ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა"
#3(111), 2009
პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2004 წლის 28 იანვარს (ბრძანება #12, რეგ. მოწმობა #1099). საიდენტიფიკაციო კოდი # 205019727, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, პეკინის 28. ტელ.: 37-46-84.

2007 წლის 9 ოქტომბერს ფონდს მიენიჭა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.

ფონდი წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

ფონდში მომუშავე თანამშრომელთა რაოდენობაა - 15.

ფონდის ძირითადი მიზანია სოციალურად  დაუცველი ოჯახების გამთლიანება, მზრუნველობამოკლებული და ობოლი ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის დახმარების გაწევა, ბავშვთა სახლებიდან მშობლებისთვის შვილების დაბრუნება და მათ მომავალზე ზრუნვა. სოციალურად დაუცველი ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა, რასაც ფონდი ახორციელებს შემოწირულობებიდან და საქველმოქმედო ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლებით.
 
ფონდმა "იავნანამ" საქართველოსა და უცხოეთში სულ 33 საქველმოქმედო საღამო გამართა, მათ შორის 2008 წელს - 7 საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
თავისი საწესდებო მიზნების მისაღწევად "იავნანა" ღებულობს შემოწირულობებს მისი საქმიანობით დაინტერესებული საქართველოს და უცხოეთის ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, რომელთაც სურვილი აქვთ თავიანთი წვლილი შეიტანონ ფონდის მიერ დასახული მიზნების განხორციელებაში. ასეთი დაინტერესებული პირების რიცხვი და საზოგადოების თანადგომა სულ უფრო იზრდება, რაც ფონდს  საშუალებას აძლევს წარმატებით განახორციელოს მრავალი საქველმოქმედო პროექტი.

არსებობის 5 წლის მანძილზე "იავნანამ" 205 ბავშვი გადაარჩინა ბავშვთა სახლში მოხვედრას. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სულ 36 ბინა იქნა შეძენილი.

ერთად დავუბრუნოთ ბავშვები ოჯახებს!
სოციალურად დაუცველი ოჯახების გამთლიანება

2008 წელს სოციალურად დაუცველი 13 მრავალშვილიანი ოჯახი იქნა ბინით უზრუნველყოფილი. ამასთან "იავნანამ"  მონაწილეობა მიიღო "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ნახევრად დამოუკიდებელი ცხოვრების საპილოტე პროგრამაში", რომლის ფარგლებში "ბავშვთა სოფლის" 4 ახალგაზრდა იცხოვრებს დამოუკიდებლად პროფესიული აღმზრდელების მეთვალყურეობის ქვეშ და შესაძლებლობების ფარგლებში ჩაერთვება შრომით აქტივობაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ მიზნით საცხოვრებელი სახლის შესაძენად ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდ "პირველ ნაბიჯს" გამოეყო შემოწირულობის (გრანტის) თანხა 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.

უკიდურესად ღარიბი მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც გადაეცათ ბინები, შერჩეული იქნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა ზრუნვის სამმართველოსთან ერთად.

სიღნაღის რაიონის სოფ. ვაქირში შეძენილი ბინა გადაეცა ქეთევან გაწირიძის ოჯახს, რომლის სამი მცირეწლოვანი ბავშვი მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ჯერ წყნეთის ბავშვთა სახლში, შემდეგ თელავის ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სკოლა-პანსიონში იმყოფებოდნენ.

სალუქვაძეების ხუთშვილიანი ოჯახისათვის გადაცემულია ორსართულიანი სახლი ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში. ოჯახს არ გააჩნდა საცხოვრებელი სახლი და დროებით იმყოფებოდა ე.წ. "ფაბრიკის ბინაში", სადაც არ არსებობდა ბავშვების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები და უსაფრთხო ფიზიკური გარემო. ბავშვები იყვნენ ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის ქვეშ. სალუქვაძეების ოჯახმა სამი ბავშვი დაიბრუნა ოზურგეთის სკოლა-პანსიონიდან.

