ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
"დიდი რეცესია" და კრიზისის ინდიკატორები
#6(114), 2009

ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ეკონომიკური დონის დაცემა ყველაზე ღრმა და მძიმეა ბოლო 60 წლის განმავლობაში. ეს, ცხადია, მსოფლიო ეკონომიკაზეც ცუდად აისახა. ამ ქვეყნის ეკონომიკაში არსებული რეცესია (შიდა საერთო პროდუქტის მოცულობა ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში, 2007 წლის 1 დეკემბრიდან მცირდება) იმის მიმანიშნებელია, რომ ეკონომიკური კრიზისის დასრულებას 2010 წლამდე არ უნდა ველოდოთ. ამერიკის ისტორიაში რეცესიებს ადგილი ადრე ხშირად, ომისშემდგომ პერიოდში - 11-ჯერ ჰქონდა. მიმდინარე კრიზისი უფრო ღრმაა, პრობლემები უფრო მწვავე, ეკონომიკის გაჯანსაღება ნელი ტემპებით მიმდინარეობს, არსებული სიტუაციიდან თავის დაღწევა ძალიან გართულებულია ეფექტური "წამლის" არარსებობის გამო. ამერიკაში არსებული რეცესია გლობალურ ფინანსურ კრიზისს დაემთხვა. ეს მოვლენა ძალიან ჰგავს მეოცე საუკუნის დიდი დეპრესიის პერიოდს. ამაში დასარწმუნებლად განვიხილოთ ამჟამინდელი დიდი რეცესიის მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ომისშემდგომ რეცესიებთან შედარებით.

ამერიკელებმა შიდა საერთო პროდუქტის მკვეთრი დაცემა დროებით თავიდან აირიდეს. ძირითადად, ფისკალური და სტიმულირების სხვადასხვა ზომების გატარების ხარჯზე. ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება რეცესიის დაწყების მომენტიდან ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდა, თუმცა შიდა საერთო პროდუქტის დინამიკა რამდენჯერმე უარესია ომისშემდგომ რეცესიებთან შედარებით.

ამერიკისათვის ასეთ სიტუაციაში შედარებით მისაღები შიდა საერთო პროდუქტის აღმნიშვნელი ციფრები მრუდე სარკესავით აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის უპრეცედენტო ჩავარდნაში. ადვილად ასახსნელია დეფიციტის ზრდის გარემოებანი: ამერიკამ, ისევე როგორც კრიზისისაგან დაზარალებულმა სხვა ქვეყნებმა ეკონომიკის სტიმულირების კონტრციკლური პოლიტიკა გამოიყენეს სახელმწიფო დანახარჯების ფორსირებული ზრდის მეშვეობით. ამ ყველაფერს საკუთარი ღირებულება გააჩნია: ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი უკვე 2009 წელს, ანალიტიკოსთა საერთო შეთანხმებით, ფანტასტიკურ რიცხვს, 1,2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
მაგალითისთვის, იგი რუსეთის შიდა საერთო პროდუქტს თითქმის უტოლდება. ასეთივე გიგანტური დეფიციტი მოსალოდნელია 2010-2011 წლებშიც.

დღევანდელი სიტუაცია დიდი დეპრესიის განმეორებაა, მაგრამ მაშინ მსოფლიო ვაჭრობის დონის დაცემა ისეთი უხეში პროტექციონისტური გადაწყვეტილებების შედეგი იყო, როგორიცაა ამერიკაში სმუტი-ჰოულის სატარიფო აქტის მიღება. ამ კანონის მიღებამ შემდგომში მრავალწლიანი სავაჭრო ომები გამოიწვია. ამჟამად ამგვარი პროტექციონისტური ზომისათვის მსოფლიოს ქვეყნებს არ მიუმართავთ, მაგრამ პოტენციური საფრთხე მაინც არსებობს. ვაჭრობის დონის დაცემა მსოფლიო ეკონომიკაში მოთხოვნის შოკისმომგვრელი შემცირებით არის გამოწვეული.

