ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
როგორ მოვაწესრიგოთ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
#6(114), 2009
კანონი "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 1994 წლის 28 ოქტომბერს მიიღო. ამიტომ ბუნებრივია, მასში დღემდე არაერთი ცვლილება და დამატებაა შეტანილი. წინამდებარე სტატიაში შევეცდებით დაინტერესებულ მკითხველს სრულყოფილი ინფორმაცია სწორედ ამ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით მივაწოდოთ და კონკრეტულადაც განვუმარტოთ მათ მიერ დასმული საკითხები.

უპირველესად განვმარტოთ, თუ რა მიიჩნევა სამეწარმეო საქმიანობად. როგორც კანონშია ხაზგასმული, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

სამეწარმეო საქმიანობად არ ჩაითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა) სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა (14.03.2008 წ. #5913).

კითხვა: ვინაიდან ამ საკითხს სხვადასხვაგვარად განმარტავენ, თუ შეიძლება კონკრეტულად აგვიხსნათ, ვინ არიან მეწარმე სუბიექტები?

პასუხი: მეწარმე სუბიექტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე, სამეწარმეო ამხანაგობა, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს) და კოოპერატივი.

სამეწარმეო ამხანაგობა და ინდივიდუალური მეწარმე, როგორც "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. სოლიდარული და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, კომანდიტური და სააქციო საზოგადოებები, აგრეთვე კოოპერატივი, წარმოადგენენ იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოებს (კომპანიებს), ხოლო სამეწარმეო ამხანაგობა და ინდივიდუალური მეწარმე არ არიან იურიდიული პირები. ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს, როგორც ფიზიკური პირი (14.03.2008 წ. #5913). ამასთან, იგი თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

კითხვა: კანონის თანახმად, რა პასუხისმგებლობა აკისრიათ კრედიტორის წინაშე სამეწარმეო ამხანაგობის მონაწილეებს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს და კომანდიტური საზოგადოების პერსონალურად პასუხისმგებელ პარტნიორებს (კომპლემენტარებს) საზოგადოების ვალდებულებებისათვის?

პასუხი: სამეწარმეო ამხანაგობის მონაწილეები სამეწარმეო ამხანაგობის საქმიანობიდან წამოჭრილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავიანთი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საყურადღებოა, რომ ამ შემთხვევაში ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება მონაწილეთა შეთანხმებით.

რაც შეეხება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებსა და კომანდიტური საზოგადოების პერსონალურად პასუხისმგებელ პარტნიორებს - სრული პარტნიორები (კომპლემენტარები) საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად, ანუ თითოეული პარტნიორი ვალდებულებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ პარტნიორებს შორის სხვაგვარი შეთანხმება ბათილია მესამე პირისათვის.

საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია 2008 წლის 14 მარტიდან "მეწარმეთა შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, შემდეგნაირად ხორციელდება: მას ახორციელებს რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო (მარეგისტრირებელი ორგანო) საწარმოს იურიდიული მისამართის მიხედვით, რომელ მისამართზეც გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება საწარმოსათვის ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად. საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება ერთდროულად, სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით, საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებით სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გაცემის საფუძველზე.

კითხვა: შეუძლია თუ არა ფიზიკურ პირს გაეცნოს სამეწარმეო რეესტრში შეტანილ მონაცემებს?

პასუხი: ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს და საწარმოს მარეგისტრირებელ საგადასახადო ორგანოში დაუყოვნებლივ (მოთხოვნისთანავე) მიიღოს ამონაწერი რეესტრიდან. დამატებით გაცნობებთ, რომ ერთიანი სამეწარმეო რეესტრის ელექტრონულ ვერსიას აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.

აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური აქვეყნებს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, ხოლო სამეწარმეო რეესტრის ასლს (ელექტრონულ ვერსიას) უგზავნის საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სტატისტიკის დეპარტამენტს თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა.

საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება საწარმოს სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის დღიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) საწარმოს საფირმო სახელწოდებას; ბ) საწარმოს სამართლებრივ ფორმას; იურიდიულ მისამართს და სხვა (დაინტერესებულ პირებს ვურჩევთ იხილონ "მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-5 მუხლი).

