ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ეკონომიკური მოზაიკა
პატრიარქმა შრომის მაღალი კულტურის დამკვიდრებისაკენ მოუწოდა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II თავის ეპისტოლეში შეეხო შრომისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლის და შრომის მაღალი კულტურის დამკვიდრების აუცილებლობას. პატრიარქის თქმით, "პოსტსაბჭოთა 18-წლიანმა გარდამავალმა პერიოდმა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში მოშალა სურვილი და განწყობა შრომისადმი. არადა, ნებისმიერი საქმის წარმატებისათვის განწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს".
 
კათალიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, "შრომასთან მიმართებაში ამჟამად არსებული უარყოფითი განწყობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს" და საზოგადოება "საოცარ შედეგს" მიიღებს. პატრიარქის თქმით, ქართველი ხალხის ისტორიული გამძლეობის და თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი დაუღალავი შრომა იყო. განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი საქმიანობა, რომელიც ბუნებასთან კავშირშია; "მიწასთან, მცენარეებთან, ცხოველებთან მიმართებაში სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობა".

კათალიკოს-პატრიარქმა დაგმო გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოება სოფლის მეურნეობაში, რადგანაც ეს "ღვთის მიერ ათასწლეულების განმავლობაში დაწესებული სახეობათაშორისი საზღვრებისა და წესრიგის დარღვევას იწვევს", რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს გარემოს და ადამიანის სულიერ სამყაროს. პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, რომ მიუხედავად სიიაფისა და საზოგადოებაში არსებული გაჭირვებისა, უარი ითქვას გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენებაზე.

კათალიკოს-პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ამ საკითხს სათანადო ყურადღებას მიაქცევს და შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს, რათა საქართველოს "სოფლის მეურნეობა ნატურალური პროდუქტების წარმოების გზით განვითარდეს". პატრიარქმა მიუთითა, რომ ასეთი სოფლის მეურნეობა შეიძლება "ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მძლავრ ბერკეტად იქცეს", რადგანაც მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მოთხოვნილება სულ უფრო იზრდება.

პატრიარქის შეფასებით, თუ ეს განხორციელდა, "იგი დიდ სტიმულს მისცემს როგორც სოფლის მეურნეობის წინსვლას, ისე ამ სფეროში გადამამუშავებელი ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზეც ქართულ პროდუქციას თავის ადგილს დაუმკვიდრებს".

საქართველოსთვის კორუფცია აღარაა დაუძლეველი პრობლემა

საერთაშორისო ანტიკორუფციულმა ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" საერთაშორისო კვლევის - "კორუფციის აღქმის ინდექსის" 2007 წლის შედეგები გამოაქვეყნა. ამ კვლევის შედეგად, საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3,4 ქულა მიიღო და გამოკითხული 180 ქვეყნიდან 79-ე ადგილი დაიკავა.

"კორუფციის აღქმის ინდექსი" ქვეყნებს აფასებს იმის მიხედვით, თუ რამდენად მწვავე პრობლემად ასახელებენ პოლიტიკურ კორუფციას ამ ქვეყნებში გამოკითხული  ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენები და ანალიტიკოსები. 2006 წელთან შედარებით, როცა იმავე კვლევის თანახმად, საქართველოს 2,8 ქულა მიენიჭა, წელს მისი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
საქართველოს ინდექსმა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო მატება. 2003 წელს იგი 1,8 იყო. 2008 წელს საქართველოსთვის მინიჭებული ქულა 3,0-ს გადასცილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო გამოვიდა იმ ქვეყნების სიიდან, სადაც კორუფცია უპირველესი და დაუძლეველი პრობლემაა.

