ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ბრიტანულმა გაზეთმა ფინანსური კრიზისის 25 დამნაშავე გამოავლინა
#3(111), 2009
ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამომწვევი 25 "დამნაშავე" გამოავლინა. ესენი არიან პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები, ფინანსისტები, რომლებმაც ბოლო წლების "საკრედიტო სიგიჟის" არსებობას ხელი შეუწყვეს. მსოფლიო ეკონომიკის კოლაფსი თავისთავად არ დაწყებულა. კრიზისი სწორედ ამ დამნაშავეთა ქმედებებმა გამოიწვია. სტატიის ავტორთა აზრით, "ახლანდელი კრიზისი არის არა ბუნებრივი მოვლენა, არამედ ადამიანების მიერ შექმნილი კატასტროფა!"

ბრიტანული გამოცემის აზრით, ამ კრიზისის მთავარი დამნაშავე ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი თავმჯდომარე ალან გრინსპენია. რამდენიმე წლის წინ მას "მაესტროს", "წინასწარმეტყველს" უწოდებდნენ. ამერიკის ეკონომიკას 1987 წელს საფონდო ბირჟებზე არსებული კრიზისის დროს, ასევე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული შეტევების დროს სწორედ ის მართავდა. ამჟამად კი მას ადანაშაულებენ იმაში, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკა დანერგა, არ გააკონტროლა იპოთეკური კრედიტების ბაზარი, რამაც საცხოვრებელი ფართის ბაზარზე "ბუშტები" წარმოშვა. სწორედ გრინსპენმა წაახალისა მაღალრისკიანი იპოთეკური კრედიტების (sub-prime mortgage) გაცემა. საცხოვრებელი ფართის მფლობელებს უბიძგა იმისკენ, რომ იპოთეკის ფიქსირებული განაკვეთიდან მცურავ განაკვეთზე გადასულიყვნენ. სესხის ამღებთაგან ნაწილმა კრედიტები ვერ დაფარა მაშინ, როცა განაკვეთებმა ზრდა დაიწყო.

მრავალი წლის განმავლობაში ალან გრინსპენი მხარს უჭერდა დერივატივების განვითარებას: ეს არის ფინანსური ბაზრის მიერ წარმოქმნილი გართულებული ფინანსური ინსტრუმენტები, რომლის რისკების შეფასებაც შეუძლებელია. სესხების მოცულობების სწრაფმა ზრდამ იპოთეკურ ბაზრებზე "საპნის ბუშტების" გაბერვა გამოიწვია. ახალი ფინანსური ინსტრუმენტები ახალი წარმოქმნილი იყო, როცა ალან გრინსპენი ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარედ დანიშნეს (მას ეს პოსტი 1987-2006 წლებში ეკავა). 2005 წელს დერივატივების მოცულობა 100 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2007 წლისათვის ეს მაჩვენებელი 500 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. 2003 წელს გრინსპენმა სენატის საბანკო კომიტეტს განუცხადა: "დერივატივები საკმაოდ სასარგებლო ინსტრუმენტებია საიმისოდ, რომ რისკები გადავიტანოთ იმათზე, ვისაც ამ პასუხისმგებლობის აღება შეუძლია და ამისათვის მზად არის".

პოსტზე ყოფნის ბოლო თვეებში გრინსპენმა აღიარა, რომ ზოგიერთი ის მოსაზრება, რომელსაც იგი მრავალი წლის განმავლობაში იცავდა, მცდარი აღმოჩნდა. მისივე თქმით, მსგავსი ფინანსური კრიზისი 100 წელიწადში ერთხელ ხდება.