Bureau of Labor Statistics (BLS)-ის მონაცემებით, ამერიკაში, 2009 წლის მარტში უმუშევრობის დონემ შრომისუნარიანი მოსახლეობის 8,5% შეადგინა. ეს ციფრი თითქოსდა შეშფოთების საბაბს არ უნდა იძლეოდეს. არასოლიდურიც კი არის "დიდი" რეცესიისათვის. ეს "მხოლოდ" ბოლო 26-წლიანი მაქსიმუმია, მაგრამ ბოლო 60 წლის მანძილზე უმუშევრობის დონის განსაზღვრის მეთოდიკა ხშირად იცვლებოდა საბოლოო მაჩვენებლის შემცირების მიზნით. მკვლევარების მტკიცებით, უმუშევრობის დონე უნდა განისაზღვროს U6-ის მეთოდით და მაშინ ეს რიცხვი 15,6%-მდე გაიზრდება. წინა რიცხვი კი მიღებულია U3-ის მეთოდით.

უმუშევრობის დონის მაჩვენებელთან ერთად, შემცირდა სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორიც, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ეკონომიკის არასასოფლო დანიშნულების დარგებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში გამოიხატება (Non-Farm Payrolls). სამუშაო ადგილები შექმნის მაგიერ მცირდება. თანაც რეკორდული ტემპებით. ამერიკის ეკონომიკა ყოველ ერთ თვეში, საშუალოდ ნახევარ მილიონ სამუშაო ადგილს კარგავს. ამ შემთხვევაში მაქსიმუმი და მინიმუმი ნაჩვენები არ არის მისი ხშირი ცვალებადობის გამო.
ნავთობის ფასი რეცესიის დაწყების პირველ თვეებში ჩვეულებისამებრ იზრდება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. თუმცა ზრდა იყო უფრო ხანგრძლივი, შვიდი თვის განმავლობაში და ნავთობის ფასიც ადრინდელზე უფრო მაღალი დაფიქსირდა. ეს ფაქტი შეიძლება აიხსნას 2008 წლის დასაწყისში დაფიქსირებული დეკაპლინგით (დეკაპლინგი - განვითარებადი ბაზრების დაშორება განვითარებული ბაზრებისაგან), რაც ამერიკაში არსებული კრიზისისადმი მსოფლიო ეკონომიკის იმუნიტეტს წარმოადგენს. თუმცა, მაშინ, როცა 2008 წლის აგვისტოში გაირკვა, რომ ამერიკაში არსებული ეკონომიკური პრობლემები დაცემას (განვითარებულ ბაზრებზე ზრდის ტემპების შემცირებას) გამოიწვევდა, ეს მაშინვე აისახა ნავთობის ღირებულებაზეც. "შავ ოქროზე" მოთხოვნილების შემცირება ისეთივე დრამატული იყო, როგორც მანამდე მისი ფასების ზრდა.

რას უნდა ველოდოთ სამრეწველო წარმოებისაგან მოთხოვნილების კოლოსალური შემცირების პირობებში, რომელიც ადრე ამჟამად "ნახევრადმკვდარი" ბანკების მიერ გაცემული კრედიტებით იკვებებოდა? მხოლოდ თავისუფალ და ძლიერ ვარდნას.

ამერიკაში პოპულარულია წინმსწრები მაკროეკონომიკური მაჩვენებელი – ISM Manufacturing Index, რომელიც მიწოდების სამმართველოს ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგების მიხედვით განისაზღვრება. ISM არის სამრეწველო სექტორში შესყიდვების დარგში მენეჯერთა აქტიურობის დონე, რომელიც 50 მაჩვენებლის მიხედვით მიიღება. წინა რეცესიებთან შედარებით ტემპები აქაც გაუარესებულია.

