ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
კონკურს-აუქციონი თუ მთავრობის ზრუნვა კომერციულ ბანკზე?
#6(114), 2009

რა ხელშეკრულება დაიდო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და
"სახალხო ბანკს" შორის

მიმდინარე წლის 14 აპრილს საქართველოს მთავრობის სხდომამ #77 დადგენილებით დაამტკიცა "საქართველოს კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის მიზნით კონკურს-აუქციონის მოწყობის წესი". ამ წესის მიხედვით განისაზღვრა:

"1. სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული ჭარბი ლიკვიდურობის მართვის შემდგომი ოპტიმიზაციისათვის საქართველოს კომერციულ ბანკში (შემდგომში - კომერციული ბანკი) მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშის გახსნისა და მასზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის მიზნით კონკურს-აუქციონს აწყობს ამ დადგენილებით შექმნილი კომისია;

2. კონკურს-აუქციონის მოწყობის თარიღსა და თანხის მოცულობას ადგენს კომისია და აქვეყნებს კანონით განსაზღვრული წესით;

3. კონკურს-აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ კომერციულ ბანკებს;

4. კომისიის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად კომერციული ბანკები კონკურს-აუქციონის მოწყობის დღეს კომისიას წარუდგენენ განაცხადს მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთის მითითებით;

5. გამარჯვებული კომერციული ბანკი გამოვლინდება შეჯიბრებითობის პრინციპით, მოქმედი ფილიალების რაოდენობისა და შემოთავაზებული უმაღლესი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით;

6. გამარჯვებულ კომერციულ ბანკთან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას, რის შემდეგაც ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად იხსნება სახელმწიფო ხაზინის მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიში და ხდება ამ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანა;

7. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ყოველი მომდევნო კონკურს-აუქციონის მოწყობის თარიღს, თანხის მოცულობასა და ხელშეკრულების ვადას განსაზღვრავს კომისია".

მთავრობისავე დადგენილებით, შეიქმნა კონკურს-აუქციონის მომწყობი კომისია შემდეგი შემადგენლობით: კახა ბაინდურაშვილი (საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე), თინა ბურჯალიანი (საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე), პაპუნა პეტრიაშვილი (საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე), კახა სეხნიაშვილი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სახაზინო სამსახურის უფროსი); კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვათ: დავით ამაღლობელს (საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს) და ლევან გოთუას (საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა დაამტკიცოს კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.

23 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსი-აუქციონი გამოცხადდა. კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე ხაზინის ფულადი რესურსებიდან გადასატანი თანხის ოდენობა განისაზღვრა 50 მილიონი ლარით. კონკურს-აუქციონის მოწყობის შესახებ წერილობით ეცნობათ კომერციულ ბანკებს. კონკურს-აუქციონში მონაწილეობის განაცხადი წარადგინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა ("ვითიბი ბანკი ჯორჯიამ", "სახალხო ბანკმა", "თიბისი ბანკმა", "ბაზისბანკმა" და "ბითიეი ბანკმა"). მათგან კომისიამ გამარჯვებულად სცნო "სახალხო ბანკი", რომლის მიერ შეთავაზებული განაკვეთია წლიური 5%.

რატომ გადაიტანეს ხაზინის ფულადი რესურსებიდან 50 მლნ ლარი "სახალხო ბანკში" მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე

ჩვენი ჟურნალი მთავრობის ამ ნაბიჯით დაინტერესდა და შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად, უპირველეს ყოვლისა, "სახალხო ბანკს" დაუკავშირდა, თუმცა სამწუხაროდ გენერალურმა დირექტორმა ჩვენთან შესახვედრად დრო ვერ გამონახა; როგორც კულუარულად გვითხრეს, ბანკის აქციონერები თანამშრომლებს მასმედიასთან ურთიერთობას უშლიან. ასე რომ, ჩვენი დიდი მცდელობისა და სურვილის მიუხედავად, აღნიშნულ კონკურს-აუქციონთან დაკავშირებით, თავად "სახალხო ბანკის" ვერანაირ კომენტარს ვერ შემოგთავაზებთ.