საწარმოს რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის ნიმუში (ნიმუშები), რომლებიც უნდა დამოწმდეს ნოტარიუსთან ან უნდა შესრულდეს მარეგისტრირებელ ორგანოში, რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.

საწარმოს აქვს წესდება (პარტნიორთა შეთანხმება), რომელშიც შეიძლება დადგინდეს საწარმოს კაპიტალის წილების პარტნიორთა შორის განაწილება, თითოეული პარტნიორის შენატანის ოდენობა და მათი სხვა უფლება-მოვალეობანი. რეგისტრაციის მიზნებისათვის საწარმოს წესდების წარდგენა სავალდებულო არ არის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საწარმოს რეგისტრაციისათვის, ან მისი საქმიანობისათვის, სავალდებულო აღარ არის საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი.

კითხვა: რა მონაცემების წარდგენაა საჭირო იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმოს პარტნიორი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირი?

პასუხი: მოქმედი კანონის თანახმად, თუ საწარმოს პარტნიორი (პარტნიორები), ხელმძღვანელობაზე ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები) არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირები, ისინი სარეგისტრაციოდ წარადგენენ საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოში რეგისტრირებული საწარმოსათვის დადგენილ ეკვივალენტურ მონაცემებს. აქვე გაცნობებთ, რომ სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების ეკვივალენტურობის დადგენის წესის განსაზღვრა შეუძლია საქართველოს ფინანსთა მინისტრს. უცხო ქვეყნის იურიდიული პირების შემთხვევაში მათი იურიდიულ პირად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილით ან ლეგალიზებული - სათანადო წესით.

2008 წლის 10 მაისიდან საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილების შესახებ განცხადება შეიცავს:

საწარმოს საფირმო სახელწოდებას; საწარმოს სამართლებრივ ფორმას; საწარმოს იურიდიულ მისამართს; საწარმოს საქმიანობის ხანგრძლივობას; საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელს, საცხოვრებელი ადგილის მისამართსა და პირად ნომრებს; საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), მათ შორის პროკურისტის სახელს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, პირად ნომერსა და განცხადების სარეგისტრაციოდ წარდგენის თარიღს. (საფუძველი: 2008 წლის 14 მარტის #5913 კანონი)

აღსანიშნავია, რომ საწარმოს პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას არ მოითხოვს.
სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილების რეგისტრაციის უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრება საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს (პირებს). აღნიშნული ვალდებულება არ ზღუდავს პარტნიორის (პარტნიორების) და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების უფლებამოსილებას, უზრუნველყონ ცვლილების რეგისტრაცია.

სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილება ძალაშია სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ამასთან, ყველა ინფორმაცია - საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემთა შესახებ, რომელთა შესახებაც ზემოთ გვქონდა საუბარი, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. 

კითხვა: ვინ ახორციელებს საწარმოს პარტნიორთა წილობრივი მონაცემების ცვლილებების რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა პარტნიორთა რაოდენობა ზუსტად 50, 50-ზე ნაკლები ან მეტია?

პასუხი: თუ საწარმოს პარტნიორთა რაოდენობა 50 ან 50-ზე ნაკლებია, საწარმოს პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილების რეგისტრაციას ახორციელებს თავად საწარმო ან დამოუკიდებელი რეგისტრატორი, ხოლო თუ საწარმოს პარტნიორთა რაოდენობა 50-ზე მეტია - მხოლოდ დამოუკიდებელი რეგისტრატორი.

2008 წლის 10 მაისიდან მოქმედი კანონის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციაზე შეიძლება უარი ეთქვას შემდეგ შემთხვევებში:

1) თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად არ აკმაყოფილებს "მეწარმეთა შესახებ" კანონით (ცვლილებების გათვალისწინებით) არსებულ მოთხოვნებს;

2) სარეგისტრაციოდ წარდგენილია ცრუ, არაიდენტიფიცირებადი ან არასრულყოფილი მონაცემები;

3) არ არის გადახდილი სარეგისტრაციო მოსაკრებელი.

საყურადღებოა, რომ მსგავს შემთხვევაში განმცხადებელს უკან უბრუნდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი ყველა დოკუმენტი. მას აქვს უფლება, საგადასახადო ორგანოს უარი საწარმოს რეგისტრაციაზე გაასაჩივროს მარეგისტრირებელი ორგანოს ზემდგომ სამსახურში ან სასამართლოში.