როგორ აფასებენ ბიზნესმენები ბიზნესგარემოს

"ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ" ჩაატარა ბიზნესმენთა გამოკითხვა იმის გასარკვევად, თუ რა აზრის არიან საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე. გამოკითხულთა 61%-ის აზრით, საქართველოში ბიზნესგარემო მეტ-ნაკლებად ნორმალურია, 26% კი ფიქრობს, რომ არსებული გარემო აფერხებს ბიზნესის განვითარებას. გამოკითხულთა მხოლოდ 7%-ისათვის არსებული ბიზნესგარემო პოზიტიურია და ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

საქართველოში ბიზნესს საგადასახადო კოდექსი და კანონი "მეწარმეთა შესახებ" არეგულირებს. თუმცა საკანონმდებლო ბაზა საკმაოდ გაუმართავია, თანაც მასში ხშირი ცვლილებები შედის. 2007-2008 წლებში მხოლოდ საგადასახადო კოდექსში 80 ცვლილება შევიდა. ბიზნესმენები, განსაკუთრებით წვრილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები სუსტად იცნობენ ამ კანონმდებლობას.
კითხვაზე "რომელი კანონები არეგულირებს თქვენს ბიზნესს?" გამოკითხული მეწარმეების 77%-მა დაასახელა საგადასახადო კოდექსი, თუმცა შესწავლილი საწარმოების 23%-მა არ იცის, რომელი კანონის მიხედვით იხდის გადასახადებს, ხოლო რესპონდენტთა 14%-მა საერთოდ ვერ ახსნა, რომელი კანონი არეგულირებს მის ბიზნესს. რესპონდენტთა თითქმის 40%-ს მიაჩნია, რომ კანონები საჭიროებს ცვლილებებს, დაახლოებით 25%-ის აზრით კი კანონმდებლობა საკმაოდ ხშირად იცვლება და, ამასთან, მრავლადაა რთული და ორაზროვანი ჩანაწერები. მხოლოდ მეწარმეთა 9%-მა შეაფასა ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობა, როგორც გამართული და სავსებით გასაგები.

შესწავლილ საწარმოთა 63%-ის აზრით, ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის აუცილებელია დარგების მიხედვით ან მცირე საწარმოთათვის შეღავათების დაწესება. როგორც აღინიშნება, ეს მეთოდი ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული და სტრატეგიული დარგების განვითარებას უწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური მიღწევები: შელამაზებული და რეალური

ეკონომიკის დამოუკიდებელი ექსპერტები დიდი ხანია აღნიშნავენ, რომ საქართველოში ოფიციალური სტატისტიკა სანდო არაა და მის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შელამაზებულია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის დასაწყისში სტატისტიკური სამსახურის სტატუსი მნიშვნელოვნად დაკნინდა - ის გარდაიქმნა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებად და თან თანამშრომელთა რაოდენობა თითქმის 3-ჯერ შემცირდა. დღეს ის უწყება, ვინც ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს იძლევა, დამოკიდებულია მთავრობაზე, რომელიც მხოლოდ "სასურველი" ციფრების დეკლარირებითაა დაკავებული.

ეკონომიკის ექსპერტი არჩილ იოსებიძე ოფიციალური სტატისტიკის "ეშმაკობების" თაობაზე რამდენიმე საინტერესო ილუსტრაციას იძლევა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2003 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 3990,8 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2007 წელს ამ მაჩვენებელმა 10365,0 მილიონი დოლარი შეადგინა. გამოდის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი 2,6-ჯერ გაიზარდა! მაგრამ ეს ციფრები რეალობას არ ასახავს - აჩვენებს ნომინალურ და არა რეალურ ზრდას. კერძოდ, არ არის გათვალისწინებული ფასების მკვეთრი ზრდა, დოლარის გაუფასურებით გამოწვეული და ლარის კურსის გამყარება. ამ ფაქტორებს თუ გავითვალისწინებთ, აღმოჩნდება, რომ 2007 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 2003 წელთან შედარებით მხოლოდ 42,7%-ით გაიზარდა.