ბუნებრივია, გარკვეული კითხვებით მივმართეთ კონკურს-აუქციონის მომწყობ სტრუქტურას, ანუ ფინანსთა სამინისტროს. კერძოდ, ვიკითხეთ, თუ რა მოსაზრებით განისაზღვრა კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე ხაზინის ფულადი რესურსებიდან გადასატანი თანხის ოდენობა 50 მილიონი ლარით და არა, ვთქვათ, მეტით ან ნაკლებით? სამომავლოდ შესაძლებელი ან მოსალოდნელია თუ არა (იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის  2009 წლის 14 აპრილის # 77 დადგენილების მე-7 პუნქტში ნათქვამია, რომ "ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ყოველი მომდევნო კონკურს-აუქციონის მოწყობის თარიღს, თანხის მოცულობასა და ხელშეკრულების ვადას განსაზღვრავს კომისია") თანხის მოცულობა თანდათან გაიზარდოს და ბოლოს მთავრობამ ხაზინის ფულადი რესურსები მთლიანად რომელიმე კომერციულ ბანკში განათავსოს?

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის განმარტებით, "საქართველოს კომერციულ ბანკში გადასატანი ფულადი რესურსების ოდენობა 50 მილიონი ლარით განისაზღვრა ერთიან სახაზინო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრებით და იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ანგარიშზე არსებული ნაშთი ამ ნიშნულს არ ჩამოსცილებია. აღნიშნული განხორციელდა ჭარბი ლიკვიდურობის მართვის მიზნით; ამ მეთოდს მიმართავენ საზღვარგარეთის სახაზინო, თუ ანალოგიური სამსახურები. სახაზინო სამსახურს დაგეგმილი აქვს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების აქტიურ მენეჯმენტზე გადასვლა და სამომავლოდ, ანგარიშზე ფულადი რესურსების მოძრაობისა და ლიკვიდურობის პირობებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ აღნიშნული თანხა გაიზარდოს. მუშავდება დებულება შესაბამისი ლიმიტების განსაზღვრის შესახებ".

რაკი საქმე საბიუჯეტო სახსრებს ეხება, ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ გამარჯვებულ კომერციულ ბანკთან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება საჯარო იქნებოდა და მისი მიღება შეგვეძლო. ამიტომ ფინანსთა სამინისტროს ვთხოვეთ მოეწოდებინა ამ ხელშეკრულების ტექსტი (თუნდაც ელექტრონული სახით); ხოლო თუკი რაიმე მიზეზების გამო ეს შეუძლებელია, ვთხოვდით ეპასუხა: რა ვადით გაფორმდა აღნიშნული ხელშეკრულება? აქვს თუ არა "სახალხო ბანკს" რაიმე შეზღუდვა ამ სახსრების შემდგომ გამოყენებაზე, მათ შორის, შეუძლია თუ არა მას ეს თანხა გასცეს კრედიტების სახით საკუთარი შეხედულებისამებრ? სამწუხაროდ, ფინანსთა სამინისტროსაგან ამ კითხვებზე პასუხები არ მიგვიღია.

და მაინც, ეს ხელშეკრულება საჯაროა, თუ, რადგანაც საქმე ბიზნესს ეხება, - კონფიდენციალური? თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ აქ არის ორმაგი წაკითხვის საშუალება. ერთი მხრივ, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს არის სახელმწიფო სახსრები, მაშინ შესაბამისი ხელშეკრულება გამჭვირვალე უნდა იყოს; მეორე მხრივ, თუ ვიტყვით, რომ შეიძლება კომერციულ საიდუმლოებას შეიცავდეს, მაშინ შესაძლოა ეს დოკუმენტი საიდუმლო იყოს. მაგრამ ხადურის აზრით, ეს მაინც არ უნდა იყოს საიდუმლო, რადგან ამ შემთხვევაში უნდა გადასწონოს იმან, რომ სახელმწიფოს ფული იხარჯება. ახლა ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ საპროცენტო განაკვეთი 5%-ია. ვადიანობა არ ვიცით. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, რას ითვალისწინებს ხელშეკრულება, თუკი ის რომელიმე მხარემ დაარღვია (ან ფინანსთა სამინისტრომ ადრე მოითხოვა ეს თანხა, რა სანქციები შეიძლება გატარდეს იმაზე, რომ თავისი ფული უკან წაიღო; ანდა დავუშვათ, ბანკმა დაარღვია და არ მისცა იმ განსაზღვრული ვადის შემდეგ, მაშინ რითი აგებს ბანკი პასუხს) და ასე შემდეგ. ანუ ბევრი კითხვაა, რომლებზეც პასუხის გასაცემად აუცილებელია, რომ საზოგადოება იცნობდეს ამ ხელშეკრულებას.

