ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
საუნივერსიტეტო რეფორმები აღრიცხვა, ანალიზსა და აუდიტის სფეროში
მეორე ათეული წელი გადის და ეროვნული, ადგილობრივი ეკონომიკა ვერ გამოვიდა ნგრევისა და განადგურების მიმდინარე პროცესებიდან. ყველაზე დიდი საშიშროებაა სამართლებრივად და ზნეობრივად არაჯანსაღი გარემოს შესაძლო ჩამოყალიბებაა, ვინაიდან უზნეობის ფაქტორების ნორმად დამკვიდრება და მორალურად მყარ პოზიციაზე გასვლა გამოიწვევს სახელმწიფოს დაშლა-ნგრევის ფაქტორთა გაძლიერებას. ასეთი "ანონიმური ზეგავლენის" თავიდან აცილება ცალკეული ინდივიდისათვის ძნელია და შეუძლებელიც. ამიტომ მსგავსი მოვლენები საზოგადოებისა და სახელმწიფოს დონეზე გადასაწყვეტი საკითხია. ამ დროს ინვესტიციაზე აგებული ეკონომიკა და ეკონომიკაში ბიზნესის წესების უპირატესი დომინირება, თუ ეროვნული და ადგილობრივი ინტერესები არ იქნა ურთიერთშეთანხმებული და პრაქტიკაში გათვალისწინებული, ადგილობრივ ინდივიდს საკუთარ სამშობლოში სხვის სამსახურში სარჩოსა და საბადებლის მაძიებლად გადააქცევს.

ამ  დროს ინვესტიციის გაგების ინგლისური ინტერპრეტაცია გასაგებად და ნათლად მიუთითებს: "ინვესტირება პირდაპირი (ინგლისური Straight line of Investment) – კაპიტალის დაბანდება საზღვარგარეთ, სხვა ქვეყანაში საკუთარი საწარმოებისა და წარმოების შესაქმნელად~. აქედან გამომდინარე, გასხვისებულ საქმიანობისა და უცხოური ინვესტიციით შექმნილ წარმოებაში ინდივიდი განსაკუთრებული ადგილობრივი თავდაცვითი მექანიზმებით უნდა იყოს დაცული.

გაუმართლებელი და არაკეთილსინდისიერი იქნებოდა უცხოელთა დახმარების უდიერი ხსენება. მაგრამ მართებული იქნება შევნიშნოთ, რომ ისინი ძირითადად თავიანთი ქვეყნის გამოცდილებისა და ინტერესების ფონზე გვთავაზობენ რჩევა-დარიგებებს, რომელიც ნაკლებად, ან ვერ ითვალისწინებს ადგილობრივ პირობებს, მოთხოვნებსა და ინტერესებს, ამასთან საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება მთავრდება მაშინ, როდესაც უნდა დაიწყოს ქვეყნის გამოყვანა კრიზისიდან; მაგრამ ამის შემდეგ იწყება "მიზნების კონფლიქტი".
დასავლეთს ურჩევნია განვითარებადი ქვეყნის სახით შეიძინოს ბაზარი და არა ახალი კონკურენტები მსოფლიო ბაზარზე, ე.ი. არა სოლიდური, არამედ მორჩილი პარტნიორები, იაფი ნედლეულის, სამუშაო ძალის მომწოდებლები, სადაც შეიძლება ასევე ეკოლოგიურად არასასურველი წარმოება-საქმიანობის გატანა.

ასეთივე დამოკიდებულება იგრძნობა განათლების სფეროში ჩატარებული და მიმდინარე რეფორმებისადმი, რადგანაც სასწავლებლები (მათ შორის უმაღლესი თუ აკადემიური ინსტიტუტები) გადავიდნენ მომსახურებისა და ბიზნესის სპეციალობების განათლებაზე მოვლენათა მეცნიერული კვლევის, ფუნდამენტური საფუძვლების შესწავლის შემცირების ხარჯზე, რასაც ჩატარებული რეფორმები ადასტურებს.

