ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ სომხეთის ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ ოვანეს არუთუნიანთან
ვფიქრობთ, "ააფის" მკითხველებისათვის საინტერესოა, რა მდგომარეობაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში და რა საერთო ან განმასხვავებელი ტენდენციები შეინიშნება იქ საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან შედარებით. მაისის ბოლოს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციის მონაწილეები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდანაც იყვნენ. ჩვენ მათთან გასაუბრება მოვახერხეთ. დღევანდელ ნომერში გთავაზობთ ინტერვიუს სომხეთის ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ ოვანეს არუთუნიანთან.

- ბატონო ოვანეს, მოგესალმებით და გთხოვთ წარუდგეთ ჩვენი ჟურნალის მკითხველს და თქვენი ასოციაციის შესახებ გვიამბოთ.

- მე ვარ ოვანეს არუთუნიანი, გახლავართ სომხეთის ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციის დირექტორი. პირველ რიგში, მივესალმები კონფერენციის ყველა მონაწილეს და დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს. კონფერენცია პროფესიის განვითარების ხელშესაწყობად უზარმაზარი ნაბიჯია. რაც შეეხება ჩვენს ორგანიზაციას, სომხეთის ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაცია შეიქმნა 1997 წელს. უკვე 11 წლის ვართ. ჩვენი ორგანიზაციის ყველაზე დიდ მიღწევად მივიჩნევთ, რომ 2005 წელს მივაღწიეთ გავმხდარიყავით IFAR-ის ასოცირებული წევრი. არადა, საკმაოდ მკაცრი პირობები იყო.

ასოციაციას ჰყავს 220 სრულფასოვანი წევრი. ასევე 450 ნამდვილი წევრობის კანდიდატი. 11 წლის მანძილზე გვქონდა ასევე სხვა მნიშვნელოვანი წარმატებები. ერთ-ერთი მათგანი არის ჩვენი პროფესიონალი ბუღალტრისა და აუდიტორის სერტიფიცირების პროგრამები, რომელსაც შედის 8 საგანი. ეს სერტიფიცირების პროგრამა აღიარებულია გავლენიანი ასოციაციების მიერ, მაგალითად, შოტლანდიის ბუღალტერთა ინსტიტუტის და ACCA-ს მიერ. ამ ორ ბრიტანულ ინსტიტუტთან ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება თანამშრომლობაზე. ჩვენ ასევე გვაქვს მოლაპარაკება თანამშრომლობაზე საფრანგეთის პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციასთან.

ACCA-ს მიერ აღიარებულია ჩვენი სერტიფიცირების პროგრამა. მაგალითად, ჩვენს მიერ სერტიფიცირებული აუდიტორი ღებულობს 6 კრედიტს, თუ დაწერს განცხადებას ACCA-ს საკვალიფიკაციო პროგრამაზე.

ასევე მინდა გითხრათ ეთიკის კოდექსის შესახებ. 2007 წლიდან IFAR-მა გამოაქვეყნა ახალი ეთიკის კოდექსი. ახალი ეთიკის კოდექსი უკვე გადავთარგმნეთ სომხურად 2007 წელს და 2008 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. ასე, რომ ყველა ჩვენი წევრი ახალი ეთიკის კოდექსით ხელმძღვანელობს. არის სპეციალური მოთხოვნა, რომ ჩვენმა ყველა წევრმა უნდა გაიაროს წელიწადის განმავლობაში 40-საათიანი განგრძობითი სწავლება კვალიფიციკაციის ამაღლებისათვის.

- თვითონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) თუ არის გადათარგმნილი სომხურად და თუ არის მათი გამოყენება სავალდებულო?

- 1998-99 წელს განხორციელდა ბუღალტრული აღრიცხვის მაშინდელი საერთაშორისო სტანდარტების სომხურ ენაზე გადაყვანა. გახდა სავალდებულო, რომ საწარმოებს აღრიცხვა ეწარმოებინათ ამ სტანდარტებით. სამწუხაროდ, 2002 წლიდან აღარ მომხდარა არცერთი ახალი ან შეცვლილი სტანდარტის გადათარგმნა. ჩვენმა ასოციაციამ გადათარგმნა 41-ე სტანდარტი "სოფლის მეურნეობა" საკუთარი ძალებით. მაგრამ ის არ გამოქვეყნებულა და არც სავალდებულო გამხდარა. ამჟამად სომხეთში მიდის პროცესები, არის წინაპირობა, რომ იქნება ხელმოწერილი ყველა საჭირო დოკუმენტი და საერთაშორისო სტანდარტები დაინერგება.