გამარჯვებული კომერციული ბანკი გამოვლინდა შეჯიბრებითობის პრინციპით, მოქმედი ფილიალების რაოდენობისა და შეთავაზებული უმაღლესი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით. თუმცა, აუქციონის გარეშეც ცნობილი იყო, რომ დღეს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიდან ყველაზე მეტი ფილიალი "სახალხო ბანკს" აქვს. 50 მლნ ლარის კომერციულ ბანკში განთავსება არის მთავრობის მხრიდან ამ კონკრეტული ბანკისადმი გამიზნული დახმარება თუ კომერციული მიზანი (წლიური 5%-იანი სარგებელი)? თუ აღნიშნული 50 მლნ ლარის კომერციულ ბანკში განთავსება კომერციული მიზნით მოხდა, რამდენად კანონიერია საბიუჯეტო რესურსის კომერციული მიზნით გამოყენება? და თუ მიზანი არის შემოსავლის მიღება პროცენტის სახით, რა მნიშვნელობა აქვს, ამ ბანკს რამდენი ფილიალი აქვს?

პაპუნა პეტრიაშვილი აცხადებს, რომ კონკურს-აუქციონის მიზანი, დამატებითი სახაზინო შემოსავლების მიღების გარდა, ბანკების საკრედიტო პორტფელის ლიკვიდურობის გაზრდაა, დამატებითი მაკროეფექტური ეფექტის მისაღებად და რომ ამ მიზნით ბანკის ფილიალთა რაოდენობა და მათი გეოგრაფიული გავრცელების არეალი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკაში საკრედიტო სახსრების კაპილარულ გაწოვასთან.

კონკურსში გამარჯვებული "სახალხო ბანკის" შეთავაზება იყო სარგებლის წლიური 5%, რაც მაღალი განაკვეთი არ არის. დღეს, როცა დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები საქართველოს კომერციულ ბანკებში წლიური 10-12%-ის ფარგლებშია, რატომ არ განათავსა სახელმწიფომ ეს თანხა ასეთი ხელსაყრელი სარგებლით ნებისმიერ კომერციულ ბანკში?

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, "ეროვნული ბანკის ცნობით, დღეისათვის მიმდინარე ანგარიშზე ბანკების მიერ საშუალო საპროცენტო განაკვეთი სწორედ 5%-ის ფარგლებშია. რაც შეეხება სადეპოზიტო საპროცენტო განაკვეთებს, იგი მართლაც 10-12%-ის ფარგლებშია, მაგრამ მოგეხსენებათ, ვადიანი დეპოზიტი ვერ იქნება გამოყენებული საოპერაციო მიზნებისათვის. თანაც, ეს თანხა, მართალია გარკვეული პერიოდით, მაგრამ მაინც არალიკვიდური იქნებოდა".

კონკურსში გამარჯვებული "სახალხო ბანკი", როგორც ჩანს, ამჟამად გარკვეულ ფინანსურ სირთულეებს განიცდის. ასეთ ეჭვს ბადებს ის გარემოება, რომ ესაა ერთადერთი ბანკი საქართველოში, რომელმაც არ შეასრულა "კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის წესის" მოთხოვნა და არ გამოაქვეყნა 2009 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები. იმ შემთხვევაში, თუ ეს ბანკი გაკოტრდება (რისგანაც, თეორიულად, არცერთი ბანკი მსოფლიოში დაზღვეული არ არის), აქვს თუ არა სახელმწიფოს შესაბამისი რისკი 50 მილიონი ლარის დაკარგვისა დაზღვეული რომელიმე სადაზღვევო კომპანიაში?

ამ კითხვაზე პაპუნა პეტრიაშვილი გვპასუხობს, რომ "კონკურს-აუქციონის ჩამტარებელი კომისიის შემადგენლობაში, სხვების გარდა შედიან საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებიც, რაც ბანკის ზედამხედველობისა და ფინანსური სტაბილურობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისა და შემდგომი რისკების თავიდან აცილების საშუალების გარანტიას იძლევა".

ჩვენ მხოლოდ იმას დავძენთ, რომ საზოგადოებისთვის უცნობია როგორც "სახალხო ბანკის" მხრიდან ამ მაჩვენებლების არგამოქვეყნების მიზეზი, ისე ეროვნული ბანკისა და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს რეაქცია აღნიშნულ დარღვევაზე.