კრიზისის გაღრმავებას ხელი ამერიკელმა პრეზიდენტებმაც შეუწყვეს, - დარწმუნებულია ბრიტანული გამოცემა. ამერიკის პრეზიდენტმა, ბილ ქლინტონმა 1997 წლის კანონი ფართო შინაარსით აღჭურვა და კრედიტორები დაავალდებულა იპოთეკის პირობები შეერბილებინათ. ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ყველაზე დაბალი სოციალური ფენის ოჯახებს საცხოვრებელი ფართის შესაძენად იპოთეკის მიღების შესაძლებლობა ექნებოდათ. 1999 წელს ქლინტონმა გააუქმა კანონი, რომელიც ბანკებს კომერციულ და საინვესტიციოდ ყოფდა. კომერციული ბანკები ანაბრებს იღებდნენ, ხოლო საინვესტიციო ბანკებს უფრო მაღალი რისკები ჰქონდათ. ამ კანონის გაუქმების შემდეგ, გაიზარდა მაღალრისკიანი კრედიტების მოცულობა, რადგანაც კომერციულმა ბანკებმა მათთვის შეუფერებელი რისკების პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება დაიწყეს. კანონში ახალი შესწორების მიღებამდე ერთი წლით ადრე მცირედ უზრუნველყოფილი კრედიტების წილი მთელი იპოთეკის მხოლოდ 5%-ს შეადგენდა, საკრედიტო კრიზისის დაწყების მომენტში კი ამ მაჩვენებელმა 30%-ს მიაღწია.

ბილ ქლინტონმა იპოთეკური "საპნის ბუშტის" გაბერვას ხელი შეუწყო, ხოლო ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ პრაქტიკულად არაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ უზარმაზარი მოცულობის კრედიტების (ე.წ. Ninja - No income, no job applicants) გაცემა დაემუხრუჭებინა. ამ სახეობის კრედიტს გასცემდნენ იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც არ შეეძლოთ მიეთითებინათ შემოსავლის ოდენობა, სამუშაო ადგილი, რის გამოც კრედიტის აღება მანამდე არ შეეძლოთ. 2001 წელს, ამერიკის სენატში გამართული დებატების დროს, ტეხასელმა სენატორმა ფილ გრემმა განაცხადა: "ზოგიერთი ადამიანი ნაკლებადუზრუნველყოფილ იპოთეკას ბოროტებად თვლის. ჩემი აზრით კი ეს არის ამოქმედებული ამერიკული ოცნება".

ბრიტანელი პოლიტიკოსებიდან The Guardian დამნაშავედ პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნსაც თვლის, რომელმაც ბანკირთა ინტერესები ეკონომიკის სხვა დარგის წარმომადგენლებზე უფრო მაღლა დააყენა. იგი მხარს უჭერდა რბილი სახის რეგულირებას, დაბალ გადასახადებს ლონდონში მოღვაწე ათასობით ბანკირისათვის, აგრეთვე აქტივების მართვის შესაძლებლობას ბიზნესისათვის. ბრიტანული გამოცემის დამნაშავეთა "შავ სიაში" უმსხვილესი საფინანსო კორპორაციის ის წარმომადგენლებიც მოხვდნენ, რომლებმაც კრიზისის დროს დამოუკიდებლობის სტატუსის სერიოზული ნაწილი დაკარგეს.

The Guardian-მა ის ბიზნესმენებიც დაასახელა, რომლებმაც ფინანსური კრიზისი იწინასწარმეტყველეს, მაგრამ მათი გაფრთხილებები არავინ შეისმინა. ესენი არიან ფინანსისტ-მილიარდერი ჯორჯ სოროსი და ინვესტორ-მილიარდერი უორენ ბაფეტი. სოროსმა სინგაპურში 2006 წელს მოგზაურობისას განაცხადა, რომ საფონდო ბაზრები უკიდურეს სიმაღლეზეა ასული და გლობალური ეკონომიკა რეცესიისათვის და შესაძლებელი "დაუნდობელი დაშვებისათვის" უნდა მოემზადოს. იგი გაფრთხილებას იძლეოდა "უძრავი ქონების გიგანტური ბუშტის" არსებობის თაობაზეც, რომელიც უდარდელმა კრედიტორებმა გაბერეს.

