ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობები
#3(111), 2009
იურიდიული კონსულტაცია - ამ სახელწოდებით ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ  რუბრიკას, რომლის დანიშნულებაა განმარტოს სხვადასხვა საკითხები, რაც სამეწარმეო სამართალს, შრომასა და სოციალურ დაცვას, ასევე საოჯახო სამართალს, მემკვიდრეობას და სხვა მსგავს საკითხებს შეეხება.

რუბრიკას უძღვება "ააფის" სარედაქციო კოლეგიის წევრი, იურისტი ირინე ღლონტი (მობ. (93) 35-99-09).


დღევანდელ სტატიაში დავამთავრებთ ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში დაწყებულ საუბარს ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ. კერძოდ, მოგაწვდით ინფორმაციას: ტურისტულ მომსახურებასთან, ბარგის გადაზიდვასთან, მგზავრთა გადაყვანასთან, საკუთრების მინდობასთან, მიბარებასთან, დაზღვევასთან, საბანკო კრედიტთან, თავდებობასთან, უსაფუძვლო გამდიდრებასთან და ზოგიერთ სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ტურისტული ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება, ხოლო ტურისტი ვალდებულია მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის.

კითხვა: რას წარმოადგენს ტურისტული მომსახურების პაკეტი?

პასუხი: ტურისტული მომსახურების პაკეტი მომსახურების ორი ან მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამისთევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულებაც შედის პაკეტის ფასში.

მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებული ნებისმიერი აღწერილობითი ფორმა, ღირებულება და ხელშეკრულების სხვა პირობები, რომლითაც ტურისტი უზრუნვლყოფილია მოგზაურობის მომწყობის მიერ, არ უნდა შეიცავდეს ყალბ, არასათანადო და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას (28.04.2006 წ. #2946).

ტურისტს მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებით, ხელშეკრულების დადებამდე, წერილობით ან ტურისტისთვის მისაღები სხვა ფორმით, უნდა მიეწოდოს დაწვრილებითი ინფორმაცია: ღირებულების, მისი გადახდის მეთოდებისა და განრიგის შესახებ; დანიშნულების ადგილისა და მიზნების, გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი დახასიათების შესახებ; განთავსების ტიპის, მდგომარეობის, კატეგორიის, მომსახურების ხარისხის, მისი კლასიფიკაციისა და სხვა ძირითადი მახასიათებლების, კვების, მარშრუტის, პასპორტთან და ვიზასთან, აგრეთვე მოგზაურობისათვის აუცილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების, პაკეტის ღირებულებაში შესული ვიზიტების, ექსკურსიებისა და სხვა მომსახურების, ტურისტული მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელი ტურისტთა გარკვეული რაოდენობის შეუგროვებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ტურისტის ინფორმირების უკანასკნელი ვადის შესახებ და სხვა (28.04.2006 წ. #2946).

თუ ტურისტი მოგზაურობის დაწყებამდე წყვეტს ხელშეკრულებას, პაკეტი უქმდება და მოგზაურობის მომწყობი ვალდებულია ტურისტს შესთავაზოს თავდაპირველის ეკვივალენტური პაკეტი, აანაზღაუროს ფასში განსხვავება, როცა ახალი პაკეტი არის ნაკლები ღირებულების ან დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ხელშეკრულების თანახმად გადახდილი თანხა.

როდესაც მოგზაურობის მომწყობი მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იძულებულია გამგზავრებამდე მნიშვნელოვნად შეცვალოს ხელშეკრულების არსებული პირობები, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ტურისტს, რათა ამ უკანასკნელმა მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის ან მისი შეცვლილი პირობების მიღების თაობაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს მოგზაურობის მომწყობს.

კითხვა: აქვს თუ არა ტურისტს უფლება მოითხოვოს მის ნაცვლად მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობა?

პასუხი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 658-ე მუხლის შესაბამისად, მოგზაურობის დაწყებამდე ტურისტს უფლება აქვს მოითხოვოს მის ნაცვლად მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობა, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოგზაურობის მომწყობს შეუძლია უარი განაცხადოს მესამე პირის მონაწილეობაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს მოგზაურობისათვის აუცილებელ პირობებს.


