ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ქართული ამბები
#3(111), 2009
მარტში ინფლაცია რეკორდულად შემცირდა

მარტში ინფლაციამ 1,6 პროცენტი შეადგინა, რაც 2000 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვებელია. 2008 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 12,3 პროცენტი იყო. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო წლიური ინფლაცია 7,8 პროცენტზე დაფიქსირდა. გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელი 9,5 პროცენტს შეადგენდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად ადგენს საშუალო წლიური ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს. 2009 წლისთვის საშუალო წლიური ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 9 პროცენტით არის  განსაზღვრული.

საქართველოს რკინიგზამ საკონტეინერო ტვირთის გადაზიდვა გააიაფა

2009 წლის 1 აპრილიდან საქართველოს რკინიგზამ რეგიონულ სარკინიგზო მონაკვეთებზე საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვისათვის დააწესა 50%-იანი ფასდათმობა, რაც სტიმული იქნება ისეთი საწარმოებისათვის, როგორებიცაა: ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ტყიბულის ქვანახშირის საწარმო, ჭიათურმანგანუმი, მადნეული და სხვა.

როგორც "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მშენებლობებისათვის ინერტული და სამშენებლო მასალების გაცილებით იაფად ტრანსპორტირებასა და მიწოდებას საჩხერიდან, ახალქალაქის მონაკვეთიდან და კახეთიდან, რაც შეამცირებს მშენებლობის თვითღირებულებას, ვინაიდან აღნიშნული მასალების ღირებულების საგრძნობ კომპონენტს შეადგენს ტრანსპორტირება.

გარდა ამისა, 2009 წლის 1 აპრილიდან, ასევე 50%-იანი ფასდათმობა ვრცელდება შიდა საკონტეინერო გადაზიდვებზე, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ტვირთმფლობელებს, უფრო აქტიურად ისარგებლონ სარკინიგზო მომსახურებით.

დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა შეიქმნა

დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა შეიქმნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს  ქალაქის არქიტექტურული სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ ავალიანმა განუცხადა. მისივე თქმით, უკვე დასრულების პროცესშია და მალე გამოქვეყნდება გენგეგმის ვებ-ვერსია. იგი ერთი თვის განმავლობაში თბილისის პორტალზე განთავსდება, რათა საზოგადოების აზრის გათვალისწინებით მოხდეს გენგეგმაში ცვლილებების შეტანა და სრულყოფა. 

დედაქალაქის განვითარების გენგეგმა 1971 წლის შემდეგ აღარ დამტკიცებულა.

უმუშევართა რიცხვი იზრდება

საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტი რევაზ საყევარიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე იზრდება. როგორც ექსპერტმა განაცხადა, ამ საკითხზე ჯერჯერობით ოფიციალური სტატისტიკაც არ არსებობს. საერთაშორისო დონორების დახმარების განმსაზღვრელი დოკუმენტის თანახმად კი, ომის შემდგომ პერიოდში საქართველოში უმუშევართა ზრდა 100 000 ერთეულით არის მოსალოდნელი.
ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ვითარდება. რევაზ საყევარიშვილის თქმით, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ არა მხოლოდ არსებული სამუშაო ადგილები ქრება, არამედ იმაზეც, რომ ახალ პროექტებში მათი ჩანაცვლება არ ხდება. „ქვეყანაში, ერთი მხრივ, სამუშაო ადგილები მცირდება. მეორე მხრივ, მათი შევსება იმის გამო არ ხდება, რომ ანონსირებული პროექტები ან გაჩერებულია, ან საერთოდ გაუქმებულია”, - აღნიშნა მან.

არაოფიციალური მონაცემებით, 2009 წლის თებერვალის დასაწყისისთვის საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 25 პროცენტს შეადგენდა.

ახალგორის მოსახლეობას დენის საფასურს მთავრობა გადაუხდის

საქართველოს ხელისუფლება ახალგორის მოსახლეობას დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს დაუფარავს. ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა გააკეთა.
საქართველოს ხელისუფლება ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას იმ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს აუნაზღაურებს, რომლის შესახებაც მონაცემებს ენერგეტიკის სამინისტრო წარმოადგენს. "სახელმწიფო ამ დავალიანებას სარეზერვო ფონდიდან აანაზღაურებს", - განაცხადა ბაინდურაშვილმა.

აფხაზეთში რუსული პასპორტის უქონლობის გამო პენსიები შეზღუდეს

აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პენსიონერებზე, რომლებსაც რუსულ პასპორტზე  ვადა გაუვიდათ, ან საერთოდ არ გააჩნიათ, პენსია აღარ გაიცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის მარიონეტულმა ხელისუფლებამ რუსეთის საპენსიო ფონდთან შეთანხმებით მიიღო. გადაწყვეტილება 21 მარტიდან ამოქმედდა. მარიონეტული ხელისუფლების მონაცემებით, იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც რუსული პასპორტი არ აქვთ, ან მასზე ვადა აქვთ გასული, 3 ათასია.

აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პენსიონერების საპენსიო თანხა 200-500 რუბლს შეადგენს, რაც 10-25 ლარის ეკვივალენტია. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საარსებო მინიმუმად 5 ათასამდე რუბლი მიიჩნევა.