საცხოვრებელი სახლი კასპში გადაეცა ბერიანიძეების ოჯახს, რომელთაც ჰყავთ 7 მცირეწლოვანი შვილი. მათ არ ჰქონდათ ელემენტარული საარსებო პირობები. წიგნებისა და ტანსაცმელის უქონლობის გამო, ბავშვები ვერ დადიოდნენ სკოლაში. ბერიანიძეების ოჯახის შემოსავალი 120 ლარი იყო, რომელსაც იღებდნენ, როგორც  სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ 14 წლის ალექსანდრე ბერიანიძე, მიუხედავად ოჯახის მძიმე ეკონომიკური პირობებისა, წარჩინებული მოსწავლე და ბრწყინვალე სპორტსმენია. კასპის ნაკრების მწვრთნელი შოტოკან კარატე-დოში ალექსანდრე მანძულაშვილი თავისივე ხარჯებით ამეცადინებს პატარა ალექსანდრეს და მას დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებს.

თამაზ და მარინე მამაიაშვილების ოჯახი, რომელიც 8 წევრისგან შედგება, ცხოვრობდა ჯანმრთელობისათვის მეტად სარისკო პირობებში. მათ გადაეცათ საცხოვრებელი სახლი სიღნაღის რაიონის სოფ. ვაქირში.

საცხოვრებელი სახლი წყალტუბოს რაიონში, სოფელ გუმბრაში გადაეცათ მამუკა და ლია დიდბარიძეების მრავალშვილიან ოჯახს. მათ შვიდი შვილი ჰყავთ, რომელთაგან სამი ქუთაისის მუსიკალური სკოლა-პანსიონის აღსაზრდელი იყო. ოჯახი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ჩართულია სიღარიბის დაძლევის პროგრამაში.

ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ქ. მარტვილში გადაეცა სიგუების ოჯახს. სიგუებს ჰყავთ ხუთი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახი ცხოვრობდა სოფლის ყოფილი კოლმეურნეობის ერთ ოთახში. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ბავშვები იყვნენ ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის ქვეშ. მშობლებს სურვილი ჰქონდათ შეენარჩუნებინათ ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახში, მაგრამ მუდმივი საცხოვრებელი ბინის უქონლობის გამო, ვერ ახერხებდნენ.

ლელა გეგეშიძეს, რომელიც  ექვსი მცირეწლოვანი შვილის დედაა, გადაეცა ბინა სამტრედიაში. მან ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დახმარებით შეძლო ზესტაფონის საპატრიარქოზე დაქვემდებარებულ ბავშვთა თავშესაფრიდან ორი ბავშვის დაბრუნება. ლელა გეგეშიძის ერთ-ერთ ბავშვი ლუკა დაიბადა ზურგის ტვინის თიაქრით და მძიმე ოპერაციის შემდეგ დღემდე I ჯგუფის ინვალიდად რჩება.

აგვისტოს მოვლენების დროს საკუთარი სახლის დაბომბვის შედეგად, ლევანი, ვალერი, მარი და ელენე მჭედლიძეებმა ორივე მშობელი დაკარგეს. 12 წლის ელენე და 14 წლის მარიამი არეულობის დროს ტაშისკარის  ბავშვთა სახლში მოხვდნენ. მჭედლიძეებს ჰყავთ ბებია, რომელიც მზადაა გახდეს მათი მეურვე და აღზარდოს ბავშვები. შპს "მობიტელის" მიერ გადმორიცხული თანხიდან მათთვის შეძენილ იქნა საცხოვრებელი ბინა ქ. გორში.

აგვისტოს მოვლენების დროს მაისურაძეების თერთმეტშვილიან ოჯახს ლიახვის ხეობაში, სოფელ მეღვრეკისში დაეწვა საკუთარი სახლი. ოჯახი ცხოვრობდა საგარეჯოში, საბავშვო ბაღში. ჟუჟუნა მაისურაძე დაავადებულია I ჯგუფის დიაბეტით, 15 წლის ნიკოლოზი - ეპილეფსიით. მათთვის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი შეძენილ იქნა ქ. საგარეჯოში.

აგვისტოს მოვლენების შედეგად სოფელ ერედვიდან დევნილი შვიდი შვილის მარტოხელა დედისთვის, ლია ვახტანგაშვილისათვის, რომელიც ცხოვრობდა თბილისში, ლილოს დასახლებაში მდებარე #111 ბაგა-ბაღში შვილებთან ერთად, შეძენილია საცხოვრებელი სახლი გორის რაიონის სოფელ სათემოში.