საპატიო მიზეზების არსებობისას ტურისტის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როცა მოგზაურობის მომწყობის პირი არ აღმოფხვრის ხარვეზებს დადგენილ ვადაში. ტურისტის მიერ ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ ხარვეზების გამოსწორება შეუძლებელია ან მოგზაურობის მომწყობი პირი უარს იტყვის მათ აღმოფხვრაზე, ან ხელშეკრულების შეწყვეტა გამართლებულია ტურისტის განსაკუთრებული ინტერესებით.

თუ მოგზაურობა ჩაიშალა ან იგი არაჯეროვნად იყო ორგანიზებული, ტურისტს შეუძლია მოითხოვოს ასევე შვებულების უსარგებლოდ დაკარგვით გამოწვეული შესაბამისი ფულადი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულება, ტურისტის ბრალის გარეშე მოგზაურობის დაწყებამდე შეწყდა, მას უფლება აქვს მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელ პირთა რაოდენობის სიმცირე, რის შესახებაც ტურისტს წერილობითი ფორმით ეცნობა იმ ვადის განმავლობაში, რომელიც მითითებულია მოგზაურობის (პაკეტის) აღწერილობაში; ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზია დაუძლეველი ძალა.

აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის მომწყობი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია სწრაფი რეაგირება მოახდინოს ტურისტის საჩივარზე და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (28.04.2006 #2946).

კითხვა: როგორც გავიგეთ, ტურისტს მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. რა უფლებით სარგებლობს ამ შემთხვევაში მოგზაურობის მომწყობი?

პასუხი: მსგავს შემთხვევაში მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული ანაზღაურების მიღების უფლებას, მაგრამ ამ დროს მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება შეთანხმებული ანაზღაურების საფუძველზე იმ თანხის გამოკლებით, რომლის მიღებაც მას შეეძლო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად (საფუძველი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 665-ე მუხლი).

   
პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, ვალდებულია დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი. გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისთვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის. გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით.

კითხვა: რა ვალდებულება აკისრია გადამზიდველს ტვირთის მიღების დროს?

პასუხი: ტვირთის მიღებისას გადამზიდველი ვალდებულია შეამოწმოს ტვირთის რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნორმების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე; ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ თუ გადამზიდველს არა აქვს სათანადო საშუალება იმისთვის, რომ შეამოწმოს ზემოაღნიშნული მონაცემები, მან ზედნადებში უნდა შეიტანოს პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს.

   
მოქმედი კანონის თანახმად, გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ მან გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას უფლება აქვს ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. თავის მხრივ, გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგი უნდა აღინიშნოს ზედნადებში. საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები არის მტკიცებულება იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და ტვირთი გადამზიდველს მიღებული აქვს.

ტვირთის გადაცემისათვის გათვალისწინებულ ადგილზე ტვირთის მიტანისთანავე მიმღები უფლებამოსილია გადამზიდველს მოსთხოვოს ტვირთის მიღების დადასტურებით ზედნადების მეორე პირის გადაცემა, რის შემდეგ ტვირთი ჩაითვლება გადაცემულად.

თუ დანიშნულების ადგილზე ტვირთის მისვლის შემდეგ წარმოიშვა ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები, გადამზიდველმა უნდა მოითხოვოს გამგზავნის მითითებები. თუ მიმღები უარს ამბობს ტვირთის მიღებაზე, გამგზავნი უფლებამოსილია თვითონ განკარგოს ტვირთი ზედნადების პირველი პირის წარდგენის გარეშეც.

კითხვა: რა შემთხვევაში აქვს გადამზიდველს უფლება გაყიდოს ტვირთი უფლებამოსილი პირის მითითების გარეშე?

პასუხი: გადამზიდველს შეუძლია გაყიდოს ტვირთი უფლებამოსილი პირის მითითების დალოდების გარეშე, თუ საქონელი მალფუჭებადია ან თუ ტვირთის მდგომარეობა ამართლებს ამგვარ მოქმედებას, ანდა როცა შენახვის ხარჯები აღემატება ტვირთის ღირებულებას. მას შეუძლია სხვა შემთხვევაშიც გაყიდოს, თუ განსაზღვრული დროის განმავლობაში იგი არ მიიღებს მითითებებს არც ერთი მხარისგან.