კითხვა: თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, როგორია მოქმედი კანონის მიხედვით ფიზიკური პირის ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის წესი და პირობები? უფრო კონკრეტულად, რა სახის საბუთების წარდგენა დამჭირდება მეწარმედ რეგისტრაციისათვის?

პასუხი: 2008 წლის 10 მაისიდან ინდივიდუალური მეწარმისა და სამეწარმეო ამხანაგობის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის წესშიც შევიდა გარკვეული ცვლილება. ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, თუ თქვენ გსურთ დარეგისტრირდეთ ინდივიდუალურ მეწარმედ, საჭიროა მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინოთ შემდეგი საბუთები:

განცხადება და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; ამასთან თქვენი, როგორც მომავალი ინდივიდუალური მეწარმის სარეგისტრაციო განცხადება უნდა შეიცავდეს: თქვენს სახელსა და გვარს; საცხოვრებელი ადგილის მისამართს; პირად ნომერს, განცხადების შევსების თარიღსა და ხელმოწერას.

აქვე გაცნობებთ, რომ ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება სარეგისტრაციო განცხადების წარდგენისთანავე.

შევეხოთ ახლა საფირმო სახელწოდებასთან დაკავშირებულ საკითხებს. საფირმო სახელწოდება ანუ ფირმა, არის სახელი, რომლითაც საქმიანობს მეწარმე სუბიექტი. სამეწარმეო ამხანაგობის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი მონაწილის სახელს "სამეწარმეო ამხანაგობის" დამატებით. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი პარტნიორის სახელს, "სპს"-ის დამატებით. კომანდიტური საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი სრული პარტნიორის სახელს, "`კს"-ის დამატებით.

თუ სამეწარმეო ამხანაგობაში, სპს-სა და კს-ში გაერთიანებული არიან მხოლოდ იურიდიული პირები, მათი სახელწოდება უნდა შეიცავდეს ერთ-ერთი მათგანის საფირმო სახელწოდებას, ზემოაღნიშნული შესაბამისი დამატებით. მაგრამ აქვე ხაზგასასმელია, რომ საფირმო სახელწოდებას არ უნდა ერთვოდეს რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი ან გამოიწვიოს შეცდომა ან გაუგებრობა საწარმოს ფორმისა თუ საქმიანობის მოცულობის ან/და პარტნიორთა ურთიერთობის გამო.

კითხვა: რა შემთხვევაში შეიძლება რეესტრში ჩასაწერი ფაქტების გამოყენება მესამე პირის მიმართ?

პასუხი: დაუშვებელია რეესტრში ჩასაწერი ფაქტების მესამე პირის მიმართ გამოყენება მანამ, სანამ ეს ფაქტები არ იქნება რეგისტრირებული და გამოქვეყნებული იმ შემთხვევების გარდა, როცა ეს მონაცემები მათთვის ცნობილი იყო, მაგრამ თუ ფაქტები რეგისტრირებული და გამოქვეყნებულია, მათი გამოყენება მესამე პირთა მიმართ, რა თქმა უნდა, დასაშვებია.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.

ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სამეწარმეო ამხანაგობაში - ყველა მონაწილეს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში - ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში - პერსონალურად პასუხისმგებელ პარტნიორებს - სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში - დირექტორებს, თუ წესდებით (სამეწარმეო ამხანაგობის შემთხვევაში - მონაწილეთა ხელშეკრულებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კანონის თანახმად, ხელმძღვანელობით საქმიანობად მიიჩნევა მოქმედება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება მეწარმე სუბიექტის მიზანს.

კითხვა: რომელ საზოგადოებაში შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო და შეიძლება თუ არა მასში სახელმწიფო წარმომადგენელი იყოს საჯარო მოსამსახურე?

პასუხი: იმ საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმომადგენელი სამეთვალყურეო საბჭოში შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას კონკრეტულ საწარმოსთან არა აქვს ინტერესთა კონფლიქტი. მნიშვნელოვანია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, რომლებიც იმავდროულად არიან საჯარო მოსამსახურეები, მათთვის დაკისრებული მოვალეობები უნდა შეასრულონ სათანადო ანაზღაურების გარეშე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არ ჩაითვლება ეს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობად.

პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შპს-ის შემთხვევაში - დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით. პარტნიორთა კრების მონაწილენი თავიანთი შემადგენლობიდან ხმების უმრავლესობით ირჩევენ თავმჯდომარეს, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისთანავე ადგენს და ხელს აწერს ოქმს.

პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა; ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია, ვალდებულების აღება, რომელიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს, პროკურის გაცემა და გაუქმება, წლიური შედეგების დამტკიცება, აუდიტორთა არჩევა, საწარმოს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და სხვა.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ზემოაღნიშნულის გარდა, კრება იღებს გადაწყვეტილებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: - ხელმძღვანელ პირთათვის მოგებასა და საერთო შემოსავლებში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა; შენატანების მოთხოვნა; დამატებითი შენატანების უკან დაბრუნება, დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ახალი, დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და სხვა.

კითხვა: პარტნიორთა საერთო კრებაზე თითოეულ პარტნიორს (მაგ. სპს-ის) და თითოეულ სრულ პარტნიორს (მაგ. კს-ის) თანაბარი ხმა აქვთ თუ უფლებრივად რაიმეთი განსხვავდებიან?

პასუხი: მოქმედი კანონის თანახმად, პარტნიორთა საერთო კრებაზე სპს-ის თითოეულ პარტნიორსა და კს-ის თითოეულ სრულ პარტნიორს (კომპლემენტარს) აქვს თითო ხმა. ამასთან, კს-ის შეზღუდულ პარტნიორს (კომანდიტს) ხმის უფლება არ აქვს. რაც შეეხება შპს-ს, 2008 წლის მარტში "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანამდე პარტნიორთა ხმები განისაზღვრებოდა მათი წილების პროპორციულად, ხოლო აღნიშნული ცვლილებების შემდეგ შესაძლებელია შპს-ის წესდებით განისაზღვროს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორთა ხმის უფლება ან/და პარტნიორთა შორის მოგება/ზარალის განაწილება არ არის მათი წილების პროპორციული.

კითხვა: სამართლებრივად, რას ეწოდება "პროკურა" და "პროკურისტი"?

პასუხი: "პროკურა" არის გენერალური სავაჭრო მინდობილობა, ხოლო გენერალური სავაჭრო მინდობილობის მფლობელი პირი, რომელიც რეგისტრირდება სამეწარმეო რეესტრში, არის "პროკურისტი". პროკურა იძლევა უფლება-მოსილებას, სასამართლოსა და სხვა ურთიერთობებში განხორციელდეს ყველა იმ სახის საქმიანობა და სამართლებრივი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს ფუნქციონირებასთან.

საწარმოს ურთიერთობები სავაჭრო წარმომადგენელთან, დამოუკიდებელ მოვაჭრესთან და კომისიონერთან რეგულირდება მათთან დადებული ხელშეკრულებით (14.03.2008 #5913).

ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების აუდიტის ჩატარება სავალდებულოა "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით ანგარიშვალდებულ საწარმოში, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ლიცენზირებულ საწარმოში, ან საწარმოში, რომლის პარტნიორთა რაოდენობა 100-ს აღემატება.

საწარმოს პარტნიორები საერთო კრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ, რის შემდეგაც იწყება კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესი. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში _ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან დირექტორს (დირექტორებს), შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც ახორციელებენ ლიკვიდაციას (ლიკვიდატორები). პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ 14 დღის განმავლობაში უნდა გამოქვეყნდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში და ამის თაობაზე წერილობითი შეტყობინება უნდა გაეგზავნოს საგადასახადო ორგანოს და საწარმოს ყველა ცნობილ კრედიტორს.

აქვე მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ეს გადაწყვეტილება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში და საწარმოს ყველა ცნობილ კრედიტორს უნდა გაეგზავნოს წერილობითი შეტყობინება, რომელშიც უკვე უნდა აღინიშნოს კრედიტორთა დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მეორედ გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ საწარმომ (ლიკვიდატორმა) შეიძლება დაიწყოს ამ საწარმოს ქონების რეალიზაცია საბაზრო ფასით ან აუქციონის წესით და ამგვარი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები განათავსოს სასამართლოს ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.

კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდეგ პარტნიორები საერთო კრებაზე ამტკიცებენ საწარმოს სალიკვიდაციო ბალანსს და ხელს აწერენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე და გამოქვეყნდეს ზემოთ მოხსენიებულ ბეჭდვით ორგანოში.