ომისშემდგომი რეცესიებისათვის დამახასიათებელია ტიპური სურათი – ავტომობილების გაყიდვების მოცულობის შემცირება დაახლოებით 20%-ით პიკთან (რეცესიის დაწყებასთან) შედარებით. ამჟამად, ამ მაჩვენებელმა 40%-ს გადააჭარბა, იმიტომ, რომ ავტოკრედიტების გაცემა ბანკებმა შეწყვიტეს.
University of Michigan Consumer Sentiment Index – წინმსწრები კლასიკური ინდიკატორია, რომელსაც მიჩიგანის უნივერსიტეტი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად გამოთვლის. მომხმარებელთა განწყობილება, როგორც წესი ჯერ კიდევ რეცესიის დაწყებამდე უარესდება, ხოლო შემდეგ სწრაფადვე უმჯობესდება, რაც ეკონომიკური დაცემის დასრულების აღმნიშვნელია. ამჯერად ყველაფერი წინა სცენარების მიხედვით არ წარიმართა: დაცემა დაიწყო ადრე, მაგრამ მდგომარეობის გაუმჯობესების ნიშნები ჯერ არ გამოკვეთილა. განწყობილების გაუმჯობესებაზე საუბარიც კი ზედმეტია.

რეცესიების უმეტესობას წინ უსწრებს სახელმწიფოს მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება (ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთების დონის გაზრდა). განაკვეთებს ეს ფინანსური ინსტიტუტი ამცირებდა მხოლოდ რეცესიის დაწყების შემდეგ. ამჯერად, კრიზისის დაწყებას წინ განაკვეთების შემცირება უსწრებდა, მაგრამ ამ ნაბიჯმაც შედეგი ვერ გამოიღო. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შემცირების რეზერვი სწრაფადვე ამოწურა, რადგანაც მანამდე იგი ისედაც ისტორიულად დაბალ დონეზე იყო დაფიქსირებული, რაც 5,25%-ს უტოლდებოდა. რაც შესამცირებელი იყო, უკვე შეამცირეს. ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთი ნულიდან 0,25%-მდე არის შენარჩუნებული. დარჩა არატრადიციული, მათ შორის ემისიური ზომების გატარება.

რეცესიის პირობებში, კრედიტორები, როგორც წესი, თავს არიდებენ რისკისშემცველი ფასიანი ქაღალდების შეძენას. მათთვის უფრო პრიორიტეტულია ამერიკის მოკლევადიანი, დაბალშემოსავლიანი, მაგრამ საიმედო და "ურისკო" სახელმწიფო ობლიგაციების შეძენა. მათი ვარაუდით, ამ მიმართულებით დეფოლტი შეუძლებელია. კომპანიები, რომლებსაც ობლიგაციების განთავსება სურთ, შემხვედრ ნაბიჯს დგამენ და თავიანთი ვალდებულებების მიხედვით, შემოსავლიანობის მაჩვენებელს ზრდიან. ამით იზრდება დეფოლტის რისკიც. ამჟამად, ეს კლასიკური სიტუაცია აბსურდამდეა მისული: ინვესტორებს ამერიკის მოკლევადიანი სახელმწიფო ობლიგაციები უფრო აინტერესებთ, ხოლო სხვა სავალო ინსტრუმენტებს ცეცხლივით არიდებენ თავს. გართულებულია კრედიტის მიღების პირობები მსხვილი და საკმაოდ ცნობილი კომპანიებისათვის. მცირე ან საშუალო სიდიდის კომპანიები გაკოტრდებიან, თუკი მათ იაფი კრედიტების მიღებაში ხელს შეუშლიან.

"დიდი რეცესიის" დროს აქციათა ბაზრის დრამატულმა დაცემამ ომისშემდგომი მინიმუმი და საშუალო მაჩვენებელიც კი გადაფარა. ამჟამინდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს "ისტორიაში დათვური ბაზრების სამ უმსხვილეს ეპიზოდს" (The Three Bad Bears), რომელიც ასახავს Dow Jones-ის დინამიკას 1929-1933 წლების პერიოდში, მაღალტექნოლოგიური ამერიკული კომპანიების ინდექსის მაჩვენებლის დონეს 2000-2003 წლების პერიოდში და იაპონური საბირჟო ინდექსის Nikkei-ს მდგომარეობას 1989 წლიდან დღემდე.