პროფესორ ნოდარ ხადურის აზრით, შესაძლოა მთავრობამ ასეთი ირიბი გზა გამონახოს, რომ ბანკების სტაბილურობით შესაძლებელია ქვეყანაში რაღაცა მაკროეკონომიკური ძვრების განხორციელება. თუმცა, მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებით მთავრობა ზრუნავს ერთ ბანკზე და არა ზოგადად ბანკებზე. თუკი ზრუნავს ბანკზე, მაშინ უნდა თქვას, მე ბანკზე ვზრუნავო! გასაგებია, რომ მთავრობა ყველა ბანკზე ვერ იზრუნებს (არც უნდა იზრუნოს, ეს არაა მისი კომპეტენცია). მთავრობას თუ 50 მლნ ლარი მუდმივად ზედმეტი ჰქონდა ანგარიშებზე, ეს არ ნიშნავს, რომ მას ფინანსური კრიზისის პირობებში აგვისტოშიც, სექტემბერშიც და ოქტომბერშიც ზედმეტი 50 მლნ ექნება ანგარიშებზე.

მთავრობა ახლა იმ თავისუფალ ფულად სახსრებს იმარაგებს, რომლებიც ბანკებს ჯერ კიდევ აქვთ

გარდა აღნიშნულისა, იმ ფონზე, როდესაც მთავრობა ერთი ხელით ასესხებს ვიღაცას და მეორე ხელით იმავე ბანკისგან ამ თანხას ისესხებს, ეს სხვა რაღაცას უფრო ჰგავს, ვიდრე ბანკებზე ზრუნვას. მთავრობამ აპრილში მიიღო გადაწყვეტილება კომერციულ ბანკში მიმდინარე ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის შესახებ, რაც მაისში განახორციელა და მაისის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს 312 მლნ ლარით და 312 მლნ ლარში 262 მლნ ლარი უნდა იყოს ის თანხები, რომელსაც საქართველოს მთავრობა სახაზინო ვალდებულებების მეშვეობით ისესხებს კომერციული ბანკებისაგან; ანუ კომერციული ბანკები 262 მლნ ლარის სახაზინო ვალდებულებებს იყიდიან და მერე მთავრობა ამ ფულით რაღაცას დააფინანსებს. გვეუბნებიან, ბიზნესს დავაფინანსებთო.

თუმცა, ნოდარ ხადურისთვის გაუგებარია: როგორ შეიძლება ბიზნესს ფული წაართვა და იძახდე, ბიზნესს დავაფინანსებო?! ეს იმ ერთ ძველ ქართულ ანდაზას წააგავს, "მჭადი მომეცი და მჭადს მოგიტეხავო". რატომ? დღეს თუ ბანკებს გარკვეული მოცულობის თავისუფალი ფულადი სახსრები აქვთ იმისათვის, რათა კომერციულ სტრუქტურებზე (ბიზნესმენებზე და ა.შ) კრედიტები გასცენ, როდესაც მთავრობა 262 მილიონს "წაართმევს", ისინი იძულებული იქნებიან, რომ ბიზნესის დასაფინანსებლად გათვალისწინებულზე 262 მილიონი ლარით ნაკლები გამოიყენონ.

როგორ წაართმევს? რა თქმა უნდა, სახაზინო ვალდებულებების ვაჭრობაში მონაწილეობა სავალდებულო არ არის. სახაზინო ვალდებულებათა ემიტენტი ფინანსთა სამინისტროა და ამ ფასიან ქაღალდებს კომერციული ბანკები ეროვნული ბანკის მეშვეობით ნებაყოფლობით ყიდულობენ. მაგრამ "წართმევაში" ხადური გულისხმობს იმას, რომ როდესაც კომერციული ბანკი დგას არჩევანის წინაშე: X საწარმოს მისცეს კრედიტი თუ სახელმწიფოს, - ნებისმიერ ქვეყანაში კომერციული ბანკები ირჩევენ სახელმწიფოს და აფინანსებენ სახელმწიფოს, რადგან სახელმწიფოს შემთხვევაში რისკი არის ნაკლები; ბოლოსდაბოლოს, სახელმწიფოს აქვს ფულის საბეჭდი მანქანა; როცა უნდა, დაბეჭდავს იმ ფულს და ბანკებს უკან დაუბრუნებს; სახელმწიფოს შემთხვევაში ეს თანხები თითქმის გარანტირებულია, მაშინ როცა, როგორი კარგი X საწარმოც არ უნდა იყოს, ამ X საწარმოზე გაცემულ კრედიტს ყოველთვის აქვს რისკი არდაბრუნებისა.

გარდა ამისა, გავიხსენოთ რა ხდებოდა 1995, 1999, 2000 წლებში, როცა სახელმწიფო კომერციული ბანკებისგან 270-300 პროცენტადაც კი სესხულობდა. ასეთ პირობებში რომელი ბანკი დააფინანსებდა ბიზნესს?! ასე რომ, ყოველგვარი ძალადობრივი ქმედების გარეშე, ბანკები დაინტერესებული იქნებიან, რომ ეს თანხა სახელმწიფოს მისცენ.