- გამოდის, სომხეთში ჯერ ახალი სტანდარტები არ არის გადათარგმნილი და არც ახალი სტანდარტების გამოყენებაა სავალდებულო. მაშინ, ბუღალტრული აღრიცხვა რა მეთოდოლოგიით ხდება?

- როგორც იტყვიან, ჩაკეტილი წრეა. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ სავალდებულოა ის სტანდარტები, რომლებიც გადაყვანილია 1999-2000 წელს, ფინანსური აღრიცხვის ახალი მეთოდოლოგია კი, რომელიც IFRS-ით არის მოთხოვნილი, ჯერ სავალდებულო არ არის.

- საინტერესოა, სომხეთში მეწარმეები რამდენად ცდილობენ საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრულ აღრიცხვას თუ მათთვის მთავარია, რომ ბუღალტრებმა საგადასახადო ცდომილება არ დაუშვან და აღრიცხვა ნებისმიერი მეთოდით აწარმოონ? საქართველოში, მაგალითად, ბევრი ბუღალტრისათვის მთავარია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები არ დაარღვიონ და სულ არ აინტერესებთ, რა მეთოდით მოახდენენ აღრიცხვას.

- ზუსტად ასეა სომხეთშიც. მთავარია, საგადასახადო დეკლარაციები შეავსონ და არ იყოს რისკი და კონფლიქტი საგადასახადო ინსპექციასთან. დანარჩენი კი ისეა, როგორც მოხერხდება. თუმცა, არსებობს ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებიც საზღვარგარეთ დანერგილი მეთოდებით ხელმძღვანელობენ. ეს განსაკუთრებით აუდიტის ჩატარების დროს შეიმჩნევა.

- რაც შეეხება სომხეთის საგადასახადო კოდექსს, რამდენად მარტივია ის ბუღალტრებისთვის თუ პირიქით, საკმაოდ რთულია?

- საგადასახადო კანონმდებლობა მსუბუქი არ არის. ახლა საგადასახადო კანონმდებლობის და სისტემის ცვლილებები ხორციელდება. ვფიქრობთ, გარკვეული შემსუბუქება იქნება. ბუღალტრის ცხოვრება ტკბილი ნამდვილად არაა. მათთვის ყველაზე პოპულარული თემაა გადასახადები, გადასახადები, გადასახადები. ამ სიტყვების მოსმენა ბუღალტრებს დღე-ღამეში 24 საათი უწევთ.

- რამდენად ფასდება ასეთი შრომა ბუღალტრებისთვის და თუ არის კვალიფიციური ბუღალტრების დეფიციტი სომხეთში?

- გააჩნია ორგანიზაციას. ეს ძალიან რთული შეკითხვაა, თუმცა მიმაჩნია, რომ ბუღალტრების შრომა დაფასებულია. მაგალითად, ასოციაციაში მუდამ რეკავენ მეწარმეები თუ დამსაქმებლები და ამბობენ, რომ სურთ მიიწვიონ კარგი ბუღალტერი. რაც შეეხება ანაზღაურებას, მთავარი ბუღალტრის ხელფასი სოლიდურ ორგანიზაციებში დაახლოებით 800 დოლარიდან იწყება, ზოგან კი 2 ათასი, 3 ათასიც არის. პატარა საწარმოებში მთავარი ბუღალტრის ანაზღაურების მინიმუმი ალბათ, 400 დოლარი იქნება.

- საქართველოში რამდენიმე პროფესიული ორგანიზაცია ფუნქციონირებს, მაგრამ დომინირებს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია. სომხეთში თქვენი ასოციაციის გარდა მსგავსი სხვა პროფესიული ორგანიზაციები თუ მოქმედებენ?

- დიახ, სომხეთშიც ამ სფეროში რამდენიმე ორგანიზაცია არის დარეგისტრირებული. მაგრამ ჩვენი ორგანიზაცია IFAR-ის წევრია, ამიტომ, პროფესიულ ორგანიზაციებს შორის ძირითადი ჩვენი ორგანიზაციაა.

- თქვენი ორგანიზაცია ძირითად შემოსავალს საწევროებიდან იღებს თუ პარალელურად ეკონომიკურ საქმიანობასაც ეწევა?

- 10 წლის მანძილზე უზარმაზარი როლი ითამაშა USAID-ის დაფინანსებამ. რასაკვირველია, საწევრო შენატანებსაც ასევე საკუთარი წილი ეკავა დაფინანსებაში. მაგრამ ბოლო ორი წელია, ორგანიზაცია თვითდაფინანსებაზეა გადასული. მაგალითად, გასული წლის 1 ოქტომბრიდან დღევანდელ დღემდე მხოლოდ ჩვენი საქმიანობის ხარჯზეა დაფინანსება.

ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ სხვადასხვა საქმიანობას. პირველ რიგში, აღსანიშნავია ჩვენი ნაციონალური საკვალიფიკაციო კურსები. ასევე, გვაქვს საბუღალტრო კურსები ახალბედა და არაპროფესიონალი ბუღალტრებისთვის, საბუღალტრო აღრიცხვა არაბუღალტრებისთვის, ბიზნეს-ინგლისურის კურსები...

ასოციაციას აქვს საკუთარი ბიზნესი. დააფუძნა შპს, რომელიც სასწავლო-საგამომცემლო საქმიანობას ეწევა. ჩვენ გამოვცემთ პროფესიულ წიგნებს, რომლებიც ძალიან პოპულარულია ჩვენს რესპუბლიკაში. ასევე ჩვენ ვაქვეყნებთ ACCA-ს წიგნებს ინგლისურ ენაზე. ეს არის სახელმძღვანელოები ACCA-ს ინსტიტუტის სტუდენტებისთვის.

- თქვენი ასოციაცია თუ აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშგებებს?

- კი, და ეს ხელმისაწვდომია ყველასათვის, ვებ-საიტზე დევს. ასევე არის სპეციალური ყოველკვარტალური ჟურნალი "აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა", რომელშიც ქვეყნდება ჩვენი ფინანსური ანგარიშგებები.

- რამდენად არის კომპიუტერიზებული ბუღალტერიის კეთება სომხეთში?

- შეიძლება ითქვას, რომ არა მთლიანად, მაგრამ, ძირითადად კომპიუტერიზებულია - დაახლოებით 95% მაინც. გამოიყენება კომპიუტერული ტექნოლოგიები, საბუღალტრო აღრიცხვის რამდენიმე პროგრამა. არის ფირმა "არმენსოფტი" ("სომხური პროგრამები"), რომელსაც აქვს საბუღალტრო პროგრამის რამდენიმე ვარიანტი: მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის. ამ პროგრამებით ასევე შესაძლებელია არა მხოლოდ ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება, არამედ ეს არის პროგრამა მენეჯმენტის სამართავად.

ასევე გამოიყენება რუსული საბუღალტრო პროგრამა "1-ეს", რომელიც სომხურ ენაზეა გადმოთარგმნილი და ადგილობრივი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად არის ადაპტირებული. ასევე რამდენიმე ორგანიზაცია საკუთარი პროგრამებით სარგებლობს. მათ შორის, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები, რომლებიც "დიდ ოთხეულს" წარმოადგენენ, საკუთარი საბუღალტრო პროგრამებით მუშაობენ.

- ეს პროგრამები ძვირია? რამდენად არის ხელმისაწვდომი ბუღალტრებისთვის მისი შეძენა?

- მოვიყვან ერთ მაგალითს: მაგალითად, "სომხურ პროგრამებს" აქვს პროდუქტი "ბუქკიფერ" (აღმრიცხველი), რომელიც არის უფასო. დანარჩენი პროდუქტების ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ვერსიაა, რამდენ კომპიუტერზეა გათვლილი და ასე შემდეგ.

ერთი კომპიუტერისთვის, საშუალო ვერსია, თუ არ ვცდები, დაახლოებით 350-400 დოლარი ღირს.

- როდესაც თქვენ ამბობთ, რომ კომპიუტერულ ბუღალტერიას აწარმოებს 95%, გულისხმობთ მთელ სომხეთს თუ მხოლოდ ერევანს? პროვინციებშიც ასეთ დონეზეა კომპიუტერიზებული ბუღალტერიის წარმოება?

- მე მხედველობაში მქონდა მთელი სომხეთი, მაგრამ ეს შეეხება ძირითადად საშუალო და მსხვილ ბიზნესს.

- რამდენად მაღალია ლეგალიზაციის დონე სომხეთში, თუ საწარმოებში მნიშვნელოვანი წილი უკავია ე.წ. "შავ ბუღალტერიას"?

- ისეთივე მდგომარეობაა, როგორც მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში და ვფიქრობ, როგორც საქართველოში, თუმცა იმედია, სიტუაცია გაუმჯობესდება და ლეგალიზაციის დონე მოიმატებს. დღევანდელი კონფერენციის თემაც ეხება ეთიკის კოდექსს და ხარისხის კონტროლს. მდგომარეობის გაუმჯობესება ასეთ კონფერენციებზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

ესაუბრა თემურ იობაშვილი

P.S. თუ "ააფის" მკითხველებს გაუჩნდებათ დამატებითი შეკითხვები ბ-ნ ოვანეს არუთუნიანთან, მათ შეუძლიათ დაუკავშირდენ მას ტელ. (374 10) 241-685 ან ელ. ფოსტით მისამართზე: aaaa&aaaa.am.