ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ემუქრება თუ არა საქართველოს საბიუჯეტო კრიზისი
#3(111), 2009
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსავლების ნაკლებობა რომ ემუქრება, ამას საერთაშორისო ექსპერტებიც აღნიშნავდნენ. 2009 წლის იანვარ-თებერვლის საბიუჯეტო შემოსავლების ანალიზზე დაყრდნობით კი, რიგი ადგილობრივი ექსპერტები საბიუჯეტო კრიზისის გარდუვალობაზე ალაპარაკდნენ. ხელისუფლებაში ამგვარ პერსპექტივას კატეგორიულად უარყოფენ.

საქართველოს ბიუჯეტს შემოსავლების ნაკლებობა დაემუქრება?

იმის თაობაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსავლების სერიოზული ნაკლებობა ემუქრება, ნათქვამია "საჭიროებათა შეფასების ერთობლივ დოკუმენტში", რომელიც მოამზადა მსოფლიო ბანკის, ევროკომისიისა და გაეროს ერთობლივმა მისიამ. ეს დოკუმენტი მომზადდა 2008 წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციისათვის.

დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკური ვითარების გაუარესება მთავრობის შემოსავლებზე პირდაპირ გავლენას მოახდენს. 2009 წელს მთავრობის შემოსავლების დეფიციტი 640 მილიონ დოლარს მიაღწევს. ასევე შემცირდება პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა.

მთავრობის შემოსავლების შემცირება ხარჯვისა და ინვესტირების შესაძლებლობას შეამცირებს. ამავდროულად, ომით გამოწვეული ზარალის, იძულებით ადგილნაცვალი ადამიანების გაჩენის, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის შედეგად მოქალაქეებს ამჟამად უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება, ვიდრე ადრე. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგალითად პენსიების გაზრდა, უახლოეს წლებში მოსალოდნელი არ არის. სიღარიბის მაჩვენებელი 2010 წლამდე, სავარაუდოდ, 23,6%-დან 25,9%-მდე გაიზრდება. იმათი მდგომარეობა, ვინც უკვე სიღარიბეში ცხოვრობს, კიდევ უფრო გაუარესდება. სოციალური პრობლემები გაზრდის წნეხს სახელმწიფო ხაზინაზე. აქედან გამომდინარე, შეფასების დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ელის მნიშვნელოვანი საბიუჯეტო დეფიციტი.

ეკონომიკის ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ქვეყანაში ფინანსური კრიზისის პიკის დადგომას მარტ-აპრილში ვარაუდობდა. თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტის რევაზ საყევარიშვილის თქმით, საქართველოში ფინანსური ვარდნა დასრულებული არ არის და იმის თქმაც რთულია, ეს პროცესი როდის დასრულდება და როდის მიაღწევს კრიზისი ზენიტს.

"იქიდან გამომდინარე, რომ როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში, ფინანსურ კრიზისსა და ეკონომიკურ ცვლილებებს ლოკალური და გლობალური ფაქტორები განაპირობებს, კრიზისის პიკის ვადების პროგნოზირება ძალზე რთულია", - აღნიშნა რევაზ საყევარიშვილმა.

ექსპერტთა განცხადებით, ქვეყანაში კვლავაც ძალიან მაღალია ის რისკები, რომელიც საომარ მდგომარეობამდეც არსებობდა და ამ ვითარების შემდეგ დამძიმდა. გამძაფრებულია ე.წ. საინვესტიციო შიმშილი, შემცირებულია საზღვარგარეთიდან გადმორიცხული ფულადი ტრანსფერების მოცულობა, საბანკო და სამშენებლო სექტორებს უმძიმესი პრობლემები აქვთ, რომელიც თანდათან მწვავდება, ამ ყველაფერს მაღალი ხარისხის პოლიტიკური რისკები ემატება, რისი გათვალისწინებითაც ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რომ ფინანსური კრიზისის პიკი გავლილია.

ექსპერტის განცხადებით, 2009 წლის ბიუჯეტი არასწორადაა დაგეგმილი

ექსპერტთა ნაწილი საქართველოში საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას მოელის და საბიუჯეტო კრიზისის დაწყებასაც ვარაუდობს. მოძრაობა "სამართლიანობის" ლიდერის, ექსპერტ შოთა გვენეტაძის განცხადებით, 2007 წელს საბიუჯეტო შემოსავლები 5,08 მილიარდი ლარი იყო, 2008 წელს - 6,23 მილიარდი ლარი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შემოსავლებმა დაიკლო და 2009 წლის იანვარ-თებერვალში შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაკლებია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2006 წლის დონეზეა.