სხვათა შორის, როცა სახელმწიფო ფულს სესხულობს ბაზარზე (და ამ შემთხვევაში ის ფულს სესხულობს ფულის ბაზარზე), ამას ეკონომიკურ თეორიაში "გამოდევნის" ან "შევიწროების ეფექტი" ჰქვია. ამ დროს ხდება ბაზრიდან ინვესტიციების გამოდევნა, შევიწროება; ეს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის შევიწროების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. იგივე ბანკებმა უკეთ იციან, ეს თანხა როგორ განკარგონ.

არადა, მაშინ როცა ქვეყანაში საინვესტიციო შიმშილია, მთავრობა ინვესტიციების განდევნით რატომ უნდა იყოს დაინტერესებული? პროფესორი ხადური ამას შემდეგნაირად ხსნის: დღეს მთავრობა აცხადებს, რომ ეკონომიკის 1,5% ით შემცირებას ვარაუდობს და სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებს ნახევარი მილიარდი ლარით ამცირებს, ანუ გადასახადების თავდაპირველი საპროგნოზო მაჩვენებელი - 4 მილიარდ 700 მილიონი ლარი 500 მილიონით შეამცირა. მაგრამ ძალიან მარტივი არითმეტიკაა, რომ 500 მილიონი არის 4 მილიარდ 700 მილიონის 10,6%. ესე იგი მთავრობა ელოდება, რომ ეკონომიკაში აქტივობა დაეცემა არა 1,5%-ით, არამედ დაახლოებით 10% ით. თუმცა ახლა მთავრობა ამას ვერ იტყოდა, ეკონომიკის 10%-იანი დაცემა გვექნებაო. მთავრობა ყოველმხრივ შეეცდება, რომ არ გაჩნდეს ფინანსური პრობლემები, რომლებიც დაკავშირებული იქნება ხელფასებისა და პენსიების გაცემასთან.

ჩვენ გვახსოვს, სამწუხაროდ, 10-12 წლის წინათ ხელფასებთან და პენსიებთან დაკავშირებით ასეთი სერიოზული პრობლემები რომ იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნოდარ ხადურის აზრით, მთავრობა ახლა იმ თავისუფალ ფულად სახსრებს იმარაგებს, რომლებიც ჯერ კიდევ აქვთ ბანკებს, რათა არ დაუშვას ხელფასებისა და პენსიების დარიგებაში შეფერხება შემოდგომაზე, რომელიც, თუ ასე გაგრძელდა, ალბათ მაინც იქნება.

რატომ უნდა ისესხოს მთავრობამ 50 მლნ ლარი მინიმუმ 15%-ად, როცა თავისი 5%-ად აქვს გასესხებული?

ისევ დავუბრუნდეთ მთავრობის მიერ 50 მლნ ლარის კომერციულ ბანკში განთავსებას. ამ ღონისძიების რეალურ მიზანს წარმოადგენს ერთ-ერთი კომერციული ბანკის საკრედიტო პორტფელის ლიკვიდურობის გაზრდა. ბანკს, რომელმაც ეს თანხა მიიღო, ლიკვიდურობა 50 მლნ-ით გაუუმჯობესდა. მას გაუჩნდა 50 მლნ ლარი, რომელიც შეუძლია გაასესხოს ან გამოიყენოს თავისი დანიშნულებისამებრ. ეს არ არის ის თანხა, რომელმაც შეიძლება ბანკი გადააარჩინოს ან - პირიქით. მაგრამ მთავარი არის, რომ ასეთი პრეცედენტის დაშვება ხდება.

პრეცედენტია მთავარი, იმიტომ რომ ერთხელ თუ ხელი წაუცდა ვინმეს, მერე ასეთი რაღაცების გაკეთება უფრო მარტივად შეიძლება. ხადური "ხელის წაცდენას" ეძახის სახელმწიფო სახსრების არადანიშნულებისამებრ გამოყენებას.
რატომ არის ეს არადანიშნულებისამებრ გამოყენება, კანონი ხომ არ კრძალავს ამ სახსრების კომერციულ ბანკში განთავსებას? ამას ნამდვილად არ კრძალავს კანონი. მაგრამ კანონის გარდა ეკონომიკაში არის ორი რამ: სამართლიანობა და ეფექტიანობა.

