ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
რამდენად დამოუკიდებელი იქნება სტატისტიკის ეროვნული სამსახური
#3(111), 2009
რა წერია კანონპროექტში

27 მარტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი `სახელმწიფო სტატისტიკის შესახებ~, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო სტატისტიკის არსს, მიზანსა და პრინციპებს, სახელმწიფო სტატისტიკაზე პასუხისმგებელი ორგანოების სისტემას და ფუნქციებს, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს ქვეყნის ტერიტორიაზე სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, ანალიზის, გადაცემის, გამოყენების, დაცვის საკითხებს და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამ კანონპროექტის თანახმად, "სახელმწიფო სტატისტიკის მიზანია სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი პრინციპების საფუძველზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული და ბუნებრივი გარემოს შესახებ სტატისტიკის წარმოება".

სახელმწიფო სტატისტიკა არის საქართველოს მთავრობასა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (შემდეგში – საქსტატი) შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში საქსტატის მიერ განხორციელებულ სტატისტიკურ საქმიანობათა საფუძველზე მიღებული ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ "ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლით მინიჭებული ფუნქციის საფუძველზე წარმოებული ძირითადი მაჩვენებლები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოებული სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის მაჩვენებლები. "საქსტატი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტატისტიკის წარმოების და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე".

სახელმწიფო სტატისტიკა შემდეგ ძირითად პრინციპებს დაეფუძნება: დამოუკიდებლობა, სანდოობა და გამჭვირვალობა, სათანადოობა და აქტუალურობა, ეფექტიანობა, კონფიდენციალობა.

რამდენად დროულია ეს კანონპროექტი და ესადაგება დღევანდელ მოთხოვნებს?

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა აცხადებს, რომ სტატისტიკის დეპარტამენტისათვის დამოუკიდებლობის მინიჭება და სტატისტიკის სერიოზული სამსახურის შექმნა არა თუ დროული, დაგვიანებულიც კი არის; მაგრამ წარმოდგენილი მოდელი თავის მოტყუება უფროა, ვიდრე რეალურად გადადგმული ნაბიჯი. საქმე ისაა, რომ ნებისმიერი ინსტიტუტის საქმიანობის ეფექტიანობა უნდა შევაფასოთ ორი კუთხით: ერთი, თვითონ ინსტიტუტი რამდენად სწორად არის ჩამოყალიბებული, რამდენად გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს; ხოლო მეორე მხრივ, იდეალური ინსტიტუტიც კი ვერ იქნება წარმატებული, თუ ხელისუფლებაში არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს ინსტიტუტი გამართულად მუშაობდეს. მაგალითად, როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე ნებისმიერი კანონი არ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ვინმე ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში; ასე რომ, დღეს როცა საუბარია სასამართლო რეფორმაზე, ვითომ მისი დამოუკიდებლობის ზრდაზე, საჭიროა არა ახალი კანონი, არამედ უპირველესად პოლიტიკური ნება, რომ ხელისუფლების არც ერთი შტოს წარმომადგენელი არ ჩაერიოს სასამართლოს საქმიანობაში (მაშინ უკვე თუნდაც ის კანონები, რაც ჩვენ გვაქვს, გვიჩვენებენ თავის ქმედუნარიანობას და შემდეგ მათი სრულყოფა უკვე სხვა თემაა). ზუსტად იგივე ითქმის სტატისტიკაზეც.

წარმოდგენილი მოდელი ინსტიტუციურად მცდარია

პირველ რიგში მთავარია, ინსტიტუტი რამდენად სწორად არის შექმნილი; ხოლო მეორე თემაა, არის თუ არა პოლიტიკური ნება იმისა, რომ ამ ინსტიტუტმა იფუნქციოს. პაპავა გვთავაზობს, რომ სანამ ვუპასუხებდეთ პირველ კითხვაზე, ანუ შემოთავაზებული ვარიანტი ინსტიტუტისა არის თუ არა სწორი, ჯერ ვთქვათ, რა ნაკლი ჰქონდა მოქმედ სტრუქტურას. მოქმედი სტრუქტურის ყველაზე მთავარი ნაკლი გახლდათ ის, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სტატისტიკის დეპარტამენტი შეიყვანეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში, რითაც შეიქმნა ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან უშუალოდ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არის ეკონომიკური პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო და შემდეგ თვითონვე უნდა გამოაქვეყნოს, თუ რა მდგომარეობაა ეკონომიკაში. ცხადია, აქ ყოველთვის არის ინტერესი, რომ თავის სასარგებლოდ რაღაც კორექტივი შეიტანოს. ამიტომ ეს გახლდათ ყველაზე მთავარი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც აუცილებელი იყო.