რეფორმების პერმანენტულად განახლებისა და უწყვეტლივ გატარების ბაზად უპირველეს ყოვლისა აღებულ უნდა იქნეს მატერიალური დოვლათის წარმოების მიღწეული მეცნიერულ-ტექნიკური დონე ადგილობრივი (ასევე ეროვნული) ინტერესთა და ტრადიციათა გათვალისწინებით. ადამიანები მატერიალურ დოვლათს აწარმოებენ (ქმნიან) არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, ჯგუფურად, საზოგადოებრივად. აქედან გამომდინარე, წარმოება (საქმიანობა, ბიზნესი) ყოველთვის საზოგადოებრივია და მოიცავს ადამიანთა ურთიერთობას, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებასაც, ე.ი. ადამიანებს შორის მრავალი სახის ურთიერთობა მყარდება. საზოგადოებრივ ურთიერთობებს სწავლობს საზოგადოებრივი მეცნიერებები, ხოლო წარმოებრივ ურთიერთობებს (დოვლათის წარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს) – ეკონომიკური მეცნიერება (მეცნიერებები).

წარმოებითი ურთიერთობები მყარდება ადამიანთა შორის წარმოების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარების პროცესში. ასეთი თანამიმდევრული ლოგიკური კვლევის დარღვევის შემთხვევაში, შედეგი ცალმხრივი და შეიძლება ტენდენციურიც გახდეს გარკვეული წრის სასარგებლოდ და სხვა წრისათვის საპირისპიროდ – საზიანო, მით უმეტეს, რომ შრომასა და კაპიტალს შორის წინააღმდეგობა მთლიანად ჯერჯერობით დაძლეული არ არის.

ეკონომიკური საქმიანობის პროცესი და შედეგი განზოგადდება აღრიცხვის (ინფორმაცია-ინფორმატიზაციის) მონაცემებში (მაჩვენებლებში), შეფარდდება ანალიზურ განჭვრეტაში და დასტურდება აუდიტორული შემოწმების შედეგებში. აქედან გამომდინარე, სამივე საქმიანობის მიმართულება ერთიანდება ბუღალტრული აღრიცხვის პროცესში. შეიძლება ეს ტერმინი "ბუღალტრული აღრიცხვა" მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს დღევანდელი გაგების მოთხოვნას, მაგრამ მისი გაგების უგულვებელყოფა, შემცირება, ან ეკონომიკური მეცნიერებიდან მხოლოდ ბიზნესის აღრიცხვამდე ან ფინანსურ აღრიცხვამდე დაყვანა ზიანის მომტანი და გაგების დაკნინება იქნება.

ბიზნესი, ინგლისურად Business - ნიშნავს საქმეს, რომელიც კომერციულ საქმესა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას გულისხმობს და ვაჭრობა – გარიგებით განსაზღვრულ მომგებიანობას ითვალისწინებს, ე.ი. ბიზნესი ყოველგვარი საქმე და საქმიანობაა მოგების მიღების მიზნით; ხოლო ბიზნესმენი არის საქმიანი ადამიანი, პირი, რომელიც ყოველგვარ საქმიანობას, მათ შორის მეწარმეობას, ახორციელებს მოგების ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით. აქედან გამომდინარე, ბიზნესი ეკონომიკის შემადგენელ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს და შედიოდეს ეკონომიკურ მეცნიერებათა სფეროში. ამიტომ ბიზნესის საქმიანობის აღრიცხვა და კერძოდ მისი ფინანსური აღრიცხვა, შესაბამისად ანალიზი და აუდიტი ვერ მოიცავს მთლიანად ეკონომიკურ მოვლენას და ვერ იძლევა დარგის, ქვეყნის, რეგიონის, ასევე გლობალიზაცია-ინტეგრაციაში გაერთიანებული საწარმოს მიხედვით სრულ ეკონომიკურ ინფორმაციას (სურათს).

ამდენად, ერთიან ეკონომიკაში ბიზნესის გაგება სამეურნეო საქმიანობის კვლევის მთლიან ფუნქციას ვერ შეითავსებს და ვერ უზრუნველყოფს კვლევით საქმიანობას სრული ინფორმაციით. ეს განმარტებები და ჭეშმარიტების დასადგენი მიმოხილვები იმისათვის დაგვჭირდა, რომ განათლების, კერძოდ ეკონომიკური განათლების, სახელდობრ კი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული სასწავლო რეფორმების შემდგომი პერმანენტული სრულყოფისათვის მოგვეძებნა შესაბამისი არგუმენტები.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარებული რეფორმების შედეგები (თსუ-ს იმიტომ ვასახელებთ, რომ იგი შემდგომშიც უნდა დარჩეს სწავლებისა და სპეციალობების გამსაზღვრელ ფლაგმანად საქართველოში), რომელმაც დაგვანახა მისი შემდგომი პერმანენტულად სრულყოფის პერსპექტივები და პრობლემები. ჩვენი მიზანია აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის მიმართულებით ჩატარებული რეფორმების შედეგებისა და შემდგომ გასატარებელ ღონისძიებებზე ყურადღების გამახვილება.