მოქმედი კანონის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის.

ზიანის ანაზღაურების დროს ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საბირჟო ფასით, ხოლო ასეთი ფასის არ არსებობისას - საბაზრო ფასით, მაგრამ თუ არც ასეთი ფასი არსებობს, - მსგავსი სახეობისა და ღირებულების ტვირთების ანალოგიურად.

ტვირთზე უფლებამოსილ პირს შეუძლია მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე მოითხოვოს წლიური 5 პროცენტი. პროცენტის ათვლა იწყება გადამზიდველის მიმართ რეკლამაციის წარდგენის დღიდან ან თუ რეკლამაცია არ იყო წარდგენილი - სარჩელის შეტანის დღიდან.

თუ მიმღები ისე მიიღებს ტვირთს, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში; აღნიშნული პრეტენზია უნდა წარედგინოს ტვირთის ჩაბარების დღესვე, თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში - ჩაბარებიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა. ამასთან, როცა საქმე ეხება გარეგნულად შეუმჩნეველ დანაკარგებსა და დაზიანებებს, პრეტენზია აუცილებლად წერილობითი სახით უნდა იქნეს წარდგენილი.

კითხვა: არის თუ არა დაწესებული რაიმე ვადა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის - ვადის გადაცილების გამო?

პასუხი: დიახ, არის. ვადის გადაცილების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მიმღები ტვირთის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის განმავლობაში გადამზიდველს წარუდგენს წერილობით მოთხოვნებს.

   
კანონის თანახმად სხვაგვარად არის მოწესრიგებული გადაზიდვიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა და იგი ერთ წელს შეადგენს, ხოლო განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა 3 წლამდე იზრდება.

ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება: ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას - მისი გაგზავნის დღიდან; ტვირთის მთლიანად დაკარგვის შემთხვევაში - შემათანხმებელი ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს, ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში - გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადა ჩერდება წერილობითი რეკლამაციის საფუძველზე იმ დღისათვის, როცა გადამზიდველი უარყოფს რეკლამაციას და თანდართულ საბუთებს უკან აბრუნებს.

დავალების ხელშეკრულებით
რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

კითხვა: აქვს თუ არა რწმუნებულს მარწმუნებლის მიმართ რაიმე ვალდებულებანი და თუ აქვს, კონკრეტულად რაში გამოიხატება იგი?

პასუხი: კანონის თანახმად, რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით - მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში. რწმუნებული ვალდებულია აგრეთვე, არ გაახმაუროს თავისი საქმიანობის ფარგლებში მისთვის ცნობილი ფაქტები, რომელთა საიდუმლოდ შენახვითაც მარწმუნებელი მართლზომიერადაა დაინტერესებული, თუ კანონის საფუძველზე არ არსებობს საიდუმლოს გამჟღავნების მოვალეობა ან მარწმუნებელი ნებას არ დართავს რწმუნებულს გაამჟღავნოს იგი.


საყურადღებოა, რომ ფაქტების გაუხმაურებლობის მოვალეობა არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობების დამთავრების შემდეგაც.

თუ რწმუნებული მისთვის დავალებულ მოქმედებებს უსასყიდლოდ ასრულებს, იგი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანისათვის.

დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებებზე უარის თქმის შესახებ ბათილია.

რწმუნებულის სიკვდილის შემთხვევაში მისი მემკვიდრეები ვალდებულნი არიან, აცნობონ მარწმუნებელს ამის შესახებ და მიიღონ ზომები მარწმუნებლის ინტერესების დასაცავად.

საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით
საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების დასაცავად.

მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით. თუ მინდობილი მესაკუთრე, საკუთრების მიმნდობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არ იჩენს ისეთ გულისხმიერებას, როგორიც მას საკუთარი საქმეების მიმართ უნდა გამოეჩინა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამ მოქმედებით გამოწვეული ზიანი.

კითხვა: როგორი ფორმით იდება მინდობის ხელშეკრულება და რა მატერიალურ სარგებლობას ითვალისწონებს იგი?

პასუხი: საკუთრების მინდობის ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.


მინდობილ საკუთრებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება საკუთრების მიმნდობს, მაგრამ მასვე რჩება ქონების ნაყოფი.

პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული ხარჯებისათვის, შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება დაიდო ამ შუამავლობის შედეგად, მაგრამ თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. მაკლერის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ მომსახურებისთვის, რომელიც არ შედის საშუამავლო საქმიანობაში, გასამრჯელო შეიძლება შეთანხმებულ იქნეს იმისგან დამოუკიდებლად, დაიდება თუ არა ხელშეკრულება.

კითხვა: არის თუ არა კანონით გათვალის-წინებული შემთხვევები, როცა მაკლერი კარგავს გასამრჯელოს ან ხარჯების ანაზღაურების უფლებას?

პასუხი: დიახ, არის. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, როცა იგი ხელშეკრულების შინაარსის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა მესამე პირის სასარგებლოდ.


იმ ხელშეკრულებისათვის, რომლითაც პირი კისრულობს შუამავლობას ბინის ქირავნობის ხელშეკრულების დასადებად (საბინაო მაკლერი), გამოიყენება შუამავლობის ზოგადი წესები. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბინის ქირავნობის შუამდგომლობის ნორმები არ გამოიყენება იმ ხელშეკრულებათა მიმართ, რომელთა საგანია საბინაო შუამდგომლობა ტურიზმსა და საქმიანი მოგზაურობისათვის. რაც შეეხება შუამავლობას სესხისათვის, ამ შემთხვევაში წერილობით ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს სასესხო მაკლერის გასამრჯელოს ოდენობა სესხიდან განსაზღვრული პროცენტის მითითებით.

გარდა ამისა, ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს სესხის ოდენობა, ვადა, პროცენტი, გადახდის დრო. გადახდის კურსი, პროცენტის ვადის ხანგრძლივობა, დამატებითი ხარჯები, შემკვეთის მიერ გადასახდელი თანხა, სესხის მიმცემის სახელი და მისამართი. საყურადღებოა, რომ ეს წესები არ გამოიყენება, როცა შეკვეთა ეხება იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხს ან მიწის ნაკვეთის შესაძენად გაცემულ სესხს, რომელიც შემკვეთმა უნდა გამოიყენოს თავისი დამოუკიდებელი პროფესიული ან სამეწარმეო ანდა საუწყებო თუ სამსახურებრივი საქმიანობისათვის (30.06.2005 წ. #1826; ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან).

ის, ვინც საჯარო მოქმედებით აწესებს ჯილდოს გარკვეული მოქმედების შესრულებისათვის, კერძოდ ამა თუ იმ შედეგის მიღწევისათვის, ვალდებულია გადაუხადოს ჯილდო იმ პირს, რომელმაც მოქმედება შეასრულა. პირს ჯილდოს მიღების უფლება აქვს მაშინაც, როცა იგი არ მოქმედებდა ჯილდოს საჯაროდ დაპირების გამო.

პირი, რომელიც საჯარო განცხადებით აწესებს პრიზს, ვალდებულია გადასცეს იგი სამუშაოს საუკეთესო შემსრულებელს. კონკურსის გამოცხადებას აქვს ძალა მხოლოდ მაშინ, თუ იგი ითვალისწინებს განსაზღვრულ ვადას, სამუშაოს შესასრულებლად.

მიბარების ხელშეკრულებით
შემნახველი ვალდებულებას კისრულობს შეინახოს მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. თუ მიბარება უსასყიდლოა, შემნახველი ვალდებულია ისეთივე კეთილსინდისიერებით შეინახოს ნივთი, როგორც საკუთარ ნივთს შეინახავდა.

მიმბარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესანახად მიბარებული ნივთის დაბრუნება, იმ შემთხვევაშიც კი, როცა შენახვის ვადა განსაზღვრული იყო.

შემნახველი მოვალეა გადასცეს მიმბარებელს ის ნაყოფი, რომელიც მიიღო მიბარების განმავლობაში, ხოლო მიმბარებელი მოვალეა აუნაზღაუროს შემნახველს ნივთის შენახვისათვის განკუთვნილი აუცილებელი ხარჯები.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, ვალდებულიათუ არა სასტუმროს ადმინისტრაცია აუნაზღაუროს სტუმარს ქონების დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეული ხარჯები?