1991 წელს, მიწისძვრის შედეგად ღერკენაშვილების შვიდშვილიან ოჯახს სრულიად დაენგრა საცხოვრებელი სახლი, რის შემდეგაც ისინი საკუთარი ხელით აშენებულ ბარაკული ტიპის ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ. ფონდმა "იავნანამ" მათ სოფელ თამარაშენში ორსართულიანი გარემონტებული სახლი 2007 წლის 20 ნოემბერს გადასცა, რომელიც აგვისტოს ომის შედეგად განადგურდა. მათ ფონდმა ხელახლა შეუძინა საცხოვრებელი სახლი ქ. ხაშურში.

ქ. გორის დაბომბვის დროს შვიდი წლის დიმიტრი რაზმაძემ მამა და ფეხმძიმე დედა დაკარგა, დაენგრა საცხოვრებელი სახლი. დიმიტრი რაზმაძესთვის შეძენილია საცხოვრებელი ბინა გორში.

ანდღულაძეების ოჯახი 11 სულისგან შედგება, მათ ჰყავთ ექვსი ვაჟი და სამი ქალიშვილი. უფროსი 19 წლისაა, რომელიც აგვისტოს მოვლენების დროს დაიჭრა. მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო, ოთხი ბავშვი სწავლობდა კოხნარის სკოლა-პანსიონში. მათთვის შეძენილია ორსართულიანი სახლი ჩოხატაურის რაიონში სოფელ ბასილეთში, რის შედეგადაც 4 ბავშვი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს.

ზემოთ აღნიშნული ოჯახების  უმეტესობას გაეწიათ დახმარება საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად. მამაიშვილებისა და მაისურაძეების ოჯახებისთვის შეძენილია შინაური ცხოველები და საოჯახო ნივთები. მადლენა ხიჯაკაძის ხუთშვილიანი ოჯახისთვის შეძენილ იქნა ძროხა.

ფონდის შუამდგომლობით ამ ოჯახებს „გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის" ფარგლებში სისტემატურად მიეწოდებათ საკვები პროდუქტები.

2008 წლის აგვისტო - "იავნანას" დიდი ტკივილი

25 სექტემბერს სპორტის სასახლეში გრანდიოზული საქველმოქმედო საღამო გაიმართა დაღუპულ ჯარისკაცთა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის აღსანიშნავად და ომის შედეგად დაობლებული ბავშვების დასახმარებლად.
მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერლებმა ვერდის „რექვიემი" შეასრულეს. საქველმოქმედო კონცერტ-აქციაში პაატა ბურჭულაძესთან ერთად მონაწილეობდნენ ოლგა რომანკო-პრიმავერა, ლუჩიანა დინტინო, რამონ ვარგასი და მიგელ-გომეს მარტინესი. აქციის დასასრულს საცხოვრებელი ბინა გადაეცა 5 მრავალშვილიან დევნილ ოჯახს.

2008 წლის 26 სექტემბერს პაატა ბურჭულაძე მსოფლიოში აღიარებულ საოპერო მომღერლებთან ერთად გორში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრა, რომელთაც საჩუქრად ქართულ-ლიტვური კომპანიის "ACME COMPUTER COMPONENTS" მიერ გამოგზავნილი 17 292 ლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა.

2008 წლის აგვისტო-ოქტომბრის თვეებში ფონდი "იავნანა" თითქმის მთელი აპარატი დაკავებული იყო თბილისის სკოლებში და ბაგა-ბაღებში განთავსებული, აგვისტოს მოვლენების შედეგად დევნილი ოჯახებისთვის კვების პროდუქტების და პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების მიწოდებით.

2008 წლის სექტემბრიდან ფონდმა "იავნანამ" ყოველთვიური დახმარება დაუნიშნა აგვისტოს ომის შედეგად დაობლებულ 123 ბავშვს. უდედმამოდ დარჩენილი 7 წლის დიტო რაზმაძე კი ფონდის შვილობილი გახდა. "იავნანა" 18 წლამდე მთლიანად უზრუნველყოფს მისთვის საცხოვრებელი და საგანმანათლებლო პირობების შექმნას.

