ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
უცხოური ამბები
#6(114), 2009

ბერნარდ მედოფს 150-წლიანი განაჩენი გამოუტანეს

ნიუ-იორკში 150-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს საფინანსო თაღლითს, ამერიკელ ფინანსისტ ბერნარდ მედოფს. მისი საფინანსო მაქინაციის მოცულობამ 65 მილიარდი დოლარი შეადგინა და მთელს მსოფლიოში ასობით ინვესტორი დააზარალა.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფინანსისტის, 71 წლის მედოფის საქმეს ნახევარ წელიწადს იძიებდნენ.
 
ბრიტანეთმა მძიმე პერიოდი უკან მოიტოვა 

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში ამჟამინდელი დაცემის ყველაზე უარესი ფაზა უკვე განვლილია, მაგრამ ჯერჯერობით ადრეა საუბარი ზრდის ტემპების დაბრუნებაზე. ასეთი განცხადება გააკეთა ბრიტანეთის გავლენიანმა სავაჭრო პალატამ. დასკვნა გაკეთდა გაერთიანებულ სამეფოში დასაქმებული კომპანიების ხელმძღვანელთა გამოკითხვის შედეგად. დიდი ბრიტანეთის თანამედროვე ეკონომიკის გამორჩეული თვისებაა მისი მოქნილობა და სწრაფად ცვლის უნარი. ეს ქვეყანა პოსტინდუსტრიულ ეპოქაში ჯერ კიდევ ოცი წლის წინ შევიდა. იმავდროულად, ამავე ქვეყნის სავაჭრო პალატამ განაცხადა, რომ 2010 წლის შუაგულისათვის, ბრიტანეთში უმუშევარი 3,2 მილიონი ადამიანი დარჩება.

ინდოეთი რეკორდული მოცულობის ბიუჯეტს განიხილავს

ინდოეთს სურს საკუთარი ეკონომიკის განვითარების მიზნით წლიური ასიგნებების სადღეისოდ რეკორდულ დონეს მიაღწიოს. მიმდინარე 2009-2010 საფინანსო წლის  ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში ამავე ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა პრანაბ მუკერჯიმ წარადგინა, რომელიც  სახელმწიფო დანახარჯებს 10,28 ტრილიონი რუპიის (215 მილიარდი დოლარი) ოდენობით ითვალისწინებს. ასეთ დონეს ამ ქვეყანამ ბოლო 60 წლის განმავლობაში, (დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ) პირველად მიაღწია. მიმდინარე წლის მაისში, ქვეყანაში ახალი მთავრობა "გაერთიანებული პროგრესული ალიანსის" სახელწოდებით ზედიზედ მეორედ დამტკიცდა.

მთავრობის მეთაურის აზრით, ქვეყანა ეკონომიკის ზრდის ტემპების მიხედვით, 9%-იან ზრდას სწრაფად უნდა დაუბრუნდეს. ასეთი მაჩვენებელი ინდოეთში სამი წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა. 2008-2009 წლის ფინანსური წელი მარტში დასრულდა. გლობალური კრიზისის ზეწოლის შედეგად, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 6,7%-მდე შემცირდა. საგადასახადო დეფიციტი შიდა საერთო პროდუქტის მოცულობიდან 2,7%-დან 6,8%-მდე გაიზარდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ იზრდება ინდოეთის სამხედრო ხარჯები. პროექტის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 1,417 ტრილიონ რუპიას (30 მილიარდ დოლარს) მიაღწევს.

წინა საფინანსო წელთან შედარებით, სამხედრო ხარჯები 34%-ით მოიმატებს. ინდოეთის მთავრობა მეტი თანხის დახარჯვას ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად აპირებს. საყოველთაო განვითარების ბაზის გაღრმავება და გაფართოვება მეორე რიგის ამოცანაა. ინდოეთის მთავრობამ ქალაქებში ღარიბი რაიონების განვითარებისათვის ზრუნვა, ღარიბი მოქალაქეებისათვის სამუშაო ადგილების შექმნა უკვე დაიწყო. ინდოეთის ფინანსთა მინისტრის აზრით, სახეზეა ადგილობრივი მრეწველობის აღორძინების ნიშნები. ბოლო ორი თვის განმავლობაში ინდოეთის ბაზარზე უცხოელი ინვესტორები დაბრუნდნენ. სრულებით შესაძლებელია, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის დაწყებიდან ამ ქვეყანამ ორი ყველაზე უარესი კვარტალი უკან მოიტოვა. ადგილობრივმა შტატებმა ყველა წინააღმდეგობა უნდა დაძლიოს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დასაჩქარებლად. გამოიყოფა დამატებითი სახსრები ავტომაგისტრალების ასაგებად, წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად პროექტების სარეალიზაციოდ, ასკვნის იგი.

