ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
თბილისის 2009 წლის ბიუჯეტი
#3(111), 2009
თბილისის წლევანდელი ბიუჯეტი წინა წლებში დამტკიცებული ბიუჯეტებისგან იმით განსხვავდება, რომ დედაქალაქის განვითარების პრიორიტეტები უკვე რამდენიმე წელიწადზეა გათვლილი. 2009 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასთან ერთად თბილისის საკრებულომ განსაზღვრა, თუ 2009-2012 წლებში რა სფეროებს მიენიჭება უპირატესობა და ბიუჯეტიდან რას მოხმარდება თანხა. თბილისის საკრებულოს მიერ 2008 წლის 22 დეკემბერს დამტკიცებული თავადაპირველი დოკუმენტის მიხედვით 2009 წლის ბიუჯეტის მოცულობა 513,3 მილიონი ლარით განისაზღვრა, მაგრამ შემდეგ, მარტის ბოლოს შეტანილი ცვლილებით დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით 15 მილიონი ლარით იქნა გაზრდილი. შარშან, წლის ბოლოს დამტკიცებული პროგნოზის მიხედვით, 2010 წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 530 მილიონი ლარი იქნება, 2011 წელს 532 მილიონი ლარი, ხოლო 2012 წელს თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 534 მილიონი ლარის ფარგლებშია ნავარაუდევი.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ისე დედაქალაქის ბიუჯეტიც ყოველწლიურად იზრდებოდა. ეს ტრადიცია დედაქალაქისთვის 2008 წელს დაირღვა: 2007 წლის ბოლოს დედაქალაქის ბიუჯეტმა 719,125 მილიონი ლარი შეადგინა, 2008 წელს კი თბილისის საკრებულომ ბიუჯეტი 500 მილიონით განსაზღვრა. რაც შეეხება სხვა ტრადიციას – ბიუჯეტის კანონში მრავალი ცვლილების შეტანას, კვლავ უცვლელად გრძელდება. 2008 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 500 მილიონი იყო, მაგრამ წლის ბოლოს 538,212 მილიონით დაამტკიცა საკრებულომ. წლევანდელ ბიუჯეტშიც საკრებულომ ცვლილება უკვე შეიტანა.

თბილისის საკრებულომ 27 მარტს დედაქალაქის 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელა. როგორც მერიის წარმომადგენელმა დავით ხოსრუაშვილმა საკრებულოს დეპუტატებს განუმარტა, მიმდინარე წლის ბიუჯეტი პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხების ხარჯზე 15 მილიონი ლარით გაიზარდა. მისივე თქმით, აღნიშნული თანხა ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტს მოხმარდება, რომელიც ასევე რიყის ტერიტორიის განვითარებას გულისხმობს. ამ ცვლილებით, თბილისის  ბიუჯეტმა 528 მილიონ ლარს მიაღწია.

ბოლო ცვლილების მიხედვით, დედაქალაქის ბიუჯეტი დეფიციტურია. 2009 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემოსავალიც და ხარჯიც 513 მილიონი ლარი იყო. 27 მარტს შეტანილი ცვლილების მიხედვით კი, თბილისის ბიუჯეტის შემოსულობები განსაზღვრულია 527 825 500 ლარით, ხოლო გადასახდელები კი 528 835 800 ლარია. ამგვარად, დეფიციტი 524 300 ლარს შეადგინს.

ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიცია თუ გაგრძელდება, ბიუჯეტი წლის ბოლომდე კიდევ არაერთხელ შეიცვლება. მანამდე კი ვნახოთ, 2008 წლის 22 დეკემბერს დამტკიცებულ ბიუჯეტში მითითებული 2009-2012 წლების ძირითადი პრიორიტეტები:

- კვლავ გაგრძელდება დედაქალაქში გზის საფარის აღდგენა. საუბარია გზების როგორც კაპიტალურ, ასევე ორმოულ შეკეთებაზე. აგრეთვე დაგეგმილია ეზოების და შიდაკვარტალური გზების შეკეთება;

