ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ვისი პროგნოზები აღმოჩნდება სწორი
დღეს, ალბათ, ქართულ პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების შემდგომი სიტუაციის სწორად შეფასება და შესაბამისად, მოვლენების შემდგომი განვითარების პერსპექტივის ზუსტად განსაზღვრაა. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახადა ოპოზიციის ნაწილის მიერ არჩეულმა სამოქმედო გეგმამ, რომელმაც უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე. ხელისუფლების რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის გაცილებით კომფორტულად იგრძნობდა თავს, თუკი ოპოზიცია მთლიანად შევიდოდა პარლამენტში და თავისთვის განკუთვნილ მცირერიცხოვან ადგილებს დაიკავებდა, მაგრამ ამას არ იმჩნევს და "ქუჩაში დარჩენილ" ოპოზიციას მარგინალიზაციას უწინასწარმეტყველებს.

გაჩნდება თუ არა მოთხოვნა "რადიკალურ მოქმედებაზე"

გასაგებია ისიც, რომ "ქუჩაში დარჩენილი" ოპოზიცია მასობრივი საპროტესტო აქციების იმედზეა. 2007 წლის შემოდგომაზე მოულოდნელად ქუჩაში გამოსულმა ათეულ ათასობით ადამიანმა ოპოზიცია ერთბაშად ანგარიშგასაწევ ძალად აქცია და ხელისუფლებაც გვარიანად შეაშინა. ეს მუხტი 26 მაისსაც საგრძნობი იყო. საპროტესტო გამოსვლამ ხელისუფლებას აღლუმი სასწრაფოდ დაამთავრებინა, მაგრამ ოპოზიციისთვის მოულოდნელად მოქალაქეთა "საპროტესტო მუხტი" უცბად გაქრა. ყოველ შემთხვევაში, დღეს მასობრივი აქციების მოწყობა ოპოზიციას აღარ შეუძლია. ეს პარლამენტის პიკეტირების უშედეგო მცდელობამაც აჩვენა. შესაბამისად, რადიკალურმა ოპოზიციამ, პარლამენტში შესვლაზე საბოლოო უართან ერთად, ზაფხულში თავისებური ტაიმ-აუტი აიღო და შემოდგომამდე გააქტიურებას არ აპირებს.

გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში რომ ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი იყო, ამას დღეს ხელისუფლების პირველი პირები თავადაც აღიარებენ. მოვლენათა შემდგომი განვითარება მათი მხრიდან ფასდება როგორც შექმნილი ვითარებიდან "დემოკრატიული გამოსავლის" პოვნა. ხალხმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო და, განვლილ ოთხ წელიწადში გატარებული უმძიმესი რეფორმების მიუხედავად, კვლავ მხარი დაუჭირა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსულ ხელისუფლებას. საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მხარდაჭერა თითქმის ერთსულოვანია და ხელისუფლება გამოხატავს და ასახავს ხალხის ნებას. ოპოზიცია კვლავ უსუსური და არაფრის მაქნისია. მან ვერ შეასრულა ვერცერთი თავისი განაცხადი და ფაქტობრივად სრული დისკრედიტაცია განიცადა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა და პროსახელისუფლებო ანალიტიკოსების დასკვნით, ოპოზიციის "ქუჩაში დარჩენილმა" ნაწილმა მძიმე შეცდომა დაუშვა და მარგინალიზაციისათვის არის განწირული. პარლამენტში არშესული ოპოზიცია რადიკალურ გამოსვლებზე აკეთებს აქცენტს, მასზე მოთხოვნილება კი მასობრივი პროტესტის ტალღამ უნდა მოიტანოს. ასეთი პერსპექტივა კი, ანალიტიკოსთა ამ ჯგუფის აზრით, კარგა ხნით გამორიცხულია. "ბოლო 4 წლის განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზების გამო დაგროვილი დიდი აგრესიის განმუხტვა რამდენიმეთვიანი საპროტესტო გამოსვლების დროს უკვე მოხდა, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც. ასე რომ, ასეთი მასშტაბის აგრესიის ხელახლა დაგროვებას ოპოზიცია დიდი ხნის განმავლობაში უნდა ელოდოს", - აღნიშნავს, მაგალითად, ეკა კვესიტაძე.