ახალი ბიუჯეტის განხილვას ინდოეთის საფონდო ბირჟამ ძირითადი ინდექსის შენსეხ 5%-იანი შემცირებით უპასუხა. ბირჟის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში საბიუჯეტო დეფიციტმა 2008 2009 წლებში 6,2%-ს მიაღწია. პროგნოზების მიხედვით, 2010 წლის მარტისათვის ეს მაჩვენებელი 6,8%-ს გაუტოლდება. ტრეიდერები იმედგაცრუებულნი არიან იმითაც, რომ ინდოეთის მთავრობა არ ახორციელებს მსხვილმასშტაბიან ლიბერალურ ზომებს ქვეყნის მასშტაბით და ბიუჯეტის ძირითად ნაწილს ინდოეთის უღარიბესი რაიონების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, აგრეთვე მოსახლეობის დახმარების მიზნით იყენებს.

ჩინეთის სავალუტო რეზერვები გაიზარდა

ჩინეთის სავალუტო რეზერვებმა 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც პირველად მოხდა. ექსპერტების აზრით, ამ ქვეყნის ხელისუფლებას შეიძლება სირთულეები გაუჩნდეთ ამ ფულის საინვესტიციოდ მიმართულების მოსაძებნად. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ჩინეთის სავალუტო რეზერვები რამდენჯერმე გაიზარდა, მიაღწია 2,022 ტრილიონ დოლარს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ზრდამ "მხოლოდ" 7,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ჩინეთის სავალუტო რეზერვები 67,8 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამ მომენტისათვის, ჩინეთის ინვესტიციებმა ამერიკის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში 763,5 მილიარდი დოლარს მიაღწია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთის სავალუტო რეზერვები ორჯერ და მეტჯერ გაიზარდა, რაც სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდოს არსებობის გამო მოხდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰე იაფეიმ განაცხადა, რომ ჩინეთი დოლარზე, როგორც სარეზერვო ვალუტაზე უარის თქმას არ აპირებს.

General Motors გაკოტრების პროცედურიდან გამოვიდა

კომპანია General Motors გაკოტრების პროცედურიდან გამოვიდა. გარდაიქმნა "ახალ GM"-ად, საკუთარ დაქვემდებარებაში საუკეთესო განყოფილებები დაიტოვა. ახლადშექმნილი კომპანია Chevrolet, Cadillac, Buick, GMC გამოუშვებს, ხოლო სხვა ბრენდებს - Hummer, Saab, Opel და Vauxhall  გაყიდის. ახალ კომპანიას ნაკლები თანამშრომელი, დილერი და ვალი ექნება. წინა წელთან შედარებით, ამერიკაში ამ კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 27 ათასი ადამიანით, ხოლო ქარხნების რაოდენობა 13-ით შემცირდა.