ლადო პაპავას აზრით, ერთი შეხედვით, მოდელი თითქოს უმჯობესდება იმ თვალსაზრისით, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი (ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი იყო 2004 წლის რეფორმამდეც, სანამ მას "დაანგრევდნენ" და შეიყვანდნენ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში). წარმოდგენილი მოდელი ძალიან ჰგავს საზოგადოებრივი მაუწყებელის მოდელს, ოღონდ მასზე ბევრად უფრო უარესია. საზოგადოებრივ მაუწყებელსაც ჰყავს თავისი სამეთვალყურეო საბჭო, მაგრამ იქ მთავრობის წარმომადგენლები არ არიან (წარმოიდგინეთ, რომ იყვნენ კულტურის მინისტრი ან მისი მოადგილე, განათლების მინისტრი ან მისი მოადგილე, შს მინისტრი ან მისი მოადგილე!). სტატისტიკის დეპარტამენტში კი უკვე კანონის მიხედვით ნებადართულია 3 უწყების ხელმძღვანელი პირის ყოფნა, რომელთაგან თითოეულს აქვს ინტერესი, რომ ინფორმაცია დამახინჯდეს.

კერძოდ, თუ საბჭოში არის ეკონომიკური განვითარების მინისტრი ან მოადგილე, მას ლეგალურად აქვს უფლება, გაატაროს ის პოლიტიკა, რომ სტატისტიკა იყოს მხოლოდ ხელისუფლებისთვის სასიამოვნო ინფორმაციის გამომზეურებელი. მეორე მხრივ, მას შემდეგ, რაც გურგენიძემ ბენდუქიძესთან ერთად დაასუსტა ეროვნული ბანკი და მისი საქმიანობის ძირითად მაჩვენებლად აქცია ზღვრული ინფლაცია, ბუნებრივია, სებ-ის ხელმძღვანელობას ყოველთვის აქვს ის ამოცანა, რომ ქვეყანაში რეალურად არსებული ინფლაცია ზღვრულს არ გადასცდეს; ამიტომ სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ორგანოში მისი მონაწილეობა არის შეცდომა, ინტერესთა კონფლიქტი! ხოლო ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტია და ფინანსების ეკონომიკაში განთავსებაზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანობა; ანუ ისიც დაინტერესებულია. თან ფინანსთა სამინისტრო სწორედ ის უწყებაა, რომელიც არის დამფინანსებელი, მათ შორის სტატისტიკის დეპარტამენტისა და ამ დროს ის იქ, შიგნითვე არის; ანუ მას ინსტიტუციონალურად აქვს დაკანონებული ნებისმიერი (მათ შორის ფინანსური) ზეგავლენის უფლება.

შეიძლება ოპონენტმა თქვას, კი, მაგრამ 5 წევრი ხომ დამოუკიდებელია და ხუთი ყოველთვის გადაწონის სამსო! სინამდვილეში ასე არ არის. როდესაც სტატისტიკის შესახებ ახალ კანონზე მუშაობა მიმდინარეობდა და მთავრობამ შექმნა სპეციალური კომისია, სადაც არასამთავრობო სექტორიდან ექსპერტების შეყვანა იყო "გაპიარებული", ამ ექსპერტებიდან არცერთი არ იყო სტატისტიკოსი. არც ერთ ქართველ სტატისტიკოსს ამ კანონპროექტზე მუშაობაში არ მიუღია მონაწილეობა და თუ მათ სტატისტიკის კანონპროექტზე მუშაობა არ ანდეს, განა ვინმე ანდობს მათ იმ საბჭოში ყოფნას?! შეიძლება მკითხველმა იფიქროს, რომ უპირატესობა უცხოელ ექსპერტებს მიანიჭეს, მაგრამ ამ ჯგუფში შეყვანილთაგან რობერტ კრისტიანსენი იყო ერთადერთი უცხოელი,  დანარჩენი ექსპერტები კი იყვნენ ქართველები და არც ერთი მათგანი არ გახლდათ სტატისტიკოსი.

ეკონომისტი ლადო პაპავა აცხადებს, რომ მართალია მან იცის სტატისტიკის მთელი რიგი საკითხები, მაგრამ არც იგი არაა სტატისტიკოსი და კიდევაც რომ მიეწვიათ იმ შემადგენლობაში, მისი ყოფნაც არ იქნებოდა საკმარისი. ამ კომისიას არ გააკარეს ისეთი გამორჩეული სტატისტიკოსები, როგორებიც არიან, ვთქვათ, ბიკენტი გაბიძაშვილი, დავით კბილაძე, სოსო არჩვაძე, თემურ ბერიძე... პაპავა დარწმუნებულია, რომ ასეთი ადამიანები არც საბჭოში შესაყვანად გაახსენდებათ და ის ხუთიც იქნება ისეთივე ფსევდო არასამთავრობო სექტორიდან წარმოდგენილი, ვითომ პროფესიონალი, ვისაც სტატისტიკისა არაფერი გაეგება.

პაპავასთვის უცნობია, ვინ დააკონპლექტა კანონპროექტის შემმუშავებელი ჯგუფი. მისი თქმით, კრისტიანსენის დაკომპლექტებულს ნამდვილად არ ჰგავს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ იგი არ იცნობს საქართველოში ყველა ექსპერტს. უფრო მეტიც, თვითონ ამ ჯგუფის მუშაობის დროს რობერტ კრისტიანსენი საკუთარი ინიციატივით ორჯერ მივიდა პაპავასთან კონსულტაციებზე. ეს შეხვედრები ძალიან საინტერესო იყო, კარგახანს გაგრძელდა და პაპავამ მაშინაც გამოთქვა თავისი სკეპტიკური დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოში იქნებოდნენ სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები მთავრობიდან და ეროვნული ბანკიდან.

