ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
უცხოური ამბები
#3(111), 2009

ევროსაბჭომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვები გაზარდა

ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას საერთაშორისო სავალუტო ფონდისათვის გამოსაყოფი თანხების გაორმაგების შესახებ. ეს თანხები შემდგომში ფინანსური კრიზისისაგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს მოხმარდებათ. ევროსაბჭოს ხელმძღვანელებმა მზადყოფნა გამოთქვეს ფონდს 75 მილიარდი ევრო (102 მილიარდი დოლარი) კრედიტის სახით გამოუყონ, რითაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსები 500 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.

ევროსაბჭოს ლიდერები ორჯერ, 50 მილიარდ ევრომდე გაზრდიან ევროსაბჭოს წევრი-ქვეყნებისათვის დაარსებული დახმარების საგანგებო ფონდის სავალუტო რესურსებს. უნგრეთმა და ლატვიამ 10 მილიარდი ევროს დახმარება უკვე მიიღეს. შემდგომში რუმინეთის ჯერი დადგება. ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების ლიდერთა მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ კომუნიკეში ნათქვამია, რომ "ევროპა ყველაფერს გააკეთებს ეკონომიკის ზრდისათვის".

სააგენტო "ასოშეიტედ პრესის" ცნობით, ერთადერთი რეალური თანხა და არა სამომავლოდ ფინანსური დახმარების დაპირება, ბრიუსელში იყო დაახლოებით 6,7 მილიარდი დოლარი - სოფლის მეურნეობის დაუხარჯავი სუბსიდიებიდან.

აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი გაიზარდა

ამერიკის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი მიმდინარე წელს 1,8 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს, - ასეთი შეფასება ამ ქვეყნის კონგრესის საბიუჯეტო ბიურომ გააკეთა. მანამდე ამერიკის საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობა გაცილებით ნაკლები, 459 მილიარდი დოლარი იყო. დანახარჯების ზრდა შემოსავლებთან შედარებით ამერიკის ხელისუფლების მიერ გაწეული კოლოსალური დანახარჯებითაა გამოწვეული. მრავალი ანტიკრიზისული პროგრამის ღირებულება ხშირად ასობით მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამ დროს კი ხაზინაში შემოსული ბეგარის მოცულობა კრიზისის პირობებში საგრძნობლად შემცირდა. კონგრესის საბიუჯეტო ბიუროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ არსებული სურათი 2010 წელს არ გაუმჯობესდება. ისინი ვარაუდობენ, რომ დეფიციტი მომავალ წელს 1,4 ტრილიონ დოლარს გაუტოლდება.

ამერიკის ხელისუფლების მიერ გაწეულმა დანახარჯებმა ფინანსური კრიზისიდან თავის დაღწევის მიზნით 12,8 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც ერთი წლის განმავლობაში ყველა საქონლისა და მომსახურების ღირებულებას (შიდა საერთო პროდუქტი) უტოლდება. ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, ხაზინამ, ანაბრების დაზღვევის ფედერალურმა კორპორაციამ დაიწყო ახალი პროგრამის განხორციელება. ამერიკული ბანკებისაგან "ცუდი აქტივების" გამოსყიდვის მიზნით ტრილიონი დოლარი დაიხარჯება. ყოველ ამერიკელზე - მამაკაცზე, ქალზე, ბავშვზე გადათვლით, ამერიკის ხელისუფლებამ თითოეულზე 42 ათასი დოლარი დახარჯა.

ოფშორული ზონები "საგადასახადო თავშესაფარი" აღარ იქნება!

მსოფლიოს ათი ოფშორული ზონა თანახმაა წარადგინოს ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომლებიც ამერიკაში და სხვა ქვეყნებში გადასახადებს თავს არიდებენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ "საგადასახადო სამოთხეების" ეპოქა შესაძლებელია დასასრულს მიუახლოვდეს. შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის (ოფშორების) ათმა ტერიტორიამ: შვეიცარიამ, ლიხტენშტეინმა, ლუქსემბურგმა, მონაკომ, ავსტრიამ, ანდორამ, ჰონგ-კონგმა, მაკაომ, ბელგიამ და სინგაპურმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ ერთმანეთში და მესამე ქვეყნებში გაცვლიან ინფორმაციას, რომელიც აქამდე კონფიდენციალურად ითვლებოდა.

მრავალი ქვეყნის ჩინოვნიკები ჩივიან იმის შესახებ, რომ მათი მდიდარი მოქალაქეები ცდილობენ დარეგისტრირდნენ იმ ქვეყნებში და ტერიტორიებზე, სადაც მათთვის ხელსაყრელი ეკონომიკური კლიმატია, რის შემდეგაც აღარ იხდიან გადასახადებს ხაზინაში. განსაკუთრებულად ამ თემაზე ამერიკაში მსჯელობენ, რომლის საგადასახადო უწყებაც მსოფლიოს უმსხვილესი ოფშორის, შვეიცარიის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს. ამერიკელმა ჩინოვნიკებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შვეიცარული ბანკი UBS  წარადგენს ცნობებს ამერიკელი მოქალაქეების საბანკო ანგარიშების თაობაზე.