GM-ის მეთაურმა, ფრიც ჰენდერსონმა განაცხადა, რომ დაიწყო "ახალი ერა". იგი პირობას იძლევა, რომ კომპანია გახდება მომგებიანი, რაც შეიძლება სწრაფად გაისტუმრებს სესხებს და მსუბუქი ავტომობილები სატვირთოსთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. წინა წელს GM-მა ყველაზე დიდი ავტოსამშენებლო კომპანიის წოდება Toyota-ს დაუთმო. GM-ის ავტომობილების გაყიდვების მოცულობა 8,35 მილიონამდე შემცირდა, მაშინ, როცა Toyota-მ 2008 წელს 8,97 მილიონი ავტომობილი გაყიდა. GM 60 მილიარდი დოლარი ამერიკის ფინანსთა სამინისტროდან უნდა მიიღოს, რომლის სანაცვლოდაც ამერიკის მთავრობა კომპანიაში 61%-იან წილს მიიღებს. პროფკავშირებს United Auto Workers-ის განკარგულებაში 17,5% დარჩება, კანადის მთავრობა 12%-ს მიიღებს, დაახლოებით 10% ს General Motors-ის ობლიგაციების მფლობელები განკარგავენ. ფირმის ხელმძღვანელობა შეისწავლის შესაძლებლობას პარტნიორული შეთანხმება გააფორმოს ვებ-გვერდთან EBAY, აუქციონის წესით საკუთარი პროდუქციის გაყიდვის მიზნით. GM სახელმწიფოსათვის ვალის დაბრუნებას დადგენილი ვადის ამოწურვამდე (2015 წლამდე) აპირებს. ამერიკის მთავრობა მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, General Motors-ის ხელმძღვანელთა ყოველდღიურ საქმიანობაში არ ჩაერევა.

Bank of America მსოფლიოში კაპიტალის უმსხვილესი მმართველია

Bank of America-მ ლიდერობას კრიზისისაგან დაზარალებული UBS ჩამოაშორა, რომლის აქტივებიც სექტორში ბოლო პერიოდში საგრძნობლად შემცირდა. კერძო კაპიტალი, რომელიც ბანკებისა საინვესტიციო კომპანიების განკარგულებაშია, მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 17%-ით, 14,5 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა. კაპიტალის მოცულობის შემცირება ასეთი მასშტაბით 2002 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ინდუსტრიაზე მსოფლიო ფინანსური კრიზისი საგრძნობ ზეწოლას ახდენს.
Bank of America უმსხვილესი ბანკი მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი კონტროლის ქვეშ Merrill Lynch & Co აიყვანა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ობლიგაციებს გამოუშვებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 150 მილიარდი დოლარის ღირებულების ობლიგაციებს გამოუშვებს. ეს პროექტი ხორციელდება იმ ქვეყნების ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად, რომლებიც მსოფლიო საკრედიტო კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ამ სახელმწიფოებს ფინანსური ვალდებულებები ლიკვიდურ აქტივებზე უფრო მაღალი აქვთ. ამის გამო განვითარებადმა ქვეყნებმა დახმარების მისაღებად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართეს. თავდაპირველად, ეს ფინანსური ინსტიტუტი კრედიტებს ძალიან უხალისოდ გასცემდა. კრედიტის მიღება ფონდისაგან პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საკუთარი პოლიტიკა შეცვალა. კრედიტებს იმ სახელმწიფოებზე გასცემს, ვინც მზად არის ამ ფინანსური ინსტიტუტის პირობები შეასრულოს - საბიუჯეტო დანახარჯები არსებითად შეამციროს. შარშან მრავალი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა ლამის დეფოლტამდე მივიდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი იძულებული შეიქმნა ამ სახელმწიფოებისათვის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად ფინანსური მხარდაჭერა გაეწია. მიმდინარე წელს უნგრეთისა და ლატვიის ეკონომიკა შესაბამისად 6% და 18% ით უნდა შემცირდეს. შესაბამისად, მათ ბიუჯეტის დეფიციტის მიუხედავად, კრედიტის მიღების იმედი ჰქონდათ. სიტუაციის უმნიშვნელოდ გაუმჯობესების შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ლატვიისათვის ტრანშის გამოყოფა შეაჩერა, რადგანაც ქვეყნის პარლამენტმა ბიუჯეტის შემცირების ღონისძიებები არ დაამტკიცა. ლატვიის სეიმმა სოციალურ დახმარებებზე ხარჯების შემცირების თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობა მაინც არ არის დარწმუნებული, რომ გატარებული ზომები საკმარისი იქნება ქვეყნის ბიუჯეტის შესამცირებლად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საკრედიტო ტრანში სერბეთსაც შეუჩერა. ფონდის მეთაურთა აზრით, ამ ქვეყანაში ეკონომიკის სახელმწიფო სექტორის დიდი დეფიციტი ფიქსირდება. კრედიტის მიღების შანსი გაუქრება უნგრეთსაც, თუკი მომავალ წელს ბიუჯეტის დეფიციტს არ შეამცირებს.