- ბიუჯეტში გათვალისწინებულია მოსახლეობის სოციალური დაცვა:

სოციალურად დაუცველი (70 ათას ქულამდე) მოსახლეობის დახმარება;

დახმარება კომუნალურ გადასახადებზე;

დახმარება მრავალშვილიან ოჯახებზე;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა;

მოსახლეობის დაზღვევა (დაახლოებით 80 ათასი, მათ შორის სოციალურად დაუცველი 70-დან 100 ათას ქულამდე);

მოსახლეობის გარკვეული ნაწილის შეღავათებით უზრუნველყოფა;

საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის ანაზღაურება;

ქალაქის დასუფთავება და სანიტარული წესრიგი: დედაქალაქის ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს სადარბაზოებში ბუნკერების გაუქმება და ახალი ნაგავსაყრელის მოწყობა. ასევე 2009-2012 წლებში უნდა გაგრძელდეს ქალაქის დაგვა-დასუფთავება და თბილისის ბიუჯეტიდან თანხა ამ მხრივაც დაიხარჯება;

ქალაქის გამწვანება: დაგეგმილია როგორც თბილისის ცენტრალური მაგისტრალების, ასევე ბაღებისა და სკვერების გამწვანება.

ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამა ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობების რეაბილიტაციას, მთაწმინდის, ორპირისა და ბოტანიკურის ქუჩების რეაბილიტაციას, ბაღებისა და სკვერების რეაბილიტაციას, გორგასლის ქუჩაზე ინტეგრირებული სკვერისა და პარკინგის მოწყობას, სოლოლაკის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას, ციხისუბნის რეაბილიტაციას;

ბიუჯეტიდან დაფინანსება უნდა მოხმარდეს მოსახლეობისათვის მომსახურების გაუმჯობესებას: მერია აპირებს რაიონულ გამგეობებში სერვისცენტრების შექმნას, მოახდენს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაზიფიცირებას, ხელს შეუწყობს ამხანაგობების ინსტიტუტის გაძლიერებას.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება: კვლავ გაგრძელდება როგორც მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის დახვეწა, ასევე უშუალოდ სატრანსპორტო პარკის განახლება-გაუმჯობესება. ასევე ნავარაუდევია გზაჯვარედინების მოწესრიგება;

ქალაქგანათება კვლავ გააგრძელებს გარეგანათების ქსელების რეაბილიტაციას და მათ ექსპლუატაციას.

ბიუჯეტის პრიორიტეტებში არაფერია ნათქვამი აღარც ტრამვაის და აღარც ტროლეიბუსების შესახებ. თუმცა თბილისის საკრებულომ აპრილის დასაწყისში დედაქალაქის გენერალური განვითარების გეგმა დაამტკიცა, სადაც სხვა ინიციატივებთან ერთად ტრამვაის ხაზის აღდგენაც არის ნავარაუდევი. ტრამვაის ხაზმა თბილისის გავლით მცხეთა და რუსთავი უნდა დააკავშიროს.

2009 წლის ბიუჯეტის შემოსულობები

27 მარტის ცვლილებით, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტის მთლიანი შემოსულობები განსაზღვრა 527,827 მილიონი ლარით.

შემოსულობები თავის მხრივ შედგება რამდენიმე კომპონენტისგან:
შემოსავალი 461,027 მილიონი ლარი;
არაფინანსური აქტივების კლება 23,800 მილიონი ლარი;
ფინანსური აქტივების კლება 13 მილიონი ლარი;
ვალდებულებების ზრდა 30 მილიონი ლარი.

შემოსავლების კუთხით განსაზღვრულ 461,027 მილიონ ლარში გადასახადების სახით 66 მილიონი ლარის შემოსავალია ნავარაუდევი, გრანტები 329,827 მილიონი, სხვა შემოსავლების გრაფაში კი 65,2 მილიონია მითითებული.

