 ლარი) და სს "სასტუმროების და რესტორნების მენეჯმენტის ჯგუფის" 150 აქციის (აქციის ნომინალი 100 ლარი) მესაკუთრეა.

ოჯახის უფროსის სახელზეა "საქართველოს ბანკში" ორ შემნახველ საანაბრე ანგარიშზე 249 875 აშშ დოლარი და 253 660 აშშ დოლარი, აგრეთვე საბარათე ანგარიშზე - 55 000 აშშ დოლარი.

არჩილ გეგენავა არის ზემოთ დასახელებული ორი სააქციო საზოგადოების აქციონერი და მრავალი შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს პარტნიორი, ხოლო მისი მეუღლე - შპს "კაშე"-ს პარტნიორი, თუმცა 2007 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 აპრილამდე მხოლოდ სს "თელიანი ველიდან" ჰქონიათ შემოსავალი და ეს შემოსავალი 360 000 ლარი გახლდათ.

იგივე პერიოდის სხვა შემოსავლებს რაც შეეხება, გეგენავამ, როგორც სს "სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტის ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა მიიღო 10 000 ლარი, შპს "გდგ"-ს საწესდებო კაპიტალში 100% წილის გაყიდვით - 332 761 ლარი და შპს "კოლორიტის" საწესდებო კაპიტალში 10% წილის გაყიდვით - 763 609 ლარი.

გიორგი გოგუაძე:

ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის ასევე ახალი სახეა სს "სახალხო ბანკის" ყოფილი გენერალური დირექტორი და ისნის რაიონის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, პროფესორ ვახტანგ გოგუაძის ვაჟი გიორგი გოგუაძე. მისი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციები 30 აპრილსაა შევსებული და სულ 7 გვერდს მოიცავს.

გიორგი გოგუაძე მეუღლე ნატო გურგენიძესთან და ორ შვილთან (ნანასთან და ვახტანგთან) ერთად ცხოვრობს ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 150 000 ლარად ღირებულ ბინაში, რომელიც ნატო გურგენიძის საკუთრებას წარმოადგენს. მისივე საკუთრებაა 200 000 ლარად ღირებული აგარაკი ტაბახმელაში.

თავად დეპუტატი სს "სახალხო ბანკის" 908 000 ცალი აქციის მფლობელია, ამ აქციის ნომინალი კი 0,01 ლარია. ამავე ბანკში გოგუაძის მიერ სალარე ანგარიშზე შენატანი 618 388 ლარს შეადგენს. აქვე მან, როგორც გენერალურმა დირექტორმა, 2007 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 აპრილამდე  პერიოდში მიიღო ხელფასი 919 800 ლარი და პრემია 429 520 ლარი.

რუსუდან კერვალიშვილი:

ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის კიდევ ერთი ახალი სახეა წარმატებული ბიზნესმენი რუსუდან კერვალიშვილი - სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. ერთობ შთამბეჭდავი ინფორმაციის შემცველია მისი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციები, რომლებიც 30 აპრილსაა შევსებული და 22 გვერდს მოიცავს.

დეკლარანტს მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს მცხეთის რაიონში, არმაზის დასახლებაში მდებარე სახლი, რომელიც ამ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად მამამისის, ოთარ კერვალიშვილის სახელზეა გაფორმებული და 7 200 000 ლარი ღირს. კერვალიშვილების ოჯახი 3-სულიანია: რუსუდან კერვალიშვილი, მამამისი ოთარ კერვალიშვილი და დედამისი ლამარა ჭიპაშვილი.