"ამ მონაცემების გაუთვალისწინებლობა გულისხმობს იმას, რომ ორ თვეში, ანუ მაისისათვის სერიოზული პრობლემები გვექნება. სააკაშვილს ბიუჯეტის სეკვესტრის გამოცდილება არ აქვს და არ იცის, ეს რას ნიშნავს", - ამბობს გვენეტაძე.

წლის პირველი ორი თვის საბიუჯეტო შემოსავლების დინამიკა შემდეგნაირად გამოიყურება: 2007 წლის იანვარი - 305 მილიონ 486 ლარი, 2008 წლის იანვარი - 303 მილიონ 534 ათასი ლარი; 2009 წლის იანვარში - 275 მილიონ 107 ათასი ლარი. 2007 წლის თებერვალში - 319 მილიონ 606 ათასი ლარი; 2009 წლის თებერვალში კი 274 მილიონ 834 ათასი ლარი.

ექსპერტთა განცხადებით, ფინანსური კრიზისისა და ეკონომიკური აქტივობის შენელების გამო, შესაძლოა, წლის განმავლობაში საბიუჯეტო სეკვესტრი განხორციელდეს. 2009 წლის იანვარ-თებერვალში ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით 713,8 მლნ ლარის მობილიზება მოხდა, საპროგნოზო მაჩვენებელი კი 687,9 მილიონი ლარი იყო. თუმცა ამავე პერიოდში ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვამ 760,7 მლნ ლარი შეადგინა, ანუ ხარჯებმა შემოსავლებს 47 მლნ ლარით გადააჭარბა.

ბიუჯეტის შესაძლო სეკვესტრს კატეგორიულად უარყოფენ ფინანსთა სამინისტროში. მინისტრის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის განცხადებით, 2009 წლის ბიუჯეტში გარღვევა არ არის და დაგეგმილი პრიორიტეტები წლის ბოლომდე 100%-ით შესრულდება. მისივე მტკიცებით, ბიუჯეტში ხარჯების შემცირება არ იგეგმება და შესაბამისად, სეკვესტრის ალბათობაზე საუბარიც აბსურდულია.

მიუხედავად შემოსავლების აბსოლუტური მაჩვენებლების კლებისა, ხელისუფლება ირწმუნება, რომ საბიუჯეტო მაჩვენებლები სრულდება. ექსპერტები ამ "უცნაურობას" იმით ხსნიან, რომ ბიუჯეტი შემცირებული მაჩვენებლებით დაიგეგმა. შოთა გვენეტაძის თქმით, 2007-2008 წლებში იანვარ-თებერვალში საგადასახადო შემოსავლები შეადგენდა წლის შემოსავლების 13-13%, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მობილიზებულია 11%. ეს არის ნომინალში 18%-ით ნაკლები შემოსავლები, რაც ნიშნავს ბიუჯეტის 20-22%-ით გარღვევას, ანუ 1 მილიარდი ლარით გარღვევას.

საბიუჯეტო შემოსავლები მთლიანობაში 5 მილიარდი ლარის ოდენობითაა დაგეგმილი. ექსპერტის განცხადებით აუცილებელია სასწრაფოდ ზომების მიღება - ბიუჯეტის სეკვესტრი. თუმცა, ხელისუფლება ასე არ ფიქრობს. საბიუჯეტო შემოსავლების შემცირების პირობებში მნიშვნელოვანი ხდება სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერა.
თუმცა, როგორც ჩანს, 2009 წლის ბიუჯეტი მაინც არასწორადაა დაგეგმილი. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ შიდა პროდუქცია და ექსპორტი გაიზრდებოდა. ქართულ პროდუქციაზე მსოფლიო ბაზარზე ფასები შემცირდა და დაგეგმვის პროცესში ჩანდა, რომ ბიუჯეტს ექნებოდა 600 700-მილიონიანი გარღვევა. თუმცა, იანვარ-თებერვალში შემცირებულმა შემოსავლებმა სავარაუდო გარღვევა კიდევ უფრო მასშტაბური გახადა.

იმაზე, რომ ფინანსური ვარდნა ჯერ არ დამთავრებულა, თუნდაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები მიუთითებს. კერძოდ, ფონდის წინასწარი შეფასებით, 2009 წელს საქართველოში ეკონომიკის 2,5-3%-იანი ზრდა უნდა ყოფილიყო. ბოლო პროგნოზით კი ეს მაჩვენებელი 1%-ს გაუტოლდა. ამასთან, სავალუტო ფონდში არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეს პროგნოზი კიდევ ერთხელ გადაიხედოს.