2008 წლის მსგავსად, დედაქალაქის ბიუჯეტი წელსაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ცენტრალურ ბიუჯეტზე. 2007 წელს თუ დედაქალაქის ბიუჯეტი იყო 623 მილიონი და აქედან გრანტების კუთხით თბილისმა 6,7 მილიონი მიიღო, 2008-ში ბიუჯეტი 500 მილიონით იყო განსაზღვრული, სადაც გრანტების წილად 337 მილიონი მოდიოდა. 2009 წელს კი დედაქალაქის ბიუჯეტი 527,827 მილიონია დამტკიცებული, გრანტების წილად კი 329,827 მილიონია განსაზღვრული.

გრანტები თავის მხრივ შედგება ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხებისგან, რომელშიც შედის: გამოთანაბრებითი ტრანსფერი 152 მილიონი ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 1,6 მილიონი ლარი, სპეციალური ტრანსფერი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის და სხვა მიმდინარე ღონისძიებების დასაფინანსებლად 160,754 მილიონი ლარი. ბიუჯეტში 27 მარტს შეტანილი ცვლილებით კი გრანტებს დაემატა საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხა 14,473 მილიონი ლარი.

შემოსავლებში მითითებულია გადასახადებით მისაღები 66 მილიონი. ეს მთლიანად ქონების გადასახადზეა გათვლილი, სადაც საწარმოთა ქონებაზე გადასახადი არის 55 მილიონი, ფიზიკურ პირთა ქონებაზე გადასახადი 3 მილიონი, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადი არის 8 მილიონი ლარი.

ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განსაზღვრულია 65 მილიონი ლარით, სადაც ძირითად შემოსავალს წარმოადგენს:

შემოსავლები საკუთრებიდან - 5,58 მილიონი ლარი;
პროცენტები - 2 მილიონი ლარი;
რენტა - 3,38 მილიონი ლარი;
საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია - 48,62 მილიონი;
ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახადები - 48,62 მილიონი;
ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელი - 1,5 მილიონი;
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 29 მილიონი;
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის - 15 მილიონი;
მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის - 2 მილიონი;
სანქციები (ჯარიმები და საურავები) - 9 მილიონი;
შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები - 2 მილიონი.

როგორ გადანაწილდება დაფინანსება რაიონებს შორის

რაც შეეხება თბილისის რაიონების დაფინანსებას, წელს ყველაზე მეტ თანხას ძველი თბილისის რაიონი მიიღებს. რაიონებს შორის ყველაზე მეტი დაფინანსება შარშანაც ამ რაიონს ერგო. 2008 წლის ბიუჯეტში ძველი თბილისის რაიონისთვის 53,518 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. ყველა იმ ღონისძიებასთან ერთად, რომლის განხორციელება სხვა რაიონებშიც არის გათვალისწინებული, ძველი თბილისის რაიონში ყურადღება გამახვილებულია ტურისტული მიმართულებით განვითარებაზე. ამისთვის ბიუჯეტში დასახელებული პრიორიტეტების მიხედვით დაგეგმილია ძველი თბილისის რეაბილიტაცია, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, ძველი ინფრასტრუქტურის აღდგენა.

ზოგადად, ყველა რაიონის დაფინანსებისას მითითებულია, რომ 2009-2012 წლებში, დედაქალაქის ფული მოხმარდება მერიის მიერ დაფუძნებული არაკომერციული სტატუსის მქონე ბაგა-ბაღებში ბავშვების აღზრდა-განათლების ხელშეწყობას. გლდანი-ნაძალადევის რაიონი მიღებულ დაფინანსებას ასევე გადაანაწილებს სოციალური დაცვის ხარჯებზე. ბიუჯეტში კვლავ გათვალისწინებულია უფასო სასადილოების პროგრამის დაფინანსება. მერიის წარმომადგენლებმა უნდა აღნუსხონ უმწეო ადამიანები და სწორედ მათთვის მოხდეს დახმარების აღმოჩენა დედაქალაქის ბიუჯეტიდან.