პასუხი: სასტუმრო, სანატორიუმი ან დასასვენებელი სახლი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც სტუმარს მიადგა იმ ქონების დაკარგვით, განადგურებით ან დაზიანებით, რომლიც მასთან ჰქონდა. ეს წესი არ გამოიყენება ფულისა და ძვირფასეულობის მიმართ, თუ ისინი საგანგებოდ არ ყოფილა ჩაბარებული. პასუხისმგებლობა გამორიცხულია იმ შემთხვევაშიც, როცა ზიანი გამოწვეული: დაუძლეველი ძალის მოქმედებით; სტუმრის ან მისი თანმხლები პირის მიზეზით ანდა თვით ნივთის თვისებებით.


დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო პოლისი).

თუ დაზღვევის აგენტი (წარმომადგენელი) მოვალეა დადოს დაზღვევის ხელშეკრულება, მას ასევე შეუძლია შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, გააგრძელოს მოქმედების ვადა ან მოშალოს იგი.

დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე. ამასთან თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია ხუთ წელზე მეტი ვადით, ხელშეკრულების თითოეულ მხარეს შეუძლია მოშალოს იგი აღნიშნულის თაობაზე გაფრთხილებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.

კითხვა: რა უფლებით სარგებლობს დამზღვევი, როდესაც მზღვეველმა გაადიდა სადაზღვევო შესატანი?

პასუხი: თუ მზღვეველმა გაადიდა სადაზღვევო შესატანი, დამზღვევს შეუძლია ხელშეკრულების მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით შეწყვიტოს ხელშეკრულება, მაგრამ აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ სადაზღვევო შესატანის უმნიშვნელო გაზრდა ასეთ უფლებას არ წარმოშობს.


დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ. თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა და მიუთითოს იმ შედეგებზეც, რომელიც ვადის გასვლას მოჰყვება. იმ შემთხვევაში, როცა ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტის გადახდის ვადა, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან.

ზემოაღნიშნულის გარდა, დაზღვევის სხვადასხვა სახის ხელშეკრულება არსებობს: ზიანის დაზღვევა, დაზღვევასხვა პირის სასარგებლოდ, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სიცოცხლის, უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა (დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევთ იხილოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-858 მუხლები).

საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით
კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, რომლის დროსაც მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს მყარი და ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. პროცენტის ცვალდებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვარი და ცვლილებათა მინიმალური შუალედი.

იმ შემთხვევაში, როცა კრედიტისათვის შეთანხმებულია მყარი საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდისათვის, კრედიტის ამღებს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ საპროცენტო ვალდებულება მთავრდება დაბრუნებისათვის განსაზღვრულ ვადამდე და საპროცენტო განაკვეთის შესახებ რაიმე ახალი შეთანხმება არ არის დადებული. შეწყვეტის ვადა შეადგენს ერთ თვეს.

კითხვა: კრედიტის აღებიდან რამდენი ხნის განმავლობაში წარმოიშობა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება იმ შემთხვევაში, როცა კრედიტის ამღები მომხმარებელია, მაგრამ კრედიტი იპოთეკით არ არის უზრუნველყოფილი?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოიშობა კრედიტის აღებიდან ექვსი თვის შემდეგ. შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. 10 წლის გასვლის შემდეგ კი შეწყვეტის უფლება არსებობს ნებისმიერ შემთხვევაში და შეწყვეტის ვადა შეადგენს 6 თვეს.


მოქმედი კანონით დაცულია საკრედიტო დაწესებულების ხელმძღვანელთა დაწესებულების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა დეპოზიტის (ანაბრის) შეტანის დროს.

ფულადი თანხის შეტანით საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა. ანაბრებს შესაბამისად უნდა დაერიცხოს პროცენტები.

ანაბრის მიმღები და საკრედიტო დაწესებულებათა დირექტორები (მენეჯერები) ვალდებულნი არიან მეანაბრეს მიაწოდონ ინფორმაცია ბანკის ლიკვიდურობისა და ბონიტეტის შესახებ. ის პირი, რომელიც ბრალეულად გასცემს არასწორ ინფორმაციას ან უარს ამბობს საჭირო მონაცემების მიწოდებაზე, ვალდებულია მეანაბრეს აუნაზღაუროს არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან ინფორმაციის გაუცემლობით გამოწვეული ზიანი.