ანალოგიურად შელამაზებულია ოფიციალური სტატისტიკა ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ინფლაციამ 2007 წელს 2003 წელთან შედარებით 36,4% შეადგინა. ესეც, ლარებში თუ დავთვლით, რომლის კურსიც ამ პერიოდში მკვეთრად გამყარდა. მაგრამ დოლარულ განზომილებაში ფასები ამ პერიოდში თითქმის 1,8-ჯერ გაიზარდა. ფასების მატებისა და აშშ დოლარის გაუფასურების წყალობით 2008 წლის მარტის 100 აშშ დოლარს 2003 წლის ნოემბრის მხოლოდ 48,7 დოლარის მსყიდველუნარიანობა აქვს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს 205 აშშ დოლარი გვჭირდება იმ საქონლის შესაძენად, რასაც 2003 წლის ნოემბერში 100 დოლარი ყოფნიდა.

კიდევ უფრო დიდი იქნება სხვაობა, თუ ამგვარ შედარებას სურსათის მიხედვით განვახორციელებთ. სურსათზე ფასების ზრდა ბოლო პერიოდში დაახლოებით 1,5-ჯერ უსწრებს ინფლაციას. შესაბამისად, სასურსათო პოზიციის მიხედვით 2003 წლის ნოემბერში 100 დოლარის მსყიდველობითი უნარიანობა დღეს უკვე მხოლოდ 256,3 დოლარს აქვს. ბოლო 12 თვის მანძილზე ქარხნული წარმოების პური 36%-ით გაძვირდა, მაგრამ თუ პურის ფასებსაც აშშ დოლარებში დავთვლით, მაშინ მისი გაძვირება 57%-იანი იქნება.

ამ ციფრებიდან გასაგებია, თუ რატომ აქვს ხალხს შეგრძნება, რომ ცხოვრება ძვირდება და ის, რომ ქვეყანაში სიღარიბე რეალურად არ მცირდება...

ექსპორტის სტიმულირება ვერ ხერხდება

სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა სავაჭრო ბრუნვის მონაცემებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო შეუქცევადად იზრდება და საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო მეტად ხდება იმპორტზე დამოკიდებული. ასეთ ვითარებაში ძნელია ფიქრი დასაქმების პრობლემის გადაწყვეტაზე და სიღარიბის დაძლევაზე.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2007 წელს (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6,457 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2006 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 39,9%-ით მეტია. საერთო საგარეო ვაჭრობის მოცულობიდან ექსპორტი 1,24 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო იმპორტი - 5,22 მილიარდი დოლარი. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა რეკორდული - 3,98 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2008 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კი უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1079,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წელს საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი მხოლოდ სამ ქვეყანასთან ჰქონდა.

სავაჭრო სალდოს გაუარესება მიზეზთა მთელი კომპლექსით აიხსნება, რომელთა შორისაც შეიძლება გამოიყოს რამდენიმე გარემოება, რომელთა გავლენაც ამ პროცესზე ყველაზე თვალსაჩინოა:

- იმპორტის გაზრდას სავაჭრო ტარიფების განულების ტენდენცია უწყობს ხელს. ეს პროცესი, ზოგადად, ვაჭრობის გაიაფებას და გამარტივებას უწყობს ხელს, მაგრამ როგორც ადგილობრივი ექსპერტები აღნიშნავენ, ამგვარი პოლიტიკა ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობებს ამცირებს და იმპორტული პროდუქციით ბაზრის გაჯერების ალბათობას უფრო ზრდის;

- საექსპორტო შესაძლებლობებს საგრძნობლად ვნებს ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია, რაც ექსპორტს აძვირებს და იმპორტს, პირიქით, აიაფებს;
 
- ქართული ექსპორტის შემცირებაზე იმოქმედა რუსეთის ბაზრის დაკარგვამ, სადაც გადიოდა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი (ღვინო, ციტრუსები, ხილი, მწვანილი) და მინერალური წყლები;
 
- საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობები უაღრესად მწირია. ქვეყნიდან საექსპორტოდ ძირითადად ნედლეული და ჯართი გაედინება;

- ქართული კომპანიების ნაკლები ფინანსური მდგრადობა და უცხოურ ანალოგებთან შედარებით გაცილებით სუსტი პოზიციები.