საქველმოქმედო აქციები - სიკეთის ქრონიკა

გერმანიის ქალაქ უბახ-პალენბერგის კამერული მუსიკის ანსამბლის ხელმძღვანელმა ჰანს პაულ ჯოუკმა სურვილი გამოთქვა, ფონდ "იავნანას" მხარდასაჭერად ჩაეტარებინა საქველმოქმედო აქცია გერმანიაში. 2008 წლის 8 მარტს ქალაქ უბახ-პალენბერგში ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად გადმოირიცხა ფონდ "იავნანას" ანგარიშზე, საიდანაც გურგულიანების ოჯახს ეძლევათ ყოველთვიური დახმარება.
მონტე-კარლოს ოპერის თეატრმა ფონდ "იავნანას" შემოწირულობის (გრანტის) სახით გადასცა ჯუზეპე ვერდის „ბედის ძალის" დეკორაციები, რომლის ღირებულებაც შეადგენს 5 000 ევროს. დეკორაციები ქველმოქმედების სახით გადაეცა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს.

ჩვენი თანამემამულის ნოდარ გიორგაძის მიწვევით საქართველოს სხვადასხვა ბავშვთა სახლში მცხოვრებმა ბავშვებმა უკვე მეოთხედ დაისვენეს ბეშენოვას ფეშენებელურ სარეაბილიტაციო ცენტრში. 2 ივნისს ანსამბლ "შვიდკაცა"-სა და სხვა სტუმრებთან ერთად ქალაქ რუჟომბეროკში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ქართველი ბავშვები ამ მოგზაურობისას სლოვაკეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს დაუმეგობრდნენ.

2008 წლის 20 ნოემბერს ფონდ "იავნანასა" და "მაკდონალდსის" ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. "მაკდონალდსმა" სათნოების, მომავლის და წყნეთის ბავშთა სახლში მცხოვრებ 60 ბავშვს უმასპინძლა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ფონდის მეგობრებმა გივი ბერიკაშვილმა, ეკა მამალაძემ, ნუკრი კაპანაძემ.

სტომატოლოგიურმა კლინიკამ "დენტივერი XXI", რომელიც 1989 წელს ოთარ ბახტაძის ხელმძღვანელობით დაარსდა, გამოთქვა მზადყოფნა ფონდ "იავნანასთან" ერთობლივად, ბავშთა სახლის აღსაზრდელებისთვის გაეწია უფასო სტომატოლოგიური გამოკვლევები და მკურნალობა. საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში მკურნალობა ჩაუტარდა „მომავლის სახლის" და "SOS" ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებს.

საგურამოს ბავშვთა სახლისთვის შეძენილია საყოფაცხოვრებო ტექნიკა (სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, კომპიუტერები და დივიდი).

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ახალციხის #7 სკოლა-პანსიონს, რომელშიც 47 მზრუნველობამოკლებული აღსაზრდელი ცხოვრობს, გადაეცა 2 კომპიუტერი.

2008 წლის ივნისიდან კინოთეატრ "ამირანისა" და ფონდ "იავნანას" ერთობლივი საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში კინოთეატრ "ამირანში" ბავშთა სახლის აღსაზრდელები თვეში ერთხელ დაესწრებიან მათვის სასურველ საბავშო სეანსებს.    

ნიჭიერი მოზარდების თანადგომა

"იავნანამ" ნიჭიერ სტუდენტთა და მოსწავლეთა წახალისების პროექტის ფარგლებში, საუკეთესო სტუდენტებსა და წარჩინებულ მოსწავლეებს, ასევე, ბავშვთა სახლებს გერმანელი მეგობრების - სიკორსკების ოჯახის თანადგომით, 44 პერსონალური კომპიუტერი გადასცა. ასევე დარიგდა მრავალი წიგნი - სახელმძღვანელოები და მხატვრული ლიტერატურა.

ფონდმა "იავნანამ" ნიჭიერ სტუდენტთა და მოსწავლეთა წახალისების პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 2008 წლის 6 და 7 დეკემბერს მსოფლიო ფედერაციის მიერ დაგეგმილ მშვიდობის საერთაშორისო ფესტივალში და სკოლის მოსწავლეთა მიზნობრივ კონკურსებში. პროზაში, პოეზიასა და ფერწერაში გამარჯვებული, მეორე საპრიზო ადგილზე გასული სამი ბავშვისათვის გამოიყო სამასი ლარი და ფონდის მიერ გამოცემული წიგნის "პოეტების სამეფო - თბილისი ქართულ პოეზიაში" სამი ეგზემპლარი.

ფონდმა რამდენიმე სოციალურად დაუცველ ახალგაზრდას გადაუხადა სწავლის საფასური. თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული გელა თავბერიძე გაიგზავნა ქ. კიევში მაგისტრატურის გასავლელად. გორის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს მამია დადიანიძეს გადაერიცხა სწავლის საფასური მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად.

კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტის მაგისტრატურის I კურსის სტუდენტმა ნინო ბაქრაძემ, რომელიც ჰენრიხ ნეიჰაუზის სახელობის სტიპენდიანტია, ასევე ოთხი რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია, "იავნანას" დახმარებით მიიღო მონაწილეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიუ ჰალსტში საფორტეპიანო საზაფხულო ინსტიტუტში გამართულ მასტერ კლასებსა და ი. ფლიერის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში.

პიანისტი დავით ალადაშვილი პირველი ქართველია, ვინც "იავნანას" თანადგომით ნიუ-იორკის "ჯულიარდის" კონსერვატორიაში სწავლობს. დავით ალადაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ორგზის სტიპენდიანტი და მრავალი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია. მან წარმატებით დაამთავრა ნიუ-იორკის "ჯუილიარდის" პრეკოლეჯი 2008 წლის მაისში და ჩააბარა მისაღები გამოცდები "ჯუილიარდის" კონსერვატორიაში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელია.

ფონდ "იავნანას" ერთ-ერთი დამფუძნებლის ზვიად ცეცხლაძის ხსოვნის პატივსაცემად, ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის წარჩინებულ, სოციალურად დაუცველ სტუდენტს შოთა ქუთათელაძეს ერთი წლის განმავლობაში დაენიშნა ყოველთვიური სტიპენდია 100 ლარის ოდენობით.

ცნობილი მომღერლის მაია თომაძის შვილის შემოწირულობით, მისი სახელობის სტიპენდია დაენიშნათ კონსერვატორიის წარჩინებულ სტუდენტებს სოფიკო მჭედლიშვილს და გოჩა აბულაძეს. სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტს მარიკა გულორდავას კვლავ ერიცხება პაატა ბურჭულაძის სახელობის სტიპენდია.

"იავნანას სამეგობროები"

"იავნანას სამეგობროების" მთავარი ამოცანა ოჯახების გამთლიანებაა. აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სამეგობროში 10-15 კაცი იკრიბება, თითოეული მათგანის ყოველთვიური შემოწირულობა 20-30 ლარს შეადგენს. სამეგობროს ყოველმა წევრმა იცის, რომელ ოჯახს გადაეცემა მისი დახმარება. შექმნილია სულ "იავნანას" 43 სამეგობრო და მათი დახმარება სულ 165 ბავშვმა მიიღო. სამეგობროებისგან 26 სოციალურად დაუცველი სტუდენტი იღებს ყოველთვიურ დახმარებას. "იავნანას" სამეგობროების შემოწირულობამ 2008 წელს 42 800 ლარი შეადგენა.

"იავნანას" პირველი სამეგობრო 2006 წლის 21 აპრილს შექმნეს ვანო ოსკოპელმა, გია კიტიამ და რეზო სალუქვაძემ. "იავნანას" სამეგობროებში გაწევრიანებულია მრავალი ორგანიზაცია და კერძო პირი - ტელეკომპანია "მზე", "ცენტრ-პოინტი", ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ზაზა ვეფხვაძე, ნიკა მემანიშვილი, ბასა ფოცხიშვილი, ნინო ნოდია, თიკა რუხაძე, ალექსანდრე ასათიანი და სხვა.

"იავნანას" ერთგული და აქტიური მხარდამჭერები
 
ფონდი "იავნანას" საქმიანობის მუდმივი მხარდამჭერები არიან: "ელიტ-ელექტრონიქსი", "საქართველოს ბანკი", "ვითიბი ბანკი ჯორჯია", "ავსტრიის ავიახაზები", "ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია", "რეალითი-ჯგუფი", "მეტეხი-ჯგუფი", "პოპული", "კაზინო აჭარა", "სასკო", ქ. თბილისის მერია, "ბაგრატი 1003", "მადნეული", "საქწიგნი", "ჯი ემ თი სასტუმროები", "მრჩეველი", "ავერსიფარმა", "შინჰოფერი", კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო, "ოკამი", "ესთელაინი", "კროსროუდტრანსი", "სანტე ჯი ემ თი პროდუქტები", "ტოიოტა კავკასია", გაეროს ბავშვთა ფონდი "იუნისეფი", "სუპერფარმი", "თი-ბი-სი ფონდი", საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენები – დიმიტრი მჭედლიძე, ბადრი და ნატული კაკაბაძეები, ლევან ვასაძე, ლევან თურმანიძე, სევერიან კირკიტაძე, დიტერ და ილზე პაპეები, ჰანს პაულ ჯოუკი, კობა ნაყოფია, კახა ნინუა, რომელთა შემოწირულობებით მრავალი საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა.