რით ახსნა კრისტიანსენმა ეს ყველაფერი, ამაზე პასუხისგან პაპავამ თავი შეიკავა: თვითონ თქვას, თუ იტყვისო. მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოდელი პრაქტიკულად არის სტატისტიკის დეპარტამენტის დღევანდელი მდგომარეობის მხოლოდ იმით შელამაზება, რომ დღეს ის არის დამოკიდებული და ხვალ გახდება დამოუკიდებელი. ეს დამოუკიდებლობა კი, როგორც გითხარით, არის ფსევდო. საზოგადოება არ თვლის, რომ დამოუკიდებელია საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის საბჭოში მთავრობის არც ერთი პირი არ არის და აქ კი ფორმალურად 3 ძლიერი სუბიექტი მონაწილეობს, რომელიც ერთ გუნდად არის შეკრული, ხოლო იმ 5 კაცში, პაპავას აზრით, არც ერთი პროფესიონალი არ იქნება და მათი წვლილი იქნება ნული. ასე რომ, წარმოდგენილი მოდელი ინსტიტუციურად მცდარია.

არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ სტატისტიკა ობიექტური იყოს
არსებობს თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური ნება, რომ სტატისტიკა ვინმეს სჭირდებოდეს? ლადო პაპავა ირწმუნება, რომ შესაბამისი პოლიტიკური ნება არ არსებობს და ამის დამადასტურებელი მაგალითებიც მოყავს. კერძოდ, როდესაც ჯერ კიდევ ძველ პარლამენტში 2008 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედიოდა და ფინანსთა მინისტრი იდგა ტრიბუნასთან, მას გამოჰქონდა ბიუჯეტი, რომლის განმარტებით ბარათში ეწერა, რომ თურმე 2007 წელს ინფლაცია გამოუწვევია რამდენიმე პროდუქტს და მათ შორის ატამს; პაპავამ ჰკითხა მას ატმის როლზე ქართულ ეკონომიკაში, რის გამო მინისტრმა თავი შეურაცხყოფილადაც კი იგრძნო: რა შუაშია ატამიო?! როცა ჩანაწერზე მიუთითეს, უპასუხა: ეს არ მინახავს, ეტყობა სტატისტიკამ ჩაწერაო. არადა, ამ დოკუმენტმა ხომ გაირა სამინისტროები, მთავრობის სხდომა, პარლამენტის კომიტეტები! ანუ არავის აღელვებს, სტატისტიკამ რა ჩაწერა.

ახლა მეორე, დროის თვალსაზრისით უფრო ახლო მაგალითი. შარშან დეკემბრის ბოლოს პირდაპირი ეთერით ტელევიზიით ტრანსლაცია მიდიოდა მთავრობის ღია სხდომისა (ანუ "პიარის" ერთ-ერთი მაგალითი), რომელიც პრეზიდენტმა ჩაატარა და ნიკა გილაურს, მაშინ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრს ჰკითხვა: რამდენია ქვეყანაში საარსებო კალათაო? ამ კითხვაზე პასუხი არ გააჩნდა არც ფინანსთა მინისტრს, არც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, არც ქალაქის მერს, რაზეც პრეზიდენტს არანაირი რეაქცია არ ჰქონია. ანუ არც პრეზიდენტს და არც მთავრობის წევრებს არ სჭირდებათ რეალურად იცოდნენ, რა მდგომარეობაა. ჯერ ერთი, საარსებო მინიმუმს შეცდომით ანგარიშობენ. იქ ხელოვნურად არის შემცირებული საარსებო კალათის კალორიულობა, საცალო ფასების ნაცვლად აღებულია საბითუმო ფასები, - ეს უკვე შეცდომაა. მაგრამ თუნდაც ეს მცდარი ციფრიც რომ ვინმემ იცოდეს, ამის აუცილებლობაც არ არის და პრეზიდენტს არა თუ რამე უარყოფითი რეაქცია ჰქონია, ერთ თვეში ფინანსთა მინისტრი დააწინაურა და პრემიერ-მინისტრი გახადა. ასე რომ, პოლიტიკური ნება იმისა, რომ სტატისტიკა ვინმეს სჭირდებოდეს ხელისუფლებაში, უბრალოდ არ არის. ეს არის კიდევ ერთი თვალთმაქცობა, საზოგადოების მოტყუება, თითქოს რაღაც დემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა და ეს ძალიან ლამაზად "გაპიარდება".