თავად რუსუდან კერვალიშვილის საკუთრებას წარმოადგენს: დედაქალაქში, ბოცვაძის ქუჩაზე მდებარე 720 000 ლარად ღირებული ბინა, 155 000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი დაბა ურეკში, 700 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი ქალაქ ბათუმში, 116 500 ლარად ღირებული ავტომანქანა AUDI Q7, 26 000 ლარად ღირებული ავტომანქანა NISSAN  ALTIMA,  29 000 ლარად ღირებული ავტომანქანა TOYOTA  RAV4,  2 ცალი ოქროს გულსაკიდი - სულ 47 000 ლარად ღირებული, 23 000 ლარად ღირებული ოქროს ჯვარი, 23 ცალი ფერწერული ტილო - საერთო ღირებულებით 2 000 000 ლარი, 4 ცალი ლარნაკი - სულ 120 000 ლარად ღირებული და 35 000 ლარად ღირებული სასადილო გარნიტური;

არმაზში მდებარე ზემოთ აღნიშნულ სახლთან ერთად, დეპუტატის მამის საკუთრებას წარმოადგენს აგრეთვე: 30 000 ლარად შეფასებული სახლი და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი ონის რაიონის სოფელ სორში, 1 700 000 ლარად ღირებული 27 ცალი ფერწერული ტილო, 65 000 ლარიანი სასადილო გარნიტური, სულ 190 000 ლარად ღირებული 6 ცალი საძინებელი გარნიტური და სულ 55 000 ლარად ღირებული 2 ცალი მისაღები ოთახის გარნიტური.

რუსუდან კერვალიშვილის საკუთრებაში არის 2 000 ცალი აქცია და ამ ფასიანი ქაღალდის ნომინალია 10 ლარი.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსებისას დეპუტატს "თიბისი ბანკში" შემნახველ ანგარიშზე ჰქონდა 14 774 აშშ დოლარი და საბარათეზე 14 966 აშშ დოლარი, "ბანკ რესპუბლიკაში" საბარათეზე 4 969 აშშ დოლარი, "საქართველოს ბანკში" საბარათეზე 4 511 აშშ დოლარი და ოთარ კერვალიშვილს "თიბისი ბანკში" მიმდინარე ანგარიშზე  1 865 აშშ დოლარი.

რუსუდან კერვალიშვილის, როგორც შპს "ცენტრ პოინტი ჯგუფის" პარტნიორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიერ მიღებულმა შემოსავალმა გასული წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 1 აპრილამდე პერიოდში შეადგინა 31 972 ლარი. დანარჩენი სამეწარმეო საქმიანობებიდან ამ პერიოდში მას შემოსავალი არ ჰქონია. გასული წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 1 აპრილამდე პერიოდში ასევე არ მიუღია შემოსავალი დეპუტატის მამას, ოთარ კერვალიშვილს, რომელიც 2004 წლიდან შპს "მარიჯანის" პარტნიორია.

დეკლარაციაში საკმაოდ მრავლადაა წარმოდგენილი რუსუდან კერვალიშვილის მიერ დადებული ის მოქმედი ხელშეკრულებები, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება. კერძოდ, ესენია:

სესხის ხელშეკრულება შპს "ცენტრ პოინტი ინვესტიდან" (დეკლარანტი ამ ფირმის პარტნიორია) 2007 წლის 28 დეკემბერს ერთი წლის ვადით 400 000 აშშ დოლარის მიღებაზე;

სესხის ხელშეკრულება შპს "ცენტრ პოინტი ინვესტიდან" 2007 წლის 9 დეკემბერს ერთი წლის ვადით 100 500 აშშ დოლარის მიღებაზე;

სესხის ხელშეკრულება შპს "ცენტრ პოინტი ინვესტიდან" 2007 წლის 25 ივნისს 2008 წლის 25 ოქტომბრამდე ვადით 70 000 აშშ დოლარის მიღებაზე; მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით დაბრუნებულია 50 000 აშშ დოლარი;

სესხის ხელშეკრულება შპს "ცენტრ პოინტი ინვესტიდან" 2008 წლის 10 აპრილს ერთი წლის ვადით 30 000 აშშ დოლარის მიღებაზე;