"საგადასახადო სამოთხისადმი" ინტერესი მდიდარ ადამიანებს განსაკუთრებულად მაშინ უმძაფრდებათ, როცა მათ სამშობლოში მთავრობა ბეგარის მოცულობას ზრდის. ასეთი ტერიტორიების რიცხვი განსაკუთრებით "დიდი დეპრესიის" დროს გაიზარდა, როცა ფრანკლინ რუზველტმა ხაზინის შევსება ამერიკელი მდიდრების ხარჯზე გადაწყვიტა. ამჟამინდელი ფინანსური კრიზისის მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა. ერთი მხრივ, მოქალაქეები უფრო მეტად დაფიქრდნენ საგადასახადო ოპტიმიზაციის თაობაზე, მეორე მხრივ კი დამნაშავედ (როგორც კრიზისის გამომწვევი მიზეზი) ცდილობენ ოფშორებიც გამოაცხადონ.

ექსპერტების აზრით, "კრიზისი უკავშირდება იმასაც, რომ რეგულატორები ყურადღებას ვერ აქცევდნენ მრავალ ფინანსურ ოპერაციას და შეუძლებელი იყო მათი რისკების შეფასება. საბანკო ოპერაციების გამჭვირვალობა ფინანსური კრიზისიდან თავის დაღწევის ღონისძიებათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კრიზისის პირობებში ეროვნული ეკონომიკის პრიორიტეტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული პირების ინტერესები და საბანკო საიდუმლოს ხელშეუხებლობა".

გაზეთი "ტელეგრაფი" ირწმუნება, რომ "საგადასახადო თავშესაფრის" მეშვეობით გადასახადებისაგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლა, საგადასახადო კანონდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლის თემები ლონდონში, 2009 წლის აპრილის დასაწყისში გასამართი G20-ის შეხვედრაზე განსაკუთრებულ აქტუალობას შეიძენს. არსებული შეთანხმების შესახებ ლონდონის სამიტზე ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა. იგი მანამდე ამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრი იყო და ამ მიზნის მიღწევას 10 წელი მოანდომა.

ეს სიახლე ნამდვილად საჩვენებელი იქნება, რადგანაც სხვა რევოლუციური "ანტიკრიზისული" ზომების გატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ნავარაუდევი არ არის, რადგანაც ამ სამიტის მონაწილე ქვეყნების ინტერესები ერთმანეთისაგან განსხვავდება. საგადასახადო "უკლონისტების" სამართლებრივი დევნის საკითხში სხვადასხვა ქვეყნის ჩინოვნიკებმა ერთიანობა გამოავლინეს. ეს შეთანხმება აფიქსირებს ცალკეული ევროპული ქვეყნების (შვეიცარია, ავსტრია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, ანდორა) უწინდელ დაპირებას საბანკო საიდუმლოს შესახებ კანონის შერბილების თაობაზე.

ოფშორულმა ტერიტორიებმა ეს ნაბიჯი საკუთარი სურვილით არ გადადგეს. ისინი ხომ საკუთარ ძირითად კონკურენტუნარიან უპირატესობას დაკარგავენ. ამგვარი ვითარება ოფშორული ქვეყნების ფინანსურ სტაბილურობაზე ნეგატიურად აისახება, რომელთა შემოსავლის ძირითადი წილი საბანკო სფეროზე მოდის. ოფშორული ზონები დათმობაზე წავიდნენ მსოფლიოს უმსხვილესი საფინანსო ცენტრების აშშ-ის, ევროზონაში შემავალი ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის მუდმივი ზეწოლის შემდეგ. სხვა მხრივ, ის "საგადასახადო სამოთხეები", რომლებმაც ამ ზეწოლას გაუძლეს, ან გაუგებარი მიზეზების გამო "შავ სიებში" არ მოხვდნენ, საკუთარი კოლეგების "შეთქმულების" გამო მოგებაში დარჩებიან. საინტერესო ის არის, რომ "პრივილეგირებულთა" შორის აღმოჩნდნენ ამერიკული შტატები: დელავერის, ნევადას, ვაიომინგის ტერიტორიები, აგრეთვე ვირჯინიის კუნძულები. ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ჟან-კლოდ იუნკერმა გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ ეს ტერიტორიები საგადასახადო კუთხით კვლავ ლიბერალური რჩება.

აშკარაა ის, რომ ფინანსური ხელისუფლების ზეწოლა ოფშორებზე "კრიზისთან ბრძოლის" საბაბით კვლავ გაგრძელდება. ამ შეთანხმებას შესაძლებელია კვიპროსიც შეუერთდეს. საინტერესოა ის, რომ 2008 წლის შემოდგომიდან (როცა კრიზისი დაიწყო) ამ ოფშორულ ზონაში 20 მილიარდი დოლარი გადაირიცხა. იმ შემთხვევაში, თუკი "საგადასახადო სამოთხის" ეპოქა დასრულდა, კლიენტები გადანაწილდება ოფშორულ ქვეყნებსა და სხვა ეკონომიკურ ზონებს შორის. მოგებული დარჩება სხვა ტერიტორიები, რომელთა მიმზიდველობა არ უკავშირდება საგადასახადო შეღავათიან რეჟიმს. ამ შემთხვევაში ჩინეთის როლი გაიზრდება, - თვლიან ექსპერტები.