კითხვა: რა არის "საბანკო გარანტია"?

პასუხი: საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ შესაბამისი გარემოებების დადგომისას გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.


საბანკო გარანტია ძალაში შედის მისი გაცემის დღიდან და აღნიშნულით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია.

თავდებობის ხელშეკრულებით
თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

თავდები პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობაზე.

თავდებს შეუძლია წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები. თუ ძირითადი მოვალე გარდაიცვლება, თავდებს არ შეუძლია მიუთითოს მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე. საყურადღებოა, რომ თავდები არ კარგავს შესაგებლის უფლებას იმის გამო, რომ ძირითადმა მევალემ უარი თქვა მასზე. თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო ძირითადი მოვალის შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს მასსა და თავდებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, ხელუხლებელი რჩება.

პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).

სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. როცა სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მას აქვს იპოთეკის უფლება ამ ქონებაზე (30.06.2005 წ. #1826, ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან).

კითხვა: შეუძლიათ თუ არა მარჩენალს ან სარჩენს უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე და თუ შეუძლიათ - რა შემთხვევაში?

პასუხი: როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუ სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ან სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელსხდის მის გაგრძელებას. მნიშვნელოვანია, რომ მსგავს შემთხვევაში გადაცემული ქონება უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ აუნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.


უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებულ საკითხებს დათმობილი აქვს სამოქალაქო კოდექსის 976-991 მუხლები. მათში აღნიშნულია, რომ პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში. ვალდებულების არსებობის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე.

პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. ბათილი განკარგვის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფისაგან მოითხოვოს დაუყოვნებლივი ანაზღაურება.

თუ ხელმყოფმა განზრახ არ გაითვალისწინა სხვა პირის უფლებამოსილება, ამ უკანასკნელს შეუძლია მოითხოვოს ის მოგება, რომელიც აღემატება ქონებრივ დანაკლისს.

პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტიდან, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.

პირი, რომელიც სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამ ვალდებულებას დელიქტი ჰქვია. აღსანიშნავია, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა ისეთი გამონათქვამებისას, რომლებიც ემსახურებიან კანონიერი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას.
თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც დაიყოლია, ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.

თუ სახელმწიფო მოხელე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
   
კითხვა: ექვემდებარება თუ არა ანაზღაურებას ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი, არის თუ არა კანონით დაწესებული დელიქტით გამოწვეული ზიანის მოთხოვნის სანდაზმულობის ვადა და რა შემთხვევაში თავი-სუფლდება ზიანის მიმყენებელი პასუხისმგებლობისაგან?

პასუხი: სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (მათ შორის, ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი) ექვემდებარება ანაზღაურებას საერთო საფუძვლით. დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზ-მულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.


აქვე განვმარტავთ, რომ ზიანის მიმყენებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში ბრალი არ მიუძღვის.

მოქმედი კანონის თანახმად, დაწესებულია პასუხისმგებლობა უხარისხო პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის. უხარისხო პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფება თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1011-ე მუხლის შესაბამისად, პროდუქტად მიიჩნევა ყველა მოძრავი ნივთი - მაშინაც კი, როცა იგი სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის ნაწილს შეადგენს.

პროდუქტი ითვლება უხარისხოდ, თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედობას, რომელიც ყველა გარემოების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო ამ პროდუქტისაგან.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ პროდუქტი არ მიიჩნევა უხარისხოდ მხოლოდ იმის გამო, რომ მოგვიანებით უფრო უკეთესი პროდუქტი იქნა ბრუნვაში შეტანილი.

უხარისხო პროდუქტით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობისას მტკიცების ტვირთი ეკისრება დაზარალებულს.

თუ ერთი და იმავე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება რამდენიმე მწარმოებელს, ისინი პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები.

ამით ვამთავრებთ ვალდებულებით (სახელშეკრულებო) სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით ჩვენი ჟურნალის წინა ორ ნომერში დაწყებულ საუბარს. თუ კონკრეტული შეკითხვები გაგიჩნდებათ, გამოგვიგზავნეთ შეკითხვა და ვეცდებით გაგცეთ ამომწურავი პასუხი თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.

ირინე ღლონტი