მსოფლიოში არ არსებობს სტატისტიკის სამსახურის მოწყობის ერთიანი მოდელი

აღნიშნულ კანონპროექტზე პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებელია პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი თამარ კოვზირიძე, რომლის ინფორმაციით, მაგალითად გერმანიაში სტატისტიკის სამსახური შსს-ს, სხვაგან კი სხვა სამინისტროების დაქვემდებარებაშია. ლადო პაპავა კი განმარტავს, რომ სტატისტიკის სამსახურის მოწყობის ერთიანი მოდელი მსოფლიოში არ არსებობს; გერმანიაში სტატისტიკის დეპარტამენტი მართლაც არის შსს-ს დაქვემდებარებაში, თუმცა იქ შსს-ს სულ სხვა ფუნქცია აქვს, ვიდრე ჩვენთან და იქ, მაგალითად, არჩევნებს ატარებს არა საარჩევნო კომისია, არამედ სტატისტიკის დეპარტამენტი. გერმანიის სტატისტიკის დეპარტამენტი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ვერც ვერავინ გაბედავს მის საქმიანობაში ჩარევას. უფრო მეტიც, გერმანიაში განვითარებულია არასამთავრობო სტატისტიკური კვლევითი დაწესებულებების ქსელი. ანუ არსებობს ერთი მხრივ სახელმწიფო სტატისტიკა და მეორე მხრივ არასამთავრობო სტატისტიკური ორგანიზაციები. ამიტომ იქ ურთიერთკონტროლის ძალიან დიდი მექანიზმია.

ჯერ მინისტრობის და შემდეგ დეპუტატობის დროს უშედეგო აღმოჩნდა პაპავას არაერთი შეთავაზება უცხოელი დონორებისადმი საქართველოში არასამთავრობო სტატისტიკური სექტორის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. არადა, დონორების მხრიდან სერიოზული ფინანსური მხარდაჭერის გარეშე არასამთავრობო სტატისტიკური კვლევითი ორგანიზაციები, უბრალოდ, არ შეიქმნება.

პროფესორ პაპავას აზრით, კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ გერმანიას ან რომელიმე სხვა ცივილიზებულ სახელმწიფოს ნუ შევედარებით, თუნდაც იმიტომ, რომ იქ არსებობს პოლიტიკური კულტურის ბევრად უფრო მაღალი დონე, რომელიც არაერთი ათწლეულის განმავლობაში მკვიდრდებოდა. ჩვენ დღეს საწყის ეტაპზე ვართ. მისივე შეფასებით, ყველაზე კურიოზია, როდესაც სტატისტიკის დეპარტამენტის შესახებ კანონპროექტს წარმოადგენს ბენდუქიძის გუნდის წევრი, ანუ მთავრობის კანცელარიის თანამშრომელი, რომელსაც ახლა არანაირი პოლიტიკური თანამდებობა არ უჭირავს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ იგივე "ბენდუნომიკა" გრძელდება ქვეყანაში.

ბოლო წლებში კოლოსალური უკუსვლა მოხდა

აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ კანონში 2004 წლის ცვლილებების შედეგად სტატისტიკამ დამოუკიდებლობა დაკარგა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად გადაიქცა. ექსპერტი, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სტატისტიკის, როგორც ინსტიტუციური ერთეულის, როგორც სისტემის და როგორც საზოგადოებრივი ფენომენის დევალვაცია.

არჩვაძეს ამ სფეროში მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს. იგი სტატისტიკაში 1978 წლიდან 2006 წლამდე, ანუ თითქმის 28 წლის განმავლობაში მუშაობდა და აქედან ბოლო 13,5 წელი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ასე რომ, "ეს სამზარეულო" შიგნიდან იცის.
სოსო არჩვაძის განმარტებით, სტატისტიკა არის ქვეყანაში მიმდინარე რეალური პროცესების აღქმის ინსტრუმენტი. იგულისხმება ის სახელმწიფო სტატისტიკური სისტემა, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ სახელმწიფოს, თუ ის თავის თავს შემდგარ სახელმწიფოდ მიიჩნევს. ამიტომ იმისდა მიხედვით, როგორ ექცევა ხელისუფლება, საზოგადოება და მასმედია სტატისტიკას, რამდენად ფასეულია მისდამი დამოკიდებულება (ამის მაგალითი პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს), შეგვიძლია თვითონ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობასა და მათი საქმიანობის ავკარგიანობაზე ვილაპარაკოთ.