ეფექტიანობის თვალსაზრისით კი ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ეფექტიანი გადაწყვეტილება, რომელსაც ექნება სათანადო ეფექტი. მთავრობა თუ ფიქრობს, რომ მას ზედმეტი 50 მლნ ლარი აქვს, ანუ ზედმეტი აქვს შემოსავლები, მაშინ ნუ გამოიყენებს ამდენ ჯარიმებს, დამსჯელ ღონისძიებებს გადასახადების არგადამხდელების მიმართ და გადასახადის მოცულობა შეამციროს 50 მლნ ლარით; ან სახაზინო ვალდებულებების მოცულობა შეამციროს და თუ ისინი ძალიან ჭირდება (რაშიც ხადურს ეჭვი ეპარება), გამოუშვას არა 262 მლნ ლარის, არამედ 212 მლნ-ის. 50 მლნ ხომ თავისი ფული ჰქონდა! რატომ უნდა გადაიხადოს იმ დარჩენილ 50 მლნ ლარში მინიმუმ 15%, მაშინ როცა თავისი 5%-ად აქვს გასესხებული? ამდენად, ეს გადაწყვეტილება არაეფექტიანია, თორემ ორი აზრი არ არსებობს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმორჩილი უწყებაა და კანონს არ დაარღვევდა.

რატომ აირჩიეს მაინცდამაინც "სახალხო ბანკი"

ხადურის აზრით, ამ თანხას აქვს სხვა მიზანი და ეს არის ერთ-ერთი კომერციული ბანკის მდგომარეობის გაუმჯობესება. კი, ბატონო, გამოცხადდა კონკურს-აუქციონი, ჩატარდა კიდეც (მასში 5 ბანკი მონაწილეობდა) და გაიმარჯვა "სახალხო ბანკმა". თეორიულად, ალბათ, ყველაფერი მართლაც რიგზეა ანუ კანონის შესაბამისობაშია, მაგრამ არის ბევრი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აირჩიეს მაინცდამაინც "სახალხო ბანკი", ვინაიდან ეს არის ბანკი, რომელიც რეალურად ვერ ასრულებს თავის პირდაპირ მოვალეობას, ძალიან ბევრ შემთხვევაში მისი საქმიანობა საკმაოდ შეზღუდულია.

მოგეხსენებათ, ზოგადად ბანკი არის დაწესებულება, რომელშიც ერთი მხრივ შედის დეპოზიტები და მეორე მხრივ, ბანკი გასცემს სესხებს, კრედიტებს. "სახალხო ბანკი" როგორც ერთი, ისე მეორე თვალსაზრისით, საკმაოდ მწირ საქმიანობას ეწევა. მისი შემოსავლის წყარო ძალიან დიდ ნაწილში არის სახელმწიფო ბიუჯეტი. დავუშვათ, პენსიების გაცემის ტენდერი რომ არ ჰქონდეს მოგებული, სხვა თანაბარ პირობებში მისთვის ძალიან მძიმე იქნებოდა არსებობის შენარჩუნება.

თუკი ბანკმა არ წარმოადგინა ფინანსური ინფორმაცია და ის არ არის გამოქვეყნებული არსებული წესის შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ არის გარკვეული ეჭვები და თუ ასეთი ეჭვები არსებობს, მაშინ სხვა სახის გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული.

გარდა ამისა, ნოდარ ხადურის აზრით, თუკი მთავრობას სურს, რომ თავისი გარკვეული მოცულობის თანხა რომელიმე კომერციულ ბანკში ანგარიშზე განათავსოს და იქიდან მიიღოს შემოსავალი პროცენტის სახით, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, ამ ბანკს რამდენი ფილიალი აქვს. მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, ბანკი რა საპროცენტო განაკვეთს შესთავაზებს და რამდენად შეუძლია ეს საპროცენტო განაკვეთი რეალურად გადაუხადოს.

შეიძლება ბანკმა განაცხადოს, 20%-ს გადაგიხდიო, მაგრამ მისი ფინანსები ამის საშუალებას არ იძლეოდეს. ამდენად, თავიდანვე იყო ჩადებული არასწორი კრიტერიუმი, როდესაც ბანკის შერჩევაზე იყო საუბარი; და მეორეც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოში საპროცენტო განაკვეთი რომელიმე ბანკში იყოს 5%-ზე ნაკლები; ანუ თუკი მე, ფიზიკური პირი, მივდივარ და ვინახავ ჩემს ჭარბ თანხებს ბანკში იმისათვის, რათა მივიღო შემოსავალი და მე მთავაზობენ 10-12-15%-ს, სახელმწიფომ რა დააშავა?! სახელმწიფომაც იმდენივე პროცენტი უნდა მიიღოს.