2008 წელს გადაცემული ბინებიდან ორი – ქ. გორში და საგარეჯოში შეძენილია შპს "მობიტელის" შემოწირულობით. გორის სოფელ სათემოში საცხოვრებელი სახლი შეძენილია შპს "ბილაინის" მიერ. კომპანია "ჯი არ დი სი"-ს შემოწირულობით შეძენილია სახლი ოზურგეთში. კომპანია "მითანას" თანადგომით "იავნანამ" საცხოვრებელი სახლი შეიძინა ჩოხატაურის რაიონში, სოფ ბასილეთში. ს/ს "ბაგრატიონი-1882"-ის მიერ ჩატარებული აქციის შედეგად შემოსული თანხებით შეძენილია სახლი სიღნაღის რაიონში. ს/ს "მადნეულის" მიერ შემოწირული თანხით შეძენილია სახლი მარტვილში.
ცნობილი ბიზნესმენების ზაზა სიორიძის, ბადრი კაკაბაძის და გიორგი თავაძის შემოწირულობებით საცხოვრებელი სახლები შეძენილია სამტრედიაში, წყალტუბოსა და სიღნაღში.

შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისის" მიერ ქველმოქმედების სახით შემოწირული თანხიდან (გრანტიდან) აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულ ჯარისკაცთა და მშვიდობიან მოქალაქეთა არასრულწლოვან შვილებს ერთი წლის განმავლობაში დაენიშნათ ფულადი დახმარება თვეში 70 ლარის ოდენობით.

„თბილავიამშენის" თანადგომით დამზადდა "იავნანას" ცნობილი შესაწირი ყულაბები, რომლთა საკუთარ ობიექტში განთავსების მსურველები დღითიდღე იზრდება.

მობილური კომპანიები – "ჯეოსელი", "ბილაინი" და "მაგთი" შეუერთდნენ "იავნანას" აქციას და თავიანთ აბონენტებს სთავაზობენ საერთო ნომერს - 30-30. SMS-ის გაგზავნით ნომერზე 30-30, მსურველი ყოველთვიურად ერთი ლარით დაეხმარება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს.

"გაერთიანებული ტელეკომის" მიერ კი გამოიყო ნომერი – 95 30 30, რაც აქციაში მონაწილეობის საშუალებას იმ მოქალაქეებსაც მისცემს, ვინც მხოლოდ ქალაქის ტელეფონით სარგებლობს.

საზოგადოება "იავნანას" გვერდით, ჩვენ ერთად გადავარჩენთ მომავალს!

"იავნანას" თითოეული წარმატებული პროექტი მისი მხარდამჭერი თითოეული ადამიანის გულისხმიერებას უკავშირდება. ფონდის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას იღებს მთელი საზოგადოება. "იავნანას" ყოველ კონცერტზე მოსული  მაყურებელი არა მხოლოდ საინტერესო სანახაობის მოლოდინით, არამედ ქველმოქმედების სურვილითაა მოტივირებული, რადგან იცის, რომ მის მიერ შეძენილი ბილეთის თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.

იგივე განწყობით ხდება "იავნანას" ყულაბების შევსება, რომლებიც სხვადასხვა მნიშვნელოვან ობიექტშია განთავსებული - "პოპულის" სუპერმარკეტთა ქსელში, "გუდვილში", თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სააფთიაქო ქსელ "ეი-ბი-სი ფარმაცია"-სა და სხვა დაწესებულებებში. "იავნანას" ყულაბებში მოქალაქეთა შემოწირულობით, რაც უმეტესად ხურდა ფულია, ფონდმა სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახისთვის ბინა შეიძინა.

მეტად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ცხოვრების წესად ექცა ამ კეთილშობილურ აქციაში მონაწილეობა და იავნანას ყულაბების შევსება.
ფონდი "იავნანა" თავისი ერთგული მხარდამჭერების გარეშე ვერაფერს შეძლებდა.

სწორედ ასეთი ერთსულოვნებით ჩვენ შევძლებთ ყველა ბავშვი
დავუბრუნოთ საკუთარ ოჯახს!