ბაფეტი ჯერ კიდევ 2003 წელს აქციონერებისათვის წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში ვარაუდობდა, რომ იმდროინდელი ფინანსური გარიგებები ძალიან ჰგავდა ჯოჯოხეთს, "სადაც მოხვედრა ადვილია, იქიდან თავის დაღწევა კი თითქმის შეუძლებელი!" 2008 წლის ოქტომბერში იგი ოპტიმიზმით აღვსილი წერდა, რომ ამერიკულ ფინანსურ ბაზრებზე აქციების შეძენა კვლავ დაიწყო, რადგანაც ყველაზე უარესი პერიოდი მისი ვარაუდით უკვე დასრულდა. მოვიდა ბრწყინვალე დრო ამერიკული მომავლის ნაწილის შეძენისა საბაზროზე დაბალი ღირებულებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორივე მილიარდერი დერივატივებთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამდნენ. სოროსი ამ ფინანსურ ინსტრუმენტს არასოდეს იყენებდა, რადგანაც არ ესმოდა როგორ მუშაობდა იგი. ბაფეტმა კი მას "მასობრივი განადგურების ფინანსური იარაღი" უწოდა.

The Guardian-მა ფინანსური კრიზისის არსებობაში მთლიანად ამერიკული საზოგადოება დაადანაშაულა. მილიონობით ამერიკელს ის რომ გაეცნობიერებინა, რომ სესხად იმაზე მეტ თანხას იღებენ, ვიდრე უკან დაბრუნება შეუძლიათ, არ აღმოჩნდებოდნენ ასეთ გაუგებრობაში.

The Guardian  დამნაშავედ ბრიტანელებსაც თვლის: "ჩვენ საკრედიტო ნარკომანები ვართ. შეგვეძლო უფრო მსუბუქად აგვერიდებინა თავი მრავალი პრობლემისაგან, თუკი უფრო დაკვირვებულნი ვიქნებოდით და უარს მაშინ ვიტყოდით, როცა საჭიროა".

ბრიტანული გამოცემის აზრით, მსოფლიო ფინანსური კრიზისის გაღრმავებას აგრეთვე ხელი შეუწყვეს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტების ყოფილმა და ამჟამინდელმა ხელმძღვანელებმა. დასახელებულთა შორის არიან უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია American International Group Inc, ბანკები Goldman Sachs, Lehman Brothers, Merrill Lynch, Halifax Bank of Scotland, Royal Bank of Scotland, Bradford & Bingley, Northern Rock, Bear Stearns, Bank of England. გაზეთმა დამნაშავეთა სიაში ამერიკული ჰეჯ-ფონდის მეთაური ჯონ პოლსონიც შეიყვანა, რომელმაც კრიზისის მოახლოების შესახებ კარგად იცოდა, მაგრამ მისი თავიდან ასაცილებლად არაფერი მოიმოქმედა.

ექსპერტების აზრით, The Guardian-ის მიერ შედგენილ "შავ სიაში" წარდგენილ ფიგურათაგან უმრავლესობა სამართლიანად არის შეყვანილი. მათ ფინანსური "ბუშტების" შექმნასა და გაზრდას ხელი ნამდვილად შეუწყვეს. ექსპერტების აზრით, ის დიდი ბზარი, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სისტემაში წარმოიქმნა, არის სისტემური რისკის რეალიზაცია, რომლის დროსაც ერთი ეკონომიკური სუბიექტის პრობლემა სხვა მონაწილის ნორმალურ მოღვაწეობას ხელს უშლის. ამ შემთხვევაში, შეუძლებელია გამოიყოს ის, ვინც რისკი გაუმართლებლად გასწია, იმ სუბიექტისაგან, ვინც "ვითარებათა უნებური მსხვერპლი" გახდა. კონკრეტული დამნაშავეების ძებნა "კუდიანებზე ნადირობას" არ უნდა დაემსგავსოს. მსოფლიო ეკონომიკა ნებისმიერ შემთხვევაში განწირული იყო საიმისოდ, რომ ამჟამინდელ პრობლემებს შეჯახებოდა. ბაზრებისა და საზღვრების გახსნამ მრავალ ქვეყანას საშუალება მისცა ამ დიდ თამაშში ჩართულიყო, რამაც ფინანსური პირამიდის უსაზღვრო ზრდა გამოიწვია. არსებული სიტუაციიდან გამოსვლა შესაძლებელი უნდა გახდეს მოვლენათა შემდგომი განვითარების მიხედვით.

ვეფხია სამსონიძე