ძალიან ბევრი კითხვა შეიძლება გაჩნდეს ზოგადად იმასთან დაკავშირებით, თუ საერთოდ ფინანსური კრიზისის პირობებში რატომ ჩნდება ასეთი ღონისძიების აუცილებლობა; მეორე, თუ ასეთი აუცილებლობა ჩნდება, რატომ ღებულობს ამ თანხას ისეთი ბანკი, რომლის საქმიანობის ძირითადი ნაწილი არ არის კრედიტების გაცემა და რომელიც ჩამოკიდებულია სახელმწიფო ბიუჯეტზე; ანუ მისი შემოსავლის დიდი ნაწილი მოდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტი კიდევ რაღაც თანხას აძლევს რაღაცის გამო ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით. 2009 წლის მიზნობრივი წლიური ინფლაცია 9%-ია და წლის ბოლოს თუ რეალურად დავუშვებთ, რომ ინფლაცია წლიური 5% იქნება, გამოვა, რომ "სახალხო ბანკს" 50 მლნ ყოველგვარი სარგებლის გარეშე ათხოვეს.

ხადურის აზრით, ეს 50 მლნ ლარი თუ მაინცდამაინც კომერციულ ბანკში უნდა მიემართათ, ჯობდა მიმართულიყო ისეთ კომერციულ ბანკში, რომელსაც სერიოზული საკრედიტო პორტფელი აქვს და დღეს პრობლემები აქვს (ბევრ ბანკს აქვს პრობლემები, მაგრამ ეკონომიკას აკრედიტებს). ეს 50 მლნ ლარი შეიძლებოდა დაკრედიტების სახით მიმართულიყო ეკონომიკაში; ვთქვათ, შეიძლებოდა 50 საშუალო კომპანიას ბანკების მეშვეობით (ოღონდ არა სახელმწიფოს ჩარევით) მიეღო მოკლევადიანი სესხი, რომლითაც რაღაც პრობლემებს გადაწყვეტდა.

ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ 50 მლნ ლარის გამოყოფა არაა ერთჯერადი აქცია, მუდმივი აქციაა და შესაძლოა მომავალში თანხის მოცულობა გაიზარდოს. ისიც შესაძლოა ბოლო-ბოლო ხელისუფლება იქამდე მივიდეს, რომ ანგარიში საერთოდ კომერციულ ბანკში გადაიტანოს; არადა, თავის დროზე სერიოზული რეფორმა ჩატარდა იმ თვალსაზრისით, რომ ანგარიშების კონსოლიდაცია მომხდარიყო, სახელმწიფო ხაზინაში განთავსებულიყო და ხაზინას ერთიანი ანგარიში ეროვნულ ბანკში ჰქონოდა.

სახსრები რაც უფრო მეტად პროგნოზირებადია, ბანკისთვის მით უფრო მეტად ღირებულია. კონკურს-აუქციონში "სახალხო ბანკის" გარდა კიდევ ოთხმა ბანკი მონაწილეობდა. რატომ გადაწყვიტა, მაგალითად, "ბაზისბანკმა" მონაწილეობა მიეღო აუქციონში, სადაც ერთ-ერთ პირობად ჩადებული იყო ფილიალების რაოდენობა და ყველასთვის ცნობილია, რომ ამ პარამეტრით "სახალხო ბანკს" კონკურენციას ვერც ერთი ბანკი გაუწევს? "ბაზისბანკის" დირექტორი დავით ცაავა განმარტავს, რომ ეს ბანკი მონაწილეობს ხოლმე სხვა ანალოგიურ ტენდერებშიც, რომლებიც ცხადდება არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, არამედ სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ინსტიტუტების მიერ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება ბანკმა გადაწყვიტა იქიდან გამომდინარეც, რომ მას აქვს გამოცდილება სახაზინო ანგარიშების მომსახურებაზე. 2007-08 წლებში "ბაზისბანკი" აჭარის ხაზინის ანგარიშს ემსახურებოდა.