პროგნოზირება

მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღების დაწყების გასაგებად, საჭიროა დიაგნოსტიკის საუკეთესო ინსტრუმენტებით შევიარაღდეთ. გაზაფხულის დაწყებასთან ერთად, ეკონომისტებს ე.წ. "მწვანე ყლორტები" (green shoots) ყველაზე მეტად აღელვებთ. ეს სულაც არ გახლავთ ბუნებრივი მოვლენა, არამედ ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მეთაურის, ბენ ბერნაკეს მიერ თამამად დამკვიდრებული ახალი ჟარგონული გამოთქმაა, რომელიც კრიზისული სიცივით შებოჭილი ეკონომიკის გამოცოცხლების ადრეული სიგნალების აღმნიშვნელია. ჯერ კიდევ დაუსრულებელი ეკონომიკური კრიზისი დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე ღრმა აღმოჩნდა. ბოლო თვეების განმავლობაში, მრავალი ექსპერტი, ინვესტორი ამტკიცებს, რომ ყველაზე უარესი ამერიკამ, მთლიანად მსოფლიომ უკან მოიტოვა. მიუხედავად ამისა, შეკითხვები, რომლებიც პასუხების გაცემას საჭიროებენ, ჯერ კიდევ რჩება.

მსოფლიო ეკონომიკის წიაღში რამდენად მალე გაჩნდება ძალები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ფსკერიდან ზევით აღმასვლა და რამდენად ენერგიული იქნება ეს აღმასვლა? მასზე პასუხის გაცემა შესაძლებელია ინდიკატორების ანალიზის შედეგად, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებსა და რეგიონებში არსებულ მიმდინარე სიტუაციას, აგრეთვე იმ მიმართულებებს ასახავს, რომელ მხარესაც იგი ვითარდება. ძირითადად, ამ ინდიკატორების გამოთვლა ყოველი თვის, ხანდახან ყოველი კვირის განმავლობაში ხდება.

ინდიკატორები საკმაოდ მრავალრიცხოვანია, ყოველი მათგანი თავისებურად ფასეულია: ისინი მოზაიკის იმ ნაწილებს ჰგავს, რომლებიც რთული შინაარსის მქონე სურათს ქმნიან. ამ სურათზე გამოსახულის შინაარსის გასაგებად საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი მაჩვენებლის გაგება, რომელთაგან უმეტესობა თავის მხრივ შემადგენელ ნაწილებად იშლება. მათი ანალიზის შედეგად ვხედავთ მოვლენებს, რომლებიც მშრალი ციფრების უკან იმალება.

არც ისე რთულია იმის შემჩნევა, რომ ინდიკატორების კრებულის მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკაში საქმიანი აქტიურობის დონის აღმნიშვნელია. ამ ფაქტს ორი ახსნა აქვს: მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა განვითარებული კრიზისის ეპიცენტრი გახდა, ის მაინც რჩება საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის მსოფლიო ბაზრებზე უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ, უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოდ. მისი გაჯანსაღება და გამოცოცხლება ყოველთვის ლოკომოტივის როლს ასრულებს მსოფლიო შიდა საერთო პროდუქტის ტრაექტორიის აღმასვლისათვის. მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ სხვა ქვეყნის ეკონომიკას მსოფლიოში ისეთი ყურადღებით არ ადევნებენ თვალს, როგორც ეს ამერიკის შემთხვევაში ხდება.

სხვა ქვეყნების ფონზე ამერიკა გამოირჩევა სტატისტიკის გამორჩეული სიმდიდრითა და მისი გამოქვეყნების ოპერატიულობით, აგრეთვე ხარისხიანი ანალიტიკური პროდუქტებით, რომლებიც სხვადასხვა გამოკითხვების, სტატისტიკური შედეგების საფუძველზე იქმნება. დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, ინდიკატორები ჯერჯერობით მსოფლიოში მხოლოდ დაცემის შეჩერებაზე მეტყველებს და არა ზრდაზე.

ამერიკის შრომის ბაზრის თაობაზე გამოქვეყნებული ანგარიშები იმაზე მეტყველებს, რომ კომპანიები ადამიანებს სამსახურიდან კვლავ ათავისუფლებენ, თუმცა არც ისე ხშირად, როგორც შარშან შემოდგომასა და ზამთარში. ინდექსები, რომლებიც მიღებულია ადამიანების პროგნოზებისა და არსებული სიტუაციის შეფასებების მეშვეობით (მათი მცდარობის ალბათობის მიუხედავად), უმჯობესდება, ვიდრე ის ინდექსები, რომლებიც რეალურ ეკონომიკურ შედეგებს ეყრდნობა. მრავალი ინდიკატორის სტაბილიზაციის გამო ექსპერტები ეჭვს გამოთქვამენ. მათი ვარაუდით, იგი გამოწვეულია ბარაკ ობამას ადმინისტრაციის, ფედერალური სარეზერვო სისტემის, ევროპასა და აზიაში მათი კოლეგების მიერ გადადგმული უპრეცედენტო ნაბიჯებით.