შეუძლებელია ზოგადად დეკლარაცია, რომ ეს პროცესი წავიდა კარგად ან უარესად, თუ ჩვენ რეალური ინფორმაციული რესურსით არ ვახდენთ აღნიშნული ფაქტის კონსტანტირების დემონსტრირებას. გავრცელებული ზოგადი ფრაზაა: "გაუმჯობესდა სიტუაცია". ეს უნდა ჩანდეს რიცხვებით. კონკრეტული რიცხვები კი უნდა დადოს სტატისტიკამ. უმეტეს შემთხვევაში ეს არის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური, მაგრამ სამთავრობო დაწესებულებებს - აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს და ასევე ზოგიერთ სხვა ინსტიტუტს, როგორიც არის მაგალითად სასამართლოები, აქვთ თავიანთი უწყებრივი სტატისტიკაც და ყველაფერს ჯამში, მეთოდოლოგიის მხრივ, კოორდინაციას უნდა უწევდეს სტატისტიკის სამსახური. ასე რომ, ბევრს აქვს სურვილი შეფასებისა, როგორია ვთქვათ დემოგრაფიული პროცესები, როგორია ჩვენი წარმოება, ეკონომიკური განვითარება და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო სიტყვა უნდა თქვას (რომ იტყვიან, "ბეჭედი უნდა დაასვას") სტატისტიკამ. მხოლოდ მისი ინფორმაციის კანონიზირება უნდა ხდებოდეს. სხვანაირად საზოგადოება ვერ შეძლებს რეალური წარმოდგენა იქონიოს თავის შიგნით მიმდინარე პროცესებზე და მოახდინოს შიდა რესურსებისა და პროცესების შედარება ანალოგიურ რესურსებთან და პროცესებთან სხვა ქვეყანაში ან საერთაშორისო მასშტაბით.

მსოფლიოში ჩვენ გვცნობენ არა იმის მიხედვით, ვთქვათ, ევროკავშირის რამდენი დროშა ფრიალებს ჩვენს მოედნებზე ან აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთა კაბინეტებში, არამედ იმის მიხედვით, თუ როგორი სტატისტიკა გვაქვს, რამდენად ვახდენთ ჩვენს შიგნით მიმდინარე მოვლენების და პროცესების შეფასებას. ამ მხრივ, სამწუხაროდ, ბოლო წლებში კოლოსალური უკუსვლა მოხდა.

არჩვაძე შეგვახსენებს, რომ 2004 წლამდე სტატისტიკის დეპარტამენტს ჰქონდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც თავის დროზე დიდი ძალისხმევით შეიქმნა. მას ევალებოდა დეპარტამენტისთვის დახმარება მეთოლოგიის შემუშავებაში. მერე, რაკი სტატისტიკის დეპარტამენტი საქვეუწყებო დაწესებულება გახდა, მას უკვე სტატისტიკის ინსტიტუტის ქონის უფლება აღარ გააჩნდა. ამიტომ ინსტიტუტი სტრუქტურულ რეორგანიზაციას შეეწირა. სტატისტიკა ზოგადად მიეკუთვნება მართულობის სფეროს, მაგრამ ეს არის ყველაზე მეცნიერული დატვირთვის საქმიანობა მმართველობაში, რადგან ეს არ არის ნებელობითი გადაწყვეტილების მიღების აღიარება; ეს არის გარკვეული ტექნოლოგიური ციკლის აუცილებლობა, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულ ობიექტურ რიცხვზე გავიდეთ.

თუ ჩვენ მოვინდომეთ, ვთქვათ, რომ იანვრის ბოლოსთვის გვქონდეს, რამდენია ქვეყანაში მშპ წინა კვარტლის მიხედვით, ეს არ იქნება ზუსტი რიცხვი და იქნება მხოლოდ რომელიმე ექსპერტის ან მეცნიერის ზეპირი შეფასება. სტატისტიკას თავისი ტექნოლოგია აქვს აღნიშნული რიცხვების წარმოებისა. საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო სტანდარტების ხელშეკრულებაზე და იქ ვადიანობა განსაზღვრულია ყველა ინდიკატორის მიხედვით.

დღეს ჩვენთან სტატისტიკა ბევრ მაჩვენებელს ვეღარ ანგარიშობს ან კიდევ პერიოდულობაა დარღვეული. აი, ამ მიმართულებებითაა ახლა უკუსვლა. ჯერ ერთი, დაიკარგა ნდობა ინფორმაციისადმი. გარდა ამისა, პერიოდულობა გაიწელა (რაც, ფაქტობრივად, რჩება საზოგადოების ყურადღების მიღმა). ვთქვათ, ადრე თუ ყოველთვიური ანგარიშგებებით წარმოებდა ინფორმაციის შეჯერება და ყოველთვიურად ვიცოდით ეკონომიკაში რა ცვლილებები ხდებოდა, ახლა ფაქტობრივად ყოველთვიური ანგარიშგებები მოისპო და კვარტალში ერთხელ, ისიც დიდი დაგვიანებით, ხდება ამ ინფორმაციის დამუშავება. არადა, ქვეყანაში მიდის პროცესები.

იყო დრო, როდესაც ჩვენ ინფლაციას ვანგარიშობდით თითქმის ყოველკვირეულად, ცალკეული პოზიციების მიხედვით ყოველდღიურად ვანგარიშობდით ფასების ცვალებადობას, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს ის რაც შეიძლება სწრაფად. მოვლენის წარმოქმნიდან მის რაოდენობრივ შეფასებამდე სხვაობა უნდა იყოს მინიმალური, რომ ოპერატიულობა არ დაიკარგოს. კიდევ ბევრი სხვა მომენტის გამო სტატისტიკამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკან. ყველა ხვდება, რომ ეს ის სტატისტიკა აღარ არის, რაც იყო და საერთოდ, აღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ამიტომ გაჩნდა სურვილი, რომ ეს სიტუაცია შეცვლილიყო, - განმარტავს სოსო არჩვაძე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გურამ ჩახვაძის ინფორმაციით, სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში ჩვენი სტატისტიკის სამსახური და სტატისტიკური მონაცემები ნდობით არ სარგებლობს. ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ოპოზიცია აყენებდა საკითხს, სტატისტიკის სამსახური მთავრობისაგან დამოუკიდებელი ყოფილიყო, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ მონაცემები, რომლებსაც სახელმწიფო სტატისტიკა იძლეოდა, იყო არაობიექტური და ემსახურებოდა მთავრობის "ინტერესებს". კარგია, რომ მთავრობამ ეს ნაბიჯი გადადგა და დაიწყო ახალი სისტემის ჩამოყალიბება.