2009-2012 წლებში დაგეგმილია ასევე იმ ავარიული შენობების შეკეთება, რომელთა რეაბილიტაციაც გადაუდებელ კატეგორიას მიეკუთვნება. რაიონის საქმიანობაში ასევე მითითებულია კეთილმოწყობის ღონისძიებები. აქ საუბარია როგორც გზების კაპიტალურ შეკეთებაზე, ასევე სპორტული მოედნების და სკვერების აღდგენა-მოწყობაზე. კეთილმოწყობის სამუშაოებშივე შედის დედაქალაქის ყველა რაიონში მწვანე საფარის გაუმჯობესება: ძველი ხეების მოვლა და ასევე ახალი ნერგების დარგვა.

თბილისის რაიონებში კი დაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდება:

1. გლდანი-ნაძალადევის რაიონი 17,245 მილიონს მიიღებს (შარშან 15,169 მილიონი იყო განსაზღვრული). 

2. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი 8,450 მილიონი  (შარშან 7,743 მილიონი იყო).

3. ვაკე-საბურთალოს რაიონი 12,490 (შარშან 12,842 მილიონი იყო).

4. ისანი-სამგორის რაიონი 18,573 მილიონი (შარშან 18,418 მილიონი იყო).

5. ძველი თბილისის რაიონი 72,270 მილიონი (შარშან 53,527 მილიონი იყო).

6. დიდგორის რაიონი 4,046 მილიონი (შარშან 3,18 მილიონი იყო).

რა სფეროებს მოხმარდება ფული

2009 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტით, გადასახდელები მთლიანად ნავარაუდევია 513 მილიონი ლარი. ეს თანხა გადანაწილებულია შემდეგ მუხლებზე:

ქალაქ თბილისის მერიის სისტემა - 379,102 მილიონი ლარი. აქ შარშანდელთან შედარებით დაფინანსება შემცირებულია – 2008 წელს 421,508 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული. თუმცა, თანამშრომელთა რიცხოვნობაც შემცირებულია 840-დან 809-მდე.

ქალაქ თბილისის საკრებულო 4,855 მილიონს მიიღებს. შარშან საკრებულომ 3,761 მილიონი მიიღო.

თბილისის ბიუჯეტის მიხედვით ხარჯები გადანაწილებულია რამდენიმე მიმართულებით. მათ შორის მნიშვნელოვანია:

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება - 46,687 მილიონი. აქ შედის თბილისის მერიის აღმასრულებელი თუ სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების დაფინასება, ასევე ვალთან დაკავშირებული ოპერაციები, რომელიც დედაქალაქს აქვს კრედიტის სახით აღებული;

საზოგადოებრივი წესრიგი და უშიშროება - 12,705 მილიონი. შარშანდელთან შედარებით ეს სფერო 658 ათასით მეტს მიიღებს. აქ პოლიციის სამსახურებისთვის 2,1 მილიონია გათვალისწინებული, დანარჩენი 10,6 მილიონი კი საგანგებო სიტუაციების და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის არის განსაზღვრული;

ეკონომიკური საქმიანობა - 100,935 მილიონი. აქ ტრადიციულად მაღალია საგზაო-სატრანსპორტო ხარჯები, რაზეც 99,045 ლარია გათვალისწინებული;

გარემოს დაცვაზე 61,145 მილიონია განსაზღვრული. შარშანდელთან შედარებით დაფინანსება 12,122 ლარით არის გაზრდილი;

საბინაო-კომუნალური მეურნეობა - 138,422 მილიონი. შარშან აქ 132,050 მილიონი იყო გათვალისწინებული;

ჯანმრთელობის დაცვა - 25,86 მილიონი. შარშანდელთან შედარებით აქ 8 მილიონით არის დაფინანსება მომატებული;

დასვენება და კულტურა - 19,912 მილიონი. შარშან 28,975 მილიონი იყო გათვალისწინებული;

განათლება - 46,777 მილიონი ლარი. ამ სფეროს დაფინანსება შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 5 მილიონით არის შემცირებული;

სოციალური დაცვისთვის შარშანდელთან შედარებით ასევე ნაკლები დაფინასებაა განსაზღვრული და 48,895 მილიონს შეადგენს, როცა შარშან 53,751 მილიონი იყო განსაზღვრული.