ცნობილი ეკონომისტი, ნურიელ რუბინი როიტერის ცნობით გვაფრთხილებს, რომ მცირე აღდგენას შესაძლებელია რეცესიის ახალი ტალღა მოჰყვეს. სიტუაცია იმდენად არაერთმნიშვნელოვანია, რომ საჭიროა დაკვირვება სულ მცირე 10 ინდიკატორზე მოვახდინოთ.

1. ცვლილებები დასაქმებაში

Change in Non-Farm Payrolls (NFPs) - ამერიკაში ამ ინდექსის გამოქვეყნებას ყოველი ახალი თვის პირველ პარასკევს უდიდესი ინტერესით ელოდებიან. ეს გახლავთ უმთავრესი მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც შემდგომში იმაზე მსჯელობენ, თუ რა ხდება ამერიკაში, რა ნაბიჯებს გადადგამს შემდგომში ამ ქვეყნის ფედერალური სარეზერვო სისტემა. არასასოფლო დანიშნულების სექტორებში დასაქმების ცვლილებანი უმნიშვნელოვანესი ინდექსია. მოდაში დამკვიდრდა მოლოდინი, როცა ყველა ეკონომიკაში გარდამტეხ მომენტს ელოდება. ბოლო, მაისის თვის მონაცემებით, სამუშაო ამერიკაში 345 ათასმა ადამიანმა დაკარგა. შარშან, შემოდგომის შემდეგ, ეს ციფრი 500 ათასზე ზევით არ გაზრდილა. ბოლო წლების მინიმუმი დაფიქსირდა 1945 წელს: მინუს 1996 სამუშაო ადგილი. ანტირეკორდი დამყარდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როცა სტატისტიკაში აისახა არმიაში მთავრობის მიერ შემცირებული სამუშაო ადგილები. მაქსიმუმი: პლუს 1114 სამუშაო ადგილი კი 1983 წლის სექტემბერში დაფიქსირდა, როცა ადგილი ჰქონდა დასაქმების უპრეცედენტო ზრდას. ეს მაჩვენებელიც არმიის წილად მოდის ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის დაწყებული "ცივი ომის" პერიოდში.

2. სამომხმარებლო დანახარჯების დინამიკა ამერიკაში

"მყიდველი ამერიკის ეკონომიკის ძრავია", - ეს ის ლოზუნგია, რომელიც რეალობის დამადასტურებელია, რადგანაც ამ ქვეყნის შიდა საერთო პროდუქტის 70% სამომხმარებლო დანახარჯებზე მოდის. ამჟამინდელ ეკონომიკურ კრიზისთან საბრძოლველად, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ უკვე გამოიყენა ზომები 2000 წლის დასაწყისის არსენალიდან. მოსახლეობას უკან დაუბრუნეს უკვე გადახდილი გადასახადების ნაწილი. გაძლიერდა სამუშაოს გარეშე დარჩენილი მოსახლეობისათვის დახმარების პაკეტი. ამ ნაბიჯმა ნაწილობრივ გაამართლა: ფულის მიღების შემდეგ, მასობრივი გაკოტრების, სამუშაოდან დათხოვნის ფონზე ამერიკელები ფულის დახარჯვას მაინც არ ჩქარობენ. სამომხმარებლო დანახარჯები უნდა განვიხილოთ საცალო ვაჭრობის დინამიკასთან ერთად. ამ მაჩვენებლის მინიმუმი 1987 წლის იანვარში დაფიქსირდა მინუს 2,6%. მაშინ სამომხმარებლო ბუმის უჩვეულო ჩავარდნა იყო ორ უახლეს თვეს შორის: 1986 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 2,2%-ით გაიზარდა, ხოლო 1987 წლის თებერვალში 1,9%-ით. ამ მაჩვენებლის მაქსიმუმი 2001 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა - პლუს 2,6%. დანახარჯების სტიმულირება მოსახლეობის მხრიდან ამერიკელებისათვის საშემოსავლო გადასახადის დაბრუნების გზით მოხდა, რომელიც 2001 წელს კრიზისთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