მეურნეობრივი ხელმძღვანელობის გაფართოება-სრულყოფის გზაზე, ბუღალტრულ აღრიცხვაში თავი მოიყარა ეკონომიკური საქმიანობის ყველა ოპერაციისა და პროცესის აღწერის განზოგადებამ, რომელთა მაჩვენებლები (მონაცემები) გახდა ეკონომიკური ანალიზისა და კონტროლის საქმიანობის ბაზარი, ამასთან, სამუშაო (საკვლევი) მასალა. სამივე პროცესი (სპეციალობების მიმართულებები) ბუღალტრულ აღრიცხვაში გაერთიანდა და დაუწესდა დისერტაციისათვის შიფრი 08.00.12, ხოლო საქართველოში ამ დარგში სწავლულთა უკმარისობის გამო იგი შეუერთდა სტატისტიკასა და ინფორმატიკას. შიფრი გახდა 08.00.06. სახელიც შესაბამისად ეწოდა "სტატისტიკა, ბუღალტრული აღრიცხვა, ინფორმატიკა". მათი გამიჯვნის საკითხი ალბათ შემდგომში დაზუსტების საგანია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობაში იგულისხმებოდა და შინაარსობრივად გაიგებოდა აღრიცხვა, ანალიზი და კონტროლი (აუდიტი). ასეთი სპეციალობის კადრებზე მოთხოვნილება ყოველთვის იზრდებოდა და შემდგომშიც გლობალიზაციისა და ინფორმატიზაციის გაძლიერების შესაბამისად კიდევ უფრო გაიზრდება.

ამ მიზნით ბუღალტრული აღრიცხვა თსუ-ში ყოველმხრივი მასშტაბით ერთ-ერთი პერსპექტიული და შემოსავლიანი სასწავლო სპეციალობაა. აქვე უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი უმაღლესი სასწავლებელი და სერტიფიცირების თუ კვალიფიკაციის კურსები ამ სპეციალობას ასწავლიან, ქვეყანაში მაინც იგრძნობა კადრებისა და ინოვაციური ცოდნის უკმარისობა. დარგის სწავლულებსაც თუ ვახსენებთ, საქართველოში სულ ორ პიროვნებას აქვს ამ სპეციალობაში მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი დაცული და მათ შორის მხოლოდ ერთს აქვს ოფიციალურად პროფესორის წოდება მინიჭებული სათანადო საბჭოს მიერ.

ეს უკმარისობა დღეისათვის ივსება "პროფესორის" წოდების ჩამორიგებით, მაგრამ ცოდნის გამოჩენა-დამტკიცების და ნაშრომების შეფასების გარეშე შემდგომისათვის წოდების დარიგება ვერ აღმოფხვრის ხარვეზების გამეორებას. ამ აზრის სწორად გაგებისათვის საჭიროდ მიმაჩნია აღვნიშნოთ, რომ ჩატარებული კონკურსების შედეგად ზოგიერთი ფრიად განსწავლული და ნიჭიერი პიროვნებაც მიემატა აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის სპეციალობას, მაგრამ ცოდნის დაუმტკიცებელი დონის მქონე პირებზე ხარისხის რანგის ამაღლება და პროფესორის წოდების ჩამორიგება ვერაფერ სასიკეთოს შესძენს სასწავლებლების დონესა და სახელს (მით უმეტეს თსუ-ს).

ზედმეტი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღეისათვის საბაზრო ეკონომიკის პირობების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვა დაიყო მენეჯერულ და ფინანსურ აღრიცხვად. ამასთან, აშშ ში მენეჯერული აღრიცხვის სასწავლო ლიტერატურას ძირითადად უწოდებენ "მმართველობით ინფორმაციას", ხოლო ფინანსურს დაერქვა ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება, რომელიც ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებით რეგულირება.