ექსპერტთა განცხადებით, იმპორტის მუდმივი ზრდა ცხადყოფს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქცია ვერ უზრუნველყოფს ვერც ადგილობრივ ბაზარს. ეს კი თავის მხრივ, უმუშევრობის საფუძველია. იმპორტის პოზიციების გაძლიერება სირთულეს უქმნის არა მხოლოდ ადგილობრივი კომპანიების ფინანსურ თუ ინსტიტუციურ მდგრადობას, არამედ შეუძლებელს ხდის არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და, მით უფრო, ახალი ადგილების შექმნას. ექსპერტები შექმნილი ვითარების საფუძვლიან ანალიზსა და მდგომარეობის გამოსასწორებლად პრევენციული მოქმედებების აუცილებლობაზე მიუთითებენ.

როგორ დავთვალოთ უცხოური ინვესტიციები

ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანაში შემოსულ უცხოურ ინვესტიციებს, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2007 წელს საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციები შემოვიდა. ექსპერტები ამ მონაცემს საეჭვოდ ხდიან და მიაჩნიათ, რომ ამ კატეგორიაში ხელისუფლება ისეთ თანხებსაც აქცევს, რომლებიც რეალურად უცხოურ ინვესტიციებს არ უნდა მივაკუთვნოთ.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მონაცემებით, 2007 წელს შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 30% პრივატიზაციაზე, ნაწილი კი უცხოურ გრანტებზე მოდის. პრივატიზაცია სახელმწიფო ქონების კერძო საკუთრებად გარდაქმნა, ანუ ქონების დენაციონალიზაციაა. ინვესტიცია კი კერძო საკუთრებაში, ანუ სხვადასხვა სამეწარმეო სფეროში ფულის ჩადებას ნიშნავს. ამასთან, პრივატიზაციიდან მიღებული თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში შედის, ინვესტიციები კი ყოველთვის არა. პრივატიზაცია, რასაც ექსპერტები "პასიურ ინვესტიციას" უწოდებენ, კონკრეტული ობიექტის მესაკუთრის შეცვლას გულისხმობს, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას არ ნიშნავს. მიუხედავად ამისა, სტატისტიკის დეპარტამენტი ყველა ამ თანხას ინვესტიციებში ათავსებს.

2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიხედვით, არასაგადასახადო შემოსავლები, სადაც ინვესტიციები და სხვადასხვა სახის მოსაკრებელი შედის, 753 მილიონი ლარია. კაპიტალურ შემოსავლებში კი, სადაც პრივატიზაციიდან შემოსული თანხები შედის, 449 მლნ ლარი აღირიცხა.

საქართველოში შემოსულ უცხოურ ინვესტიციებს, პრივატიზაციიდან შემოსულ თანხებს და უცხოურ გრანტებს საქართველოში რამდენიმე უწყება ითვლის (ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის განვითარების სამინისტრო, ეროვნული ბანკი, საინვესტიციო სააგენტო), რომელთაც შემდეგ სტატისტიკის დეპარტამენტი აერთიანებს. მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავებულია, რადგანაც ერთი და იგივე მონაცემებს ზოგჯერ სხვადასხვა კატეგორიაში ათავსებენ.

პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძის განცხადებით, 2007 წლის ბოლოს, ნოემბერის მოვლენების შემდეგ, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ნაკადი შემცირდა. მთავრობამ მეოთხე კვარტალი "ჩავარდნის" პერიოდად გამოაცხადა. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები კი საწინააღმდეგოზე მეტყველებს - მეოთხე კვარტალში წინა სამ კვარტალზე გაცილებით მეტი 618 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიციები შემოვიდა.

დავით მალხაზიშვილი