3. სამრეწველო წარმოების ინდექსები

ამ ინდექსს სამართლიანად უწოდებენ "შიდა საერთო პროდუქტის სარკეს", რომელიც ეკონომიკის მიმდინარე დინამიკას მთლიანობაში კარგად ასახავს. ეს იმ შემთხვევებშიც ხდება, როცა შიდა საერთო პროდუქტის მოცულობის განსაზღვრისას დიდია მომსახურების სფეროს როლი ევროპასა და ამერიკაში. სამრეწველო წარმოების ინდექსები იმითაც არის გამოსარჩევი, რომ ყოველ თვეში ქვეყნდება თითქმის ყველა ქვეყნის სტატისტიკური სამსახურების მეშვეობით. ზოგიერთ შემთხვევებში, გამოქვეყნებული ანგარიშები უკვე შეიცავენ მაჩვენებლებს სეზონური ფაქტორის გათვალისწინების გარეშე, რაც საშუალებას იძლევა ახალი ციფრების კორექტირებული (დაზუსტებული) შედარება წინა თვის მონაცემებთან მოხდეს. სამრეწველო წარმოების ინდექსები განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს მიწოდების, შეკვეთის, მარაგების, სიმძლავრეების ჩატვირთვის სტატისტიკასთან ერთად.

4. ახალი შეკვეთები გადამამუშავებელ მრეწველობაში

ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო წინმსწრები ინდიკატორი, რომელიც საქმიანი განწყობის დონის მაჩვენებელია. მოვაჭრეები ზრდიან შეკვეთებს, თუკი დარწმუნებულნი არიან, რომ მოთხოვნილება მალე გაიზრდება. მწარმოებლები შეისყიდიან ახალ მანქანებსა და მოწყობილობებს, თუკი ახალი სიმძლავრეების ჩატვირთვის პერსპექტივების იმედი აქვთ. პროგნოზირების მიმართულებით განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს შეკვეთები ხანგრძლივი მოხმარებისა და საინვესტიციო საქონელზე. აპრილის შედეგების მიხედვით, ამერიკაში შეკვეთების სუსტი ზრდაც კი დამაიმედებელ სიგნალად იქნა შეფასებული.

5. ახალი საცხოვრებელი ფართის მშენებლობის მოცულობის დონე ამერიკაში

საიმედო წინმსწრები ინდიკატორია, რომლის მაჩვენებელიც ამერიკაში ამჟამად საკმაოდ დაბალია. სამშენებლო სექტორის დინამიკის აღმასვლას უზარმაზარი მზარდი ეფექტი აქვს. მარტივად რომ ითქვას, ყოველი დაწყებული მშენებლობა ნიშნავს ახალ შეკვეთებს, სამუშაო ადგილებს, შემოსავლებს წარმოების ფართო სპექტრში, დაწყებული მინიდან, ცემენტიდან დამთავრებული ავეჯით, ჭურჭლის სარეცხ მანქანებამდე. მხედველობაში არ მიიღება ის შემთხვევები, როცა ასეთი სახის შედარებით იაფი საქონელი მექსიკიდან ან ჩინეთიდან შემოაქვთ. ამის გამო ყოველი ახალი მშენებლობა, ნებართვა სახლის მშენებლობაზე მნიშვნელოვან წინმსწრებ ინდიკატორად ითვლება. ამ მიმართულებით მინიმუმი 2009 წლის აპრილში დაფიქსირდა. იპოთეკაში დაწყებულმა კრიზისმა სამშენებლო სექტორი დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე უმძიმეს ჩავარდნამდე მიიყვანა. მაქსიმუმი ნაჩვენები იქნა 1972 წლის იანვარში. სამშენებლო "საპნის ბუშტის" გაბერვა წინა საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და პირველი სანავთობო შოკის შემდეგ, 1973 წელს გასკდა.