მოგეხსენებათ, თავად ჩახვაძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელია. მისი ინფორმაციით, კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფში საპარლამენტო ოპოზიციიდან არავინ ყოფილა. საპარლამენტო ოპოზიციას ამ დოკუმენტთან დაკავშირებით აქვს შენიშვნები. თავდაპირველი ვარიანტით, სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის არარეზიდენტი პირი, რაც ოპოზიციისთვის და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილისთვის პრინციპულად მიუღებელს წარმოადგენდა. მთავრობამ ეს გაითვალისწინა და დოკუმენტში ჩაიწერა, რომ აღმასრულებელი დირექტორი აუცილებლად უნდა იყოს რეზიდენტი პირი. საპარლამენტო ოპოზიციის ასევე პრინციპული მოსაზრებაა, რომ ეს სამსახური ანგარიშვალდებული უნდა იყოს პარლამენტის წინაშე. ამ და სხვა შენიშვნების მიუხედავად ჩახვაძე მიიჩნევს, რომ ეს მაინც არის წინგადადგმული ნაბიჯი.

კანონპროექტში ბევრი პრინციპული მომენტი გათვალისწინებული
არ არის

სოსო არჩვაძის აზრით, პოზიტიური აღნიშნული კანონპროექტის მომზადებაში არის თვითონ ფაქტი კანონპროექტის მომზადებისა, ხელისუფლების დაინტერესება, რომ აღნიშნულ სფეროს მიხედოს. ხოლო თუ პროფესიული კუთხით მივუდგებით, უბრალოდ იყო მცდელობა, რომ რაღაც გაკეთებულიყო. ქვეყანაში არის ძალიან ბევრი ექსპერტი (პრაქტიკოსი თუ თეორეტიკოსი), რომელსაც აქვს სტატისტიკასთან შეხება როგორც ინფორმაციის მწარმოებელს და როგორც მომხმარებელს. მაგრამ რადგანაც ეს ხალხი კანონპროექტის შექმნაში არ მონაწილეობდა და მათი აზრი გათვალისწინებული არ იყო, ამიტომ კანონპროექტში ბევრი პრინციპული მომენტი გაშვებული ან კიდევ გაუთვალისწინებელია. მათგან ერთ-ერთი მთავარი ის არის, პირველადი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულო უნდა იყოს თუ არა ქვეყნის იურიდიული პირებისათვის და სხვა სამეწარმეო სუბიექტებისათვის.

კანონპროექტში არსად არაა ნათქვამი, რომ ეს უნდა იყოს სავალდებულო ხასიათის. კანონპროექტის შემმუშავებელი ჯგუფის წევრი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე თამარ კოვზირიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი, რაც სოსო არჩვაძეს აბსოლუტურად მცდარ წარმოდგენად მიაჩნია. მისი აზრით, ინფორმაციის არწარმოდგენასა ან დაგვიანებაზე სიმბოლური დატვირთვის სანქცია მაინც უნდა არსებობდეს. სხვათა შორის, ძველ კანონში ეს მუხლი ჩადებული იყო (მეორე საკითხია, რამდენად მუშაობდა); გადასახადების გადახდა სავალდებულო ხასიათისაა და როდესაც იურიდიული პირი ფინანსურ გადასახადს არ იხდის, მის მიმართ შეიძლება უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი დადგეს. ფაქტობრივად, პირველადი ინფორმაციის წარმოდგენა არის საზოგადოების არსებობისათვის, სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ინფორმაციული გადასახადი, რომელიც უნდა გადაიხადოს ყოველმა კონკრეტულმა იურიდიულმა პირმა, თუ ის მოხვდა კვლევაში, იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ საერთო სურათი. თანაც არსებობს კონფიდენციალობის მომენტი, რომლის მიხედვითაც პირველადი ინფორმაცია არ ექვემდებარება საჯარო განხილვას და ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობას. ეს მხოლოდ შეჯერებული, კრებსითი ინდიკატორების მისაღებად იქნება გამოყენებული. ეს არის სტატისტიკის ძირითადი პრინციპი და თუ ჩვენ ჩამოვაცილეთ ეს სავალდებულო ხასიათი, სტატისტიკა დაგვყავს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დონეზე, რომელმაც სადღაც გრანტი იშოვა და უნდა რაღაც გამოკვლევა ჩაატაროს. მიიღებს ინფორმაციას, ხომ კარგი, და თუ არ მიიღებს, სხვა რაღაც წყაროს მოძებნის! ასე არ შეიძლება. როდესაც გენერალური ერთობლიობიდან ხდება შერჩევის განხორციელება და იმისი გავრცელება ამ ერთობლიობაზე, იქ გარკვეული კანონზომიერებით ხდება შერჩევის განხორციელება.