კითხვა: მოქმედი კანონის თანახმად, რის საფუძველზე ხორციელდება იურიდიული პირის ლიკვიდაცია?

პასუხი: ლიკვიდაციის პროცედურული ნორმების გავლის შემდეგ საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაციას და სამეწარმეო რეესტრიდან მის დაუყოვნებლივ ამოშლას ახორციელებს მარეგისტრი-რებელი ორგანო უფლებამოსილი პირის მიერ საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე განცხადებისა და საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე.

იურიდიული პირის ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილებით, იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.

"მეწარმეთა შესახებ" მოქმედი კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, რომ დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით. ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ერთ წელს.

საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, ამასთან, საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია სავალდებულო არ არის. პრაქტიკულად საკითხი ასე წყდება: საწარმოს შეუძლია ფილიალის დაარსების შესახებ შეტყობინება გაუგზავნოს მარეგისტრირებელ ორგანოს - ფილიალის ადგილსამყოფელის მიხედვით, რომელიც ვალდებულია, სამეწარმეო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია ფილიალის რეგისტრაციის თაობაზე.

კითხვა: ვინ ახორციელებს უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) რეგისტრაციას?

პასუხი: უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) რეგისტრაციას ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო ფილიალის იურიდიული მისამართის მიხედვით. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია, ფილიალი (მუდმივი დაწესებულება) რეგისტრაციაში გაატაროს შესაბამისი დოკუმენტების წარდგენისთანავე.

მიმდინარე თვეში ბევრმა დაინტერესებულმა მკითხველმა მოგვმართა და გვთხოვა ჟურნალის მეშვეობით მიგვეწოდებინა ინფორმაცია სამოქალაქო კანონის საფუძველზე შექმნილი ამხანაგობის სამეწარმეო ამხანაგობად რეგისტრაციის აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე მისი დაშლის და წილის მესამე პირისათვის გადაცემის თაობაზე.

ვასრულებთ ზემოაღნიშნულ მკითხველთა თხოვნას და განვმარტავთ, რომ 2008 წლის 14 მარტიდან მოქმედი კანონით, თუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი ამხანაგობა გადაწყვეტს რეგისტრაციას, იგი რეგისტრირდება სამეწარმეო ამხანაგობის სახით "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-54 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, რომლის შესახებაც უკვე აღვნიშნეთ ჩვენს დღევანდელ სტატიაში.

სამეწარმეო ამხანაგობის მონაწილეთა ხელშეკრულება იდება წერილობით. იგი უნდა შეიცავდეს: მონაწილეთა სახელს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, პირად ნომერს და ხელმოწერას; თუ მონაწილე იურიდიული პირია - მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს, იურიდიულ მისამართს, იმ ორგანოს დასახელებას, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღს და საიდენტიფიკაციო კოდს, მონაცემებს მისი წარმომადგენლობის შესახებ; საქმიანობის ხანგრძლივობას და ყველა იმ საკითხს, რაზედაც შეთანხმდებიან მონაწილენი.

კითხვა: შეიძლება თუ არა სამეწარმეო ამხანაგობაში წილის მესამე პირისათვის გადაცემა, ამხანაგობის სხვა მონაწილეების თანხმობის გარეშე?

პასუხი: არა, არ შეიძლება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სამეწარმეო ამხანაგობის დაშლის შემთხვევაში ამხანაგობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, ამის შესახებ შეატყობინონ მარეგისტრირებელ ორგანოს. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია, შეტყობინებისთანავე ამოშალოს სამეწარმეო ამხანაგობა სამეწარმეო რეესტრიდან.

დღევანდელ სტატიაში ჩვენ მხოლოდ "მეწარმეთა შესახებ" კანონის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან პრინციპებზე ვისაუბრეთ. რაც შეეხება კერძო ნაწილით გათვალისწინებულ სოლიდარულ, კომანდიტურ, შეზღუდული პასუხისმგებლობის, სააქციო საზოგადოებების და კოოპერატივის ცნებებს და მათი საქმიანობის თავისებურებებს, მათ შესახებ ჩვენი ჟურნალის შემდეგ ნომერში მივაწვდით სათანადო ინფორმაციას.

ირინე ღლონტი