6. მომარაგების მენეჯერთა ინსტიტუტის ინდექსები

ეს ინსტიტუტი ორ ამერიკულ ინდიკატორს აქვეყნებს. PMI (Purchasing Managers’ Index) – არის ინდექსი, რომელიც გამოითვლება გადამამუშავებელ მრეწველობაში მომუშავე კომპანიების შესყიდვების მენეჯერთა გამოკითხვების შედეგად. მასში გათვალისწინებულია მენეჯერთა შეფასებები ახალ შეკვეთებთან დაკავშირებით და მომწოდებელთა მუშაობის სისწრაფე. PMI 50%-ზე მაღალი მაჩვენებლით სამრეწველო ზრდის მაუწყებელია და პირიქით. კიდევ ერთი ინდექსი – NMI (Non-Manufacturing Index) თავისი აზრობრივი დატვირთვით PMI-ის ანალოგიურია, ოღონდ გამოხატავს არსებულ სიტუაციას სხვა სექტორებში, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული და მომსახურების სფეროთი დამთავრებული. PMI-ის მინიმუმი ნაჩვენები იყო 1980 წლის მაისში 29,4, რაც მეორე სანავთობო შოკის შედეგი იყო. 1979 წლის აგვისტო - 1980 წლის აგვისტოს პერიოდში საოცნებო 50%-იანი ნიშნული მხოლოდ ერთხელ იქნა დაძლეული. PMI-ის მაქსიმუმი 1950 წლის ივლისში დაფიქსირდა და 77,5 პუნქტი შეადგინა. ომისშემდგომმა ბუმმა მოთხოვნაზე ზრდა გამოიწვია, რამაც სტიმული მისცა მრეწველობის, მშენებლობისა და ვაჭრობის შემდგომ განვითარებას.

7. საქმიანი აქტიურობის ინდიკატორები

Composite Leading Indicators (CLIs) – ეს ინდექსი საქმიანი აქტიურობის პროგნოზირებისათვის გამოიყენება. CLIs-ის 100-ს ზევით ნიშნულზე დაფიქსირებისას და მისი ზრდა ეკონომიკურ ზრდაზე მეტყველებს; 100-ს ზევით ნიშნულზე დაფიქსირებისას კლების ტენდენციით, სიგნალია დაწყებული დაცემის შესახებ; 100-ის ნიშნულს ქვევით დაფიქსირებული CLI საქმიანი აქტიურობის შენელების მაუწყებელია. ამგვარი შინაარსისაა სხვა წინმსწრები ინდექსი Conference Board, რომელიც ნდობითა და პოპულარობით სარგებლობს. ზემოთ ნახსენები ინდექსის მინიმუმი 1975 წლის იანვარში დაფიქსირდა, რომელიც 91,2-ს უტოლდებოდა. ეს მაშინ მოხდა, როცა მსოფლიო ეკონომიკა 1973 წელს პირველ სანავთობე შოკის მომსწრე იყო. ოპეკის ქვეყნებიდან ნავთობის მიწოდების შეზღუდვამ სტაგფლიაციის ფენომენი წარმოშვა. ამ ინდექსის მაქსიმუმი 1973 წლის თებერვლის თვეზე მოდის და იგი 107,8-ის ტოლია. პირველ სანავთობე შოკამდე ექვსი თვით ადრე სრული იდილია სუფევდა, ამიტომაც კრიზისი ამ მიმართულებით იყო მოულოდნელი და ძალიან მტკივნეული.