დავუშვათ მარტივი მაგალითი: ვთქვათ, ღვინის ყველა ქარხანამ ჩათვალა, რომ სტატისტიკას არ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რამდენი ღვინო აწარმოა. ხოლო არყის ყველა მწარმოებელმა ჩათვალა, რომ უნდა მიაწოდოს. გამოდის, რომ ჩვენ ალკოჰოლურ სასმელებზე ინფორმაცია გვექნება მხოლოდ არყის წარმოების მიხედვით და ღვინოზე არ გვექნება. რაიმე ბერკეტი სახელმწიფოს არ ექნება, რომ მეწარმეს მოსთხოვოს, ინფორმაცია მომეციო. მეწარმის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, რას მოგთხოვს ხვალ იგი იმისათვის, რომ ინფორმაცია მივიღოთ. შეიძლება თავის ინფორმაციას ფასი დაადოს და ფაქტობრივად, ვერ გაექცევი, თუ ეს სავალდებულო ხასიათი კანონით არ გაქვს განსაზღვრული.

არის კიდევ რიგი პრინციპული შენიშვნებისა. ძირითად პრინციპებში არაა ჩამოთვლილი ობიექტურობა. ესაა ერთ-ერთი სტატისტიკის იმ 10 ძირითადი პრინციპიდან, რომელიც გაეროს მიერ არის შემუშავებული და დამტკიცებული. ამის მერე უკვე ევროკავშირს აქვს დაკონკრეტებული და გაზრდილი მათი რაოდენობა 15-მდე. არჩვაძე შეგვახსენებს, რომ ობიექტურობა სტატისტიკური საქმიანობის პრინციპების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

ახლა ლაპარაკია სტატისტიკის სამსახურის დამოუკიდებლობაზე. აქამდე იყო სხვა სამთავრობო დაწესებულების (ეკონომიკური განვითარების სამინისტროს) დაქვემდებარებაში და ის განაგებდა პოლიტიკას მის მიმართ, ახლა ვამბობთ დამოუკიდებელიო, მაგრამ ფაქტობრივად, სტატისტიკის სამსახური სამეთვალყურეო საბჭოს მიმართ ხდება ანგარიშვალდებული. საბჭო 8 წევრისგან შედგება, რომლის რვავე წევრი ინიშნება პრეზიდენტის მიერ. აქედან 3 ინსტიტუციურად არის წარმოდგენილი საბჭოს წევრად (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსთა მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ან მინისტრის მოადგილე), ხოლო დანარჩენი არის პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიერვე წარდგენილებიდან.

სამეთვალყურეო საბჭო, ცხადია, უნდა არსებობდეს. ამ კანონის მიხედვით სატატისტიკის სამსახურის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო. არჩვაძის აზრით, უმჯობესი იყო, რომ დანიშნულიყო და გათავისუფლებულიყო პრეზიდენტის მიერ. მაგრამ საბჭოს წევრები უნდა ყოფილიყვნენ იმ ძირითადი საზოგადოებრივი ინსტიტუტების და სექტორების წარმომადგენლები, რომლებიც ყველაზე ინტენსიური და აქტიური მწარმოებლები და მომხმარებლები არიან ინფორმაციისა. მაგალითად, ესაა მასმედია, ბიზნესის სფერო, პროფკავშირები, სამეცნიერო სფერო, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა, რაც იქნებოდა სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებლობის და მისდამი ნდობის გარანტი, რომ საბჭო ატეხავს განგაშს, თუკი სტატისტიკა რაღაც ისე არ იქცევა, როგორც უნდა იქცეოდეს.

ექსპერტის თქმით, პირადად მას არ ჰქონდა იმის ილუზია, რომ იმ პირობებში, როდესაც სახელისუფლო ვერტიკალი ყველა მიმართულებით ძლიერდება, იქ სტატისტიკას "კარტ-ბლანშს" მისცემდნენ თავისუფლებისა და შემოქმედებისთვის. ამდენად, ძალიან გადაჭარბებული ნათქვამია, რომ სტატისტიკა დამოუკიდებელი ხდება.