საკრებულომ მიწა გააიაფა და სათამაშო ბიზნესი გააძვირა

დედაქალაქის ბიუჯეტის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო მიწაზე ქონების გადასახადია. თუმცა, ბაზარზე შარშან დაწყებულ ბინების გაიაფებას დედაქალაქში მიწის გაიაფებაც მოჰყვა. თბილისის მერიის ინიციატივას საკრებულომ მხარი დაუჭირა და ვიცე-მერის ინიციატივას არ შეეწინააღმდეგა.

მამუკა ახვლედიანის თქმით, მიწაზე ფასის კლება ხელს შეუწყობს მშენებელ კომპანიებს - მშენებლობების თვითღირებულებას შეამცირებს. მერიის პოზიციაა, რომ ვინც ე.წ. „ხრუშჩოვკების“ დემონტაჟს განახორციელებს და მათ ადგილას ახალ სახლებს ააშენებენ, გადასახადებისაგან გათავისუფლდნენ.

„თბილისის ტერიტორიაზე კვადრატული მეტრი მიწის ფასი ზონების მიხედვით 12-დან 500 ლარამდე იყო. ამ ინიციატივის დამტკიცების შემდეგ კი თბილისის გარეუბნებში ყველაზე იაფი მიწის ნაკვეთი 10 ლარი, ხოლო დედაქალაქის ცენტრში ყველაზე ძვირი 400 ლარი ეღირება“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულო ერთსულოვანი იყო. ვფიქრობთ, რომ მიწის ნორმატიული ფასების კლება დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებს საშუალებას მისცემს უფრო წარმატებულად და აქტიურად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა,“ - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა.

„მოგეხსენებათ, დედაქალაქში მიწები ზონებადაა დაყოფილი და ყველა ზონას შესაბამისი ფასი აქვს. თბილისის მთავრობამ კი ამჯერად რეალური ფასები შემოგვთავაზა და მინიმალური ზღვარი 10 ლარით, ხოლო მაქსიმალური 400 ლარით განისაზღვრა, რაც სავსებით მისაღები და მოსაწონია“, - თქვა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარემ თამაზ შოშიაშვილმა.

სამაგიეროდ, დედაქალაქის საკრებულომ სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებელი გაზარდა. მოსაკრებლის გაზრდა არ ეხებათ სამორინეებს, რომლებიც ერთ სათამაშო მაგიდაზე კვარტალში 30 ათას ლარს იხდიან. გადასახადი გაეზარდათ ტოტალიზატორს, ბინგოს და ლოტოს მეპატრონეებს, ისინი თითოეულ სალაროზე 1800 ლარის ნაცვლად კვარტალში 2300 ლარს გადაიხდიან. ასევე, ცვლილება შეეხო სათამაშო აპარატებს და მათი მოსაკრებელი კვარტალში 850 ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშებს, მათი გადასახადი კვარტალში 30 ათასი ლარის ნაცვლად 40 ათასი ლარით განისაზღვრა.

საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი აცხადებს, რომ ამ ინიციატივის შემდეგ ტოტალიზატორებში და სათამაშო ავტომატებთან სათამაშოდ ბავშვებს საშუალება აღარ ექნებათ და იქ ისინი ითამაშებენ, ვისაც ამის ფული აქვთ.

მოკლედ, ასეა თუ ისე, წელს დედაქალაქს საკმაოდ რთული წელი ელოდება. პრობლემები სამშენებლო კომპანიებში, გართულებული მდგომარეობა ინვესტიციების მოზიდვაში, საერთაშორისო ფინანსური კრიზისი თუ ადგილობრივი პრობლემები დედაქალაქსაც ეხება. მრავალმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, კერძო ბიზნეს-სექტორს კი შემოსავლები შეუმცირდა. რამდენად სწორად არის გათვლილი ამ პირობებში 2009 წლის ბიუჯეტი, წლის განმავლობაში გამოჩნდება.

თემურ იობაშვილი