აქ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საერთაშორისო სტანდარტები, ძირითადად, ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება-განზოგადებას მოიცავს, მაგრამ ამით სახელი "ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები" და თვით პროფესია "ბუღალტერი" არ შეცვლილა და არც სასწავლო სპეციალობების ჩამონათვალიდან არავის არ ამოუღია. ჩვენც მიგვაჩნია, რომ თსუ-ს ეკონომიკის სპეციალობების ჩამონათვალში უნდა აღდგეს პროფესია "ბუღალტერ-ეკონომისტი" (ბუღალტრული აღრიცხვა), აღრიცხვა, ანალიზისა და აუდიტის ერთიანობაში. ალბათ უფრო სასარგებლო იქნება, თუკი ასევე ნახსენები სახელების მიხედვით მიეცემათ მათ სწავლების მიმართულებები.

აქვე უნდა უნდა აღვნიშნოთ, რომ საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ეკონომიკის მეცნიერების სტრუქტურიდან ბიზნესის საქმიანობა დაწინაურდა და მის არეში მოექცა ბუღალტრული აღრიცხვის გარკვეული სფეროც (უპირატესად განაწილება და გაცვლა), ეკონომიკა კი სრულად მოიცავს წარმოებას, განაწილებას, გაცვლასა და მოხმარებას. აღრიცხვაში კი მათი მთლიანი აღწერა, ჩაწერა აუცილებელია; ამდენად, ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობა უნდა იყოს ეკონომიკის სპეციალობების ჩამონათვალში. ასევე არაფერი დაშავდება, თუკი ის ორივეგან - როგორც ეკონომიკის, ასევე ბიზნესის სპეციალობების ჩამონათვალში იქნება.

დღევანდელი ცივილიზაციის დონე ინფორმატიზაციის, კომპიუტერიზაციისა და ინოვაციის მოთხოვნილებათა შესაბამისი შინაარსის გაგების ტერმინებს მოითხოვს და ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობაც მიიღებს მოდიფიცირების შესაფერის სახელს, ხოლო მანამდე მისი ამოგდება ეკონომიკის მეცნიერებათა ჩამონათვალიდან, უმართებულობასთან ერთად, შეიძლება ზიანის საწინდარიც გახდეს.

თანამედროვე ეკონომიკის პირობებში ინფორმატიზაცია მოითხოვს ინფორმაციის ყოველმხრივ განზოგადებას და კომპლექსურ მაჩვენებელთა გაერთიანებას კომერციულ საიდუმლოებათა დაცვით. ამდენად, ოპერატიული, პირველადი მონაცემები, მათი ბუღალტრულ-სტატისტიკურ აღრიცხვა-ანგარიშგებაში განზოგადებული მაჩვენებლები თანამედროვე ეკონომიკაში და მის გლობალიზაციის პროცესში ხდება ერთიანი ეკონომიკური ინფორმაციის შემადგენელი ნაწილი. თუ დღემდე იხმარებოდა სამეურნეო აღრიცხვის გაგება, დღეს ის გვევლინება ინფორმატიზაციის სახით უფრო კომპლექსური და გაფართოებული. სწორედ ეს აღწერილი გარემოებები უნდა განსაზღვრავდეს აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის დარგში რეფორმების მიმართულებას.
რეფორმები პერმანენტულად, უწყვეტად უნდა ხორციელდებოდეს. დღევანდელ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ გატარებულ ღონისძიებათა შესაბამისად უკვე უნდა დამუშავდეს სპეციალობების, დარგის, მიმართულებების თუ ცალკეული საგნის ინფორმატიზაციის შესაბამისი ახალი ერთიანი სასწავლო პროგრამები ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკური ანალიზისა და აუდიტისა შემადგენელი სასწავლო დისციპლინების მიხედვით; მომზადდეს გამჭოლი პრაქტიკული მაგალითების ნიმუშები, შესაბამისი პრაქტიკული სამუშაო ალბომები, ამოცანების ნიმუშები; კოლოქვიუმებისა და რეფერატების სანიმუშო გეგმები; პროგნოზირების, დისკონტირების მოდელები და ა.შ.

ედუარდ ცირამუა
ეკონ. მეცნიერებათა დოქტორი,
თსუ-ს პროფესორი