სტატისტიკის სამსახური ანგარიშვალდებულია საბჭოს წინაშე, მაგრამ ამ კანონპროექტის მიხედვით იდება ხელშეკრულება მთავრობასა და სტატისტიკის სამსახურს შორის; თანაც ეს ხელშეკრულება 3-წლიანია. სოსო არჩვაძე განმარტავს, რომ მთავრობა და საერთოდ, ხელისუფლება არის სტატისტიკური ინფორმაციის ძირითადი, მაგრამ არა ერთადერთი მომხმარებელი. მისი პრივილეგია უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ მან მისცეს შეკვეთა, მითითება, რომ მე ეს ინფორმაცია მჭირდება ამ პერიოდულობით ამ მოცულობითო; მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა მონოპოლისტი იქნება აღნიშნული ინფორმაციის და სხვისთვის არ იქნება ეს ხელმისაწვდომი. პირიქით, სტატისტიკამ უნდა გაითვალისწინოს აგრეთვე ის ინფორმაციაც, რომელიც მთავრობისთვის შეიძლება არ იყოს ხელსაყრელი, მაგრამ ის უნდა იცოდეს როგორც საზოგადოებამ, ასევე მთავრობამ.

მაგალითად, დასავლეთში ფართოდ არის გავრცელებული სტატისტიკა გაფიცვების, სამუშაო დროის მოცდენების, საწარმოო ტრავმატიზმის და რიგი სხვა ინდიკატორების მიხედვით, რომელიც აჩვენებს სახელმწიფოს "ვიწრო ადგილებს". სტატისტიკა უნდა ამოდიოდეს როგორც უნივერსალურად საზოგადოების ინტერესების გამთვალისწინებელი. მან უნდა დააკმაყოფილოს არა მარტო ხელისუფლების, არამედ ყველაზე ჭირვეული ინფორმაციის მომხმარებლის ინტერესებიც და ამაზე მთავრობამ არ უნდა დაიშუროს თანხები.
არჩვაძის აზრით, რაკი სტატისტიკის სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ის ვინმეს მიმართ უნდა იყოს ანგარიშვალდებული და ყველაზე უკეთესი იქნებოდა, როგორც კონტროლის პალატა, ყოველწლიურად რომ წარდგეს ანგარიშით პარლამენტის წინაშე: რა მეთოდოლოგია, რა სიახლე დანერგა და რამდენად დავუახლოვდით ჩვენ ევროსტანდარტებს რაოდენობრივად და ხარისხობრივად; როგორაა დაცული, თუნდაც პერიოდულობა, თანმიმდევრობა და ჩვენ როდის შევძლებთ იმ სტანდარტებზე გასვლას. მარტო ის კი არ უნდა გვაინტერესებდეს, მერამდენე ადგილზე ვართ რეფორმების მიხედვით მსოფლიოში, ბიზნესის წარმოების მიხედვით, არამედ თვითონ ბიზნესის მახასიათებელი ინდიკატორებიდან, რომლებიც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში გაიანგარიშება, ჩვენთან რამდენის გაანგარიშება ხდება.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის საბოლოო აქტი, იმიტომ რომ სტატისტიკის სამსახური არა მარტო ასახავს ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებს, არამედ მასზე აისახება ის ცვლილებები, რაც ხდება ქვეყანაში და შესაბამისად მისი სტრუქტურა, თანამშრომელთა რაოდენობა, სამუშაოთა ხასიათი, პროფილი დამოკიდებული იქნება იმ გამოწვევებზე, რასაც აქვს ადგილი საზოგადოებაში. მაგალითად, 7-8 თვის წინ არავინ ლაპარაკობდა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე. როგორია მისი გავლენა ჩვენთან სამუშაო ადგილების ფორმირებაზე, საბანკო სექტორზე, ვადაგადაცილებული კრედიტების დაბრუნებაზე და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს უნდა გვითხრას სტატისტიკამ.

უნდა გვქონდეს იმედი, რომ ხელისუფლება სპეციალისტთა შენიშვნებსა და წინადადებებს გაითვალისწინებს? "მე მაქვს იმედი თვითონ სტატისტიკის როლისა და მნიშვნელობისა საზოგადოებაში, ვინაიდან ჩვენ რაც უნდა დეკლარაციები გავაკეთოთ ჩვენს პროგრესულობაზე, რეფორმების ხასიათზე და სხვა, ეს უნდა აისახოს კონკრეტიკაში, რიცხვების მწყობრ სისტემაში, რომელიც იქნება შედარებადი დანარჩენ მსოფლიოსთან. როგორ გესახებათ, როდესაც, ვთქვათ, საქართველოსა და ევროკავშირის შედარებები წავა, ევროკავშირის მიხედვით არის ჩაწიკწიკებული მონაცემები და საქართველოს არ ექნება ეს ინფორმაცია? როდესაც ჩვენ სტატისტიკას იგნორირებას ვუკეთებთ ან მასზე ნაკლებ რესურსს ვხარჯავთ, ეს უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს. იაფი სტატისტიკა ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანას და ამიტომ ჩვენ ამის ფუფუნება არ გაგვაჩნია. თუ გვინდა, რომ ჩვენ მართლა რეალური ეკონომიკის რეჟიმში ვიცხოვროთ, საქმიანობას ვეწეოდეთ, სტატისტიკას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. მაშინ ტემპებიც რეალური იქნება, საზოგადოების სკეპტიციზმიც უკვე წარსულს ჩაბარდება და ჩვენი ტემპებიც იქნება ისეთი, როგორიც არის რეალურად ჩვენი ეკონომიკა", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

დალი ჩიკვაიძე