ამჯერად "ბაზისბანკის" მიერ შეთავაზებული განაკვეთი იყო 3,51%. დაბალია თუ არა ეს შეთავაზება? როგორც დავით ცაავა აცხადებს, გააჩნია რას შევადარებთ. თუკი შევადარებთ იმ 20%-იან განაკვეთს, რითაც "ბაზისბანკი" იგივე აჭარის ხაზინას ემსახურებოდა, ეს ორი  განსხვავებული შემთხვევაა, თუნდაც იმის გამო, რომ პირველ შემთხვევაში საუბარი იყო დამატებით სხვა სერვისებზეც, სხვა ანგარიშების მომსახურებაზეც; ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი საუბარი იყო 50 მლნ-ის განთავსებაზე, რომლის ვადიანობაც ბანკისთვის უცნობი იყო და ასევე უცნობი იყო, თუ დაახლოებით რა პერიოდულობით იქნებოდა სახელმწიფო ხარჯები; ანუ ნაკლებად პროგნოზირებადი იყო ხარჯვითი ნაწილი და საერთოდ, ბრუნვები ამ ანგარიშზე. რაც შეეხება იმას, თუ რაზე შეძლებდა ბანკი ამ რესურსის გამოყენებას, ეს არ იქნებოდა ხელშეკრულების საგანი. ხელშეკრულების საგანი იქნებოდა მხოლოდ ის სარგებელი, რასაც ბანკი ამ თანხებს დაარიცხავდა. ბუნებრივია, სამინისტროს მათი განკარგვის სრული უფლება ექნებოდა, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

ცხადია, ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეს გაწერილი გრაფიკები, რითაც ხდება ამ თანხების გამოყენება. ნებისმიერი მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი თანხა, რომელიც ბანკში ირიცხება, ბანკის მოზიდულ რესურსს წარმოადგენს და ნაწილობრივ სესხებში განთავსდება; თუმცა რაც უფრო მეტად არის პროგნოზირებადი სახსრები, მით უფრო მეტი არის ბანკისთვის მათი ღირებულება, ბანკი მით უფრო მეტად არის მზად, რომ გადაიხადოს თანხა ასეთ სახსრებში.

რიგით კლიენტებს იგივე მიმდინარე ანგარიშებზე განთავსებაში "ბაზისბანკი" გაცილებით მაღალ საპროცენტო განაკვეთს სათავაზობს და ამ შემთხვევაში რით ხელმძღვანელობდა, ხაზინა რით განსხვავდება ჩვეულებრივი კლიენტისაგან? როგორც ცაავა განმარტავს, ამ შემთხვევაში საუბარი იყო არც თუ ისე პატარა თანხაზე, ანუ 50 მლნ საკმაოდ სოლიდური მოცულობაა. ქვეყანაში ერთი მხრივ სახსრებზე არის გარკვეული დეფიციტი, რაც კრიზისითაა განპირობებული; მეორე მხრივ ფონიც საკმაოდ გაუარესებულია, ანუ ზოგადად გადახდისუნარიანობა არის შემცირებული როგორც ფიზიკური პირების, ასევე ბიზნესების. აქედან გამომდინარე, დროის საკმაოდ მოკლე პერიოდში დიდი თანხის მიღების შემთხვევაში საჭიროა მისი ათვისება; ამიტომაც ბანკმა მიიჩნია, რომ თუკი დღეს ამ მოცულობის თანხას მოიზიდავდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სანამ მოხდებოდა მისი ათვისება-გასესხებაც, ხარჯი გადააჭარბებდა იმ შემოსავალს, რომელიც შეიძლება მიეღო ამ თანხიდან. ამიტომაც ამ გათვლებით და ასევე სხვა მოსაზრებების გამო, რომლებზეც მიმდინარეობდა მსჯელობა, "ბაზისბანკმა" მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ ის განაკვეთი შეეთავაზებინა, რაც ზემოთ მოგახსენეთ.

უცნობია, "სახალხო ბანკმა" შეთავაზებული საპროცენტო განაკვეთითაც გაუსწრო თუ არა სხვა ბანკებს; არ არის ცნობილი, გამარჯვებულ ბანკს კონკრეტულად რა ქულები მიანიჭეს თუნდაც ფილიალებისა თუ სერვისცენტრების რაოდენობაზე და რა - კონკრეტულ დარიცხვაზე.

სხვათა შორის, აპლიკაციებში, რომლებიც ბანკებში დარიგდა, პირობებში მითითებული იყო 3 კრიტერიუმი: მოქმედი ფილიალების რაოდენობა, კაპიტალის ოდენობა და შეთავაზებული საპროცენტო განაკვეთი აღნიშნულ ანგარიშზე. ცხადია, შესაძლებელი იყო გაცილებით მეტი კრიტერიუმის ჩადება, რომლის მიხედვითაც შეფასდებოდა ესა თუ ის ბანკი; თუმცა, ამ შემთხვევაში კონკრეტულმა კომისიამ მიიჩნია, რომ ეს 3 კრიტერიუმი სავსებით საკმარისი იქნებოდა და ეს მისი პრეროგატივაა.

დალი ჩიკვაიძე