8. ევროსაბჭოს ქვეყნებში ეკონომიკური განწყობის ინდიკატორი

ეს ანალიტიკური პროდუქტი ახალია და ამის გამო ფართოდ არ არის გავრცელებული. სამაგიეროდ ფართოა მისი გავრცელების გეოგრაფია - სრულიად ევროპა ერთად და ცალკეული ქვეყნების მიხედვით. ამ ინდექსის გამოთვლაზე ევროკომისიის ექსპერტები მუშაობენ. "ნედლეულის" სახით ისინი მომხმარებელთა, ბიზნესის წარმომადგენელთა გამოკითხვების შედეგებს იყენებენ. 100 პუნქტი ინდიკატორის ხანგრძლივვადიანი საშუალო მოცულობაა. რაც უფრო ძლიერია ამ ინდექსის გადახრა ქვევით, მით უფრო ცუდი განწყობაა ეკონომიკურ აგენტებს შორის და პირიქით. ევროკომისია გამოკვლევებს არა მარტო ევროსაბჭოში შემავალ ქვეყნებში და ევროზონაში ატარებს, არამედ თითოეულ ევროპულ ქვეყანაში. ამ ინდექსის მინიმუმი 2009 წლის მარტში დაფიქსირა, შეადგინა 60,4 პუნქტი. ბიზნესმა და მომხმარებელმა კრიზისის საშიშროება 2008 წლის შემოდგომაზე იგრძნო, ხოლო ფსკერზე ექვსი თვის შემდეგ დაეშვნენ. ამ მაჩვენებლის მაქსიმუმი 2000 წლის მაისში დაფიქსირდა, შეადგინა 116 პუნქტი. ევროპაში მხოლოდ "გამსკდარი ბუშტის" მცირე ექო გაიგონეს. 100 პუნქტზე ქვევით ინდიკატორი 2001 წლის 11 სექტემბრის ავიაშეტევებამდე არ დაშვებულა.

9. გერმანიაში საქმიანი კლიმატის ინდექსი Ifo

გერმანიის ეკონომიკის "სიჯანსაღე" განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. Ifo-ს ინსტიტუტი ყოველთვიურად 7000 ანკეტას გადაამუშავებს, რომელსაც სამრეწველო, სამშენებლო, სავაჭრო კომპანიებიდან იღებს. ბიზნესმენებსა და ტოპ-მენეჯერებს აძლევენ საშუალებას შეაფასონ მიმდინარე სიტუაცია, გააკეთონ პროგნოზი შემდეგი ნახევარი წლის განმავლობაში. პასუხების ბაზაზე მიიღება ძირითადი ინდექსი. 100 პუნქტს ზევით მიღებულია ინდექსის მაჩვენებელი, რომელიც 2000 წელს გერმანიაში დაფიქსირდა. ამ ინდექსის მინიმუმი 2009 წლის მარტში იყო ნაჩვენები, შეადგინა 82,2 პუნქტი.

მიმდინარე კრიზისის სავარაუდო ფსკერის გამოჩენა სინქრონულია ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების განწყობის ინდიკატორის სინქრონულად დაცემასთან ერთად. მაქსიმუმი 2006 წლის დეკემბერზე მოდის და 109,1 პუნქტი შეადგინა. ამ წლის ეკონომიკური მაჩვენებლები წარმატებულად ჩაითვალა. გერმანიაში შიდა საერთო პროდუქტის მოცულობა 3%-ით გაიზარდა, რაც შესანიშნავი ტემპია დიდი ევროპული ქვეყნისათვის.

10. ინფლაცია

განვითარებული ქვეყნებისათვის ეს მაჩვენებელი აქტუალური თითქოსდა არ უნდა იყოს, მაგრამ მისი უყურადღებოდ დატოვება სახიფათოა. ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა მოთხოვნილების მკვეთრი შემცირების გამო, მაგრამ ფასების მომატება ასეთ პირობებში ბიზნესისათვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. მრავალი ეკონომისტი (მათ შორის ზემოთ ნახსენები ნურიელ რუბინი) შიშობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მასტიმულირებელი პროგრამები საბოლოო ჯამში ჯერ კიდევ სუსტი ეკონომიკის ფონზე ინფლაციის გაძლიერების მიზეზი გახდება. ნავთობის ფასი ბოლო პერიოდში მიღწეულ მინიმუმთან შედარებით ორჯერ გაიზარდა. სტაგფლიაციის კოშმარი მსოფლიო გამოცდილების ფონზე (მეოცე საუკუნის 70-იანი წლები) აღდგენას ხანგრძლივ და მტანჯველ პროცესად გადააქცევს.

ფედერალური სარეზერვო სისტემის საყვარელი ინდექსი - Core CPI  ასახავს ფასთა ცვლილებებს სამომხმარებლო საქონელზე, ენერგორესურსებისა და პროდუქტების გარდა.

ვეფხია სამსონიძე