სესხის ხელშეკრულება შპს "ცენტრ პოინტი ინვესტიდან" 2007 წლის 6 დეკემბერს ერთი წლის ვადით 45 000 ლარის მიღებაზე;

სესხის ხელშეკრულება შპს "ცენტრ პოინტი ჯგუფის" ფილიალი "ცენტრ პოინტი კრწანისიდან" 2005 წლის 18 ივნისს 2008 წლის 1 ივლისამდე ვადით 3 125 270 ლარის მიღებაზე; მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, გაწეულმა ხარჯმა (სესხის და პროცენტების დაფარვა) 3 252 612 ლარი შეადგინა;

სესხის ხელშეკრულება "თიბისი ბანკიდან" 2007 წლის 28 დეკემბერს 2009 წლის 1 აპრილამდე ვადით - მიიღო 18 000 აშშ დოლარი და მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 4 947 აშშ დოლარი;
თავდებობის, სესხის ხელშეკრულება "თიბისი ბანკიდან" 2006 წლის 3 ივლისს 2009 წლის 10 ივლისამდე ვადით 17 300 აშშ დოლარის მიღებაზე; გაწეული ხარჯი 13 357 აშშ დოლარია;

სესხის, გირავნობისა და თავდებობის ხელშეკრულება "თიბისი ბანკიდან" 2007 წლის 9 მარტს 2010 წლის 10 მარტამდე ვადით 92 960 აშშ დოლარის მიღების შესახებ; გაწეული ხარჯი 49 301 აშშ დოლარია;

სესხის, თავდებობის, გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულება "თიბისი ბანკიდან" 2008 წლის 6 თებერვალს 2010 წლის 10 თებერვლამდე ვადით 53 950 აშშ დოლარის მიღების შესახებ; გაწეული ხარჯი 5 426 აშშ დოლარია;
სესხის, თავდებობის, გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულება "თიბისი ბანკიდან" 2007 წლის 19 ნოემბერს 2009 წლის 10 ნოემბრამდე ვადით 53 040 აშშ დოლარის მიღების შესახებ; გაწეული ხარჯი 55 102 აშშ დოლარია;
სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება "თიბისი ბანკიდან" 2005 წლის 7 აპრილს 2008 წლის 10 აპრილამდე 24 000 აშშ დოლარის მიღების შესახებ; გაწეულმა ხარჯმა 31 280 დოლარი შეადგინა;

"თიბისი ბანკიდან" საკრედიტო ბარათით 2007 წლის 30 მაისს ორი წლის ვადით 10 000 აშშ დოლარის მიღების შესახებ;

"თიბისი ბანკიდან" საკრედიტო ბარათით 2006 წლის 22 ივნისს ორი წლის ვადით 10 000 აშშ დოლარის მიღების შესახებ;

სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება "საქართველოს ბანკიდან" 2008 წლის 19 მარტს სამი წლის ვადით 16 674 აშშ დოლარის მიღების შესახებ: გაწეული ხარჯი 578 აშშ დოლარია;

სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება ოთარ კერვალიშვილსა და შპს "ცენტრ პოინტ ინვესტს" შორის, რომელიც ორი წლის ვადით გაფორმდა 2007 წლის 28 დეკემბერს და რომლითაც ოთარ კერვალიშვილმა 70 000 აშშ დოლარი გასცა; მიღებულმა შემოსავალმა 2 520 აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 1 აპრილამდე პერიოდში რუსუდან კერვალიშვილის მიერ უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 3 974 638 ლარი და უძრავი ქონების შეძენისათვის გაწეულმა ხარჯმა 2 817 402 ლარი შეადგინა.

დაბოლოს, დეკლარაციის შევსებისას რუსუდან კერვალიშვილის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული 600 000 აშშ დოლარი, ოთარ კერვალიშვილის საკუთრება 1 100 000 აშშ დოლარი და ლამარა ჭიპაშვილის კი - 100 000 აშშ დოლარი გახლდათ.

დალი ჩიკვაიძე