"ქუჩაში დარჩენილი" ოპოზიციის მიერ და ექსპერტთა მეორე ნაწილის მხრივ სიტუაციის შეფასება რადიკალურად განსხვავებულია. ისინი საპროტესტო ტალღის აგორებას უკვე რამდენიმე თვეში წინასწარმეტყველებენ. ექსპერტი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ "საპროტესტო მუხტი არსად არ წასულა, ის უბრალოდ სამზარეულოებში შევიდა ქუჩიდან". მისი თქმით, ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია და სიღარიბის ზღვარს მიღმა კი სულ უფრო მეტი ადამიანი რჩება. "არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც შემოდგომაზე, მაგრამ ხელისუფლება არ უნდა იყოს ეიფორიაში, რომ 4 წლით გაინაღდა რაღაცა. რეალურად ასე არ არის. რეალურად ერთი წლის განმავლობაში აუცილებლად მოხდება პოლიტიკური კრიზისის პიკი და აქ უკვე ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ როგორ იქნება ამისთვის მზად", - აცხადებს ხუხაშვილი.

რადიკალური ოპოზიცია საპროტესტო აქციებს, ხელისუფლების პოლიტიკის გამო, უკვე შემოდგომიდან ელის. ამის მანიშნებლად ე.წ. "გარე მოვაჭრეების" აყრა მიაჩნია თბილისის ქუჩებიდან, რომელთაც საარჩევნოდ ხელს არავინ კიდებდა. "ხელისუფლება მოსახლეობას წინასაარჩევნოდ ყველა სიკეთეს ჰპირდებოდა, მაგრამ ახლა ბრჭყალები გამოაჩინეს. გასაკვირი და ახალი მათ მოქმედებაში არაფერია, ვინაიდან ყველა არჩევნების შემდეგ ასე აკეთებდნენ. ასე ებრძვიან სიღარიბეს და ქმნიან სამუშაო ადგილებს. ფაქტია, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც ლუკმაპურის საძებნელადაა გამოსული და იძულებულია უმძიმესი სამუშაო შეასრულოს, ულუკმაპუროდ რჩება", - აღნიშნავს ლეიბორისტი გიორგი გუგავა.

იგივე აზრის არიან "მემარჯვენეები". მათი აზრით გადასახადების გაძვირებისა და სხვა ეკონომიკური პრობლემების გამო შემოდგომაზე ხელისუფლება სოციალურ უკმაყოფილებას თავიდან ვერ აიცილებს. სოციალური ფონის გამწვავებას საპროტესტო აქციები მოჰყვება. "გადასახადებისა და პროდუქტების გაძვირებას ხალხის სამსახურებიდან გაშვება მოჰყვება. ხელისუფლება, რომელიც ამ ხნის განმავლობაში საკუთარი თავის დაფარვას ცდილობდა, ნამდვილ სახეს გამოაჩენს. ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ შემოდგომისაკენ სოციალური ფონი კიდევ უფრო დაიძაბება. მისასალმებელი ამაში არაფერია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ქვეყნის მართვა ისე ხორციელდება, რომ შეუძლებელია ამ რყევებს გადავურჩეთ", - აღნიშნავს "მემარჯვენე" მანანა ნაჭყებია.

ერთი სიტყვით, პროგნოზები რადიკალურად განსხვავებულია. ამ პროგნოზების საფუძველზე კი პარტიები თავის სამოქმედო ხაზს აგებენ. უახლოეს პერიოდში გამოჩნდება, ვინ უფრო "სწორი გათვლა" გააკეთა სამომავლოდ.

საზოგადოებას გამოსავალის დანახვა უჭირს

21 მაისის არჩევნების შემდეგ საქართველოში საკმაოდ გაურკვეველი ვითარება შეიქმნა. ერთი შეხედვით საგანგაშო არაფერია - სახელისუფლო პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, არჩევნების შედეგები მოიწონა დასავლეთმა და დემოკრატიისკენ წინგადადგმულ ნაბიჯად ჩათვალა. მაგრამ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ სცნობს. შეიძლება ოპოზიციას მარგინალური და დამარცხებული უძახო, მაგრამ თუკი მისი მოწოდებებით ქუჩაში მრავალი ათასი ადამიანი გამოვა? შექმნილ ვითარებაში მთავარია საზოგადოების განწყობა. ამ მხრივ შეიძლება საინტერესო იყოს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვა, რომელმაც თბილისში 503 რესპონდენტი მოიცვა და 25 მაისს ჩატარდა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი მთელი საქართველო არ არის და 500-კაციან სატელეფონო გამოკითხვაშიც შეიძლება ცდომილება დიდი იყოს, ამასთან, საზოგადოების განწყობა სწრაფად იცვლება. მაგრამ ჩვენი აზრით, გამოკითხვის შედეგები მაინც მეტ-ნაკლებად ზუსტად ასახავს პოსტსაარჩევნო ვითარებას დედაქალაქში, რომელიც ყოველთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი 21 მაისის ოფიციალურად გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ენდობა. კითხვაზე "ენდობით თუ არა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებულ შედეგებს?" - გამოკითხულთა 56,92% სრულიად არ ენდობა ამ შედეგებს, 10,74% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა; 6,56% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა და მხოლოდ 25,65% სრულად ენდობა; პასუხის გაცემა 10,14%-ს გაუჭირდა.

საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი ახალი პარლამენტის შემადგენლობის მიმართაც და უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანამ პრაქტიკულად ერთპარტიული პარლამენტი მიიღო; 21 მაისს არჩეული პარლამენტი ერთპარტიულ მმართველობად შეაფასა გამოკითხულთა 41,15%-მა, კიდევ 30,02% მიიჩნევს, რომ ეს ფაქტობრივად წინა პარლამენტის გაგრძელება იქნება; გამოკითხულთა მხოლოდ 24,25%-ს მიაჩნია, რომ ახალი საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობა მრავალპარტიული და დემოკრატიულია. გამოკითხულთა 4,57%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.

არჩევნებისა და ახალი პარლამენტის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, საზოგადოების დიდ ნაწილს არც ოპოზიციის მიერ არჩეული სამოქმედო ხაზის სჯერა. კითხვაზე "როგორ აფასებთ ოპოზიციური პარტიების მხრიდან პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას?" - აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს უარყოფითად აფასებს. ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხრიდან პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა უარყოფითად შეაფასა გამოკითხულთა 37,3%-მა; უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად 13,12%-მა; უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად 5,77%-მა; ოპოზიციის ამ ნაბიჯს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 31,01%; გამოკითხულთა 12,72%-ს კი პასუხის გაცემა უჭირს.

გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით არჩევნების შედეგებში არაფერი შეიცვლება. კითხვაზე "თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები 26 მაისიდან?" (ოპოზიციის მიერ დანიშნული პირველი საპროტესტო აქციის თარიღი) გამოკითხულთა 49,30% ის აზრით, ფართომასშტაბიანი მშვიდობიანი აქციები პრაქტიკულად ვერაფერს შეცვლის და ახალი პარლამენტი თუნდაც ოპოზიციის გარეშე შეუდგება მუშაობას; 28,03%-ს მიაჩნია, რომ ხალხი ოპოზიციის მოწოდებებს არ აჰყვება და არაფერი შეიცვლება; გამოკითხულთა 12,13%-ს ეშინია, რომ უკონტროლო დესტრუქციული პროცესები განვითარდება და სიტუაცია გამწვავდება; გამოკითხულთა მხოლოდ 10,54% ფიქრობს, რომ ფართომასშტაბიან მშვიდობიან აქციებს მოჰყვება არჩევნების შედეგების გაუქმება და ახალი არჩევნების დანიშვნა.

როგორც ვხედავთ, გამოკითხვამ აჩვენა, რომ არჩევნების შედეგებისადმი დიდი უნდობლობაა საზოგადოებაში, ამავე დროს დიდი უიმედობაა იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილ სიტუაციაში რაიმე შეიძლება შეიცვალოს. რესპონდენტები პრაქტიკულად გამოსავალს ვერ ხედავენ - ერთი მხრივ ამბობენ, რომ პრაქტიკულად ერთპარტიული პარლამენტი მივიღეთ, ხოლო კითხვაზე - შეიძლება თუ არა რაიმე შეიცვალოს, პასუხობენ, რომ ვერაფერი შეიცვლება. "ხალხს ახალი პარლამენტი არ მოსწონს, არჩევნების შედეგებს არ ენდობიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჰგონიათ, რომ ის გზა, რომლითაც ახლა ოპოზიცია მოძრაობს, ის აქციები და სტრატეგია, რომელიც არჩეულია, შედეგს არ გამოიღებს; ალტერნატიულ სტრატეგიას კი ვერ ხედავენ", - აღნიშნავს გამოკითხვის ორგანიზატორი გიორგი ხუციშვილი.

საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებისადმი ნდობა ზოგადად დაბალია, შეიძლება ამ გამოკითხვის შედეგების არგათვალისწინებაც, მაგრამ ეს შედეგები დამაფიქრებელი უნდა იყოს როგორც ხელისუფლებისათვის, ისე ოპოზიციისათვის. ასეთი სიტუაცია რომ შეიქმნებოდა, ამის პროგნოზირება არჩევნების წინ რთული არ იყო, სამაგიეროდ უაღრესად რთულია ამ სიტუაციიდან ქვეყნისათვის ნაკლები დანაკარგებით გამოსვლა.

ახალი ოპოზიციის მოლოდინი

ხელისუფლებას არსებული ოპოზიციური სპექტრის არ უნდა ეშინოდეს, ეს ადამიანები პარლამენტს გარეთ იქნებიან თუ (მით უმეტეს) პარლამენტში შევლენ. ისინი ძველი ფაქტობრივად "უპერსპექტივო" სახეებია, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში იმაზე მეტი ვეღარ იქნებიან, რაც არიან. ისინი შემთხვევით აღმოჩნდნენ დიდი სახალხო საპროტესტო ტალღის თავზე და არსებული ვითარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ საპროტესტო მუხტისაგან მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერის საპარლამენტო სკამი "გამოდნა".
მთავარი მოქმედი კვლავ ხელისუფლებაა. მის მიერ დღევანდელი მდგომარეობის შენარჩუნება სამმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა: ოპოზიციის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა, სახელისუფლო რესურსის უხვად გამოყენებამ და ასევე უხვად გაცემულმა დაპირებებმა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ხელისუფლებისათვის მთავარ პრობლემად მისივე დაპირებები შეიძლება იქცეს, რომელთა შესრულებაც ადვილი სულაც არაა. ექსპერტები ასევე მიუთითებენ ხელისუფლების შესაძლო შეცდომებზეც, როდესაც "ხალხის საყოველთაო მხარდაჭერის" მოტივით, შეიძლება გააგრძელონ ის პოლიტიკური კურსი, რამაც ქვეყანა ნოემბრის მოვლენებამდე მიიყვანა. ერთი სიტყვით, არის ალბათობა იმისა, რომ ადამიანები ისევ ქუჩაში გამოვლენ. ვინ იქნება მათი "მედროშე"? მათ სათავეში მოექცევიან ოპოზიციის "ნაცნობი სახეები" თუ გამოჩნდებიან ახალი ლიდერები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის გაცილებით უფრო საშიში მეტოქეები იქნებიან, ვიდრე დღევანდელი კვლავ დაქსაქსული ოპოზიცია?

დღეს ქართული პოლიტიკის ოპოზიციურ ფრთაზე, მიუხედავად ფიგურების სიმრავლისა, ფაქტობრივად სიცარიელეა და იქ ახალი სახეების გამოჩენა იმედით და მოწონებით იქნება აღქმული საზოგადოების მიერ. ოპოზიციაზე მოთხოვნილება კი ცოტა ხანში კვლავ გაიზრდება, თუნდაც იმიტომ რომ საზოგადოების დღევანდელ განწყობას "ვარდების რევოლუციის" შემდგომი ლამის საყოველთაო ეიფორია აღარ ახასიათებს. დღევანდელ უალტერნატივო ხელისუფლებას, ეს, ალბათ, კარგად უნდა ახსოვდეს.

ზოგიერთი ექსპერტი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე რთულ პროცესებზე მიუთითებს და ახალ პოლიტიკურ კრიზისს მოელის. "რეალურად ერთი წლის განმავლობაში აუცილებლად მოხდება პოლიტიკური კრიზისის პიკი და აქ უკვე ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ როგორ იქნება ამისათვის მზად", - აღნიშნავს ექსპერტი გია ხუხაშვილი. მთავარი ისაა, თუ ვინ შეძლებს ახალ საპროტესტო ტალღაზე ხალხის ნდობის მოპოვებას - საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიცია თუ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს პოლიტიკაში გამოჩენას ფიქრობენ ან ხელსაყრელ დროს უცდიან ამისათვის. ყველაზე რთული სცენარი კი საპროტესტო აქციების პოლიტიკოსთა კონტროლიდან გამოსვლაა.

დავით მალხაზიშვილი