მთავრობა ვალებს ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად იღებს

2008 წელს ქვეყნის საგარეო ვალი მკვეთრად გაიზარდა და საერთო ჯამში 7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 7 მილიარდ 302 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან 2 მილიარდ 260 მილიონი დოლარი (31%) სამთავრობო სექტორის ვალია, 460 მილიონი დოლარი (6,3%) საქართველოს ეროვნული ბანკის, 1 მილიარდ 874 მილიონ დოლარი (25,7%) საბანკო სექტორის, 778 მილიონი დოლარი (10,7%) სხვა სექტორებისა და 1 მილიარდ 928 მილიონი დოლარი (26,4%) კომპანიათაშორისი ვალია.

ექსპერტების განცხადებით, ქვეყანა საგარეო ვალებს, ძირითადად, ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად იღებს. ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა ეკონომიკურ წინსვლას სულაც არ უკავშირდება. "ამ ვალების აღების ძირითადი მიზანი დადებითი ეკონომიკური ეფექტი არ ყოფილა. ასევე დაუსაბუთებლად მოხდა ევროობლიგაციების გამოშვების შედეგად 500 მილიონი ევროს ვალის აღება. თანაც ეს ვალი იმ მიზნებს არ მომსახურებია, რომელზედაც მთავრობაში ლაპარაკობდნენ. ეს ყველაფერი ბიუჯეტს და ქვეყანას, გარკვეული პერიოდის შემდეგ, საკმაოდ მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება", - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია.

მთავრობაში აცხადებენ, რომ უცხოური წყაროებიდან მიღებული სესხები გამოიყენება ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა პროექტების დასაფინანსებლად.

ხუთი სირთულე საქართველოს ეკონომიკის წინაშე

კოალიციამ "გამჭვირვალე ფინანსური დახმარება საქართველოს" მოამზადა ანგარიში, რომელშიც ეკონომიკური საფრთხეებისა და ფინანსური კრიზისისაგან საქართველოს დაცვის სამთავრობო სტრატეგიაა გაანალიზებული და შესაბამისი რეკომენდაციებია შემუშავებელი. ანგარიშის თანახმად, სამთავრობო სტრატეგიაში ნაკლებად არის გათვალისწინებული, თუ რა უნდა გაკეთდეს იმ 5 ძირითადი სირთულის დასაძლევად, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

პირველი ასეთი საფრთხეა საქართველოს ეკონომიკური ზრდის შენელების საშიშროება. უკანასკნელ წლებში საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა. ბოლო 5 წელიწადში საშუალო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 20%-ს აღემატებოდა, რაც უმეტესწილად სამომხმარებლო ბუმით იყო განპირობებული. თუ მოხმარების ტემპები არ შეიზღუდება, ქვეყანას მოუწევს კერძო ვალების უფრო მკაცრი საპროცენტო განაკვეთით აღება, ან სახელმწიფოს კრედიტების მიღება, რაც მის ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

მეორე მნიშვნელოვანი საფრთხე არის საინვესტიციო ნაკადების შეწყვეტის ან შემცირების რისკი. მესამე საფრთხეა საბანკო სექტორში არსებული და საგარეო ფაქტორებზე დამოკიდებული რისკები. ანგარიშის თანახმად, აგვისტოს ომმა და მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ქართულ ბანკებზე უარყოფითი გავლენა უკვე მოახდინა. საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად გაიზარდა, სესხების პირობები კი საგრძნობლად გამკაცრდა. ქართულმა საბანკო სისტემამ ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად იზარალა, თანაც სოლიდური თანხით - 215 მილიონი ლარით.

კიდევ ერთი საფრთხე, რომელსაც მთავრობა თავის ანტიკრიზისულ სტრატეგიაში ნაკლებად ითვალისწინებს, არის ტრანსფერების მოცულობის  შემცირების საფრთხე. 2009 წელს ამ დრომდე მუდმივადმზარდი ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება არის მოსალოდნელი. ამის მიზეზი ისაა, რომ გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ყველა იმ ქვეყანაზე მოახდინა გავლენა, საიდანაც საქართველოში ფულს აგზავნიან.

მეხუთე და ასევე ერთ-ერთი სერიოზულია საგარეო ვალის ზრდასთან დაკავშირებული რისკები. კერძოდ, ეკონომიკაში არსებული სტრუქტურული და სხვა ტიპის პრობლემების გამო საქართველო, შესაძლოა, იძულებული გახდეს სესხები ადრინდელზე უფრო მკაცრი პირობებით მოიზიდოს, რაც ქვეყნის საგარეო ეკონომიკურ მდგომარეობას უფრო გაართულებს.

დავით მალხაზიშვილი